ბიბლიის წიგნი 33 — მიქა
დამწერი: მიქა
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: ძვ. წ. 717 წლამდე
მოიცავს პერიოდს: დაახლ. ძვ. წ. 777—717
1. როგორი კაცი იყო მიქა?
ის იყო მოწიფული მამაკაცი, რომელიც მრავალი წელი ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას; გაბედული კაცი, რომელიც თავისი ერის მმართველებს უცხადებდა: „სიკეთის მოძულენი ხართ და ბოროტების მოყვარულნი . . . ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ“; კაცი, რომელიც თავმდაბლად აღიარებდა, რომ მისი მგზნებარე სიტყვები იეჰოვასგან იყო, რომლის სულითაც ლაპარაკობდა. გაიცნობდით ასეთ ადამიანს? რამდენ საინტერესო რამეს გეტყოდათ და რა გონივრულ რჩევებს მოგცემდათ! სწორედ ასეთი კაცი იყო წინასწარმეტყველი მიქა. მისი სახელით წოდებულ წიგნში დღესაც ვკითხულობთ მის ბრძნულ რჩევებს (მიქ. 3:2, 3, 8).
2. რა ვიცით მიქაზე და როდის წინასწარმეტყველებდა ის?
2 სხვა მრავალი წინასწარმეტყველის მსგავსად, მიქაც თავის წიგნში თითქმის არაფერს ამბობს საკუთარ თავზე. მთელ ყურადღებას ის წიგნში მოცემულ ცნობაზე ამახვილებს. სახელი „მიქა“ „მიქაელის“ (ნიშნავს „ვინ არის ღვთის მსგავსი?“) ან „მიქაიას“ (ნიშნავს „ვინ არის იეჰოვას მსგავსი?“) შემოკლებული ფორმაა. ის წინასწარმეტყველებდა იოთამის, ახაზისა და ხიზკიას მეფობის დროს (ძვ. წ. 777—717). აქედან გამომდინარე, ის ესაია და ოსია წინასწარმეტყველების თანამედროვე იყო (ეს. 1:1; ოს. 1:1). მიქა არა უმეტეს 60 წელს წინასწარმეტყველებდა, თუმცა კონკრეტულად ვერ ვიტყვით რამდენ ხანს. სამარიის განადგურებასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები მიქას უნდა წარმოეთქვა ძვ. წ. 740 წელს ამ ქალაქის განადგურებამდე, წიგნის წერა კი ძვ. წ. 717 წელს, ხიზკიას მეფობის ბოლოსთვის უნდა დაესრულებინა (მიქ. 1:1). მიქა სოფელ მორეშეთიდან იყო, რომელიც იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით შეფელას ნაყოფიერ მხარეში მდებარეობდა. ის კარგად იცნობდა სოფლის ყოფა-ცხოვრებას, რაც აშკარად ჩანს იმ მაგალითებიდან, რომლებსაც აზრის ნათლად გადმოსაცემად იყენებდა (2:12; 4:12, 13; 6:15; 7:1, 4, 14).
3. რა განსაკუთრებულ დროში მსახურობდა მიქა და რატომ დანიშნა ის იეჰოვამ წინასწარმეტყველად?
3 მიქა სახიფათო, მაგრამ ამავე დროს, განსაკუთრებულ დროში ცხოვრობდა. სწრაფად განვითარებული მოვლენები ისრაელისა და იუდას სამეფოებისთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. ისრაელში ზნეობის დაკნინებისა და კერპთაყვანისმცემლობის შედეგი ის იყო, რომ ერი ასურეთმა გაანადგურა. როგორც ჩანს, მიქა თავად შეესწრო ამას. იოთამის მეფობის დროს იუდა სწორად იქცეოდა, განდგომილი ახაზის მმართველობის დროს ისრაელს ჰბაძავდა ბოროტებაში, ხოლო ხიზკიას დროს — კვლავ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას დაუბრუნდა. იეჰოვამ მიქა წინასწარმეტყველად დანიშნა, რათა მისი მეშვეობით გაეფრთხილებინა თავისი ხალხი და ემცნო მათთვის, რას უპირებდა. მიქას წინასწარმეტყველებებმა დამაჯერებლობა შეჰმატა ესაიასა და ოსიას წინასწარმეტყველებებს (2 მეფ. 15:32—20:21; 2 მატ., თავები 27—32; ეს. 7:17; ოს. 8:8; 2 კორ. 13:1).
