იეჰოვას სახელს შეაფარეთ თავი!
„თავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ . . . და იეჰოვას სახელს შეაფარებენ ისინი თავს“ (სოფ. 3:12).
1, 2. რა „ქარიშხალი“ დაატყდება მალე კაცობრიობას თავს?
ალბათ, შეგიფარებიათ თავი ქოხისთვის ჭექა-ქუხილის ან სეტყვის დროს. მაგრამ თუ ქარიშხალი ან ძლიერი გრიგალი ამოვარდა, ქოხში უსაფრთხოდ ნამდვილად ვერ იგრძნობდით თავს და მტკიცედ ნაშენ სახლს დაუწყებდით ძებნას.
2 მალე ამოვარდება „ქარიშხალი“, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. ბიბლიაში მას ‘ქარიშხლის დღე’, „იეჰოვას დიდი დღე“ ეწოდება, რომელიც მთელ კაცობრიობას დაატყდება თავს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვპოვოთ თავშესაფარი (წაიკითხეთ სოფონიას 1:14—18 ). სად შეგვიძლია ვპოვოთ თავშესაფარი „იეჰოვას მრისხანების დღეს“, რომელიც მალე დადგება?
„ქარიშხლის დღეები“ ძველ დროში
3. რა გაგებით დაატყდა ‘ჭექა-ქუხილი და სეტყვა’ თავს ისრაელის ათტომიან სამეფოს?
3 იეჰოვას დღეს მიწის პირისაგან აღიგვება ცრუ რელიგიები მთელ დედამიწაზე. ღვთის ძველი დროის მსახურების ისტორიიდან ვიგებთ, თუ სად შეგვიძლია ვპოვოთ ამ დღეს თავშესაფარი. წინასწარმეტყველი ესაია, რომელიც ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ცხოვრობდა, ისრაელის განდგომილი ათტომიანი სამეფოსთვის იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენს ‘ჭექა-ქუხილსა და სეტყვას’ ადარებდა, რასაც თავს ვერავინ დააღწევდა (წაიკითხეთ ესაიას 28:1, 2 ). ეს წინასწარმეტყველება ძვ. წ. 740 წელს შესრულდა, როცა ასურეთმა დაიპყრო ისრაელის ათტომიანი სამეფოს კუთვნილი ტერიტორია, რომელიც ბიბლიაში ეფრემად მოიხსენიება. რადგანაც ეფრემი ყველაზე გამორჩეული იყო ათ ტომს შორის, ზოგჯერ ისრაელის ათტომიან სამეფოს ეფრემს უწოდებდნენ.
4. როგორ დაატყდა იერუსალიმს თავს „იეჰოვას დიდი დღე“ ძვ. წ. 607 წელს?
4 იეჰოვას განაჩენი კვლავ დაატყდა თავს ორგულ ისრაელს, როცა ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმსა და იუდას სამეფოს „იეჰოვას დიდი დღე“ ეწია. ამის მიზეზი ის იყო, რომ იუდაც განუდგა იეჰოვას. როცა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდას დედაქალაქზე, იერუსალიმზე დააპირა გალაშქრება, იუდეველებმა იეჰოვას არ მიმართეს დახმარებისთვის. მათ „სიცრუის თავშესაფარს“ დაუწყეს ძიება. იუდეველებმა მოკავშირედ ეგვიპტე გაიხადეს. მაგრამ როგორც სეტყვა ანადგურებს ყველაფერს, ბაბილონმაც მიწასთან გაასწორა იუდას თავშესაფარი, ეგვიპტე (ეს. 28:14, 17).
5. როგორ გადარჩება ღვთის ხალხი, როგორც ჯგუფი, ცრუ რელიგიის განადგურების დროს?
5 რაც ღმერთმა გააკეთა იუდას შემთხვევაში, იმავეს მოიმოქმედებს დღეს, როცა განდგომილ ქრისტიანულ სამყაროს მოჰკითხავს პასუხს. გარდა ამისა, განადგურდება „დიდი ბაბილონის“ დარჩენილი ნაწილი, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელი. ამის შემდეგ, სატანის ბოროტი ქვეყნიერებაც მოისპობა. მაგრამ ღვთის ხალხი, როგორც ჯგუფი, გადარჩება, რადგან იეჰოვას აფარებენ თავს (გამოცხ. 7:14; 18:2, 8; 19:19—21).
