იფხიზლეთ იერემიას მსგავსად!
„მე [იეჰოვა] ვფხიზლობ ჩემი სიტყვის შესასრულებლად“ (იერ. 1:12).
1, 2. რატომ არის შედარებული იეჰოვას სიფხიზლე ნუშის ხესთან?
ლიბანისა და ისრაელის მთებზე ნუშის ხე ყველაზე ადრე ყვავილობს. ეს ხე იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში საოცრად ლამაზი ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით იპენტება. ებრაულად მისი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „გამღვიძებელს“.
2 როდესაც იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველად იერემია აირჩია, ნუშის ხის მაგალითით მნიშვნელოვან რამეზე გაუმახვილა ყურადღება. მსახურების დასაწყისში წინასწარმეტყველმა ხილვაში ნუშის ხის ამონაყარი იხილა. რას ნიშნავდა ეს? იეჰოვამ აუხსნა მას: „მე ვფხიზლობ ჩემი სიტყვის შესასრულებლად“ (იერ. 1:11, 12). როგორც ნუშის ხე „იღვიძებს ყველაზე ადრე“, ასევე იეჰოვაც „ადრე დგებოდა“, რათა თავისი ხალხისთვის წინასწარმეტყველები გაეგზავნა; ისინი აფრთხილებდნენ მათ, რა მოელოდათ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (იერ. 7:25). იეჰოვა დღენიადაგ ფხიზლობდა მანამ, სანამ მისი წინასწარმეტყველური სიტყვა არ შესრულდებოდა. ძვ. წ. 607 წელს, იეჰოვას მიერ დადგენილ დროს, განდგომილ ისრაელ ერს ღვთის განაჩენი დაატყდა თავს.
3. რატომ შეგვიძლია, ბოლომდე ვენდოთ იეჰოვას?
3 იეჰოვა დღესაც ფხიზლობს, რათა შეასრულოს თავისი ნება. იგი თავის სიტყვას არასდროს წაიღებს უკან. როგორ მოქმედებს შენზე ის, რომ იეჰოვა ფხიზლობს? გჯერა, რომ 2011 წელსაც იფხიზლებს იეჰოვა, რომ თავისი დანაპირები შეასრულოს? თუ ოდნავ მაინც გვეპარება ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა აუცილებლად შეასრულებს თავის დანაპირებს, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გამოვფხიზლდეთ და სულიერად არ ჩავთვლიმოთ (რომ. 13:11). იეჰოვას წინასწარმეტყველი იერემია თავადაც ფხიზლობდა. თუ კარგად გავაანალიზებთ, რატომ არ კარგავდა იერემია სიფხიზლეს და როგორ ასრულებდა პირნათლად ღვთის დავალებას, დავინახავთ, ჩვენ როგორ შეგვიძლია სიძნელეების მიუხედავად, განვაგრძოთ ღვთის ნების შესრულება.
გადაუდებელი ცნობა
4. რატომ იყო რთული იერემიასთვის იეჰოვას ცნობის ისრაელისთვის გადაცემა, და რატომ იყო ეს ცნობა გადაუდებელი?
4 იერემია 25 წლის იქნებოდა, როცა იეჰოვასგან დავალება მიიღო, რომ გუშაგის მოვალეობა შეესრულებინა (იერ. 1:1, 2). მაგრამ მან თქვა, რომ ყმაწვილი იყო და არ ჰქონდა საკმარისი გამოცდილება. ის ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა, ღვთის სიტყვა გადაეცა ისრაელის ხანდაზმული უხუცესებისთვის, რომლებსაც გარკვეული ძალაუფლება ჰქონდათ (იერ. 1:6). მას მკაცრად უნდა ემხილებინა ისრაელი და საშინელი განაჩენი უნდა ეცნობებინა, პირველ რიგში, მღვდლებისთვის, ცრუ წინასწარმეტყველებისთვის, მმართველებისთვის და აგრეთვე მათთვის, რომლებიც უბრუნდებოდნენ იმ გზას, რომლითაც სხვები დადიოდნენ და „მუდამ ორგულად“ იქცეოდნენ (იერ. 6:13; 8:5, 6). მეფე სოლომონის მიერ აშენებული დიდებული ტაძარი, რომელიც თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო, მიწასთან უნდა გასწორებულიყო. იერუსალიმი და იუდა გაპარტახდებოდა და იქ მაცხოვრებლებს ტყვედ წაასხამდნენ. უდავოა, რომ იერემიას გადაუდებელი ცნობა უნდა გაეცხადებინა ხალხისთვის!