4. რა ადასტურებს მიქას წიგნის უტყუარობას?
4 მიქას წიგნის უტყუარობის დამადასტურებელი მრავალი მტკიცება არსებობს. იუდეველები მას ყოველთვის მიიჩნევდნენ ებრაული კანონის ნაწილად. იერემიას 26:18, 19-ში მიქას სიტყვებია ციტირებული: „მინდორივით გადაიხვნება სიონი, ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი“ (მიქ. 3:12). ეს წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა ძვ. წ. 607 წელს, როდესაც ბაბილონის მეფემ მიწასთან გაასწორა იერუსალიმი, „რათა ბოლომდე გაენადგურებინა ყველაფერი“ (2 მატ. 36:19). ასევე შესრულდა წინასწარმეტყველება, რომლის თანახმადაც სამარია „ნანგრევების გროვად“ იქცეოდა (მიქ. 1:6, 7). სამარია ძვ. წ. 740 წელს ასურელებმა გაანადგურეს და ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოს მოსახლეობა ტყვედ წაასხეს (2 მეფ. 17:5, 6). მოგვიანებით, ძვ. წ. მეოთხე საუკუნეში, ის ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო, ძვ. წ. მეორე საუკუნეში კი იუდეველებმა იოანე ჰირკან I-ის ხელმძღვანელობით გაანადგურეს. ამ უკანასკნელის შესახებ ერთ წიგნში ნათქვამია: „გამარჯვებულმა მხარემ გაანადგურა ის [სამარია] და მთაზე გაშენებული, ერთ დროს გამაგრებული ქალაქის არსებობის ყოველგვარი კვალის წაშლა სცადა“ (The New Westminster Dictionary of the Bible, 1970, გვ. 822).
5. როგორ ადასტურებს არქეოლოგია მიქას წინასწარმეტყველებების შესრულებას?
5 მიქას წინასწარმეტყველების შესრულებას არქეოლოგიაც ადასტურებს. ცნობები სამარიის განადგურების შესახებ მოიპოვება ასურულ მატიანეშიც. მაგალითად, ასურეთის მეფე სარგონი იკვეხნიდა: „ალყა შემოვარტყი სამარიას (სამერინა) და დავიპყარი“a. თუმცა სამარიის დამპყრობი სარგონის წინამორბედი, სალმანასარV უფრო იყო, რადგან ბაბილონურ ქრონიკაში მასზე ნათქვამია: „მან ააოხრა სამარია“b. მიქას წინასწარმეტყველების თანახმად, ხიზკიას მეფობის დროს იუდას თავს დაესხა ასურელთა ჯარი, რის შესახებაც დაწვრილებით მოგვითხრობს სინახერიბის ქრონიკა (მიქ. 1:6, 9; 2 მეფ. 18:13). ნინევეს სასახლის კედელზე გაკეთებული ბარელიეფი ლაქიშის აღებას ასახავს. სინახერიბის პრიზმაზე ვკითხულობთ: „ალყაში მოვაქციე 46 გამაგრებული ქალაქი . . . მე წამოვასხი 200 150 ტყვე . . . ის [ხიზკია], როგორც ჩიტი გალიაში, იერუსალიმში — მის სატახტო ქალაქში გამოვამწყვდიე“. ის ასახელებს ხიზკიას მიერ გადახდილ ხარკსაც, თუმცა რაოდენობას აზვიადებს, თავისი ჯარის განადგურებაზე კი დუმს (2 მეფ. 18:14—16; 19:35)c.
