ძმური სიყვარულის გასაღების პოვნა
„შეავსეთ. . . ღმერთისადმი ერთგულება ძმური სიყვარულით“ (2 პეტრე 1:5–7, აქ).
ერთხელ, ექიმი, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე, ესწრებოდა საგუშაგო კოშკის ბიბლიური სკოლის გალაადის გამოსაშვებ საღამოს, სადაც მისი ქალიშვილი მისიონერად მოამზადეს. ამ ხალხში არსებულმა ბედნიერებამ ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ მისი აზრით, ეს ხალხი ძალიან იშვიათად უნდა ავადმყოფობდეს. რამ გახადა ეს ხალხი ასე ბედნიერი? რა არის ბედნიერების მიზეზი იეჰოვას ხალხის ყველა შეხვედრაზე: კრებებზე, სარაიონო თუ საოლქო კონგრესებზე? ხომ არ არის ეს ერთმანეთისადმი ძმური სიყვარულის გამოვლენის შედეგი? ეჭვგარეშეა, ძმური სიყვარული არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ არცერთი რელიგიური ჯგუფი არ იძლევა იმდენ სიამოვნებას, ბედნიერებასა და კმაყოფილებას, რამდენსაც იეჰოვას მოწმეთა რელიგია.
2 ჩვენ უნდა მოველოდეთ მსგავსი ძმური სიყვარულის დანახვას, თუ გავითვალისწინებთ მოციქულ პეტრეს სიტყვებს პირველი პეტრეს 1:22-დან: „ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმინდეთ თქვენი სულები ძმური არაპირფერული სიყვარულისათვის და მტკიცედ, სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი“. აქ ‘ძმურ სიყვარულად’ გადმოტანილი ბერძნული სიტყვის ძირითადი შემადგენელი ნაწილია „ფი·ლი΄ა“ (სიყვარული). მისი მნიშვნელობა მჭიდრო კავშირშია სიტყვის „ა·გა΄პე“-ს მნიშვნელობასთან, რომელიც, ჩვეულებრივ, ‘სიყვარულად’ ითარგმნება (1 იოანე 4:8). მიუხედავად იმისა, რომ ძმური სიყვარული და სიყვარული ხშირად ურთიერთშესანაცვლებლად გამოიყენება, მათ აქვთ სპეციფიკური თავისებურებები. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ისინი ერთმანეთში, როგორც ამას ბიბლიის მრავალი მთარგმნელი აკეთებს (ამ და მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ამ სიტყვებს ცალ-ცალკე).
3 ამ ორ ბერძნულ სიტყვას შორის სხვაობის შესახებ, ერთმა სწავლულმა თქვა, რომ „ფი·ლი΄ა“ „გარკვეულწილად შეიცავს სითბოს, სიახლოვესა და სიყვარულს“. მეორე მხრით, „ა·გა΄პე“ უფრო მეტად დაკავშირებულია გონებასთან. ამიტომ, როცა ვლაპარაკობთ მტრების მიმართ სიყვარულზე (ა·გა΄პე), ჩვენ არ ვგრძნობთ სიახლოვეს მათ მიმართ. რატომ? იმიტომ, რომ „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ამ ორ სიტყვას შორის უფრო მეტ განსხვავებაზე მიუთითებს მოციქულ პეტრეს სიტყვები: „შეავსეთ. . . ძმური სიყვარული სიყვარულით“ (2 პეტრე 1:5–7, აქ; შეადარე იოანე 21:15–17)a.
