იხარეთ ღმერთში, ჩვენს მხსნელში
„უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას“ (აბაკუმი 3:18).
1. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემამდე, რის შესახებ იხილა ხილვა დანიელმა?
ბაბილონის დაცემამდე ათ წელზე მეტი წლის წინათ, ძვ. წ. 539 წელს, ხანში შესულმა წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვა იხილა მსოფლიო მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლოს იეჰოვას მტრებსა და მის მიერ ცხებულ მეფეს, იესო ქრისტეს, შორის ომი მოჰყვებოდა. როგორი იყო ამაზე დანიელის რეაქცია? მან თქვა: „დავუძლურდი და. . . შეძრწუნებული . . . ვიყავი ამ ხილვით“ (დანიელი 8:27).
2. რა შეტაკება იხილა ხილვაში დანიელმა და რას ფიქრობთ მისი შესრულების დროსთან დაკავშირებით?
2 რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? დღეს ხომ იქ აღწერილი მოვლენების უმეტესობა შესრულებულია! როგორ ვრეაგირებთ იმის გაგებაზე, რომ დანიელის მიერ ხილვაში ნანახი შეტაკება, არმაგედონის ბრძოლა, ძალიან ახლოს არის? რა რეაქცია გვაქვს, როდესაც ვხედავთ, რომ აბაკუმის წინასწარმეტყველებაში აღწერილი ბოროტება იმდენად მძვინვარებს, რომ ღვთის მტრების განადგურება გარდაუვალია? ჩვენც, ალბათ, ისევე ვგრძნობთ თავს, როგორც აბაკუმი, ხოლო მისი გრძნობები მისივე წინასწარმეტყველური წიგნის მე-3 თავშია აღწერილი.
აბაკუმი ღვთის მოწყალებაზე ლოცულობს
3. ვისთვის ლოცულობდა აბაკუმი და როგორ უნდა იმოქმედოს ამ სიტყვებმა ჩვენზე?
3 აბაკუმის მე-3 თავი ლოცვას წარმოადგენს. 1-ლი მუხლის (აქ) თანახმად, ის სამგლოვიარო სიმღერის ანუ გოდების სახით არის გადმოცემული. ზოგი ამბობს, რომ აბაკუმი საკუთარ თავზე ლოცულობდა. სინამდვილეში კი, ის ამას ღვთის რჩეული ხალხისთვის აკეთებდა. დღეს მის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს ღვთის ხალხისთვის, რომლებიც სამეფოს შესახებ ქადაგებას ეწევიან. როცა ამ თავს ასეთი თვალსაზრისით ვკითხულობთ, მასში ჩაწერილი სიტყვები ცუდ წინათგრძნობას გვიქმნის, თუმცა, ამავე დროს, სიხარულით გვავსებს. აბაკუმის ლოცვა, ანუ გლოვა, მტკიცე საფუძველს გვაძლევს, ვიხაროთ ჩვენი ხსნის ღმერთში, იეჰოვაში.
4. რატომ შეეშინდა აბაკუმს და ღვთის ძალის რა ძლევამოსილ გამოვლენას შეიძლება დანამდვილებით მოველოდეთ?
4 როგორც წინა ორი სტატიიდან გავიგეთ, აბაკუმის დროს იუდაში ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. მაგრამ ღმერთი არ დაუშვებდა, ყოველივე უცვლელად გაგრძელებულიყო. იეჰოვა გარკვეულ ზომებს მიმართავდა, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია წარსულში. გასაკვირი არ არის, რომ წინასწარმეტყველი მოთქვამდა: „უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა“! რას გულისხმობდა ის? ‘იეჰოვასგან გასაგონი’ ეხებოდა ცნობას მისი ძლევამოსილების შესახებ, რაც გამოვლინდა, მაგალითად, მეწამულ ზღვასთან, უდაბნოში და იერიხონთან. აბაკუმმა ეს ყველაფერი კარგად უწყოდა და შეეშინდა, რადგან იცოდა, რომ იეჰოვას ისევ შეეძლო მტრების წინააღმდეგ თავისი დიდებული ძალის გამოყენება. დღევანდელი ბოროტების დანახვისას ჩვენც ვიცით, რომ იეჰოვა ისე იმოქმედებს, როგორც ძველ დროში მოქმედებდა. ნუთუ ამ დროს შიშის გრძნობა არ გვიპყრობს? რა თქმა უნდა! მიუხედავად ამისა, აბაკუმის მსგავსად, ვლოცულობთ: «უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე. . . რისხვის დროსაც . . . [„გაიხსენე“, აქ] შეწყალება» (აბაკუმი 3:2). ღვთის მიერ დათქმულ ჟამს, „სიცოცხლის შუაძალზე“, დაე კვლავ გამოიყენოს მან თავისი სასწაულებრივი ძალა! დაე გაიხსენოს ღმერთმა მაშინ თავის მოყვარულთა შეწყალება!
