თავი მეთერთმეტე
იეჰოვას სურს ხალხის გადარჩენა — თქვენ?
1, 2. ა) როგორ გამოეხმაურა იონა ნინევეს გადარჩენას და რას გვასწავლის ეს? ბ) რატომ უნდა გავიგოთ მეტი ღვთის გულმოწყალებაზე და სიცოცხლისადმი მის დამოკიდებულებაზე?
იეჰოვა გახარებული იყო, წინასწარმეტყველი კი დაღონებული. ღმერთმა გულმოწყალება გამოავლინა და ათასობით ადამიანი დაინდო, იონას კი მათი დაღუპვა უნდოდა. იეჰოვამ მიუტევა თავისი ხალხის მტრებს დანაშაული და აღარ გაანადგურა.
2 იონას მაგალითიდან ჩანს, რომ ადამიანებს ზოგჯერ ბოლომდე არ ესმით, რამდენად მომთმენია ღმერთი, და უჭირთ, ხალხის გადარჩენას იეჰოვას თვალით შეხედონ. იეჰოვამ დაინდო ნინეველები, რაც „ძალიან არ ესიამოვნა იონას და რისხვით აენთო“. როგორც ჩანს, იონა საკუთარ თავზე უფრო მეტს ფიქრობდა, ვიდრე გულმოწყალებასა და ხალხის გადარჩენაზე. შესაძლოა იმასაც ფიქრობდა, რომ ნინეველების გადარჩენის შემთხვევაში მისი რეპუტაცია შეილახებოდა (იონა 4:1, 10, 11). იეჰოვას სასამართლოს დღე სწრაფად გვიახლოვდება. ჩვენ როგორი განწყობა გვაქვს? როგორ გავიღრმავოთ მადლიერება ღვთის მიმართ მისი მიმტევებლობისთვის და როგორ დავეხმაროთ მომნანიებელ შემცოდველებს, უფრო მეტად შეიგრძნონ მისი სიყვარული? როგორ მივბაძოთ ღმერთს, რომ ჩვენც გვქონდეს ადამიანთა გადარჩენის სურვილი?
სამართლიანობა და გულმოწყალება გადასარჩენად
3. გამორიცხავს ღვთის სამართლიანობა გულმოწყალებას? ახსენით.
3 ზოგიერთი ფიქრობს, რომ თორმეტ წინასწარმეტყველურ წიგნში მხოლოდ ღვთის რისხვაზე, ხალხის დასჯასა და სამართლის აღსრულებაზეა საუბარი. შეიძლება ფიქრობენ: „ნუთუ გულმოწყალეა იეჰოვა? ფიქრობს კი საერთოდ ხალხის გადარჩენაზე?“ ფაქტი ერთია — ღმერთი გულმოწყალებას სამართლიანობასთან ერთად ავლენს ადამიანთა გადასარჩენად. ეს ორი თვისება მისი სრულყოფილი ბუნების განუყოფელი ნაწილია და ორივეს გაწონასწორებულად ავლენს (ფსალმუნები 103:6; 112:4; 116:5). ღმერთი პატიებს ბოროტებს დანაშაულს და გულმოწყალებას ავლენს მათ მიმართ, ვინც მზად არის მოსანანიებლად. სწორედ ამაში ვლინდება ღვთის სრულყოფილი სამართლიანობა. იეჰოვა ყოველმხრივ სამართლიანია და გულმოწყალებით ითვალისწინებს არასრულყოფილ ადამიანთა შეზღუდულ შესაძლებლობებს. აქედან გამომდინარე, თუ აუცილებელია, ის დასჯის, და თუ შესაძლებელია, შეიწყალებს. წინასწარმეტყველთა წიგნებში მრავალ ისეთ გამოთქმას ვხვდებით, რაც ცხადყოფს, თუ როგორ სრულყოფილად აწონასწორებს ღმერთი ორივე თვისებას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთს სურს ადამიანთა გადარჩენა. მოდი განვიხილოთ ეს საკითხი, ვნახოთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ, და როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი.
4. რა ცხადყოფს, რომ ღმერთს სურს ხალხის გადარჩენა?
