თავი 10
კითხულობთ ყოველდღე, „სად არის იეჰოვა“?
1, 2. ა) როგორი იყო იერემიას დროში მცხოვრები იუდეველების სულიერი მდგომარეობა? ბ) როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იუდეველები?
იერემია ტიროდა. ის თავისი ხალხის მდგომარეობასა და იმ უბედურ მომავალზე წუხდა, რომელიც მათ ღვთის წინასწარმეტყველების თანახმად მოელოდათ. ის ნატრობდა, რომ მისი თავი წყალი ყოფილიყო და თვალები ცრემლების წყარო, რათა გამუდმებით ეტირა. წინასწარმეტყველს მართლაც ჰქონდა მწუხარების მიზეზი, რადგან მისი ერი სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა (იერ. 9:1—3; წაიკითხეთ იერემიას 8:20, 21 ). იუდეველები ჯიუტად უარყოფდნენ ღვთის კანონს და არ უსმენდნენ იეჰოვას ხმას, ამიტომ უბედურება გარდაუვალი იყო (იერ. 6:19; 9:13).
2 იუდას მცხოვრებნი, რომლებსაც უყვარდათ დამამშვიდებელი სიტყვების მოსმენა თავიანთი რელიგიური წინამძღოლებისგან, გულწრფელად არ ინტერესდებოდნენ, რას ფიქრობდა იეჰოვა მათ საქციელზე (იერ. 5:31; 6:14). ისინი ჰგავდნენ პაციენტებს, რომლებიც ისეთ ექიმს ეძებდნენ დამამშვიდებელ რამეს რომ ეტყოდა მათ და სერიოზულ სიმპტომებს არ მიაქცევდა ყურადღებას. ცუდად რომ ყოფილიყავით, განა არ ისურვებდით, ექიმს ზუსტი დიაგნოზი დაესვა თქვენთვის და დროულად გემკურნალათ? იერემიას დროს მცხოვრები იუდეველები უნდა დაინტერესებულიყვნენ თავიანთი რეალური სულიერი მდგომარეობით. მათ უნდა ეკითხათ: „სად არის იეჰოვა?“ (იერ. 2:6, 8).
3. ა) რა გაგებით უნდა დაესვათ იუდეველებს კითხვა „სად არის იეჰოვა“? ბ) რა იყო ერთ-ერთი საშუალება, რითაც იუდეველებს შეეძლოთ იეჰოვას ძებნა?
3 იუდეველებისთვის ამ კითხვის დასმა ნიშნავდა იმას, რომ მათ უნდა ეძებათ ღვთის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო გადაწყვეტილებების მიღებისას. მაგრამ ისინი ამას არ აკეთებდნენ. თუმცა მოგვიანებით, იერუსალიმის განადგურებისა და ბაბილონიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, დაუწყებდნენ იეჰოვას ძებნას. ისინი იპოვიდნენ კიდეც მას და შეიცნობდნენ მის გზებს (წაიკითხეთ იერემიას 29:13, 14 ). როგორ შეეძლოთ მათ ამის გაკეთება? ერთ-ერთი საშუალება გულწრფელი ლოცვა და ღვთისთვის ხელმძღვანელობის თხოვნა იყო. ასე იქცეოდა მეფე დავითი. ის სთხოვდა ღმერთს: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები!“ (ფსალმ. 25:4). დაუკვირდით, რა თქვა ლოცვების მომსმენმა ღმერთმა იერემიას პირით მეფე ციდკიას მეფობის მეათე წელს: „მომიხმე და პასუხს გაგცემ, გეტყვი დიდსა და ჩაუწვდომელს, რაც არ იცი“ (იერ. 33:3). თუ მეფე და ურჩი ერი მოუხმობდნენ ღმერთს, ის გაუმჟღავნებდა მათ ჩაუწვდომელს, ანუ იმას, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა და 70 წლის შემდეგ კვლავ აშენდებოდა.
4, 5. კიდევ როგორ შეეძლო ღვთის ხალხს იეჰოვას ძებნა?
