ბიბლიის წიგნი 28 — ოსია
დამწერი: ოსია
დაწერის ადგილი: სამარია (მხარე)
წერა დასრულდა: ძვ. წ. 745 წლის შემდეგ
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 804 — ძვ. წ. 745 წლის შემდეგ
1, 2. ა) რას უწოდებენ ებრაული წერილების ბოლო 12 წიგნს? ბ) რა ვიცით ოსიას შესახებ და რას ეხება მისი წინასწარმეტყველება?
ებრაული წერილების ბოლო 12 წიგნს „მცირე წინასწარმეტყველებს“ უწოდებენ არა იმიტომ, რომ წიგნები მცირე მნიშვნელობისაა, არამედ იმიტომ, რომ მათი საერთო მოცულობა ესაიასა და იერემიას წიგნებთან შედარებით მცირეა. ებრაულ ბიბლიაში ეს წიგნები ერთ ტომად არის გაერთიანებული და „თორმეტი“ ეწოდება. მათი ერთად შეკრება, როგორც ჩანს, შენახვის მიზნით მოხდა, რადგან პატარა გრაგნილები შეიძლებოდა ადვილად დაკარგულიყო. თორმეტივე წიგნი თავისი დამწერის სახელს ატარებს. აქედან პირველი ოსიას წინასწარმეტყველებაა. ოსია ჰოშაიას შემოკლებული ფორმაა და ნიშნავს „იაჰმა იხსნა“.
2 წიგნი ბევრს არაფერს გვატყობინებს ოსიას შესახებ გარდა იმისა, რომ ის ბეერის ვაჟი იყო. მისი წინასწარმეტყველებები თითქმის მთლიანად ისრაელს ეხება, იუდა მხოლოდ გაკვრით არის მოხსენიებული. მაშინ როცა იერუსალიმი საერთოდ არ არის ნახსენები, ისრაელის მთავარი ტომი, ეფრემი 37-ჯერ მოიხსენიება, ისრაელის დედაქალაქი სამარია კი — 6-ჯერ.
3. რამდენ წელს წინასწარმეტყველებდა ოსია და კიდევ ვინ მსახურობდა ამ პერიოდში?
3 წიგნის პირველი მუხლი გვამცნობს, რომ ოსია დიდი ხნის მანძილზე, სულ მცირე, 59 წელს მსახურობდა იეჰოვას წინასწარმეტყველად ისრაელის მეფე იერობოამ II-ის მეფობის ბოლო წლებიდან იუდას მეფე ხიზკიას დრომდე. ეს პერიოდი დაიწყო არა უგვიანეს ძვ. წ. 804 წელს და დამთავრდა ძვ. წ. 745 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ის რამდენიმე წელი ხიზკიას მეფობის დროსაც წინასწარმეტყველებდა. ამ პერიოდში იეჰოვას სხვა ერთგული წინასწარმეტყველები იყვნენ ამოსი, ესაია, მიქა და ოდედი (ამოს. 1:1; ეს. 1:1; მიქ. 1:1; 2 მატ. 28:9).
4. რა ადასტურებს „ოსიას“ უტყუარობას?
4 წინასწარმეტყველების უტყუარობას ადასტურებს ის, რომ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ის არაერთხელ არის ციტირებული. იესომ ოსიას 10:8-დან მოიყვანა ციტატა, როცა იერუსალიმს მსჯავრი დასდო: «მაშინ ეტყვიან მთებს: „ზედ დაგვემხეთ!“ და გორებს: „დაგვფარეთ!“» (ლუკ. 23:30). ეს მუხლი ნაწილობრივ ციტირებულია გამოცხადების 6:16-შიც. მათე ციტირებს ოსიას 11:1-ს იმის საჩვენებლად, რომ შესრულდა წინასწარმეტყველება: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“ (მათ. 2:15). ოსიას წინასწარმეტყველება მთელი ისრაელის აღდგენის შესახებ მაშინ შესრულდა, როცა ისრაელის ათტომიანი სამეფოდან იუდაში გადასახლებულთა შთამომავლები მოგვიანებით იუდეველებთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონიდან (ოს. 1:11; 2 მატ. 11:13—17; 30:6—12, 18, 25; ეზრ. 2:70). ეზრას დროიდან მოყოლებული წიგნმა კუთვნილი ადგილი დაიკავა ებრაულ კანონში, როგორც ‘ოსიას პირით ნათქვამმა იეჰოვას სიტყვამ’ (ოს. 1:2).
