იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „იერემია“
რა თავზარდამცემი იყო ცნობა უბედურების შესახებ, რაც იერემიამ აუწყა ხალხს! დიდებული ტაძარი, რომელიც სამი საუკუნის მანძილზე თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო, ფერფლად უნდა ქცეულიყო. იერუსალიმი და იუდას მიწა გაპარტახდებოდა, მოსახლეობას კი ტყვედ წაასხამდნენ. ეს და სხვა მრავალი განაჩენი ჩაწერილია წიგნ „იერემიაში“, რომელიც ბიბლიის წიგნებიდან მოცულობით მეორეა. მასში მოთხრობილია, თუ რა გადახდა იერემია წინასწარმეტყველს 67 წლის მანძილზე ერთგულად მსახურებისას. ამ წიგნში მოვლენები წარმოდგენილია არა ქრონოლოგიურად, არამედ თემატურად.
რატომ არის ბიბლიის წიგნი „იერემია“ ჩვენთვის საინტერესო? მასში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება გვიმტკიცებს რწმენას, რომ იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს (ესაია 55:10, 11). იერემია წინასწარმეტყველის მოღვაწეობა, ასევე ხალხის დამოკიდებულება მისი ცნობის მიმართ, ჩვენს დროს მოგვაგონებს (1 კორინთელები 10:11). წიგნში მოთხრობილია, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა თავის ხალხს და რა თვისებებს ავლენდა; ამან დიდი გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე (ებრაელები 4:12).
„ორ ცუდ რამეს აკეთებს ჩემი ხალხი“
იერემიამ წინასწარმეტყველება დაიწყო იუდას მეფე იოშიას მეფობის მე-13 წლისთავზე, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებამდე 40 წლით ადრე (იერემია 1:1, 2). იოშიას მეფობის ბოლო 18 წლის განმავლობაში იერემია ამხელდა იუდას ბოროტებას და მის წინააღმდეგ იეჰოვას განაჩენს აცხადებდა. იეჰოვა ამბობდა: „ქვების გროვად და ტურების ბუნაგად ვაქცევ იერუსალიმს, იუდას ქალაქებს კი გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ“ (იერემია 9:11). რატომ? „რადგან ორ ცუდ რამეს აკეთებს ჩემი ხალხი“, — თქვა იეჰოვამ (იერემია 2:13).
იერემიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ ხალხის დარჩენილი ნაწილი, რომელიც მოინანიებდა, თავის ქვეყანაში დაბრუნდებოდა (იერემია 3:14—18; 12:14, 15; 16:14—21). მაგრამ ხალხმა იერემიას წინააღმდეგობა გაუწია. „იეჰოვას სახლის მთავარმა გამგებელმა“ გაარტყა იერემიას და ხუნდები დაადო (იერემია 20:1—3).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:11, 12. როგორ უკავშირდება „ნუშის ხის ამონაყარი“ იმას, რომ იეჰოვა ფხიზლობს თავისი სიტყვის შესასრულებლად? ნუშის ხე ერთ-ერთია იმ ხეთაგან, რომელიც გაზაფხულზე პირველი ყვავილობს (იხილეთ მე-11 მუხლი, ბიბლია სქოლიოებით [ინგლ.]). იეჰოვა, შეიძლება ითქვას, ყოველდღე ადრე დგებოდა და უგზავნიდა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს, რათა მათთვის ეუწყებინა განაჩენი, და ფხიზლობდა მის აღსრულებამდე (იერემია 7:25).
2:10, 11. რატომ იყო ორგული ისრაელების საქციელი გასაკვირი? დასავლეთით ქითიმის მხარეს და აღმოსავლეთით კედარის მხარეს მცხოვრები წარმართი ერები სხვა ერების ღვთაებებსაც ეთაყვანებოდნენ, მაგრამ მათთვის წარმოუდგენელი იყო თავიანთი ღმერთების სხვა ღმერთებში გაცვლა. ისრაელებმა კი მიატოვეს იეჰოვა და ცოცხალი ღვთის დიდება უსიცოცხლო კერპებში გაცვალეს.
3:11—22; 11:10—12, 17. რატომ მიმართა იერემიამ ჩრდილოეთის ათი ტომის სამეფოს, მიუხედავად იმისა, რომ სამარია ძვ. წ. 740 წელს უკვე დაცემული იყო? ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებით იეჰოვამ განაჩენი აღასრულა არამხოლოდ იუდაზე, არამედ მთელ ისრაელზე (ეზეკიელი 9:9, 10). გარდა ამისა, ათი ტომის სამეფოს დაცემის შემდეგ მისი ინტერესები იერუსალიმით იყო წარმოდგენილი, რადგან ღვთის წინასწარმეტყველები კვლავაც მოიხსენიებდნენ ისრაელებს თავიანთ ცნობებში.
