აღდგომა — სწავლება, რომელიც გავლენას ახდენს შენზე
„მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).
1. როგორ იქცა მკვდრეთით აღდგომა საკამათო საკითხად სინედრიონში?
მოციქული პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის ბოლო პერიოდში, ახ. წ. 56 წელს, იერუსალიმში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც რომაელებმა დააპატიმრეს, მას ნება დართეს, იუდეველთა უმაღლესი სასამართლოს, სინედრიონის, წინაშე წარმდგარიყო (საქმეები 22:29, 30). პავლემ შენიშნა, რომ სინედრიონის წევრებს შორის სადუკეველებიც იყვნენ და ფარისევლებიც. ამ ორ რელიგიურ მიმდინარეობას განსხვავებული შეხედულება ჰქონდა; ფარისევლებს სწამდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, სადუკეველებს კი — არა. ამ საკითხთან დაკავშირებით პავლემ თავისი რწმენა მტკიცედ გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „ძმებო, მე ფარისეველი ვარ, ფარისევლების შვილი. მკვდრეთით აღდგომის იმედის გამო მასამართლებენ“. პავლეს ნათქვამმა სინედრიონში უთანხმოება გამოიწვია (საქმეები 23:6—9).
2. რატომ იყო პავლე მზად, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი?
2 წლებით ადრე დამასკოსკენ მიმავალ პავლეს ხილვაში იესოს ხმა მოესმა. მოციქულმა მას ჰკითხა: „როგორ მოვიქცე, უფალო?“. იესომ უპასუხა: „ადექი, წადი დამასკოში და იქ გეუწყება ყველაფერი, რის გაკეთებაც გევალება“. როდესაც დამასკოში ჩავიდა, ის ქრისტიანმა მოწაფემ ანანიამ იპოვა და მას დახმარება აღმოუჩინა. შემდეგ კი უთხრა: „ჩვენი მამა-პაპის ღმერთმა აგირჩია, რომ მისი ნება-სურვილი შეგეცნო და დაგენახა ის [მკვდრეთით აღმდგარი იესო], ვინც მართალია, და მისი პირიდან მოგესმინა ხმა“ (საქმეები 22:6—16). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პავლე მზად იყო, დაეცვა აღდგომასთან დაკავშირებით თავისი მრწამსი (1 პეტრე 3:15).
აღდგომის იმედის შესახებ საჯაროდ გაცხადება
3, 4. როგორ დაიცვა პავლემ აღდგომასთან დაკავშირებული თავისი რწმენა და ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან?
3 მოგვიანებით პავლე გამგებელ ფელიქსის წინაშე წარსდგა. „ორატორმა“ ტერტულუსმა, რომელიც ესწრებოდა პავლეს წინააღმდეგ ებრაელების საჩივრის განხილვას, მას სექტის წინამძღოლობაში და ხალხის ამბოხებისკენ წაქეზებაში დასდო ბრალი. პავლემ მტკიცედ განაცხადა: «ვაღიარებ თქვენ წინაშე, რომ თუმცა ისინი ამას „სექტას“ უწოდებენ, მე ჩემი მამა-პაპის ღმერთს ვუსრულებ წმინდა მსახურებას». შემდეგ ძირითად საკამათო საკითხს შეეხო და თქვა: „მათ მსგავსად მეც მაქვს ღვთის იმედი, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 23:23, 24; 24:1—8, 14, 15).
4 დაახლოებით ორი წლის შემდეგ პორციუს ფესტუსმა, რომელმაც ფელიქსი შეცვალა, მეფე ჰეროდე აგრიპა პავლეს დაკითხვაზე მიიწვია. ფესტუსმა განმარტა, რომ ბრალმდებლები არ იზიარებდნენ პავლეს მტკიცებას, ‘მკვდარი იესო ცოცხალიაო’. თავის დაცვის მიზნით პავლემ მათ ჰკითხა: „რატომ არ გჯერათ, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს?“. შემდეგ კი თქვა: „ღვთის შეწევნით, დღემდე ვუმოწმებ დიდსა თუ პატარას და არაფერს ვლაპარაკობ იმაზე მეტს, რაც წინასწარმეტყველებმა და მოსემ თქვეს, რომ უნდა მომხდარიყო: რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა, პირველი უნდა აღმდგარიყო მკვდრეთით და სინათლე ეუწყებინა როგორც ამ ხალხისთვის, ისე უცხოტომელებისთვის“ (საქმეები 24:27; 25:13—22; 26:8, 22, 23). მართლაც, რა ერთგულად იცავდა პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას! პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია დამაჯერებლად განვაცხადოთ, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა. მაგრამ, რა რეაქციას უნდა ველოდეთ? შესაძლოა ისეთივეს, როგორსაც პავლე შეხვდა.