იეჰოვა მოქმედებს!
5. როგორ ‘მოდის ღმერთი თემანიდან’ და რაზე მიუთითებს ეს არმაგედონთან დაკავშირებით?
5 რა მოხდება, როდესაც იეჰოვა შეისმენს მოწყალებაზე ჩვენს ლოცვას? პასუხს აბაკუმის 3:3, 4 გვაძლევს. თავდაპირველად წინასწარმეტყველი ამბობს: „თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა — ფარანის მთიდან“. მოსეს დღეებში უდაბნოში ქანაანისკენ მიმავალ ისრაელს გზად თემანი და ფარანი უნდა გაევლო. ამ მგზავრობისას ისრაელის დიდ ერთან თვითონ იეჰოვა იყო, და არავის შეეძლო ღვთის შეჩერება. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ თქვა: „უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა [ანგელოზთა] ბევრეულით“ (მეორე რჯული 33:2). არმაგედონში მტრების წინააღმდეგ გამოსვლისას იეჰოვას ძლევამოსილება იმნაირადვე გამოვლინდება.
6. ღვთის დიდების გარდა, რას ხედავენ გამჭრიახი ქრისტიანები?
6 აბაკუმი აგრეთვე ამბობს: „დაფარა ზეცა მისმა [იეჰოვას] ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი“. რა დიდებული სანახაობაა! სინამდვილეში, ადამიანი, იეჰოვა ღმერთს თუ იხილავს, ცოცხალი ვერ დარჩება (გამოსვლა 33:20). მაგრამ ერთგულ მსახურებს გულის თვალებს უნათებს მის ბრწყინვალებაზე ფიქრი (ეფესელთა 1:18). გამჭრიახი ქრისტიანები იეჰოვას დიდების გარდა სხვა რამესაც ხედავენ. აბაკუმის 3:4-ში ნათქვამია: „შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება“. დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ იეჰოვა მზად არის მოქმედებისა და თავისი ძლიერი მარჯვენის გამოსაყენებლად.
7. რას მოუტანს ღვთის ტრიუმფალური მარში მის წინააღმდეგ აჯანყებულებს?
7 ღვთის ტრიუმფალური მარში განადგურებას მოუტანს მეამბოხეებს. აბაკუმის 3:5-ში წერია: „შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი“. ძვ. წ. 1473 წელს აღთქმული მიწის საზღვრებთან ყოფნისას ისრაელებიდან ბევრი აუჯანყდა ღმერთს და უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობას მიეცა. ამიტომ ღმერთმა ჭირი შეჰყარა მათ, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი დაიხოცა (რიცხვნი 25:1—9). ახლო მომავალში, „ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს“, როდესაც იეჰოვა საომრად გამოვა, მეამბოხეები ამნაირადვე დაიტანჯებიან თავიანთი ცოდვებისთვის; ზოგი, პირდაპირი გაგებით, ჭირის მსხვერპლი გახდება (გამოცხადება 16:14, 16).
8. აბაკუმის 3:6-ის თანახმად, რა მოელის ღვთის მტრებს?
8 ახლა ყურადღება მიაქციეთ აბაკუმის მიერ ლაშქართა იეჰოვას მოქმედების მხატვრულ აღწერას. აბაკუმის 3:6-ში ვკითხულობთ: „შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი“. იეჰოვა ჯერ „შედგა“ საბრძოლო ველის შესათვალიერებლად. მისი მტრები შიშისაგან ძრწიან. ისინი ხედავენ, ვინ არის მათი მოწინააღმდეგე, და გაოგნებული და შეშინებული არიან. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება დრო, როდესაც „მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი“ (მათე 24:30). მეტისმეტად გვიან მიხვდებიან, რომ არავის შეუძლია იეჰოვას წინააღმდეგ წასვლა. ადამიანთა ორგანიზაციები — ისინიც კი, რომლებიც „საუკუნო მთებად“ და „საუკუნო ბორცვებად“ ეჩვენებათ — განადგურდება. ამ დროს გამართლდება სიტყვები „საუკუნოა მისი გზასავალი“, რადგან ღმერთი ისევე იმოქმედებს, როგორც უძველეს დროში.
