ძმური სიყვარული დარჩეს!
„ძმური სიყვარული დარჩეს“ (ებრაელთა 13:1).
1. რას გააკეთებდი ცივ ღამეს ცეცხლის შესანარჩუნებლად და რომელი მსგავსი პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ ჩვენგანს?
გარეთ საშინლად ცივა და ტემპერატურა ეცემა. შენს სახლში სითბოს ერთადერთი წყარო ცეცხლია, რომელსაც ტკაცატკუცი გააქვს ბუხარში. სიცოცხლე დამოკიდებულია მის შენარჩუნებაზე. დაჯდები, უბრალოდ, და დაუწყებ ყურებას, თუ როგორ ქრება ცეცხლი და როგორ მკრთალდება, უსიცოცხლო ხდება წითლად მოელვარე ნაკვერჩხლები? რასაკვირველია, არა. მის შესანარჩუნებლად შენ დაუღალავად განაგრძობ საწვავის დამატებას. გარკვეული აზრით, თითოეული ჩვენგანი მსგავს გარჯაშია, როცა ეს ეხება ბევრად უფრო მნიშვნელოვან „ცეცხლს“ — იმას, რაც ჩვენს გულებში უნდა ენთოს, — სიყვარულს.
2. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ნელდება ამ უკანასკნელ დღეებში? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის?
2 ჩვენ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა, როგორც იესომ იწინასწარმეტყველა დიდი ხნის წინათ, მსოფლიო მასშტაბით სიყვარული ნელდება მრავალ ადამიანს შორის, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტიანებს წარმოადგენენ (მათე 24:12). იესო ლაპარაკობდა სიყვარულის უმნიშვნელოვანეს სახეობაზე — სიყვარულზე იეჰოვა ღმერთისა და მისი სიტყვის, ბიბლიის, მიმართ. იკარგება სიყვარულის სხვა სახეობებიც. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ მრავალი იქნებოდა ‘არამოყვარული’ (2 ტიმოთე 3:1–5, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). რამდენად ჭეშმარიტია ეს! ოჯახი სიყვარულის ადგილსამყოფელი უნდა იყოს, მაგრამ აქაც კი ჩვეულებრივს წარმოადგენს ძალადობა და შეურაცხყოფა — ზოგჯერ თავზარდამცემად სასტიკი. მიუხედავად ამისა, ამ წუთისოფლის ცივ ატმოსფეროში ქრისტიანებს ებრძანებათ, უბრალოდ კი არ უყვარდეთ ერთმანეთი, არამედ თავგანწირულად, და აყენებდნენ სხვებს საკუთარ თავზე წინ. ამ სიყვარულს იმდენად ნათლად უნდა ვავლენდეთ, რომ ყველა ადვილად ხედავდეს და ჭეშმარიტი ქრისტიანული კრების ამოსაცნობი ნიშანი იყოს (იოანე 13:34, 35).
3. რა არის ძმური სიყვარული და რა იგულისხმება მის შენარჩუნებაში?
3 პავლე მოციქული ინსპირირებული იყო, ჩაეწერა მოწოდება: „ძმური სიყვარული დარჩეს“ (ებრაელთა 13:1). ერთი მეცნიერული ნაშრომის თანახმად, აქ ‘ძმურ სიყვარულად’ („ფი·ლა·დელ·ფიʹა“) გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა „ეხება ნაზ სიყვარულს, რომელიც სიკეთეს, თანაგრძნობას ავლენს და დახმარებას სთავაზობს“. რას გულისხმობდა პავლე, როცა თქვა, რომ ასეთი სიყვარული უნდა შევინარჩუნოთ? „ის არასოდეს ნელდება“, — შენიშნავს იგივე ნაშრომი. ამგვარად, საკმარისი არაა, ჩვენი ძმების მიმართ სიყვარულს ვგრძნობდეთ; ჩვენ უნდა ვავლენდეთ მას. გარდა ამისა, უნდა გავახანგრძლივოთ ეს სიყვარული და არასოდეს მივცეთ განელების საშუალება. ძნელია? დიახ, მაგრამ იეჰოვას სულს შეუძლია დაგვეხმაროს, განვავითაროთ და შევინარჩუნოთ ძმური სიყვარული. მოდი განვიხილოთ სამი საშუალება, რომლებითაც საწვავს დავუმატებთ ჩვენს გულებში არსებული ამ სიყვარულის ცეცხლს.
