იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზეკიელი“ (ნაწილი II)
ძველი წელთაღრიცხვით 609 წლის დეკემბერში ბაბილონის მეფე უკანასკნელად აქცევს ალყაში იერუსალიმს. აქამდე ბაბილონში გადასახლებულთა მიმართ ეზეკიელის ცნობა ძირითადად ერთი თემით შემოიფარგლებოდა — მათი საყვარელი ქალაქის, იერუსალიმის დაცემა და განადგურება. მაგრამ ახლა ეზეკიელის წინასწარმეტყველების თემა იცვლება და წინასწარმეტყველების ობიექტი უცხოტომელები ხდებიან, რომლებიც ღვთის ხალხის უბედურებით გაიხარებენ. ახლა, როცა იერუსალიმის დაცემიდან წელიწად-ნახევარია გასული, ეზეკიელის წინასწარმეტყველების თემა ისევ იცვლება და წინასწარმეტყველი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დიდებულ აღდგენაზე წინასწარმეტყველებს.
ეზეკიელის 25:1—48:35-ში მოცემული წინასწარმეტყველება ეხება ისრაელის გარშემო მცხოვრებ ერებს და ღვთის ხალხის გათავისუფლებასa. ეზეკიელის 29:17—20-ში ჩაწერილი ინფორმაციის გარდა, მთელი ცნობა ქრონოლოგიური და თემატური თანამიმდევრობით არის გადმოცემული; თუმცა ეს ოთხი მუხლი თემატურად დანარჩენ ნაწილს შეესაბამება. წიგნი „ეზეკიელი“ ღვთის შთაგონებით დაწერილი საღვთო წერილის ნაწილია და მასში მოცემული ცნობა ‘ცოცხალი და მოქმედია’ (ებრაელები 4:12).
‘ედემის ბაღს დაემსგავსება ეს გაპარტახებული მიწა’
იეჰოვა, რომელმაც წინასწარ იცის, თუ როგორი რეაქცია ექნება ამონს, მოაბს, ედომს, ფილისტიმს, ტვიროსსა და სიდონს იერუსალიმის დაცემაზე, ეზეკიელს ეუბნება იწინასწარმეტყველოს ამ ერების წინააღმდეგ. ეგვიპტე გაიძარცვება. „ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და მისი ბრბო“ შედარებულია კედრის ხესთან, რომელიც „ბაბილონის მეფის მახვილით“ მოიჭრება (ეზეკიელი 31:2, 3, 12; 32:11, 12).
ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ „იერუსალიმიდან გადარჩენილი“ მოდის და ეზეკიელს ეუბნება, „დაეცაო ქალაქი“. წინასწარმეტყველი ხსნის ბაგეს და კვლავ იწყებს გადასახლებაში მყოფთათვის წინასწარმეტყველებას (ეზეკიელი 33:21, 22). მან აღდგენის შესახებ უნდა იწინასწარმეტყველოს. იეჰოვა ‘დაუყენებს მათ ერთ მწყემსს, მის მსახურ დავითს’ (ეზეკიელი 34:23). ედომი დაინგრევა, მაგრამ მის მეზობლად მდებარე იუდა ‘ედემის ბაღს დაემსგავსება’ (ეზეკიელი 36:35). სამშობლოში დაბრუნებულ თავის ხალხს იეჰოვა ჰპირდება, რომ დაიცავს გოგის თავდასხმისგან (ეზეკიელი 38:2).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
29:8—12 როდის იყო ეგვიპტე 40 წელი გაპარტახებული? ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ „იუდადან დარჩენილები“ წინასწარმეტყველ იერემიას გაფრთხილების მიუხედავად, ეგვიპტეში გაიქცნენ (იერემია 24:1, 8—10; 42:7—22). გაქცეულები ვერ გადარჩნენ, რადგან ნაბუქოდონოსორმა ეგვიპტის წინააღმდეგ გაილაშქრა და სძლია მას. სწორედ ამას შეიძლება მოჰყოლოდა ეგვიპტის 40-წლიანი გაპარტახება. ისტორიული წყაროები არაფერს ამბობს ამის შესახებ, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს მოხდა, რადგან იეჰოვა წინასწარმეტყველების შემსრულებელი ღმერთია (ესაია 55:11).
29:18 როგორ ‘გამელოტდა ყველა თავი და გადაიყვლიფა ყველა მხარი’? ტვიროსი იმდენად დიდხანს იყო ალყაში და ამ დროს იმდენად დიდი ენერგია დაიხარჯა, რომ ნაბუქოდონოსორის მეომრებს მუზარადის ტარებისგან თავი გაუმელოტდათ და კოშკებისა და სიმაგრეების ასაშენებლად საჭირო მასალის ზიდვისგან მხრები გადაეყვლიფათ (ეზეკიელი 26:7—12).