9, 10. რას შეგვახსენებს აბაკუმის 3:7—11?
9 მტრების მიმართ იეჰოვა ‘მრისხანებს’. მაგრამ რა საომარ აღჭურვილობას იყენებს ამ დიდ ომში? მოვუსმინოთ, როგორ აღწერს მას წინასწარმეტყველი: „შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე“ (აბაკუმი 3:7—11).
10 იესო ნავეს ძის დღეებში იეჰოვამ მზე და მთვარე ერთ ადგილზე გააჩერა, რაც მისი ძალის საოცარი გამოვლენა იყო (იესო ნავეს ძე 10:12—14). აბაკუმის სიტყვები შეგვახსენებს, რომ იმავე ძალას გამოიყენებს იეჰოვა არმაგედონში. ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ დედამიწის წყლებზე ბატონობა გამოაჩინა, როდესაც მეწამული ზღვის წყლები გამოიყენა ფარაონის ჯარის გასანადგურებლად. ორმოცი წლის შემდეგ მდინარე იორდანემ, რომელიც იმ დროს ადიდებული იყო, ვერ შეუშალა ხელი ისრაელებს, აღთქმულ ქვეყანაში შესულიყვნენ (იესო ნავეს ძე 3:15—17). წინასწარმეტყველ დებორას დღეებში ძლიერი წვიმის წყალმა ისრაელის მტრის, სისარას, ეტლები წალეკა (მსაჯულნი 5:21). არმაგედონში იმავე ადიდებული წყლის, ძლიერი წვიმისა და წყალთა სიღრმეების ძალა იქნება იეჰოვას განკარგულებაში. ჭექა-ქუხილიც მის ხელთ არის, როგორც შუბი და ისრებით სავსე კაპარჭი.
11. რა მოხდება, როდესაც იეჰოვა თავის დიდებულ ძალას გამოიყენებს?
11 ნამდვილად, შიშისმომგვრელი იქნება იეჰოვას მიერ თავისი დიდებული ძალის გამოყენება. აბაკუმი ამბობს, რომ ღამე დღედ იქცევა და დღის სინათლე ისე მძლავრი იქნება, როგორიც არასოდეს ყოფილა. ღვთის შთაგონებით არმაგედონის ამ წინასწარმეტყველურ აღწერას პირდაპირი გაგება აქვს თუ სიმბოლური, ერთი რამ ცხადია — იეჰოვა გაიმარჯვებს და ვერც ერთი მტერი ვერ გაექცევა.
ღვთის ხალხისთვის ხსნა გარანტირებულია!
12. რას გაუკეთებს ღმერთი თავის მტრებს, მაგრამ ვინ გადარჩება?
12 წინასწარმეტყველი განაგრძობს იეჰოვას მიერ თავისი მტრების განადგურების აღწერას. აბაკუმის 3:12-ში ვკითხულობთ: „რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომით თელავ ხალხებს“. მაგრამ იეჰოვა ბრმად როდი გაანადგურებს ყველას; ზოგი გადარჩება. „შენი ერის გამოსახსნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად,“ — ნათქვამია აბაკუმის 3:13-ში. დიახ, იეჰოვა გადაარჩენს თავის ერთგულ ცხებულ მსახურებს. მაშინ საბოლოოდ განადგურდება „დიდი ბაბილონი“, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. დღეს ერები წმინდა მსახურების აღმოფხვრას ცდილობენ. მალე გოგ მაგოგელის ლაშქარი ღვთის მსახურებს დაესხმება თავს (ეზეკიელი 38:1—39:13; გამოცხადება 17:1—5, 16—18). წარმატებული იქნება ეს თავდასხმა? არა! იეჰოვა რისხვით შეუტევს მტრებს და ხორბალივით გათელავს ფეხქვეშ. მაგრამ ის დაიცავს მათ, ვინც სულითა და ჭეშმარიტებით სცემს თაყვანს (იოანე 4:24).
