თავი 4
წინააღმდეგობა გაუწიეთ ვერაგ გულს
1, 2. რატომ არის საკმაოდ რთული სიმბოლური გულის მდგომარეობის დანახვა?
დავუშვათ, ერთ დილას საწოლში მწოლიარემ, მოულოდნელად მწვავე ტკივილი იგრძენით გულმკერდის არეში და სუნთქვა გაგიძნელდათ. „გულის შეტევა ხომ არა მაქვს?“ — ალბათ გაიფიქრებდით. სიმპტომების უგულებელყოფა ნამდვილად ვერ გიშველიდათ, აუცილებელი იქნებოდა გადაუდებელი მოქმედება. მაგალითად, შეგეძლოთ ექიმის გამოძახება კვალიფიციური დახმარების მისაღებად. ის გაგსინჯავდათ გულდასმით და, შესაძლოა, ელექტროკარდიოგრამაც გადაეღო თქვენთვის. ზუსტმა და დროულმა დიაგნოზმა შეიძლება სიკვდილს გადაგარჩინოთ.
2 რაც შეეხება ჩვენს სიმბოლურ გულს, მისი მდგომარეობის დადგენა შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. რატომ? ბიბლიაში წერია: „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია. ვინ შეიცნობს მას?“ (იერ. 17:9). გულს შეუძლია შეცდომაში შეგვიყვანოს და გვაფიქრებინოს, რომ ჩვენს სულიერობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამ დროს, შესაძლოა, სხვები სხვანაირად ფიქრობენ ჩვენზე და განიცდიან კიდეც იმას, თუ რა მდგომარეობაში ვართ. როგორ შეიძლება გულმა გვიმუხთლოს? სატანა და მისი ქვეყნიერება ყველანაირად ცდილობენ, ხელი შეგვიშალონ ჩვენი სიმბოლური გულის მდგომარეობის რეალური სურათის დანახვაში. ამასთანავე, ჩვენმა ცოდვილმა ბუნებამაც ადვილად შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში. იერემიასა და მის დროში მცხოვრები იუდეველების მაგალითი დაგვეხმარება შევამოწმოთ, ჩვენ-ჩვენი გულები.
3. რა იქცა ბევრისთვის ღმერთად?
3 იერემიას დროს მცხოვრები იუდეველების უმეტესობა სულიერად სავალალო მდგომარეობაში იყო. მათ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი ქანაანელთა ღმერთებში გაცვალეს, ისე რომ ოდნავი სინანულის გრძნობაც არ გასჩენიათ. იეჰოვამ ასეთი სიტყვებით მიმართა ამ ხალხს: „სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი შველა უბედურების დროს. რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს“ (იერ. 2:28). არც ერთი ჩვენგანი არ ჩათვლიდა საკუთარ თავს კერპთაყვანისმცემლად. თუმცა, ერთ ლექსიკონში სიტყვა „ღმერთი“ ასე განიმარტება: „ვინმე ან რამე, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ“. დღეს ქვეყნიერებაში ბევრი პირველ ადგილზე აყენებს კარიერას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ოჯახს და საყვარელ შინაურ ცხოველსაც კი. სხვები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ სპორტს, გამოჩენილ ადამიანებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, მოგზაურობას ან ადათ-წესებს. სამწუხაროდ, ბევრს ეს შემოქმედთან ურთიერთობის დაკარგვის ფასად უჯდება. შეიძლება, რომ იერემიას დროში მცხოვრები იუდეველების მსგავსად ჭეშმარიტ ქრისტიანსაც დაემართოს ასეთი რამ?
ვერაგ გულს შეუძლია შეცდომაში შეგიყვანოთ
4. რამდენად გულწრფელად ამბობდნენ იუდეველები: „სად არის იეჰოვას სიტყვა? მოვიდეს!“?
