ჭეშმარიტი მაცნეების ამოცნობა
«რომელიც. . . განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა [„მაცნეთა“, აქ] რჩევას განასრულებს» (ესაია 44:25, 26).
1. როგორ ადგენს იეჰოვა ჭეშმარიტ მაცნეებს და როგორ ამხელს ცრუ მაცნეებს?
იეჰოვა ღმერთი თავისი ჭეშმარიტი მაცნეების დიდებული დამდგენია. ის ადგენს მაცნეებს იმით, რომ მათი მეშვეობით გაცხადებულ სიტყვას საკუთარი ძალით ასრულებს. იეჰოვა აგრეთვე ცრუ წინასწარმეტყველთა დიდებული მამხილებელია. როგორ ამხილებს ის მათ? შლის მათ ნიშნებსა და წინასწარმეტყველებას. ამგვარად ის ცხადყოფს, რომ ისინი არიან თვითმარქვია წინასწარმეტყველები, რომელთა ცნობაც მათი ცრუ აზროვნებიდან მომდინარეობს — დიახ, უგუნური, ხორციელი აზროვნებიდან!
2. რა უთანხმოება იყო მაცნეებს შორის ისრაელების დროს?
2 ესაია და ეზეკიელი ირწმუნებოდნენ, რომ მათი ცნობა იეჰოვა ღმერთისგან იყო. ასე იყო თუ არა? მოდი ვნახოთ. ესაია წინასწარმეტყველებდა იერუსალიმში დაახლოებით ძვ. წ. 778 წლიდან 732 წლამდე და ამის შემდეგ კიდევ კარგა ხანს. ეზეკიელი ბაბილონში იქნა გადასახლებული ძვ. წ. 617 წელს. იქ წინასწარმეტყველებდა თავის ებრაელ ძმებს შორის. ეს წინასწარმეტყველები გაბედულად ამცნობდნენ, რომ იერუსალიმი განადგურდებოდა. სხვა წინასწარმეტყველები ამბობდნენ, რომ ღმერთი არ დაუშვებდა ამას. რომლებმა დაამტკიცეს, რომ ჭეშმარიტი მაცნეები იყვნენ?
იეჰოვა ამხელს ცრუ წინასწარმეტყველებს
3, 4. ა) რომელი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობა მიეწოდათ ისრაელებს ბაბილონში და როგორ ამხილა იეჰოვამ ცრუ მაცნე? ბ) იეჰოვას სიტყვის თანახმად, რა დაემართებოდათ ცრუ წინასწარმეტყველებს?
3 ბაბილონში ყოფნის დროს ეზეკიელს ჰქონდა ხილვა, თუ რა ხდებოდა იერუსალიმის ტაძარში. აღმოსავლეთ კარიბჭის შესასვლელში იყო 25 მამაკაცი. მათ შორის იყო ორი მთავარი, იაზანია ყაზურის ძე და ფელატიაჰუ ბენაიაჰუს ძე. როგორი თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას მათზე? ეზეკიელი 11:2, 3-ში გვპასუხობს: «ადამის ძევ! ეს კაცები ავის მზრახველები არიან და ბოროტ რჩევას იძლევიან ამ ქალაქში. ამბობენ: არ დამდგარა დრო სახლების შენებისა [„ნუთუ ახლოს არაა სახლების შენების დრო?“ აქ]». სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშვიდობის ეს თავდაჯერებული მაცნეები ამბობდნენ: „არავითარი საშიშროება არ ემუქრება იერუსალიმს. ჩვენ მალე უფრო მეტ სახლებსაც ავაშენებთ!“ მაგრამ რაც ღმერთმა უთხრა ეზეკიელს, ეწინასწარმეტყველა, ამ ცრუ წინასწარმეტყველების საპირისპირო იყო. მე-11 თავის მე-13 მუხლში ეზეკიელი გვეუბნება თუ რა დაემართა ერთ-ერთ მათგანს: „როცა ეს ვიწინასწარმეტყველე, მოკვდა ფელატიაჰუ ბენაიას ძე“. ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ის ყველაზე გამოჩენილი და გავლენიანი მთავარი და ყველაზე დიდი კერპთაყვანისმცემელი იყო. მისმა უეცარმა სიკვდილმა დაამტკიცა, რომ ცრუ წინასწარმეტყველს წარმოადგენდა!
