თავი 2
„უკანასკნელ დღეებში“ მსახურება
1, 2. ა) რომელმა ხილვამ შეუქმნა იერემიას წარმოდგენა იმაზე, თუ რა ცნობის გაცხადება მოუწევდა? ბ) რატომ არის საინტერესო ჩვენთვის იერემიას წინასწარმეტყველება?
„რას ხედავ?“ — ჰკითხა ღმერთმა ახლად არჩეულ თავის წინასწარმეტყველს. „ვხედავ ფართოპირიან ქვაბს, — მიუგო ახალგაზრდა იერემიამ, — რომლის პირიც ჩრდილოეთის საპირისპიროდაა მიმართული“. ამ ხილვიდან ნათლად დაინახა იერემიამ, თუ როგორი ცნობის გაცხადება მოუწევდა (წაიკითხეთ იერემიას 1:13—16 ). სიმბოლურ ქვაბს ვიღაც უბერავდა, თუმცა არა იმიტომ, რომ გაეცივებინა, არამედ იმიტომ, რომ ცეცხლი უფრო აეგიზგიზებინა. იეჰოვა ამგვარად წინასწარმეტყველებდა იმ უბედურებებს, რომლებიც მდუღარე ქაფქაფა სითხესავით გადმოიღვრებოდა იუდას მიწაზე მის მკვიდრთა ორგულობის გამო. რატომ ჰქონდა ქვაბს პირი სამხრეთისკენ მიმართული? ეს იმაზე მიუთითებდა, რომ უბედურება ჩრდილოეთიდან მოვიდოდა — ბაბილონი ჩრდილოეთიდან დაესხმოდა ქვეყანას თავს. ეს ასეც მოხდა. წინასწარმეტყველად მსახურების დროს იერემია არაერთხელ გახდა იმის მოწმე, თუ როგორ „გადაეღვარა“ უბედურება ამ მდუღარე ქვაბიდან იუდას, რასაც, საბოლოოდ, იერუსალიმის განადგურებაც მოჰყვა.
2 მართალია, დღეს ბაბილონი აღარ არსებობს, მაგრამ იერემიას წინასწარმეტყველება მაინც საყურადღებოა ჩვენთვის. რატომ? ჩვენ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ, როცა ბევრს თავი ქრისტიანად მოაქვს, სინამდვილეში კი ღმერთი არც მათ იწონებს და არც მათ ეკლესიებს (იერ. 23:20). ჩვენ და ჩვენი თანამორწმუნეები იერემიასავით არა მარტო მომავალ სასამართლო დღეზე ვსაუბრობთ ხალხთან, არამედ დამაიმედებელ ცნობასაც გადავცემთ მათ.
3. ა) რა თანმიმდევრობით არის „იერემია“ დაწერილი? ბ) რა არის ამ თავის მიზანი?
3 როგორც ჩანს, იერემიამ ამ წიგნში აღწერილი მოვლენები მათი განვითარებისთანავე კი არ ჩააწერინა თავის მდივანს, არამედ თავისი წინასწარმეტყველად მსახურების უკანასკნელ პერიოდში (იერ. 25:1—3; 36:1, 4, 32). იერემიამ ეს წიგნი, ძირითადად, თემატურად დაალაგა, ამიტომ მასში ქრონოლოგიური თანმიმდევრობა არ არის დაცული. ასე რომ, თქვენთვის საინტერესო იქნება „იერემიასა“ და „გოდების“ ისტორიული ფონის მოკლე მიმოხილვა და იმის გაგება, თუ რა თანმიმდევრობით ხდებოდა მოვლენები. გადახედეთ მე-19 გვერდზე მოცემულ დიაგრამას. იმის ცოდნა, თუ ვინ როდის მმართველობდა იუდაში და რა მდგომარეობა იყო როგორც იქ, ისე მის გარშემო მდებარე ქვეყნებში, დაგეხმარებათ იერემიას სიტყვებისა და მისი მოქმედების უკეთ გაგებაში. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, უფრო მეტი სარგებლობა მიიღოთ იმ ცნობიდან, რომელიც ღმერთმა იერემიას მეშვეობით გადასცა თავის ხალხს.
ისტორიული ფონი
4—6. რა მდგომარეობაში იყო ღვთის ხალხი ათწლეულების განმავლობაში მანამ, სანამ იერემია წინასწარმეტყველად დაინიშნებოდა?