4 საინტერესოა იმის გაგება, თუ რაზე საუბრობდა იერემია მაშინ, როცა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „გული . . . უმართავია“. მან იცოდა, რას ამბობდა ხალხი: „სად არის იეჰოვას სიტყვა? მოვიდეს!“ (იერ. 17:15). გულწრფელად ამბობდნენ ისინი ამას? პასუხს მე-17 თავის დასაწყისში ნათქვამი იერემიას სიტყვებიდან ვიგებთ: „რკინის კალმითაა ნაწერი იუდას ცოდვა, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე“. იუდეველების მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ადამიანზე ამყარებდნენ იმედს, ხორციელის მკლავს ენდობოდნენ და მათი გულები შორდებოდა იეჰოვას. მათგან განსხვავებით იუდეველთა მხოლოდ მცირე ნაწილს ჰქონდა ღვთის იმედი და მისგან ელოდა ხელმძღვანელობასა და კურთხევებს (იერ. 17:1, 5, 7).
5. როგორ ეხმაურებოდნენ იერემიას თანამემამულეები იეჰოვას მითითებებს?
5 იუდეველთა უმეტესობის გულის მდგომარეობა იმაში ვლინდებოდა, თუ როგორ ეხმაურებოდნენ ღვთის მითითებებს (წაიკითხეთ იერემიას 17:21, 22). მაგალითად, შაბათ დღეს მათ უნდა დაესვენათ ყველა საქმისგან, რაც საშუალებას მისცემდა, რომ სულიერი საქმეებით დაკავებულიყვნენ. მათ ამ დღეს ეკრძალებოდათ ვაჭრობა და სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ამ მითითებისადმი ხალხის დამოკიდებულება მათი გულის მდგომარეობას აჩვენებდა. ღმერთმა ასეთი სიტყვები თქვა იუდეველებზე: „არ მისმენდნენ ისინი და ყურს არ მიგდებდნენ, ჯიუტობდნენ, რომ არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება“. მართალია, მათ იცოდნენ ღვთის კანონი, მაგრამ ამ კანონზე საკუთარი შეხედულება ჰქონდათ და ამას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ (იერ. 17:23; ეს. 58:13).
6, 7. ა) ერთგული და გონიერი მონის მიერ მოცემული რჩევების მიუხედავად, რა არაგონივრულ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ქრისტიანი? ბ) რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან ჩვენს დამოკიდებულებაზე კრების შეხვედრებთან დაკავშირებით?
6 დღეს ქრისტიანებს არ გვევალება შაბათის კანონის დაცვა. თუმცა ჩვენთვის გამაფრთხილებელი მაგალითია ღვთის ამ მითითების მიმართ იუდეველების დამოკიდებულება, რაც მათი გულის მდგომარეობას აჩვენებდა (კოლ. 2:16). თუ გვინდა, ღვთის ნება შევასრულოთ, უარი უნდა ვთქვათ ეგოისტურ და ქვეყნიურ მისწრაფებებზე. კარგად გვესმის, რამხელა უგუნურება იქნებოდა ღვთის მსახურებაში ჩვენთვის იოლი და მოსახერხებელი გზა მოგვეძებნა. ალბათ, იცნობთ ბევრ ისეთ ქრისტიანს, რომელიც ცხოვრებაში ღვთის ნების შესრულებას პირველ ადგილზე აყენებს და ეს მათ დიდ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს ჰგვრის. მაშ, რამ შეიძლება შეგვიყვანოს შეცდომაში?
7 ქრისტიანმა შეიძლება არასწორად დაასკვნას, რომ გული ვერასდროს აცდუნებს, როგორც ეს იერემიას დროს დაემართა ბევრს. მაგალითად, ოჯახისთავმა შეიძლება იფიქროს: „ოჯახზე რომ ვიზრუნო, სამსახური არ უნდა დავკარგო“. ეს სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ამ შეხედულებამ ის შეიძლება ასეთ აზრამდე მიიყვანოს: „სამსახური რომ შევინარჩუნო ან უკეთესი ვიშოვო, საჭიროა, დამატებითი განათლება მივიღო“. ესეც შეიძლება ლოგიკური ჩანდეს და, საბოლოოდ, ქრისტიანი, შესაძლოა, ასეთ დასკვნამდე მივიდეს: „დრო იცვლება და დღეს უკვე კოლეჯის ან უნივერსიტეტის დიპლომია საჭირო სამსახური რომ შეინარჩუნო და ოჯახი არჩინო“. მართლაც, ძალიან ადვილად შეიძლება ქრისტიანმა გააუბრალოოს ერთგული და გონიერი მონის მიერ მოცემული გონივრული და გაწონასწორებული რჩევები დამატებით განათლებასთან დაკავშირებით და დაიწყოს კრების შეხვედრების გაცდენა. ამ საკითხში ზოგ ქრისტიანს ნელ-ნელა ჩამოუყალიბდა ქვეყნიური აზროვნება და შეხედულებები (ეფეს. 2:2, 3). ნამდვილად გასათვალისწინებელია ბიბლიაში მოცემული რჩევა: „ნუ მისცემთ წუთისოფელს იმის საშუალებას, რომ თავის ყალიბში მოგაქციოთ“ (რომ. 12:2, „ფილიპსის თარგმანი“).a
8. ა) რით შეიძლება იტრაბახოს ზოგმა ქრისტიანმა? ბ) რატომ არ არის საკმარისი, გვქონდეს ცოდნა ღვთისა და მისი საქმეების შესახებ?
