ბიბლიის წიგნი 27 — დანიელი
დამწერი: დანიელი
დაწერის ადგილი: ბაბილონი
წერა დასრულდა: დაახლ. ძვ. წ. 536
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 618 — დაახლ. ძვ. წ. 536
1. რას მოგვითხრობს „დანიელი“ და რაზე ამახვილებს ყურადღებას?
დედამიწის ყველა ერს განადგურება ელის. დანიელის წიგნი ყურადღებას ამახვილებს მეტად მნიშვნელოვან წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც მათ ეხება. სამუელის, მეფეებისა და მატიანეს წიგნებში თვითმხილველებმა ღვთის მიწიერი სამეფოს (დავითის დინასტია) ისტორია ჩაწერეს, დანიელმა კი ყურადღება დედამიწის სხვა ერებზე გაამახვილა და წინასწარ აღწერა, როგორ იბრძოლებდნენ ძლევამოსილი დინასტიები ძალაუფლებისთვის „უკანასკნელ დრომდე“. მან წინასწარ დაწერა მსოფლიო ისტორია. დანიელის წიგნს იმ ამაღელვებელ მოვლენებამდე მივყავართ, რომლებიც „უკანასკნელ დღეებში“ ხდება. ნაბუქოდონოსორის მსგავსად, ერები მხოლოდ მწარე გამოცდილებით მიხვდებიან, რომ „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე“ და თავის სამეფოს „კაცის ძის მსგავსს“, მესიასა და წინამძღოლს, ქრისტე იესოს გადასცემს (დან. 12:4; 10:14; 4:25; 7:13, 14; 9:25; იოან. 3:13—16). თუ დავუკვირდებით დანიელის ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველებების შესრულებას, უკეთ დავინახავთ, რომ იეჰოვას შეუძლია წინასწარ განჭვრიტოს მომავალი და მეტად დავაფასებთ იმას, რომ იეჰოვა მფარველობასა და კურთხევებს ჰპირდება თავის ხალხს (2 პეტ. 1:19).
2. რა ადასტურებს, რომ დანიელი რეალური პიროვნება იყო და რომელ წლებში წინასწარმეტყველებდა ის?
2 წიგნი თავისი დამწერის სახელს ატარებს. „დანიელი“ (ებრაულად „დანიიელ“) ნიშნავს „ღმერთი ჩემი მოსამართლეა“. ეზეკიელი, რომელიც იმავე პერიოდში ცხოვრობდა, დანიელს ნოესა და იობთან ერთად მოიხსენიებს, რითაც ადასტურებს, რომ ის რეალური პიროვნება იყო (ეზეკ. 14:14, 20; 28:3). დანიელი თხრობას იწყებს „იუდას მეფე იეჰოიაკიმის მეფობის მესამე წელს“ მომხდარი მოვლენების აღწერით. ეს იყო ძვ. წ. 618 წელი, იეჰოიაკიმის, როგორც ნაბუქოდონოსორის მოხარკე მეფის, მეფობის მესამე წელიa. დანიელს წინასწარმეტყველური ხილვები კიროსის მეფობის მესამე წლამდე ანუ ძვ. წ. 536 წლამდე ჰქონდა (დან. 1:1; 2:1; 10:1, 4). დანიელის სიცოცხლის წლები მოვლენებით იყო აღსავსე. ბავშვობა მან ღვთის სამეფოში, იუდაში, გაატარა. მოზარდი დანიელი სხვა წარჩინებულ იუდეველებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს. ის შეესწრო ბიბლიის ისტორიაში მესამე მსოფლიო მპყრობლის აღმავლობასა და დაცემას. დანიელი მეოთხე მსოფლიო მპყრობლის, მიდია-სპარსეთის დროსაც სახელმწიფო მოხელე იყო. მან დაახლოებით ასი წელი იცოცხლა.
3. რა ადასტურებს „დანიელის“ კანონიკურობასა და უტყუარობას?
3 დანიელის წიგნი ყოველთვის შედიოდა ღვთისგან შთაგონებული წერილების ებრაულ ნუსხაში. მისი ფრაგმენტები აღმოაჩინეს მკვდარი ზღვის ხელნაწერებში სხვა კანონიკურ წიგნებთან ერთად, რომელთაგან ზოგიერთი ძვ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. თუმცა წიგნის უტყუარობის უფრო მნიშვნელოვანი მტკიცება ის არის, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ის არაერთხელ მოიხსენიება. იესომ სახელით მოიხსენია დანიელი „ქვეყნიერების აღსასრულთან“ დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში და რამდენიმე ციტატა მოიყვანა მისი წიგნიდან (მათ. 24:3; იხილეთ აგრეთვე დან. 9:27; 11:31 და 12:11 — მათ. 24:15 და მარკ. 13:14; დან. 12:1 — მათ. 24:21; დან. 7:13, 14 — მათ. 24:30).
4, 5. როგორ გააბათილა არქეოლოგიამ დანიელის შესახებ ბიბლიის კრიტიკოსების განაცხადები?