სულიერი და ფიზიკური თავშესაფარი
6. როგორ შეუძლია იეჰოვას ხალხს თავშესაფრის პოვნა?
6 როგორ შეუძლია ღვთის ხალხს, თავშესაფარი იპოვოს დღესვე, ამ ბოლო დღეებში? ჩვენ ვიპოვით სულიერ თავშესაფარს, თუ ვილოცებთ, ‘ვიფიქრებთ ღვთის სახელზე’ და ვემსახურებით მას მთელი გულით (წაიკითხეთ მალაქიას 3:16—18 ). მაგრამ მხოლოდ ღვთის სახელზე ფიქრი საკმარისი არაა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“ (რომ. 10:13). თუ გვინდა, რომ ღმერთმა გვიხსნას, მის სახელს უნდა მოვუხმოთ. ბევრი გულწრფელი ადამიანი ხედავს, რა განსხვავებაა ჭეშმარიტ ქრისტიანებსა და მათ შორის, ვინც არ ემსახურება ღმერთს. მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ, რომ სხვებისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ქრისტიანები ‘ფიქრობენ ღვთის სახელზე’, ამოწმებენ მის შესახებ და პატივს მიაგებენ მას.
7, 8. როგორ გადარჩნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები და რა პარალელის გავლება შეგვიძლია დღევანდელობასთან?
7 იეჰოვა ჩვენ არა მხოლოდ სულიერ, არამედ ფიზიკურ თავშესაფარსაც გვაძლევს. ამას ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი მაგალითი. ახ. წ. 66 წელს რომაელთა ჯარი ცესტიუს გალუსის მეთაურობით თავს დაესხა იერუსალიმს. იესოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ დიდი გასაჭირის დღეები უნდა შემოკლებულიყო (მათ. 24:15, 16, 21, 22). ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა რომაელებმა ყველასთვის მოულოდნელად ქალაქს ალყა მოხსნეს. შედეგად, ზოგი ‘ხორციელი გადარჩა’. „ხორციელში“ იგულისხმებოდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. მათ დატოვეს იერუსალიმი და მისი მიმდებარე ტერიტორიები. ზოგიერთმა მათგანმა მდინარე იორდანე გადაკვეთა და აღმოსავლეთით მთებს შეაფარა თავი.
8 პირველი საუკუნის ქრისტიანებსა და დღეს მცხოვრებ ღვთის ხალხს შორის პარალელის გავლება შეგვიძლია. როგორც პირველ საუკუნეში ეძებდნენ ქრისტიანები თავშესაფარს, ასევეა დღესაც. ამაში არ იგულისხმება ის, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები რომელიმე კონკრეტულ ადგილს შეაფარებენ თავს, რადგან ღვთის დღევანდელი მსახურები მთელ მსოფლიოში ცხოვრობენ. ღვთის ხალხი, კერძოდ „რჩეულები“ და მათი ერთგული თანამსახურები განდგომილი ქრისტიანული სამყაროს განადგურებისას გადარჩებიან, რადგან თავს იეჰოვასა და მის ორგანიზაციას აფარებენ.
9. ვის სურს, რომ ღვთის სახელი დაავიწყოს ადამიანებს? მოიყვანეთ მაგალითი.