5, 6. ა) რა დაავალა დღეს იეჰოვამ იერემიას კლასს? ბ) რაზე გავამახვილებთ ყურადღებას ამ სტატიაში?
5 იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა ადამიანებზე იმით, რომ ჩვენს დროში ცხებულ ქრისტიანებს დაავალა გუშაგის მოვალეობის შესრულება — ისინი ხალხს აფრთხილებენ მოახლოებული ღვთის განაჩენის შესახებ, რომელსაც იეჰოვა ქვეყნიერებაზე აღასრულებს. ათწლეულებია იერემიას კლასი მოუწოდებს ხალხს, ყოველთვის ახსოვდეთ, რა დროში ცხოვრობენ (იერ. 6:17). ბიბლიაში ყურადღება მახვილდება, რომ იეჰოვა, დროის მეუფე, არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას. მისი დღე თავის დროზე, ზუსტად იმ დროს დადგება, როცა ადამიანები ამას არ ელიან (სოფ. 3:8; მარ. 13:33; 2 პეტ. 3:9, 10).
6 თუ იერემიას კლასს და მის თანამსახურებს გონებაში ღრმად ექნებათ ჩაბეჭდილი ის, რომ იეჰოვა ფხიზლობს და ახალ ქვეყნიერებას თავის დროზე დაამყარებს, ეს აღძრავს მათ, იფხიზლონ და გადაუდებელი ცნობა უფრო მეტ ადამიანს გადასცენ. პირადად შენ თუ ფხიზლობ? იესომ აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დაუჭიროს ღვთის სამეფოს მხარი. ახლა ვნახოთ, რომელი სამი თვისება დაეხმარა იერემიას, ყოველთვის მზად ყოფილიყო თავისი დავალების შესასრულებლად და ჩვენ როგორ დაგვეხმარება ეს თვისებები ღვთის ნების შესრულებაში.
ხალხის სიყვარული
7. ახსენი, როგორ აღძრავდა ხალხის სიყვარული იერემიას, რომ სირთულეების მიუხედავად ექადაგა.
7 იერემია ხალხის სიყვარულმა აღძრა, რომ სირთულეების მიუხედავად, ექადაგა მათთვის. მან იცოდა, რომ ცრუ მწყემსებს ხალხი უყურადღებოდ ჰყავდათ დატოვებული (იერ. 23:1, 2). ამის ცოდნა დაეხმარა იერემიას, რომ ქადაგების დროს ხალხის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოევლინა. მას სურდა, რომ მის თანამემამულეებს მოესმინათ ღვთის სიტყვა და ეცოცხლათ. ის ძალიან განიცდიდა, რომ ისრაელს ღვთის რისხვა უნდა დასტყდომოდა თავს და ამის გამო ტიროდა კიდეც (წაიკითხეთ იერემიას 8:21; 9:1 ). წიგნ „გოდებაში“ ცოცხალი ენითაა აღწერილი, როგორ უყვარდა იერემიას იეჰოვა და ისრაელი, და როგორ განიცდიდა, როცა იეჰოვას სახელს შეურაცხყოფდნენ (გოდ. 4:6, 9). შენ თუ გიჩნდება სურვილი, გაუზიარო ღვთის სამეფოს შესახებ მანუგეშებელი ცნობა ხალხს, რომლებიც „უმწყემსო ცხვარივით გასავათებული და დაფანტული“ არიან?! (მათ. 9:36).
8. საიდან ჩანს, რომ წინააღმდეგობამ არ გააბოროტა იერემია?
8 იერემია იმ ხალხისგან ხვდებოდა წინააღმდეგობას, ვისი დახმარების სურვილიც ჰქონდა, მაგრამ ბოღმა არ ჩაუდია გულში და სამაგიეროს გადახდა არ უცდია. ის სულგრძელი და კეთილი იყო ზნედაცემული მეფე ციდკიას მიმართაც კი. იერემია მას შემდეგაც ევედრებოდა ციდკიას, მოესმინა იეჰოვასთვის, რაც მან სასიკვდილოდ გაიმეტა (იერ. 38:4, 5, 19, 20). ჩვენც იერემიასავით ძლიერ გვიყვარს ხალხი?