4 ბიბლიის კრიტიკოსებმა ეჭვქვეშ დააყენეს დანიელის წიგნის ისტორიული სიზუსტე, მაგრამ წლების მანძილზე მოპოვებულმა არქეოლოგიურმა მასალამ სრულად გააბათილა მათი მტკიცებები. მაგალითად, ისინი აკრიტიკებდნენ დანიელის ნათქვამს, რომ ბაბილონში ბელშაცარი მეფობდა, რადგან ისტორიულად ცნობილი იყო, რომ იმ დროს ქვეყანას ნაბონიდი განაგებდა (დან. 5:1). თუმცა დღეისთვის არქეოლოგიურად არის დადასტურებული, რომ ბელშაცარი ნამდვილად არსებობდა და ბაბილონის იმპერიის ბოლო წლებში ნაბონიდის თანამმართველი იყო. მაგალითად, ძველი ლურსმული ტექსტიდან, რომელიც „ნაბონიდის პოემად“ არის ცნობილი, ნათლად ჩანს, რომ ბელშაცარი ბაბილონში მეფური ძალაუფლებით იყო აღჭურვილი. ამ ტექსტიდან ასევე ვიგებთ, თუ როგორ გახდა ის ნაბონიდის თანამმართველიb. სხვა ლურსმული წარწერებიც მხარს უჭერს იმ აზრს, რომ ბელშაცარი მეფის მოვალეობას ასრულებდა. ფილაზე, რომელიც ნაბონიდის მეფობის მე-12 წლით თარიღდება, დაწერილია მეფე ნაბონიდისა და მეფის ძის, ბელშაცარის სახელით დადებული ფიცი, რაც ცხადყოფს, რომ ბელშაცარსა და მამამისს ერთნაირი მდგომარეობა ეკავათc. სწორედ ამით იხსნება, რატომ შესთავაზა ბელშაცარმა დანიელს „სამეფოში მესამე კაცად“ გახდომა, თუ კედლის წარწერის მნიშვნელობას ახსნიდა. პირველ კაცში ნაბონიდი იგულისხმებოდა, მეორეში — ბელშაცარი, მესამე კი დანიელი იქნებოდა (5:16, 29). ერთი მკვლევარი ამბობს: „ლურსმულ წარწერებში ბელშაცარის მოხსენიებამ ნათელი მოჰფინა მის როლს და მისი ადგილი ნათლად გამოიკვეთა ისტორიაში. მრავალი ტექსტიდან ჩანს, რომ ბელშაცარი თითქმის ნაბონიდის თანასწორი მდგომარეობითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. აღიარებული ფაქტია, რომ ახალბაბილონური იმპერიის ბოლო წლებში ორი მმართველის არსებობა უცხო არ იყო. ნაბონიდი იმპერიას უძღვებოდა თემადან (არაბეთი), ხოლო ბელშაცარი, მისი თანამმართველი, ქალაქ ბაბილონიდან განაგებდა ქვეყანას. აშკარაა, რომ ბელშაცარი უძლური მეფისნაცვალი კი არა, ძალაუფლებით აღჭურვილი მეფე იყო“d.
5 ზოგიერთები ცდილობდნენ, ეჭვქვეშ დაეყენებინათ გავარვარებული ღუმლის შესახებ დანიელის მონათხრობი (თავი 3). ისინი აცხადებდნენ, რომ ეს შეთხზული ამბავი იყო. ძველბაბილონურ წერილში ნათქვამია: «ასე ამბობს შენი მბრძანებელი რიმ-სინი: „რადგან მან ჭაბუკი მონა ჩააგდო ღუმელში, შენც ჩააგდე მონა ღუმელში“». ამასთან დაკავშირებით გ. დრაივერმა აღნიშნა, რომ ასეთი სასჯელი «მოიხსენიება მოთხრობაში „სამ წმინდა კაცზე“ (დან. III 6, 15, 19—27)»e.
6. რა ნაწილებისგან შედგება დანიელის წიგნი?
6 ებრაელებმა დანიელის წიგნი წერილებს მიაკუთვნეს და არა წინასწარმეტყველებს. ქართულ ბიბლიებში ბერძნული სეპტუაგინტისა და ლათინური ვულგატის ნუსხის თანამიმდევრობაა დაცული და დანიელის წიგნი დიდ და მცირე წინასწარმეტყველებს შორის არის მოთავსებული. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში (თავები 1—6) ქრონოლოგიური თანამიმდევრობითაა მოთხრობილი ძვ. წ. 617 წლიდან ძვ. წ. 538 წლამდე დანიელისა და მისი მეგობრების თავგადასავალი სამეფო კარზე (დან. 1:1, 21). მეორე ნაწილი (თავები 7—12) პირველ პირშია დაწერილი და მოგვითხრობს ხილვებისა და ანგელოზებთან საუბრების შესახებ, რომლებიც დანიელს დაახლოებით ძვ. წ. 553—536 წლამდე ჰქონდა (7:2, 28; 8:2; 9:2; 12:5, 7, 8)f. ორივე ნაწილი ჰარმონიულად არის შერწყმული და ერთ მთლიან წიგნს შეადგენს.