4 იუდეველებს ასევე შეეძლოთ მოეძებნათ იეჰოვა, თუ გამოიკვლევდნენ წარსულში მომხდარ ამბებს და დაფიქრდებოდნენ, როგორ ხელმძღვანელობდა ღმერთი თავის ხალხს. ამ დროს მათთვის ცხადი გახდებოდა, რა მოსწონდა ღმერთს და რა იწვევდა მის განრისხებას. მათ ჰქონდათ მოსეს დაწერილი წიგნები, ღვთის შთაგონებით დაწერილი რამდენიმე ისტორიული ჩანაწერი და ისრაელისა და იუდას მეფეების მატიანეები. თუ ისინი წაიკითხავდნენ ამ ჩანაწერებს, დაფიქრდებოდნენ წაკითხულზე და ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებს მოუსმენდნენ, გაიგებდნენ, სად იყო იეჰოვა.
5 მესამე საშუალება, რითაც მოძებნიდნენ იეჰოვას, საკუთარი და სხვების გამოცდილებიდან სწავლა იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ყოველთვის საკუთარი შეცდომებიდან ესწავლათ; მათ შეეძლოთ დაფიქრებულიყვნენ თავიანთ წარსულზე და იმაზე, თუ როგორ უყურებდა იეჰოვა მათ საქციელს. დაკვირვებულები რომ ყოფილიყვნენ, მიხვდებოდნენ, რას ფიქრობდა იეჰოვა მათ საქმეებზე (იგავ. 17:10).
6. როგორ გამხნევებთ იობის შემთხვევა?
6 მოდი, ახლა ვისაუბროთ, როგორ გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ. გადაწყვეტილების მიღებისას ან სერიოზული არჩევნის წინაშე ყოფნისას კითხულობთ „სად არის იეჰოვა“? ზოგიერთი ფიქრობს, რომ ამ საკითხში გაუმჯობესება სჭირდება. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, ხელს ნუ ჩაიქნევთ. ასეთი რამ არც ერთგული პატრიარქი იობისთვის იყო უცხო. უმძიმეს გასაჭირში მყოფი საკუთარი თავისა და პრობლემების იქით ვეღარაფერს ხედავდა. ელიჰუმ შეახსენა მას, რისკენ არის ადამიანის გული მიდრეკილი: „არავინ ამბობს, სად არის ღმერთი, ჩემი დიდებული შემოქმედი“ (იობ. 35:10). ელიჰუმ მოუწოდა მას: „დაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს“ (იობ. 37:14). იობი უნდა დაკვირვებოდა ქმნილებებს, რომლებიც იეჰოვას დიდებული შემოქმედების ნაყოფი იყო და უნდა დაფიქრებულიყო, როგორ ზრუნავდა ღმერთი ადამიანებზე და როგორ ხელმძღვანელობდა მათ. პირადმა გამოცდილებამ მას უკეთ დაანახვა იეჰოვას პიროვნება. მას შემდეგ, რაც გადაიტანა გასაჭირი და დაინახა, თუ როგორ მოაგვარა იეჰოვამ ყველაფერი, იობმა თქვა: „ვლაპარაკობდი, მაგრამ არ მესმოდა ის, რაც ჩემთვის მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია. ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“ (იობ. 42:3, 5).
7. რას განვიხილავთ მომდევნო აბზაცებში? (იხილეთ სურათი 116-ე გვერდზე).
7 რაც შეეხება იერემიას, ის ყოველთვის ეძებდა იეჰოვას და შეძლო კიდეც მისი პოვნა. თავისი თანამემამულეებისგან განსხვავებით ათწლეულების მანძილზე ის ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს და კითხულობდა: „სად არის იეჰოვა?“. მომდევნო აბზაცებში ვისაუბრებთ იერემიას მაგალითზე და ვნახავთ, როგორ გვეხმარება ლოცვა, ბიბლიის გამოკვლევა და პირადი გამოცდილება იეჰოვას ძებნასა და მის პოვნაში (1 მატ. 28:9).
რა გაგებით უნდა დავსვათ კითხვა: „სად არის იეჰოვა“? როგორ შეეძლოთ ამ კითხვის დასმა იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებს?
იერემია მიმართავდა იეჰოვას ლოცვით
8. როდის მიმართავდა იერემია ღმერთს ლოცვით?
