„ტაძარი“ და „მთავარი“ დღეს!
„მთავარი მათ შორის იქნება, მათი შესვლისას შევა და მათი გასვლისას გამოვა“ (ეზეკიელი 46:10).
1, 2. რომელი ძირითადი ჭეშმარიტება გვეხმარება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ ბევრი რამის გაგებაში?
ძველად ზოგი დროის იუდეველი რაბინი „ეზეკიელის წინასწარმეტყველებით“ ბოლომდე არ იყო კმაყოფილი. თალმუდის თანახმად, ზოგი მათგანი ამ წინასწარმეტყველებას საღვთო წერილის კანონიკური წიგნებიდანაც კი გამორიცხავდა. რაბინებს განსაკუთრებით უჭირდათ ტაძრის შესახებ ხილვის ახსნა და ამბობდნენ, რომ ის ადამიანის გონებისთვის ჩაუწვდომელი იყო. ბიბლეისტიკის დარგის მეცნიერები საგონებელში ჩააგდო ეზეკიელის ხილვაში ნანახმა იეჰოვას ტაძარმა. რა შეიძლება ითქვას ჩვენ შესახებ?
2 წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შემდეგ იეჰოვამ აკურთხა თავისი ხალხი და მრავალ სულიერ საკითხს შუქი მოჰფინა. მათ შორის იმის გაგებაც მისცა, თუ რა იყო ღვთის სულიერი ტაძარი — ის, რაც იეჰოვამ გაითვალისწინა წმინდა თაყვანისმცემლობისთვისa. ეს ძირითადი ჭეშმარიტება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრის შესახებ ბევრი რამის გაგებაში გვეხმარება. მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ამ ხილვის ოთხი ნაწილი — ტაძარი, სამღვდელოება, მთავარი და ქვეყანა. რას ნიშნავს დღეს ისინი?
ტაძარი და თქვენ
3. რაზე მეტყველებს ტაძრის შესასვლელის ჭერის სიმაღლე და კედლების ჩუქურთმები?
3 წარმოიდგინეთ, რომ ხილვაში ნანახ ტაძარს ვათვალიერებთ. ერთ-ერთი დიდი კარიბჭის შვიდ საფეხურზე ავდივართ, ვდგებით შესასვლელში და მოკრძალებით ვიხედებით მაღლა. ჭერის სიმაღლე 30 მეტრს აღემატება, რაც შეგვახსენებს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნორმები ძალზე მაღალია. სარკმლებიდან შემოსული სხივთა კონა კედლებს ეცემა, რომლებზეც პალმის ხეებია ამოჩუქურთმებული, რაც საღვთო წერილში უმწიკვლოების აღსაწერადაა გამოყენებული (ფსალმუნი 91:13; ეზეკიელი 40:14, 16, 22). ეს წმინდა ადგილი ზნეობრივად და სულიერად უმწიკვლოებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენც გვსურს ვიყოთ უმწიკვლოები, რათა ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები იყოს (ფსალმუნი 10:7).
4. ვის არ უშვებენ ტაძარში და რას გვასწავლის ეს?
4 დერეფნის ორივე მხარეს სამ-სამი სენაკია. დაგვრთავენ მცველები ტაძარში შესვლის ნებას? იეჰოვა ეზეკიელს ეუბნება, რომ არც ერთი „გულდაუცვეთელი“ უცხოთესლი არ უნდა შევიდეს შიგნით (ეზეკიელი 40:10; 44:9). რას ნიშნავს ეს? იმას, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებად მხოლოდ მათ სცნობს, რომლებსაც უყვართ მისი რჯული და მის თანახმად ცხოვრობენ (იერემია 4:4; რომაელთა 2:29). იეჰოვა სიამოვნებით იღებს ასეთებს თავის სულიერ კარავში, ანუ თაყვანისმცემლობის სახლში (ფსალმუნი 14:1–5). 1919 წელს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის დროიდან იეჰოვას მიწიერი ორგანიზაციისთვის თანდათანობით უფრო ნათელი გახდა ღვთის ზნეობრივი ნორმები და მათი დაცვა დაიწყო. მორჩილების შეგნებულად უგულებელმყოფელნი აღარ არიან იეჰოვას ხალხს შორის. დღეს მოუნანიებელი შემცოდველების გარიცხვის წესი, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული, ჩვენი თაყვანისმცემლობის სუფთად და წმინდად შენარჩუნებას ემსახურება (1 კორინთელთა 5:13).