4 იეჰოვას მიერ ფელატიაჰუს დასჯამ, ვერ შეაჩერა სხვა ცრუ წინასწარმეტყველები, რომ აღარ ეცრუათ ღვთის სახელით. ეს მაცდურები განაგრძობდნენ თავიანთ შეშლილ მოქმედებას და ღვთის ნების საწინააღმდეგოს წინასწარმეტყველებდნენ. ასე რომ, იეჰოვა ღმერთმა ეზეკიელს უთხრა: „ვაი ცრუ-წინასწარმეტყველთ, რომლებიც საკუთარ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ!“ ფელატიაჰუს მსგავსად, ისინიც „აღარ“ იხილავდნენ ცრუ ხილვებს იერუსალიმზე, ‘მშვიდობის ხილვებს, როცა არ არის მშვიდობა’ (ეზეკიელი 13:3, 15, 16).
5, 6. როგორ დამტკიცდა ესაია ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მრავალი ცრუ მაცნის მიუხედავად?
5 ესაიას ყველა ღვთიური წინასწარმეტყველება იერუსალიმის შესახებ შესრულდა. ძვ. წ. 607 წლის ზაფხულში ბაბილონელებმა გაანადგურეს ქალაქი და ებრაელთა დარჩენილი ნაწილი ბაბილონში წაასხეს ტყვედ (მეორე ნეშტთა 36:15–21; ეზეკიელი 22:28; დანიელი 9:2). შეაჩერა თუ არა ამ უბედურებამ ცრუ წინასწარმეტყველები, აღარ აევსოთ ღვთის ხალხი ლაყბობით? არა, ეს ცრუ მაცნეები კვლავ განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას!
6 თითქოს ეს არ ყოფილიყო საკმარისი, ისრაელი ტყვეები საფრთხეში იყვნენ ბაბილონის ტრაბახა მკითხავების, გრძნეულებისა და ასტროლოგების გამო. მაგრამ იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ყველა იმ ცრუ მაცნის სიტყვები ჩაიშლებოდა, რადგან რაც უკვე იწინასწარმეტყველეს, მომხდარისგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა. თავის დროზე მან აჩვენა, რომ ეზეკიელიც ესაიას მსგავსად, მისი ჭეშმარიტი მაცნე იყო. იეჰოვამ შეასრულა თავისი სიტყვები, რაც მათი მეშვეობით განაცხადა, სწორედ ისე, როგორც აღუთქვა: «ჩავშლი ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნებს, გამოვაჩენ მკითხავთა სიბრიყვეს, უკან დავახევინებ ბრძენებს და მათ ცოდნას სიგიჟედ ვაქცევ. განვამტკიცებ ჩემი მორჩილის სიტყვას და ჩემს მოციქულთა [„მაცნეთა“, აქ] რჩევას განვასრულებ, ვეუბნები იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ!» (ესაია 44:25, 26).
გასაოცარი ცნობები ბაბილონსა და იერუსალიმზე
7, 8. ღვთის მიერ შთაგონებული რა ცნობა ჰქონდა ესაიას ბაბილონისთვის და რას ნიშნავდა ის სიტყვები?
7 იუდა და იერუსალიმი აბსოლუტურად გაუკაცრიელდებოდა და ძეხორციელი არ იცხოვრებდა იქ 70 წლის განმავლობაში. მაგრამ იეჰოვამ ესაიასა და ეზეკიელის მეშვეობით განაცხადა, რომ ქალაქი აღდგებოდა და მიწა დასახლდებოდა სწორედ იმ განსაზღვრულ დროს, რომელიც თვითონ იწინასწარმეტყველა! ეს იყო განსაცვიფრებელი წინასწარმეტყველება. რატომ? ყველასათვის ცნობილი იყო, რომ ბაბილონში არასოდეს ათავისუფლებდნენ პატიმრებს (ესაია 14:4, 15–17). ვის შეეძლო ტყვეების გათავისუფლება? ვის შეეძლო ძლიერი ბაბილონის დაცემა, რომელიც დაცული იყო უზარმაზარი კედლებითა და დამცავი მდინარის სისტემით? ეს ყოვლისშემძლე იეჰოვას შეეძლო! მან თქვა: ‘[მე] ვეუბნები ღურღუმელს [ქალაქის დამცავი წყლის სისტემა]: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს! რომელიც ვამბობ კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ვეუბნები იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!’ (ესაიას 44:25, 27, 28).