5. რისთვის დასაჯა იეჰოვამ ისრაელი?
5 რატომ გაგზავნა იეჰოვამ ოსია ისრაელში წინასწარმეტყველად? ისრაელმა უღალატა იეჰოვას და ბაალის თაყვანისმცემლობით წაიბილწა თავი, რითაც იეჰოვასთან დადებული შეთანხმება დაარღვია. აღთქმულ მიწაზე ისრაელებმა მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი. მათ გადაიღეს ქანაანური ცხოვრების წესი და მათი ნაყოფიერების ღვთაების, ბაალის კულტიც დაამკვიდრეს. ოსიას დროს ისრაელებს მიტოვებული ჰყავდათ იეჰოვა და მონაწილეობდნენ თავაშვებულ რიტუალებში, რომელთა დროსაც ლოთობდნენ და ტაძრის მეძავებთან ამყარებდნენ კავშირს. ორგული ისრაელი თავის კეთილდღეობას ბაალს მიაწერდა. ის აღარ იყო იეჰოვას ღირსი და დასჯას იმსახურებდა. იეჰოვას უნდოდა ისრაელისთვის დაენახვებინა, რომ მათი კეთილდღეობა ბაალის დამსახურება არ იყო, ამიტომ ოსია გაუგზავნა და ამცნო, რა მოჰყვებოდა მათ ურჩობას. იერობოამ II-ის სიკვდილის შემდეგ ისრაელს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ეს საშინელი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მრავალ მეფეს მოუსწრაფეს სიცოცხლე, ძვ. წ. 740 წლამდე გაგრძელდა, როცა ასურელებმა ისრაელი გადაასახლეს. ამ პერიოდში ორი ჯგუფი დაუპირისპირდა ერთმანეთს: ერთს ეგვიპტის მოკავშირეობა სურდა, მეორეს კი — ასურეთის. იეჰოვაზე იმედს არც ერთი არ ამყარებდა.
6. როგორია ოსიას წერის სტილი?
6 ოსიას წერის სტილი მრავლისმეტყველია. უმეტესწილად, ის სათუთი და მგრძნობიარე ენით საუბრობს და არაერთხელ ამახვილებს ყურადღებას იეჰოვას სიკეთესა და გულმოწყალებაზე. მას შეუმჩნეველი არ რჩება მონანიების სულ მცირე გამოვლინებაც კი. ზოგჯერ მისი სიტყვები პირდაპირი და მგზნებარეა. რითმის ნაკლებობის კომპენსირებას ოსია ექსპრესიულობით ახერხებს. ის გრძნობებს მთელი სიმძაფრით გამოხატავს და აზრიდან აზრზე სწრაფად გადადის.
7. რისი მაჩვენებელი იყო გომერის ღალატი და ოსიასთან მისი დაბრუნება?
7 წინასწარმეტყველად მსახურების დასაწყისში იეჰოვამ უთხრა ოსიას, მოეყვანა „ცოლი, რომელიც გაირყვნებოდა“ (1:2). მას ეს ტყუილუბრალოდ არ მოუთხოვია. იეჰოვასთვის ისრაელი მრუში და მოღალატე ცოლივით იყო. მიუხედავად ამისა, ის სიყვარულით ცდილობდა მის დაბრუნებას. სწორედ ამის ჩვენება უნდოდა იეჰოვას ოსიას ცოლის, გომერის მაგალითით. როგორც ჩანს, პირველი შვილის გაჩენის შემდეგ მან უღალატა ოსიას და სხვა შვილები უკანონოდ გააჩინა (2:5—7). ამაზე მეტყველებს სიტყვები, რომ მან „ვაჟი გაუჩინა მას [ოსიას]“, მაგრამ სხვა ორი ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით წინასწარმეტყველი აღარ მოიხსენიება (1:3, 6, 8). მე-3 თავის 1—3 მუხლებში, როგორც ჩანს, აღწერილია, როგორ ყიდულობს ოსია გომერს მონასავით და უკან იბრუნებს მას. ეს იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვა მონანიების შემთხვევაში დაიბრუნებდა თავის ხალხს.