8 მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა იერემია ღვთის სიტყვას გადასცემდა იუდას ხალხს, გულწრფელი ლოცვებით ეძებდა იეჰოვას. ის სთხოვდა მას დახმარებას, როცა ხალხს მათთვის უსიამოვნო ცნობას გადასცემდა, როცა ფიქრობდა, რომ მსახურებას ვეღარ გააგრძელებდა და, როცა მისთვის გაუგებარი რამ ხდებოდა. განვიხილოთ იმის რამდენიმე მაგალითი, თუ როგორ პასუხობდა ღმერთი მის ლოცვებს და როგორ უწევდა ხელმძღვანელობას.
9. ა) როგორ გადმოსცა წინასწარმეტყველმა თავისი გრძნობები იერემიას 15:15-სა და 16-ში და როგორ უპასუხა იეჰოვამ მის ლოცვას? ბ) თქვენი აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ლოცვისას გრძნობების გამოხატვა?
9 ერთხელ, როცა იერემიას მკაცრი განაჩენის გაცხადება დაევალა, ის ფიქრობდა, რომ ყველა მას წყევლიდა. წინასწარმეტყველი ღმერთს ევედრებოდა, გამიხსენეო. მოდი, ვნახოთ იერემიას 15:15-სა და 16-ში ჩაწერილი მისი ლოცვა, სადაც ის ამბობს, თუ როგორ იმოქმედა მასზე ღვთისგან მიღებულმა პასუხმა (წაიკითხეთ). ეს სიტყვები იერემიას სულის ტკივილის გამოძახილია. თუმცა მას შემდეგ, რაც ღვთის სიტყვები მიიღო და, ასე ვთქვათ, შეჭამა ისინი, დიდი სიხარული იგრძნო. იეჰოვამ დაანახვა მას, რა დიდი უპირატესობა იყო ღვთის სახელის ტარება და მისი ცნობის გაცხადება. იერემიასთვის ცხადი გახდა იეჰოვას თვალსაზრისი. ჩვენ თუ შეგვიძლია აქედან რამის სწავლა?
10. როგორ უპასუხა იეჰოვამ თავის წინასწარმეტყველს, რომელმაც თქვა, რომ მეტად აღარ ილაპარაკებდა ღვთის სახელით?
10 სხვა დროს, როცა მღვდელი ფაშხური, იმერის ძე, ფიზიკურად გაუსწორდა იერემიას, წინასწარმეტყველმა თქვა, რომ მეტად აღარ ილაპარაკებდა იეჰოვას სახელით. როგორ უპასუხა ღმერთმა იერემიას ლოცვას? (წაიკითხეთ იერემიას 20:8, 9). ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, როგორ უპასუხა ღმერთმა იერემიას, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ღვთის სიტყვა ძვლებში დამწყვდეული ცეცხლივით უგიზგიზებდა და ისღა დარჩენოდა, რომ გაეცხადებინა ის. ლოცვისას იერემია არაფერს უმალავდა ღმერთს. მართალია, მას სრულად არ ესმოდა, რა იყო ღვთის ნება, მაგრამ ის მზად იყო, მის მითითებებს დამორჩილებოდა. ამ ყველაფრის წყალობით მას შეეძლო ბოლომდე შეესრულებინა ღვთის დავალება.
11, 12. როგორ უპასუხა ღმერთმა იერემიას, რომელსაც ბოროტი ხალხის „წარმატება“ საგონებელში აგდებდა?
11 იერემია საგონებელში ვარდებოდა, როცა ხედავდა ბოროტი ხალხის წინსვლას (წაიკითხეთ იერემიას 12:1, 3). იეჰოვას სამართლიანობაში წინასწარმეტყველს ოდნავადაც არ ეპარებოდა ეჭვი, თუმცა თავის „საჩივარზე“ მაინც ითხოვდა პასუხს. იერემიას პირდაპირობა იმაზე მეტყველებს, რომ მას ისეთივე ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან, როგორიც შვილს მოსიყვარულე მამასთან. მას უბრალოდ ვერ გაეგო, რატომ ემართებოდა ხელი ბოროტებს. მიიღო იერემიამ დამაკმაყოფილებელი პასუხი? იეჰოვამ დაარწმუნა ის, რომ ამოძირკვავდა ბოროტებს (იერ. 12:14). როცა დაინახავდა იერემია, როგორ გადაწყდა საკითხები, რომლებზეც ის ლოცულობდა, ღვთის სამართლიანობისადმი რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდებოდა. შედეგად, ის უფრო ხშირად მიმართავდა ღმერთს ლოცვით და გულს გადაუშლიდა ზეციერ მამას.