შინაარსი
7. როგორ მოხვდნენ დანიელი და მისი სამი მეგობარი ბაბილონის სამეფო კარზე?
7 მზადება სამეფო კარზე მსახურებისთვის (1:1—21). ძვ. წ. 617 წელს დანიელი სხვა იუდეველ ტყვეებთან ერთად ბაბილონში წაიყვანეს. ბაბილონელებმა იერუსალიმის ტაძრის წმინდა ნივთებიც წაიღეს და თავიანთი ღვთაების საგანძურში დააწყვეს. დანიელი და მისი სამი მეგობარი იმ წარჩინებულ იუდეველ ყმაწვილთა შორის იყვნენ, რომელთაც სამი წლის განმავლობაში მეფის კარზე უნდა მიეღოთ განათლება. დანიელმა გულში გადაწყვიტა, თავი არ გაეუწმინდურებინა მეფის ნუგბარითა და ღვინით, ამიტომ ითხოვა, საცდელად 10 დღეს მხოლოდ მცენარეული საზრდო მიეცათ. ყველაფერი დანიელისა და მისი სამი მეგობრის სასარგებლოდ დამთავრდა. ღმერთმა მათ ცოდნა და სიბრძნე უბოძა და ნაბუქოდონოსორმა ისინი თავის მრჩევლებად დააყენა. პირველი თავის ბოლო მუხლიდან, რომელიც დანიელმა შესაძლოა მოგვიანებით დაწერა, ჩანს, რომ დანიელი გადასახლებიდან 80 წლის შემდეგაც, დაახლოებით ძვ. წ. 538 წლისთვის, სამეფო კარზე მსახურობდა.
8. რა გაუცხადა ღმერთმა დანიელს და როგორ გამოხატა მადლიერება ნაბუქოდონოსორმა?
8 შემზარავი ქანდაკების ხილვა (2:1—49). თავისი მეფობის მეორე წელს (როგორც ჩანს, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების შემდეგ), ნაბუქოდონოსორი სიზმარმა ააფორიაქა. მისმა გრძნეულმა ქურუმებმა ვერც სიზმარი გააგებინეს მას და ვერც აუხსნეს. მეფე მათ ძვირფას საჩუქრებს დაჰპირდა, მაგრამ მათ მიუგეს, რომ ღმერთების გარდა ვერავინ შეძლებდა მისი სურვილის შესრულებას. მეფე განრისხდა და ბრძენკაცების სიკვდილით დასჯა ბრძანა. ეს ოთხ ებრაელსაც ეხებოდა, ამიტომ დანიელმა მეფეს სთხოვა, დრო მიეცა სიზმრის ასახსნელად. დანიელმა და მისმა მეგობრებმა იეჰოვას მიმართეს დახმარებისთვის. იეჰოვამ გაუმჟღავნა დანიელს სიზმარი და მისი ახსნა. ის მივიდა მეფესთან და მოახსენა: „ზეცაში არის ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი, ის ამცნობს მეფე ნაბუქოდონოსორს, რა უნდა მოხდეს უკანასკნელ დღეებში“ (2:28). დანიელმა უამბო მეფეს სიზმარი, რომელშიც მეფემ ნახა უზარმაზარი ქანდაკება. ქანდაკებას ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი და მკლავები, სპილენძის მუცელი და ბარძაყები ჰქონდა, ფეხები კი — ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა. მას დაეცა ქვა, რომელმაც დაამტვრია ის, თავად კი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა დაფარა. რას ნიშნავდა ეს სიზმარი? როგორც დანიელმა ახსნა, ოქროს თავი ბაბილონის მეფე იყო. მის შემდეგ აღდგებოდა კიდევ სხვა სამი სამეფო. ბოლოს ‘ზეციერი ღმერთი დაამყარებდა სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცეოდა. ის დააქცევდა და ბოლოს მოუღებდა ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგებოდა’ (2:44). მადლიერმა მეფემ განადიდა დანიელის ღმერთი და მას „ღმერთთა ღმერთი“ უწოდა. დანიელი „ყველა სამთავროს მმართველად და ბაბილონის ბრძენკაცთა მთავარ გამგებლად დააყენა“, მისი სამი მეგობარი კი სამთავროს გამგებლებად დანიშნა (2:47, 48).
9. რა მოჰყვა შედეგად სამი ებრაელის გაბედულებას?