6. საბოლოოდ რა ადასტურებს მიქას წიგნის ღვთივშთაგონებულობას?
6 წიგნის ღვთივშთაგონებულობას საბოლოოდ ადასტურებს მიქას 5:2, რომელშიც მესიის დაბადების ადგილია ნაწინასწარმეტყველები (მათ. 2:4—6). მიქას წიგნიდან ზოგიერთი აზრი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებშიც მეორდება (მიქ. 7:6, 20; მათ. 10:35, 36; ლუკ. 1:72, 73).
7. როგორ გამოხატავდა აზრებს მიქა?
7 თუმცა მიქა იუდას ერთ-ერთი სოფლიდან იყო, აზრების ჩამოყალიბება არ უჭირდა. ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ულამაზესი გამონათქვამების ნაწილს სწორედ მიქას წიგნში ვხვდებით. მე-6 თავში ჩაწერილია შთამბეჭდავი დიალოგი. მიქა მკითხველის ყურადღებას იპყრობს იმით, რომ სწრაფად გადადის ერთი აზრიდან მეორეზე, წყევლიდან — კურთხევაზე და შემდეგ ისევ წყევლაზე (მიქ. 2:10, 12; 3:1, 12; 4:1). წიგნში უამრავი ხატოვანი გამონათქვამია; მაგალითად, იეჰოვაზე ვკითხულობთ, რომ „მთები დადნება მის ფეხქვეშ და ველები ისე დაიშლება, როგორც ცვილი ცეცხლისგან, როგორც ქარაფიდან ვარდნილი წყალი“ (1:4; იხილეთ აგრეთვე 7:17).
8. რისგან შედგება მიქას წიგნის თითოეული ნაწილი?
8 წიგნი შეიძლება დავყოთ სამ ნაწილად, რომლებიც იწყება სიტყვით „ისმინეთ“. თითოეულ ნაწილში არის მხილება, გაფრთხილებები დასჯაზე და დაპირებები მომავალ კურთხევებზე.
შინაარსი
9. როგორი სასჯელი ელოდა სამარიასა და იუდას?
9 პირველი ნაწილი (1:1—2:13). იეჰოვა გამოვიდა თავისი ტაძრიდან, რომ სამარია კერპთაყვანისმცემლობისთვის დაესაჯა. ის „ნანგრევების გროვად“ აქცევდა მას, ‘ველზე დაყრიდა მის ქვებს’ და ნამტვრევებად აქცევდა მის ქანდაკებებს. მისი ჭრილობა არ განიკურნებოდა. იუდაც დამნაშავე იყო, ამიტომ ‘იერუსალიმის კარიბჭესაც’ მიადგებოდა მტერი. იეჰოვამ მსჯავრი დასდო ყველას, ვინც ავს იზრახავდა. ისინი იგლოვებდნენ და იტყოდნენ: „გავიძარცვეთ!“ (1:6, 12; 2:4).
10. რას ამბობს მიქა იეჰოვას გულმოწყალებაზე?
10 თხრობა მოულოდნელად გადადის იეჰოვას გულმოწყალებაზე. წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით აცხადებს: „შევკრებ მთელ იაკობს . . . გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში, როგორც ფარა თავის საძოვარზე. ახმაურდებიან ადამიანთა სიმრავლის გამო“ (2:12).
11. ა) რა განაჩენს უცხადებს მიქა იაკობისა და ისრაელის მმართველებს? ბ) ვინ აძლევდა მიქას გამბედაობას?