12 ციდკიას მეფობის ბოლოს, როცა ბაბილონელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავდათ მოქცეული, იერემიამ ასე მიმართა იეჰოვას: „თვალები ღია გაქვს ადამიანთა ყველა გზის დასანახავად, რათა ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ მიაგო“ (იერ. 32:19). წინასწარმეტყველისთვის ცხადი გახდა, რომ იეჰოვა სამართლიანი იყო, რომ ის ხედავდა თითოეული ადამიანის საქმეებს და ისმენდა თავისი მსახურების გულწრფელ ლოცვებს. შესაბამისად, მისი მსახურები სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდნენ იმაში, რომ ღმერთი „ყველას თავისი გზისამებრ და საქმეების ნაყოფისამებრ“ მიაგებდა.
13. რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ღვთის ნება სრულდება?
13 შეიძლება არც ჩვენ გვეპარება ეჭვი ღვთის სამართლიანობაში და დარწმუნებული ვართ, რომ, როგორც დღეს ახორციელებს ბრძნულად ღმერთი თავის განზრახვებს, მომავალშიც ასე განახორციელებს. თუმცაღა კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით იერემიას მაგალითზე და ლოცვებში გულს გადავუშლით ღმერთს. ასე თუ მოვიქცევით, იეჰოვასადმი ჩვენი ნდობა, რომ მისი ნება აუცილებლად შესრულდება, კიდევ უფრო განმტკიცდება. მაშინაც კი, როცა ბოლომდე არ გვესმის, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა ან რატომ სრულდება ღვთის ნება ასეთი ტემპით, შეგვიძლია ლოცვისას იეჰოვას ისევ და ისევ გავუმეოროთ, რომ ვენდობით და გვჯერა, რომ ის სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მისი ნება ისეთი სახითა და ისეთი ტემპით შესრულდება, როგორც თვითონ ჩათვლის საუკეთესოდ. ჩვენ არანაირი მიზეზი არა გვაქვს, რომ ამაში ეჭვი შეგვეპაროს. კვლავაც შევთხოვთ იეჰოვას, რომ უკეთ გავიგოთ მისი ნება და დავინახოთ მისი ნების შესრულების მტკიცებულებები; ეს კი იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ვსვამთ კითხვას „სად არის იეჰოვა?“ (იობ. 36:5—7, 26).
რაში გარწმუნებთ ის, რომ იერემია ლოცვით ეძებდა იეჰოვას?
იერემია ცოდნით ავსებდა საკუთარ გულს
14. საიდან ვიგებთ, რომ იერემიას გამოკვლეული ჰქონდა ღვთის ხალხის ისტორია?
14 იერემიამ კარგად იცოდა, რომ იეჰოვას შესახებ ცოდნა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ეკითხა „სად არის იეჰოვა?“ (იერ. 9:24). მას გამოკვლეული უნდა ჰქონოდა ღვთის ხალხის ისტორია, რადგან მან შეადგინა წიგნები, რომლებიც დღეს პირველი და მეორე მეფეების სახელითაა ცნობილი. იერემიამ თავის ჩანაწერებში მოიხსენია „სოლომონის მატიანე“, „ისრაელის მეფეთა მატიანე“ და „იუდას მეფეთა მატიანე“ (1 მეფ. 11:41; 14:19; 15:7). ამ გამოკვლევების წყალობით მან კარგად იცოდა, როგორ მოქმედებდა იეჰოვა სხვადასხვა სიტუაციაში. იერემიას შეეძლო დაენახა, რა სიამოვნებდა იეჰოვას და რას ფიქრობდა ის ადამიანთა გადაწყვეტილებებზე. მას ასევე შეეძლო წაეკითხა იმ დროისთვის ხელმისაწვდომი წიგნები, რომლებიც მოსემ, იესო ნავეს ძემ, სამუელმა, დავითმა და სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერეს. უეჭველია, მას ისიც ეცოდინებოდა, რა დაწერეს მისმა წინამორბედმა თუ თანამედროვე წინასწარმეტყველებმა. რაში გამოადგა იერემიას პირადი შესწავლა?
15. რაში დაეხმარა იერემიას ელიას წინასწარმეტყველების გამოკვლევა?