8 ცხადია, პირველ საუკუნეში ცხოვრობდნენ ისეთი ქრისტიანები, რომლებიც მდიდრებიც იყვნენ და გავლენიანებიც. ასეთი ქრისტიანები დღესაც არიან. როგორ უნდა უყურებდნენ ისინი თავიანთ მდგომარეობას და ჩვენ რა შეხედულება უნდა გვქონდეს მათზე? ამ საკითხზე ღვთის თვალსაზრისს იერემიას წიგნიდან ვიგებთ (წაიკითხეთ იერემიას 9:23, 24 ). ქრისტიანმა თავისი მიღწევებით კი არ უნდა იტრაბახოს, არამედ უნდა იფიქროს, რომ ყველაზე ძვირფასია, იცნობდე სამყაროს უზენაეს მმართველს (1 კორ. 1:31). რას ნიშნავს, ჩასწვდე ცოდნას იეჰოვას შესახებ და იცნობდე მას? იერემიას დროს მცხოვრებმა იუდეველებმა იცოდნენ ღვთის სახელი; ისიც იცოდნენ, როგორ იხსნა ღმერთმა მათი წინაპრები წითელ ზღვასთან, როგორ შეიყვანა აღთქმულ მიწაზე და როგორ ეხმარებოდა მათ მსაჯულებისა და ერთგული მეფეების დროს. სინამდვილეში კი ისინი არ იცნობდნენ იეჰოვას და არ სწამდათ მისი. თუმცა ამბობდნენ: „უდანაშაულო ვარ, ამცდაო [ღვთის] რისხვა“ (იერ. 2:35).
რატომ უნდა ვაღიაროთ, რომ გული ვერაგია? როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ გული და გავიგოთ, თუ რას ფიქრობს ჩვენზე გულების დიდებული შემმოწმებელი?
როგორ გვძერწავს იეჰოვა?
9. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ სიმბოლური გულის შეცვლა შესაძლებელია?
9 იუდეველებს, რომლებსაც იერემია ღვთის ცნობას გადასცემდა, სიმბოლური გულის შეცვლა სჭირდებოდათ. ეს შესაძლებელი იყო, რადგან იმ იუდეველებზე, რომლებიც გადასახლებიდან დაბრუნდებოდნენ, ღმერთს ასეთი რამ ჰქონდა ნათქვამი: „მივცემ მათ გულს, რომელიც მიცნობს, რომ იეჰოვა ვარ. ისინი იქნებიან ჩემი ხალხი და მე ვიქნები მათი ღმერთი, რადგან მთელი გულით დამიბრუნდებიან“ (იერ. 24:7). დღესაც შეიძლება ადამიანმა ასეთი ცვლილება მოახდინოს. უფრო მეტიც, თითქმის ყველას შეგვიძლია, გავიუმჯობესოთ სიმბოლური გულის მდგომარეობა. ამისათვის საჭიროა: 1) ღვთის სიტყვის გულმოდგინე გამოკვლევა, 2) იმის კარგად დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში და 3) ღვთის შესახებ შეძენილი ცოდნის გამოყენება. ჩვენ არ გვინდა, დავემსგავსოთ იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებს; პირიქით, გვსურს, რომ გულების დიდებულმა შემმოწმებელმა, იეჰოვა ღმერთმა, გამოიკვლიოს ჩვენი გული. გარდა ამისა, ჩვენც შევძლებთ საკუთარი გულის შემოწმებას ბიბლიის დახმარებით და იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოქმედებს იეჰოვა ჩვენ სასიკეთოდ (ფსალმ. 17:3). ამის გაკეთება მართლაც გონივრულია!