5. ა) რა მსგავსებაა ეზეკიელის ხილვასა და გამოცხადების 7:9–15-ში იოანეს მიერ გადმოცემულ ხილვაში? ბ) ეზეკიელის ხილვაში ვინ არიან გარეთა ეზოში თაყვანისმცემელი 12 ტომით წარმოდგენილი?
5 დერეფანი გარეთა ეზოში გადის, სადაც ხალხი თაყვანს სცემს და განადიდებს იეჰოვას. ეს მოგვაგონებს მოციქულ იოანეს ხილვას, რომელშიც „უამრავი ხალხი“ იეჰოვას „დღე და ღამე მის ტაძარში“ სცემს თაყვანს. პალმის ხეები ორივე ხილვაში ფიგურირებს. ეზეკიელის ხილვაში ისინი შესასვლელის კედლებს ამშვენებს. იოანეს ხილვაში პალმის ტოტები თაყვანისმცემლებს უჭირავთ ხელში, რაც იეჰოვას განდიდებითა და იესოს მეფედ მიღებით გამოწვეული სიხარულის სიმბოლოა (გამოცხადება 7:9–15). ეზეკიელის ხილვის კონტექსტში აღწერილი ისრაელის თორმეტი ტომი „სხვა ცხვრებს“ წარმოადგენს (იოანე 10:16; შეადარეთ ლუკა 22:28–30). ხართ თუ არა თქვენც მათ შორის, რომლებსაც სიხარულს ანიჭებს სამეფოს შესახებ ქადაგება და იეჰოვას განდიდება?
6. რა დანიშნულებას ასრულებდა გარეთა ეზოში არსებული ოთახები და რის შესახებ შეახსენებს ეს სხვა ცხვრებს?
6 გარეთა ეზოს დათვალიერებისას ვხედავთ 30 ოთახს, სადაც ხალხი ჭამს თავის შესაწირავს (ეზეკიელი 40:17). დღეს „სხვა ცხვრები“ ცხოველებს არ სწირავენ, მაგრამ სულიერ ტაძარში ხელცარიელები მაინც არ მიდიან (შეადარეთ გამოსვლა 23:15). მოციქული პავლე წერდა: „[იესოს] საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს. არ დაივიწყოთ ქველმოქმედება და გაზიარება, ვინაიდან ასეთი მსხვერპლები სათნოა ღვთისათვის“ (ებრაელთა 13:15, 16; ოსია 14:3). მართლაც, დიდი პატივია იეჰოვასთვის ასეთი მსხვერპლის შეწირვა (იგავნი 3:9, 27).
7. რაში გვარწმუნებს ტაძრის გაზომვა?
7 ხილვაში ეზეკიელი უყურებს, როგორ ზომავს ანგელოზი ტაძარს (ეზეკიელი 40:3). მსგავსად ამისა, მოციქულ იოანეს შემდეგი სიტყვები ესმის: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები“ (გამოცხადება 11:1). რას ნიშნავს ეს გაზომვა? როგორც ჩანს, ორივე შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავდა, რომ ვერაფერი შეაჩერებდა იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული განზრახვების შესრულებისგან. ამგვარად, დღეს შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვერაფერი — მთავრობის მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობაც კი — ვერ შეაჩერებს წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენას.
8. ვინ შედის შიდა ეზოს კარიბჭეებში და რას შეგვახსენებს ეს კარიბჭეები?
8 გარეთა ეზოში სეირნობისას ვხედავთ სამ კარიბჭეს, რომელთა გავლითაც შიდა ეზოში შესვლა შეიძლება. შიდა კარიბჭეები იმავე ზომისაა, როგორც გარეთა, და მათ პირისპირაა განლაგებული (ეზეკიელი 40:6, 20, 23, 24, 27). შიდა ეზოში მხოლოდ მღვდლებს შეუძლიათ შესვლა. შიდა კარიბჭეები შეგვახსენებს, რომ ცხებულები ღვთის ნორმებსა და კანონებს უნდა შეესაბამებოდნენ, მაგრამ იმავე კანონებითა და ნორმებით უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანიც. ახლა კი გავიგოთ, რა სამუშაოს ასრულებენ მღვდლები და რა მნიშვნელობა აქვს ამას დღეს.