15 იერემიამ თავის წიგნებში მოიხსენია სამარიის მეფე ახაბის ბოროტი ცოლი იზებელი. მან წინასწარმეტყველ ელიას სიტყვები გაიმეორა, რომ იზებელს ძაღლები შეჭამდნენ იზრეელის მიწაზე (1 მეფ. 21:23). მართლაც, როგორც იერემიამ დაწერა თავის წიგნში, წინასწარმეტყველებიდან 14 წლის შემდეგ იზებელი ფანჯრიდან გადმოაგდეს, იეჰუს ცხენმა გათელა ის და ძაღლებმა შეჭამეს (2 მეფ. 9:31—37). ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევისას იერემია დაინახავდა, როგორ ზედმიწევნით შესრულდა ყველაფერი ელიას წინასწარმეტყველებიდან და ღვთის სიტყვისადმი ნდობა კიდევ უფრო განუმტკიცდებოდა. იეჰოვას წარსულ საქმეებზე დაკვირვებამ განუმტკიცა მას რწმენა; სწორედ ასეთმა რწმენამ შეაძლებინა წლების მანძილზე წინასწარმეტყველად მსახურება.
16, 17. თქვენი აზრით, რა დაეხმარა იერემიას, განეგრძო ბოროტი მეფეების გაფრთხილება?
16 ახლა სხვა მაგალითი განვიხილოთ. როგორ ფიქრობთ, რამ შეაძლებინა იერემიას, მიუხედავად დევნისა, არაერთხელ გაეფრთხილებინა ისეთი ბოროტი მეფეები, როგორებიც იყვნენ იეჰოიაკიმი და ციდკია? პირველყოვლისა იმან, რომ იეჰოვამ ის „გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად“ აქცია იუდას მეფეების წინაშე (იერ. 1:18, 19). მაგრამ არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ იერემიამ კარგად იცოდა იუდასა და ისრაელის ძველი მეფეების ისტორია. მან დაწერა ის ფაქტიც, რომ მენაშემ „ცის ლაშქარს აუგო სამსხვერპლოები იეჰოვას სახლის ორივე ეზოში“, თავისი ვაჟი ცეცხლში გაატარა და ბევრი უდანაშაულო სისხლი დაღვარა (2 მეფ. 21:1—7, 16; წაიკითხეთ იერემიას 15:4). იერემიას ისიც ეცოდინებოდა, რომ, როცა მენაშემ თავი დაიმდაბლა და იეჰოვას შეევედრა, „მანაც შეისმინა მისი ვედრება“ და მეფობა დაუბრუნა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 33:12, 13).
17 იერემია არაფერს წერს თავის წიგნებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიწყალა იეჰოვამ მენაშე. იერემიას წინასწარმეტყველად დანიშვნამდე მენაშე დაახლოებით 15 წლით ადრე მოკვდა, ამიტომ წინასწარმეტყველს გაგონილი ექნებოდა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მეფემ ცოდვები მოინანია. მენაშეს ჩადენილი ცოდვებისა და მონანიების ამბების ცოდნამ დაანახვა იერემიას, რომ ნამდვილად ღირდა მეფეებისთვის, მათ შორის ციდკიასთვის, ერჩია, ეძებათ იეჰოვას გულმოწყალება და სიკეთე. ისეთმა მეფემაც კი, რომელიც კერპებს ეთაყვანებოდა და, რომელსაც ხელები სისხლით ჰქონდა გასვრილი, მოინანია და შეწყალებულ იქნა. იერემიას ადგილზე რომ ყოფილიყავით, განა არ გაგამხნევებდათ მენაშეს შემთხვევა და არ შეგმატებდათ ძალას, განგეგრძოთ მსახურება სხვა ბოროტი მეფეების მმართველობის დროსაც?!
