„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
„მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“ (მათე 28:18, 19, აქ).
1, 2. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ იესოს მიერ მოწაფეებისათვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებით?
ისრაელში ახ. წ. 33 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს იესოს მოწაფეები გალილეის ერთ მთაზე იკრიბებიან. მკვდრეთით აღმდგარი მათი უფალი მალე ზეცად ამაღლდება. მაგრამ მანამდე მან მნიშვნელოვანი რამ უნდა უთხრას თავის მოწაფეებს. იესომ დავალება უნდა მისცეს მათ. რა დავალება? როგორ ეხმაურებიან მოწაფეები ამ დავალებას? და როგორ გვეხება ის დღეს ჩვენ?
2 იესოს მიერ მოწაფეებისადმი ნათქვამი სიტყვები ჩაწერილია მათეს 28:18—20-ში (აქ): „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ამ სისტემის აღსასრულამდე“. იესომ გამოიყენა შემდეგი სიტყვები და ფრაზები — „მთელი ძალაუფლება“, „ყველა ერი“, „ყველაფერი“ და „ყოველდღე“. იესოს მიერ წარმოთქმული ეს ოთხი ყოვლისშემცველი სიტყვა და ფრაზა წამოჭრის რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომელთა შეჯამებაც ამგვარად შეიძლება: რატომ? სად? რის შესახებ? და როდემდე? მოდი სათითაოდ განვიხილოთ ეს კითხვებიa.
‘მოცემული მაქვს მთელი ძალაუფლება’
3. რატომ უნდა დავემორჩილოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ მითითებას?
3 პირველ რიგში, რატომ უნდა დავემორჩილოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებულ მითითებას? იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული. ამიტომ, წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“. სიტყვა „ამიტომ“ ხაზს უსვამს იმის ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა დავემორჩილოთ ამ მითითებას. მიზეზი კი ის არის, რომ იესოს, რომელმაც თავის მიმდევრებს მისცა ეს მითითება, „მთელი ძალაუფლება“ უპყრია ხელთ. ვისზე ვრცელდება მისი ძალაუფლება?
4. ა) ვისზე ვრცელდება იესოს ძალაუფლება? ბ) როგორ უნდა იმოქმედოს იესოს ძალაუფლების შესახებ ცოდნამ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული დავალებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე?
4 იესოს ძალაუფლება აქვს თავის კრებაზე. გარდა ამისა, ის 1914 წლიდან ღვთის ახლად ჩამოყალიბებული სამეფოს მმართველი გახდა (კოლასელთა 1:13; გამოცხადება 11:15). ის აგრეთვე მთავარანგელოზია და ასობით მილიონი ანგელოზისგან შემდგარი ზეციური ლაშქარი მისი უფლებამოსილების ქვეშ იმყოფება (1 თესალონიკელთა 4:16; 1 პეტრე 3:22; გამოცხადება 19:14—16). იესო მამამისმა, იეჰოვამ, აღჭურვა ძალაუფლებით, რათა ბოლო მოუღოს სამართლიანი პრინციპების მოწინააღმდეგე „ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას“ (1 კორინთელთა 15:24—26; ეფესელთა 1:20—23). ქრისტეს ძალაუფლება მხოლოდ ცოცხალ არსებებზე არ ვრცელდება. ის აგრეთვე „ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად“ არის დანიშნული და ღვთის მიერ ბოძებული ძალით შეუძლია აღადგინოს ისინი, რომლებიც სიკვდილის ძილით არიან მიძინებულები (საქმეები 10:42; იოანე 5:26—28). რასაკვირველია, ასეთი უდიდესი ძალაუფლებით აღჭურვილი პიროვნების მიერ მოცემული დავალება ძალიან მნიშვნელოვნად უნდა ჩავთვალოთ. ამიტომ პატივისცემითა და მზადყოფნით ვემორჩილებით ქრისტეს მითითებას — ‘წავიდეთ და მოწაფეებად მოვამზადოთ ხალხი’.
5. ა) როგორ დაემორჩილა პეტრე იესოს მითითებას? ბ) რა სასურველი შედეგი მოუტანა პეტრეს იესოს მითითებისამებრ მოქცევამ?