8. რომელი სახელები გვხვდება წიგნში მონაცვლეობით?
8 ოსიას წინასწარმეტყველება ძირითადად ეხებოდა ჩრდილოეთის ათტომიან სამეფოს, რომელიც ისრაელის მთავარი ტომის, ეფრემის სახელითაც იყო ცნობილი. წიგნში ხშირად ეფრემი ისრაელის სინონიმად არის გამოყენებული.
შინაარსი
9. გომერის შვილების სახელებიდან გამომდინარე, როგორ მოექცეოდა იეჰოვა ისრაელს?
9 „მრუში“ ისრაელი (1:1—3:5). ცოლმა, ‘რომელიც გაირყვნა’, ოსიას ვაჟი, იზრეელი გაუჩინა. მოგვიანებით მას ეყოლა ასული, ლო-რუხამა (ნიშნავს „ის არ იყო შეწყალებული“) და ვაჟი, ლო-ამი (ნიშნავს „არა ჩემი ხალხი“). იეჰოვამ დაარქვა მათ ეს სახელები იმის ნიშნად, რომ ‘აღარ შეიწყალებდა ისრაელის სახლს’ და უარს იტყოდა მათზე, როგორც თავის ხალხზე (1:2, 6, 9). მიუხედავად ამისა, იუდასა და ისრაელის „ცოცხალი ღვთის ძეები“ მოგვიანებით ერთად შეიკრიბებოდნენ და ერთი თავკაცი ეყოლებოდათ, ‘რადგან დიდებული იქნებოდა იზრეელის დღე’ (1:10, 11). ღვთის ხალხი მიატოვებდა ბაალთან სულიერ მრუშობას, დაუბრუნდებოდნენ იეჰოვას და ქმარს უწოდებდნენ მას (2:16). იეჰოვა უსაფრთხოდ აცხოვრებდა ისრაელს და სამარადისოდ დანიშნავდა სიმართლით, სამართლიანობით, სიკეთით, წყალობითა და ერთგულებით. იზრეელის (ნიშნავს „ღმერთი დათესავს თესლს“) სახელიდან გამომდინარე, იეჰოვამ პირობა დადო: „თესლივით დავთესავ მას მიწაში ჩემთვის . . . და ვინც არ არის ჩემი ხალხი, მათ ვეტყვი ჩემი ხალხი ხართ-მეთქი, ისინი კი მეტყვიან, შენ ღმერთი ხარო ჩემი“ (2:23). ისრაელი მომნანიე ცოლივით ‘დაუწყებდა ძებნას იეჰოვას, თავის ღმერთს, და დავითს, თავის მეფეს’ (3:5).
10. რა მოჰყვა ცოდნის უარყოფას?
10 წინასწარმეტყველური განაჩენი ეფრემის (და იუდას) წინააღმდეგ (4:1—14:9). მე-4 თავის პირველი მუხლიდან ვიგებთ, რატომ გამოიტანა იეჰოვამ განაჩენი: „სასამართლოში ედავება იეჰოვა ამ მიწის მკვიდრებს, რადგან არ არის ამ მიწაზე ჭეშმარიტება, არც სიკეთე და არც ღვთის ცოდნა“. რა მოჰყვა ამას შედეგად? „რაკი ცოდნა უარყავი, მეც უარგყოფ, რათა მღვდლად აღარ მემსახურო; შენი ღვთის კანონი რომ დაივიწყე, მეც დავივიწყებ შენს ძეებს“, — განაცხადა იეჰოვამ (4:1, 6). გარყვნილების სულმა ისრაელი ღმერთს დააშორა. იეჰოვა პასუხს მოსთხოვდა გამეძავებულ ისრაელსა და იუდას. მაგრამ, როცა ‘ძალიან გაუჭირდებოდათ’, ისინი ძებნას დაუწყებდნენ მას (5:15).
11. როგორ ემუდარებოდა ოსია ხალხს და რატომ ეწეოდა მათ უბედურება?