იერემია სწავლობდა გამოცდილებიდან
18. რა ისწავლა იერემიამ ურიას შემთხვევიდან და რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
18 წინასწარმეტყველად მსახურების პერიოდში იერემია ხედავდა, როგორ იქცეოდნენ მისი თანამემამულეები სხვადასხვა სიტუაციაში და ბევრ რამეს სწავლობდა აქედან. ერთ-ერთი მისი თანამედროვე იყო წინასწარმეტყველი ურია, რომელიც მეფე იეჰოიაკიმის დროს იერუსალიმისა და იუდას წინააღმდეგ წინასწარმეტყველებდა. თუმცა, მოგვიანებით მას შეეშინდა მეფის და ეგვიპტეში გაიქცა. მაგრამ მეფემ კაცები გაგზავნა იქ მის მოსაძებნად, ჩამოაყვანინა წინასწარმეტყველი და მოაკვლევინა (იერ. 26:20—23). ისწავლა იერემიამ ურიას შემთხვევიდან რამე? ის, რომ იერემიას არ შეუწყვეტია იუდეველების გაფრთხილება მოახლოებული განადგურების შესახებ, და ამას ტაძრის ეზოშიც კი აკეთებდა, იმაზე მეტყველებს, რომ მან მართლაც მნიშვნელოვანი რამ ისწავლა ურიას შემთხვევიდან. იერემიას არ დაუკარგავს სიმამაცე და იეჰოვამაც არ მიატოვა ის. როგორც ჩანს, ღმერთმა შაფანის ვაჟის, ახიკამის, ხელით იხსნა თავისი მამაცი წინასწარმეტყველი სიკვდილისგან (იერ. 26:24).
19. რა ისწავლა იერემიამ იქიდან, რომ იეჰოვა გამუდმებით უგზავნიდა თავის ხალხს წინასწარმეტყველებს?
19 ის ფაქტი, რომ იეჰოვა სწორედ მისი მეშვეობით აფრთხილებდა თავის ხალხს, ბევრ რამეს ასწავლიდა იერემიას. მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელს ღმერთმა დაავალა მას, დაეწერა ყველაფერი, რაც იოშიას დროიდან ჰქონდა მისთვის ნათქვამი. რატომ დაავალა ღმერთმა მას ასეთი რამ? იეჰოვას სურდა, აღეძრა იუდეველები, რომ ზურგი ექციათ ბოროტებისთვის, რათა ეპატიებინა მათთვის (წაიკითხეთ იერემიას 36:1—3). იერემია ადრე დგებოდა, რომ ღვთის ცნობა გაეცხადებინა ხალხისთვის და ემუდარებოდა კიდეც მათ, მიეტოვებინათ საძაგელი საქმეები (იერ. 44:4). უდავოა, საკუთარმა გამოცდილებამ დაანახვა მას, რომ იეჰოვა წინასწარმეტყველებს იმიტომ უგზავნიდა ხალხს, რომ ებრალებოდა ისინი. შედეგად, ალბათ, იერემიაც განიმსჭვალა მათ მიმართ სიბრალულით (2 მატ. 36:15). გასაკვირი არ არის, რატომ თქვა მან ასეთი სიტყვები მას შემდეგ, რაც იერუსალიმის განადგურებისას გადარჩა: „იეჰოვას სიკეთის წყალობით არ გვეღება ბოლო, რადგან უსასრულოა მისი წყალობა. ყოველ დილით ახლდება ის“ (გოდ. 3:22, 23).
როგორ იმოქმედა იერემიაზე ღვთის წარსული საქმეების გამოკვლევამ და საკუთარ თუ სხვების გამოცდილებაზე დაკვირვებამ? ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
კითხულობთ ყოველდღე, „სად არის იეჰოვა“?
20. როგორ შეგიძლიათ იერემიას მსგავსად ეძებოთ იეჰოვა?
20 ყოველდღიური გადაწყვეტილების მიღებისას, ცდილობთ, გაიგოთ ღვთის ნება ანუ იკითხოთ: „სად არის იეჰოვა“? (იერ. 2:6—8). თავისი თანამემამულეებისგან განსხვავებით იერემია ყოველთვის მიმართავდა უზენაეს ღმერთს, რათა გაეგო, როგორ უნდა მოქცეულიყო. ნამდვილად გონივრულია, ყოველ დღე გადაწყვეტილების მიღებისას იერემიას მსგავსად ვეძებოთ იეჰოვა.
21. როგორი ლოცვა დაგეხმარებათ, თუ მსახურების დროს ვინმე უხეშად გექცევათ?