4 იერემიას საკმაოდ მშფოთვარე პერიოდში მოუწია წინასწარმეტყველება. ასურეთი, ბაბილონი და ეგვიპტე ერთმანეთს მსოფლიო ბატონობაში ეცილებოდნენ. 93 წლით ადრე, ვიდრე იერემია წინასწარმეტყველებას დაიწყებდა, ასურეთმა დაამარცხა ისრაელის ათტომიანი სამეფო და ბევრი ისრაელი გადაასახლა. იმ დროს იეჰოვამ ასურეთის თავდასხმისგან დაიცვა იერუსალიმი და მისი ერთგული მეფე ხიზკია. ალბათ, გახსოვთ, როგორ გაწყვიტა ღმერთმა სასწაულებრივი სახით მტრის ბანაკში 185 000 მეომარი (2 მეფ. 19:32—36). ხიზკიას ერთ-ერთი ვაჟი იყო მენაშე. როგორც ჩანს, იერემია სწორედ მენაშეს 55-წლიანი მეფობის დროს დაიბადა — მაშინ, როცა იუდა ასურეთის გავლენის ქვეშ მოექცა (2 მატ. 33:10, 11).
5 იერემიას დაწერილია „პირველი მეფეები“ და „მეორე მეფეები“. „მეორე მეფეებში“ ვკითხულობთ, რომ მენაშემ მამამისის მიერ განადგურებული მაღლობები აღადგინა. მან იეჰოვას სახლშიც კი აუგო სამსხვერპლოები ბაალსა და ცის ლაშქარს. მენაშემ ბევრი უდანაშაულო სისხლი დაღვარა და საკუთარი ვაჟიც კი მიიყვანა ცრუ ღმერთთან დასაწვავ შესაწირავად. მთლიანობაში „დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში“. ამ დიდი ბოროტების გამო იეჰოვამ გადაწყვიტა, სამარიისა და ისრაელის მსგავსად იერუსალიმისა და იუდასთვისაც დაეტეხა თავს უბედურება (2 მეფ. 21:1—6, 12—16). მენაშეს სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი, ამონი, მამის კვალს გაჰყვა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაეფლო. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ორი წლის შემდეგ, ძვ. წ. 659 წელს, ის მოკლეს და იუდას სამეფო ტახტზე მისი 8 წლის ვაჟი, იოშია ავიდა.
6 იოშიას 31-წლიანი მეფობის პერიოდში ასურეთი უფრო და უფრო სუსტდებოდა, ბაბილონის სამეფო კი ძლიერდებოდა. იოშიამ დაინახა, რომ დადგა დრო იუდას სამეფო ისევ გათავისუფლებულიყო უცხოელი დამპყრობლებისგან. თავისი მამისა და პაპისგან განსხვავებით, იოშია იეჰოვას ერთგული იყო და ქვეყანაში მნიშვნელოვანი რელიგიური რეფორმები გაატარა (2 მეფ. 21:19—22:2). გამეფებიდან მეთორმეტე წელს მან მთელ სამეფოში გაანადგურა მაღლობები, წმინდა ბოძები და კერპები, მოგვიანებით კი იეჰოვას ტაძრის შეკეთების ბრძანება გასცა (წაიკითხეთ 2 მატიანეს 34:1—8). აღსანიშნავია, რომ იერემია ღვთის წინასწარმეტყველად იოშიას მეფობის მეცამეტე წელს (ძვ. წ. 647) დაინიშნა.
რას იგრძნობდით, იერემიას დროს წინასწარმეტყველი რომ ყოფილიყავით?
7, 8. ა) როგორ განსხვავდებოდა იოშიას მმართველობა მისი წინამორბედების, მენაშესა და ამონის მმართველობისგან? ბ) როგორი მეფე იყო იოშია? (იხილეთ ჩარჩო მე-20 გვერდზე).
7 ღვთისმოშიში მეფის, იოშიას, მეფობის მეთვრამეტე წელს, იმ დროს, როცა ტაძრის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მღვდელმთავარმა იპოვა კანონის წიგნი. მეფემ მწერალს სთხოვა, წაეკითხა მისთვის ეს წიგნი. მან აღიარა თავისი ხალხის შეცდომები, იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მისაღებად წინასწარმეტყველ ხულდას მიმართა და ხალხს მოუწოდა, ღვთის კანონებს დამორჩილებოდა. ხულდამ უთხრა იოშიას, რომ იუდეველთა ორგულობის გამო იეჰოვა უბედურებას დაატეხდა მათ თავს. მაგრამ ეს იოშიას სიცოცხლეში არ მოხდებოდა, რადგან ის წმინდა თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობას ავლენდა (2 მეფ. 22:8, 14—20).