5, 6. ა) როგორ რეაქციას ხვდებოდნენ მოციქულები, როდესაც აღდგომის შესახებ სწავლებას იცავდნენ? ბ) რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც აღდგომის იმედს სხვებს ვუზიარებთ?
5 განვიხილოთ, რა მოხდა უფრო ადრე, დაახლოებით ახ. წ. 49—52 წლებში, ათენში პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს. მათ, რომლებიც ბევრ ღვთაებას ეთაყვანებოდნენ, პავლე არწმუნებდა და მოუწოდებდა, ყურადღება გადაეტანათ ღვთის განზრახვაზე, რომლის თანახმადაც ის სიმართლით გაასამართლებდა მსოფლიოს დანიშნული კაცის მეშვეობით. ვინ იქნებოდა ეს კაცი, თუ არა იესო! პავლეს განმარტებით, ღმერთი ამის გარანტიას იმით იძლევა, რომ მან იესო მკვდრეთით აღადგინა. როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს? ჩვენ ვკითხულობთ: «როცა მკვდრეთით აღდგომის შესახებ მოისმინეს, ზოგს ეს სიცილად არ ეყო, ზოგი კი ამბობდა: „ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთ“» (საქმეები 17:29—32).
6 ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ პეტრე და იოანეც მსგავს რეაქციას წააწყდნენ. ამჯერადაც სადუკეველებმა წამოიწყეს კამათი მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. საქმეების 4:1—4 მოგვითხრობს, თუ რა მოხდა: „როცა ისინი ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავზე დაადგნენ უფროსი მღვდლები, ტაძრის მცველთა უფროსი და სადუკეველები, რომლებიც გაღიზიანებულები იყვნენ იმის გამო, რომ მოციქულები ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას“. თუმცა იქ მყოფთაგან ბევრი დადებითად გამოეხმაურა ამ სწავლებას. „მათგან კი, ვინც სიტყვა მოისმინა, მრავალმა ირწმუნა და მათი რიცხვი ხუთი ათასამდე გაიზარდა“. როგორც ვხედავთ, აღდგომის იმედზე საუბრისას შეიძლება სხვადასხვა რეაქციას ველოდოთ. ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, გავიძლიეროთ ამ სწავლების შესახებ რწმენა.
რწმენა და აღდგომა
7, 8. ა) რა შემთხვევაში შეიძლება რწმენა ამაოება იყოს, როგორც ეს კორინთის კრებისადმი მიწერილ წერილშია ნაჩვენები? ბ) როგორ განასხვავებს აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან?
7 ახ. წ. I საუკუნეში ვინც ქრისტიანი გახდა, ყველამ ადვილად ვერ მიიღო აღდგომის შესახებ სწავლება. მაგალითად, ზოგს კორინთის კრებაში გაუჭირდა ამ სწავლების დაჯერება. მათ პავლემ მისწერა: „უპირველეს ყოვლისა, გადმოგეცით ის, რაც მე თვითონ მივიღე — რომ ქრისტე ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა წმინდა წერილების თანახმად, და დაკრძალულ იქნა, მაგრამ მესამე დღეს აღდგა წმინდა წერილების თანახმად“. ამ სიტყვების უტყუარობის დასამტკიცებლად პავლემ აღნიშნა, რომ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე „ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას“; მათგან უმეტესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (1 კორინთელები 15:3—8). შემდეგ მოციქულმა განაგრძო: „თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო? თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა, ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭი ყოფილა და ჩვენი რწმენაც“ (1 კორინთელები 15:12—14).
8 მართლაცდა, მკვდრეთით აღდგომა ძირითადი სწავლებაა და ამ იმედის გარეშე ქრისტიანული რწმენა ამაოებაა. სინამდვილეში, აღდგომის შესახებ სწორი თვალსაზრისი ჭეშმარიტ ქრისტიანობას ცრუ რელიგიებისგან განასხვავებს (დაბადება 3:4; ეზეკიელი 18:4). ამგვარად, პავლე აღდგომის შესახებ სწავლებას ქრისტიანობის „სწავლების საწყისად“ მოიხსენიებდა. მოდი მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, „ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ“. „ამას გავაკეთებთ, — მოგვიწოდებს პავლე, — თუკი ღმერთი ნებას მოგვცემს“ (ებრაელები 6:1—3).