21 ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მაშინ ვეძებოთ იეჰოვა, როცა ცხოვრებაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებთ. როგორ შეგიძლიათ ეძებოთ იეჰოვა, როცა საქადაგოდ გეგმავთ წასვლას? დავუშვათ, დილით გაიღვიძეთ და დაინახეთ, რომ მოღრუბლული და მსახურებისთვის არცთუ ისე სასიამოვნო ამინდი იყო. თანაც იმ უბანზე, სადაც აპირებდით წასვლას, მოწმეები ხშირად მსახურობენ. შეიძლება გაგახსენდეთ კიდეც, რომ წინათ იმ უბანზე ზოგმა გულგრილად და უხეშად გამოგისტუმრათ. ხომ არ ჯობდა, დილიდანვე გეკითხათ ლოცვაში, „სად არის იეჰოვა“? ეს დაგეხმარებოდათ, დაგეფასებინათ ის შესანიშნავი ცნობა, რომლის ქადაგებაც გაქვთ მონდობილი და გაგეცნობიერებინათ, რომ ღვთის ნების თანახმად, ეს ცნობა თქვენ უნდა გააცხადოთ. ასეთ შემთხვევაში იეჰოვას სიტყვა თქვენთვის სიხარულისა და მხიარულების წყაროდ იქცეოდა, როგორც ეს იერემიას შემთხვევაში იყო (იერ. 15:16, 20). და თუ მსახურებისას ვინმე უხეშად ან აგრესიულად გიპასუხებდათ, შეგეძლოთ მიგემართათ ღმერთისთვის და თქვენი გრძნობები გაგემხილათ. მაგრამ გააკეთებთ ამას? ნურასოდეს დაივიწყებთ, რომ ღმერთი მოგცემთ წმინდა სულს, რათა სათანადოდ მოიქცეთ ასეთ სიტუაციებში. თქვენი სურვილი, იქადაგოთ ღვთის სიტყვა, ყველა უარყოფით გრძნობას გადაფარავს (ლუკ. 12:11, 12).
22. რატომ შეიძლება, რომ ზოგიერთი ლოცვა არ მოისმინოს იეჰოვამ?
22 უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვა ზოგიერთ ლოცვას არ ისმენს (წაიკითხეთ გოდების 3:44 ). იეჰოვა არ ისმენდა ურჩი იუდეველების ლოცვებს, რადგან ისინი ყურს არიდებდნენ მას და არ იშლიდნენ უკანონობის ჩადენას (იგავ. 28:9). როგორც იერემიასთვის იყო ნათელი, ასევე ჩვენთვისაც ნათელი უნდა იყოს, რომ თუ ადამიანი თავისი ლოცვების თანახმად არ იმოქმედებს, ამით ის გულს ატკენს ღმერთს და, შესაძლოა, მან მეტად აღარ მოისმინოს მისი ლოცვები. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ასეთ საქციელს!
23, 24. ა) რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ გავიგოთ იეჰოვას ნება? ბ) როგორ შეგიძლიათ გახადოთ პირადი შესწავლა უფრო ნაყოფიერი?
23 გარდა იმისა, რომ ლოცვისას გულწრფელად ვთხოვოთ ღმერთს ხელმძღვანელობა, პირადი შესწავლაც უნდა გვქონდეს. ეს ღვთის ნების შეცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა. ამ მხრივ, ჩვენ იერემიაზე უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვაქვს მთლიანი ბიბლია. იერემიას მსგავსად, რომელიც იკვლევდა თავისი ხალხის წარსულს, რათა ღვთისგან შთაგონებული ისტორიული ჩანაწერები გაეკეთებინა, ჩვენც შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა, ვეძებოთ მისი ხელმძღვანელობა და, ამგვარად, ვიკითხოთ, „სად არის იეჰოვა?“. თუ ვეცდებით გავიგოთ, რა არის ღვთის ნება, ვცხადყოფთ, რომ ვენდობით მას და ვიქნებით „წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს“ (წაიკითხეთ იერემიას 17:5—8).
24 წმინდა წერილების კითხვისას და წაკითხულზე დაფიქრებისას ეცადეთ ჩასწვდეთ, რის გაკეთებას მოელის იეჰოვა თქვენგან ამა თუ იმ სიტუაციაში. ეცადეთ დაინახოთ პრინციპები, რომლებსაც დაიმახსოვრებთ და გამოიყენებთ. ისტორიული მონაკვეთების, ღვთის მითითებებისა და პრინციპების, ასევე მის სიტყვაში ჩაწერილი ბრძნული გამონათქვამების წაკითხვისას დაფიქრდით, როგორ გამოიყენებთ ამ ინფორმაციას ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღებისას. თუ კითხულობთ, „სად არის იეჰოვა?“, ის ბიბლიის მეშვეობით დაგანახვებთ, როგორ მოიქცეთ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. შესაძლოა, ბიბლიის კითხვისას ისეთ რამესაც ჩასწვდეთ, რაც ადრე არ იცოდით ან არ გესმოდათ! (იერ. 33:3).