ერთგული სამღვდელოება
9, 10. როგორ უზრუნველგვყოფს სულიერი დამოძღვრით „სამეფო სამღვდელოება“, რომელიც ეზეკიელის ხილვაში სამღვდელოების კლასითაა წარმოდგენილი?
9 ქრისტიანობამდელ პერიოდში მღვდლები ტაძარში მძიმე შრომას ეწეოდნენ. შესაწირავი ცხოველების დაკვლა, სამსხვერპლოზე მათი მიტანა და თანამსახური მღვდლებისა და ხალხის მომსახურება დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვდა, მაგრამ ისინი სხვა მნიშვნელოვან საქმესაც აკეთებდნენ. იეჰოვამ მღვდლების შესახებ ბრძანა: „უნდა ასწავლონ ჩემს ხალხს წმიდისა და ნალახის გარჩევა და განასხვავებინონ ერთმანეთისგან გაუწმიდურებული და გაწმედილი“ (ეზეკიელი 44:23; მალაქია 2:7).
10 აფასებთ თუ არა ცხებულების მძიმე შრომასა და თავმდაბლურ მსახურებას, რომელსაც ისინი, როგორც „სამეფო სამღვდელოება“, წმინდა თაყვანისმცემლობისთვის ეწევიან? (1 პეტრე 2:9). ძველი დროის ლევიანი მღვდლების მსგავსად, ისინი ხელმძღვანელობენ სულიერი დამოძღვრის საქმიანობას და ეხმარებიან ხალხს იმის გაგებაში, რა არის წმინდა და მისაღები ღვთის თვალში და რა არა (მათე 24:45). ასეთი დამოძღვრა, რომელიც ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციებიდან, ქრისტიანული შეხვედრებიდან და კონგრესებიდან მომდინარეობს, მილიონებს ღმერთთან შერიგებაში ეხმარება (2 კორინთელთა 5:20).
11. ა) როგორ გაამახვილა ყურადღება ეზეკიელის ხილვამ მღვდლების სიწმინდის მნიშვნელოვნებაზე? ბ) სულიერი გაგებით, როგორ განიწმინდნენ ცხებულები უკანასკნელ დღეებში?
11 მაგრამ მღვდლებს უფრო მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე მხოლოდ სხვებისთვის იმის სწავლება, რომ წმინდები იყვნენ; ისინი თავად უნდა იყვნენ წმინდები. ამგვარად, ეზეკიელმა წინასწარ იხილა ისრაელის სამღვდელოების განწმენდის პროცესი (ეზეკიელი 44:10–16). მსგავსად ამისა, ისტორია ცხადყოფს, რომ 1918 წელს იეჰოვა, როგორც „გამომდნობელი“, თავის სულიერ ტაძარში დაჯდა, რათა ცხებულ მღვდელთა კლასი შეემოწმებინა (მალაქია 3:1–5). მათ, რომლებიც სულიერად წმინდად ჩაითვალნენ — მოინანიეს ადრინდელი კერპთაყვანისმცემლური მოქმედება — ღვთის სულიერ ტაძარში საპატიო მსახურების გაგრძელების უფლება მიეცათ. მაგრამ, როგორც ყველა სხვა, ცხებულებიც შეიძლება სულიერად ან ზნეობრივად უწმინდური გახდნენ (ეზეკიელი 44:22, 25–27). მათ ყოველი ღონე უნდა იხმარონ, რათა ‘წუთისოფლისგან შეურყვნელად დაიცვან თავი’ (იაკობი 1:27; შეადარეთ მარკოზი 7:20–23).
12. რატომ უნდა დავაფასოთ ცხებულების საქმიანობა?
