„გულში ჩაიდევი“ ღვთის ტაძარი!
„ადამის ძევ! . . გულში ჩაიდევი ყველაფერი, რასაც გახილვინებ. . . გამოუცხადე ისრაელის სახლს ყველაფერი, რასაც იხილავ“ (ეზეკიელი 40:4).
1. რა მდგომარეობაში იყო ღვთის რჩეული ხალხი ძვ. წ. 593 წელს?
იდგა ძვ. წ. 593 წელი, ისრაელების ტყვეობაში ყოფნის მე-14 წელი. ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს საყვარელი სამშობლო, ალბათ, ძალზე შორეული ეჩვენებოდათ. ბევრმა მათგანმა იერუსალიმი უკანასკნელად ცეცხლში გახვეული იხილა; მისი მაგარი გალავანი დანგრეული, საამაყო შენობები მიწასთან გასწორებული, ხოლო იეჰოვას ტაძარი — ერთ დროს ქალაქის დიდების გვირგვინი, მთელ დედამიწაზე წმინდა თაყვანისმცემლობის ცენტრი — ნანგრევებად იყო ქცეული. ისრაელების ტყვეობა ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რადგან აღთქმულ გათავისუფლებამდე 56 წელი იყო დარჩენილი (იერემია 29:10).
2. რატომ შეიძლება დაემწუხრებინა ღვთის ტაძრის გახსენებას ეზეკიელი?
2 ალბათ, ღვთის ერთგულ წინასწარმეტყველ ეზეკიელს ამწუხრებდა ასობით კილომეტრით მოშორებულ, მიწასთან გასწორებულ, მხეცთა ბუნაგად ქცეულ ღვთის ტაძარზე ფიქრი (იერემია 9:10). ერთ დროს ამ ტაძარში მამამისი ბუზი მსახურობდა მღვდლად (ეზეკიელი 1:3). ეზეკიელსაც ექნებოდა ეს პატივი, ძვ. წ. 617 წელს, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, იერუსალიმელ წარჩინებულებთან ერთად ტყვეობაში რომ არ წაეყვანათ. ახლა, დაახლოებით 50 წლის ასაკში, ალბათ, იცოდა, რომ ვეღარც იერუსალიმის ნახვას მოესწრებოდა და ვეღარც მისი ტაძრის აღდგენაში მიიღებდა მონაწილეობას. წარმოიდგინეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის დიდებული ტაძრის შესახებ ხილვის ნახვა!
3. ა) რა მიზანს ემსახურებოდა ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა? ბ) რომელი ოთხი ძირითადი რამისგან შედგება ხილვა?
3 ეს საკმაოდ ვრცელი ხილვა, რომელიც წიგნ „ეზეკიელის“ ცხრა თავს მოიცავს, ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის რწმენის განმამტკიცებელი აღთქმა იყო. წმინდა თაყვანისმცემლობა აღდგებოდა! მას შემდეგ საუკუნეების განმავლობაში, დღემდეც კი, ეს ხილვა იეჰოვას მოყვარულთათვის გამხნევების წყაროა. როგორ? მოდი ჯერ გამოვიკვლიოთ, რას ნიშნავდა ეს წინასწარმეტყველური ხილვა ტყვეობაში მყოფი იუდეველებისთვის. ხილვაში ოთხი ძირითადი რამ არის ნაჩვენები: ტაძარი, სამღვდელოება, მთავარი და ქვეყანა.
აღდგენილი ტაძარი
4. სად იქნა აყვანილი ეზეკიელი ხილვის დასაწყისში, რა დაინახა იქიდან და ვინ უწევს მას მეგზურობას?
4 ხილვის დასაწყისში ეზეკიელი აყვანილ იქნა „ძალზე მაღალ მთაზე“. მთის სამხრეთ კალთაზე ის ხედავს უზარმაზარ ტაძარს, რომელიც გალავნიან ქალაქს ჰგავს. ანგელოზს, რომლის „სახე რვალის სახეს ჰგავდა“, წინასწარმეტყველი მის დასათვალიერებლად მიჰყავს (ეზეკიელი 40:2, 3). ხილვა გრძელდება და ეზეკიელი ხედავს, რომ ანგელოზი საგულდაგულოდ ზომავს სამ წყვილ ერთი და იმავე სიდიდის კარიბჭეს თავის სენაკებიანად, გარეთა და შიდა ეზოებს, ოთახებს, სამსხვერპლოსა და ტაძრის საწმიდარს წმიდასა და წმიდათა წმიდასთან ერთად.