11 მეორე ნაწილი (3:1—5:15). მიქა განაგრძობს: „ისმინეთ, იაკობის თავკაცებო და ისრაელის სახლის მეთაურებო!“ ის მკაცრ განაჩენს უცხადებდა „სიკეთის მოძულეებსა და ბოროტების მოყვარულებს“, რომლებიც ხალხს ჩაგრავდნენ და ‘ძვლებს უმტვრევდნენ’ (3:1—3). მათ შორის იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები, რომლებიც ახეტიალებდნენ ღვთის ხალხს. ასეთი განაჩენის გასაცხადებლად ზეადამიანური სიმამაცე იყო საჭირო. მაგრამ მიქა ამბობს: „მე ავივსე ძალით, იეჰოვას სულით, სამართლიანობითა და ძლიერებით, რათა გავაგებინო იაკობს თავისი ურჩობა და ისრაელს — თავისი ცოდვა“ (3:8). დასასრულს, ის მკაცრად ამხელს სისხლისმღვრელ მმართველებს: „მისი თავკაცები ქრთამისთვის ასამართლებენ, მისი მღვდლები საფასურისთვის ასწავლიან და მისი წინასწარმეტყველები ფულისთვის მკითხაობენ“ (3:11). ამიტომ მინდორივით გადაიხვნება სიონი და ნანგრევების გროვად იქცევა იერუსალიმი.
12. რა შთამბეჭდავი წინასწარმეტყველება წარმოთქვა მიქამ „უკანასკნელ დღეებზე“?
12 შემდეგ მიქა წინასწარმეტყველებს „უკანასკნელ დღეებზე“ და შთამბეჭდავად აღწერს იეჰოვას მთაზე მისი თაყვანისმცემლობის აღდგენას (4:1). მრავალი ერი ავა ამ მთაზე, რომ ისწავლონ იეჰოვას გზები, რადგან მისი კანონი და სიტყვა სიონიდან და იერუსალიმიდან გამოვა. ისინი აღარ ისწავლიან ომს და თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება. ისინი უსაფრთხოდ იქნებიან. დაე ყველა ხალხმა თავისი ღვთის სახელით იაროს, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები კი თავიანთი ღვთის, იეჰოვას სახელით ივლიან და ის მათი მეფე იქნება მარადიულად. მაგრამ მანამდე სიონს ბაბილონში გადაასახლებდნენ. მხოლოდ მისი აღდგენის შემდეგ გააცამტვერებდა იეჰოვა მის მტრებს.
13. როგორი მმართველი გამოვიდოდა ბეთლემიდან და როგორი იქნებოდა „იაკობის დარჩენილი ნაწილი“?
13 მიქამ იწინასწარმეტყველა, რომ ეფრათას ბეთლემიდან გამოვიდოდა ისრაელის მმართველი, რომლის ‘წარმოშობაც ძველი დროიდან იყო’. ის ‘დამწყემსავდა იეჰოვას ძალით’ და ‘დედამიწის კიდეებს მისწვდებოდა მისი დიდება’ (5:2, 4). დამპყრობი ასურელის წარმატება ხანმოკლე იქნებოდა, რადგან უკან დაბრუნდებოდა და მისი ქვეყანა გაპარტახდებოდა. „იაკობის დარჩენილი ნაწილი“ ხალხს შორის ‘იეჰოვასგან წამოსული ნამივით’ და ერებს შორის ლომივით მამაცი იქნებოდა (5:7). იეჰოვა ამოძირკვავდა ცრუთაყვანისმცემლობას და შურს იძიებდა დაუმორჩილებელ ხალხებზე.
14. ა) რა თვალსაჩინოებით იწყებს მიქა თავისი წიგნის მესამე ნაწილს? ბ) იეჰოვას რომელ მოთხოვნას არ ასრულებდნენ ისრაელები?