11 ოსია ემუდარებოდა ხალხს: „მოდით და დავუბრუნდეთ იეჰოვას . . . თავადვე განგვკურნავს“. იეჰოვას სიკეთე სიამოვნებდა და არა მსხვერპლი, ღვთის ცოდნა და არა დასაწვავი შესაწირავი. მაგრამ ეფრემისა და იუდას სიკეთე ‘ნამივით იყო, რომელიც მალევე ქრება’ (6:1, 4). ეფრემი „უგუნურ მტრედს“ დაემსგავსა. იეჰოვას ნაცვლად ხალხი დახმარებისთვის ეგვიპტესა და ასურეთს მიმართავდა (7:11). ვაი მათ, რადგან დაყიალებდნენ და ცუდს იზრახავდნენ, არღვევდნენ იეჰოვას შეთანხმებასა და კანონს. ‘ქარს თესავდნენ და ქარიშხალს მოიმკიდნენ’ (8:7). იეჰოვას ემახსოვრებოდა მათი დანაშაული და პასუხს მოსთხოვდა ცოდვებისთვის. ისინი ‘იხეტიალებდნენ ხალხებში’ (9:17). ისრაელი გადაჯიშებულ ვაზს ჰგავდა, გული გათვალთმაქცებული ჰქონდა. სიმართლის დათესვისა და სიკეთის მომკის ნაცვლად, ისრაელი ბოროტებას ხნავდა და უმართლობას იმკიდა. „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს“, — შეახსენა მას იეჰოვამ (11:1). ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო ისრაელი, როცა იეჰოვამ შეიყვარა ის, მაგრამ სიცრუითა და მზაკვრობით შემოეხვია იეჰოვას. ამიტომ ურჩია იეჰოვამ მას: „სიკეთითა და სამართლიანობით დაუბრუნდი შენს ღმერთს და მუდამ გქონდეს შენი ღვთის იმედი“ (12:6).
12. ა) რას აჯამებს ოსია მე-13 თავში? ბ) რა იმედი არსებობდა ხალხისთვის?
12 მე-13 თავში ოსია მოკლედ აჯამებს მანამდე თქმულს: თავიდან რა პირობა დადო ისრაელმა, როგორ ზრუნავდა მასზე იეჰოვა, როგორ დაივიწყა ისრაელმა ღმერთი და ზურგი აქცია მას. „რისხვით მოგეცი მეფე და მრისხანებით წაგართმევ“, — უთხრა იეჰოვამ ისრაელს (13:11). მაგრამ მათი იმედი არ იყო გადაწურული: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი გამანადგურებელი ძალა, სამარევ?“ (13:14). თუმცა ურჩ სამარიას სასტიკი სასჯელი არ ასცდებოდა.
13. რა თხოვნით მთავრდება ოსიას წიგნი და ვინ ივლის იეჰოვას გზაზე?
13 წიგნი მთავრდება გულის ამაჩუყებელი თხოვნით: ‘დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს, რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ. ითხოვე პატიება და ღმერთს მიუძღვენი ბაგეების ნაყოფი. იეჰოვა შეგიწყალებს და შეგიყვარებს. ნამივით იქნება ის შენთვის, გაიფურჩქნები შროშანივით და ზეთისხილის ხესავით’. ბრძენი და გონიერი გაიგებს, რომ „სწორია იეჰოვას გზა და მართლები ივლიან მასზე, შემცოდველები კი წაიბორძიკებენ“ (14:1—6, 9).
რატომ არის სასარგებლო
14. როგორ შესრულდა ოსიას წინასწარმეტყველებები?
14 წიგნი „ოსია“ იეჰოვასგან შთაგონებული წინასწარმეტყველებებისადმი რწმენას გვიმტკიცებს. რაც ოსიამ იწინასწარმეტყველა, ყველაფერი შესრულდა ისრაელსა და იუდაზე. გარშემო მცხოვრებმა კერპთაყვანისმცემელმა საყვარლებმა მიატოვეს ისრაელი და ძვ. წ. 740 წელს მან ასურეთისგან განადგურების ქარიშხალი მოიმკა (ოს. 8:7—10; 2 მეფ. 15:20; 17:3—6, 18). ოსიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა შეიწყალებდა და იხსნიდა იუდას, მაგრამ არა ჯარით. ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა იეჰოვას ანგელოზმა იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსული 185 000 ასურელი გაწყვიტა (ოს. 1:7; 2 მეფ. 19:34, 35). იუდაზეც შესრულდებოდა ოსიას 8:14-ში ჩაწერილი განაჩენი: „ცეცხლს გავგზავნი მის ქალაქებში და ის შთანთქავს მათ საცხოვრებელ კოშკებს“. ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 609—607 წლებში შესრულდა, როცა ნაბუქოდონოსორმა იუდა და იერუსალიმი გააპარტახა (იერ. 34:6, 7; 2 მატ. 36:19). განახლებასთან დაკავშირებული ოსიას მრავალი წინასწარმეტყველება შესრულდა ძვ. წ. 537 წელს, როცა იეჰოვამ ერთად შეკრიბა იუდა და ისრაელი და ისინი გადასახლების ‘ქვეყნიდან გამოვიდნენ’ (ოს. 1:10, 11; 2:14—23; 3:5; 11:8—11; 13:14; 14:1—9; ეზრ. 2:1; 3:1—3).