25, 26. რატომ არის კარგი, როგორც საკუთარ, ისე სხვების გამოცდილებაზე დაკვირვება?
25 ამასთანავე შეგიძლიათ ისწავლოთ საკუთარი თუ სხვისი გამოცდილებიდან. ალბათ, გინახავთ, ურიას მსგავსად, როგორ აღარ ავლენს ზოგი იეჰოვასადმი ნდობას (2 ტიმ. 4:10). თუ მათ შეცდომებზე ისწავლით, მათსავით სავალალო მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით. თუ გეხსომებათ, რომ იერემია აფასებდა ღვთის გულმოწყალებასა და თანაგრძნობას, ეს დაგეხმარებათ, ხშირად გაიხსენოთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ სიკეთე თქვენ მიმართ. როგორ სასოწარკვეთილ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, ნუ იფიქრებთ, რომ უზენაესი ღმერთი არ ზრუნავს თქვენზე. ის ისევე ზრუნავს თქვენზე, როგორც იერემიაზე ზრუნავდა.
26 როდესაც დაფიქრდებით, როგორ ეხმარება იეჰოვა დღეს ამა თუ იმ ქრისტიანს, მიხვდებით, რომ ის სხვადასხვა სახით გვიწევს ხელმძღვანელობას. ახალგაზრდა იაპონელი და, აკი, ღვთის მსახურებისთვის უღირსად თვლიდა თავს. ერთხელ სარაიონო ზედამხედველის ცოლთან მსახურებისას აკიმ თავისი გრძნობები გაუმხილა მას: „ასე მგონია, სადაცაა იეჰოვა გადმომანთხევს, მე კი ბაგეზე ვეჭიდები და ვევედრები, ცოტა მადროვოს“. სარაიონო ზედამხედველის ცოლმა თვალებში ჩახედა და უთხრა: „არასდროს მიფიქრია, რომ ნელთბილი ქრისტიანი ხარ“. აკი ბევრს ფიქრობდა ამ დის გამამხნევებელ სიტყვებზე. სინამდვილეში, არაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ იეჰოვა ოდესმე მას ნელთბილ ქრისტიანად მიიჩნევდა. მოგვიანებით აკიმ ლოცვაში ღმერთს უთხრა: „სადაც გინდა, იქ გამაგზავნე. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც დამავალებ“. ცოტა ხნის შემდეგ ის გაემგზავრა ქვეყანაში, სადაც იაპონურენოვანი ჯგუფი იყო, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. აკი ამ ქვეყანაში იყო დაბადებული, ამიტომ მისთვის ადვილი იყო იქ გადასვლა, რათა ჯგუფს დახმარებოდა. მაგრამ, სად იცხოვრებდა? ერთმა დამ, რომლის ქალიშვილიც სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, აკის თავისთან ცხოვრება შესთავაზა. „ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. იეჰოვამ გზა გამიკვალა“, — თქვა აკიმ.
27. რატომ უნდა ვიკითხოთ ყოველთვის, „სად არის იეჰოვა“?
27 ბევრ და-ძმას შეუძლია მოიყვანოს იმის მაგალითები, როგორ მიიღეს ღვთისგან ხელმძღვანელობა ბიბლიის კითხვისას ან პირადი შესწავლის დროს. ალბათ, თქვენც გამოგიცდიათ ასეთი რამ. ამან უნდა დაგაახლოოთ იეჰოვასთან და აღგძრათ, რომ უფრო ხშირად და უფრო მხურვალედ მიმართოთ მას ლოცვით. გჯეროდეთ, რომ თუ ყოველდღე იკითხავთ, „სად არის იეჰოვა?“ ის აუცილებლად გიჩვენებთ გზას (ეს. 30:21).
პირადად თქვენთვის რას ნიშნავს კითხვა, „სად არის იეჰოვა“? როგორ შეგიძლიათ ეძებოთ ღვთის ხელმძღვანელობა?