9 სამი ებრაელი გავარვარებულ ღუმელში (3:1—30). ნაბუქოდონოსორმა გააკეთა ოქროს ქანდაკება, სიმაღლით 60 წყრთა (27 მ.) და ქანდაკების მიძღვნაზე სამეფოს ყველა მთავარი შეკრიბა. მუსიკის ხმაზე ყველა უნდა დამხობილიყო და თაყვანი ეცა ქანდაკებისთვის. ვინც ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, გავარვარებულ ღუმელში ჩააგდებდნენ. მეფეს შეატყობინეს, რომ ბრძანება არ შეასრულა დანიელის სამმა მეგობარმა — შადრაქმა, მეშაქმა და აბედნეგომ. ისინი მიჰგვარეს განრისხებულ მეფეს, რომელსაც მათ გაბედულად მიუგეს: „ღმერთს, რომელსაც ვემსახურებით, შეუძლია ჩვენი ხსნა . . . თაყვანს არ ვცემთ შენ მიერ აღმართულ ოქროს ქანდაკებას“ (3:17, 18). მაშინ რისხვით აღვსილმა მეფემ ბრძანა, რომ ღუმელი ჩვეულებრივზე შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ, სამივე ებრაელი შეებოჭათ და შიგ ჩაეყარათ. კაცები, რომლებმაც მეფის ბრძანება შეასრულეს, ცეცხლის ალმა დახოცა. ნაბუქოდონოსორს ძალიან შეეშინდა, რადგან მან ღუმელში დაინახა ოთხი კაცი, რომლებიც უვნებლები დადიოდნენ ცეცხლის შუაგულში. „მეოთხე გარეგნობით ღმერთების ძეს“ ჰგავდა (3:25). მეფემ სამ ებრაელს მოუხმო, რომ გამოსულიყვნენ ღუმლიდან. ისინი სრულიად უვნებლები გამოვიდნენ ცეცხლიდან, კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ. მათ გაბედულად დაუჭირეს მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას, რის გამოც ნაბუქოდონოსორმა მთელ თავის სამეფოში იუდეველებს უფლება მისცა, თავისუფლად ეცათ თაყვანი თავიანთი ღვთისთვის.
10. რა შიშის მომგვრელი სიზმარი იხილა ნაბუქოდონოსორმა „შვიდ დროზე“ და როგორ შესრულდა ის?
10 სიზმარი „შვიდ დროზე“ (4:1—37). ეს სიზმარი დანიელმა, როგორც ჩანს, ბაბილონის სახელმწიფო დოკუმენტიდან გადმოწერა. ეს არის დამდაბლებული მეფე ნაბუქოდონოსორის სიტყვები. დასაწყისში ის აღიარებს, რომ უზენაეს ღმერთს ეკუთვნის ძლიერება და სამეფო. შემდეგ ჰყვება, როგორ შესრულდა მასზე შიშის მომგვრელი სიზმარი. სიზმრად მან იხილა ხე, რომელიც ცას სწვდებოდა და ყველა ხორციელს აძლევდა საკვებსა და თავშესაფარს. მეფემ გაიგონა, როგორ დაიძახა გუშაგმა: ‘მოჭერით ეს ხე, მის მთავარ ფესვს რკინისა და სპილენძის ბორკილები დაადეთ. შვიდმა დრომ გადაიაროს, რათა ყველამ იცოდეს, რომ უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ადამიანთაგან ყველაზე მდაბიოს აყენებს მის მმართველად’ (4:14—17). დანიელმა ახსნა, რომ ხე ნაბუქოდონოსორს განასახიერებდა. ეს წინასწარმეტყველური სიზმარი მალევე შესრულდა. თავისი წარმატებებით გადიდგულებული მეფე მოულოდნელად ჭკუიდან შეიშალა და შვიდ წელიწადს ცხოველივით მინდვრად ცხოვრობდა. ამის შემდეგ მას შეგნება დაუბრუნდა. მაშინ მეფემ აღიარა, რომ იეჰოვაა უზენაესი.
11. როდის დაინახა ბელშაცარმა უცნაური წარწერა, როგორ ახსნა დანიელმა წარწერა და როგორ შესრულდა ის?
11 ბელშაცარის ნადიმი; წარწერის ახსნა (5:1—31). ძვ. წ. 539 წლის 5 ოქტომბრის საღამოს მეფე ბელშაცარმა, ნაბონიდის ვაჟმა და თანამმართველმა, დიდი ნადიმი გაუმართა ათას დიდგვაროვანს. შეზარხოშებულმა მეფემ იეჰოვას ტაძრიდან წამოღებული ოქრო-ვერცხლის წმინდა ჭურჭელი მოატანინა. ის და მისი სტუმრები ღრეობდნენ, სასმისებიდან სვამდნენ და ადიდებდნენ წარმართულ ღვთაებებს. მაშინ გამოჩნდა ხელი და კედელზე დაიწყო გაუგებარი სიტყვების წერა. მეფე ძალიან შეშინდა. მისმა ბრძენკაცებმა ვერ შეძლეს წარწერის ახსნა. ბოლოს დანიელს მოუხმეს. მეფემ აღუთქვა დანიელს, რომ წარწერას თუ წაუკითხავდა და აუხსნიდა, სამეფოში მესამე კაცი გახდებოდა. დანიელმა უარი თქვა მეფის საჩუქრებზე და აუხსნა წარწერა: „მენე, მენე, თეკელ და ფარსინ . . . ღმერთმა დათვალა შენი სამეფოს დღეები და ბოლო მოუღო მას . . . სასწორზე აიწონე და მსუბუქი აღმოჩნდი . . . გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს მიეცა“ (5:25—28). იმავე ღამეს ბელშაცარი მოკლეს და სამეფო დარიოს მიდიელს გადაეცა.