12 თითოეულ ჩვენგანს შეუძლია საკუთარ თავს დაუსვას კითხვა: „ვაფასებ თუ არა მაგალითს, რომელიც ცხებულმა ქრისტიანებმა მრავალი წლის განმავლობაში ერთგული მსახურებით დაგვიტოვეს? ვბაძავ მათს რწმენას? “ კარგია, უამრავი ხალხის წარმომადგენლებს ახსოვდეთ, რომ ცხებულები ყოველთვის არ ეყოლებათ დედამიწაზე. ეზეკიელის ხილვაში მღვდლებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ნუ მისცემთ მათ საკუთრებას [ნაკვეთს] ისრაელში: მე ვარ მათი საკუთრება“ (ეზეკიელი 44:28). მსგავსად ამისა, ცხებულებს არა აქვთ დედამიწაზე მარადიული სამკვიდრო. მათ ზეციერი მემკვიდრეობა აქვთ, უამრავი ხალხის წარმომადგენლები კი დიდ პატივად მიიჩნევენ, მხარი დაუჭირონ და გაამხნეონ ისინი, ვიდრე ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან (მათე 25:34–40; 1 პეტრე 1:3, 4).
მთავარი — ვინ არის ის?
13, 14. ა) რატომ უნდა იყოს მთავარი სხვა ცხვრების წარმომადგენელი? ბ) ვინ არის მთავარი?
13 იბადება საინტერესო კითხვა: მაშ, მთავარი ვინღაა? ვინაიდან მასზე ლაპარაკია როგორც ცალკეულ პიროვნებაზე, ისე ჯგუფზე, დასაშვებია, რომ ის მამაკაცთა კლასს წარმოადგენს (ეზეკიელი 44:3; 45:8, 9). მაგრამ კონკრეტულად ვის? აშკარაა, რომ არა ცხებულებს. ხილვაში ის მჭიდროდ თანამშრომლობს სამღვდელოებასთან, მაგრამ მისი წარმომადგენელი არ არის. სამღვდელოების კლასისგან განსხვავებით, მას აქვს მემკვიდრეობა, მიწის ნაკვეთი, და, აქედან გამომდინარე, მომავალში დედამიწაზე იქნება და არა ზეცაში (ეზეკიელი 48:21). გარდა ამისა, ეზეკიელის 46:10 ამბობს: „მთავარი მათ შორის იქნება, მათი [არასამღვდლო შტოების] შესვლისას [ტაძრის გარეთა ეზოში] შევა და მათი გასვლისას გამოვა“. ის შიდა ეზოში კი არ შედის, არამედ გარეთა ეზოში მსახურობს — ხალხთან ერთად შედის ტაძარში და მათთან ერთად გამოდის იქიდან. ეს ფაქტორები მთავრის კლასს, აშკარად, სხვა ცხვრების წარმომადგენელ უამრავ ხალხს შორის ათავსებს.
14 ცხადია, მთავარს ღვთის ხალხს შორის გარკვეული პასუხისმგებლობები აკისრია. გარეთა ეზოში ის აღმოსავლეთ კარიბჭის სტოაში ზის (ეზეკიელი 44:2, 3). ეს ზედამხედველის ისეთ მდგომარეობაზე მიუთითებდა, როგორიც ქალაქის კარიბჭესთან მსხდომ და განაჩენის გამომტან ისრაელ უხუცესებს ჰქონდათ (რუთი 4:1–12; იგავნი 22:22). ვის აკისრია დღეს სხვა ცხვრებს შორის ზედამხედველის მოვალეობა? უხუცესებს, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ და რომლებიც სულიწმიდით არიან დანიშნული (საქმეები 20:28). ასე რომ, მთავრის კლასი ახლა მზადდება, რათა ახალ ქვეყნიერებაში შეძლოს ხელმძღვანელობის გაწევა.
15. ა) როგორ ჰფენს ნათელს ეზეკიელის ხილვა უამრავი ხალხის წარმომადგენელ უხუცესებსა და ცხებული სამღვდელოების კლასს შორის კავშირს? ბ) რა ხელმძღვანელობას ეწევიან ცხებული უხუცესები ღვთის მიწიერ ორგანიზაციაში?