რას ვსწავლობთ:
29:19, 20. ტვიროსელები ქალაქის იმ ნაწილში გაიქცნენ, რომელიც კუნძულზე მდებარეობდა, და თან წაიღეს თითქმის მთელი თავიანთი ქონება; ამის გამო მეფე ნაბუქოდონოსორს ტვიროსიდან ნადავლად ბევრი არაფერი წამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ ნაბუქოდონოსორი ამაყი და ეგოისტი უცხოტომელი მმართველი იყო, იეჰოვამ „მისი ჯარის გასამრჯელოდ“ მას ეგვიპტე მისცა. ჩვენ უნდა მივბაძოთ ჭეშმარიტ ღმერთს და სახელმწიფო მომსახურებისთვის გადასახადები გადავიხადოთ. არც სახელმწიფო მოხელეთა საქციელი და, არც ის, თუ როგორ იყენებენ ისინი გადასახადებს, არ გვათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან (რომაელები 13:4—7).
33:7—9. თანამედროვე გუშაგის კლასმა — დედამიწაზე მცხოვრებმა ცხებულებმა — და მათმა თანამსახურებმა არასდროს უნდა შეიკავონ თავი სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და მომავალი „დიდი გასაჭირის“ შესახებ ხალხის გაფრთხილებისგან (მათე 24:21).
33:10—20. ჩვენი ხსნა ბოროტი გზების მიტოვებასა და ღვთის მოთხოვნების შესრულებაზეა დამოკიდებული. იეჰოვას გზა მართლაც სამართლიანია.
36:20, 21. ისრაელები არ ცხოვრობდნენ ისე, როგორც „იეჰოვას ხალხს“ უნდა ეცხოვრა, რის გამოც ხალხებს შორის იეჰოვას სახელი შეიბღალა. ჩვენ არასდროს უნდა მოვიქცეთ ისე, რომ მხოლოდ ფორმალურად ვატაროთ იეჰოვას სახელი.
36:25, 37, 38. სულიერი სამოთხე, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, „წმინდებისგან შემდგარი ფარით“ ივსება. ამიტომ თითოეული უნდა ვეცადოთ ამ სულიერი სამოთხის სიწმინდის შენარჩუნებას.
38:1—23. მართლაც მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იხსნის თავის ხალხს გოგისგან, რომელიც მაგოგის მიწიდანაა! გოგი ეწოდა „ქვეყნიერების მმართველს“, სატანა ეშმაკს, მას შემდეგ, რაც ის ციდან იქნა გადმოგდებული. მაგოგის მიწა მიუთითებს დედამიწაზე, რომლითაც სატანისა და დემონების მოქმედების ადგილი შემოიფარგლება (იოანე 12:31; გამოცხადება 12:7—12).
„გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ“
14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იერუსალიმი დაეცა (ეზეკიელი 40:1). გადასახლებიდან დაბრუნებამდე ჯერ კიდევ 56 წელი უნდა გავიდეს (იერემია 29:10). ეზეკიელი დაახლოებით 50 წლისაა. ხილვაში ის ღმერთს ისრაელის მიწაზე მიჰყავს და ეუბნება: „კაცის ძეო, შენი თვალით უყურე და შენი ყურით ისმინე, გულთან მიიტანე ყველაფერი, რასაც გიჩვენებ“ (ეზეკიელი 40:2—4). რა აღმაფრთოვანებელი იქნებოდა ეზეკიელისთვის ხილვაში ახალი ტაძრის ხილვა!
დიდებულ ტაძარს, რომელსაც ეზეკიელი ხედავს, 6 კარიბჭე, 30 სასადილო ოთახი, წმინდა, წმინდათაწმინდა, ხის სამსხვერპლო და დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო აქვს. წყალი, რომელიც ტაძრიდან გამოედინება, მდინარედ იქცევა (ეზეკიელი 47:1). ეზეკიელი იმასაც ხედავს, როგორ უნაწილდებათ ტომებს მიწა — თითოეულის სამკვიდრო აღმოსავლეთ საზღვრიდან დასავლეთ საზღვრამდე. იუდასა და ბენიამინის სამკვიდროებს შორის არის სამთავრობო ნაკვეთი. ამ ნაკვეთზე „იეჰოვას საწმინდარი“ და „ქალაქია“, რომელსაც „იეჰოვა შამაჰი“ ეწოდება, რაც ნიშნავს „თვით იეჰოვაა აქ“ (ეზეკიელი 48:9, 10, 15, 35).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
40:3—47:12. რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი ტაძრით? ეზეკიელის ხილვაში ნანახი უზარმაზარი ტაძარი სინამდვილეში არასდროს აშენებულა. ამ ტაძრით ნაჩვენები იყო ღვთის სულიერი ტაძარი ანუ ის, რასაც ჩვენს დღეებში იეჰოვა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის იყენებს (ეზეკიელი 40:2; მიქა 4:1; ებრაელები 8:2; 9:23, 24). ტაძრის შესახებ ხილვა „ბოლო დღეებში“ სრულდება, მაშინ, როდესაც სამღვდელოების განწმენდა ხდება (2 ტიმოთე 3:1; ეზეკიელი 44:10—16; მალაქია 3:1—3). მაგრამ საბოლოოდ ეს წინასწარმეტყველება სამოთხეში შესრულდება. ხილვაში ეზეკიელის მიერ ტაძრის ნახვა გადასახლებაში მყოფ იუდეველებს არწმუნებდა, რომ ღმერთი წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა და იუდეველთა თითოეული ოჯახი თავის სამკვიდროს მიიღებდა.