5 მიწიერი მსახურების დასაწყისში იესომ თვალსაჩინოდ ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ მისი ძალაუფლების აღიარება და მითითებების დაცვა კურთხევებს მოუტანდა მათ. ერთხელ იესომ პეტრეს, რომელიც მებადური იყო, ასეთი რამ უთხრა: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად“. პეტრე დარწმუნებული იყო, რომ იქ თევზი არ იქნებოდა და იესოს მიუგო: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ“. მიუხედავად ამისა, პეტრემ მორჩილად დასძინა: „მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს“. ქრისტეს მითითების თანახმად მოქცევის შედეგად პეტრემ უამრავი თევზი დაიჭირა. გაოგნებული პეტრე «დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“». მაგრამ იესომ უთხრა მას: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“ (ლუკა 5:1—10; მათე 4:18). რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?
6. ა) თევზის სასწაულებრივად დაჭერის შემთხვევიდან გამომდინარე, როგორ მორჩილებას მოითხოვს იესო? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს?
6 პეტრეს, ანდრიასა და სხვა მოციქულებს ‘ადამიანთა მებადურეებად’ გახდომა იესომ მას შემდეგ დაავალა, რაც სასწაულებრივად დაიჭირეს უამრავი თევზი (მარკოზი 1:16, 17). აშკარაა, რომ ქრისტე არ მოითხოვდა მათგან ბრმა მორჩილებას. იესომ მათ საფუძვლიანი მიზეზი მოუყვანა იმის დასანახვებლად, თუ რატომ უნდა დამორჩილებოდნენ მას. როგორც იესოს მითითებისამებრ მოქმედებამ — ‘ბადეების წყალში სროლამ’ — გასაოცარი შედეგები მოიტანა, ისე ‘ადამიანთა მებადურეებად გახდომის’ თაობაზე მიცემული მითითების შესრულებასაც უხვი კურთხევები მოჰყვებოდა. მოციქულები მტკიცე რწმენით გამოეხმაურნენ იესოს ნათქვამს. ბიბლიაში ნათქვამია: „მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას“ (ლუკა 5:11). დღეს, როდესაც სხვებს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ მოწაფეების მომზადების საქმეში, იესოს ვბაძავთ. ნაცვლად იმისა, რომ სხვებისგან მოვითხოვოთ, ჩვენი ნათქვამისამებრ მოიქცნენ, საფუძვლიანი მიზეზები მოგვყავს, თუ რატომ უნდა დაემორჩილონ იესოს მითითებას.
დამაჯერებელი მტკიცებები და სწორი მოტივები
7, 8. ა) რა ბიბლიური მიზეზები არსებობს სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობის შესასრულებლად? ბ) განსაკუთრებით რომელი ბიბლიური მუხლი აღგძრავთ იმისკენ, რომ განაგრძოთ ქადაგება? (იხილეთ აგრეთვე სქოლიო).
7 ჩვენ ვაღიარებთ იესოს ძალაუფლებას და სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ სამეფოს შესახებ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში. ამ საქმის შესრულების აუცილებლობის ხაზგასასმელად კიდევ რომელი ბიბლიური არგუმენტები შეგვიძლია მოვუყვანოთ მათ, რომელთა აღძვრაც გვსურს კეთილი საქმეების საკეთებლად? დაფიქრდით, რას ამბობენ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ერთგული მოწმეები და ყურადღება მიაქციეთ, როგორ ადასტურებს მათი ნათქვამის ჭეშმარიტებას ბიბლიიდან მოყვანილი მუხლები.