8 დაფიქრდი ამ სიტყვებზე! მდინარე ევფრატი ნამდვილად ძნელადგადასალახავი ბარიერია ადამიანებისთვის, მაგრამ იეჰოვასთვის წყლის წვეთს წარმოადგენს წითლად გავარვარებულ ზედაპირზე. ფაქტია თვალისდახამხამებაში აორთქლდებოდა! ბაბილონი დაეცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს წინასწარმეტყველება სპარსელი კიროსის დაბადებამდე 150 წლით ადრე ითქვა, იეჰოვამ ესაიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ ეს მეფე დაამარცხებდა ბაბილონს და ებრაელი ტყვეები გათავისუფლდებოდნენ მისი ნებართვით იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღსადგენად.
9. ვინ დაასახელა იეჰოვამ თავის მსახურად ბაბილონის დასასჯელად?
9 ესაიას 45:1–3-ში ვკითხულობთ ამ წინასწარმეტყველებას: „ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე. . . რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს. მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ. მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი“.
10. რა გაგებით იყო კიროსი ‘ცხებული’ და როგორ ელაპარაკებოდა იეჰოვა მას დაბადებამდე დაახლოებით საუკუნეზე მეტი ხნით ადრე?
10 ყურადღება მიაქციე იმას, რომ იეჰოვა ისე ელაპარაკება კიროსს, თითქოს ის უკვე არსებობს. ეს სრულ თანხმობაშია პავლეს სიტყვებთან, რომ იეჰოვა „არყოფილს ყოფად მოუწოდებს“ (რომაელთა 4:17). ღმერთი კიროსს აგრეთვე თავის ‘ცხებულად’ აცხადებს. რატომ მოიქცა ის ასე? კიროსი არასოდეს ყოფილა ცხებული წმინდა ზეთით იეჰოვას მღვდელმთავრის მიერ. ფაქტია, ეს არის წინასწარმეტყველური სიტყვებით ცხება. ეს აღნიშნავდა კიროსის განსაკუთრებულ სახელისუფლებო ძალაუფლებაზე დანიშვნას. ასე რომ, ღმერთს კიროსის დანიშვნამდე შეეძლო მასზე ლაპარაკი, როგორც ცხებულზე (შეადარე მესამე მეფეთა 19:15–17; მეოთხე მეფეთა 8:13).
ღმერთი ასრულებს თავისი მაცნეების სიტყვებს
11. რატომ გრძნობდა ბაბილონის მოსახლეობა უსაფრთხოდ თავს?
11 მაშინ, როდესაც კიროსი ბაბილონის წინააღმდეგ დაიძრა, ბაბილონის მცხოვრებლები საკმაოდ უსაფრთხოდ და მშვიდად გრძნობდნენ თავს. მათ ქალაქს გარს ერტყა დამცავი, ღრმა და განიერი, მდინარე ევფრატის წყლით სავსე, თხრილი. ქალაქზე გამავალ მდინარეს აღმოსავლეთით მთელ სიგრძეზე გასდევდა სანაპირო. ქალაქისგან გამოყოფის მიზნით ნაბუქოდონოსორმა, როგორც თვითონ თქვა, ააგო „დიდებული გალავანი, რომელიც მთას ჰგავდა და რომელსაც ვერავინ შემუსრავდა. . . [მან] მთაზე მაღლა აღმართა მისი წვერი“a. ამ გალავანს ჰქონდა კარიბჭე უზარმაზარი სპილენძის კარებით. შესასვლელად პიროვნება მდინარის ნაპირიდან ფერდობზე უნდა აცოცებულიყო. არ არის გასაკვირი, რომ ბაბილონის ტყვეებს ოდესმე გათავისუფლების არავითარი იმედი არ ჰქონოდათ!