ღვთისგან გაძლიერებული
9. საიდან ვიცით, რომ იერემიას ღმერთმა შეჰმატა გაბედულება?
9 როდესაც იეჰოვა პირველად დაელაპარაკა იერემიას, მან სცადა, უარი ეთქვა ღვთის დავალების შესრულებაზე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ გაბედულება და სიმტკიცე, რომელსაც იგი მოგვიანებით ავლენდა, არ იყო მისი ბუნების ნაწილი. მაგრამ იერემიამ ღვთის წინასწარმეტყველად მსახურების პერიოდში უჩვეულო ძალა მიიღო, რადგან ბოლომდე მიენდო ღმერთს. იეჰოვა იყო თავის წინასწარმეტყველთან „როგორც ძლიერი და შიშის მომგვრელი მეომარი“ და სწორედ ის აძლიერებდა მას თავისი დავალების შესასრულებლად (იერ. 20:11). იერემიამ თავისი სიმამაცითა და გაბედულებით იმდენად დაამახსოვრა ყველას თავი, რომ იესოს დედამიწაზე მსახურების დროს ზოგი ფიქრობდა, რომ იერემია აღდგა მკვდრეთით (მათ. 16:13, 14).
10. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები დაყენებულნი არიან „ხალხებზე და სამეფოებზე“?
10 იეჰოვამ, როგორც „ხალხთა მეფემ“ იერემიას დაავალა, რომ ერებისთვის და სამეფოებისთვის ეცნობებინა ღვთის განაჩენი (იერ. 10:6, 7). მაგრამ რა გაგებით არის დაყენებული ცხებული ქრისტიანების დარჩენილი ნაწილი „ხალხებზე და სამეფოებზე“? (იერ. 1:10). ძველი წინასწარმეტყველის მსგავსად, იერემიას კლასსაც სამყაროს უზენაესმა მმართველმა მისცა დავალება. სულით ცხებულებს აქვთ უფლებამოსილება, რომ მთელ მსოფლიოში ერებსა და სამეფოებს გაუცხადონ ღვთის განაჩენი. იერემიას კლასი, რომელიც უზენაესმა ღმერთმა აღჭურვა უფლებამოსილებით, ღვთის სულით შთაგონებული სიტყვიდან სუფთა ენით ლაპარაკობს და აცხადებს, რომ დღევანდელი ერები და სამეფოები ძირფესვიანად ამოიძირკვებიან და ღვთის მიერ დანიშნულ დროს ღვთის რჩეულთა მეშვეობით განადგურდებიან (იერ. 18:7—10; გამოცხ. 11:18). იერემიას კლასს გადაწყვეტილი აქვს, არ შეწყვიტოს ღვთისგან მოცემული დავალების შესრულება და მთელ მსოფლიოს ამცნოს იეჰოვას განაჩენი.
11. რა დაგვეხმარება, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, კვლავაც შემართებით განვაგრძოთ ქადაგება?
11 არაფერია გასაკვირი იმაში, თუ დროდადრო წინააღმდეგობის, გულგრილობის ან სხვა სირთულეების დროს გულგატეხილობა გვეუფლება (2 კორ. 1:8). მაგრამ მოდი, იერემიას მსგავსად, არც ჩვენ ჩამოვყაროთ ხელები და გული არ გავიტეხოთ. თითოეულმა ჩვენგანმა კვლავაც ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში დახმარება, მივენდოთ მას და „გაბედულება მოვიკრიბოთ“ (1 თეს. 2:2). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ღვთის დავალების შესასრულებლად. ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ და კვლავ შემართებით განვაგრძოთ ქადაგება ქრისტიანული სამყაროს განადგურების შესახებ, რომლის პირველსახეც ორგული იუდა იყო. იერემიას კლასი მხოლოდ „იეჰოვას კეთილგანწყობის წელიწადის“ შესახებ კი არ აცხადებს, არამედ „ჩვენი ღვთის შურისძიების დღის“ შესახებაც (ეს. 61:1, 2; 2 კორ. 6:2).
ნამდვილი სიხარულის განცდა
12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იერემიამ კვლავ განიცადა სიხარული, და რამ განაპირობა ეს?