5. ა) რაში არწმუნებს იეჰოვა ეზეკიელს? ბ) რა არის ‘მეფეთა ძეგლები’, რომლებიც ტაძრიდან უნდა მოეშორებინათ, და რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი?
5 შემდეგ, ხილვაში თვით იეჰოვა ჩნდება. ის შედის ტაძარში და ეზეკიელს არწმუნებს, რომ იქ დამკვიდრდება, მაგრამ მანამდე თავისი სახლის განწმენდას ითხოვს: ‘ამიერიდან გამარიდონ თავიანთი გარყვნილება და თავიანთ მეფეთა ძეგლები და მე დავმკვიდრდები მათ შორის საუკუნოდ’ (ეზეკიელი 43:2–4, 7, 9). გამოთქმა ‘მეფეთა ძეგლები’, როგორც ჩანს, კერპებს ეხებოდა. იერუსალიმის ურჩმა მმართველებმა და ხალხმა ღვთის ტაძარი კერპებით წაბილწეს და, ფაქტობრივად, მეფეებად გაიხადეს ისინი (შეადარეთ ამოსი 5:26a). ეს უსიცოცხლო კერპები არც ცოცხალი ღმერთები იყვნენ და არც მეფეები; ისინი სიბილწე იყო იეჰოვას თვალში და უნდა მოეშორებინათ (ლევიანნი 26:30; იერემია 16:18).
6. რას ნიშნავდა ტაძრის გაზომვა?
6 რა იყო ხილვის ამ ნაწილის არსი? ის ტყვეობაში მყოფთ არწმუნებდა, რომ ღვთის ტაძარში წმინდა თაყვანისმცემლობა სრულიად აღდგებოდა. გარდა ამისა, ტაძრის გაზომვა იმის გარანტიას იძლეოდა, რომ ღმერთი აუცილებლად იზრუნებდა ხილვის შესრულებაზე (შეადარეთ იერემია 31:38, 39; ზაქარია 2:2–8). კერპთაყვანისმცემლობის ყოველგვარი კვალი მოისპობოდა. იეჰოვა კვლავ აკურთხებდა თავის სახლს.
სამღვდელოება და მთავარი
7. რას ვგებულობთ ხილვიდან ლევიანებისა და სამღვდელოების შესახებ?
7 სამღვდელოებაც უნდა განწმენდილიყო. ლევიანები უნდა გაეკიცხათ კერპთაყვანისმცემლობაში მონაწილეობისთვის, ხოლო ცადოკის შთამომავალი მღვდლები სიწმინდის შენარჩუნებისთვის უნდა შეექოთ და დაეჯილდოებინათb. და მაინც, ღვთის აღდგენილ სახლში ორივე ჯგუფის წარმომადგენლები იმსახურებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, თითოეულის ერთგულებაზე იქნებოდა დამოკიდებული. გარდა ამისა, იეჰოვამ ბრძანა: „უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინონ ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი“ (ეზეკიელი 44:10–16, 23). ასე რომ, სამღვდელოებას უნდა აღედგინა ღვთის სახლში მსახურება, მათი ერთგულება და სიმტკიცე კი დაჯილდოვდებოდა.
8. ა) ვინ იყვნენ ძველი ისრაელის მთავრები? ბ) რაში გამოიხატებოდა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მთავრის აქტიურობა ეზეკიელის ხილვაში?
8 ხილვაში აგრეთვე საუბარია ვიღაც „მთავარზე“. მოსეს დროიდან მოყოლებული ისრაელ ერს მთავრები ჰყავდა. ებრაული სიტყვა „ნასი“, რომელიც „მთავრად“ გადმოითარგმნა, ოჯახის, ტომის ან ერის თავკაცზე მიუთითებდა. ეზეკიელის ხილვაში ისრაელის მმართველები, როგორც კლასი, იკიცხებიან ხალხის ჩაგვრის გამო და მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისკენ არიან მოწოდებული. თუმცა მთავარი სამღვდელოების კლასის წარმომადგენელი არ არის, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის აქტიური მოქმედებით გამოირჩევა. ის გარეთა ეზოში არასამღვდლო შტოებთან ერთად შედის და გამოდის, ჯდება აღმოსავლეთ კარიბჭის სტოაში და სწირავს ხალხის განსაწმენდ ზოგ შესაწირავს (ეზეკიელი 44:2, 3; 45:8–12, 17). ამგვარად, ხილვამ ეზეკიელის ხალხი დაარწმუნა, რომ აღდგენილი ერი კურთხეული იქნებოდა სამაგალითო წინამძღოლებით, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სამღვდელოებას ღვთის ხალხის ორგანიზებაში და სულიერ საკითხებში შესანიშნავი მაგალითი იქნებოდნენ.