8 როი, რომელიც 1951 წელს მოინათლა, ამბობს: „როდესაც თავი მივუძღვენი იეჰოვას, აღვუთქვი, რომ ყოველთვის მისი მსახური ვიქნებოდი. მსურს, შევასრულო ჩემი სიტყვა“ (ფსალმუნები 49:14; მათე 5:37). 1962 წელს მონათლული ჰეთერი აღნიშნავს: „როდესაც ვფიქრობ, რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ ჩემთვის, სურვილი მიჩნდება, რომ მისდამი მადლიერება ერთგული მსახურებით გამოვხატო“ (ფსალმუნები 9:2, 10—12; კოლასელთა 3:15). ჰანელორა, რომელიც 1954 წელს მოინათლა, ამბობს: „ყოველთვის, როდესაც მსახურებაში ვართ, ანგელოზები გვიჭერენ მხარს — რამხელა პატივია!“ (საქმეები 10:30—33; გამოცხადება 14:6, 7). 1969 წელს მონათლული ანრი გვიზიარებს: «როდესაც იეჰოვას მიერ ადამიანთა განკითხვის დრო დადგება, არ მსურს, რომ ჩემს სამეზობლოში ვინმემ დაადანაშაულოს იეჰოვა და მისი მოწმეები უყურადღებობასა და გულგრილობაში და თქვას: „მე არავის გავუფრთხილებივარ!“» (ეზეკიელი 2:5; 3:17—19; რომაელთა 10:16, 18). 1974 წელს მონათლული კლაუდიო ამბობს: «როდესაც ვქადაგებთ, ჩვენ „ღვთის წინაშე“ ვიმყოფებით და „ქრისტესთან ერთად“ ვთანამშრომლობთ. საოცარია, რომ მსახურების პერიოდში საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში ვართ» (2 კორინთელთა 2:17, აქ)b.
9. ა) პეტრესა და სხვა მოციქულების შემთხვევიდან გამომდინარე, რა უნდა ყოფილიყო ქრისტეს მითითების შესრულებისთვის მთავარი აღმძვრელი ძალა? ბ) რა უნდა აღძრავდეს დღეს ადამიანებს ღვთისა და ქრისტესადმი მორჩილების გამოსავლენად და რატომ?
9 უამრავი თევზის სასწაულებრივად დაჭერის შემთხვევა იმასაც გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტეს მითითების შესრულებისას სწორი მოტივი — სიყვარული — გვამოძრავებდეს. როდესაც პეტრემ უთხრა იესოს — „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ“ — იესო არც გაშორდა და არც ბრალი დასდო რაიმე დანაშაულში (ლუკა 5:8). მან არც კი გაკიცხა პეტრე იმისათვის, რომ სთხოვდა, გასცლოდა მას. ნაცვლად ამისა, იესომ თავაზიანად უპასუხა: „ნუ გეშინია“. არ იქნებოდა სწორი, პეტრე ავადმყოფური შიშის გამო დამორჩილებოდა იესოს. იესომ უთხრა პეტრეს, რომ ის და მისი თანამშრომლები შეძლებდნენ ‘ადამიანთა მებადურეებად’ გახდომას და გამოსადეგნი იქნებოდნენ ამ საქმისთვის. დღესაც ჩვენი მიზანი არ არის, რომ ადამიანები დავაშინოთ ან უარყოფითი ემოციები აღვუძრათ. მაგალითად, დავადანაშაულოთ ან შევარცხვინოთ და ასეთი სახით დავაძალოთ მათ ქრისტესადმი მორჩილება. იეჰოვას მხოლოდ ის ახარებს, როდესაც ადამიანები ღვთისა და ქრისტეს სიყვარულით აღძრულები მთელი გულით ავლენენ მორჩილებას (მათე 22:37).
„მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“
10. ა) მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით იესოს მიერ მიცემულმა რომელმა მითითებამ დააყენა მოწაფეები რთული ამოცანის წინაშე? ბ) როგორ გამოეხმაურნენ ისინი იესოს მითითებას?
