ბიბლიის წიგნი 34 — ნაუმი
დამწერი: ნაუმი
დაწერის ადგილი: იუდა
წერა დასრულდა: ძვ. წ. 632 წლამდე
1. რა არის ცნობილი ძველი ნინევეს შესახებ?
„ნინევესთვის გამოტანილი განაჩენი“ (ნაუმ. 1:1). ნაუმის წინასწარმეტყველება ამ ავის მომასწავებელი სიტყვებით იწყება. რატომ აცხადებდა ის უბედურებას? რა არის ცნობილი ძველი ნინევეს შესახებ? ნაუმმა ნინევეს მთელი ისტორია ორი სიტყვით შეაჯამა — „სისხლისმღვრელი ქალაქი“ (3:1). ჩრდილოეთ ერაყში, მდინარე ტიგრის აღმოსავლეთ ნაპირზე, თანამედროვე ქალაქ მოსულის პირდაპირ აღმართული ორი ბორცვი ძველი ნინევეს ადგილმდებარეობაზე მიუთითებს. ნინევე კარგად იყო დაცული კედლებითა და თხრილებით. ის ასურეთის იმპერიის გვიანდელ ხანაში მისი დედაქალაქი გახდა. ქალაქს საფუძველი ნიმროდის დროს ჩაეყარა, რომელიც „ძლიერი მონადირე, იეჰოვას მოწინააღმდეგე“ იყო; ის „შევიდა ასურეთში და ააშენა ნინევე“ (დაბ. 10:9—11). ასე რომ, ნინევეს არცთუ ისე კარგი დასაბამი ჰქონდა. ქალაქმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი ასურეთის იმპერიის ბოლო პერიოდში სარგონის, სინახერიბის, ასარხადონისა და ასურბანიფალის მეფობის დროს. დაპყრობითი ომების შედეგად ქალაქი გამდიდრდა და სისასტიკით გაითქვა სახელი, რადგან მისი მმართველები არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებსa. ერთ წიგნში ნათქვამია: „ნინევემ კაცობრიობას თავი დაამახსოვრა მკვლელობებით, ძარცვით, სუსტთა ჩაგვრით, ომებით, ძალადობითა და სისხლმოწყურებული მმართველებით, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ხალხს და რომელთაც ხშირად მათზე უფრო სასტიკი მეტოქეები ანადგურებდნენ“ (Gods, Graves and Scholars, 1954, კ. კერამი, გვ. 266).
2. რას ეთაყვანებოდნენ ნინეველები?
2 რას სცემდნენ თაყვანს ნინეველები? ისინი თაყვანს სცემდნენ უამრავ ღმერთს, რომელთა უმეტესობის თაყვანისცემა ბაბილონელებისგან ჰქონდათ გადმოღებული. ბრძოლაში გასვლამდე მისი მმართველები ამ ღმერთებს მოუხმობდნენ, ხოლო ხარბი ქურუმები მათ დაპყრობითი ომებისკენ აქეზებდნენ, რადგან ნადავლიდან დიდ წილს იღებდნენ. ერთ წიგნში აღნიშნულია: „ისინი ძალას განადიდებდნენ და ლოცვებს მხოლოდ უზარმაზარ ქვის კერპებს, ლომებსა და ხარებს აღუვლენდნენ, რომელთა ძლიერი ფეხები, არწივის ფრთები და ადამიანის თავები ძალის, სიმამაცისა და გამარჯვების სიმბოლოები იყო. ხალხის ძირითადი საქმიანობა ბრძოლა იყო და ქურუმები განუწყვეტლივ აღძრავდნენ მათ ომისკენ, რადგან მათ ძირითად შემოსავალს ბრძოლიდან წამოღებული ნადავლი შეადგენდა. ქურუმებს ნადავლიდან მუდმივ წილს აძლევდნენ, რადგან მძარცველთა ეს მოდგმა უაღრესად რელიგიური იყო“ (Ancient Cities, 1886, უ. რაიტი, გვ. 25).
3. ა) რატომ შეეფერება ნაუმს მისი სახელი? ბ) როდის დაიწერა ნაუმის წინასწარმეტყველება?