8 მეფე იოშიამ კიდევ ერთხელ გაილაშქრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, რათა ბოლომდე აღმოეფხვრა ქვეყნიდან ის. მეფე იმდენად მოწადინებული იყო, რომ ბეთელში არსებული მაღლობიცა და სამსხვერპლოც კი მოსპო, რომელიც ერთ დროს ისრაელის ათტომიან სამეფოს ეკუთვნოდა. მან ასევე ორგანიზება გაუწია იმას, რომ მთელ ხალხს ერთად აღენიშნა პასექის დღესასწაული (2 მეფ. 23:4—25). წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული იქნებოდა იერემია! თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ადვილი არ იქნებოდა ხალხის აღძვრა, ცვლილებები მოეხდინათ ცხოვრებაში. მენაშემ და ამონმა მთელი ერი საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში გახვიეს, რის გამოც ხალხი სულიერად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეფის მიერ გატარებული რეფორმების მიუხედავად, ღმერთმა იერემიას პირით განაცხადა, რომ მათ იმდენი ცრუ ღმერთი ჰყავდათ, რამდენი ქალაქიც ჰქონდათ. წინასწარმეტყველის თანამემამულეები ორგული ცოლივით მოღალატეები იყვნენ — მათ ზურგი აქციეს იეჰოვას და უცხო ღმერთებს გაეკიდნენ. იერემიამ განუცხადა მათ: „რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენ სამსხვერპლოს უდგამთ სამარცხვინოს; დგამთ სამსხვერპლოებს ბაალისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“ (წაიკითხეთ იერემიას 11:1—3, 13).
9. რა მოვლენები ხდებოდა საერთაშორისო არენაზე იოშიას მეფობის ბოლო წლებში?
9 იერემიას გაცხადებულმა ცნობამ ვერც იუდეველები შეცვალა და ვერც გარშემო მყოფი ერები შეაჩერა, რომლებიც თავიანთი გავლენის გაფართოებას ცდილობდნენ იმ მხარეში. ძვ. წ. 632 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ჯარებმა გაანადგურეს ასურეთის დედაქალაქი ნინევე. სამი წლის შემდეგ ეგვიპტის ფარაონი ნექო თავის ჯართან ერთად გაემართა ჩრდილოეთისკენ ალყაში მოქცეული ასურელების დასახმარებლად. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რატომ შეეცადა იოშია ეგვიპტელთა ჯარების უკან გაბრუნებას, რომლებსაც მეგიდოში შეხვდა, თუმცა ის კი წერია, რომ ამ დროს მეფე სასიკვდილოდ დაჭრეს (2 მატ. 35:20—24). როგორ შეცვლიდა ეს ტრაგედია იუდაში პოლიტიკურ და რელიგიურ მდგომარეობას? რა ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა იერემია?
იუდაში ვითარება იცვლება
10. ა) რით ჰგავს იოშიას სიკვდილის შემდგომი პერიოდი ჩვენს დროს? ბ) რას ვსწავლობთ იერემიასგან?
10 წარმოიდგინეთ, რა რეაქცია ექნებოდა იერემიას, როცა გაიგებდა, რომ იოშია მოკვდა. დამწუხრებული წინასწარმეტყველი მოთქვამდა და სამგლოვიარო სიმღერებით დასტიროდა მეფეს (2 მატ. 35:25). მსოფლიო არასტაბილური პოლიტიკური ვითარება იუდაზეც აისახებოდა და ისედაც რთულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებდა. დაპირისპირებული მხარეები — ეგვიპტე, ასურეთი და ბაბილონი — იმ მხარის გასაკონტროლებლად სხვადასხვა ხრიკს იყენებდნენ. იუდაში რელიგიური ვითარება იოშიას სიკვდილისთანავე შეიცვალა — დამთავრდა იერემიას მსახურებისთვის ხელსაყრელი ხანა და დამყარდა რეჟიმი, რომელიც მის მოღვაწეობას უკიდურესად გაართულებდა. ჩვენს დროშიც ბევრმა ჩვენმა თანამორწმუნემ იხილა მსგავსი ცვლილება. საკმაოდ დიდი თავისუფლება, რომელიც მათ ერთ დროს თაყვანისმცემლობისთვის ჰქონდათ, მოულოდნელად დევნამ და აკრძალვებმა შეცვალა. ვინ იცის ხვალ რომელი ჩვენგანი აღმოჩნდება მსგავს სიტუაციაში? როგორ შეიძლება იმოქმედოს ამან ჩვენზე? რის გაკეთება გვმართებს ერთგულების შესანარჩუნებლად? ამ კითხვებზე დაფიქრება და იმის განხილვა, თუ როგორ უმკლავდებოდა იერემია სირთულეებს, პრობლემებთან შესახვედრად მოგვამზადებს.
11. როგორ განვითარდა მოვლენები იუდაში იოშიას სიკვდილის შემდეგ?
11 იუდას ხალხმა იერუსალიმში მეფის ტახტზე იოშიას ვაჟი, იეჰოახაზი აიყვანა. იეჰოახაზმა, რომელიც შალუმადაც იყო ცნობილი, მხოლოდ სამი თვე იმეფა. ბაბილონელების წინააღმდეგ გალაშქრების შემდეგ უკან დაბრუნებულმა ფარაონმა ნექომ ტახტიდან ჩამოაგდო ახალი მეფე და ეგვიპტეში წაიყვანა. იერემიამ იეჰოახაზზე თქვა, რომ ის ვეღარ დაბრუნდებოდა სამშობლოში (იერ. 22:10—12; 2 მატ. 36:1—4). იეჰოახაზის ნაცვლად ნექომ იოშიას სხვა ვაჟი, იეჰოიაკიმი გაამეფა. სამწუხაროდ, იეჰოიაკიმი თავისი მამის კვალს არ გაჰყვა და არც მისი დაწყებული რეფორმების გატარება განაგრძო. პირიქით, ის თავგამოდებული კერპთაყვანისმცემელი გახდა (წაიკითხეთ 2 მეფეების 23:36, 37 ).