განსაკუთრებული ძმური სიყვარულის მაგალითები
4 ღმერთის სიტყვაში განსაკუთრებული ძმური სიყვარულის მრავალი კარგი მაგალითია მოცემული. ეს განსაკუთრებული სიყვარული რაღაც კაპრიზებზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ ღირსშესანიშნავი თვისებების დაფასებაზე. უეჭველად, ამის საუკეთესო მაგალითია იესო ქრისტეს სიყვარული იოანე მოციქულისადმი. რა თქმა უნდა, იესოს ძმური სიყვარული ჰქონდა ყველა თავისი ერთგული მოციქულის მიმართ და ამისთვის კარგი საფუძველიც არსებობდა (ლუკა 22:28). ერთი საშუალება, რომლითაც მან გამოავლინა ეს, იყო მათთვის ფეხების დაბანა, და ამის საშუალებით მან თავმდაბლობის კარგი მაგალითი მისცა (იოანე 13:3–16). მაგრამ იესოს განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა იოანეს მიმართ, რასაც იოანე არაერთხელ მოიხსენიებს (იოანე 13:23; 19:26; 20:2). რამდენადაც იესოს ჰქონდა საფუძველი გამოევლინა სიყვარული თავისი მოწაფეებისა და მოციქულების მიმართ, შესაძლებელია, რომ იოანემ იესოს თავის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის საფუძველი მისცა იმით, რომ ძალიან აფასებდა მას. ჩვენ ამის ნახვა შეგვიძლია იოანეს როგორც სახარებაში, ასევე მის ინსპირირებულ წერილებში. რა ხშირად მოიხსენიებს ის სიყვარულს ამ ჩანაწერებში! იოანე რომ დიდად აფასებდა იესოს სულიერ თვისებებს, ჩანს მის მიერ დაწერილი სახარების 1-ლ, მე-13 და მე-17 თავებში, ასევე იქიდანაც, რომ არაერთხელ მოიხსენიებს იესოს განკაცებამდე არსებობას (იოანე 1:1–3; 3:13; 6:38, 42, 58; 17:5; 18:37).
5 აგრეთვე არ უნდა უგულებელვყოთ პავლესა და მის ქრისტიან თანამგზავრ ტიმოთეს შორის არსებული განსაკუთრებული ძმური სიყვარული, რომელიც, რასაკვირველია, დაფუძნებული იყო ერთმანეთის თვისებების დაფასებაზე. პავლეს ჩანაწერები შეიცავს ისეთ კარგ კომენტარებს ტიმოთეს შესახებ, როგორიცაა მაგალითად: „არავინ მყავს ასეთი თანამოზიარე, რომ ასე მუყაითად ზრუნავდეს თქვენზე. . . თქვენ იცით მისი ერთგულება, რამეთუ, როგორც შვილი მამას, ისე მემსახურებოდა სახარებაში“ (ფილიპელთა 2:20–22). ტიმოთესადმი მის წერილებში არის ბევრი პირადი მითითება, რაც მისადმი პავლეს გულთბილ სიყვარულს გამოხატავს. მაგალითად, პირველი ტიმოთეს 6:20-ში წერს: „ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს“ (იხილე აგრეთვე 1 ტიმოთე 4:12–16; 5:23; 2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). განსაკუთრებით ტიმოთესა და ტიტესადმი პავლეს წერილების შედარება ხაზს უსვამს პავლეს განსაკუთრებულ სიყვარულს ამ ახალგაზრდა კაცისადმი. ასევე ტიმოთეც, ალბათ, პავლესთან მეგობრობას აფასებდა, რისი დანახვაც შესაძლებელია პავლეს სიტყვებიდან მეორე ტიმოთეს 1:3, 4-ში: „განუწყვეტლივ გახსენებ შენ ჩემს ლოცვებში. . . და მენატრება შენი ნახვა, ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, რათა სიხარულით აღვივსო“.
6 ებრაული წერილებიც გვაძლევს კარგ მაგალითებს, ისეთებს როგორიცაა დავითისა და იონათანის სიყვარული. ჩვენ ვკითხულობთ, რომ დავითის მიერ გოლიათის მოკვლის შემდეგ „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი“ (პირველი მეფეთა 18:1). იეჰოვას სახელისადმი დავითის გულმოდგინებისა და გოლიათთან შესახვედრად უშიშრად გასვლის დაფასებამ, ეჭვგარეშეა, იონათანში გამოიწვია დავითის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული.