12. როგორ ჩაიშალა დანიელის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება და რა ბრძანა მეფე დარიოსმა?
12 დანიელი ლომების ხაროში (6:1—28). უმაღლესმა მოხელეებმა ბოროტება განიზრახეს დანიელის წინააღმდეგ. მათ სთხოვეს დარიოსს, გამოეცა კანონი, რომლის თანახმადაც 30 დღის განმავლობაში აკრძალული იქნებოდა მეფის გარდა რომელიმე ღმერთისთვის ან კაცისთვის თხოვნით მიმართვა. ვინც ბრძანებას არ დაემორჩილებოდა, ლომების ხაროში უნდა ჩაეგდოთ. დანიელი არ დაემორჩილა კანონს, რომელიც მის თაყვანისმცემლობას ზღუდავდა და ლოცვით მიმართა იეჰოვას. ის ლომების ხაროში ჩააგდეს, მაგრამ იეჰოვას ანგელოზმა პირი აუკრა ლომებს. დილით მეფე დარიოსმა ძალიან გაიხარა, როცა დანიელი უვნებელი დახვდა. მეფემ დანიელის მტრები ლომების ხაროში ჩაყარა და ბრძანა, რომ ყველას დანიელის ღვთის შიში ჰქონოდა, რადგან ‘ის ცოცხალი ღმერთია’ (6:26). დანიელი კიროსის სამეფოშიც წარმატებული იყო.
13. რა იხილა დანიელმა სიზმარში ოთხ მხეცსა და სამეფოზე?
13 ხილვები მხეცებზე (7:1—8:27). თხრობას ისევ „ბელშაცარის მეფობის პირველ წელს“, ძვ. წ. 553 წელს გადავყავართ. დანიელმა ნახა სიზმარი, რომელიც მან არამეულად დაწერაg. მან ერთმანეთის მიყოლებით იხილა ოთხი უზარმაზარი და შემზარავი მხეცი. მეოთხე მხეცი მეტისმეტად ძლიერი იყო. მის რქებს შორის ამოვიდა ერთი პატარა რქა, რომელიც „ამპარტავნულად ლაპარაკობდა“ (7:8). დანიელმა აგრეთვე იხილა ძველი დღეთა, რომელიც ტახტზე დაჯდა. „ათასობით ათასი“ ემსახურებოდა მას. შემდეგ „ვიღაც, კაცის ძის მსგავსი“ წარდგა ძველი დღეთას წინაშე და „მას მიეცა მმართველობა, დიდება და სამეფო, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“ (7:10, 13, 14). დანიელს ანგელოზმა აუხსნა ოთხი მხეცის შესახებ ხილვა. ისინი ოთხ მეფეს ანუ ოთხ სამეფოს განასახიერებდნენ. მეოთხე მხეცის ათ რქას შორის ერთი პატარა რქა ამოვიდა. ის გაძლიერდა და წმინდების წინააღმდეგ გაილაშქრა. მაგრამ ზეციერი სასამართლოს გადაწყვეტილებით „სამეფო, მმართველობა და ცისქვეშეთის სამეფოების სიდიადე გადაეცა ხალხს, უზენაესის წმინდებს“ (7:27).
14. რა იხილა დანიელმა ვაცსა და ორრქიან ვერძზე და როგორ აუხსნა ეს ხილვა მას გაბრიელმა?
14 ორი წლის შემდეგ, ბაბილონის დაცემამდე დიდი ხნით ადრე, დანიელმა კიდევ ერთი ხილვა ნახა, რომელიც ებრაულად დაწერა. ვაცმა, რომელსაც თვალებს შორის ადვილად შესამჩნევი რქა ჰქონდა, სძლია ორრქიან ვერძს. ვაცს მოსტყდა დიდი რქა და მის ადგილას ოთხი შედარებით მომცრო რქა ამოუვიდა. ერთ-ერთი მათგანიდან კიდევ ერთი პატარა რქა ამოვიდა, რომელიც გაძლიერდა და ზეციერ ლაშქარს დაუპირისპირდა. 2 300 დღე უნდა გასულიყო, ვიდრე წმინდა ადგილი „თავის თავდაპირველ მდგომარეობას“ დაუბრუნდებოდა (8:14). გაბრიელმა აუხსნა ხილვა დანიელს. ვერძი მიდიისა და სპარსეთის მეფეებს განასახიერებდა, ვაცი კი — საბერძნეთის მეფეს, რომლის სამეფოც ოთხად გაიყოფოდა. მოგვიანებით „მთავართა მთავრის“ წინააღმდეგ აღსდგებოდა პირქუში მეფე. ხილვა ‘შორეული დროისთვის იყო’, ამიტომ დანიელს საიდუმლოდ უნდა შეენახა ის (8:25, 26).