12, 13. ა) როგორი რელიგიური ვითარება იყო იუდაში იეჰოიაკიმის მმართველობის დასაწყისში? ბ) როგორ მოექცნენ რელიგიური წინამძღოლები იერემიას?
12 ახალი გამეფებული იყო იეჰოიაკიმი, როდესაც იეჰოვამ იერემიას უთხრა, წასულიყო ტაძარში და იუდეველები ბოროტებაში ემხილებინა. იუდეველები ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას ტაძარი მათ უბედურებისგან თილისმასავით დაიცავდა. მაგრამ, თუ ისინი არ მოიშლიდნენ ქურდობას, კაცის კვლას, მრუშობას, ცრუდ დაფიცებას, ბაალისთვის შესაწირავის აბოლებას და სხვა ღმერთების მიყოლას, იეჰოვა თავის ტაძარს მიატოვებდა. ის ისევე მიატოვებდა თვალთმაქც თაყვანისმცემლებს, როგორც ეს მღვდელმთავარ ელის დროს გააკეთა, როცა თაყვანისმცემლობის კარავი შილოში იდგა. როგორც იერემიამ იწინასწარმეტყველა იუდას განადგურება გარდაუვალი იყო (იერ. 7:1—15, 34; 26:1—6).a წარმოიდგინეთ, როგორი სიმამაცე სჭირდებოდა იერემიას ამ ცნობის გასაცხადებლად! როგორც ჩანს, მას ამის გაკეთება საჯაროდ უწევდა, თანაც გამოჩენილი და გავლენიანი ხალხის წინაშე. დღესაც ბევრ ჩვენს და-ძმას უწევს გამბედაობის მოკრება, რათა ქუჩაში იქადაგონ ან გავლენიან თუ მდიდარ ხალხს გააცნონ ჭეშმარიტება. ერთი რამ ცხადია: ღმერთი ისევე დაგვეხმარება, როგორც თავის დროზე იერემიას დაეხმარა (ებრ. 10:39; 13:6).
13 თუ გავითვალისწინებთ იუდაში არსებულ პოლიტიკურ და რელიგიურ ვითარებას, როგორ მოექცეოდნენ რელიგიური წინამძღოლები იერემიას მისი სიტყვის მოსმენის შემდეგ? თვითონ იერემია ამას ასე აღწერს: «შეიპყრეს ის [იერემია] მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა და მთელმა ხალხმა და უთხრეს: „მოსაკლავი ხარ!“». ისინი განრისხებულები ყვიროდნენ: „ეს კაცი სიკვდილს იმსახურებს“ (წაიკითხეთ იერემიას 26:8—11 ). საბედნიეროდ, მათი განზრახვა არ შესრულდა, რადგან იეჰოვა იყო თავის წინასწარმეტყველთან და იხსნა ის. მართალია, იერემიას მოწინააღმდეგეები ძლიერები და რიცხობრივად ბევრნი იყვნენ, მაგრამ ის შიშმა ვერ შეაჩერა. მის მსგავსად არც თქვენ უნდა დაგრიოთ ხელი შიშმა.
როგორი განსხვავებული ვითარება იყო იუდაში მენაშეს, ამონისა და იოშიას მეფობის დროს? პირადად თქვენთვის რატომ არის საყურადღებო ის, თუ როგორ შეხვდა იერემია რთულ დავალებას?
„დაწერე . . . ყველა სიტყვა“
14, 15. ა) რა საქმეს შეუდგნენ იერემია და მისი მწერალი, ბარუქი, იეჰოიაკიმის მეფობის მეოთხე წელს? ბ) როგორი პიროვნება იყო იეჰოიაკიმი? (იხილეთ ჩარჩო 25-ე გვერდზე).
14 იეჰოაკიმის მეფობის მეოთხე წელს იეჰოვამ იერემიას დაავალა ჩაეწერა ყველა ის სიტყვა, რაც იოშიას მეფობიდან მოყოლებული მისთვის ჰქონდა ნათქვამი. იერემიამ ყველა სიტყვა, რაც კი ღვთისგან 23 წლის განმავლობაში ჰქონდა მოსმენილი, თავის მწერალს, ბარუქს უკარნახა. იეჰოვას განაჩენი მთლიანობაში დაახლოებით 20 მეფესა და სამეფოს ეხებოდა. იერემიამ უბრძანა ბარუქს, რომ ღვთის სახლში ხმამაღლა წაეკითხა ეს გრაგნილი. რა იყო ამის მიზანი? „იქნებ მოისმინოს იუდას სახლმა, რა უბედურების დატეხვას ვუპირებ, — თქვა იეჰოვამ, — რომ მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, რათა ვაპატიო დანაშაული და ცოდვა“ (იერ. 25:1—3; 36:1—3).