4 მართალია, წინასწარმეტყველი იოელი ღვთის განაჩენს აცხადებდა, მაგრამ იმასაც ამბობდა, რომ ღმერთი „მწყალობელი და გულმოწყალეა, რისხვაში ნელი და სიკეთით სავსე“ (იოელი 1:20—2:13). მას შემდეგ დაახლოებით ასი წელი გავიდა, და ძვ. წ. VIII საუკუნეში, მიქამ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რამდენად ვსაჭიროებთ იეჰოვასგან პატიებას. მან ჯერ კითხვა დასვა, შენსავით რომელი ღმერთი პატიებსო, და შემდეგ ასე დაახასიათა იეჰოვა: „მარადიულად არ იქნები განრისხებული, რადგან სიკეთე გახარებს. კვლავაც შეგვიწყალებ“ (მიქა 7:18, 19). როგორც იონასა და ნინეველების შემთხვევამ ცხადყო, ღმერთი მზადაა, გადაიფიქროს დამნაშავეთა დასჯა, თუ ისინი მოინანიებენ და ამას საქმეებით აჩვენებენ.
5. იეჰოვას გულმოწყალების რა და რა მხარეებს აღნიშნავდით? (იხილეთ ჩარჩო „მათ მზადყოფნა გამოავლინეს“)
5 მართალია, თორმეტი წინასწარმეტყველის დროს არ ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენც გვითბობს გულს იეჰოვას გულმოწყალება და ხალხის გადარჩენის სურვილი. ეს გრძნობა გვაახლოებს ღმერთთან და გვიძლიერებს ხალხის გადარჩენის სურვილს. უმრავლესობა სწორ გზას არ ადგას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ღმერთს „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). იეჰოვას ეს სურვილი იმ თბილი სიტყვებიდანაც ჩანს, რომლებიც ოსიამ თავისი მრუში ცოლის დასაბრუნებლად წარმოთქვა. იეჰოვა „გულში ჩამწვდომად“ ელაპარაკა თავის ხალხს. ღმერთი არ ყოფილა ვალდებული, ეპატიებინა თავისი ხალხისთვის, მაგრამ ეს მისი სურვილი იყო (ოსია 1:2; 2:13, 14; 3:1—5; 14:4). იცით, რატომ სურს ღმერთს მიტევება და რატომ პატიებს დანაშაულს? საქმე ადამიანთა სიცოცხლეს ეხება. ღვთის გულმოწყალებასა და ადამიანთა გადარჩენის სურვილს ქრისტიანული კრების არსებობაც ადასტურებს. კრება განსაკუთრებულ საქმეს ასრულებს და ამაში თქვენც მონაწილეობთ.
დავეხმაროთ ხალხს გადარჩენაში
6. როგორ აჩვენებს ღმერთი, რომ სურს ხალხის გადარჩენა?
6 რატომ ვქადაგებთ? მთავარი მიზანი ის არის, რომ ხალხს ჭეშმარიტი ღვთის გაცნობაში დავეხმაროთ. მაგრამ ერთი რამ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ვიდრე დასჯიდეს, იეჰოვა აფრთხილებს ხალხს. ის გულმოწყალეა და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ იცოცხლონ. თორმეტმა წინასწარმეტყველმა ბოროტებს გააგებინა, რომ ღმერთი მათ სწორ გზაზე დადგომისა და მისი სამართლიანი რისხვის თავიდან არიდების საშუალებას აძლევდა. ჩვენც მსგავს საქმეს ვასრულებთ. ქრისტიანებს შესანიშნავი შესაძლებლობა გვაქვს, გავაფრთხილოთ ხალხი ღვთის შურისგების დღის მოახლოების შესახებ. ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს შურისძიების გრძნობა უარყოფითად განწყობილთა მიმართ და არ უნდა ვისურვოთ მათი დასჯა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქადაგების მიზანია, ზოგიერთი მაინც დაადგეს სიცოცხლის გზას (იოელი 3:9—12; სოფონია 2:3; მათე 7:13, 14).
7. ა) რატომ არის ქადაგება მნიშვნელოვანი? ბ) როგორ დაგვეხმარება იეჰოვას თვალსაზრისი, თუ გულგრილობას ვხვდებით?