გამოავლინე გულშემატკივრობა
4. რა არის გულშემატკივრობა?
4 თუ გინდა, რომ უფრო მეტად გიყვარდეს ქრისტიანი და-ძმები, უპირველესად, გული უნდა შეგტკიოდეს მათზე, უთანაგრძნობდე განსაცდელებისა და პრობლემების დროს, რომლებსაც ისინი ხვდებიან ცხოვრებაში. პეტრე მოციქული ამაზე მიუთითებდა, როცა წერდა: „იყავით ყველა ერთი აზრისანი, გულშემატკივარნი, ძმათა მოყვარენი, შემწყნარებელნი, თავმდაბალნი“ (1 პეტრე 3:8). აქ ‘გულშემატკივრობის’ გამოსახატავად გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს „მწუხარების გაზიარებას“. ბიბლიური ბერძნული ენის ერთ წყაროში ამ სიტყვის შესახებ ნათქვამია: „ის ისეთ სულიერ მდგომარეობას აღწერს, რომელიც მაშინ გვექმნება, როცა ვიზიარებთ სხვის გრძნობებს, თითქოს ისინი ჩვენს პირად გრძნობებს წარმოადგენდეს“. მაშასადამე, აუცილებელია თანაგრძნობა. ერთხელ ერთგულმა ხნიერმა იეჰოვას მსახურმა თქვა: „თანაგრძნობა არის შენი ტკივილი ჩემს გულში“.
5. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ახასიათებს გულშემატკივრობა?
5 ახასიათებს იეჰოვას ასეთი გულშემატკივრობა? რასაკვირველია. მაგალითად, მისი ხალხის, ისრაელის, ტანჯვასთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „ყველა მათ გასაჭირში მათთვის უჭირდა“ (ესაია 63:9). იეჰოვა მხოლოდ არ უყურებდა მათ განსაცდელებს; მას გული შესტკიოდა ხალხზე. მისი ძლიერი განცდები ჩანს საკუთარი ხალხისთვის ნათქვამი სიტყვებიდან, რომლებიც ზაქარიას 2:8-შია ჩაწერილი: «თქვენი შემხებარი მისი [„ჩემი“, აქ] თვალის გუგის შემხებარია»a. ამ მუხლთან დაკავშირებით ერთი კომენტატორი აღნიშნავს: „ადამიანის სხეულში თვალი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ნაზი აგებულებისაა; თვალის გუგა კი — ხვრელი, რომელიც შესაძლებელს ხდის მხედველობას, — არის ამ აგებულების ყველაზე მგრძნობიარე, აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაწილი. უფრო შესანიშნავად სხვა ვერაფერი აღწერს იეჰოვას განსაკუთრებულად სათუთ მზრუნველობას მისი სიყვარულის ობიექტების მიმართ“.
6. როგორ ავლენდა და ავლენს იესო ქრისტე გულშემატკივრობას?
6 იესოც ყოველთვის დიდ გულშემატკივრობას ავლენდა. მასში ‘სიბრალულს’ იწვევდა ხალხის სავალალო მდგომარეობა — ხალხისა, რომლებიც ავადმყოფები ან შეწუხებულები იყვნენ (მარკოზი 1:41; 6:34). მან აღნიშნა, რომ, როცა ვინმე გულკეთილად არ ექცევა მის ცხებულ მიმდევრებს, ისე თვლის, თითქოს მას ექცეოდნენ ასე (მათე 25:41–46). და დღეს, როგორც ჩვენი ზეციერი „მღვდელმთავარი“, ის წარმოადგენს პიროვნებას, ვინც ‘თანაგვიგრძნობს ჩვენს უძლურებებში’ (ებრაელთა 4:15).
7. როგორ შეიძლება გულშემატკივრობა დაგვეხმაროს, როცა ძმა ან და გვაღიზიანებს?