14 მესამე ნაწილი (6:1—7:20). მიქა დიალოგის სახით წარმოგვიდგენს სასამართლო პროცესს. იეჰოვა სასამართლო საქმეს აწარმოებს ისრაელთან და მთებსა და გორებს იმოწმებს (6:1). ის ეუბნება ისრაელს, შეედაოს, და მათთვის გაკეთებულ მართალ საქმეებს ახსენებს. რას ითხოვს იეჰოვა ადამიანისგან? ის არ ითხოვს დიდძალ ცხოველურ შესაწირავს, არამედ „სამართლის ქმნას, სიკეთის სიყვარულსა და მოკრძალებულად სიარულს ღმერთთან ერთად“ (6:8). მაგრამ ისრაელი ასე არ იქცეოდა. სამართლიანობისა და სიკეთის ნაცვლად, ისრაელში „არასწორი სასწორი“, ძალადობა, სიცრუე და მზაკვრობა იყო (6:11). ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარულის ნაცვლად, ისინი სამარიის მეფეების, ომრისა და ახაბის, ბოროტ რჩევებსა და კერპთაყვანისმცემლობას მისდევდნენ.
15. ა) რატომ წუხდა წინასწარმეტყველი? ბ) რა შესაფერისი დასკვნა კეთდება წიგნის ბოლოს?
15 წინასწარმეტყველს მისი ხალხის ზნეობრივი დაკნინება აწუხებდა. მათ შორის ‘ყველაზე მართალიც კი ეკლის ღობეზე უარესი იყო’ (7:4). ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ერთმანეთს ღალატობდნენ. მაგრამ მიქა გულს არ იტეხდა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს. მომისმენს ჩემი ღმერთი“ (7:7). მტრებს არ უნდა გაეხარათ იმით, რომ იეჰოვა თავის ხალხს სჯიდა, რადგან ის იხსნიდა კიდეც მათ. იეჰოვა დამწყემსავდა და გამოკვებავდა თავის ხალხს და უჩვენებდა „საოცრებებს“, რაც ხალხებს თავზარს დასცემდა (7:15). წიგნის ბოლოს მიქა თავისი სახელის მნიშვნელობიდან გამომდინარე ხოტბას ასხამს იეჰოვას მისი უსაზღვრო სიკეთისთვის. მართლაც, ‘რომელი ღმერთია იეჰოვას მსგავსი?!’ (7:18)
რატომ არის სასარგებლო
16. ა) როგორ აღმოჩნდა მიქას წინასწარმეტყველება სასარგებლო მეფე ხიზკიას დროს? ბ) რა დამაფიქრებელ რჩევებს გვაძლევს ის?
16 2 700 წლის წინათ მიქას წინასწარმეტყველება ‘შესაგონებლად სასარგებლო’ აღმოჩნდა, რადგან იუდას მეფე ხიზკია გამოეხმაურა ამ გაფრთხილებას, ერი მონანიებისკენ აღძრა და რელიგიური რეფორმები გაატარა (მიქ. 3:9—12; იერ. 26:18, 19; შეადარეთ 2 მეფეების 18:1—4). ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს წინასწარმეტყველება დღეს უფრო სასარგებლოა. ყველამ, ვისაც თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, ყურად უნდა იღოს მიქას გამაფრთხილებელი სიტყვები ცრუ რელიგიის, კერპთაყვანისმცემლობის, სიცრუისა და ძალადობის შესახებ (მიქ. 1:2; 3:1; 6:1). პავლემ ეს გაფრთხილებები 1 კორინთელების 6:9—11-ში გაიმეორა და აღნიშნა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები განიწმინდნენ ამ ბოროტი საქმეებისაგან, რომელთა ჩამდენნიც ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. მიქას 6:8-დან ვიგებთ, რომ იეჰოვა ადამიანისგან მის წინაშე სამართლით, სიკეთითა და მოკრძალებით სიარულს ითხოვს.
17. როგორ ამხნევებს მიქა მათ, ვინც დევნისა და სირთულეების მიუხედავად ღმერთს ემსახურება?