10 ქრისტეს მიერ მოცემულ მითითებასთან დაკავშირებით წამოიჭრება მეორე კითხვა — სად უნდა შესრულდეს მოწაფეების მომზადების საქმე? იესომ უთხრა თავის მიმდევრებს: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“. ქრისტეს დედამიწაზე მსახურებამდე ყველა ეროვნების ადამიანს, რომლებიც იეჰოვას თაყვანისცემის მიზნით ისრაელში მიდიოდნენ, გზა ხსნილი ჰქონდათ და მათ გულთბილად იღებდნენ (3 მეფეთა 8:41—43). იესო უმთავრესად იუდეველებთან ქადაგებდა, მაგრამ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ ყველა ერის ადამიანებთან წასულიყვნენ. თავდაპირველად „სათევზაო ადგილი“, ანუ ქადაგებისთვის განკუთვნილი ტერიტორია, სადაც იესოს მოწაფეებს უნდა ემსახურათ, მხოლოდ „პატარა ტბის“ სიდიდის იყო და მხოლოდ იუდეველებით შემოიფარგლებოდა. მაგრამ მალე ამ ტერიტორიამ „ზღვა“, ანუ მთელი კაცობრიობა, მოიცვა. თუმცა ასეთმა ცვლილებამ რთული ამოცანის წინაშე დააყენა იესოს მოწაფეები, ისინი ხალისით დაემორჩილნენ მის მითითებას. იესოს სიკვდილიდან თითქმის 30 წლის გასვლის შემდეგ პავლე მოციქულს შეეძლო ეთქვა, რომ სასიხარულო ცნობა ექადაგა არა მხოლოდ იუდეველებს, არამედ „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23).
11. როგორ გაფართოვდა „სათევზაო ადგილი“ XX-ე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე?
11 სამქადაგებლო ტერიტორიის მსგავსი გაფართოება თანამედროვე დროშიც მოხდა. XX საუკუნის დასაწყისში „სათევზაო ადგილი“ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას მოიცავდა. მაგრამ იმ დროს მცხოვრებმა ქრისტეს მიმდევრებმა მიჰბაძეს პირველი საუკუნის ქრისტიანებს და გულმოდგინე მსახურებით გააფართოეს სამქადაგებლო ტერიტორია (რომაელთა 15:20). 30-იანი წლების დასაწყისში ისინი მოწაფეებს დაახლოებით ას ქვეყანაში ამზადებდნენ. დღეს ჩვენი „სათევზაო ადგილი“ 235 ქვეყანასა და ტერიტორიას მოიცავს (მარკოზი 13:10).
„ყოველი ენის ხალხიდან“
12. რა სირთულეს ესმება ხაზი ზაქარიას 8:23-ში?
12 ყველა ეროვნების ხალხის მოწაფეებად მომზადება არა მხოლოდ ტერიტორიული სიდიდის გამოა რთული, არამედ უამრავი სხვადასხვა ენის არსებობის გამოც. ზაქარიას მეშვეობით იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „იმ ხანებში იქნება, რომ მოეჭიდება ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ამ წინასწარმეტყველების უფრო დიდი შესრულების თანახმად, „იუდაელი“ სულით ცხებულ ქრისტიანებს განასახიერებს, ხოლო „ათი კაცი“ — „უამრავ ხალხს“ (გამოცხადება 7:9, 10; გალატელთა 6:16)c. ქრისტეს მოწაფეებისგან შემდგარი ეს უამრავი ხალხი ყველა ერიდან უნდა შეკრებილიყო და, როგორც ზაქარიას წინასწარმეტყველებაში იყო აღნიშნული, ისინი ილაპარაკებდნენ უამრავ სხვადასხვა ენაზე. ამტკიცებს ღვთის ხალხის თანამედროვე ისტორია ამ ფაქტის უტყუარობას? რასაკვირველია.
13. ა) რა გარდაქმნები მოხდა ენებთან დაკავშირებით ღვთის თანამედროვე ხალხს შორის? ბ) როგორ დააკმაყოფილა ერთგულმა და გონიერმა მონამ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნილება? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „პუბლიკაციები უსინათლოებისთვის“).
13 1950 წელს მთელ მსოფლიოში ყოველი 5 იეჰოვას მოწმიდან ინგლისური 3-ის მშობლიური ენა იყო, 80-იანი წლებისთვის 2-ის, დღეს კი ყოველი 5 მოწმიდან ერთის მშობლიური ენაა. როგორ დააკმაყოფილა ერთგულმა და გონიერმა მონამ ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული მზარდი მოთხოვნილება? უფრო მეტ ენებზე დაიწყო ადამიანთა სულიერი საზრდოთი მომარაგება (მათე 24:45). მაგალითად, 1950 წელს ჩვენი ლიტერატურა 90 ენაზე იბეჭდებოდა, მაგრამ დღეს ეს რიცხვი გაიზარდა დაახლოებით 400 ენამდე. მოიტანა შედეგი სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე ადამიანთა მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილებამ? რასაკვირველია. ყოველკვირეულად ‘ყოველი ენიდან’ საშუალოდ 5 000 ადამიანი ხდება ქრისტეს მიმდევარი (გამოცხადება 7:9). ზრდა კვლავაც გრძელდება. ზოგ ქვეყანაში „ბადეები“ თევზით მართლაც რომ ივსება! (ლუკა 5:6; იოანე 21:6).