ქვეყანა
9. ა) როგორ უნდა დანაწილებულიყო მიწა და ვის არ ექნებოდა სამკვიდრო? ბ) რა იყო შეწირული ნაკვეთი და რა შედიოდა მასში?
9 ბოლოს, ეზეკიელის ხილვაში ისრაელის მიწების ზოგადი მიმოხილვაც შედიოდა. მიწა უნდა დაეყოთ და თითოეული შტოსთვის თავისი წილი მიეცათ. მთავარსაც ექნებოდა თავისი სამკვიდრო, მაგრამ მღვდლებს — არა, ვინაიდან იეჰოვამ თქვა: „მე ვარ მათი სამკვიდრო“ (ეზეკიელი 44:10, 28; რიცხვნი 18:20). ეს ხილვა ცხადყოფდა, რომ მთავარს სამკვიდრო განსაკუთრებული, შეწირული ნაკვეთის სახელით ცნობილი ტერიტორიის ორივე მხარეს უნდა გამოყოფოდა. ოთხკუთხა შეწირული ნაკვეთი სამ ზოლად იყო დაყოფილი: ზედა — მომნანიებელი ლევიანებისთვის, შუა — მღვდლებისთვის, ხოლო ქვედა, თავისი ნაყოფიერი მიწით — ქალაქისთვის. იეჰოვას ტაძარი მღვდლებისთვის განკუთვნილ მიწაზე, ოთხკუთხა შეწირული ნაკვეთის ცენტრში, იქნებოდა (ეზეკიელი 45:1–7).
10. რას ნიშნავდა წინასწარმეტყველება მიწის დანაწილების შესახებ გადასახლებაში მყოფი ერთგული იუდეველებისთვის?
10 რამხელა სიხარულით აუვსებდა გულს ყოველივე ეს გადასახლებაში მყოფთ! თითოეულ ოჯახს ჰქონდა გარანტია, რომ იმ მიწაზე სამკვიდრო ექნებოდა (შეადარეთ მიქა 4:4). წმინდა თაყვანისმცემლობა იქ უმაღლეს, ცენტრალურ ადგილს დაიჭერდა. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელის ხილვაში მთავარი, მღვდლების მსგავსად, ხალხის მიერ შეწირულ მიწაზე იცხოვრებდა (ეზეკიელი 45:16). ასე რომ, ამ ქვეყანაში ხალხს ხელი უნდა შეეწყო და მხარი დაეჭირა მათი საქმიანობისთვის, ვისაც იეჰოვა დანიშნავდა ხელმძღვანელად. მთლიანობაში ეს ქვეყანა ორგანიზებულობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების განსახიერება იყო.
11, 12. ა) წინასწარმეტყველების საშუალებით როგორ არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს, რომ აკურთხებს მათს აღდგენილ სამშობლოს? ბ) რა იყო ნაჩვენები მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეებით?
11 აკურთხებდა იეჰოვა მათს ქვეყანას? წინასწარმეტყველება ამ კითხვაზე საპასუხოდ გულში ჩამწვდომ სურათს გვიხატავს. წყალი მოედინება ტაძრიდან და თანდათანობით მისი კალაპოტი განიერდება, ხოლო მკვდარი ზღვის შესართავთან უკვე მდინარედ იქცევა, აცოცხლებს მკვდარ წყლებს და მთელ სანაპიროზე გაცხოველებული თევზაობა იმართება. მდინარის ნაპირებზე ხარობს მრავალი ხე, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში მოაქვს ნაყოფი, საკვებით უზრუნველყოფს ხალხს და კურნავს (ეზეკიელი 47:1–12).