12, 13. როგორ შესრულდა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც თავისი მაცნის, ესაიას მეშვეობით განაცხადა, როდესაც ბაბილონი კიროსმა დაამარცხა?
12 მაგრამ არა იმ ებრაელ ტყვეებს, რომლებსაც იეჰოვასადმი რწმენა ჰქონდათ! მათ ჰქონდათ ნათელი იმედი. ღმერთმა თავის წინასწარმეტყველთა მეშვეობით წარმოთქვა მათი გათავისუფლების აღთქმა. როგორ შეასრულა მან თავისი აღთქმა? კიროსმა ჯარს უბრძანა, რომ ევფრატის მდინარის წყალი კალაპოტიდან ბაბილონის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გადაეგდო. ამგვარად ქალაქის მთავარი დამცავი თითქოს მშრალ კალაპოტად იქცა. გადამწყვეტ ღამეს ლხინში გართულმა მოქეიფეებმა ბაბილონის ორი კარი ევფრატის სანაპიროს გასწვრივ უყურადღებობით ღია დატოვეს. იეჰოვას, პირდაპირი გაგებით, არც სპილენძის ჭიშკრები დაუმსხვრევია, არც მისი რკინის ურდულები დაუმტვრევია, არამედ უხილავად მანევრირებდა, რომ ჭიშკარი ღია დარჩენილიყო და ეს ჩაურაზავი ჭიშკარი მართლაც ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ბაბილონის კედლები, ფაქტობრივად, აღარ ასრულებდა თავის ფუნქციას. კიროსის ჯარს შიგნით მოსახვედრად არ დასჭირვებია მათზე აცოცება. იეჰოვა კიროსს წინ წაუძღვა, წავიდა და თავიდან ააცილა ‘ოღროჩოღროები’, დიახ, ყველა დაბრკოლება. დამტკიცდა, რომ ესაია ღვთის ჭეშმარიტი მაცნე იყო.
13 მას შემდეგ, რაც კიროსმა მთელი ქალაქი დაიპყრო, მთელი სიმდიდრე მის ხელში ჩავარდა, ისიც, რაც დამალული იყო ბნელში, საიდუმლო ოთახებში. რატომ გააკეთა იეჰოვამ ეს კიროსისთვის? რათა სცოდნოდა, რომ იეჰოვა არის სწორედ ‘ის, რომელიც სახელით მოუხმობს მას’, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების ღმერთი და სამყაროს უზენაესი მმართველი. კიროსს უნდა სცოდნოდა, რომ ღმერთმა მისცა მას ძალაუფლება თავისი ხალხის, ისრაელის, გასათავისუფლებლად.
14, 15. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას დამსახურება იყო კიროსის ბაბილონზე გამარჯვება?
14 უსმინე კიროსის მისამართით თქმულ იეჰოვას სიტყვებს: „ჩემი მორჩილის, იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ. მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ. რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი [ტყვედჩავარდნილი ხალხისთვის] და ჭირის შემქმნელი [ბაბილონისთვის]. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი“ (ესაია 45:4–7).
15 კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა იეჰოვას დამსახურება იყო, რადგან მან გააძლიერა იგი, რომ შეესრულებინა იმ ბოროტი ქალაქის წინააღმდეგ იეჰოვას მოსაწონი საქმეები და გაეთავისუფლებინა ტყვედჩავარდნილი ხალხი. ამ დროს იეჰოვამ უბრძანა ზეცას, რომ წვიმასავით გამოეგზავნა სამართლიანი ზეგავლენა ან ძალა; მან მოუწოდა დედამიწას, გახსნილიყო და ნაყოფად სამართლიანი საქმეები და ტყვედჩავარდნილი ხალხის ხსნა გამოეღო. ღვთის სიმბოლური ზეცა და დედამიწა გამოეხმაურა მის ბრძანებას (ესაია 45:8). ესაიას სიკვდილიდან საუკუნეზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ის ნამდვილად იეჰოვას ჭეშმარიტი მაცნე იყო!