7 „თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში“ — განა არ გვანუგეშებს ეს აზრი? ამიტომ, უეჭველია, ვხედავთ აუცილებლობას — იგივე გავუკეთოთ ერთმანეთს. რასაკვირველია, ბევრად ადვილია, სხვების სუსტი მხარეების მოძებნა (მათე 7:3–5). მაგრამ მომავალში, როცა ძმა ან და გაგაღიზიანებს, რატომ არ გეცადა შემდეგი? წარმოიდგინე შენი თავი იმ პიროვნების მდგომარეობაში იმავე წარსულით, იმავე პიროვნულობით, იმავე პირადი ნაკლოვანებებით, რომლებთანაც ბრძოლა უწევს. დარწმუნებული ხარ, რომ არ დაუშვებდი მსგავს შეცდომებს — ან, შესაძლებელია, უარესსაც კი? ნაცვლად იმისა, რომ სხვებისგან მეტისმეტად ბევრს მოველოდეთ, უნდა გამოვავლინოთ გულშემატკივრობა, რაც დაგვეხმარება, კეთილგონიერები ვიყოთ იეჰოვას მსგავსად, რომელსაც „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 102:14; იაკობი 3:17). მან იცის ჩვენი შესაძლებლობები. ის არასოდეს მოელის ჩვენგან იმაზე მეტს, რის გაკეთებაც გონივრულად შეგვიძლია (შეადარე მესამე მეფეთა 19:5–7). მოდი ყველამ აღმოვუჩინოთ ასეთი გულშემატკივრობა სხვებს.
8. როგორ უნდა ვრეაგირებდეთ, როცა ძმას ან დას რამე გასაჭირის გადატანა უწევს?
8 პავლე წერდა, რომ კრება სხვადასხვა ასოს მქონე სხეულის მსგავსია — ასოებისა, რომლებიც ერთიანობაში უნდა მუშაობდნენ. მან დაუმატა: „თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება“ (1 კორინთელთა 12:12–26). ჩვენ უნდა ვიტანჯოთ იმათთან ერთად, ანუ ვუთანაგრძნოთ მათ, ვისაც რამე განსაცდელის გადატანა უწევს. ამაში უხუცესები იღებენ ინიციატივას. პავლე აგრეთვე წერდა: „ვინმე დაუძლურდა და მე არ დავუძლურდი? ვინმე დაბრკოლდა და მე არ ავენთე?“ (2 კორინთელთა 11:29). ამ მხრივ, უხუცესები და მიმომსვლელი ზედამხედველები პავლეს ბაძავენ. თავიანთ მოხსენებებში, სამწყსო მსახურებასა და თვით სამართლებრივი საკითხების განხილვის დროსაც კი ისინი გულშემატკივრობის გამოხატვას ცდილობენ. პავლე იძლეოდა რჩევას: „მოტირალებთან იტირეთ“ (რომაელთა 12:15). როცა სამწყსო გრძნობს, რომ მწყემსებს ნამდვილად გული შესტკივათ მათზე, ესმით მათი შესაძლებლობები და იზიარებენ სიძნელეებს, რომლებსაც სამწყსო ხვდება, ჩვეულებრივ, უფრო მეტი მზადყოფნით ღებულობენ რჩევას, მითითებასა და დასჯას. ისინი მზადყოფნით ესწრებიან შეხვედრებს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ იქ „სულის სიმშვიდეს“ ჰპოვებენ (მათე 11:29).
დაფასების გამოხატვა
9. როგორ აჩვენებს იეჰოვა, რომ აფასებს ჩვენში ყველაფერ კარგს?
9 ძმური სიყვარულისთვის საწვავის დამატების მეორე საშუალება დაფასებაა. სხვების დასაფასებლად ყურადღება უნდა მივაპყროთ მათ კარგ თვისებებსა და მცდელობებს და დავაფასოთ ისინი. როცა ასე ვიქცევით, თვით იეჰოვას ვბაძავთ (ეფესელთა 5:1). ის ყოველდღიურად მრავალ პატარა ცოდვას გვპატიობს. ის სერიოზულ ცოდვებსაც კი გვპატიობს, სანამ გულწრფელად ვინანიებთ. გარდა ამისა, ის აღარ იხსენებს ერთხელ ნაპატიებ ცოდვებს (ეზეკიელი 33:14–16). ფსალმუნმომღერალმა იკითხა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნი 129:3). იეჰოვა ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ კარგზე, რასაც მის მსახურებაში ვაკეთებთ (ებრაელთა 6:10).