15 რა კავშირია ცხებულ სამღვდელოების კლასსა და უამრავი ხალხიდან ამორჩეულ უხუცესებს შორის, რომლებიც დღეს ზედამხედველებად მსახურობენ? ეზეკიელის ხილვიდან ჩანს, რომ უხუცესებს, რომლებიც უამრავი ხალხის რიგებიდან არიან, დამხმარეებისა და ხელქვეითების როლი აკისრიათ, მაშინ როდესაც ცხებულები სულიერ ხელმძღვანელობას ეწევიან. რა გაგებით? გაიხსენეთ, რომ ხილვაში მღვდლებს ხალხის სულიერი დამოძღვრა დაეკისრათ. მათ დავის დროს მსაჯულების როლიც უნდა შეესრულებინათ. გარდა ამისა, ლევიანები ტაძრის კარიბჭეთა „მცველებადაც“ იყვნენ დანიშნული (ეზეკიელი 44:11, 23, 24). ცხადია, მთავარი უნდა დამორჩილებოდა მღვდლების სულიერ მსახურებასა და მითითებებს. ამიტომ მართებულია, რომ დღეს ცხებულები უწევენ ხელმძღვანელობას წმინდა თაყვანისმცემლობას. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრები სწორედ ცხებულთაგან არიან არჩეული. ასეთი ერთგული ცხებული უხუცესები ათწლეულებია მთავრის მზარდი კლასის მომავალ წევრებს ამზადებენ იმ დროისთვის, როდესაც ისინი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მთელ უფლებამოსილებას მათ გადასცემენ.
16. ესაიას 32:1, 2-ის თანახმად, როგორ უნდა მოქმედებდეს ყველა უხუცესი?
16 როგორი ზედამხედველები არიან მთავრის კლასის მომავალი წევრები, რომელთა პასუხისმგებლობები კიდევ უფრო გაიზრდება? ესაიას 32:1, 2-ის წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და მთავრები სამართლიანად იმთავრებენ. თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“. ეს წინასწარმეტყველება დღეს სრულდება, რადგან ქრისტიანი უხუცესები — როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები — იღვწიან ფარის დასაცავად ისეთ „ავდარში“, როგორიცაა დევნა და სულით დაცემა.
17. როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანი უხუცესები და როგორ უნდა უყურებდნენ მათ სამწყსოს წევრები?
17 სიტყვები „მთავარი“ და „თავადი“, რომლებსაც ებრაულ ენაზე ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს, ადამიანების განსადიდებელ ტიტულებად არ გამოიყენება. პირიქით, ეს სიტყვები იმ მამაკაცების ვალდებულებების აღსაწერად გამოიყენება, რომლებსაც ღვთის ცხვრებზე მზრუნველობა აკისრიათ. იეჰოვა იძლევა მკაცრ გაფრთხილებას: „კმარა, ისრაელის მთავრებო! მოეშვით მძლავრობას და ძარცვას; ქმენით მართალი სამართალი“ (ეზეკიელი 45:9). დღეს კარგი იქნებოდა, ყველა უხუცესს გულთან ახლოს მიეტანა ეს რჩევა (1 პეტრე 5:2, 3). თავის მხრივ, სამწყსოს ესმის, რომ ეს მწყემსები იესომ უბოძა როგორც „ძღვენი ადამიანების სახით“ (ეფესელთა 4:8, აქ). ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაში მოცემულია, თუ როგორები უნდა იყვნენ ისინი (1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:5–9). ამიტომ ქრისტიანები მიჰყვებიან უხუცესების ხელმძღვანელობას (ებრაელთა 13:7).
18. რა პასუხისმგებლობები აკისრია დღეს მომავალ მთავრის კლასს და რა დაეკისრება მომავალში?