მაცნის კეთილი ცნობა სიონისთვის
16. რა კეთილი ცნობა უნდა გაცხადებულიყო გაპარტახებულ ქალაქ იერუსალიმში, როდესაც ბაბილონი დაეცა?
16 მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ესაიას 52:7-ში ლაპარაკია იერუსალიმთან დაკავშირებულ კეთილ ცნობაზე: „რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი!“ წარმოიდგინე რა აღმაფრთოვანებელი იყო მთებიდან წამოსული, იერუსალიმს მიახლოებული, მაცნის ნახვა! მას რაღაც ახალი ამბავი მიჰქონდა. კერძოდ რა? სასიხარულო ცნობა სიონისთვის. მას მიჰქონდა მშვიდობის ცნობა, ღვთის კეთილი ნების ცნობა. იერუსალიმი და მისი ტაძარი აღდგება! მაცნემ გამარჯვებულის ენთუზიაზმით განაცხადა: „გამეფდა შენი ღმერთი!“
17, 18. როგორი გავლენა მოახდინა იეჰოვას სახელზე კიროსის ბაბილონზე გამარჯვებამ?
17 როდესაც იეჰოვამ დაუშვა, რომ ბაბილონელებს დაემხოთ იეჰოვას სიმბოლური ტახტი, რომელზეც დავით მეფის საგვარეულო წარმომადგენლები ისხდნენ, შესაძლოა ისე ჩანდა თითქოს სიონის ღმერთი აღარ წარმოადგენდა მეფეს. თითქოს მის ნაცვლად მეფობდა ბაბილონის უზენაესი ღვთაება მარდუქი. მაგრამ ბაბილონის დამარცხებით სიონის მეფემ ცხადყო თავისი უზენაესი მმართველობა — რომ იყო უდიდესი მეფე. ამ ფაქტს რომ ხაზი გასმოდა, იერუსალიმი ‘დიდი მეფის ქალაქი’, ტაძართან ერთად უნდა აღდგენილიყო (მათე 5:35). მაცნეები, რომლებმაც ეს კეთილი ცნობა მოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხები მტვრიანი ჰქონდათ — ტალახიანი და დალურჯებული — სიონისა და მისი ღვთის მოყვარულთა თვალში ო, რა სანდომიანად გამოიყურებოდნენ!
18 წინასწარმეტყველურად, ბაბილონის დაცემა ნიშნავდა, რომ დამყარდა ღვთის სამეფო და კეთილი ცნობის მაცნე ბაბილონის დაცემის მაუწყებელი იყო. უფრო მეტიც, ეს ძველი დროის შიკრიკი, რომელზეც ესაიამ იწინასწარმეტყველა, იყო უფრო დიდებული კეთილი ცნობის მაცნის პირველსახე — უფრო დიდებული, იმიტომ, რომ მორწმუნეთათვის შესანიშნავი მნიშვნელობის მქონე საკითხებს ეხებოდა, ჰქონდა დიდებული შინაარსი და შეიცავდა სამეფოს შესახებ თემას.
19. რა ცნობა მიაწოდა იეჰოვამ ეზეკიელს ისრაელთან დაკავშირებით?
19 ეზეკიელსაც ჰქონდა მიცემული წინასწარმეტყველებები, რომლებიც ცოცხლად აღწერდა აღდგენას. მან იწინასწარმეტყველა: „ასე ამბობს უფალი ღმერთი. . . დავასახლებ თქვენს ქალაქებს და აშენდება თქვენი ნაოხარები, იტყვიან: ედემის ბაღად იქცაო ეს უდაბური ქვეყანა და ნაოხარი! გაუდაბურებული და დანგრეული ქალაქები შემოიზღუდება და დასახლდება“ (ეზეკიელი 36:33, 35).
20. რა სასიხარულო მოწოდება წარმოთქვა ესაიამ წინასწარმეტყველებაში იერუსალიმის მისამართით?