4:3, 4. რა იგულისხმება ამ ბრძანებაში? ამ მუხლებში ნიადაგი გულთან არის შედარებული. ორგულ იუდეველებს უნდა მოემზადებინათ, მოელბოთ და გაესუფთავებინათ თავიანთი გულების ნიადაგი. მათ უნდა მოეცილებინათ „გულის ჩუჩა“, ანუ მოეშორებინათ უწმინდური ფიქრები, სურვილები და არასწორი მოტივები (იერემია 9:25, 26; საქმეები 7:51). ამისთვის კი ცხოვრების წესი უნდა შეეცვალათ. მათ უნდა მიეტოვებინათ ცუდის კეთება და ღვთის მოსაწონი საქმეები ეკეთებინათ.
4:10; 15:18. რა გაგებით მოატყუა იეჰოვამ თავისი ურჩი ხალხი? იერემიას დროს წინასწარმეტყველები ‘სიცრუეს წინასწარმეტყველებდნენ’ (იერემია 5:31; 20:6; 23:16, 17, 25—28, 32). იეჰოვა ხელს არ უშლიდა მათ.
16:16. რა გაგებით მოაყვანინებდა იეჰოვა „ბევრ მეთევზესა“ და „ბევრ მონადირეს“? შეიძლება აქ ორგული იუდეველების მტრები იგულისხმება, რომლებიც იეჰოვამ მათ დასასჯელად გამოიყენა. თუმცა მე-15 მუხლს თუ გავითვალისწინებთ, ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ იეჰოვა მომნანიე ისრაელებს ეძებდა.
20:7. როგორ გამოიყენა იეჰოვამ თავისი ძალა იერემიას წინააღმდეგ და როგორ მოატყუა ის? როცა იერემია იეჰოვას განაჩენს აცხადებდა, მის ცნობას არაფრად აგდებდნენ, მას კი უარყოფდნენ და დევნიდნენ. შესაძლოა იერემია ფიქრობდა, რომ ძალა არ ჰყოფნიდა მსახურების გასაგრძელებლად. მაგრამ იეჰოვამ ძალა მისცა იერემიას, რომ მსახურება გაეგრძელებინა და უარყოფით ფიქრებს გამკლავებოდა. იეჰოვამ იმ გაგებით მოატყუა იერემია, რომ გააკეთებინა ის, რაც იერემიას შეუძლებლად მიაჩნდა.
რას ვსწავლობთ:
1:8. იეჰოვა დევნების დროს ეხმარება თავის ხალხს. მაგალითად, მას შეუძლია გამოიყენოს მიუკერძოებელი მოსამართლეები, შეცვალოს მტრულად განწყობილი მმართველები გონიერი მმართველებით, ან მოთმინების ძალა მისცეს თავის თაყვანისმცემლებს (1 კორინთელები 10:13).
2:13, 18. ორგულმა ისრაელებმა ორი ცუდი რამ ჩაიდინეს. მათ მიატოვეს იეჰოვა, ნამდვილი ბედნიერების წყარო, რომელიც ხელმძღვანელობდა და იცავდა მათ. ისრაელებმა იმ გაგებით ამოთხარეს თავისთვის ჭები, რომ სამხედრო დახმარებისთვის ეგვიპტესა და ასურეთს მიმართეს. თუ ჩვენ ჭეშმარიტ ღმერთს ვტოვებთ და ადამიანთა ფილოსოფიებსა და პოლიტიკას მივმართავთ, „ცოცხალი წყლის წყაროს“ „დაბზარულ ჭებზე“ ვცვლით.
6:16. იეჰოვა მოუწოდებდა თავის ურჩ ხალხს შეჩერებულიყვნენ, შეემოწმებინათ საკუთარი თავი და დაბრუნებულიყვნენ ერთგული წინაპრების გზაზე. დროდადრო ჩვენც უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, დავდივართ თუ არა იმ გზით, რომელზეც იეჰოვა მიგვითითებს.
7:1—15. იუდეველები ვერ იხსნა ტაძარმა, რომელსაც ისინი თილისმად მიიჩნევდნენ და იმედს ამყარებდნენ. ჩვენ უნდა ვიაროთ რწმენით და არა ხილვით (2 კორინთელები 5:7).