15. რატომ მიმართა დანიელმა იეჰოვას ლოცვით და რა გააგებინა გაბრიელმა მას „სამოცდაათი კვირის“ შესახებ?
15 წინასწარმეტყველება მესიასა და წინამძღოლზე (9:1—27). მიდიელი დარიოსის მეფობის პირველ წელს დანიელი იერემიას წინასწარმეტყველებას იკვლევდა. ის მიხვდა, რომ იერუსალიმის გაპარტახების 70-წლიანი პერიოდი მალე დასრულდებოდა. ამიტომ მან ლოცვით მიმართა იეჰოვას და აღიარა თავისი და ისრაელის ცოდვები (დან. 9:1—4; იერ. 29:10). გაბრიელმა გააგებინა დანიელს, რომ ‘სამოცდაათი კვირა უნდა გასულიყო . . . რათა შეწყვეტილიყო ცოდვა და ბოლო მოღებოდა მას, რომ გამოსყიდულიყო დანაშაული’. მესია და წინამძღოლი 69 კვირის შემდეგ მოვიდოდა და ცოტა ხანში მოიკვეთებოდა. ბევრისთვის შეთანხმება 70 კვირის ბოლომდე დარჩებოდა ძალაში, რასაც განადგურება და გაპარტახება მოჰყვებოდა (დან. 9:24—27).
16. კიდევ როდის გამოეცხადა ანგელოზი დანიელს?
16 ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ორთაბრძოლა; მიქაელი (10:1—12:13). ეს მოხდა „კიროსის მეფობის მესამე წელს“, დაახლოებით ძვ. წ. 536 წელს. იუდეველები ახალი დაბრუნებულები იყვნენ იერუსალიმში. დანიელი სამი კვირა მარხულობდა. ერთხელ, როცა მდინარე ხიდეკელის პირას იყო, მას ანგელოზი გამოეცხადა (დან. 10:1, 4; დაბ. 2:14). მან უთხრა დანიელს, რომ მასთან მისვლაში „სპარსეთის მთავარმა“ შეუშალა ხელი, მაგრამ მას დაეხმარა „მიქაელი, ერთ-ერთი პირველი მთავარი“. შემდეგ ანგელოზმა ანახვა დანიელს, რა მოხდებოდა „უკანასკნელ დღეებში“ (დან. 10:13, 14).
17. რა წინასწარმეტყველება ჩაწერა დანიელმა ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებზე?
17 ამ შთამბეჭდავი ხილვის დასაწყისში დანიელმა იხილა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები სპარსეთის სამეფოში და როგორ დაუპირისპირდებოდა ის საბერძნეთს. აღსდგებოდა ძლიერი მეფე, რომელიც ვრცელ ტერიტორიას დაიპყრობდა, მაგრამ მისი სამეფო ოთხად გაიყოფოდა. საბოლოოდ დარჩებოდა ორი სამეფო დინასტია და სამხრეთის მეფე ჩრდილოეთის მეფეს დაუპირისპირდებოდა. ხან ერთი იმძლავრებდა, ხან — მეორე. ეს ბოროტი მეფეები სიცრუეს ილაპარაკებდნენ ერთ მაგიდასთან. „დანიშნული დროისთვის“ ორთაბრძოლა კვლავ გაჩაღდებოდა, ღვთის საწმინდარი შეიბღალებოდა და „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ თავის ადგილას დადგებოდა (11:29—31). ჩრდილოეთის მეფე ღმერთთა ღმერთის წინააღმდეგ წარმოუდგენელ რამეს ილაპარაკებდა და სიმაგრის ღმერთს განადიდებდა. „უკანასკნელ დროს“ სამხრეთის მეფე შეუტევდა ჩრდილოეთის მეფეს. ჩრდილოეთის მეფე წალეკავდა მრავალ ქვეყანას და შევიდოდა „მშვენების ქვეყანაში“. აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები შეაძრწუნებდა მას. ის დიდი რისხვით გამოვიდოდა და „თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის“ გაშლიდა. ამის შემდეგ ‘მიაღწევდა ის თავის აღსასრულს და არავინ ეყოლებოდა მშველელი’ (11:40, 41, 45).
18. რა მოხდება, როცა ‘მიქაელი ღვთის ხალხის ძეების გულისთვის დადგება’?