10. ა) რატომაა ცოლ-ქმრისთვის საშიში ერთმანეთის დაფასების დაკარგვა? ბ) რა უნდა გააკეთო, თუ მეუღლეს იმდენად აღარ აფასებ?
10 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მაგალითს ოჯახში მივყვეთ. ერთმანეთის დაფასებით მშობლები მაგალითს აძლევენ ოჯახს. ახლა, როცა ქორწინებას უდარდელად ეკიდებიან, ძალიან ადვილია, მეუღლეს აგდებულად მოექცე, მისი ნაკლოვანებები გააზვიადო და კარგი თვისებები დაამცირო. ასეთი უარყოფითი აზროვნება ანგრევს და უსიხარულო ტვირთად ხდის ქორწინებას. თუ შენს მიერ ცხოვრების თანამგზავრის დაფასება მცირდება, ჰკითხე საკუთარ თავს: „ნამდვილად არა აქვს ჩემს მეუღლეს კარგი თვისებები“? გაიხსენე მიზეზები, რატომ შეგიყვარდა და დაქორწინდი. ნამდვილად გაქრა ამ ერთადერთი პიროვნების მიმართ სიყვარულის ყველა მიზეზი? უეჭველია, არა; ამიტომ ძალისხმევა მოახმარე, რომ დააფასო მეუღლეში ყოველივე კარგი, და დაფასება სიტყვიერად გამოხატე (იგავნი 31:28).
11. რას უნდა ავარიდოთ თავი, ცოლქმრული სიყვარული რომ უანგარო იყოს?
11 დაფასება აგრეთვე ეხმარება ცოლ-ქმარს, შეინარჩუნონ უანგარო სიყვარული (შეადარე 2 კორინთელთა 6:6; 1 პეტრე 1:22). გულწრფელი დაფასებით შევსებული ასეთი სიყვარული არანაირ შესაძლებლობას არ მისცემს სისასტიკეს, გულსატკენ და დამამცირებელ სიტყვებს, ცივ მოპყრობას, როცა შეიძლება დღეები გავიდეს კეთილი ან თავაზიანი სიტყვის გარეშე, და, რასაკვირველია, ფიზიკურ ძალადობას, მაშინაც კი, როდესაც ისინი განცალკევებით არიან (ეფესელთა 5:28, 29). ცოლ-ქმარი, რომლებიც ნამდვილად აფასებენ ერთმანეთს, პატივისცემას ავლენენ ერთმანეთის მიმართ. ისინი ასე მხოლოდ ხალხში კი არ იქცევიან, არამედ, როდესაც იეჰოვას მხედველობის არეში არიან — სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველთვის (იგავნი 5:21).
12. რატომ უნდა გამოხატონ მშობლებმა დაფასება შვილების ყოველივე კარგის მიმართ?
12 ბავშვებსაც ესაჭიროებათ დაფასების შეგრძნება. მშობლებმა ცარიელი პირფერობით კი არ უნდა აავსონ ისინი, არამედ შეაქონ მათი საქებარი თვისებები და ნამდვილად კარგი საქმეები. გახსოვდეს იეჰოვას მაგალითი, თუ როგორ გამოხატა მოწონება იესოს მიმართ (მარკოზი 1:11). აგრეთვე არ დაივიწყო იგავში ‘ბატონად’ მოხსენიებული იესოს მაგალითი. მან ერთნაირად შეაქო ორი ‘კეთილი და ერთგული მონა’, თუმცა სხვაობა იყო იმაში, რაც თითოეულს მიეცა და, შესაბამისად, სხვაობა იყო იმაში, რაც თითოეულმა აწარმოა (მათე 25:20–23; შეადარე მათე 13:23). მსგავსად ამისა, ბრძენი მშობლები ხედავენ საშუალებებს, როგორ დააფასონ თითოეული შვილისთვის დამახასიათებელი თვისებები, უნარი და ღირსებები. ამავე დროს, ისინი ცდილობენ, იმდენად არ გაამახვილონ ყურადღება მათ ღირსებებზე, რომ ბავშვები მუდამ სხვებზე აღმატებულად თვლიდნენ თავს. მათ არ უნდათ, რომ შვილები გაღიზიანებულები და გულგატეხილები გაიზარდონ (ეფესელთა 6:4; კოლასელთა 3:21).
13. ვინ იღებს ინიციატივას კრების თითოეული წევრის დაფასების გამოხატვაში?