7 როცა ბიბლიურ ჭეშმარიტებას ვქადაგებთ კარდაკარ, სკოლაში, სამსახურში თუ სხვაგან, ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვინც ღვთისგან გულმოწყალებასა და მიტევებას საჭიროებს (ოსია 11:3, 4). მაგრამ ხალხი შეიძლება გულგრილად შეგვხვდეს. თუ თავს მაინც არ ვზოგავთ, ესე იგი გულმოწყალე ღმერთს ვბაძავთ, რომელმაც ზაქარიას პირით თავის ჯიუტ ხალხს მოუწოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზიდან და თქვენი ბოროტი საქმეებიდან“ (ზაქარია 1:4). ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი გამოგვეხმაურება, როცა ვამცნობთ ღვთის გულმოწყალებასა და სიცოცხლის გზას?! ყოველთვის გვახსოვდეს რატომ ვქადაგებთ — იეჰოვას სურს, რომ ხალხი გადარჩეს, და ჩვენც ეს გვინდა.
8. რატომაა გამამხნევებელი, რომ ზოგიერთი ეხმაურება ღვთის გულმოწყალებას?
8 გამამხნევებელია ის, რომ ყოველთვის არსებობდა ღვთის ცნობის მომსმენი ხალხი. ამიტომაც საუბრობდა ოსია მათზე, ვისაც ესმოდა, რომ „სწორია იეჰოვას გზა“. მან თქვა: „მართლები ივლიან მასზე“ (ოსია 14:9). საუკუნეების განმავლობაში ბევრი სიხარულით იღებდა ღვთის მოწვევას: „დამიბრუნდით მთელი გულით“ (იოელი 2:12). მართალია, ეს სიტყვები იმ ხალხის მისამართით იყო ნათქვამი, ვინც უკვე იცნობდა იეჰოვას, მაგრამ ღვთის ეს მოწვევა იმ ხალხსაც ეხება, ვინც ახლა ეცნობა მას. ღმერთს კვლავაც სჯერა, რომ ადამიანები დანაღვლიანდებიან ჩადენილი ცოდვების გამო, მოინანიებენ და სწორ გზას დაადგებიან. ეს მათი გადარჩენის საწინდარია (1 ტიმოთე 4:16).
9. როგორც ნინეველების შემთხვევიდან დავინახეთ, რა არის აუცილებელი?
9 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ აპატია იეჰოვამ ნინეველებს. იონას წიგნიდან ვიგებთ, რომ ხალხი მთელი სერიოზულობით მოეკიდა ღვთის ცნობას გარდაუვალი სასჯელის შესახებ და „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი“ (იონა 3:5). გადარჩენისთვის რწმენა იყო აუცილებელი და არა მხოლოდ სასჯელის შიში. იეჰოვას სურს, რომ ხალხმა მოინანიოს და რწმენით იმოქმედოს. ამიტომაც დაგვრთო ნება, ვიქადაგოთ და ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ. რა შედეგს შეიძლება მივაღწიოთ? ნინეველებზე წერია: „ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი საქმეები, რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა. შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა“ (იონა 3:10). იეჰოვას ვერ მოატყუებ ლამაზი სიტყვებითა და თვალთმაქცური საქციელით. ნინეველებს გულწრფელად უნდა მოენანიებინათ და ეს საქმით ეჩვენებინათ. ღმერთი დაინახავდა, რომ მათ შეცვალეს თავიანთი ცხოვრება და რწმენით გულწრფელად მოინანიეს.
10. იეჰოვას მიერ ხალხის გადარჩენის რა და რა შემთხვევებს გაიხსენებთ?