13. როგორ შესრულდება აბაკუმის 3:13?
13 შემდეგი სიტყვებით ბოროტთა სრული განადგურებაა ნაწინასწარმეტყველები: «ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს [„ნამსხვრევებად აქციე ბოროტეულის სახლის მეთაური“ აქ], ძირიდან თხემამდე გააშიშვლე» (აბაკუმი 3:13). ეს „სახლი“ სატანა ეშმაკის ბოროტი სისტემაა, რომელიც განადგურდება. „მეთაური“ ანუ ღვთის მოწინააღმდეგე წინამძღოლები დაიხოცებიან. მთელი ეს სისტემა საფუძვლიანად დაიმსხვრევა და აღარასოდეს იარსებებს. ო, რა დიდებული შვება იქნება!
14—16. აბაკუმის 3:14, 15-ის თანახმად, რა მოუვა იეჰოვას ხალხსა და მის მტრებს?
14 არმაგედონში, ბრძოლის ველზე, იეჰოვა თავზარს დასცემს მათ, ვინც მისი „ცხებულის“ განადგურებას ეცდება. აბაკუმის 3:14, 15-ის თანახმად, წინასწარმეტყველი ღმერთს ეუბნება: „თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად. შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები“.
15 როდესაც აბაკუმი ამბობს — „მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად“ — იეჰოვას წინასწარმეტყველი ცხებულ მსახურთა სახელით ლაპარაკობს. ერები ჩასაფრებული ყაჩაღივით თავს დაესხმებიან იეჰოვას თაყვანისმცემლებს, რათა გაანადგურონ ისინი. ღვთისა და მისი ხალხის მტრები ‘იყიჟინებენ’, რადგან დარწმუნებული იქნებიან თავიანთ გამარჯვებაში. ერთგული ქრისტიანები ‘ბედშავებად’ და სუსტებად მოეჩვენებათ, მაგრამ, როდესაც ღვთის მოწინააღმდეგე ძალები მის წინააღმდეგ გამოვლენ, იეჰოვა მათ იარაღს მათსავე წინააღმდეგ მიმართავს — ისინი თავიანთ „კვერთხებს“, ანუ იარაღს, თავისივე მეომრების წინააღმდეგ გამოიყენებენ.
16 მაგრამ ყველაფერი ამით არ იწურება. იეჰოვა მაშინ ზეციერ სულიერ ძალებს გამოიყენებს თავისი მტრების გასანადგურებლად. თავისი ზეციერი ლაშქრის „ცხენებით“, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე ჩაუდგება, გაიმარჯვებს „ზღვაზე“ და „ადიდებული წყლების ზვირთებზე“, ანუ მტრულად განწყობილ ხალხზე (გამოცხადება 19:11—21). მაშინ აღმოიფხვრება ყველა ბოროტი დედამიწიდან. ღვთის ძალისა და სამართლიანობის ო, რა დიდებული გამოვლენა იქნება!
იეჰოვას დღე მოდის!
17. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ აბაკუმის სიტყვები შესრულდება? ბ) როგორ შეგვიძლია აბაკუმს მივბაძოთ იეჰოვას დიდებული დღის მოლოდინში?
17 შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ აბაკუმის სიტყვები მალე შესრულდება. ის არ დაყოვნდება. როგორ რეაგირებთ ამ სიტყვებზე? გაიხსენეთ, რომ აბაკუმი ღვთის შთაგონებით წერდა. იეჰოვა იმოქმედებს და მაშინ დედამიწაზე დიდი განადგურება მოხდება. გასაკვირი არ არის, რომ წინასწარმეტყველმა ჩაწერა: „გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან“ (აბაკუმი 3:16). აბაკუმი ძალიან ღელავდა და ეს გასაგებია. მაგრამ შეერყა მას რწმენა? არა! მას სურდა, მშვიდად დალოდებოდა იეჰოვას დღეს (2 პეტრე 3:11, 12). ნუთუ ჩვენც ასევე არ ვაზროვნებთ? რა თქმა უნდა! ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ აბაკუმის წინასწარმეტყველება შესრულდება, და მოთმინებით ველით იმ დღეს.
18. როგორი იყო აბაკუმის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ცხოვრებას მოელოდა?