10, 11. ა) რატომ მივიდა იერემია მეთუნის სახლში? ბ) რა განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ჭურჭლად გამოძერწავს იეჰოვა ადამიანს?
10 სატანას სურს, რომ ყველა ერთ ყალიბში მოაქციოს, ღმერთი კი ინდივიდუალურად უდგება ადამიანებს. ეს კარგად ჩანს ერთი შემთხვევიდან, რომელიც იერემიას გადახდა. ერთხელ ღმერთმა უთხრა მას, მეთუნის სახლში წასულიყო. მეთუნე თავის ჩარხზე მუშაობდა. მუშაობისას როცა თიხის ჭურჭელი გაუფუჭდა, ჯერ კიდევ რბილი თიხისგან სხვა ჭურჭელი გამოძერწა (წაიკითხეთ იერემიას 18:1—4 ). რატომ დაავალა იეჰოვამ იერემიას, ეყურებინა მეთუნისთვის და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
11 იეჰოვას უნდოდა დაენახვებინა იერემიასა და ისრაელისთვის, რომ მას ჰქონდა უფლება ისე გამოეძერწა ხალხები და ერები, როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ. როგორი მეთუნეა ის? ჩვეულებრივი მეთუნისგან განსხვავებით, იეჰოვა შეცდომებს არ უშვებს და თავის ნამოქმედარს დაუფიქრებლად არ ანადგურებს. ის, თუ როგორ ჭურჭლად გამოძერწავს ღმერთი ადამიანებს, ეს თავად მათზეა დამოკიდებული (წაიკითხეთ იერემიას 18:6—10).
12. ა) როგორ ეხმაურებოდა იეჰოიაკიმი იეჰოვას მცდელობას, გამოეძერწა ის? ბ) რას სწავლობთ იეჰოიაკიმის შემთხვევიდან?
12 როგორ ძერწავს იეჰოვა ადამიანებს? ძირითადად, ბიბლიის მეშვეობით. როცა ადამიანი კითხულობს ღვთის სიტყვას და წაკითხულს ცხოვრებაში იყენებს, ის აჩვენებს, თუ როგორი პიროვნებაა და ღმერთს გამოძერწვის საშუალებას აძლევს. ვნახოთ მეფე იეჰოიაკიმის მაგალითზე, რა ახდენდა გავლენას ხალხის აზროვნებაზე იერემიას დროს. მოსეს კანონში ეწერა: „არაფერი გამოსტყუო . . . მოჯამაგირეს“. მაგრამ მეფე სწორედ ასე ექცეოდა თავის თანამემამულეებს, მიზერული გასამრჯელოს სანაცვლოდ ამუშავებდა მათ, რათა თავისთვის „დიდი სახლი“ აეშენებინა (კან. 24:14; იერ. 22:13, 14, 17). იეჰოვა ცდილობდა იეჰოიაკიმის გამოძერწვას და თავისი სიტყვის გადასაცემად წინასწარმეტყველებს უგზავნიდა. მაგრამ მეფე თავის ვერაგ გულს მიჰყვებოდა, ღმერთს ეუბნებოდა, არ დაგემორჩილებიო და აგრძელებდა იმ გზაზე სიარულს, რომლითაც ახალგაზრდობიდანვე დადიოდა. ამიტომ ღმერთმა ასეთი რამ თქვა: „მამალი ვირივით დაიმარხება [იეჰოიაკიმი] — წაათრევენ და . . . გადააგდებენ“ (იერ. 22:19, 21). რამხელა უგუნურება იქნებოდა გვეთქვა: „რა ვქნა, ასეთი ვარ!“ დღეს ღმერთი არ გვიგზავნის იერემიას მსგავს წინასწარმეტყველებს, თუმცა ხელმძღვანელობის გარეშე მაინც არ გვტოვებს. ერთგული და გონიერი მონა გვეხმარება ბიბლიური პრინციპების გაგებასა და გათვალისწინებაში. ეს პრინციპები, შესაძლოა, ეხებოდეს ცხოვრებისეულ საკითხებს, მაგალითად, ჩაცმულობასა და გარეგნობას, ან იმას, თუ როგორ მუსიკას ვირჩევთ და როგორ ცეკვებს ვცეკვავთ ქორწილში თუ სხვა წვეულებებზე. მივცემთ ღვთის სიტყვას საშუალებას გამოგვძერწოს?