40:3—43:17. რას ნიშნავს ტაძრის გაზომვა? ტაძრის გაზომვა იმას ნიშნავს, რომ წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული იეჰოვას განზრახვა აუცილებლად შესრულდება.
43:2—4, 7, 9. რა იყო „მეფეების გვამები“, რაც ტაძრიდან უნდა მოეშორებინათ? გვამები, როგორც ჩანს, კერპები იყო. იერუსალიმის მმართველებმა და იქ მცხოვრებმა ხალხმა ღვთის ტაძარი კერპებით წაბილწეს — შეიძლება ითქვას, რომ კერპები თავიანთ მეფეებად გაიხადეს.
43:13—20. რა არის სიმბოლურად ნაჩვენები ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი სამსხვერპლოთი? სიმბოლური სამსხვერპლოთი წარმოდგენილია ღვთის ნება იესო ქრისტეს გამომსყიდველურ მსხვერპლთან დაკავშირებით. გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ცხებულები მართლებად ცხადდებიან, „უამრავი ხალხი“ კი სუფთა და წმინდაა ღვთის თვალში (გამოცხადება 7:9—14; რომაელები 5:1, 2). შესაძლოა, ამიტომაც არის, რომ სოლომონის ტაძრის ეზოში მდგარი „მრგვალი ზღვა“ — უზარმაზარი წყლის ავზი, რომელიც მღვდლების დასაბანად იყო განკუთვნილი — არ არის ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახ ტაძარში (1 მეფეები 7:23—26).
44:10—16. ვინ არიან წარმოდგენილი მღვდლებით? მღვდლებით წარმოდგენილია ჩვენს დღეებში მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანთა ჯგუფი. მათი განწმენდა მოხდა 1918 წელს, როდესაც იეჰოვა „გამომდნობელივითა და გამწმენდელივით“ დაჯდა თავის სულიერ ტაძარში (მალაქია 3:1—5). მათ, ვინც სუფთა იქნებოდა ან, ვინც მოინანიებდა, შეეძლო განეგრძო განსაკუთრებული მსახურება. ამიტომ მათ ყოველი ღონე უნდა ეხმარათ იმისათვის, რომ „უმანკოდ დაეცვათ თავი ქვეყნიერებისგან“ და ასეთი სახით მაგალითი მიეცათ „უამრავი ხალხისთვის“, რომელიც არასამღვდელო შტოებით იყო წარმოდგენილი (იაკობი 1:27; გამოცხადება 7:9, 10).
45:1; 47:13—48:29. რა არის წარმოდგენილი „მიწითა“ და ამ მიწის დანაწილებით? მიწით წარმოდგენილია ადგილი, სადაც ღვთის ხალხი მსახურობს. ადგილსამყოფლის მიუხედავად, იეჰოვას თაყვანისმცემელი აღდგენილ მიწაზეა მანამ, სანამ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უჭერს მხარს. მიწის დანაწილების შესახებ წინასწარმეტყველება საბოლოოდ ახალ ქვეყნიერებაში შესრულდება, როდესაც თითოეული ერთგული ადამიანი თავის სამკვიდროს მიიღებს (ესაია 65:17, 21).
45:7, 16. რა არის ნაჩვენები სამღვდელოებისა და თავკაცებისთვის შესაწირავების გაღებით? ეს, ძირითადად, მიუთითებს სულიერ ტაძარში სულიერ მხარდაჭერაზე — დახმარების გაწევასა და თანამშრომლობაზე.