10 ნუ ვიფიქრებთ, რომ იეჰოვას მხოლოდ ნინეველების გადარჩენა სურდა. აბდიას, ნაუმისა და აბაკუმის მსახურების შემდეგ, ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის განადგურების დროს იეჰოვამ მორჩილი იერემია სხვა ერთგულ ხალხთან ერთად გადაარჩინა (იერემია 39:16—18). ღვთის წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მომნანიებელი ხალხი დაბრუნდებოდა ბაბილონიდან და წმინდა თაყვანისმცემლობას აღადგენდა (მიქა 7:8—10; სოფონია 3:10—20). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში უფრო დიდი მასშტაბით შესრულდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი სულითცხებული ქრისტიანი, რომლებმაც მანამდე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი ენთუზიაზმი დაკარგეს, დაუბრუნდა აქტიურ მსახურებას და კვლავ მიიღო იეჰოვას წყალობა, რაც მათთვის სიცოცხლეს ნიშნავდა. დღესაც „მრავალი ხალხი უერთდება იეჰოვას“ (ზაქარია 2:11). მათ აქვთ იმედი, რომ გადაურჩებიან ქვეყნიერების მოახლოებულ აღსასრულს. ჩვენ, ქრისტიანები, მხოლოდ იმიტომ როდი ვქადაგებთ, რომ ასეთი დავალება გვაქვს მიღებული, ან იმიტომ, რომ წინასწარმეტყველება შესრულდეს (მათე 24:14; 28:19, 20). მთავარი მიზანია, ხალხს იეჰოვას გაცნობაში დავეხმაროთ, რომ რწმენა გამოავლინონ და გადარჩნენ.
იეჰოვასთან დაბრუნება გადარჩენას ნიშნავს
11, 12. როგორ შეუძლიათ ღვთის გულმოწყალებით ისარგებლონ მათ, ვინც ერთ დროს ღვთის თაყვანისმცემელი იყო?
11 იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვინც ახლა ეცნობა მას, და სურს მათი გადარჩენა. მაგრამ არც ისინი ავიწყდება, ვინც ერთ დროს მას ემსახურებოდა. ჩვენც უნდა ვიზრუნოთ მათზე, რომ დარჩნენ სიცოცხლის გზაზე. მაგრამ როგორ?
12 შეიძლება იცნობთ მათ, ვინც გაიცნო იეჰოვა, ირწმუნა და აქტიურად ჩაება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, მაგრამ ახლა აღარ ემსახურება ღმერთს. იეჰოვას გამოგზავნილმა თორმეტმა წინასწარმეტყველმა დაგვანახვა, რომ ღმერთი მზად იყო გულმოწყალება გამოევლინა მათ მიმართ, ვინც ერთ დროს ღვთის ხალხთან ერთად მსახურობდა, მაგრამ შემდეგ აქტიურად აღარ მონაწილეობდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. დღესაც იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც გზას ასცდა, ღმერთს ჩამოშორდა ან შესცოდა და ინანიებს (ებრაელები 2:1; 3:12). მართალია, მათ არ უხარიათ, რომ ჩამოშორდნენ იეჰოვას, მაგრამ არც დაბრუნება უადვილდებათ. ღმერთი მათ წინასწარმეტყველის პირით გულწრფელად მიმართავს: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დამიბრუნდით, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და მეც დაგიბრუნდებით“» (ზაქარია 1:3). ოსიას სიტყვებიც გვაიმედებს: «დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს, რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ. მონანიების სიტყვებით დაუბრუნდით იეჰოვას. უთხარით მას ყველამ: „გვაპატიე დანაშაული და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია“». ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც კი, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მაგრამ გულწრფელად მოინანია და ღმერთს დაუბრუნდა, მიეტევებათ და სულიერად გამოჯანმრთელდებიან (ოსია 6:1; 14:1, 2; ფსალმუნები 103:8—10). ასე იყო წინასწარმეტყველთა დროსაც და ასეა დღესაც.
13. რის საფუძველზე უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება მათდამი, ვისაც ღმერთმა აპატია?
13 რას ნიშნავს ეს იმ ქრისტიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლის გზაზე დგანან? როგორ ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას თვალით ვუყურებთ სხვებს? იეჰოვა ჩვენგან მოელის, რომ გულმოწყალენი ვიყოთ როგორც ახლების, ისე მათ მიმართ, ვინც ღვთისადმი მსახურება შეწყვიტა. ღმერთმა ოსიას მეშვეობით გვამცნო, რას მოელის ჩვენგან: „მე სიკეთე მსიამოვნებს და არა მსხვერპლი“. იესო ქრისტეს სწორედ ეს სიტყვები ჰქონდა მხედველობაში, როცა ამბობდა: «ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“» (ოსია 6:6; მათე 9:13). ასეთი გულმოწყალება თუ არ გამოვავლინეთ, ღმერთთან ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებთ. მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ პატიება რომ შევძლოთ, ღმერთს უნდა მივბაძოთ: „კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში“ (ეფესოელები 4:32—5:2). ჰბაძავთ ღმერთს პატიებაში?