7 იონათანს დავითის მიმართ ისეთი სიყვარული ჰქონდა, რომ მეფე საულისგან მის დასაცავად საფრთხეში ჩაიგდო საკუთარი სიცოცხლე. იონათანი არასდროს გაუნაწყენებია იმ აზრს, რომ დავითი იეჰოვას მიერ არჩეული იყო ისრაელის მომდევნო მეფედ (პირველი მეფეთა 23:17). ასეთივე ღრმა სიყვარული ჰქონდა დავითს იონათანის მიმართ, რაც ჩანს იონათანის სიკვდილით დამწუხრებული დავითის სიტყვებში: „ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი“. დიახ, მათი მეგობრობისთვის დამახასიათებელი იყო დიდი ურთიერთდაფასება (მეორე მეფეთა 1:26).
8 ებრაულ წერილებში, ასევე, განსაკუთრებული სიყვარულის შესანიშნავი მაგალითია ორ ქალს, ნაყომისა და მის დაქვრივებულ რძალ რუთს შორის სიყვარული. გავიხსენოთ რუთის სიტყვები ნაყომისადმი: „ნუ მაიძულებ დაგტოვო და წავიდე შენგან, რადგან სადაც შენ მიდიხარ, მეც იქ უნდა წამოვიდე; სადაც შენ დაგიღამდება, მეც იქ უნდა დამიღამდეს. შენი ხალხი ჩემი ხალხია, შენი ღმერთი ჩემი ღმერთია“ (რუთი 1:16). არ უნდა დავასკვნათ, რომ ნაყომიმ თავისი საქციელითა და იეჰოვას შესახებ საუბრით რუთში აღძრა დაფასების გრძნობა? (შეადარე ლუკა 6:40).
მოციქულ პავლეს მაგალითი
9 როგორც დავინახეთ, მოციქულ პავლეს ტიმოთესადმი განსაკუთრებული ძმური სიყვარული ჰქონდა. მაგრამ მან, ასევე დაგვიტოვა, საერთოდ, ძმებისადმი თბილი, ძმური სიყვარულის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი. მან ეფესელ უხუცესებს უთხრა: „სამ წელიწადს ღამით და დღისით განუწყვეტლივ ცრემლით გასწავლიდით თითოეულ თქვენგანს“. თბილი ძმური სიყვარულის გამოვლენაა? რასაკვირველია! და ისინიც იმავეს გრძნობდნენ პავლეს მიმართ. როდესაც გაიგეს, რომ ისინი მეტად ვეღარ ნახავდნენ მას „დიდი ტირილი ჰქონდა ყველას, კისერზე ეხვეოდნენ პავლეს და ეამბორებოდნენ“ (საქმე 20:31, 37). დაფუძნებულია თუ არა ძმური სიყვარული დაფასებაზე? დიახ! პავლეს ძმური სიყვარული ჩანს კორინთელთა მიმართ მეორე წერილის 6:11–13-ში ჩაწერილი სიტყვებიდან: „ჩვენი პირი გახსნილია თქვენს მიმართ, კორინთელნო, და გაფართოებულია ჩვენი გული. თქვენ ვიწროდ არა ხართ ჩვენში, არამედ თქვენს შიგნით არის სივიწროვე. ხოლო ამაზე სამაგიეროდ, გეუბნებით, როგორც შვილებს: იყავით თქვენც გაფართოებულნი“.
10 ნათელია, მრავალი კორინთელი ავლენდა მოციქულ პავლეს ძმური სიყვარულისადმი მადლიერების ნაკლებობას. ასე რომ, ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა: „წერილებში ის მძიმე და ძლიერია, მაგრამ როდესაც პირადად იმყოფება, სუსტია და მისი სიტყვაც არარაობაა“ (2 კორინთელთა 10:10). ამის გამო პავლე მიმართავდა მათ „მაღალ მოციქულებს“ და როგორც ეს ჩაწერილია კორინთელთა მიმართ მეორე წერილის 11:5, 22–33-ში, აღძრული იყო ეთქვა, თუ რა გამოცდების ატანა უხდებოდა.