18 დანიელმა იხილა, რომ ‘მიქაელი ღვთის ხალხის ძეების გულისთვის დადგებოდა’. იქნებოდა არნახული გასაჭირი, მაგრამ გადარჩებოდა ყველა, ვინც წიგნში იქნებოდა ჩაწერილი. მიწის მტვერში მიძინებულთაგან ბევრი მარადიული სიცოცხლისთვის გაიღვიძებდა და ‘სივრცეში მოფენილ სინათლესავით გაანათებდნენ წვდომის უნარიანნი’. ისინი მრავალ ადამიანს სიმართლემდე მიიყვანდნენ. დანიელს ბეჭედი უნდა დაედო წიგნისთვის „უკანასკნელ დრომდე“. „რამდენი დრო დარჩა ამ საოცარი ამბების დასრულებამდე?“ ანგელოზმა მოიხსენია სამდრო-ნახევარი, 1 290 დღე და 1 335 დღე, და თქვა, რომ მხოლოდ „წვდომის უნარის მქონენი“ გაიგებდნენ ამ სიტყვებს. ისინი ბედნიერები იქნებოდნენ. ბოლოს ანგელოზი დაჰპირდა დანიელს, რომ დაისვენებდა და აღდგებოდა თავისი წილის მისაღებად „დღეების ბოლოს“ (12:1, 3, 4, 6, 10, 13).
რატომ არის სასარგებლო
19. ერთგულებისა და იეჰოვაზე ლოცვით მინდობის რა მაგალითებია მოცემული წიგნ „დანიელში“?
19 ყველასთვის, ვისაც ამ ქვეყნიერებაში ღვთის ერთგულების შენარჩუნება სურს, სასარგებლო იქნება დანიელისა და მისი სამი მეგობრის მაგალითზე დაფიქრება. ნებისმიერი საფრთხის მიუხედავად, ისინი ღვთის პრინციპებს იცავდნენ. როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, დანიელმა „გონივრულად და საზრიანად“ იმოქმედა და მეფეს უპატივცემულოდ არ მოქცევია (2:14—16). როდესაც არჩევნის წინაშე იდგნენ, სამმა ებრაელმა კერპთაყვანისმცემლობას გავარვარებული ღუმელი არჩია, დანიელმა კი იეჰოვასადმი ლოცვაზე უარის თქმას — ლომების ხარო. იეჰოვამ ორივე შემთხვევაში დაიცვა ისინი (3:4—6, 16—18, 27; 6:10, 11, 23). დანიელმა იეჰოვა ღმერთზე ლოცვით მინდობის შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა (2:19—23; 9:3—23; 10:12).
20. რა ოთხი ხილვა დაწერა დანიელმა და რატომ განგვიმტკიცებს რწმენას მათი განხილვა?
20 დანიელის ხილვების განხილვა ამაღელვებელი და რწმენის განმამტკიცებელია. თავდაპირველად მიმოვიხილოთ ოთხი ხილვა მსოფლიო მპყრობელებზე: 1) ხილვა საშინელ კერპზე, რომლის ოქროს თავით წარმოდგენილია ბაბილონის მეფეთა დინასტია ნაბუქოდონოსორიდან მოყოლებული. მის შემდეგ ჩნდება სხვა სამი სამეფო, რომლებიც კერპის სხვა ნაწილებით არის წარმოდგენილი. ამ სამეფოებს ანადგურებს „ქვა“ ანუ ღვთის სამეფო, რომელიც „მარადიულად იდგება“ (2:31—45); 2) ხილვები, რომელთაგან პირველში დანიელი ხედავს ოთხ მხეცს ანუ ‘ოთხ მეფეს’. ერთი ლომს ჰგავს, მეორე — დათვს, მესამე — ოთხთავიან ჯიქს, მეოთხე მხეცს რკინის დიდი კბილები და ათი რქა აქვს, მოგვიანებით კი პატარა რქა ამოსდის (7:1—8, 17—28); 3) ხილვა ვერძის (მიდია-სპარსეთი), ვაცისა (საბერძნეთი) და პატარა რქის შესახებ (8:1—27); 4) ხილვა სამხრეთისა და ჩრდილოეთის მეფეებზე. დანიელის 11:5—19-ში ზუსტად არის აღწერილი პტოლემეებისა და სელევკიდების დინასტიათა მეტოქეობა, რაც ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრეს სიკვდილისა და მისი იმპერიის დაშლის შემდეგ დაიწყო. მე-20 მუხლიდან წინასწარმეტყველება გრძელდება იმ სამეფოებზე, რომელთაც ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეების ძალაუფლება გადაეცემოდათ. თავის მოსვლასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესომ მოიხსენია „გამაპარტახებელი სისაძაგლე“ (11:31), რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ორ მეფეს შორის ბრძოლა „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ გრძელდება (მათ. 24:3). რამდენად მანუგეშებელია წინასწარმეტყველებიდან იმის გაგება, რომ ‘ისეთი გასაჭირის დროს, როგორიც არ ყოფილა ერის გაჩენის დროიდან ამ დრომდე’, მიქაელი გაანადგურებს უღვთო ერებს, მორჩილ კაცობრიობას კი მშვიდობას მოუტანს (დან. 11:20—12:1).
21. როგორ შესრულდა დანიელის წინასწარმეტყველება „სამოცდაათი კვირის“ შესახებ?