15 ეს გრაგნილი სამეფო კარის მოხელემ წაუკითხა იეჰოიაკიმს, მან კი დაჭრა ის და ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ მეფემ ბრძანა, იერემია და ბარუქი მისთვის მიეგვარათ, „მაგრამ იეჰოვა მალავდა მათ“ (წაიკითხე იერემიას 36:21—26 ). მეფე იმდენად გაბოროტებული იყო, რომ იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით მასზე ასეთი რამ თქვა: „მამალი ვირივით დაიმარხება ის — წაათრევენ და იერუსალიმის კარიბჭეებს იქით გადააგდებენ“ (იერ. 22:13—19). დაუჯერებლად ხომ არ მიიჩნევდნენ იერემიას სიტყვებს მსმენელები?
16. რა დამაიმედებელ ცნობას აცხადებდა იერემია?
16 მართალია, იერემია განაჩენს აცხადებდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ის უბედურების მაუწყებელი წინასწარმეტყველი იყო, რადგან დამაიმედებელ ცნობასაც აცნობდა ხალხს. ის ამბობდა, რომ იეჰოვა ისრაელის დარჩენილ ნაწილს მტრის ხელიდან დაიხსნიდა და თავიანთ ქვეყანაში დააბრუნებდა, სადაც ისინი უსაფრთხოდ იცხოვრებდნენ; ღმერთი ახალ, „სამარადისო შეთანხმებას“ დაუდებდა თავის ხალხს და თავის კანონს გულებში ჩაუწერდა; აპატიებდა მათ შეცდომებს და ცოდვებს აღარ გაუხსენებდა. უფრო მეტიც, ის დაჰპირდა, რომ დავითის შთამომავალი „სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა ამ მიწაზე“ (იერ. 31:7—9; 32:37—41; 33:15). ეს წინასწარმეტყველებები მომდევნო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში უნდა შესრულებულიყო. ზოგიერთი მათგანი დღესაც სრულდება, პირადად ჩვენ გვეხება და მარადიული სიცოცხლის იმედს გვაძლევს. მაგრამ თუ ისევ იერემიას დროს დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ იუდას მტრები კვლავ მის დაპყრობას ლამობდნენ (წაიკითხეთ იერემიას 31:31, 33, 34; ებრაელების 8:7—9; 10:14—18).
ბაბილონის აღზევება
17, 18. რა მოვლენები განვითარდა მაშინდელ მსოფლიოში იეჰოიაკიმის მეფობის ბოლო წლებში და ციდკიას მეფობის დროს?
17 ძვ. წ. 625 წელს ბაბილონელებსა და ეგვიპტელებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა ქარხემიშში, მდინარე ევფრატთან ახლოს, რომელიც იერუსალიმიდან ჩრდილოეთით 600 კილომეტრში მდებარეობდა. ნაბუქოდონოსორმა ფარაონ ნექოს ჯარები დაამარცხა, რის შედეგადაც ეგვიპტელთა ბატონობას ამ მხარეში წერტილი დაესვა (იერ. 46:2). ახლა იუდა უკვე ნაბუქოდონოსორის გავლენის ქვეშ მოექცა და იეჰოიაკიმი მისი ვასალი გახდა. მაგრამ სამი წლის შემდეგ მეფე აჯანყდა (2 მეფ. 24:1, 2). ამის საპასუხოდ ძვ. წ. 618 წელს ნაბუქოდონოსორი თავისი ჯარით შეიჭრა იუდაში და იერუსალიმს ალყა შემოარტყა. წარმოიდგინეთ, რა საშინელი დრო იქნებოდა ეს ღვთის წინასწარმეტყველ იერემიასთვისაც კი. როგორც ჩანს, იეჰოაკიმი ამ ალყის დროს დაიღუპა.b მისმა ვაჟმა, იეჰოიაქინმა, მხოლოდ სამი თვე იმეფა და ბაბილონელებს ჩაჰბარდა. ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი გაძარცვა, იეჰოიაქინი, მეფის ოჯახი, იუდას დიდგვაროვნები, მეომრები და ხელოსნები კი ტყვედ წაასხა. ამ ტყვეებს შორის იყვნენ დანიელი, ხანანია, მიშაელი და აზარია (2 მეფ. 24:10—16; დან. 1:1—7).