11 პავლეს თბილი სიყვარული მათ მიმართ, ვისაც ემსახურებოდა, განსაკუთრებით ჩანს მისი სიტყვებიდან, რომელიც ჩაწერილია თესალონიკელთა მიმართ პირველი წერილის 2:8-ში: „ასევე ჩვენც თქვენდამი გულმოდგინებით გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“. სინამდვილეში, მას ისეთი სიყვარული ჰქონდა ამ ახალი ძმების მიმართ, რომ ვერ გაძლო მათი მდგომარეობის გაგების გარეშე — მას ძლიერი სურვილი ჰქონდა, სცოდნოდა, თუ როგორ იტანდნენ ისინი დევნას — ამ მიზნით გაგზავნა ტიმოთე, რომელმაც კარგი ამბავი მოუტანა, რამაც დიდად გაამხნევა პავლე (1 თესალონიკელთა 3:1, 2, 6, 7). „Insight on the Scriptures“ აღნიშნავს, რომ „ძმური სიყვარულის მჭიდრო კავშირები არსებობდა პავლესა და მათ შორის, ვისაც ემსახურებოდა“.
დაფასება — ძმური სიყვარულის გასაღები
12 უეჭველად, ძმური სიყვარულის გასაღები არის დაფასება. ნუთუ იეჰოვასადმი მიძღვნილ ყველა მსახურს არა აქვს ისეთი თვისებები, რომლებსაც დავაფასებდით და რომლებიც ჩვენში აღძრავდა მათდამი სიყვარულის გრძნობას? თითოეული ჩვენგანი უპირველესად ეძებს ღმერთის სამეფოს და მის სიმართლეს. თითოეულ ჩვენგანს გვიწევს მედგარი ბრძოლა სამი საერთო მტრის წინააღმდეგ, ესენია: სატანა და მისი დემონები, სატანის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბოროტი ქვეყნიერება და დაცემული სხეულის მემკვიდრეობით მიღებული ეგოისტური მიდრეკილებები. ნუთუ ყოველთვის არ უნდა გვეჭიროს ისეთი პოზიცია, რომ ჩვენი ძმები, თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში, აკეთებენ საუკეთესოს? მსოფლიოში ნებისმიერი პიროვნება არის ან სატანის, ან ღმერთის მხარეზე. ღმერთისადმი მიძღვნილი ჩვენი დები და ძმები იეჰოვას მხარეზე არიან, დიახ, ჩვენს მხარეზე, და ამიტომ იმსახურებენ ჩვენგან ძმურ სიყვარულს.
13 რა შეიძლება ითქვას ჩვენი უხუცესების დაფასების შესახებ? განა არ უნდა დაიკავონ მათ ჩვენს გულში განსაკუთრებული ადგილი იმის გამო, რომ მძიმედ შრომობენ კრების საკეთილდღეოდ? თითოეული ჩვენგანის მსგავსად, მათაც უნდა იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახზე. როგორც დანარჩენებს, მათაც აქვთ მსგავსი ვალდებულებები, ჰქონდეთ პირადი შესწავლა, მოემზადონ კრების შეხვედრებისთვის და მონაწილეობა მიიღონ საველე მსახურებაში. გარდა ამისა, შეხვედრისთვის უნდა მოამზადონ პროგრამის გარკვეული ნაწილი, გააკეთონ საჯარო მოხსენება და იზრუნონ კრებაში წამოჭრილ პრობლემებზე, რაც ზოგჯერ მოითხოვს საათობით სამართლებრივი საქმის მოსმენას. ნამდვილად, ჩვენ გვსურს ‘პატივისცემით მოვეპყრათ ამისთანებს’ (ფილიპელთა 2:29).
ძმური სიყვარულის გამოვლენა
14 იეჰოვას რომ ვასიამოვნოთ, უნდა გამოვავლინოთ თანამორწმუნეების მიმართ ძმური სიყვარულის თბილი გრძნობა, როგორც ამას აკეთებდნენ ქრისტე და პავლე. ჩვენ ვკითხულობთ: ‘ძმათმოყვარეობაში [გქონდეთ] ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარული’ (რომაელთა 12:10). „ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, თქვენ თვითონ ღმერთისგან ისწავლეთ ერთიმეორის სიყვარული“ (1 თესალონიკელთა 4:9). „ძმური სიყვარული რჩებოდეს“ (ებრაელთა 13:1). ნამდვილად, ჩვენს ზეციერ მამას სიამოვნებს, როცა ძმურ სიყვარულს ვავლენთ მისი მიწიერი შვილების მიმართ!