3 ნაუმის წინასწარმეტყველება არცთუ ისე დიდია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ყველაფერი, რაც ამ წინასწარმეტყველის შესახებ არის ცნობილი, წიგნის პირველივე სიტყვებშია ჩაწერილი: „ელკოშელი ნაუმის ხილვის წიგნი“. მისი სახელი (ებრაულად „ნახუმ“) „ნუგეშისმცემელს“ ნიშნავს. ნინევესთვის ნაუმის წინასწარმეტყველება მანუგეშებელი ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ღვთის ხალხისთვის ულმობელი და ძლიერი მტრისგან საბოლოო თავდახსნის მომასწავებელი იყო. თუმცა ნაუმის მშობლიური სოფლის, ელკოშის ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია, წინასწარმეტყველება მან სავარაუდოდ იუდაში დაწერა (ნაუმ. 1:15). ნინევე ძვ. წ. 632 წელს დაეცა, ამიტომ როცა ნაუმი თავის წინასწარმეტყველებას წერდა, ნინევეს განადგურება ჯერ კიდევ მომავლის ამბავი იყო. ნაუმმა მისი დაცემა ნო-ამონის (თებე, ეგვიპტე) დაცემას შეადარა, რაც ნინევეს დაცემამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა (3:8). მაშასადამე, ნაუმს ეს წინასწარმეტყველება დროის ამ შუალედში უნდა დაეწერა.
4. როგორ არის დაწერილი ნაუმის წიგნი?
4 წიგნის სტილი თავისებურია და მაღალფარდოვნებით არ გამოირჩევა. ის თავისი დინამიურობითა და რეალიზმით ჰარმონიულად ერწყმის წმინდა წერილების სხვა წიგნებს. მისი ენა გამოირჩევა გამომსახველობით, ემოციურობით, დრამატიზმით, ამაღლებულობით, ნათელი მხატვრული სახეებითა და სხარტი გამონათქვამებით (1:2—8, 12—14; 2:4, 12; 3:1—5, 13—15, 18, 19). დედანში პირველი თავის პირველი რვა მუხლი დაწერილია უსრული აკროსტიქით ებრაული ანბანის პირველი რვა ასოს შესაბამისად „ალეფიდან“ „კოფამდე“. წიგნს ერთი თემა გასდევს, რაც მეტ ხიბლს ჰმატებს ნაუმის სტილს. მას სულით ხორცამდე ეზიზღებოდა ისრაელის მზაკვარი მტერი და სჯეროდა, რომ ის განადგურდებოდა.
5. რა ადასტურებს ნაუმის წინასწარმეტყველების უტყუარობას?
5 ნაუმის წინასწარმეტყველების უტყუარობას მისი ზედმიწევნით შესრულება ადასტურებს. იმ დროს იეჰოვას წინასწარმეტყველის გარდა ვინ გაბედავდა, რომ მსოფლიო მპყრობლის, ასურეთის საამაყო დედაქალაქზე ეწინასწარმეტყველა, რომ გაიღებოდა „მდინარის კარიბჭეები“, დაინგრეოდა მისი სასახლე, თავად კი ‘დაცარიელდებოდა, გაუდაბურდებოდა და აოხრდებოდა’?! (2:6—10). შემდგომმა მოვლენებმა ცხადყო, რომ წინასწარმეტყველება ნამდვილად ღვთისგან იყო შთაგონებული. ბაბილონის მეფის, ნაბუფალასარის ქრონიკებში აღწერილია, როგორ დაიპყრეს ნინევე მიდიელებმა და ბაბილონელებმა: „ქალაქი [მათ] ნანგრევების გროვად [აქციეს]“b. ნინევე ისე გაანადგურეს, რომ მისი ადგილმდებარეობა საუკუნეების მანძილზე დავიწყებას მიეცა. ამიტომ ზოგიერთი კრიტიკოსი ცინიკურად ეკიდებოდა ნინევეს შესახებ ბიბლიის ცნობას და ამტკიცებდა, რომ მას არასდროს უარსებია.
6. რა აღმოაჩინეს ნინევეს გათხრების დროს, რამაც ნაუმის წინასწარმეტყველების სიზუსტე დაამტკიცა?
6 ნაუმის წინასწარმეტყველების სიზუსტე საბოლოოდ მაშინ დამტკიცდა, როცა ნინევე აღმოაჩინეს. ნაქალაქარის გათხრები მე-19 საუკუნეში დაიწყო. ვარაუდობდნენ, რომ ქალაქის ბოლომდე გასათხრელად მილიონობით ტონა მიწის ამოღება გახდებოდა საჭირო. რა აღმოაჩინეს გათხრების შედეგად? მრავალი რამ, რითაც ნაუმის წინასწარმეტყველების სიზუსტე დამტკიცდა. მაგალითად, აღმოჩენილმა ძეგლებმა და წარწერებმა დაადასტურა ნინეველთა სისასტიკე. ნაპოვნი იყო ფრთოსანი ხარებისა და ლომების უზარმაზარ ქანდაკებათა ნამტვრევები. გასაკვირი არაა, რატომ უწოდა ნაუმმა ამ ქალაქს „ლომების ბუნაგი“ (2:11)c.