18 ნაბუქოდონოსორმა იუდას მეფედ ამჯერად იოშიას კიდევ ერთი ვაჟი, ციდკია დანიშნა. ის დავითის საგვარეულოდან ბოლო მეფე იყო, რომელიც იერუსალიმში იმეფებდა. მისი მეფობა მაშინ დასრულდა, როცა ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი გაანადგურეს (2 მეფ. 24:17). იუდაში ციდკიას 11-წლიანი მეფობა სოციალური და პოლიტიკური არასტაბილურობით ხასიათდება, რაც სხვა ერებთან დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა. აშკარაა, რომ იერემია ბოლომდე უნდა მინდობოდა მას, ვინც ის წინასწარმეტყველად დანიშნა.
19. როგორ რეაგირებდა ხალხი იერემიას ქადაგებაზე და რატომ არის ეს ჩვენთვის საყურადღებო?
19 წარმოიდგინეთ საკუთარი თავი იერემიას ადგილას. იოშიას სიკვდილის შემდეგ ის პოლიტიკური არასტაბილურობისა და ღვთის ხალხის სულიერი მდგომარეობის დაკნინების მოწმე გახდა. თუმცა მან იცოდა, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდებოდა. თანაქალაქელები ეუბნებოდნენ იერემიას: „ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით, ჩვენი ხელით რომ არ მოკვდე“ (იერ. 11:21). მაშინაც კი, როცა მისი წინასწარმეტყველებები შესრულდა, იუდეველები მაინც თავისაზე იდგნენ: „არ მოვისმენთ სიტყვას, რომელსაც იეჰოვას სახელით გვეუბნები“ (იერ. 44:16). მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. იგივე მდგომარეობაა დღესაც. იერემიას მსგავსად ჩვენც იეჰოვას ცნობას ვაცხადებთ. ამიტომ იმაზე დაფიქრება, თუ როგორ დაიცვა იეჰოვამ თავისი წინასწარმეტყველი იმ რთულ პერიოდში, რომელსაც იერუსალიმის დაცემა მოჰყვა, მსახურებისადმი ენთუზიაზმს გაგვიორკეცებს.
როგორ რეაგირებდა იერემია სხვადასხვა სიტუაციაში იეჰოიაკიმის მეფობის დროს და რას ვსწავლობთ აქედან? იერემიას მიერ წარმოთქმული რომელი წინასწარმეტყველება სრულდება ჩვენს დროში?
იუდას სამეფოს ბოლო დღეები
20. რატომ იყო იერემიასთვის განსაკუთრებით რთული ციდკიას მეფობის პერიოდი? (იხილეთ ჩარჩო 29-ე გვერდზე).
20 ალბათ ციდკიას მეფობის დრო ყველაზე რთული პერიოდი იყო იერემია წინასწარმეტყველისთვის. თავისი წინამორბედების მსგავსად ციდკიაც „ბოროტებას სჩადიოდა . . . იეჰოვას თვალში“ (იერ. 52:1, 2). ის ბაბილონელებს ემორჩილებოდა და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოვას სახელით დააფიცა, რომ მისი მორჩილი ყოფილიყო. თუმცა ციდკია მოგვიანებით მაინც აჯანყდა. მტრები იერემიას აიძულებდნენ, რომ ისიც ბაბილონელების წინააღმდეგ გამოსულიყო (2 მატ. 36:13; ეზეკ. 17:12, 13).
21—23. ა) რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს იუდეველები ციდკიას მეფობის დროს? ბ) როგორ მოექცნენ იერემიას თავისი სიმტკიცის გამო და რატომ არის ეს თქვენთვის საყურადღებო?
21 სავარაუდოდ, ციდკიას მეფობის დასაწყისში იერუსალიმში ედომის, მოაბის, ამონის, ტვიროსისა და სიდონის მეფეების მაცნეები ჩავიდნენ. როგორც ჩანს, მათი მიზანი ციდკიას დაყოლიება იყო, რომ მათთან ერთად გამოსულიყო ნაბუქოდონოსორის წინააღმდეგ. იერემიამ ურჩია მეფეს, ბაბილონის მორჩილი დარჩენილიყო და მაცნეებს თოკები და უღელი მისცა იმის დასანახვებლად, რომ მათი ხალხიც ბაბილონის მონობაში აღმოჩნდებოდა (იერ. 27:1—3, 14).c მაგრამ იერემიას რჩევა არავისთვის აღმოჩნდა მოსაწონი. მის მსახურებას ისიც ართულებდა, რომ ცრუწინასწარმეტყველი ხანანია, თითქოს და, ღვთის სახელით აცხადებდა, რომ ბაბილონის მონობის უღელი უნდა გადაეგდოთ. მაგრამ იეჰოვამ იერემიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ თვითმარქვია ხანანია ერთ წელიწადში ცოცხალი აღარ იქნებოდა, და ეს ასეც მოხდა (იერ. 28:1—3, 16, 17).