12 ტყვეობაში მყოფთ ამ აღთქმამ აღდგენის შესახებ ადრე ნათქვამი ასე სასურველი წინასწარმეტყველებები გაახსენა და მათდამი რწმენა განუმტკიცა. იეჰოვამ არაერთხელ შთააგონა წინასწარმეტყველებს, სამოთხედ აღეწერათ აღორძინებული და კვლავ დასახლებული ისრაელი. მკვდარი რეგიონების გაცოცხლება მრავალჯერ იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 35:1, 6, 7; 51:3; ეზეკიელი 36:35; 37:1–14). ამგვარად, ხალხს საფუძველი ჰქონდა იმედისთვის, რომ იეჰოვას სიცოცხლისმომცემი კურთხევები აღდგენილი ტაძრიდან მდინარესავით გადმოიღვრებოდა. შედეგად, სულიერად მკვდარი ერი გაცოცხლდებოდა. აღდგენილი ხალხი კურთხეული იქნებოდა შესანიშნავი სულიერი მამაკაცებით, რომლებიც ისეთივე მართლები და მტკიცეები იქნებოდნენ, როგორც ხილვაში მდინარის ნაპირებზე ჩამწკრივებული ხეები, — მამაკაცებით, რომლებიც გაპარტახებული ქვეყნის აღორძინებას შეუდგებოდნენ. ესაიამაც დაწერა ‘სიმართლის მუხების’ შესახებ, რომლებიც ‘ააშენებდნენ ძველთაძველ ნაოხარებს’ (ესაია 61:3, 4).
როდის სრულდება ეს ხილვა?
13. ა) რა გაგებით აკურთხა იეჰოვამ თავისი აღდგენილი ხალხი ‘სიმართლის მუხებით’? ბ) როგორ შესრულდა მკვდარი ზღვის შესახებ წინასწარმეტყველება?
13 გაუცრუვდათ იმედი ტყვეობიდან დაბრუნებულებს? სულაც არა! ძვ. წ. 537 წელს აღდგენილი დარჩენილი ნაწილი დაუბრუნდა საყვარელ სამშობლოს. დროთა განმავლობაში ისეთი ‘სიმართლის მუხების’ ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ: მწიგნობარი ეზრა, წინასწარმეტყველები ანგია და ზაქარია, ასევე მღვდელმთავარი იესო იეჰოცადაკის ძე, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აოხრებული ადგილები აღორძინდა. მთავრები, მაგალითად ნეემია და ზერუბაბელი, ქვეყანას მიუკერძოებლად და სამართლიანად განაგებდნენ. იეჰოვას ტაძარი აღდგენილ იქნა, ხოლო მისი აღთქმის თანახმად ცხოვრების კურთხევები კვლავ უხვად გადმოიღვარა (მეორე რჯული 30:19; ესაია 48:17–20). ერთ-ერთი კურთხევა იყო შემეცნება. აღდგა სამღვდელოების მსახურება და მღვდლები ხალხს რჯულს ასწავლიდნენ (მალაქია 2:7). შედეგად, ხალხი სულიერად გამოცოცხლდა და იეჰოვას მსახურებაში კვლავ ნაყოფიერი გახდა, ისევე როგორც წინასწარმეტყველებაში მკვდარი ზღვა განიკურნა და თევზჭერის ნაყოფიერ ადგილად იქცა.
14. რატომ უნდა ყოფილიყო ეზეკიელის წინასწარმეტყველების შესრულება ბევრად უფრო მეტის მომცველი, ვიდრე იუდეველების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომი მოვლენები იყო?
14 მხოლოდ ამ მოვლენებით შესრულდა ეზეკიელის ხილვა? არა; ხილვაში მოცემული იყო ბევრად უფრო მეტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეზეკიელის ხილვაში აღწერილი ტაძრის აგება შეუძლებელი იყო. მართალია, იუდეველები მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ ხილვას და გარკვეულ დეტალებს სიტყვასიტყვით ასრულებდნენc, მაგრამ ხილვაში ნანახი ტაძარი უზარმაზარი, თითქმის მორიას მთისხელა, იყო — მთისა, რომელზეც ძველი ტაძარი იყო აგებული. გარდა ამისა, ეზეკიელის ტაძარი ქალაქში კი არ იყო, არამედ მისგან ცოტა მოშორებით, განცალკევებულ ადგილზე, მაშინ როცა მეორე ტაძარი იმავე ადგილას ააშენეს, სადაც პირველი იდგა — იერუსალიმის კედლებს შიგნით (პირველი ეზრა 1:1, 2). ამასთანავე, იერუსალიმის ტაძრიდან, პირდაპირი გაგებით, არავითარი მდინარე არ მოედინებოდა. ასე რომ, ძველმა ისრაელმა ეზეკიელის წინასწარმეტყველების მცირე მასშტაბით შესრულება იხილა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ ხილვის უფრო დიდი, სულიერი, შესრულება უნდა მოხდეს.
15. ა) როდის ამოქმედდა იეჰოვას სულიერი ტაძარი? ბ) რა ცხადყოფს, რომ ეზეკიელის ხილვა არ შესრულებულა ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროს?