7. რა მეტყველებს ნაუმის წიგნის კანონიკურობაზე?
7 იუდეველები ნაუმის წიგნს წმინდა წერილების ნაწილად მიიჩნევდნენ, რაც მის კანონიკურობაზე მეტყველებს. ის სრულად ეთანხმება ბიბლიის დანარჩენ წიგნებს. წინასწარმეტყველება წარმოთქმულია იეჰოვას სახელით და ხოტბას ასხამს მის თვისებებსა და უზენაესობას.
შინაარსი
8. რა განაჩენი გამოუცხადა ნაუმმა ნინევეს და რა სასიხარულო ამბავი ჰქონდა იუდასთვის?
8 ნინევესთვის გამოტანილი განაჩენი (1:1—15). „იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს, ის შურისმაძიებელი ღმერთია“. ამ სიტყვებით იწყება „ნინევესთვის გამოტანილი განაჩენის“ გაცხადება (1:1, 2). თუმცა იეჰოვა რისხვაში ნელია, ის გრიგალითა და ქარიშხლით იძიებდა შურს. მთები შეიძვრებოდა, გორები დადნებოდა და დედამიწა შეზანზარდებოდა. ვინ აღუდგებოდა წინ მის ანთებულ რისხვას? იეჰოვა ციხესიმაგრე იქნებოდა მათთვის, ვინც თავს შეაფარებდა. მაგრამ ნინევე უკვე განწირული იყო. ნიაღვარი წალეკავდა მას და ‘მეტად აღარ განმეორდებოდა მისი გასაჭირი’ (1:9). იეჰოვა დავიწყებას მისცემდა მის სახელსა და ღმერთებს. ის ღრმად ჩამარხავდა მას მიწაში. ამის საპირისპიროდ იეჰოვას სასიხარულო ამბავი ჰქონდა იუდასთვის. მშვიდობის მახარობელი იწვევდა მათ, ეზეიმათ დღესასწაულები და შეესრულებინათ თავიანთი აღთქმები, რადგან მტერი, „უვარგისი ადამიანი“, განწირული იყო და ‘სრულიად მოისპობოდა’ (1:15).
9. როგორ აღწერა ნაუმმა ნინევეს დაცემა?
9 ნინევეს განადგურება (2:1—3:19). ნაუმი თითქოს დაცინვით ეუბნება ნინევეს, ძალა მოიკრიბოს მომავალი გამფანტავის წინაშე. იეჰოვა შეკრებდა თავისებს, ‘იაკობისა და ისრაელის სიამაყეს’. ნაუმი ხედავდა შინდისფერი სამოსით შემოსილ ძალ-ღონით სავსე ვაჟკაცებს ფარებით ხელში, რომელთა ‘საომარი ეტლების რკინის აღჭურვილობა ცეცხლივით ელვარებდა ბრძოლის დღეს’. საომარი ეტლები ელვის სისწრაფით, ‘გაშმაგებით დაჰქროდნენ’ ქუჩებში (2:2—4). შემდეგ ნაუმი აღწერს ბრძოლის მსვლელობას: ნინეველები წაიბორძიკებდნენ და ამაოდ ეცდებოდნენ გალავნის დაცვას. მდინარის კარიბჭეები გაიღებოდა, სასახლე დაინგრეოდა, მისი მხევლები იკვნესებდნენ და მკერდში ხელის ცემას დაიწყებდნენ. გაქცეულებს დაუძახებდნენ, შეჩერდითო, მაგრამ არავინ დაბრუნდებოდა უკან. ქალაქი გაიძარცვებოდა და აოხრდებოდა. ხალხს გული დაუდნებოდა. სადღა იქნებოდა ლომების ბუნაგი? ლომი გამოქვაბულს თავისი ბოკვრებისთვის სამყოფი ნანადირევით აავსებდა. „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ“, — განუცხადებდა მას იეჰოვა (2:13). ის დაწვავდა ნინევეს საომარ ეტლებს, მახვილით შთანთქავდა მის ფაფრიან ლომებს და მოსპობდა მის ნანადირევს დედამიწიდან.
10. რაში იქნებოდა მხილებული ნინევე და როგორ არის აღწერილი მისი აღსასრული?