14, 15. რა შემთხვევაში შეიძლება გამოიცადოს იეჰოვას მიმტევებლობისადმი ჩვენი დამოკიდებულება?
14 როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ სერიოზული ცოდვის ჩამდენი არ ინანიებს და გასარიცხია კრებიდან? პირველ საუკუნეში ქრისტიანები, რომლებიც არ ინანიებდნენ, კრებიდან ირიცხებოდნენ. თუ ეს იესოს მოციქულების სიცოცხლეში ხდებოდა, ჩვენს დროშიც შეიძლება მოხდეს. ამ დროს კრების ერთგული მსახურები ითვალისწინებენ ბიბლიურ მითითებას — არ იქონიონ ურთიერთობა გარიცხულთან. შეიძლება იეჰოვას მიმართ მათმა ერთგულებამ შემცოდველს ცოდვის სერიოზულობა დაანახვოს და მოსანანიებლად აღძრას. ბიბლიაში წერია, რომ ერთმა კორინთელმა კაცმა, რომელიც გარიცხეს, მოგვიანებით მოინანია, რის შემდეგაც ის აღადგინეს კრებაში (1 კორინთელები 5:11—13; 2 კორინთელები 2:5—8). როგორ რეაგირებთ მსგავს შემთხვევებში, და როგორ აჩვენებთ, რომ ხალხის გადარჩენა გინდათ?
15 მოუნანიებელ შემცოდველს შეიძლება რცხვენოდეს და სასოწარკვეთილებაშიც კი იყოს ჩავარდნილი. მას შეიძლება დარწმუნება სჭირდებოდეს, რომ ღმერთსაც და ძმებსაც კვლავ უყვართ იგი და სურთ მისი გადარჩენა. ნახეთ, როგორი თანაგრძნობით ამხნევებდა ღმერთი მომნანიებელ ხალხს: „ერთგულებით დაგნიშნავ ჩემზე და გეცოდინება იეჰოვა“ (ოსია 2:20). რაკი ღმერთი ასეთ გრძნობებს ავლენს, ჩვენც უნდა მივბაძოთ მას, ვისაც ზაქარიამ მწყალობელი ღმერთი უწოდა (ზაქარია 10:6).
16. როგორ ვხვდებით კრებაში ვინმეს აღდგენას?
16 ღმერთს ხალხის გადარჩენა სურს. ამიტომაც ახარებს შემცოდველის მონანიება და არააქტიური მსახურის დაბრუნებაa (ლუკა 5:32). პავლემ კორინთელთა კრებას მოუწოდა, ეპატიებინათ, გაემხნევებინათ და თავიანთ სიყვარულში დაერწმუნებინათ ის კორინთელი კაცი, რომელიც კრებაში აღადგინეს: „ასეთისთვის საკმარისია, უმრავლესობამ რომ გაკიცხა, ასე რომ . . . მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს. ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი“ (2 კორინთელები 2:6—8). არც ის უნდა დავივიწყოთ, რაც იეჰოვამ ოსიას პირით მომნანიებელ შემცოდველებზე თქვა: „განვკურნავ მათ ორგულობას. ნებით შევიყვარებ მათ“ (ოსია 14:4). მივბაძავთ იეჰოვას და სიხარულით შევიტანთ წვლილს მათ გამოჯანმრთელებასა და მარადიული სიცოცხლის გზაზე დაბრუნებაში?
17, 18. როგორ გამოვავლინოთ სიყვარულით მათდამი, ვინც იეჰოვას დაუბრუნდა ან ვისი ოჯახის წევრიც გაირიცხა?
