ᲘᲔᲰᲣᲓᲘ
1. [იუდეველი, იუდასგან, იუდასი] — მეფე იეჰოიაკიმის მოხელე, რომელიც იუდას მთავრებმა ბარუქთან გაგზავნეს, რათა ის იერემიას გრაგნილით მისულიყო მათთან. მოგვიანებით, როცა იეჰუდი ამ გრაგნილს იეჰოიაკიმს უკითხავდა, მეფე ნაჭერ-ნაჭერ აჭრიდა წაკითხულ ადგილებს და ცეცხლში წვავდა, ვიდრე მთლიანი გრაგნილი არ გაანადგურა (იერ. 36:14, 21—23, 27, 32).
იეჰუდი ქუშის შვილთაშვილი იყო (იერ. 36:14). მის და მისი წინაპრის სახელებს ზოგი იმ დასკვნამდე მიჰყავს, რომ ის წარმოშობით იუდეველი კი არა, პროზელიტი იყო. მისი დიდი ბაბუის სახელი მათ აფიქრებინებს, რომ მისი ოჯახი წარმოშობით ქუშიდან ანუ ეთიოპიიდან იყო. თუმცა მათ შორის მცხოვრებ თაობებს ტიპური ებრაული სახელები ერქვათ (იეჰუდის მამას ნეთანია ერქვა, პაპამისს — შელემია); სახელი ქუში კი, ბიბლიის სხვა ადგილების თანახმად, წარმოშობით ებრაელებსაც ერქვათ (სფ. 1:1). ასე რომ, იეჰუდი, როგორც ჩანს, მას დაბადებიდანვე დაარქვეს და არა პროზელიტად გახდომის შემდეგ.
2. ადგილი დანის მიწაზე (იეს. 19:40, 45), რომელსაც, ჩვეულებისამებრ, თელ-ავივ-იაფოს აღმ.-ით დაახლ. 13 კმ-ში მდებარე ელ-იეჰუდიესთან (იეჰუდი) აიგივებენ. სეპტუაგინტაში (ვატიკანური ხელნაწერი №1209) ამ ადგილას „იეჰუდის“ ნაცვლად გვხვდება „აზორი“ (იეს. 19:45), რის გამოც ზოგი სწავლული იეჰუდს აიგივებს იაზურის (აზორი) სიახლოვეს მდებარე გორაკთან, რომელიც თელ-ავივ-იაფოს აღმ. სამხრ.-აღმ.-ით დაახლ. 6 კმ-შია. მიჩნეულია, რომ სინახერიბის მატიანეში ამ ადგილს „აზურუ“ ეწოდება.