რა დაემართა ნოფსა და ნოს?
ეგვიპტის ერთ დროს სახელგანთქმულ დედაქალაქებს, მემფისსა და თებეს, ბიბლიაში ნოფი და ნო ეწოდება. ნოფი (მემფისი) მდებარეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, კაიროდან სამხრეთით დაახლოებით 23 კილომეტრში. დროთა განმავლობაში მემფისმა დაკარგა ეგვიპტის დედაქალაქის სტატუსი. ძვ. წ. XV საუკუნის დასაწყისში ეგვიპტის ახალი დედაქალაქი გახდა ნო (თებე), რომელიც მემფისის სამხრეთით დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობდა. თებეს ტერიტორიაზე არსებულ უამრავი ტაძრის ნანგრევებს შორის მთავარი სამლოცველოს, კარნაკის, ნანგრევებიც არის შემორჩენილი, რომელიც უდიდეს სვეტებიან ნაგებობად ითვლება. თებე და მასში არსებული კარნაკის ტაძარი ამონის, ეგვიპტელთა მთავარი ღვთაების, თაყვანისცემისთვის იყო მიძღვნილი.
საინტერესოა, რა იყო ნაწინასწარმეტყველები ბიბლიაში მემფისსა და თებეზე. ეგვიპტის ფარაონსა და მის ღმერთებს, განსაკუთრებით კი მის მთავარ ღვთაებას, „ამონს თებეში“, მსჯავრი ჰქონდათ გამოტანილი (იერემია 46:25, 26). მათი თაყვანისმცემლები, რომლებიც თებეში (ნოში) იყვნენ თავმოყრილი, უნდა განადგურებულიყვნენ (ეზეკიელი 30:14, 15, სსგ). ეს ასეც მოხდა. ამონის თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ტაძრის მხოლოდ ნანგრევებიღა შემორჩა. ქალაქ თებესა და მისი ნანგრევების ადგილზე დღეს ქალაქი ლუქსორი და პატარა სოფლები მდებარეობს.
რაც შეეხება მემფისს, მისგან მხოლოდ სამარხებმა მოაღწია ჩვენამდე. ბიბლეისტი ლუის გოლდინგი ამბობს: „საუკუნეების განმავლობაში ეგვიპტის არაბმა დამპყრობლებმა მემფისის ნანგრევები მდინარე ნილოსის მეორე ნაპირზე თავიანთი დედაქალაქის [კაიროს] ასაშენებლად გამოიყენეს. მდინარე ნილოსმა და არაბმა მშენებლებმა იმდენად პირწმინდად გაასუფთავეს მემფისი, რომ ამ ძველი ქალაქის ვრცელ ტერიტორიაზე ერთ ქვასაც კი ვერ იპოვით“. მართლაც, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო ბიბლიაში, მემფისი ‘უდაბნოდ იქცა და გაუკაცურდა’ (იერემია 46:19, სსგ).
ეს მხოლოდ ორი შემთხვევაა იმ უამრავი ისტორიული მოვლენიდან, რომლებიც ბიბლიური წინასწარმეტყველებების უტყუარობას ცხადყოფს. თებესა და მემფისის განადგურება გვაძლევს მტკიცე საფუძველს, გვჯეროდეს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ჯერ კიდევ შეუსრულებელი წინასწარმეტყველებებიც უსათუოდ შესრულდება (ფსალმუნები 36:10, 11, 29; ლუკა 23:43; გამოცხადება 21:3—5).
[საავტორო უფლებები დაცულია 32 გვერდზე]
Photograph taken by courtesy of the British Museum