9 ქრისტიანული სამყარო ნამდვილად იმსახურებს განადგურებას, რადგან მათი მიზეზით ხალხი სულიერ სიბნელეშია და ღვთის სახელის გაგონებაც კი არ სურთ. შუა საუკუნეებში ევროპაში ღვთის სახელი ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი. ოთხი ებრაული ასო יהוה (ჲჰვჰ) — ანუ ტეტრაგრამატონით წარმოდგენილი ღვთის სახელი — გამოსახული იყო მონეტებსა თუ შენობების ფასადზე. გარდა ამისა, ამ სახელს შენიშნავდით კათოლიკურ თუ პროტესტანტულ ეკლესიებშიც. ის აგრეთვე მოიხსენიებოდა უამრავ წიგნსა თუ ბიბლიის არაერთ თარგმანში. თუმცა, დღესდღეობით ტენდენციად იქცა, რომ ღვთის სახელი ამოიღონ ბიბლიის თარგმანებიდან და არასდროს მოიხსენიონ. ამას მოწმობს წერილი, რომელიც ღვთის სახელის გამოყენებას ეხებოდა. 2008 წლის 29 ივნისით დათარიღებული წერილი, რომელიც რომის პაპის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთმა საეკლესიო სამინისტრომ გამოსცა, პაპმა ეპისკოპოსებს გაუგზავნა კონფერენციაზე განსახილველად. რომის კათოლიკური ეკლესია მოუწოდებდა სასულიერო პირებს, რომ ღვთის სახელის ნაცვლად გამოეყენებინათ „უფალი“, იქნებოდა ეს ტეტრაგრამატონი თუ სხვადასხვა ფორმა, რომლითაც ღვთის სახელს წარმოთქვამენ. ვატიკანის განცხადებით, კათოლიკურ ეკლესიებში რელიგიური მსახურების დროს საგალობლებსა თუ ლოცვებში არ უნდა გამოეყენებინათ ღვთის სახელი. სხვადასხვა ქრისტიანული თუ არაქრისტიანული რელიგიების წინამძღოლებს შეცდომაში შეჰყავთ მილიონობით ადამიანი, რათა არასდროს გაიცნონ ჭეშმარიტი ღმერთი.
ღმერთი იცავს მათ, ვინც მის სახელს პატივს მიაგებს
10. როგორ მიაგებენ ღვთის მსახურები მის სახელს პატივს?
10 სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, იეჰოვას მოწმეები პატივს მიაგებენ იეჰოვა ღმერთს. ისინი განწმენდენ მის სახელს და ისეთი სახით განადიდებენ ღმერთს, როგორც მას სიამოვნებს. იეჰოვას გულს უხარებს, როდესაც თავისი მსახურები ენდობიან მას და სჯერათ, რომ ის იქცევა იმად, რადაც საჭიროა, რათა აკურთხოს და დაიცვას ისინი. „ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“ (ნაუმ. 1:7; საქ. 15:14).
11, 12. ვინ ინარჩუნებდა ღვთისადმი ერთგულებას ძველად იუდაში და ვინ იქცევა მათ მსგავსად დღეს?
11 მართალია, ძველად იუდაში უმრავლესობა განდგომილი გახდა, მაგრამ ღვთის ზოგი მსახური ‘იეჰოვას სახელს აფარებდა თავს’ (წაიკითხეთ სოფონიას 3:12, 13 ). ღმერთმა დასაჯა ორგული იუდა. მან დაუშვა, რომ ბაბილონს დაეპყრო იგი და ხალხი ტყვეობაში წაეყვანა. ზოგი ღვთის მსახური, მათ შორის იერემია, ბარუქი და ებედ-მელექი გადაურჩნენ ტყვეობას. მათ განდგომილ ერში უწევდათ ცხოვრება, მაგრამ ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს. ზოგი კი ტყვეობაშიც ინარჩუნებდა ღვთისადმი ერთგულებას. ძვ. წ. 539 წელს მიდიელებმა და სპარსელებმა კიროსის მეთაურობით დაიპყრეს ბაბილონი. კიროსმა ბრძანება გამოსცა, რომ იუდეველთა დარჩენილი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებულიყო.
12 მათზე, ვისაც მთელი გულით უხაროდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა, სოფონიამ იწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა იხსნიდა და გაიხარებდა მათით (წაიკითხეთ სოფონიას 3:14—17 ). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროშიც სრულდება. მას შემდეგ, რაც ღვთის სამეფო ზეცაში დამყარდა, იეჰოვამ სულიერი გაგებით იხსნა ერთგული ცხებულების დარჩენილი ნაწილი დიდი ბაბილონის ტყვეობიდან. იეჰოვა დღემდე ხარობს მათით.
13. რა გაგებით გათავისუფლდნენ ტყვეობიდან ყველა ერში მცხოვრები ადამიანები?