კმაყოფილების მომტანი მსახურება — შეგიძლიათ მასში მონაწილეობა?
14. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ უცხოელებს? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „ჟესტების ენა და მოწაფეების მომზადება“).
14 დასავლეთის ბევრ ქვეყანაში იმიგრანტების მოზღვავების გამო ‘ყოველი ენიდან’ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული რთული ამოცანის წინაშე ადგილობრივი მოწმეები საკუთარ ქვეყანაშივე დგებიან (გამოცხადება 14:6). როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ენაზე მოლაპარაკე იმიგრანტებს? (1 ტიმოთე 2:4). მათთან სალაპარაკოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ სათანადო „თევზსაჭერი მოწყობილობა“. მაგალითად, მათივე ენაზე შევთავაზოთ ლიტერატურა. თუ შესაძლებელია, ვიზრუნოთ, რომ ასეთ ადამიანებს იმ მოწმემ მიაკითხოს, რომელიც მათ ენაზე ლაპარაკობს (საქმეები 22:2). ამის გაკეთება ამჟამად უფრო ადვილია, რადგან ბევრმა მოწმემ ისწავლა უცხო ენა, რათა დახმარებოდა უცხოელებს ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში. როგორც ანგარიშები აჩვენებს, ასეთი სახით დახმარების აღმოჩენა კმაყოფილების მომტანია.
15, 16. ა) რა მაგალითები აჩვენებს, რომ კმაყოფილების მომტანია უცხო ენაზე მოლაპარაკეთათვის დახმარების აღმოჩენა? ბ) რა კითხვებზე შეგვეძლო გვემსჯელა უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურებასთან დაკავშირებით?
15 განვიხილოთ ორი შემთხვევა ნიდერლანდებიდან, სადაც ორგანიზებული სამქადაგებლო საქმიანობა 35 ენაზე მიმდინარეობს. ერთმა წყვილმა საკუთარი სურვილით დაიწყო პოლონურ ენაზე მოლაპარაკე იმიგრანტებთან ქადაგება და მათი მოწაფეებად მომზადება. ამ წყვილის მცდელობას იმდენად კარგი შედეგები მოჰყვა, რომ ქმარი აღიძრა, ნაკლები დრო დაეთმო ქვეყნიური სამუშაოსთვის, რათა კვირაში კიდევ ერთი თავისუფალი დღე ჰქონოდა დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად. მალე ეს წყვილი კვირაში 20-ზე მეტ ბიბლიის შესწავლას ატარებდა. მათ აღნიშნეს: „მსახურებას ჩვენთვის ძალიან დიდი სიხარული მოაქვს“. მოწმეები განსაკუთრებულ სიხარულს გრძნობენ, როდესაც უცხოელები საკუთარ ენაზე ბიბლიური ჭეშმარიტების გაგების შედეგად მადლიერებას გამოხატავენ. მაგალითად, ვიეტნამურ ენაზე მიმდინარე ერთ-ერთი შეხვედრის დროს ხანდაზმული მამაკაცი წამოდგა და სიტყვა ითხოვა. თვალზე ცრემლმომდგარმა მოხუცმა მოწმეებს უთხრა: „მადლობა, რომ ძალ-ღონეს არ ზოგავთ ჩემი რთული ენის შესასწავლად. ძალიან მადლობელი ვარ, რომ ჩემს ასაკში ამდენი შესანიშნავი რამ გავიგე ბიბლიიდან“.