15 მოციქულების დროს ქრისტიანებს ჩვეულებად ჰქონდათ ერთმანეთს მისალმებოდნენ „წმიდა ამბორით“ ან „სიყვარულის ამბორით“ (რომაელთა 16:16; 1 პეტრე 5:14). ჭეშმარიტად ძმური სიყვარულის გამოხატვაა! დღეს მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, ძმური სიყვარულის გამოსახატავად უფრო მეტად მიღებულია გულწრფელად, მეგობრულად გაღიმება და ხელის ჩამორთმევა. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისეთებში, როგორიცაა მექსიკა, მისალმების ფორმაა გადახვევა — ჭეშმარიტად სიყვარულის გამოხატვაა. შესაძლოა, ძმებს შორის არსებულმა ასეთმა გულთბილმა სიყვარულმა შეუწყო ხელი ამ ქვეყნებში დიდ ზრდას.
16 როცა შევდივართ სამეფო დარბაზში, ვიჩენთ თუ არა განსაკუთრებულ მცდელობას ძმური სიყვარულის გამოსახატავად? ეს აღგვძრავს, ვუთხრათ გამამხნევებელი სიტყვები განსაკუთრებით მათ, რომლებიც მოწყენილები ჩანან. ჩვენ გვეუბნებიან: „ანუგეშეთ სულმოკლენი [დამწუხრებული სულები, აქ]“ (1 თესალონიკელთა 5:14). ნამდვილად, ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ გულთბილი ძმური სიყვარული. სხვა კარგი საშუალება არის მადლიერების გამოხატვა კარგი საჯარო მოხსენებისთვის, პროგრამის ნაწილის კარგად წარმოდგენისთვის, თეოკრატიული სამსახურის სკოლაში მოსწავლე მომხსენებლის მიერ ძალისხმევის გამოჩენისთვის და ასე შემდეგ.
17 რა შეიძლება ითქვას სხვადასხვა პიროვნებების სახლში სადილად ან თუ ძალიან გვიან არ არის, კრების შემდეგ წასახემსებლად მიპატიჟების შესახებ? არ უნდა ვიხელმძღვანელოთ იესოს რჩევით ლუკას 14:12–14-დან? ერთ-ერთი ყოფილი მისიონერი დაინიშნა ზედამხედველად კრებაში, სადაც ყველა სხვა რასის წარმომადგენელი იყო. ის გრძნობდა ძმური სიყვარულის უკმარისობას, ამიტომ გადაწყვიტა მდგომარეობის გამოსწორება. როგორ? კვირიდან კვირამდე ის სადილად პატიჟებდა სხვადასხვა ოჯახებს. წლის ბოლოს ყველა ავლენდა მისადმი გულთბილ ძმურ სიყვარულს.
18 როცა და ან ძმა ავადაა და არის ან სახლში, ან საავადმყოფოში, ძმურმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, ვაგრძნობინოთ, რომ ვზრუნავთ მასზე. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც ცხოვრობენ მოხუცებულთა და ინვალიდთა სახლში? რატომ არ უნდა მოვინახულოთ ან დავურეკოთ, ან გავუგზავნოთ გულთბილი გრძნობების გამომხატველი ღია ბარათი?
19 როცა გამოვხატავთ მსგავს ძმურ სიყვარულს, საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა: „არის ჩემი ძმური სიყვარული მიუკერძოებელი? ჩემში ძმურ სიყვარულზე გავლენას ახდენს თუ არა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: კანის ფერი, განათლება ან მატერიალური მდგომარეობა? უნდა გავაფართოვო თუ არა ძმური სიყვარული, როგორც მოციქული პავლე მოუწოდებდა კორინთელ ქრისტიანებს?“ ძმური სიყვარული აღგვძრავს, დადებითი თვალსაზრისი გვქონდეს ძმების მიმართ და დავაფასოთ ისინი მათი კარგი თვისებების გამო. ძმური სიყვარული, აგრეთვე, დაგვეხმარება, გვიხაროდეს ჩვენი ძმების წარმატებები, ნაცვლად იმისა, რომ გვშურდეს მათი.