18 ბიბლიურ დროში ზოგ მთავარს მეტი უფლება ჰქონდა, ზოგს — ნაკლები. დღეს უხუცესებს უამრავი ხალხის რიგებიდან სხვადასხვაგვარი პასუხისმგებლობები აკისრიათ. ზოგი ერთ კრებას ემსახურება, ხოლო ზოგი, როგორც მიმომსვლელი ზედამხედველი — მრავალს; ერთნი მთელ რიგ ქვეყნებს ემსახურებიან, როგორც ფილიალის კომიტეტის წევრები, ხოლო სხვანი — უშუალოდ ხელმძღვანელი საბჭოს სხვადასხვა კომიტეტს ეხმარებიან. ახალ ქვეყნიერებაში იესო ‘მთელ დედამიწაზე დანიშნავს მთავრებს’, რომლებიც იეჰოვას მიწიერ თაყვანისმცემლებს ხელმძღვანელობას გაუწევენ (ფსალმუნი 44:17). ეჭვგარეშეა, რომ ის მრავალ მათგანს დღევანდელი ერთგული უხუცესებიდან აირჩევს. ვინაიდან ეს მამაკაცები დღეს ამტკიცებენ, რომ ღირსეულები არიან, მომავალში იესო მრავალ მათგანს უფრო მეტ პასუხისმგებლობებს მიანდობს და გვიჩვენებს, თუ რა როლს შეასრულებს მთავრის კლასი ახალ ქვეყნიერებაში.
ღვთის ხალხის „ქვეყანა“ დღეს
19. რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში აღწერილი ქვეყნით?
19 ეზეკიელის ხილვაში ისრაელის აღდგენილი ქვეყანაცაა აღწერილი. რის მაჩვენებელია ეს? აღდგენის შესახებ სხვა წინასწარმეტყველებებში ნათქვამი იყო, რომ ისრაელის ქვეყანა ედემისმაგვარი სამოთხე იქნებოდა (ეზეკიელი 36:34, 35). დღეს ჩვენ ვცხოვრობთ აღდგენილ ‘ქვეყანაში’ და ისიც, გარკვეული გაგებით, ედემისმაგვარია. მსგავსი გაგებით, ხშირად ვლაპარაკობთ ჩვენს სულიერ სამოთხეზე. „საგუშაგო კოშკში“ ჩვენი „ქვეყანა“ აღწერილი იყო როგორც ღვთის რჩეული ხალხის „მოქმედების სფერო“b. სადაც უნდა ცხოვრობდეს იეჰოვას მსახური, ის ამ აღდგენილ ქვეყანაშია მანამდე, ვიდრე ქრისტე იესოს ნაკვალევს მიჰყვება და ცდილობს, დაიცვას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა (1 პეტრე 2:21).
20. რა პრინციპის სწავლა შეიძლება ეზეკიელის ხილვაში ნანახი ‘შეწირული ნაკვეთიდან’ და როგორ შეგვიძლია ამ პრინციპის გამოყენება?
20 რა შეიძლება ითქვას მიწის იმ ნაკვეთზე, რომელსაც ‘შეწირულს’ უწოდებდნენ? ხალხს ეს ნაკვეთი სამღვდელოებისა და ქალაქისთვის უნდა შეეწირა. მსგავსადვე უნდა გაეღო მიწის ნაკვეთი ‘მთელი ქვეყნის ერს’ მთავრებისთვისაც. რას ნიშნავს ეს დღეს? რა თქმა უნდა, არა იმას, რომ ღვთის ხალხს ტვირთად უნდა დააწვეს სამღვდელოების კლასისთვის ხელფასის გადახდა (2 თესალონიკელთა 3:8). დღეს უხუცესებს უმთავრესად სულიერი გაგებით ეხმარებიან. ამაში შედის მსახურებისას დახმარება და თანამშრომლობისა და მორჩილების სულის გამოვლენა. მაგრამ როგორც ეზეკიელის დღეებში, ისე დღესაც ეს შესაწირი ‘იეჰოვასთვის’ (აქ) იწირება და არა ადამიანისთვის (ეზეკიელი 45:1, 7, 16).
21. რის სწავლა შეგვიძლია ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქვეყნის დანაწილების ეპიზოდიდან?
21 აღდგენილ ქვეყანაში ნაკვეთები მხოლოდ მთავრებსა და სამღვდელოებას როდი გამოუყვეს. ქვეყნის დანაწილების სურათი ცხადყოფს, რომ 12 შტოდან თითოეულს თავისი სამკვიდრო ერგო (ეზეკიელი 47:13, 22, 23). ასე რომ, უამრავი ხალხის წარმომადგენლებს არა მარტო სულიერ სამოთხეში აქვთ ადგილი დღეს, არამედ ღვთის სამეფოს მიწიერ სამფლობელოშიც.