16 ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი, რომლებიც უცხოენოვან კრებებში მსახურობენ, დიდ კმაყოფილებასა და სიხარულს გრძნობენ. ერთმა ინგლისელმა წყვილმა თქვა: „უკვე 40 წელია, რაც იეჰოვას ვემსახურებით და უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურება ჩვენთვის ამ ხნის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კმაყოფილების მომტანი აღმოჩნდა“. შეგიძლიათ ისე მოაწყოთ ცხოვრება, რომ მონაწილეობა მიიღოთ ასეთ გამომაცოცხლებელ მსახურებაში? თუ სკოლაში სწავლობთ, შეგიძლიათ უცხო ენა ისწავლოთ, რათა მოემზადოთ ასეთი მსახურების დასაწყებად? ეს თქვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის და კურთხევებს მოგიტანთ (იგავები 10:22). რატომ არ იმსჯელებდით ამ საკითხზე მშობლებთან?
განსხვავებული მეთოდები
17. როგორ შეგვიძლია უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჭეშმარიტება ჩვენი კრების ტერიტორიაზე?
17 გასაგებია, რომ უმრავლესობას მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უცხოენოვან ტერიტორიებზე „ვისროლოთ ბადეები“. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ ჭეშმარიტება ჩვენი კრების ტერიტორიაზე. როგორ? სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. ბევრ ადგილას იზრდება ისეთ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საგულდაგულოდ დაცულ შენობებში ცხოვრობენ. ბევრი სახლში არ გვხვდება, როდესაც კარდაკარ ვაკითხავთ. ამიტომ შეგვიძლია „ბადეები“ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას „ვისროლოთ“. ასე მოქცევით იესოს მივბაძავთ. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ სხვადასხვა ვითარებებში ესაუბრა ადამიანებთან (მათე 9:9; ლუკა 19:1—10; იოანე 4:6—15).
18. რამდენად ეფექტურია სხვადასხვა ვითარებაში ქადაგება? (კომენტარში გამოიყენეთ აზრები ჩარჩოდან „მოწაფეების მომზადება საქმიან ტერიტორიებზე“).
18 მსოფლიოს ზოგ ნაწილში მოწაფეების მომზადებას ხელს უწყობს ხალხმრავალ ადგილებში ქადაგება. ის მოწმეები, რომლებიც გამოცდილები არიან მოწაფეების მომზადების საქმეში, უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ სხვადასხვა ადგილზე ქადაგებას. ამჟამად მაუწყებლები კარდაკარ მსახურების გარდა ქადაგებენ აეროპორტებში, დაწესებულებებში, მაღაზიებში, ავტოსადგომებზე, ავტობუსის გაჩერებებზე, ქუჩებში, პარკებში, პლაჟებსა და სხვა ადგილებში. ჰავაიში ბევრ ახალმონათლულ მოწმეს სწორედ ასეთ ადგილებზე უქადაგეს. განსხვავებული მეთოდების გამოყენება გვეხმარება, ეფექტურად შევასრულოთ იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული მითითება (1 კორინთელთა 9:22, 23).
19. იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული დავალების რომელ ორ ასპექტს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 იესოს მიერ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით მოცემული დავალება არა მხოლოდ იმას მოიცავს, თუ რატომ და სად უნდა შევასრულოთ ეს საქმიანობა, არამედ იმასაც, თუ რის შესახებ და როდემდე უნდა ვიქადაგოთ. იესოს მიერ ჩვენთვის მოცემული დავალების ეს ორი ასპექტი განიხილება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში განვიხილავთ პირველ ორ კითხვას, ბოლო ორს კი — მომდევნო სტატიაში.
b სამქადაგებლო საქმიანობის აუცილებლობის ხაზგასასმელად იხილეთ დამატებითი ბიბლიური მუხლები: იგავები 10:5; ამოსი 3:8; მათე 24:42; მარკოზი 12:17; რომაელთა 1:14, 15.
c ამ წინასწარმეტყველების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ 2001 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 12 და „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის“, ტომი 2, გვერდი 408 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
გახსოვთ თუ არა?
• რატომ და რა მოტივებით უნდა შევასრულოთ მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული იესოს მითითება?
• როგორი სახით ასრულებენ დღეს იეჰოვას მსახურები ყველა ეროვნების ადამიანის მოწაფეებად მომზადებასთან დაკავშირებულ იესოს დავალებას?