13 ისინი, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს, გამოვიდნენ დიდი ბაბილონიდან, სულიერი გაგებით გათავისუფლდნენ ბაბილონის ტყვეობიდან და აღარ არიან ცრუ რელიგიური სწავლებების მარწუხებში (გამოცხ. 18:4). ამგვარად, სოფონიას 2:3 ფართო მასშტაბით ჩვენს დღეებში სრულდება: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო“. ყველა ერში მცხოვრები თვინიერები, დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ თუ ზეცაში, იეჰოვას სახელს აფარებენ თავს.
ღვთის სახელი არ არის თილისმა
14, 15. ა) რა იყო ზოგისთვის თილისმა? ბ) რა არ უნდა გავიხადოთ თილისმად?
14 ზოგი ისრაელი ფიქრობდა, რომ იეჰოვას ტაძარი იყო მათი თილისმა, რომელიც მტრებისგან დაიცავდა (იერ. 7:1—4). ისრაელები შეთანხმების კიდობანსაც თილისმად მიიჩნევდნენ და ფიქრობდნენ, რომ მისი წყალობით ბრძოლაში გამარჯვებას მოიპოვებდნენ (1 სამ. 4:3, 10, 11). კონსტანტინე დიდმა მეომრის ფარებზე ბერძნულ ენაზე ქრისტეს სახელის პირველი ორი ასო „ხ“ (ქ) და „რ“ (რ) ამოტვიფრა იმ იმედით, რომ ის ბრძოლაში ჯარისკაცებს დაიცავდა. როგორც ჩანს, მე-7 გვერდზე მოცემული ჯავშანი, ეკუთვნოდა შვედეთის მეფეს გუსტავ ადოლფ II-ს, რომელიც „ოცდაათწლიან ომში“ იბრძოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯავშანზე ამოტვიფრულია ღვთის სახელი „იეჰოვა“.
15 ღვთის ზოგმა მსახურმა, რომლებსაც დემონები აწუხებდნენ, თავი უსაფრთხოდ მას შემდეგ იგრძნეს, რაც იეჰოვას სახელს ხმამაღლა მოუხმეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნივთი, რომელზეც ღვთის სახელია ამოტვიფრული, თილისმად უნდა მივიჩნიოთ, თითქოს მას მაგიური ძალა ჰქონდეს ან ჩვენი დაცვა შეეძლოს. იეჰოვას სახელს რომ თავს ვაფარებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თილისმაა.
სად შეგვიძლია ვპოვოთ დღეს თავშესაფარი?
16. როგორ შეგვიძლია სულიერი თავშესაფრის პოვნა დღეს?
16 დღეს სულიერი თავშესაფარი ღვთის ხალხს შორის შეგვიძლია ვპოვოთ (ფსალმ. 91:1). „ერთგული და გონიერი მონა“ და კრების უხუცესები გვეხმარებიან, სიფხიზლე შევინარჩუნოთ, რომ ქვეყნიერებამ არასწორისკენ არ გვიბიძგოს და არ ჩამოგვაშოროს სულიერ თავშესაფარს (მათ. 24:45—47; ეს. 32:1, 2). რამდენჯერ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუდევრად არ მოვკიდებოდით ღვთის რჩევებს და მატერიალიზმის მახეში არ გავბმულიყავით, და რამდენჯერ დაგვიცვა ასეთმა გაფრთხილებებმა სულიერად. კარგია თუ დავფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს დაუდევრობამ. ამ თვისებას თუ არ მოვიშორებთ, იეჰოვას მსახურებაში მოვსუსტდებით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „სულელებს დაუდევრობა მოსპობს. ის კი, ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს; უბედურების შიში არ შეაწუხებს მას“ (იგავ. 1:32, 33). გარდა ამისა, ზნეობრივი სიწმინდეც დაგვიცავს, რომ არ მივატოვოთ ჩვენი სულიერი თავშესაფარი.
17, 18. რა ეხმარება დღეს მილიონობით ადამიანს, თავი შეაფარონ იეჰოვას სახელს?
17 არ უნდა გამოგვრჩეს აგრეთვე მხედველობიდან გონიერი მონის შეხსენება იმის თაობაზე, რომ მივყვეთ იესოს მითითებას და ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში (მათ. 24:14; 28:19, 20). სოფონიამ მოიხსენია, რა დაეხმარებოდა ხალხს, თავი შეეფარებინათ იეჰოვას სახელისთვის. ის ამბობს: „მაშინ მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“ (სოფ. 3:9).