22. ა) რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქალაქით? ბ) რას გვასწავლის ის ფაქტი, რომ ქალაქს ყველა მხარეს აქვს კარიბჭეები?
22 და ბოლოს, რა არის წარმოდგენილი ხილვაში ნანახი ქალაქით? ის არ არის ზეციერი ქალაქი, ვინაიდან „საერო“ (ეს ადგილი არ იყო წმინდა) ნაკვეთის შუაში მდებარეობს (ეზეკიელი 48:15–17). ასე რომ, ის რაღაც მიწიერი უნდა იყოს. მაშ, რა არის ქალაქი? ნუთუ ის არ გვკარნახობს აზრს ერთად თავმოყრილი ხალხის შესახებ, რომლებიც რაღაც სტრუქტურის ან ორგანიზაციის სახით არიან გაერთიანებული? დიახ. მაშასადამე, ქალაქი მიუთითებს მიწიერ მმართველობაზე, რომელსაც სარგებლობა მოაქვს ყველასთვის, ვინც დედამიწის სამართლიანი საზოგადოების წევრი ხდება. ის ბოლომდე მოქმედებაში ‘ახალ მიწაზე’ მოვა (2 პეტრე 3:13). ქალაქის ყველა მხარეს არსებული კარიბჭეები, თითო-თითო შტოსთვის, თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ქალაქი ღიაა. დღეს იეჰოვას ხალხს რაღაც ფარული, იდუმალებით მოცული, მმართველობა არ ჰყავს. თავისუფლად შეიძლება პასუხისმგებელ ძმებთან მისვლა; პრინციპები, რომლებითაც ისინი ხელმძღვანელობენ, ყველასთვის კარგად არის ცნობილი. ის ფაქტი, რომ ქალაქის დასახმარებლად მიწას ყველა შტოს წარმომადგენელი ამუშავებს, მოგვაგონებს სხვა ცხვრების მიერ გაწეულ მხარდაჭერას, მატერიალურის ჩათვლით, მთელ მსოფლიოში ღვთის ხალხის სასარგებლოდ გაწეული ღონისძიებისთვის (ეზეკიელი 48:19, 30–34).
23. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
23 რა შეიძლება ითქვას მდინარის შესახებ, რომელიც ტაძრის საწმინდარიდან მოედინება? თუ რას წარმოადგენს ის დღეს და მომავალში, განხილული იქნება ამ სერიის მესამე, ბოლო, სტატიაში.
[სქოლიოები]
a იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“ გვერდი 64, აბზაცი 22, რომელიც გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (ინგლ.).
b იხილეთ ბროშურა „სასწავლო სტატიები“ №10, გვერდი 13.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რა არის წარმოდგენილი ეზეკიელის ხილვაში ნანახი ტაძრით?
◻ ვინ არის წარმოდგენილი ტაძარში მომსახურე მღვდლებით?
◻ რა არის მთავრის კლასი და რა პასუხისმგებლობები აკისრია მას?
◻ რა არის ეზეკიელის ხილვაში ნანახი ქვეყანა და რა გაგებით არის ის 12 შტოში დანაწილებული?
◻ რა არის წარმოდგენილი ქალაქით?
[დიაგრამა⁄რუკა 15 გვერდზე]
[ტექსტი სრულად მოცემულია პუბლიკაციაში]
ეზეკიელის ხილვაში აღწერილი მიწის ნაკვეთები.
თორმეტი შტო
დიდი ზღვა
გალილეის ზღვა
მდინარე იორდანე
მარილოვანი ზღვა
დანი
აშერი
ნაფთალი
მენაშე
ეფრემი
რეუბენი
იუდა
მთავარი
ბენიამინი
სიმონი
ისაქარი
ზებულონი
გადი
[დიაგრამა]
გადიდებული შეწირული ნაკვეთი
ა) იეჰოვა იქ არის (იეჰოვა შამაჰი); ბ) ქალაქის ნაყოფიერი მიწა
ლევიანების წილი
იეჰოვას საწმინდარი
სამღვდელოების წილი
ბ ა ბ