15. რასთან დაკავშირებით მოჰყავდათ ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერებს ციტატები „ოსიადან“?
15 არანაკლებ სასარგებლოა ოსიას იმ წინასწარმეტყველებების განხილვაც, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშია ციტირებული. მაგალითად, პავლემ აღდგომაზე საუბრისას მოიყვანა აზრი ოსიას 13:14-დან: „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ (1 კორ. 15:55). წყალობის ჭურჭლებისადმი იეჰოვას სიკეთის ხაზგასასმელად პავლემ მოიყვანა ციტატები ოსიას 1:10-დან და 2:23-დან: «როგორც ოსიაში ამბობს: „ვინც არ არის ჩემი ხალხი, მას ვუწოდებ ჩემს ხალხს და ვინც არ არის საყვარელი, მას ვუწოდებ საყვარელს, და იქ, სადაც ნათქვამი იყო მათ მიმართ: ‘ჩემი ხალხი არა ხართ’, მათ ‘ცოცხალი ღვთის ძეები’ ეწოდებათ“» (რომ. 9:25, 26). პეტრემ ოსიას წიგნიდან იმავე მონაკვეთის პერეფრაზირება მოახდინა: „ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც შეწყალებულნი არ იყავით, ახლა კი შეწყალებულნი ხართ“ (1 პეტ. 2:10).
16. ოსიას რომელი სიტყვები გაიმეორა იესომ იმის დასანახვებლად, თუ როგორ თაყვანისმცემლობას იწონებდა იეჰოვა?
16 ოსიას წინასწარმეტყველება არა მხოლოდ ზერუბაბელის დროს შესრულდა, როცა ისრაელთა დარჩენილი ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, არამედ დღესაც სრულდება, რადგან იეჰოვა თავისი გულმოწყალებით კრებს სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს, ‘ცოცხალი ღვთის საყვარელ ძეებს’. ოსიამ ღვთის შთაგონებით ჩაწერა, თუ რა მოეთხოვებოდათ მათ. ეს არ უნდა ყოფილიყო ფორმალურ რიტუალებზე დაფუძნებული თაყვანისმცემლობა. ოსიას 6:6-ში, რომელიც იესომ მათეს 9:13-სა და 12:7-ში გაიმეორა, ვკითხულობთ: „მე სიკეთე მსიამოვნებს და არა მსხვერპლი; ღვთის ცოდნა უფრო მეტად მსიამოვნებს, ვიდრე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი“.
17. ა) რა უნდა გააკეთოს მან, ვინც სულიერად იმრუშა? ბ) სამეფოს შესახებ რა სასიხარულო დაპირებაა წიგნ „ოსიაში“?
17 ოსიას მოღალატე ცოლის მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას სძულს ის, ვინც ზურგს აქცევს მას კერპთაყვანისმცემლობის გამო, რაც სულიერი მრუშობაა. შემცოდველმა გულწრფელად უნდა მოინანიოს, დაუბრუნდეს იეჰოვას და ‘თავისი ბაგეების ნაყოფი მიუძღვნას სანაცვლოდ’ (ოს. 14:2; ებრ. 13:15). მომნანიე შემცოდველებს შეუძლიათ სულიერი ისრაელის ძეების დარჩენილ ნაწილთან ერთად გაიხარონ სამეფოს შესახებ დაპირების შესრულებით, რაზეც ოსიას 3:5-ში ვკითხულობთ: „მერე დაბრუნდებიან ისრაელის ძეები და ძებნას დაუწყებენ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს. თრთოლით მივლენ იეჰოვასა და მისი სიკეთის წინაშე უკანასკნელ დღეებში“.