10 „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს! მზაკვრობითა და ძარცვით . . . სავსეს“. გაისმებოდა მასში მათრახის ხმა და ბორბლის გრიალი. იქროლებდნენ ცხენოსნები და იგრიალებდნენ ეტლები, იბზინებდა მახვილი და აელვარდებოდა შუბი, უამრავი გვამი დაიყრებოდა. ‘ბოლო არ გამოუჩნდებოდა გვამების გროვას’ (3:1, 3). რატომ დაემართებოდა ეს ნინევეს? იმიტომ, რომ აცდუნებდა ხალხებს თავისი მეძაობით და ერებს — თავისი ჯადოქრობით. „შენ წინააღმდეგ გამოვდივარ“, — მეორედ ეტყოდა მას იეჰოვა (3:5). ნინევე გაიძარცვებოდა და მისი მრუშობა გამოაშკარავდებოდა. მისი ხვედრი ნო-ამონზე (თებე) უკეთესი არ იქნებოდა, რომელიც თავად დაატყვევა. მისი ციხესიმაგრეები მწიფე ლეღვს დაემსგავსებოდა, ‘თუ შეარხევდნენ, ნაყოფი პირში ჩაუცვივდებოდა მჭამელს’ (3:12). მისი მეომრები ქალებივით იქნებოდნენ. ვერავინ იხსნიდა ნინევეს ცეცხლისა და მახვილისგან. მისი მცველები გაიქცეოდნენ, როგორც კალიის გუნდი მზიან დღეს, ხალხი კი გაიფანტებოდა. ასურეთის მეფე გაიგებდა, რომ არ შემსუბუქდებოდა მისი უბედურება და არ განიკურნებოდა მისი ჭრილობა. ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა ასურეთის ბოროტება, ამიტომ მისი უბედურების გაგონებაზე ტაშს შემოჰკრავდნენ.
რატომ არის სასარგებლო
11. რომელ ძირითად ბიბლიურ პრინციპებს ჰფენს ნათელს „ნაუმი“?
11 ნაუმის წინასწარმეტყველება ნათელს ჰფენს რამდენიმე ძირითად ბიბლიურ პრინციპს. „იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს“, — წიგნის პირველივე სიტყვებიდან ჩანს, რატომ მისცა ღმერთმა ათი მცნებიდან მეორე მცნება ისრაელს. შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა აუცილებლად ‘იძიებს შურს თავის მოწინააღმდეგეებზე’. კადნიერება, სისასტიკე და წარმართული ღვთაებები ვერ დაიხსნიდნენ ასურეთს იეჰოვას განაჩენის აღსრულებისგან. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა თავის დროზე გაასამართლებს ყველა ბოროტს. „იეჰოვა რისხვაში ნელია და დიდად ძლიერი. იეჰოვა თავს არ შეიკავებს დასჯისგან“. ძლევამოსილი ასურეთის განადგურებით იეჰოვას სამართლიანობა და უზენაესობა განდიდდა. ნინევე „დაცარიელდა და გაუდაბურდა, აოხრდა“ (1:2, 3; 2:10).
12. რის აღდგენას აცხადებდა ნაუმი და როგორ უკავშირდება მისი წინასწარმეტყველება ღვთის სამეფოს?
12 ნინევესაგან განსხვავებით, რომელიც „სრულიად მოისპო“, „იაკობისა და ისრაელის სიამაყე“ აღდგებოდა. იეჰოვა სასიხარულო ამბავს ამცნობდა თავის ხალხს: „აი, მთებზე ისმის მახარობლის, მშვიდობის გამომცხადებლის ფეხის ხმა!“ მშვიდობის ეს ცნობა ღვთის სამეფოს უკავშირდება. საიდან ვიცით ეს? ესაიას სიტყვებიდან, რომელიც იმავე გამოთქმას იყენებს და დასძენს: «უკეთესობის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის ფეხები, მისი, ვინც ეუბნება სიონს: „გამეფდა შენი ღმერთი!“» (ნაუმ. 1:15; 2:2; ეს. 52:7). მოციქული პავლე ამ გამოთქმას უკავშირებდა რომაელების 10:15-ში იეჰოვას მიერ გაგზავნილ, სასიხარულო ცნობის მქადაგებელ ქრისტიანებს, რომლებიც აცხადებენ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათ. 24:14). ნაუმი თავისი სახელის შესაბამისად ანუგეშებს ყველას, ვინც მშვიდობასა და ხსნას ელის ღვთის სამეფოსგან. ისინი თავად დარწმუნდებიან, რომ „კარგია იეჰოვა, ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს. ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“ (ნაუმ. 1:7).
[სქოლიოები]
a „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 201 (ინგლ.).
b Ancient Near Eastern Texts, ჯ. პრიჩარდი, 1974, გვ. 305, კავები ავტორისაა; „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 958 (ინგლ.).
c „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 955 (ინგლ.).