აღდგომის იმედი
9, 10. რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც აღდგომის შესახებ ამახვილებს ყურადღებას?
9 იმისათვის, რომ გავიძლიეროთ მკვდრეთით აღდგომისადმი რწმენა, განვიხილოთ შემდეგი კითხვები: რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც მკვდრეთით აღდგომაზე ამახვილებს ყურადღებას? როგორ ვლინდება ამ სწავლებით კაცობრიობისადმი იეჰოვას სიყვარული? ამ კითხვებზე პასუხი ღმერთთან უფრო დაგვაახლოვებს და დაგვეხმარება, სხვებსაც ვაუწყოთ ამ იმედის შესახებ (2 ტიმოთე 2:2; იაკობი 4:8).
10 ბერძნულიდან ნათარგმნი სიტყვა „აღდგომა“ სიტყვასიტყვით „კვლავ ადგომას“ ნიშნავს. რას გულისხმობს ეს გამოთქმა? ბიბლიის თანახმად, აღდგომის იმედი იმაში დარწმუნებაა, რომ მკვდარი ადამიანი კვლავ იცოცხლებს. ბიბლია გვიჩვენებს, რომ მკვდარი აღდგება ხორციელი ან სულიერი სხეულით. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს მას თუ ზეცაში. ჩვენ აღტაცებაში მოვყავართ იეჰოვას სიყვარულს, სიბრძნესა და ძალას, რაც აღდგომასთან დაკავშირებულ ამ საუცხოო იმედში ვლინდება.
11. რა ელოდებათ აღდგომის შემდეგ ღვთის ცხებულ მსახურებს?
11 აღდგომის შემდეგ იესომ სულიერი სხეული მიიღო; ასე ხდება სულით ცხებული ძმების შემთხვევაშიც, რაც მათ ზეცაში მსახურების შესაძლებლობას აძლევს (1 კორინთელები 15:35—38, 42—53). ისინი იესოსთან ერთად მესიანური სამეფოს მმართველებად იმსახურებენ და დედამიწაზე სამოთხისთვის აუცილებელ პირობებს შექმნიან. მღვდელმთავრის, იესო ქრისტეს, ხელმძღვანელობით ცხებულები ღვთის სამეფოში მღვდლებადაც იმსახურებენ. ისინი იზრუნებენ, რომ ადამიანებმა ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ისარგებლონ იმ კურთხევებით, რომლებიც ღვთის ახალ, სამართლიან ქვეყნიერებაში იარსებებს (ებრაელები 7:25, 26; 9:24; 1 პეტრე 2:9; გამოცხადება 22:1, 2). ის ცხებულები კი, რომლებსაც ჯერ არ დაუსრულებიათ მიწიერი სიცოცხლე, ყველანაირად ცდილობენ, ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნონ. სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგომის საშუალებით „საზღაურს“ — ზეცაში სულიერ სიცოცხლეს — მიიღებენ (2 კორინთელები 5:1—3, 6—8, 10; 1 კორინთელები 15:51, 52; გამოცხადება 14:13). „თუკი მასთან სიკვდილის მსგავსებით გავერთიანდით, — წერს პავლე, — მისი აღდგომის მსგავსებითაც გავერთიანდებით“ (რომაელები 6:5). მაგრამ, რა შეიძლება ითქვას მათზე, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან? როგორ შეუძლია აღდგომის იმედს უფრო დაახლოვოს ისინი ღმერთთან? აბრაამის მაგალითიდან ბევრი რამის გაგება შეგვიძლია.
აღდგომა და იეჰოვასთან მეგობრობა
12, 13. რა საფუძველი ჰქონდა აბრაამს, რომ ერწმუნა აღდგომა?
12 აბრაამს, რომელსაც „იეჰოვას მეგობარი“ ეწოდა, ძლიერი რწმენა ჰქონდა (იაკობი 2:23). როდესაც პავლემ „ებრაელების“ მე-11 თავში ერთგული მამაკაცები და ქალები მოიხსენია, აბრაამის რწმენაზე სამჯერ გაამახვილა ყურადღება (ებრაელები 11:8, 9, 17). მესამედ ის შემთხვევა მოიხსენია, როდესაც აბრაამი მორჩილად სწირავდა თავის ძეს, ისაკს, მსხვერპლად. აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ ისაკის მეშვეობით იეჰოვა აუცილებლად შეასრულებდა შთამომავლობასთან დაკავშირებულ აღთქმას. ისაკი რომც მომკვდარიყო, აბრაამს „მიაჩნდა, რომ ღმერთს შეეძლო მკვდრეთითაც კი აღედგინა იგი“.