15 ცხადია, ეზეკიელის ხილვის ძირითად შესრულებას უნდა მოველოდეთ იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში, რომელზეც მოციქული პავლე ვრცლად მოგვითხრობს ებრაელთა მიმართ წერილში. ეს ტაძარი ამოქმედდა ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო ქრისტე მის მღვდელმთავრად იქნა ცხებული. მაგრამ შესრულდა ეზეკიელის ხილვა იესოს დღეებში? როგორც ჩანს, არა. მონათვლით, გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვითა და წმიდათა წმიდაში, თვით ცაში, შესვლით იესომ, როგორც მღვდელმთავარმა, შეასრულა გამოსყიდვის დღის შესახებ წინასწარმეტყველება (ებრაელთა 9:24). მაგრამ საინტერესოა, რომ ეზეკიელის ხილვა საერთოდ არ მოიხსენიებს არც მღვდელმთავარს და არც გამოსყიდვის დღეს. ამიტომ საეჭვოა, რომ ეს ხილვა ახ. წ. I საუკუნეზე მიუთითებდეს. მაშ, რომელ პერიოდს ეხება ის?
16. რომელ სხვა წინასწარმეტყველებას გვახსენებს ეზეკიელის ხილვაში წარმოდგენილი სურათი და როგორ გვეხმარება იმის გაგებაში, თუ როდის შესრულდება ხილვის ძირითადი ნაწილი?
16 პასუხისთვის ისევ ხილვას მივუბრუნდეთ. ეზეკიელი წერდა: „ღვთიურ ხილვაში მიმიყვანა ისრაელის ქვეყნად და დამსვა ერთ ძალზე მაღალ მთაზე, სადაც სამხრეთის მხარეს რაღაც ქალაქისმაგვარი იყო აშენებული“ (ეზეკიელი 40:2). ამ ხილვაში ნანახი ‘ძალზე მაღალი მთა’ მიქას 4:1-ს გვახსენებს: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მთების თავში დამყარდება უფლის სახლის მთა; გორაკებზე მაღლა აღიმართება და მისკენ დაიწყებენ დენას ხალხები“. როდის სრულდება ეს წინასწარმეტყველება? მიქას 4:5 ცხადყოფს, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება იწყება მაშინ, როდესაც ხალხი ჯერ კიდევ ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელია. ეს კი ხდება ჩვენს თვალწინ, „უკანასკნელ დღეებში“, როდესაც წმინდა თაყვანისმცემლობა კვლავ აღდგა და ღვთის მსახურთა ცხოვრებაში სათანადო ადგილი დაიკავა.
17. როგორ გვეხმარება მალაქიას 3:1–5 გავიგოთ, როდის მოხდა ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის განწმენდა?
17 რამ გახადა ეს აღდგენა შესაძლებელი? გაიხსენეთ ეზეკიელის ხილვაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა — იეჰოვა ტაძარში მიდის და დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი სახლი კერპთაყვანისმცემლობისგან განიწმინდოს. როდის მოხდა ღვთის სულიერი ტაძრის განწმენდა? მალაქიას 3:1–5-ში იეჰოვა წინასწარმეტყველებს დროის შესახებ, როდესაც ის ‘აღთქმის ანგელოზის’, იესო ქრისტეს, თანხლებით „მოვა თავის ტაძარში“. რა მიზნით? ‘ის გამომდნობელის ცეცხლისა და მრეცხავთა მტუტის’ როლს შეასრულებს. ეს განწმენდა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. რა შედეგით? იეჰოვა დამკვიდრდა თავის სახლში და 1919 წლიდან აკურთხებს თავისი ხალხის სულიერ ‘მიწას’ (ესაია 66:8). ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ტაძრის შესახებ ეზეკიელის წინასწარმეტყველება გრანდიოზული მასშტაბებით ამ უკანასკნელ დღეებში სრულდება.
18. საბოლოოდ როდის შესრულდება ტაძრის შესახებ ხილვა?
18 აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებების მსგავსად, ეზეკიელის ხილვა საბოლოოდ სამოთხეში შესრულდება. სამართლიანობის მოყვარული ხალხი მხოლოდ მაშინ ისარგებლებს ბოლომდე ღვთის ტაძრიდან მომდინარე კურთხევებით. მაშინ ქრისტე 144 000 ზეციერ მღვდელთან ერთად გამოიყენებს თავისი გამომსყიდველური მსხვერპლის ფასს. ქრისტეს მმართველობის მორჩილი ყველა ადამიანი გასრულყოფილდება (გამოცხადება 20:5, 6). მაგრამ შეუძლებელია ეზეკიელის ხილვა ძირითადად სამოთხეში შესრულდეს. რატომ?