12 ღვთის დავალების შესრულების დროს იერემიამ ნამდვილი სიხარული პოვა. მან უთხრა იეჰოვას: „მივიღე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი; შენი სიტყვა ჩემი მხიარულებაა, გულის სიხარულია, რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა!“ (იერ. 15:16). იერემიას დიდ პატივად მიაჩნდა, ყოფილიყო ჭეშმარიტი ღვთის წარმომადგენელი და მისი სიტყვა ექადაგა. აღსანიშნავია, რომ იერემიამ სიხარული მაშინ დაკარგა, როცა ყურადღებას აქცევდა დამცინავთა სიტყვებს. მაგრამ როგორც კი მან ყურადღება იმაზე გადაიტანა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და მიმზიდველი იყო ღვთის ცნობა, კვლავ განიცადა სიხარული (იერ. 20:8, 9).
13. სიხარული რომ შევინარჩუნოთ, რატომ არის აუცილებელი გამოვიკვლიოთ ღრმა სულიერი საკითხები?
13 ქადაგებამ რომ სიხარული მოგვიტანოს, „მაგარი საჭმლით“ უნდა ვიკვებოთ ანუ ღვთის სიტყვაში მოცემული ღრმა სულიერი საკითხები უნდა გამოვიკვლიოთ (ებრ. 5:14). სიღრმისეული შესწავლა რწმენას განგვიმტკიცებს (კოლ. 2:6, 7). ასეთი შესწავლა გვეხმარება, გავაანალიზოთ, ნამდვილად ვუხარებთ თუ არა ჩვენი საქციელით გულს იეჰოვას. თუ გვიჭირს ბიბლიის შესასწავლად დროის გამოყოფა, კარგი იქნება, გადავხედოთ ჩვენს განრიგს და ცვლილებები შევიტანოთ მასში. შესწავლას და ნასწავლზე ფიქრს ყოველდღე რამდენიმე წუთიც რომ გამოვუყოთ, იეჰოვას უფრო დავუახლოვდებით და იერემიას მსგავსად, გავიხარებთ და გულის სიხარულს ვიგრძნობთ.
14, 15. ა) რატომ არ ჩაუვლია უკვალოდ იერემიას თავდაუზოგავ შრომას? ბ) რა აქვს ღვთის ხალხს დღეს კარგად გააზრებული?
14 იერემია შემართებით ქადაგებდა და აფრთხილებდა ხალხს იეჰოვას განაჩენის შესახებ, მაგრამ არც ის ავიწყდებოდა, რომ ღვთის მითითებისამებრ, უნდა „აეშენებინა და დაერგო“ (იერ. 1:10). მის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის განადგურების დროს, ზოგი იუდეველი, მათ შორის არაიუდეველიც გადარჩა. ჩვენ ვიცით, რომ გადარჩენილთა შორის იყვნენ რექაბელები, ებედ-მელექი და ბარუქი (იერ. 35:19; 39:15—18; 43:5—7). იერემიას ეს ერთგული და ღვთისმოშიში მეგობრები მოგვაგონებენ მათ, ვისაც დღეს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ და მხარში უდგანან იერემიას კლასს. „უამრავი ხალხის“ სულიერად განმტკიცება იერემიას კლასს დიდ სიამოვნებას ანიჭებს (გამოცხ. 7:9). მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანების ეს ერთგული თანამსახურებიც დიდი სიხარულით ეხმარებიან გულწრფელ ადამიანებს ჭეშმარიტების გაგებაში.
15 ღვთის ხალხს კარგად ესმის, რომ ქადაგება მხოლოდ ხალხის ყურამდე სასიხარულო ცნობის მიტანას არ გულისხმობს, არამედ ღვთისადმი ჩვენი თაყვანისცემლობის ნაწილიცაა. იმის მიუხედავად, ვიპოვით თუ არა მომსმენ ყურს, ქადაგებას მაინც მოაქვს ჩვენთვის დიდი სიხარული, რადგან იეჰოვას ვუსრულებთ წმინდა მსახურებას (ფსალმ. 71:23; წაიკითხეთ რომაელების 1:9 ).
იფხიზლეთ და მზად იყავით თქვენი დავალების შესასრულებლად!
16, 17. როგორ აჩვენებს გამოცხადების 17:10 და აბაკუმის 2:3, რომ მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ?