13 როდესაც იეჰოვამ აბრაამის ძლიერი რწმენა დაინახა, ისაკის ნაცვლად, ცხოველი შეაწირვინა მსხვერპლად. და მაინც, ისაკის შემთხვევა აღდგომის თვალსაჩინო მაგალითია, რადგან პავლემ განმარტა: „დაიბრუნა კიდეც [აბრაამმა] სიკვდილიდან [ისაკი] და ამას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა“ (ებრაელები 11:19). გარდა ამისა, აბრაამს მანამდე ჰქონდა იმის საფუძველი, რომ ერწმუნა აღდგომა. განა იეჰოვამ არ აღუდგინა აბრაამს განაყოფიერების უნარი, რომ ხანდაზმულობის ასაკში მას და სარას შვილი გასჩენოდათ? (დაბადება 18:10—14; 21:1—3; რომაელები 4:19—21).
14. ა) ებრაელების 11:9, 10-ის თანახმად, რას ელოდა აბრაამი? ბ) როგორ მიიღებს აბრაამი კურთხევებს ახალ ქვეყნიერებაში? გ) ჩვენ როგორ მივიღებთ სამეფოს კურთხევებს?
14 პავლე აბრაამს მოიხსენიებს, როგორც უცხოელს და კარავში მცხოვრებს, რომელიც „ელოდა ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრაელები 11:9, 10). პირდაპირი მნიშვნელობით ეს იერუსალიმის მსგავსი ქალაქი არ იყო, სადაც ღვთის ტაძარი მდებარეობდა. ეს იყო სიმბოლური ქალაქი — იესო ქრისტესა და მისი თანამმართველებისგან შემდგარი ზეციერი სამეფო. ცხებულებს აგრეთვე ეწოდებათ „წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი“ და ქრისტეს „პატარძალი“ (გამოცხადება 21:2). 1914 წელს იეჰოვამ იესო მესიანური სამეფოს ტახტზე აიყვანა და უბრძანა, ებატონა თავის მტრებს შორის (ფსალმუნები 109:1, 2; გამოცხადება 11:15). სამეფოს კურთხევების მისაღებად „იეჰოვას მეგობარი“ აბრაამი მკვდრეთით უნდა აღდგეს. ჩვენც მივიღებთ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში სამეფოს მეშვეობით კურთხევებს — იმისგან დამოუკიდებლად, უამრავ ხალხთან ერთად გადავიტანთ არმაგედონს, თუ მათ შორის ვიქნებით, რომლებიც მკვდრეთით აღდგებიან (გამოცხადება 7:9, 14). და მაინც, რა საფუძველი არსებობს აღდგომის იმედისთვის?
ღვთის სიყვარული აღდგომის იმედის საფუძველია
15, 16. ა) აღდგომის იმედის როგორ საფუძველს გვაძლევს ბიბლიაში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება? ბ) როგორ გვაახლოებს აღდგომის იმედი იეჰოვასთან?
15 ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა, ისეთივე ძლიერი რწმენა, როგორიც აბრაამს ჰქონდა და ღვთის მცნებებისადმი მორჩილება, იეჰოვას საშუალებას აძლევს — მართლებად გვაღიაროს და თავისი მეგობრები გვიწოდოს. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, სამეფოს კურთხევებით ვისარგებლოთ. მართლაცდა, დაბადების 3:15-ში ჩაწერილი პირველი წინასწარმეტყველება აღდგომის იმედისა და ღმერთთან მეგობრობის საფუძველს გვაძლევს. ის არა მარტო სატანის თავის გაჭეჭყვაზე წინასწარმეტყველებდა, არამედ იმაზეც, რომ „დედაკაცის თესლი“ ქუსლში დაიჭრებოდა. იესოს ბოძზე სიკვდილი ქუსლზე ჭრილობის მიყენებას ნიშნავდა. მკვდრეთით აღდგომის შედეგად იესო ამ ჭრილობისგან განიკურნა და შესაძლებლობა მიეცა, გადამწყვეტი ზომები მიეღო მის წინააღმდეგ, „ვინც სიკვდილს იწვევს, ესე იგი ეშმაკის“ წინააღმდეგ (ებრაელები 2:14).
16 პავლე შეგვახსენებს: „ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“ (რომაელები 5:8). ჩვენ მადლიერები ვართ ღვთის წყალობისთვის, რაც უფრო გვაახლოებს იესოსთან და საყვარელ ზეციერ მამასთან (2 კორინთელები 5:14, 15).