21 შემდეგ დანიელმა დაწერა წინასწარმეტყველება „სამოცდაათ კვირაზე“. 69 კვირის შემდეგ გამოჩნდებოდა „მესია, წინამძღოლი“. აღსანიშნავია, რომ არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს იერუსალიმის აღსადგენად მეფისგან „ნაბრძანები სიტყვის“ გამოსვლიდან 483 წლის შემდეგ (69-ჯერ 7 წელი), ანუ ახ. წ. 29 წელს, მდინარე იორდანეში მოინათლა იესო ნაზარეთელი, რომელიც ღმერთმა წმინდა სულით სცხო და ის ქრისტე ანუ მესია გახდა (ნიშნავს „ცხებულს“)h. როგორც დანიელმა იწინასწარმეტყველა, ამის შემდეგ მოხდა „შემუსვრა“ და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს (დან. 9:24—27; ლუკ. 3:21—23; 21:20).
22. რას ვსწავლობთ ნაბუქოდონოსორის შემთხვევიდან?
22 დანიელის მე-4 თავიდან, სადაც მოთხრობილია ნაბუქოდონოსორის სიზმარი მოჭრილ ხეზე, ვიგებთ, როგორ დაამდაბლა იეჰოვა ღმერთმა თავისი მიღწევებით გადიდგულებული და საკუთარ ძალაზე დაიმედებული მეფე. მას მხეცივით მინდვრად მოუწია ცხოვრება, სანამ არ მიხვდა, რომ „უზენაესი მმართველობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მას“ (დან. 4:32). ხომ არ ვიკვეხნით ჩვენც ნაბუქოდონოსორივით საკუთარი მიღწევებით და ხომ არ ვამყარებთ იმედს ადამიანთა ძლიერებაზე, რისთვისაც ღვთის სასჯელს დავიტეხთ? თუ ვაღიარებთ, რომ ღმერთი მმართველობს კაცთა სამეფოზე და იმედს მის სამეფოზე ვამყარებთ?
23. ა) როგორ მახვილდება ყურადღება წიგნ „დანიელში“ სამეფოს შესახებ იმედზე? ბ) რისკენ აღგვძრავს ეს წინასწარმეტყველური წიგნი?
23 დანიელის მთელ წიგნში ყურადღება მახვილდება სამეფოს შესახებ იმედზე, რაც რწმენას გვიძლიერებს. წიგნიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღმერთი, უზენაესი მმართველი, დაამყარებს სამეფოს, რომელიც მოსპობს ყველა სხვა სამეფოს, თავად კი არასდროს დაიქცევა (2:19—23, 44; 4:25). წარმართი მეფეები, ნაბუქოდონოსორი და დარიოსი, იძულებულები იყვნენ, ეღიარებინათ იეჰოვას უზენაესობა (3:28, 29; 4:2, 3, 37; 6:25—27). იეჰოვა განდიდებულია, როგორც ძველი დღეთა, რომელიც წყვეტს სამეფოსთან დაკავშირებულ საკამათო საკითხს და „კაცის ძის მსგავსს“ აძლევს მარადიულ „მმართველობას, დიდებასა და სამეფოს, რათა ყველა — ხალხები, ერები და ენები — მას ემსახუროს“. „უზენაესის წმინდები“ სამეფო ძალაუფლებას ქრისტე იესოსთან, „კაცის ძესთან“ ერთად მიიღებენ (დან. 7:13, 14, 18, 22; მათ. 24:30; გამოცხ. 14:14). ის არის მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც თავისი ძალაუფლებით დააქცევს და ბოლოს მოუღებს ამ ქვეყნიერების ყველა სამეფოს (დან. 12:1; 2:44; მათ. 24:3, 21; გამოცხ. 12:7—10). ამ წინასწარმეტყველებებისა და ხილვების გაგება აღძრავს სამართლის მოყვარულთ, რომ ბიბლიაში ეძებონ ღვთის სამეფოსთან დაკავშირებული განზრახვები, მართლაც „საოცარი ამბები“, რომლებზეც დანიელის ღვთივშთაგონებული და სასარგებლო წიგნი მოგვითხრობს (დან. 12:2, 3, 6).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 1269 (ინგლ.).
b „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 283 (ინგლ.).
c Archaeology and the Bible, 1949, ჯ. ბარტონი, გვ. 483.
d The Yale Oriental Series · Researches, ტ. XV, 1929.
e Archiv für Orientforschung, ტ. 18, 1957—1958, გვ. 129.
f ბელშაცარი, როგორც ჩანს, თანამმართველი გახდა ნაბონიდის მეფობის მესამე წელს. ნაბონიდის მეფობის პირველ წლად ძვ. წ. 556 წელს მიიჩნევენ, ამიტომ მისი მეფობის მესამე წელი და „ბელშაცარის მეფობის პირველი წელი“ ძვ. წ. 553 წელი იქნებოდა (დან. 7:1; იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 283; ტ. II, გვ. 457 [ინგლ.]).
g დანიელის 2:4ბ—7:28 დაწერილია არამეულად, დანარჩენი კი — ებრაულად.
h ნეემიას 2:1—8; იხილეთ აგრეთვე „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 899—901 (ინგლ.).