18 რა არის სუფთა ენა? სუფთა ენა არის ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ, რასაც ღვთის შთაგონებული სიტყვიდან ვიგებთ. თქვენ, შეიძლება ითქვას, რომ ამ ენით საუბრობთ, როცა ჭეშმარიტებას უქადაგებთ სხვებს ღვთის სამეფოს შესახებ და უხსნით მათ, როგორ განწმენდს ეს სამეფო იეჰოვას სახელს, როგორ დაამტკიცებს მის უზენაესობას და როგორ მოუტანს კურთხევებს ღვთის ერთგულ მსახურებს. ის, ვინც ამ ენაზე ლაპარაკობს, ‘უხმობს იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურება მას’. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იეჰოვას აფარებს თავს (ფსალმ. 1:1, 3).
19, 20. როგორ ჩანს ისრაელის მაგალითიდან, რომ არ უნდა ვენდოთ „სიცრუის თავშესაფარს“?
19 დღეს ხალხი მთელ მსოფლიოში სერიოზულ პრობლემებს ხვდება. მათ არ შესწევთ ძალა, გაუმკლავდნენ პრობლემებს, ამიტომ, ისინი დახმარებისთვის არასრულყოფილ ადამიანებს მიმართავენ. ხალხი დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაზე ამყარებს იმედს ისევე, როგორც ძველად ისრაელი ამყარებდა იმედს მეზობელ ერებზე. მათი მაგალითიდან ვიგებთ, რომ პოლიტიკური მოკავშირეები ვერ დაეხმარნენ მათ. დღესაც არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მათ შორის გაეროს, არ ძალუძს სრულად გადაჭრას მსოფლიო პრობლემები. განა გონივრული იქნება, იმედი დავამყაროთ სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციაზე და ისინი ჩვენს თავშესაფრად ვიქციოთ?! ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად მათ „სიცრუის თავშესაფარი“ ეწოდებათ. ეს ასეცაა, რადგან ყველას, ვინც მათზეა მინდობილი, იმედი გაუმტყუნდება (წაიკითხეთ ესაიას 28:15, 17 ).
20 მალე, მთელ დედამიწას იეჰოვას „ქარიშხლის დღე“ დაატყდება. ვერაფერი, რაზეც ადამიანები ამყარებენ იმედს, იქნება ეს ბირთვული იარაღი თუ მატერიალური სიმდიდრე, ვერ დაიცავს მათ. ესაიას 28:17-ში ვკითხულობთ: „სეტყვა წაიღებს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წალეკავს სამალავს“.
21. რატომ უნდა გავითვალისწინოთ 2011 წლის მუხლში ჩაწერილი შეხსენება?
21 როგორც ახლა, ისე მომავალში ღვთის ხალხი იეჰოვასთან პოვებს ნამდვილ თავშესაფარს. სახელი „სოფონია“, რომელიც ნიშნავს „იაჰი იფარავს“, მიუთითებს, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია შეგვიფაროს. სწორედ ამიტომ, 2011 წლის მუხლი დროულად შეგვახსენებს: „იეჰოვას სახელს შეაფარეთ თავი“ (სოფ. 3:12). ჩვენ დღესვე უნდა შევაფაროთ თავი იეჰოვას სახელს და მთელი გულით მივენდოთ (ფსალმ. 9:10). ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ბიბლიაში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი შეხსენება: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“ (იგავ. 18:10).
გახსოვთ?
• როგორ შეგვიძლია დღეს თავი შევაფაროთ იეჰოვას სახელს?
• რატომ არ უნდა ვენდოთ „სიცრუის თავშესაფარს“?
• როგორ თავშესაფარს გვპირდება ღმერთი მომავალში?
[ჩანართი 6 გვერდზე]
2011 წლის მუხლია: იეჰოვას სახელს შეაფარეთ თავი (სოფონია 3:12).
[სურათის საავტორო უფლება 7 გვერდზე]
Thüringer Landesmuseum Heidecksburg Rudolstadt, Waffensammlung “Schwarzburger Zeughaus”