13, 14. ა) რატომ გაათავისუფლეს ბატონებმა თავიანთი ებრაელი მონები? ბ) როგორ გამოვლინდა მათი გულის ნამდვილი მდგომარეობა?
13 განვიხილოთ სხვა მაგალითი. ბაბილონელებმა იუდას სამეფო ტახტზე ციდკია დასვეს. ის არ დაემორჩილა იმ მითითებას, რომელიც ღმერთმა იერემიას პირით გადასცა, და განუდგა ბაბილონის მეფეს (იერ. 27:8, 12). ბაბილონელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. მაშინ მეფემ და მისმა მთავრებმა იფიქრეს, რომ ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად საჭირო იყო, კანონს გარკვეულწილად მაინც დამორჩილებოდნენ. მათ იცოდნენ, რომ კანონის მიხედვით მეშვიდე წელს ებრაელი მონები უნდა გაეთავისუფლებინათ, ამიტომ ციდკიამ შეთანხმება დადო მათთან, ვისაც მონები ჰყავდა, რომ გაეშვათ ისინი (გამ. 21:2—6; იერ. 34:14—18). რამხელა უაზრობა იყო, რომ მაშინ, როცა იერუსალიმი მტერს ჰყავდა გარშემორტყმული, ხალხმა გონივრულად მიიჩნია მონების გათავისუფლება (წაიკითხეთ იერემიას 34:8—10).
14 მოგვიანებით იუდეველთა დასახმარებლად ეგვიპტის ჯარი მივიდა და ბაბილონელებმა ქალაქს ალყა მოხსნეს (იერ. 37:5). რას გააკეთებდნენ ახლა ისინი, ვინც მონები გაათავისუფლა? მათ უკან დაიბრუნეს თავიანთი მონები და კვლავ დაიმორჩილეს (იერ. 34:11). იუდეველები როგორც კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თავი მოაჩვენეს ღმერთს, თითქოს მისი მორჩილები იყვნენ და ეგონათ, რომ ამით ძველ ცოდვებს გამოისყიდდნენ. მაგრამ, როცა საშიშროებამ გადაიარა, ისინი კვლავ ძველ გზას დაუბრუნდნენ. მათ თავი მოჰქონდათ, თითქოს კანონის არსს ეთანხმებოდნენ, მაგრამ მათმა შემდგომმა საქმეებმა აჩვენა, რომ ისინი გულით არ ემორჩილებოდნენ ღვთის მითითებებს და არ უნდოდათ, რომ ღვთის სიტყვას გამოეძერწა ისინი.
რა შეგიძლიათ ისწავლოთ, იერემიას მიერ აღწერილი მეთუნის შემთხვევიდან? როგორ გვძერწავს იეჰოვა დღეს?
იყავით რბილი თიხა იეჰოვას ხელში
15. როგორ ჭურჭლად გინდათ გამოგძერწოთ იეჰოვამ? მოიყვანეთ მაგალითი.