13 ქრისტიანულ კრებაში უხუცესები და მიმომსვლელი ზედამხედველები ინიციატივას ავლენენ ღვთის სამწყსოს თითოეული წევრის დაფასების გამოხატვაში. მათ ძნელი მდგომარეობა უკავიათ, რადგან ატარებენ აგრეთვე ძნელ პასუხისმგებლობას — დაარიგონ სიმართლეში, გამოასწორონ შემცდარი პიროვნებები თავმდაბლობის სულით და სერიოზული რჩევა მისცენ მათ, ვისაც სჭირდებათ. როგორ უთანხმებენ ისინი ერთმანეთს ამ სხვადასხვაგვარ პასუხისმგებლობებს? (გალატელთა 6:1; 2 ტიმოთე 3:16).
14, 15. ა) როგორ აჩვენა პავლემ გაწონასწორებულობა სერიოზული რჩევის მიცემის საკითხში? ბ) როგორ შეუძლიათ ქრისტიან ზედამხედველებს გაწონასწორებულობის შენარჩუნება არასწორის გამოსწორების საჭიროებასა და შექების საჭიროებას შორის? მოიყვანე მაგალითი.
14 დიდი დამხმარეა პავლეს მაგალითი. ის იყო შესანიშნავი მასწავლებელი, უხუცესი და მწყემსი. მას საქმე ჰქონდა კრებებთან, რომლებშიც სერიოზული პრობლემები იყო, და შიშით არ დაუხევია უკან სერიოზული რჩევის მიცემისგან, როცა ეს საჭირო იყო (2 კორინთელთა 7:8–11). პავლეს მსახურების განხილვა გვიჩვენებს, რომ საყვედურს ის იშვიათად იყენებდა — მხოლოდ მაშინ, როცა სიტუაცია მოითხოვდა ან როცა მიზანშეწონილი იყო. ამაში მან ღვთიური სიბრძნე გამოავლინა.
15 კრებაში უხუცესის მსახურება მუსიკალური ნაწარმოებისთვის რომ შეგვედარებინა, საყვედური და შენიშვნა იქნებოდა ცალკეული ნოტის მსგავსი, რომელიც მთელ ნაწარმოებს ერწყმის. ეს ნოტი თავის ადგილზე შესანიშნავად ჟღერს (ლუკა 17:3; 2 ტიმოთე 4:2). წარმოიდგინე სიმღერა, რომელიც მხოლოდ მრავალჯერ გამეორებულ ამ ერთ ნოტს შეიცავს. ის სწრაფად გააღიზიანებდა ჩვენს ყურს. მსგავსად ამისა, ქრისტიანი უხუცესები ცდილობენ, გაასრულყოფილონ და მრავალფეროვანი გახადონ თავიანთი სწავლება. ისინი არ შემოფარგლავენ მას პრობლემების გამოსწორებით. პირიქით, მისი საერთო ტონი დადებითია. იესო ქრისტეს მსგავსად, მოსიყვარულე უხუცესები, უპირველესად, კარგს ეძებენ შესაქებად და არა ნაკლოვანებას გასაკრიტიკებლად. ისინი აფასებენ თანაქრისტიანების მძიმე შრომას. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მთლიანობაში თითოეული ყველა ღონეს ხმარობს, რომ იეჰოვას ემსახუროს. და უხუცესები ხალისით გამოხატავენ ამ გრძნობას სიტყვიერად (შეადარე 2 თესალონიკელთა 3:4).
16. რა შედეგი გამოიღო თანაქრისტიანების მიმართ პავლეს მადლიერმა და თანამგრძნობმა დამოკიდებულებამ?
16 უდავოა, ქრისტიანთა უმეტესობა, რომლებსაც პავლე ემსახურებოდა, გრძნობდა, რომ ის აფასებდა მათ და გული შესტკიოდა. საიდან ვიცით ეს? ნახე, როგორი თვალსაზრისი ჰქონდათ მათ პავლეზე. მათ არ ეშინოდათ მისი, თუმცა ის დიდი ავტორიტეტითაც კი სარგებლობდა. არა, ის საყვარელი და გულისხმიერი იყო. ამიტომ, ერთ ტერიტორიას რომ ტოვებდა, უხუცესები ‘ყელზე ეხვეოდნენ მას და ეამბორებოდნენ’! (საქმეები 20:17, 37). როგორი მადლიერები უნდა იყვნენ უხუცესები — და ყველა ჩვენგანი — პავლეს მისაბაძი მაგალითისთვის! დიახ, მოდი დავაფასოთ ერთმანეთი.