15:16, 17. იერემიას მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დავძლიოთ გულგატეხილობა, თუ გულმოდგინედ ვსწავლობთ ბიბლიას, მსახურებაში განვადიდებთ იეჰოვას სახელს და ვერიდებით ცუდ საზოგადოებას.
17:1, 2. იეჰოვასთვის მიუღებელი იყო იუდეველთა მსხვერპლი მათი ცოდვების გამო. ზნეობრივი უწმინდურება მიუღებელს ხდის ჩვენი ქების მსხვერპლს.
17:5—8. ადამიანებსა და მათ ორგანიზაციებს შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში ვენდოთ, თუ ისინი ღვთის ნებისა და ბიბლიის პრინციპების შესაბამისად მოქმედებენ. როცა საკითხი ჩვენს ხსნას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას ეხება, გონივრულია, იმედი მხოლოდ იეჰოვაზე დავამყაროთ (ფსალმუნი 146:3).
20:8—11. არ უნდა დავუშვათ, რომ გულგრილობამ, წინააღმდეგობამ და დევნამ სამქადაგებლო მსახურებაში ენთუზიაზმი დაგვაკარგვინოს (იაკობი 5:10, 11).
„კისერზე დაიდგით ბაბილონის მეფის უღელი“
იერემიამ განაჩენი წარმოთქვა იუდას ბოლო ოთხ მეფეზე, ცრუ წინასწარმეტყველებზე, ბოროტ მწყემსებსა და უზნეო მღვდლებზე. იეჰოვამ ერთგულ ისრაელთა დარჩენილი ნაწილი შეადარა კარგ ლეღვს და თქვა: „თვალს დავიჭერ მათზე მათივე სასიკეთოდ“ (იერემია 24:5, 6). 25-ე თავში მოცემული სამი წინასწარმეტყველება დაწვრილებით განიხილება მომდევნო თავებში.
მღვდლები და წინასწარმეტყველები იერემიას მოსაკლავად შეითქვნენ. იერემია ეუბნებოდა მათ, რომ ბაბილონის მეფის მსახურები გამხდარიყვნენ. მეფე ციდკიას იერემიამ უთხრა: „კისერზე დაიდგით ბაბილონის მეფის უღელი“ (იერემია 27:12). მაგრამ „ის, ვინც ფანტავს ისრაელს, შეკრებს მას [ისრაელს]“ (იერემია 31:10). რექაბელებმა მორჩილების გამო მიიღეს დაპირება. დაპატიმრებული იერემია „მცველების ეზოში გადაიყვანეს“ (იერემია 37:21). ბაბილონელებმა იერუსალიმი გაანადგურეს და მოსახლეობის უმეტესობა ტყვედ წაასხეს. იერემია, მწერალი ბარუქი და ზოგიერთი სხვა იუდეველი ქვეყანაში დატოვეს. მიუხედავად იერემიას გაფრთხილებისა, შეშინებული ხალხი ეგვიპტეში გაიქცა. 46—51 თავებში ჩაწერილია იერემიას ცნობა სხვა ერების შესახებ.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
22:30. გააუქმა ამ მუხლში ჩაწერილმა ბრძანებამ იესო ქრისტეს უფლება, დამჯდარიყო დავითის ტახტზე? (მათე 1:1, 11). არა. ბრძანების თანახმად, იეჰოიაქინის არც ერთ შთამომავალს არ ჰქონდა უფლება, ‘დამჯდარიყო დავითის ტახტზე იუდაში’. იესო გამეფდებოდა ზეცაში და არა იუდაში.
23:33. რა არის „იეჰოვას ტვირთი“? იმ დროს იერემიას მიერ წარმოთქმული ცნობა იერუსალიმის განადგურების შესახებ ტვირთი იყო ისრაელებისთვის. იეჰოვასთვის კი ურჩი ხალხი იყო ტვირთი, რომელსაც ის მოიშორებდა. მსგავსად, ცრუ რელიგიის განადგურების შესახებ ბიბლიის ცნობა ტვირთად აწევს ქრისტიანულ სამყაროს; ის ადამიანები კი, რომლებიც არ ეხმაურებიან ამ ცნობას, ტვირთია ღვთისთვის.