47:1—5. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი მდინარის წყლით? წყლით წარმოდგენილია სულიერი ღონისძიება, რასაც იეჰოვა ადამიანთა გადასარჩენად იყენებს; ამაში შედის იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლი და ღვთის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც ბიბლიაშია მოცემული (იერემია 2:13; იოანე 4:7—26; ეფესოელები 5:25—27). მდინარე თანდათანობით ღრმავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ახლები უერთდებიან (ესაია 60:22). ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში მდინარეში წყლის დონე საგრძნობლად იმატებს; წყლით წარმოდგენილი ინფორმაცია მაშინ „გრაგნილების“ გაშლის შედეგად მოიმატებს (გამოცხადება 20:12; 22:1, 2).
47:12. რა არის წარმოდგენილი ნაყოფის მომცემი ხეებით? სიმბოლური ხეებით წარმოდგენილია ღვთის სულიერი ღონისძიება კაცობრიობის გასასრულყოფილებლად.
48:15—19, 30—35. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი ქალაქით? „იეჰოვა შამაჰი“, „თვით იეჰოვაა იქ“ (ქალაქის სახელი), მდებარეობს „უწმინდურ“ მიწაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის მიწიერი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამ ქალაქით წარმოდგენილია დედამიწაზე არსებული ხელმძღვანელობა, რომლითაც ისინი სარგებლობენ, ვინც „ახალი დედამიწის“ ნაწილი იქნება (2 პეტრე 3:13). ამ ქალაქს ყველა მხარეს კარიბჭეები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას თავისუფლად შეუძლია მასში შესვლა. ღვთის ხალხის ზედამხედველებთანაც ყველა თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს.
რას ვსწავლობთ:
40:14, 16, 22, 26. ტაძრის შესასვლელის კედლებზე გამოსახული პალმის ხეები იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ზნეობრივად სუფთა ადამიანებს აქვთ იქ შესვლის უფლება (ფსალმუნი 92:12). აქედან ვსწავლობთ, რომ იეჰოვასთვის ჩვენი თაყვანისცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის მისაღები, თუ მართლები ვართ.
44:23. რამდენად მადლიერები ვართ იმ მსახურებისთვის, რომელსაც დღეს დედამიწაზე მცხოვრები სულითცხებული მღვდლები ასრულებენ! „ერთგული და გონიერი მონა“ ხელმძღვანელობს სულიერი საზრდოთი დროულად უზრუნველყოფას, რაც გვეხმარება, განვსაზღვროთ, რა არის იეჰოვას თვალში წმინდა და რა — უწმინდური (მათე 24:45).
47:9, 11. ჩვენს დროში შემეცნებით — სიმბოლური წყლის მნიშვნელოვანი ნაწილით — იკურნება ხალხი. სადაც არ უნდა იყვნენ, ამ წყლის მიღება სულიერად აცოცხლებს ადამიანებს (იოანე 17:3). ისინი კი, ვინც არ იღებენ ამ მაცოცხლებელ წყალს, ‘მარილს მიეცემიან’ ანუ სამუდამოდ განადგურდებიან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ‘ყველანაირად ვეცადოთ, სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’! (2 ტიმოთე 2:15).
„განვწმენდ . . . ჩემს დიდებულ სახელს“
დავითის საგვარეულო ხაზიდან უკანასკნელი მეფის მმართველობის შემდეგ ჭეშმარიტმა ღმერთმა დაუშვა, რომ ხანგრძლივი პერიოდი გასულიყო, სანამ მეფობას „კანონით უფლებამოსილი“ მიიღებდა. მაგრამ ღმერთს არ გაუუქმებია დავითთან დადებული შეთანხმება (ეზეკიელი 21:27; 2 სამუელი 7:11—16). ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებულია „ჩემი [იეჰოვას] მსახური დავითი“, რომელიც „მწყემსი“ და „მეფე“ გახდებოდა (ეზეკიელი 34:23, 24; 37:22, 24, 25). ეს სხვა არავინაა, თუ არა სამეფო ძალაუფლების მქონე იესო ქრისტე (გამოცხადება 11:15). იეჰოვა ამ მესიანური სამეფოს საშუალებით ‘განწმენდს თავის დიდებულ სახელს’ (ეზეკიელი 36:23).
ძალიან მალე განადგურდება ყველა, ვინც ღვთის წმინდა სახელს ბღალავს; ისინი კი, ვინც წმინდად ყოფს ამ სახელს და იეჰოვას სათანადო სახით სცემს თაყვანს, მარადიულად იცხოვრებენ. ამიტომ, სრულად ვისარგებლოთ სიცოცხლის წყლით, რომელიც დღეს უხვად მოედინება, და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე დავაყენოთ!
[სქოლიო]
a ეზეკიელის 1:1—24:27 განხილულია 2007 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში «მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ეზეკიელი“ (ნაწილი I)».
[სურათი 9 გვერდზე]
ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი დიდებული ტაძარი
[სურათი 10 გვერდზე]
რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის მიერ ხილვაში ნანახი მდინარით?
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.