15 მსოფლიო ქრისტიანული კრების დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, რომელი ბიბლიური პრინციპის გათვალისწინება გვმართებს ამა თუ იმ შემთხვევაში. შესაძლოა ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა რომელიმე ძმის საქციელი გვაღიზიანებს (ეფეს. 4:32). იმასაც ვეთანხმებით, რომ ბიბლიური რჩევა ამ საკითხზე მართებული და გონივრულია. მაგრამ როგორი თიხა აღმოვჩნდებით იეჰოვას ხელში? მივცემთ იეჰოვას საშუალებას, გამოგვძერწოს? თუ მორჩილი გული გვექნება, უკეთესობისკენ შევიცვლებით და დიდებული მეთუნე ჩვენგან უფრო გამოსადეგ ჭურჭელს გააკეთებს თავისთვის (წაიკითხეთ რომაელების 9:20, 21; 2 ტიმოთეს 2:20, 21 ). ისეთი დამოკიდებულება კი არ უნდა განვივითაროთ, როგორიც იეჰოიაკიმსა და ციდკიას დროში მცხოვრებ ბატონებს ჰქონდათ, არამედ უნდა მივცეთ იეჰოვას საშუალება, ჩვენგან საპატიო მიზნისთვის გამოსადეგი ჭურჭელი გააკეთოს.
16. რა მნიშვნელოვანი რამ ესმოდა იერემიას?
16 ღმერთი იერემიასაც ძერწავდა. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინასწარმეტყველს ამაზე? მან თავმდაბლურად აღიარა: „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“. შემდეგ ის შეევედრა ღმერთს: „გამომასწორე, იეჰოვა“ (იერ. 10:23, 24). ახალგაზრდებო, ბაძავთ იერემიას? თქვენ საკმაოდ ბევრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ ცხოვრებაში. ზოგ ახალგაზრდას სურს, რომ თვითონ წარმართოს თავისი ნაბიჯები. გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართავთ იეჰოვას ხელმძღვანელობისთვის? იერემიას მსგავსად აღიარებთ თავმდაბლად, რომ ადამიანს თავისი ნაბიჯების წარმართვა არ შეუძლია? გახსოვდეთ: თუ ეძებთ ღვთის ხელმძღვანელობას, ის გამოგძერწავთ.
17—19. ა) რატომ გაიარა იერემიამ ევფრატისკენ მიმავალი დიდი გზა? ბ) რატომ შეიძლებოდა რთული ყოფილიყო იერემიასთვის მორჩილება? გ) რა მიზანს ემსახურებოდა იერემიას ასეთი მოქმედება?
17 იერემიას თავისი დავალება რომ შეესრულებინა, საჭირო იყო, დამორჩილებოდა ღვთის მითითებებს. მის ადგილას რომ ყოფილიყავით, დაემორჩილებოდით ღვთისგან მოცემულ ყველა მითითებას? ერთხელ იეჰოვამ იერემიას უბრძანა, სელის სარტყელი ეყიდა და წელზე შემოერტყა. შემდეგ უთხრა, მდინარე ევფრატთან წასულიყო. თუ რუკას დახედავთ, ნახავთ, რომ მას დაახლოებით 500 კილომეტრის გავლა მოუწევდა. კლდის ნაპრალში უნდა დაემალა სარტყელი და ისევ უკან დაბრუნებულიყო იერუსალიმში. მოგვიანებით ღმერთმა კვლავ დაავალა მას წასულიყო იქ და წამოეღო სარტყელი (წაიკითხეთ იერემიას 13:1—9 ). მთლიანობაში იერემიას დაახლოებით 2 000 კილომეტრი უნდა გაევლო. ბიბლიის კრიტიკოსებს არ სჯერათ, რომ ის ამხელა გზას გაივლიდა, რადგან ფეხით ამ მანძილის დაფარვას რამდენიმე თვე დასჭირდებოდა (ეზრ. 7:9).b როგორც უნდა იყოს, ასეთი იყო იეჰოვას ბრძანება და იერემიამაც ზედმიწევნით შეასრულა ის.
18 წარმოიდგინეთ, როგორ მიიკვლევდა იერემია გზას იუდეის მთიან მხარეში და როგორ მიდიოდა უდაბნოს გავლით ევფრატის სანაპიროსკენ. და ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებდა, რომ ერთი სელის სარტყელი დაემალა იქ. იერემიას მეზობლები, ალბათ, ძალიან დაინტერესდებოდნენ მისი ხანგრძლივი გაუჩინარებით; დაინახავდნენ, რომ უკან დაბრუნებულს აღარ ექნებოდა სელის სარტყელი წელზე შემორტყმული. მოგვიანებით ღმერთმა უთხრა მას, კიდევ ერთხელ გაევლო ეს შორი გზა, რათა უკან წამოეღო სარტყელი, რომელიც უკვე დამპალიყო და „აღარაფრად ვარგოდა“. იერემიას თავისუფლად შეეძლო ეფიქრა: „მორჩა, აღარ შემიძლია, რა აზრი აქვს ამის გაკეთებას?!“ მაგრამ მას ასეთი რამ არ უფიქრია, რადგან ღმერთს აძლევდა საშუალებას, გამოეძერწა ის. იერემია ყველანაირი წუწუნის გარეშე დაემორჩილა ღვთის მითითებას.