სიყვარულით აღსავსე სიკეთე
17. რომელ კარგ შედეგებს იღებს კრებაში სიკეთე?
17 ძმური სიყვარულისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საწვავი სიკეთეა. როგორც იესომ თქვა, „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). სულიერის, მატერიალურის ან ჩვენი დროისა და ენერგიის გაცემით მხოლოდ სხვისთვის კი არ მოგვაქვს ბედნიერება, არამედ ჩვენთვისაც. კრებაში სიკეთე გადამდებია. ერთ კეთილ საქმეს მსგავსი საქმეები მოჰყვება. ცოტა ხანში ძმური სიყვარული ყვავის! (ლუკა 6:38).
18. რა მნიშვნელობა აქვს მიქას 6:8-ში მოხსენიებულ ‘წყალობას’?
18 იეჰოვა მოუწოდებდა თავის ხალხს, ისრაელს, გამოევლინათ სიკეთე. მიქას 6:8-ში ვკითხულობთ: „ხომ გეუწყა შენ, ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი? მხოლოდ სამართლის ქმნას და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“. რას ნიშნავს ‘წყალობის სიყვარული’? ერთი ნაშრომის (The Soncino Books of the Bible) თანახმად, ებრაული სიტყვა, რომელიც აქ გადმოტანილია ‘წყალობად’ („ჩეʹ სედ“), ნიშნავს «„საქმეებით დამტკიცებულ წყალობას“, სიყვარულით აღსავსე სიკეთეს არა მხოლოდ ღარიბისა და გაჭირვებულის, არამედ ყველას მიმართ». ამიტომ სხვა მეცნიერი ამბობს, რომ „ჩეʹ სედ“-ი ნიშნავს „საქმეებით დამტკიცებულ სიყვარულს“.
19. ა) როგორ შეგვიძლია ინიციატივის აღება კრებაში სხვებისთვის სიკეთის გასაკეთებლად? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ რაში დაინახე ძმური სიყვარული.
19 ჩვენი ძმური სიყვარული არ არის თეორიული, ანუ აბსტრაქტული. ის კონკრეტული რეალობაა. ამიტომ ეძებე საშუალებები, კეთილი უყო შენს ძმებსა და დებს. იყავი იესოს მსგავსი, რომელიც ყოველთვის არ ელოდებოდა, რომ ხალხი მისულიყო მასთან დახმარების სათხოვნელად, არამედ ხშირ შემთხვევაში ინიციატივას იღებდა (ლუკა 7:12–16). იფიქრე განსაკუთრებით იმათზე, ვინც უფრო მეტად საჭიროებენ ამას. სჭირდება ხანში შესულ ან დაუძლურებულ პიროვნებას მონახულება ან, შესაძლებელია, რამე დახმარება მცირე საქმეებში? სჭირდება ‘ობოლს’ დრო და ყურადღება? სჭირდება დეპრესიაში მყოფ პიროვნებას მომსმენი ყური ან რამდენიმე მანუგეშებელი სიტყვა? რამდენადაც გვაქვს ამის შესაძლებლობა, გამოვნახოთ დრო ასეთი სიკეთისთვის (იობი 29:12; 1 თესალონიკელთა 5:14, აქ; იაკობი 1:27). არასოდეს დაივიწყო, რომ არასრულყოფილი ადამიანებით სავსე კრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე არის პატიება — გულისწყრომის სრული ჩამოცილება, მაშინაც კი, როცა უკმაყოფილებისთვის სამართლიანი მიზეზი არსებობს (კოლასელთა 3:13). პატიებისთვის მზადყოფნა გვეხმარება, კრება დავიცვათ დაყოფების, უკმაყოფილებების და შუღლისგან, რომლებიც კოცონზე დასხმული წყალივით ძმური სიყვარულის ცეცხლს აქრობენ.
20. როგორ უნდა განაგრძოს თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავის შემოწმება?