17 მიქა იეჰოვას სიტყვას ისეთ დროში აცხადებდა, როცა „კაცის მტრები მისი ოჯახის წევრები“ იყვნენ. ხშირად ჭეშმარიტ ქრისტიანებს მსგავს პირობებში უწევთ ქადაგება. ზოგიერთ მათგანს საკუთარი ოჯახის წევრები ღალატობენ და სასტიკად დევნიან. ისინი ყოველთვის მოთმინებით უნდა დაელოდონ იეჰოვას, მათი „ხსნის ღმერთს“ (მიქ. 7:6, 7; მათ. 10:21, 35—39). იეჰოვაზე დაიმედებულები დევნის ან რთული დავალების შესრულების დროს მიქას მსგავსად ღვთის ცნობის გასაცხადებლად აღივსებიან „ძალით, იეჰოვას სულით“. მიქას წინასწარმეტყველების თანახმად, ასეთ გაბედულებას განსაკუთრებით „იაკობის დარჩენილი ნაწილი“ გამოავლენდა. ის იქნებოდა „მრავალ ხალხს შორის, როგორც ლომი“, როგორც ნამი და შხაპუნა წვიმა იეჰოვასაგან. უდავოა, ეს თვისებები გამოავლინა ‘ისრაელის (იაკობის) დარჩენილმა ნაწილმა’, რომლისგანაც პირველ საუკუნეში ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა (მიქ. 3:8; 5:7, 8; რომ. 9:27; 11:5, 26).
18. მიქას რომელი წინასწარმეტყველება უკავშირდება იესო ქრისტეს მეფობას?
18 იესოს ბეთლემში დაბადება, რითაც მიქას წინასწარმეტყველება შესრულდა, არა მარტო ადასტურებს წიგნის ღვთივშთაგონებულობას, არამედ იმაზეც მიუთითებს, რომ ამ მუხლის კონტექსტში ნაწინასწარმეტყველებია ღვთის სამეფოს მოსვლა, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს. იესო გამოჩნდა ბეთლემიდან („პურის სახლი“) და სიცოცხლეს აძლევს ყველას, ვისაც სჯერა, რომ მის გამოსასყიდს ხსნა შეუძლია. ის „დამწყემსავს იეჰოვას ძალით“, განდიდდება და მშვიდობას განავრცობს დედამიწის კიდით-კიდემდე ღვთის გაერთიანებული ფარისთვის (მიქ. 5:2, 4; 2:12; იოან. 6:33—40).
19. ა) როგორ ამხნევებს მიქას წინასწარმეტყველება „უკანასკნელ დღეებში“ მცხოვრებთ? ბ) როგორ განადიდებს „მიქა“ იეჰოვას უზენაესობას?
19 მიქას წინასწარმეტყველება, რომ „უკანასკნელ დღეებში“ მრავალი ერი მოინდომებდა იეჰოვასგან დამოძღვრას, მეტად გამამხნევებელია. „ისინი თავიანთი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — სასხლავებს. ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“. ისინი დატოვებენ ცრუთაყვანისმცემლობას და მიქას სიტყვებს გაიმეორებენ: „ჩვენ კი იეჰოვას, ჩვენი ღვთის სახელით ვივლით მარადიულად, სამარადისოდ“. მიქას წინასწარმეტყველება რწმენას გვინერგავს, რადგან წინასწარ გვიმხელს ამ მეტად მნიშვნელოვან მოვლენებს. ის იმითაც გამოირჩევა, რომ განადიდებს იეჰოვას, როგორც უზენაეს უფალსა და მარადიულ მეფეს. რა აღმაფრთოვანებელი სიტყვებია: „იეჰოვა იქნება მათი მეფე სიონის მთაზე ახლაც და მარადიულადაც“! (მიქ. 4:1—7; 1 ტიმ. 1:17).
[სქოლიოები]
a Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდი, 1974, გვ. 284.
b Assyrian and Babylonian Chronicles, ა. გრეისონი, 1975, გვ. 73.
c Ancient Near Eastern Texts, 1974, გვ. 288; „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. II, გვ. 894, 895 (ინგლ.).