17. ა) რისი იმედი ჰქონდა იობს? ბ) რას ვიგებთ იობის 14:15-ში იეჰოვას შესახებ და შენ რა გრძნობა გეუფლება, როცა ამ სიტყვებს კითხულობ?
17 იობსაც, ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურსაც, ჰქონდა აღდგომის იმედი. ის ძალიან იტანჯებოდა იმ გამოცდების გამო, რომლებიც სატანამ მოუწყო. იობი, თავისი თვალთმაქცი მეგობრებისგან განსხვავებით, რომლებსაც არასოდეს მოუხსენიებიათ აღდგომა, ამ იმედით ინუგეშებდა თავს. მან კითხვა დასვა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“. და თავადვე უპასუხა: «ჩემი მაშვრალობის დღეები დაველოდებოდი ჩემი ფერისცვალების დადგომამდე [„სანამ შვება მოვიდოდეს“, აქ]». შემდეგ მან იეჰოვას მიმართა და თქვა: „დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი“. ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედის გრძნობების შესახებ იობმა აღნიშნა: „შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15, სსგ). დიახ, იეჰოვა მოუთმენლად ელის დროს, როცა მისი ერთგული მსახურები კვლავ დაუბრუნდებიან სიცოცხლეს. რამდენად გვაახლოვებს შემოქმედთან იმაზე დაფიქრება, რომ ის ჩვენდამი —არასრულყოფილი ადამიანებისადმი — სიყვარულსა და წყალობას ავლენს (რომაელები 5:21; იაკობი 4:8).
18, 19. ა) რა ელოდა დანიელს? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში.
18 ღვთის ანგელოზმა წინასწარმეტყველ დანიელს „სასურველი კაცი“ უწოდა, რომელიც ღმერთს დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა (დანიელი 10:11, 19). დანიელმა მაშინაც კი შეინარჩუნა ერთგულება, როდესაც ძვ. წ. 617 წელს ბაბილონში გადაასახლეს და ის სიკვდილამდე ემსახურებოდა ღმერთს. მან ძვ. წ. 536 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სპარსეთის მეფის კიროსის მეფობის მესამე წელს ხილვა მიიღო (დანიელი 1:1; 10:1). დაახლოებით ამავე პერიოდში დანიელმა იხილა, თუ როგორ ცვლიდნენ ერთმანეთს მსოფლიო მპყრობელები, რაც მოახლოებულ დიდ გასაჭირში დასრულდებოდა (დანიელი 11:1—12:13). ვინაიდან დანიელმა ვერ გაიგო ამ ხილვის მნიშვნელობა, ანგელოზს ჰკითხა: „უფალო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ?“. ანგელოზმა მას ყურადღება გაუმახვილა „ბოლო ჟამზე“, როდესაც ამ ყოველივეს ‘გონიერნი მიხვდებოდნენ’ (სსგ). რა ელოდა თავად დანიელს? ანგელოზმა შეატყობინა: „განისვენებ და აღდგები შენი წილის მისაღებად დღეთა აღსასრულისას“ (დანიელი 12:8—10, 13). დანიელი ქრისტეს ათასწლიანი მეფობის დროს, „მართალთა აღდგომისას“ აღდგება (ლუკა 14:14).
19 ჩვენ ამ ბოროტი სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისთან დღეს უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მაშინ, როცა ჭეშმარიტება გავიგეთ. ამიტომ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: „ვიქნებით ახალ ქვეყნიერებაში, სადაც შევხვდებით აბრაამს, იობს, დანიელს და ღვთის სხვა ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს?“ ჩვენ ვიქნებით იქ, თუ შევინარჩუნებთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას და დავიცავთ მის მცნებებს. შემდეგ სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ აღდგომის იმედს და გავიგებთ, თუ ვინ აღდგება.
გახსოვთ?
• რა რეაქციას შეხვდა პავლე, როდესაც საჯაროდ განაცხადა აღდგომის იმედის შესახებ?
• რატომ განასხვავებს აღდგომის იმედი ჭეშმარიტ რელიგიას ცრუ რელიგიისგან?
• საიდან ვიცით, რომ აბრაამს, იობსა და დანიელს სწამდათ, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა?
[სურათი 8 გვერდზე]
პავლემ გამგებელ ფელიქსის წინაშე დამაჯერებლად ილაპარაკა მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული თავისი რწმენის შესახებ.
[სურათი 10 გვერდზე]
რატომ სწამდა აბრაამს, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა?
[სურათი 12 გვერდზე]
იობი აღდგომის იმედით ინუგეშებდა თავს.
[სურათი 12 გვერდზე]
დანიელი „მართალთა აღდგომისას“ აღდგება.