20 ყველა ჩვენგანი აღსავსე იყოს გადაწყვეტილებით, შეინარჩუნოს სიყვარულის მნიშვნელოვანი ცეცხლი, რომელიც ჩვენს გულებში ანთია. მოდი განვაგრძოთ საკუთარი თავის შემოწმება. ვართ გულშემატკივრები სხვების მიმართ? ვაფასებთ სხვებს? ვავლენთ სიკეთეს მათ მიმართ? სანამ ასე ვმოქმედებთ, სიყვარულის ცეცხლი გაათბობს ჩვენს საძმოს, სულ ერთია, როგორი სასტიკად ცივი და უგრძნობელიც არ უნდა იყოს ეს წუთისოფელი. მაშ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, „ძმური სიყვარული დარჩეს“ — ახლა და მარადიულად! (ებრაელთა 13:1).
[სქოლიოები]
a ზოგი თარგმანი აქ გულისხმობს, რომ ღვთის ხალხის შემხებარი ღვთის კი არა, არამედ ისრაელის ან თვით საკუთარი თვალის შემხებარია. ეს შეცდომა წამოვიდა შუა საუკუნეებში მცხოვრები ზოგი მწერლისგან, რომლებმაც არასწორი მცდელობებით — შეესწორებინათ ნაწყვეტები, რომლებსაც ისინი უპატივცემლოდ თვლიდნენ, — შეცვალეს ეს მუხლი. ამგვარად მათ დაჩრდილეს იეჰოვას პირადი თანაგრძნობის სიძლიერე.
როგორ ფიქრობ?
◻ რა არის ძმური სიყვარული და რატომ უნდა ვინარჩუნებდეთ მას?
◻ როგორ გვეხმარება ძმური სიყვარულის შენარჩუნებაში გულშემატკივრობა?
◻ რა როლს ასრულებს ძმურ სიყვარულში დაფასება?
◻ როგორ იწვევს სიკეთე ძმური სიყვარულის აყვავებას ქრისტიანულ კრებაში?
[ჩარჩო 16 გვერდზე]
საქმით დამტკიცებული სიყვარული
რამდენიმე წლის წინ მამაკაცი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან, ჯერ კიდევ ცოტა სკეპტიკური იყო ძმურ სიყვარულთან დაკავშირებით. მან იცოდა, რომ იესომ თქვა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:35). მაგრამ მას უჭირდა ამის დაჯერება. ერთ დღეს მან დაინახა საქმით დამტკიცებული ქრისტიანული სიყვარული.
თუმცა საინვალიდო სავარძელზე იყო მიჯაჭვული, ეს მამაკაცი სახლიდან შორს გაემგზავრა. ბეთლემში (ისრაელი) ის კრების შეხვედრას დაესწრო. იქ არაბმა მოწმემ დაიჟინა, რომ ერთ-ერთი ტურისტი მოწმე მის ოჯახში დარჩენილიყო ღამის გასათევად, და ბიბლიის ეს შემსწავლელიც დაპატიჟა. დაძინებამდე შემსწავლელმა მასპინძელს ნებართვა სთხოვა, რომ დილით ვერანდაზე გასულიყო მზის ამოსვლის საყურებლად. მასპინძელმა გადაწყვეტით გააფრთხილა, რომ არ გაეკეთებინა ეს. მეორე დღეს ამ არაბმა ძმამ მიზეზი აუხსნა. მან თარჯიმნის მეშვეობით უთხრა, რომ, მის მეზობლებს რომ სცოდნოდათ, სახლში ებრაელი წარმოშობის სტუმრები ჰყავდა — მაგალითად, ბიბლიის ეს შემსწავლელი — მთელ ოჯახს სახლ-კარიანად გადაბუგავდნენ. შეცბუნებულმა ბიბლიის შემსწავლელმა ჰკითხა მას: „მაშ, რატომ წახვედი ასეთ რისკზე“? არაბმა ძმამ თვალებში შეხედა მას და თარჯიმნის გარეშე უბრალოდ უთხრა: „იოანეს 13:35“.
ბიბლიის შემსწავლელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უთვალთმაქცო ძმურმა სიყვარულმა. მოკლე ხანში ის მოინათლა.
[სურათი 18 გვერდზე]
მეგობრული და დაფასების გამომხატველი ბუნება გულისხმიერს ხდიდა პავლე მოციქულს.