22 იუდას ხალხი ორ ბანაკად გაიყო — ერთნი ბაბილონის მორჩილების მომხრენი იყვნენ, მეორენი კი — აჯანყების. ძვ. წ. 609 წელს ციდკია მართლაც აჯანყდა და ეგვიპტეს დახმარება სთხოვა. ადვილი არ იყო იერემიასთვის პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალულ საზოგადოებაში ქადაგება (იერ. 52:3; ეზეკ. 17:15). დაბრუნდა ნაბუქოდონოსორი თავისი ჯარებით იუდაში აჯანყების ჩასახშობად, დაიპყრო იუდას ქალაქები და კვლავ ალყა შემოარტყა იერუსალიმს. სწორედ ამ დროს იერემიამ ციდკიასა და მის ხალხს განუცხადა, რომ ბაბილონელები იერუსალიმს აიღებდნენ და ყველა, ვინც ქალაქში დარჩებოდა, დაიღუპებოდა, ხოლო, ვინც ქალდეველებს ჩაჰბარდებოდა, ცოცხალი გადარჩებოდა (წაიკითხეთ იერემიას 21:8—10; 52:4 ).
23 იუდას მთავრები ამბობდნენ, რომ იერემია ბაბილონელების შეგზავნილი კაცი იყო. იმის საშუალებაც კი არ მისცეს იერემიას, რომ თავი ემართლებინა; თავს დაესხნენ, შეიპყრეს და საპატიმროში ჩასვეს (იერ. 37:13—15). ასეთი მოპყრობის მიუხედავად, იერემიას არ შეურბილებია იეჰოვას ცნობა. მთავრებმა წააქეზეს ციდკია, მოეკლა იერემია. მათ წინასწარმეტყველი ამომშრალ ჭაში ჩააგდეს, სადაც ნელ-ნელა ეფლობოდა ტალახში, მაგრამ მეფის კარზე მომსახურე ეთიოპმა ებედ-მელექმა გადაარჩინა ის (იერ. 38:4—13). ჩვენს დროშიც არაერთხელ აღმოჩენილა იეჰოვას ხალხი მსგავს მდგომარეობაში პოლიტიკურ დაპირისპირებებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო. ასეთ განსაცდელებთან შესახვედრად და მათ ასატანად სწორედ იერემიას მაგალითი მოგამზადებთ.
24. რა მოხდა ძვ. წ. 607 წელს?
24 ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმის გალავანი გაარღვიეს და ქალაქი დაეცა. ნაბუქოდონოსორის ჯარებმა იეჰოვას ტაძარი გადაწვეს, ქალაქის გალავანი დაანგრიეს და იუდას მთავრები გაჟლიტეს. ციდკიამ გაქცევა სცადა, თუმცა მალევე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს. მან ციდკიას ვაჟები თვალწინ დაუხოცა, თვითონ მას კი თვალები დასთხარა და ბორკილდადებული ბაბილონისკენ მიმავალ გზას გაუყენა (იერ. 39:1—7). შესრულდა იუდასა და იერუსალიმზე ნათქვამი იერემიას სიტყვები. მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველს არ ახარებდა თავისი ხალხის უბედურება; ის გლოვობდა, როცა მათ ტანჯვას ხედავდა. თუ რას გრძნობდა წინასწარმეტყველი, ბიბლიის წიგნ „გოდებიდან“ ვიგებთ. ეს წიგნი ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს.
მსახურება დარჩენილ იუდეველთა შორის
25, 26. ა) რა მოხდა იერუსალიმის დაცემის შემდეგ? ბ) რა რეაქცია ჰქონდათ იუდეველებს იერუსალიმის დაცემის შემდეგ იერემიას ქადაგებაზე?
25 რა მდგომარეობაში იყო იერემია ამ არეულობის დროს? იერუსალიმის მთავრებს ის საპატიმროში ჰყავდათ, ბაბილონელები კი კეთილად მოექცნენ და გაათავისუფლეს. მოგვიანებით იერემია ბაბილონისკენ მიმავალ ტყვეებს შორის აღმოჩნდა, თუმცა ის იქიდანაც გაათავისუფლეს. წინასწარმეტყველს ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა გასაკეთებელი; მას გადარჩენილებისთვის უნდა ექადაგა. ნაბუქოდონოსორმა დაპყრობილი ტერიტორიების გამგებლად გედალია დანიშნა და იმ მიწაზე დარჩენილ იუდეველებს მორჩილების შემთხვევაში მშვიდობას დაჰპირდა. მაგრამ რამდენიმე იუდეველმა გედალიას წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყო და მოკლა ის (იერ. 39:13, 14; 40:1—7; 41:2). იერემიამ მოუწოდა იუდეველებს, იმ მიწაზე დარჩენილიყვნენ და ბაბილონის მეფის შიში არ ჰქონოდათ. მაგრამ მათმა წინამძღოლებმა მას მატყუარა უწოდეს, ეგვიპტეში გაიქცნენ და თანაც იერემია და ბარუქიც აიძულეს მათთან ერთად წასულიყვნენ. იერემიამ იწინასწარმეტყველა, რომ ნაბუქოდონოსორის ხელი იქაც მისწვდებოდა მათ, დაიპყრობდა ეგვიპტეს და იუდეველ ლტოლვილებს გაანადგურებდა (იერ. 42:9—11; 43:1—11; 44:11—13).