20 ძმურმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, დავეხმაროთ ძმებს მსახურებაში. ეს უნდა იყოს ისე, როგორც ნათქვამია ერთ-ერთ ჩვენს სიმღერაში (ნომერი 92):
„ყველა სუსტს ჩვენ დავეხმარებით,
რათა შეძლონ მხნედ საუბარი,
ახალგაზრდებს შევეშველებით,
გახდნენ მტკიცენი და უშიშარნი“.
21 ასე რომ, არასდროს დაგვავიწყდეს ეს ძმური სიყვარულის გამოხატვისას, არ დაგვავიწყდეს პრინციპი, რომელიც იესომ დაუტოვა თავის მიმდევრებს მთაზე ქადაგებისას: „მიეცით და თქვენც მოგეცემათ. საწყაო კეთილი, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენს კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ — უკანვე მოგეწყებათ თქვენ“ (ლუკა 6:38). ჩვენთვისაც სასარგებლოა, თუ ვავლენთ ძმურ სიყვარულს და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, რომლებიც ჩვენსავით იეჰოვას მსახურები არიან. ჭეშმარიტად, ბედნიერნი არიან ისინი, რომლებსაც სიამოვნებას ანიჭებს ძმური სიყვარულის გამოვლენა!
[სქოლიოები]
a იხილე მომდევნო სტატია: „სიყვარული (აგაპე) — რა არ არის და რა არის ის“.
როგორ უპასუხებდი?
◻ რომელი ბერძნული სიტყვებია დაკავშირებული ჩვენს ემოციებთან და რა განსხვებაა მათ შორის?
◻ რა არის ძმური სიყვარულის გასაღები?
◻ განსაკუთრებული ძმური სიყვარულის რა მაგალითები გვაქვს საღვთო წერილიდან?
◻ რატომ უნდა გვქონდეს გულთბილი სიყვარული ჩვენი ძმებისა და უხუცესების მიმართ?
[სასწავლო კითხვები]
1. რა არის იმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რომ იეჰოვას მოწმეთა შეხვედრები ასეთ ბედნიერ შემთხვევას წარმოადგენს?
2, 3. რომელ ორ ბერძნულ სიტყვას აქვს კავშირი გრძნობებთან, რომელიც უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, და რა არის მათი განმასხვავებელი ნიშანი?
4. რატომ ჰქონდათ იესოსა და იოანეს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ძმური სიყვარული?
5. რა შეიძლება ითქვას პავლესა და ტიმოთეს შორის არსებული განსაკუთრებული ძმური სიყვარულის შესახებ?
6, 7. რა გრძნობები ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ დავითსა და იონათანს, და რატომ?
8. რომელმა ორმა ქალმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ერთმანეთის მიმართ და რატომ?
9. საიდან ჩანს, რომ პავლე არის ძმური სიყვარულის მისაბაძი მაგალითი?
10. ძმური სიყვარულის რა უკმარისობამ აიძულა პავლე მოეთხრო თავისი განსაცდელების შესახებ, რომელიც ჩაწერილია მეორე კორინთელთა მე-11 თავში?
11. რა მოწმობს პავლეს სიყვარულზე თესალონიკელ ქრისტიანთა მიმართ?
12. რა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ გამოვავლინოთ ჩვენი ძმებისადმი გულთბილი სიყვარული?
13. რატომ უნდა გამოვავლინოთ გულთბილი სიყვარული უხუცესების მიმართ?
14. რომელი ბიბლიური მუხლები მოგვიწოდებენ ძმური სიყვარულის გამოვლენისკენ?
15. რა გზებით შეგვიძლია გამოვავლინოთ ძმური სიყვარული?
16. რომელი კარგი შესაძლებლობები გვაქვს, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული სამეფო დარბაზში?
17. როგორ მოიპოვა ერთმა უხუცესმა კრების სიყვარული?
18. როგორ შეგვიძლია ძმური სიყვარულის გამოვლენა ავადმყოფი ძმებისა და დების მიმართ?
19, 20. როგორ შეგვიძლია ძმური სიყვარულის გაფართოება?
21. რას უნდა მოველოდეთ, როცა თვითონ ვავლენთ ძმურ სიყვარულს?