16 გამოცხადების 17:10-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაზე დაფიქრება გვეხმარება, დავინახოთ, რომ მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ. ჩვენს დღეებში გამოჩნდა მეშვიდე მეფე, ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობელი. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა მოვა [მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი], ცოტა ხანს დარჩება“. „ცოტა ხანი“ მალე ამოიწურება. წინასწარმეტყველი აბაკუმი გვარწმუნებს, რომ ბოროტი ქვეყნიერება აუცილებლად განადგურდება: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა . . . დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკ. 2:3).
17 ჰკითხე საკუთარ თავს: აჩვენებს ჩემი ცხოვრება, რომ მესმის, რა დროში ვცხოვრობ? ცხადყოფს ჩემი ცხოვრების წესი, რომ აღსასრული მალე დადგება? ხომ არ აჩვენებს ჩემი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტები, რომ ჩემთვის არც ისე ახლოა აღსასრული ან ხომ არ მეპარება ეჭვი იმაში, მოეღება თუ არა საერთოდ ქვეყნიერებას ბოლო?
18, 19. რატომ არ არის ახლა იმის დრო, რომ შემართება დავკარგოთ მსახურებაში?
18 გუშაგის კლასის საქმე ჯერ არ დასრულებულა (წაიკითხეთ იერემიას 1:17—19 ). ძალიან გვახარებს, რომ დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები „რკინის სვეტისა“ და „გამაგრებული ქალაქის“ მსგავსად ურყევად დგანან. თავიანთი დავალება რომ ბოლომდე შეასრულონ, „ჭეშმარიტებით სარტყელშემორტყმული“ ცხებულები ღვთის სიტყვით არიან გაძლიერებულნი (ეფეს. 6:14). მსგავსად ამისა, უამრავი ხალხიც აქტიურად უჭერს მხარს იერემიას კლასს, რომ ღვთის დავალება შეასრულონ.
19 ახლა არაა იმის დრო, რომ მოვდუნდეთ და მსახურებაში შემართება დავკარგოთ, პირიქით, ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ იერემიას 12:5-ში ჩაწერილი სიტყვები (წაიკითხეთ). თითოეულ ჩვენგანს გვიწევს განსაცდელების ატანა. რწმენის ეს გამოცდები შეიძლება შევადაროთ „ქვეითებს“, რომლებთან ერთადაც უნდა ვირბინოთ. ვინაიდან „დიდი გასაჭირი“ გვიახლოვდება, უფრო მეტ განსაცდელებს უნდა ველოდოთ (მათ. 24:21). სერიოზული განსაცდელები, რაც წინ გველოდება, შეიძლება შევადაროთ ცხენებთან შეჯიბრს სირბილში. დიდი მოთმინება და აღმატებული ძალაა საჭირო, რომ „გაჭენებულ ცხენებს“ ფეხი ავუწყოთ. ამიტომ აუცილებელია, დღესვე ვისწავლოთ განსაცდელების ატანა, რაც მომავალში გაცილებით რთული განსაცდელების ასატანად მოგვამზადებს.
20. პირადად შენ რა გაქვს გადაწყვეტილი?
20 ყველამ უნდა მივბაძოთ იერემიას და პირნათლად შევასრულოთ ჩვენზე დაკისრებული დავალება — ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა ადამიანებს. სიყვარული, გაბედულება და სიხარული დაეხმარა იერემიას, რომ 67 წლის მანძილზე ერთგულად შეესრულებინა ღვთის დავალება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვალწარმტაცი ნუშის ხე მოგვაგონებს იეჰოვას, რომელიც ფხიზლობს თავისი სიტყვის შესასრულებლად. ამიტომ, ჩვენ ყველანაირი საფუძველი გვაქვს, რომ მასავით ვიფხიზლოთ. წინასწარმეტყველი იერემია ფხიზლობდა და ჩვენც შევძლებთ ამას.
გახსოვთ?
• როგორ დაეხმარა იერემიას სიყვარული, ეფხიზლა და მზად ყოფილიყო თავისი დავალების შესასრულებლად?
• რატომ გვჭირდება ღვთისგან გაძლიერება?
• რა დაეხმარა იერემიას სიხარულის შენარჩუნებაში?
• რატომ უნდა იფხიზლო?
[სურათები 31 გვერდზე]
განაგრძობ ქადაგებას წინააღმდეგობის მიუხედავად?