26 მისმა თანამემამულეებმა არც ამჯერად მოისმინეს ღვთის სიტყვა. მიზეზი რა იყო? ისინი ამას შემდეგი სიტყვებით ხსნიდნენ: „მას მერე, რაც ცის დედოფალს აღარ ვუბოლებთ შესაწირავს და აღარ ვუღვრით დასაღვრელ შესაწირავს, ყველაფერი მოგვაკლდა და მახვილითა და შიმშილით ვიხოცებით“ (იერ. 44:16, 18). ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს, თუ როგორი დაკნინებული იყო იერემიას თანამემამულეების სულიერი მდგომარეობა. მეორეს მხრივ, გამამხნევებელია იმის დანახვა, რომარასრულყოფილ ადამიანს შეუძლია, დარჩეს იეჰოვას ერთგული მაშინაც კი, როცა მის ირგვლივ რწმენას არავინ ავლენს.
27. რა ვიცით იერემიას წინასწარმეტყველად მსახურების ბოლო წლების შესახებ?
27 ბოლო მოვლენა, რასაც იერემია თავის წიგნში აღწერს, ნაბუქოდონოსორის მემკვიდრის, ევილ-მეროდაქის მიერ ძვ. წ. 580 წელს იეჰოიაქინის საპყრობილიდან გათავისუფლებაა (იერ. 52:31—34). ამ დროს იერემია დაახლოებით 90 წლის უნდა ყოფილიყო. ჩვენ არა გვაქვს ზუსტი ცნობები მისი სიცოცხლის ბოლო წლების შესახებ, თუმცა მან, როგორც ჩანს, ეს წლები ეგვიპტეში გაატარა და იეჰოვას წინასწარმეტყველად, სავარაუდოდ, 67 წლის მსახურების შემდეგ ერთგული მოკვდა. მას მსახურება მოუწია მაშინ, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა ყვაოდა და მაშინაც, როცა მრავალი წლის განმავლობაში განდგომილება მძვინვარებდა. ზოგი ღვთისმოშიში ადამიანი უსმენდა მას, თუმცა უმრავლესობა არაფრად აგდებდა მის ცნობას და ძლიერ წინააღმდეგობასაც უწევდა. ნიშნავს ეს იმას, რომ იერემიამ, როგორც წინასწარმეტყველმა, მარცხი განიცადა? არავითარ შემთხვევაში! იერემიას მსახურების დასაწყისშივე იეჰოვამ უთხრა მას: „შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ“ (იერ. 1:19). დავალება, რომელიც დღეს ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს გვაქვს, ძალიან ჰგავს იერემიას დავალებას. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ხალხის რეაქციაც ისეთივე იქნება, როგორც იერემიას დროს (წაიკითხეთ მათეს 10:16—22). აქედან გამომდინარე, რას ვსწავლობთ იერემიასგან და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მსახურებისადმი? მოდი, გავიგოთ ამ კითხვებზე პასუხი.
რა დაემართათ ციდკიასა და მის ხალხს, რომლებმაც იერემიას გაფრთხილება არ იღეს ყურად? რას ფიქრობთ იერემიაზე?
a იერემიას 7:1—15-სა და 26:1—6-ს შორის არსებულმა მსგავსებამ ზოგი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ორივე მონაკვეთი ერთი და იმავე შემთხვევას ეხება.
b დანიელის 1:1, 2-ის თანახმად ღმერთმა იეჰოიაკიმი გამეფებიდან მესამე წელს ჩაუგდო ხელში ნაბუქოდონოსორს. როგორც ჩანს, აქ მისი ვასალად ყოფნის მესამე წელი იგულისხმება. ეს შეიძლება იმაზე მიუთითებდეს, რომ იეჰოიაკიმი ალყის დროს დაიღუპა, როდესაც ნაბუქოდონოსორმა აჯანყება ჩაახშო. იოსებ ფლავიუსი ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორმა მოაკვლევინა იეჰოიაკიმი, მისი ცხედარი იერუსალიმის გარეთ დააგდებინა და დაკრძალვაც არ აღირსა, თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ როგორ შესრულდა იეჰოიაკიმის სიკვდილთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება (იერ. 22:18, 19; 36:30).
c შესაძლოა, გადამწერის შეცდომაა, რომ იერემიას 27:1-ში იეჰოიაკიმია მოხსენიებული, რადგან მე-3 და მე-12 მუხლები ციდკიაზე საუბრობენ.