31:33. რა გაგებით შეიძლება იყოს ღვთის კანონი გულში ჩაწერილი? როცა ღვთის კანონის სიყვარული აღძრავს ადამიანს, იეჰოვას ნება შეასრულოს, შეიძლება ითქვას, რომ მას ღვთის კანონი გულში აქვს ჩაწერილი.
32:10—15. რატომ დაიწერა ნასყიდობის ორი ერთნაირი საბუთი? ძირითადად, დაუბეჭდავი საბუთი გამოიყენებოდა. დაბეჭდილ საბუთს კი დაუბეჭდავი საბუთის უტყუარობის დასამტკიცებლად იყენებდნენ. იერემიამ კანონის დაცვით კარგი მაგალითი მოგვცა იმისა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინაც კი, როცა საქმიანი ურთიერთობა გვაქვს ნათესავთან ან თანამორწმუნესთან.
33:23, 24. ვის წარმოადგენს აქ მოხსენიებული „ორი საგვარეულო“? პირველია მეფე დავითის სამეფო საგვარეულო, მეორე კი — აარონის სამღვდელო საგვარეულო. იერუსალიმისა და ტაძრის განადგურებით ისე ჩანდა, თითქოს იეჰოვამ უარყო ეს ორი საგვარეულო და დედამიწაზე აღარც ღვთის სამეფო იქნებოდა და აღარც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა.
46:22. რატომ არის ეგვიპტის ხმა შედარებული გველის სისინთან? შესაძლოა იმიტომ, რომ გველი უკან დახევის დროს სისინებს ან იმიტომ, რომ ეგვიპტე დამცირდა უბედურების დროს. ამ შედარებიდან კარგად ჩანს, რომ ეგვიპტის ფარაონები ამაოდ ატარებდნენ თავსაბურავებზე წმინდა გველის გამოსახულებას, რომელიც გველი-ღვთაება უოდჯეტის მფარველობაზე მიანიშნებდა.
რას ვსწავლობთ:
21:8, 9; 38:19. იეჰოვა ბოლო წუთამდე აძლევდა მონანიების საშუალებას იერუსალიმის მცხოვრებთ, რომლებიც სიკვდილს იმსახურებდნენ. მართლაც რომ „დიდად მწყალობელია იგი“! (2 სამუელი 24:14; ფსალმუნი 119:156).
31:34. რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა არ გაიხსენებს მათ ცოდვებს, ვისაც აპატია და არ დასჯის მათ!
38:7—13; 39:15—18. იეჰოვა არ დაივიწყებს ჩვენს ერთგულ მსახურებას, რაშიც ‘წმინდების მომსახურებაც’ შედის (ებრაელები 6:10).
45:4, 5. როგორც ადრე იუდას განადგურებამდე, ისე დღეს, ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, არ არის იმის დრო, რომ ჩვენთვის ისეთი „დიდი რამე“ ვეძებოთ, როგორიცაა სიმდიდრე, დიდება და მატერიალური კეთილდღეობა (2 ტიმოთე 3:1; 1 იოანე 2:17).
იერუსალიმი ცეცხლს მისცეს
დადგა ძვ. წ. 607 წელი, ციდკიას მეფობის მე-11 წელი. ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს 18 თვეა, რაც იერუსალიმი ალყაში ჰყავს. ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-19 წელს, მეხუთე თვის მეშვიდე დღეს ნებუზარადანი, მცველთა უფროსი მივიდა იერუსალიმში (2 მეფეები 25:8). ქალაქის გალავნის გარეთ დაბანაკებული ნებუზარადანი, როგორც ჩანს, აკვირდება სიტუაციას და მოქმედების გეგმას ადგენს. სამი დღის შემდეგ, მეხუთე თვის მეათე დღეს, ის შევიდა იერუსალიმში და გადაწვა ქალაქი (იერემია 52:12, 13).
იერემიამ დაწვრილებით აღწერა იერუსალიმის დაცემა. ის გოდებდა ანუ მოთქვამდა ამის გამო. ეს მოთქმა ბიბლიის წიგნ „გოდებაში“ ჩაიწერა.
[სურათი 8 გვერდზე]
იერემია აცხადებდა იეჰოვას მიერ იერუსალიმისთვის გამოტანილ განაჩენს.
[სურათი 9 გვერდზე]
როგორ გამოიყენა იეჰოვამ თავისი ძალა იერემიას წინააღმდეგ?
[სურათი 10 გვერდზე]
„როგორც ამ კარგ ლეღვს, ისე, კარგი თვალით შევხედავ იუდადან გადასახლებულებს“ (იერემია 24:5).