18 ომს ყოველთვის გაჭირვება მოჰყვება, მათთვისაც კი, ვინც გამარჯვებულია. მას შეიძლება საკვების უკმარისობა, საკუთრების დაკარგვა და საცხოვრებელი პირობების გაუარესება მოჰყვეს. როგორ მოვიქცევით, ასეთი რამ რომ დაგვემართოს? ამ მხრივ აბაკუმი კარგ მაგალითს გვაძლევს: „თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი. მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას“ (აბაკუმი 3:17, 18). აბაკუმი რეალურად მოელოდა სიძნელეებს, შესაძლებელია, შიმშილსაც კი. მაგრამ არასოდეს კარგავდა სიხარულს იეჰოვაში, რომლისგანაც ხსნას ელოდა.
19. რა სირთულეებს უმკლავდება მრავალი ქრისტიანი, მაგრამ რაში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, თუ იეჰოვას პირველ ადგილზე ვაყენებთ ცხოვრებაში?
19 დღეს, ბოროტის წინააღმდეგ იეჰოვას ომამდეც კი, ბევრი აწყდება სხვადასხვა სიძნელეს. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ომები, შიმშილობა, მიწისძვრები და დაავადებები მისი, როგორც მეფის, თანდასწრების ნიშნის შემადგენელი ნაწილი იქნებოდა (მათე 24:3—14; ლუკა 21:10, 11). ბევრი ჩვენი ძმა ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც იესოს სიტყვის შესრულებით გამოწვეული დიდი სიძნელეების გამო საშინლად იტანჯებიან. სხვები შეიძლება მომავალში აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში. ბევრ ჩვენგანს, სავსებით შესაძლებელია, იეჰოვას დღის დადგომამდე ‘აღარ აუყვავდეს ლეღვი’. მაგრამ ჩვენ ვიცით, რატომ ხდება ეს ყოველივე, და ეს გვაძლიერებს. გარდა ამისა, ჩვენ მხარდაჭერაც გვაქვს. იესო დაგვპირდა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე, და ეს ყოველივე შეგემატებათ“ (მათე 6:33). მართალია, ეს არ გვაძლევს კეთილმოწყობილი ცხოვრების გარანტიას, მაგრამ გვარწმუნებს იმაში, რომ, თუ იეჰოვას პირველ ადგილზე დავაყენებთ, ღმერთი არ მიგვატოვებს (ფსალმუნი 36:25).
20. დროებითი სირთულეების მიუხედავად, რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე?
20 როგორ დროებით გაჭირვებასაც არ უნდა ვაწყდებოდეთ, არ დავკარგავთ იმის რწმენას, რომ იეჰოვას ხსნის ძალა შესწევს. ბევრი ჩვენი და-ძმა აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და სხვა ქვეყნებში დიდ სიძნელეებს აწყდება, მაგრამ არ კარგავენ ‘სიხარულს უფალში’. მოდი ჩვენც ყოველთვის ამგვარად მოვიქცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი უზენაესი უფალი იეჰოვაა ‘ძალის’ წყარო (აბაკუმი 3:19). ის არასოდეს მიგვატოვებს. არმაგედონი ნამდვილად მოხდება, ხოლო მას აუცილებლად მოჰყვება ღვთის ახალი ქვეყნიერება (2 პეტრე 3:13). შემდეგ ‘უფლის დიდების ცოდნით აივსება ქვეყანა, როგორც ზღვა არის წყლით დაფარული’ (აბაკუმი 2:14). იმ შესანიშნავ დრომდე კი მივბაძოთ აბაკუმის კარგ მაგალითს და არასოდეს დავკარგოთ ‘სიხარული ჩვენი ხსნის ღმერთში’.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• როგორ არის შესაძლებელი, რომ აბაკუმის ლოცვა ჩვენ შეგვეხოს?
• რატომ იწყებს იეჰოვა მოქმედებას?
• რას წინასწარმეტყველებს აბაკუმი ხსნასთან დაკავშირებით?
• როგორი აზროვნება უნდა გვქონდეს დღეს, იეჰოვას დღის მოლოდინში?
[სურათი 23 გვერდზე]
იცით თუ არა იეჰოვა რა ძალებს გამოიყენებს არმაგედონში ბოროტების წინააღმდეგ?