• როგორ შეგვიძლია განსხვავებული „თევზჭერის მეთოდების“ გამოყენება და რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
პუბლიკაციები უსინათლოებისთვის
ალბერტი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ქრისტიანი უხუცესი და სრული დროით მსახურია. ის უსინათლოა. მას ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ლიტერატურა ეხმარება, ეფექტურად იმსახუროს და უკეთ შეასრულოს სამსახურებრივი ზედამხედველის მოვალეობა. როგორ ასრულებს ის კრებაში სხვადასხვა დავალებებს?
„ჩვენ არასდროს გვყოლია კრებაში ასეთი გულმოდგინე სამსახურებრივი ზედამხედველი, როგორიც ალბერტია,“ — ამბობს ჯეიმზი, კრების თავმჯდომარე ზედამხედველი. ალბერტი ერთ-ერთია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები დაახლოებით 5 000 უსინათლო ადამიანიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებენ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ბიბლიურ პუბლიკაციებს ინგლისურ და ესპანურ ენებზე. 1912 წლიდან დღემდე ერთგული მონის კლასს ბრაილის შრიფტით ასზე მეტ პუბლიკაცია აქვს გამოცემული. ამჟამად თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით იეჰოვას მოწმეთა ტიპოგრაფიებში ყოველწლიურად ბრაილის შრიფტით მილიონობით გვერდი იბეჭდება ათზე მეტ ენაზე და 70-ზე მეტ ქვეყანაში ნაწილდება. იცნობთ ვინმეს, ვისთვისაც სასარგებლო იქნებოდა უსინათლოთათვის მომზადებული პუბლიკაციები?
[ჩარჩო⁄სურათი 11 გვერდზე]
ჟესტების ენა და მოწაფეების მომზადება
მთელ მსოფლიოში ათასობით მოწმე, მათ შორის ბევრი გულმოდგინე ახალგაზრდა, სწავლობს ჟესტების ენას, რათა დაეხმარონ ყრუ-მუნჯებს იესოს მოწაფეებად გახდომაში. შედეგად, მხოლოდ ბრაზილიაში გასულ წელს 63 ყრუ-მუნჯი მოინათლა და ამჟამად 35 ყრუ-მუნჯი და-ძმა მსახურობს სრული დროით. მსოფლიოს მასშტაბით ჟესტების ენაზე 1 200-ზე მეტი კრება და ჯგუფია. რუსეთში, ტერიტორიული თვალსაზრისით, ჟესტების ენაზე არსებული ყველაზე დიდი რაიონია მსოფლიოში — ის მთელ რუსეთს მოიცავს!
[ჩარჩო 12 გვერდზე]
მოწაფეების მომზადება საქმიან ტერიტორიებზე
ჰავაიში ერთი და, როდესაც საქმიან ადამიანებს მათ სამუშაო ადგილებზე ესაუბრებოდა, შეხვდა ტრანსპორტის სამმართველოს უფროსს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მამაკაცი ძალიან დაკავებული იყო, დათანხმდა ყოველკვირეულად 30 წუთის განმავლობაში ბიბლიის შესწავლაზე. ყოველ ოთხშაბათ დილას ის ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს, რომ არ შეეწუხებინათ სატელეფონო ზარებით და შემდეგ მთელ ყურადღებას შესწავლას უთმობდა. სხვა და კი ჰავაიში კვირაში ერთხელ ბიბლიის შესწავლას ფეხსაცმლის სახელოსნოს მეპატრონესთან ატარებდა. შესწავლა სახელოსნოში ტარდებოდა. როდესაც კლიენტი შემოდიოდა, ჩვენი და გვერდით დგებოდა, ხოლო კლიენტის წასვლის შემდეგ კვლავ გრძელდებოდა შესწავლა.
ზემოთ მოხსენიებულმა სამმართველოს უფროსმაც და სახელოსნოს მეპატრონემაც იმიტომ დაიწყეს ბიბლიის შესწავლა, რომ მოწმეებმა გადადგეს პირველი ნაბიჯი და „ბადეები“ სხვადასხვა ადგილებში მოისროლეს. ხომ არ დაფიქრდებოდით, სად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენი კრების ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ხშირად არ არიან სახლში?
[სურათი 12 გვერდზე]
შეგიძლიათ იმსახუროთ უცხოენოვან ტერიტორიაზე?