20 ბაბილონის ტყვეობაში ღვთის ხალხი სიონზე გლოვობდა (ფსალმუნი 136:1). ახლა კი მიეცათ სიხარულის მიზეზი. ესაია მოუწოდებდა: „იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა“ (ესაია 52:9, 10).
21. როგორ შესრულდა ესაიას 52:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვები ბაბილონის განადგურების შემდეგ?
21 იეჰოვას რჩეულ ხალხს სიხარულის დიდი მიზეზი ჰქონდა. ისინი უნდა დასახლებულიყვნენ გაუკაცურებულ ადგილებზე, დაემუშავებინათ მიწები და გადაექციათ ედემის ბაღის მსგავს ადგილად. „გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი“ მათთვის. მან, ხატოვნად რომ ვთქვათ, დაიკაპიწა მკლავები, რათა სამშობლოს მონატრებული ხალხი თავიანთ საყვარელ მამულში დაებრუნებინა. ეს არ ყოფილა რაღაც უმნიშვნელო, შეუმჩნეველი შემთხვევა ისტორიაში. პირიქით, იმ ეპოქაში მცხოვრებმა ყველა ერმა დაინახა მისი ‘გაშიშვლებული მკლავი’, რომელიც დიდი ძალით მოქმედებდა ადამიანთა საქმეებზე, რომ განსაცვიფრებელი ხსნა მოეტანა ხალხისთვის. მათ დაინახეს ძლიერი მტკიცება, რომ ესაია და ეზეკიელი ღვთის ჭეშმარიტი მაცნეები იყვნენ. არავის შეეპარებოდა ეჭვი, რომ სიონის ღმერთი ერთადერთი ცოცხალი და ჭეშმარიტი ღმერთი იყო მთელ დედამიწაზე. ესაიას 35:2-ში ვკითხულობთ: „იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“. ისინი, რომლებმაც ირწმუნეს, რომ იეჰოვა იყო ღმერთი, მისი თაყვანისმცემლები გახდნენ.
22. ა) რის გამო უნდა ვიყოთ დღეს ჩვენ მადლიერები? ბ) რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად მადლიერები იმის გამო, რომ იეჰოვა ამხელს ცრუ წინასწარმეტყველებს?
22 რა მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა ადგენს თავის ჭეშმარიტ მაცნეებს! ის ნამდვილად «განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა [„მაცნეთა“, აქ] რჩევას განასრულებს» (ესაია 44:26). წინასწარმეტყველება აღდგენასთან დაკავშირებით, რომელიც ესაიასა და ეზეკიელს მისცა, ლაპარაკობს მის დიდ სიყვარულზე, დაუმსახურებელ სიკეთესა და წყალობაზე თავის მსახურთა მიმართ. იეჰოვა ყოველივე ამის გამო ყოველი ჩვენგანისგან იმსახურებს დიდებას! და ჩვენ დღეს განსაკუთრებულად უნდა ვიყოთ მადლიერები, რომ ის ამხელს ცრუ მაცნეებს. ისინი მთელ დედამიწაზე საკმაოდ ბევრნი არიან. მათი აბსურდულად გაზვიადებული თვალთმაქცური ცნობები უგულებელყოფს იეჰოვას გაცხადებულ განზრახვებს. შემდეგი სტატია დაგვეხმარება, ამოვიცნოთ ის ცრუ მაცნეები.
[სქოლიოები]
a „მონუმენტები და ძველი აღთქმა“ (The Monuments and the Old Testament), ავტორი ირა მორის პრაისი, 1925.
შეგიძლია განმარტო?
◻ როგორ ადგენს იეჰოვა თავის ჭეშმარიტ მაცნეებს?
◻ ვინ დაასახელა იეჰოვამ თავის მსახურად ესაიას მეშვეობით, ვინც ბაბილონს დაამარცხებდა?
◻ როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ბაბილონის დაცემას აღწერდა?
◻ რა დადებითი შედეგი მოუტანა ბაბილონის დაცემამ იეჰოვას სახელს?
[სურათი 9 გვერდზე]
ეზეკიელის დროინდელ ერებს ბაბილონი დაუმარცხებელი ეგონათ.