19 ღმერთმა მხოლოდ მეორე მოგზაურობის შემდეგ აუხსნა იერემიას ამ დავალების მიზანი. იერემიამ ამ დავალების შესრულებით აჩვენა, თუ რა განაჩენი უნდა გაეცხადებინა იუდეველებისთვის: „ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს ჩემს სიტყვებს, რომელიც თავისი ჯიუტი გულით დადის და სხვა ღმერთებს დაჰყვება, რათა ემსახუროს მათ და ემხობოდეს მათ წინაშე, ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება“ (იერ. 13:10). რა შთამბეჭდავი მეთოდი გამოიყენა იეჰოვამ თავისი ხალხისთვის ჭკუის სასწავლებლად! იეჰოვა იერემიას მეშვეობით ცდილობდა თავისი ხალხის გულის მდგომარეობის გამოსწორებას და, ვინაიდან წინასწარმეტყველი, ერთი შეხედვით, წვრილმან საკითხებშიც კი ემორჩილებოდა მას, ამით თავისი წვლილი შეჰქონდა ამაში.
20. რატომ აკვირვებს ზოგს ღვთისადმი თქვენი მორჩილება, მაგრამ რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული?
20 დღეს ქრისტიანებს ღმერთი არ სთხოვს ასობით კილომეტრის გავლას, რათა რაიმე ასწავლოს მათ. შესაძლოა, მეზობლებსა და ნათესავებს უკვირთ, ქრისტიანული ცხოვრების გზას რომ მიუყვებით და გაკრიტიკებენ კიდეც. მათ შეიძლება არ მოსწონთ თქვენი ჩაცმულობა, გარეგნობა, განათლებასა და სამუშაოსთან დაკავშირებული თქვენი არჩევანი და ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლური სასმელების მიმართ. იქნებით ამ დროს იერემიასავით მტკიცენი და მიჰყვებით ღვთის ხელმძღვანელობას? თუ მისცემთ ღმერთს იმის საშუალებას რომ გამოგძერწოთ, შეიძლება ამან ბრწყინვალე დამოწმების შესაძლებლობა მოგცეთ. ყოველ შემთხვევაში ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებებისა და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული ხელმძღვანელობის მიყოლა თქვენს მარადიულ კეთილდღეობას ემსახურება. ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინოთ ვერაგ გულს, თქვენ შეგიძლიათ მიჰბაძოთ იერემიას. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ რბილი თიხა იყოთ იეჰოვას ხელში; მიეცით მას საშუალება თქვენგან საპატიო ჭურჭელი გამოძერწოს, რომელიც მარადიულად გამოადგება მას.
რატომ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა სატანას, ცოდვილ გულსა და ქვეყნიერებას?
a ერთ-ერთ თარგმანში (NET Bible, 2005) ამ მუხლის სქოლიოში ახსნილია, თუ როგორ შეიძლება ადამიანი მოექცეს ქვეყნიერების გავლენაში: „ეს პროცესი, ნაწილობრივ, შეიძლება გაუთვითცნობიერებლად ხდებოდეს, თუმცა ამავდროულად ადამიანი შეიძლება ხვდებოდეს კიდეც, რა ემართება მას. როგორც ჩანს, აქ ერთიც იგულისხმება და მეორეც“.
b ზოგიერთის აზრით იერემია სადმე ახლომდებარე ადგილზე წავიდა და არა ევფრატის სანაპიროზე. რატომ ფიქრობენ ისინი ასე? როგორც ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავს, კრიტიკის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ კრიტიკოსებს უბრალოდ არ ემეტებათ წინასწარმეტყველი ამხელა მგზავრობისთვის.