ხილვაში მთელი ყურადღება ჩვენს დღეებზეა გამახვილებული
19, 20. რატომ უნდა მოხდეს ხილვის ძირითადი შესრულება დღეს და არა სამოთხეში?
19 ტაძარი, რომელიც ეზეკიელმა იხილა, კერპთაყვანისმცემლობისა და სულიერი გარყვნილებისგან განწმენდას საჭიროებდა (ეზეკიელი 43:7–9). ეს აშკარად არ ეხება სამოთხეში იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობას. გარდა ამისა, ხილვაში აღწერილი მღვდლები წარმოადგენენ ცხებული სამღვდელოების კლასს დედამიწაზე ყოფნის პერიოდში და არა ზეცაში საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენის შემდეგ ან ათასწლიანი პერიოდის განმავლობაში. საიდან ვიცით, რომ ეს ასეა? ყურადღება მიაქციეთ, რომ მღვდლები შიდა ეზოში მომსახურეებად არიან აღწერილი. „საგუშაგო კოშკის“ წინა ნომრებში ნაჩვენები იყო, რომ ეს ეზო წარმოადგენს ქრისტეს დამხმარე მღვდლების უნიკალურ სულიერ მდგომარეობას იმ პერიოდში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიანd. აგრეთვე შენიშნეთ, რომ ხილვაში მღვდლების არასრულყოფილებაზეა გამახვილებული ყურადღება. მათ საკუთარი ცოდვებისთვის უნდა შეეწირათ მსხვერპლი. ისინი გაფრთხილებულ იქნენ, არ გამხდარიყვნენ სულიერად ან ზნეობრივად უწმინდურები. ასე რომ, ისინი არ არიან მკვდრეთით აღდგენილი ცხებულები, რომლებზეც მოციქული პავლე წერდა: „დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად“ (1 კორინთელთა 15:52; ეზეკიელი 44:21, 22, 25, 27). ეზეკიელის ხილვაში მღვდლები ხალხს შორის არიან და მათ უშუალოდ ემსახურებიან. ეს ასე არ მოხდება სამოთხეში, როდესაც მღვდლების კლასი ზეცაში იქნება. ამგვარად, ხილვა შესანიშნავად აგვიწერს ცხებულების ‘უამრავ ხალხთან’ მჭიდრო თანამშრომლობას დღეს, მათი დედამიწაზე ყოფნისას (გამოცხადება 7:9; ეზეკიელი 42:14).
20 ამგვარად, ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა მიუთითებს სულიერი განწმენდის სასარგებლო გავლენაზე, რომელიც დღეს შეიმჩნევა. მაგრამ რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს არ არის, უბრალოდ, აბსტრაქტული თეოლოგიური თავსატეხი. ეს ხილვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი, იეჰოვასადმი, თქვენს ყოველდღიურ მსახურებასთან. მომდევნო სტატიაში დავინახავთ, თუ როგორ.
[სქოლიოები]
a სიტყვა „მოლოქი“ ნიშნავს „მეფეს“.
b შესაძლებელია, ეს პირადად ეზეკიელსაც ეხებოდა, რადგან თვითონაც ცადოკის შთამომავალი იყო.
c მაგალითად, მიშნაში აღნიშნულია, რომ აღდგენილ ტაძარში სამსხვერპლო, ტაძრის კარები და სასადილო ოთახები ეზეკიელის ხილვის შესაბამისად ააგეს.
d იხილეთ „საგუშაგო კოშკი“, 1996 წლის 1 ივლისი, გვერდები 24, 25; 1972 წლის 1 დეკემბერი, გვერდი 718 (ინგლ.).
გახსოვთ თუ არა?
◻ როგორ შესრულდა თავდაპირველად ეზეკიელის ხილვა ტაძრისა და სამღვდელოების შესახებ?
◻ როგორ შესრულდა ადრე ეზეკიელის ხილვა მიწის დანაწილებასთან დაკავშირებით?
◻ ძველი ისრაელის აღდგენისას ვინ მოქმედებდა ერთგული მთავრებივით და ვინ — ‘სიმართლის მუხებივით’?
◻ ძირითადად ამ უკანასკნელ დღეებში რატომ უნდა შესრულდეს ტაძრის შესახებ ეზეკიელის ხილვა?