17 იეჰოვას სურს ვიცოდეთ, რომ ის ღირსეულად ექცევა თავისთან დაბრუნებულებს და კვლავ მთელი სიყვარულით იღებს მათ, როგორც ოსიამ მიიღო ერთ დროს ორგული ცოლი. იეჰოვა გვეუბნება, როგორ ეპყრობოდა თავის მსახურებს: „გავხდი მათთვის უღლის მომხსნელი მათი ყბებიდან; ფრთხილად მიმქონდა თითოეულთან საჭმელი“ (ოსია 11:4). რა სასიამოვნოა იმ სიყვარულის დანახვა, რომლითაც იეჰოვა იზიდავს თავისთან დაბრუნებულებს! ჩვენ მივბაძავთ მას, თუ ღვთისმოსაწონად დანაღვლიანებულ და გულწრფელად მომნანიებელ ადამიანს მკაცრად და ცივად არ მოვექცევით. როგორც კი დაუბრუნდება კრებას, ჩვენ უნდა გავამხნევოთ იგი, თუ ვატყობთ, რომ ნუგეში სჭირდება, და არ გამოვხატოთ უკმაყოფილება წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო (1 თესალონიკელები 5:14).
18 კიდევ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას, როცა ვინმე კრებიდან ირიცხება? შეგვიძლია დავეხმაროთ გარიცხულის ოჯახის წევრებს, მაგალითად ერთგულ მეუღლესა და შვილებს? მათ შეიძლება უჭირდეთ კრებაზე დასწრება ან მსახურება. ამოვუდგებით მხარში? გულმოწყალების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა „კარგი და მანუგეშებელი სიტყვები“, რითაც შეგვიძლია ამ ერთგული ქრისტიანების გამხნევება (ზაქარია 1:13). ამის გაკეთება შეგვიძლია კრების დაწყებამდე ან დამთავრების შემდეგ, მსახურებაში ყოფნისას ან სხვა ნებისმიერ დროს. ისინი ჩვენი თანამსახურები, კრების ძვირფასი წევრები არიან, და არ უნდა გაგვირბოდნენ, თავს გარიყულად არ უნდა გრძნობდნენ. ზოგჯერ მშობელი ირიცხება და მხოლოდ შვილები ცდილობენ ემსახურონ იეჰოვას. ჩვენ გვინდა, რომ გადარჩნენ ეს ბავშვები. როგორ დავეხმაროთ მათ?
„შენ შეიწყალებ უმამო ბავშვს“
19. რა სულიერი დახმარება გაუწია სოფონიამ „უმამო ბავშვს“?
19 სოფონიას მაგალითიდან, რომელიც ძვ. წ. VII საუკუნის შუა ხანებში მსახურობდა, დავინახავთ, თუ როგორ შეიძლება დახმარება. სოფონია, შესაძლოა, იუდას სამეფო გვარის წარმომადგენელი და მეფე იოშიას შორეული ნათესავი იყო. რვა წლის იოშიას მამა მოუკლეს და მის ნაცვლად გაამეფეს. ის რთული ამოცანის წინაშე დადგა — ერი კერპთაყვანისმცემლობასა და ბილწ საქმეებში იყო ჩაბმული (სოფონია 3:1—7). პატარა, უმამოდ დარჩენილ იოშიას გონივრული ხელმძღვანელობა და რჩევა სჭირდებოდა თავნება ხალხის სამართავად. იეჰოვამ ბრძნული ხელმძღვანელობით უზრუნველყო იგი სოფონიასა და სხვა წინასწარმეტყველთა მეშვეობით, რაზეც წინა თავებში ვისაუბრეთ. როდესაც იეჰოვამ წინასწარმეტყველის პირით გაკიცხა იუდას მთავრები, მეფე არ უხსენებია (სოფონია 1:8; 3:3). ეს შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ახალგაზრდა მეფე იოშია უკვე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს იდგა. წინასწარმეტყველის შეგონება იოშიას უეჭველად შემატებდა გაბედულებას იუდას ამაზრზენი თაყვანისმცემლობისგან განსაწმენდად.
20. როგორ დაეხმარება სულიერი აღზრდა „უმამო ბავშვებს“ კრებაში?
20 იოშიაზე სოფონიას ზრუნვა კარგად აჩვენებს იმას, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა უსუსურ ბავშვებზე, რომელთა მშობელიც გარიცხულია. მათ დახმარება სჭირდებათ. ოსიამ გამამხნევებელი სიტყვები წარმოთქვა: „შენ შეიწყალებ უმამო ბავშვს“ (ოსია 14:3). იცნობ ისეთ „უმამო ბავშვს“, ვისაც სულიერი და პრაქტიკული მხარდაჭერა სჭირდება? სულიერი გაგებით შეიძლება ობლები იყვნენ ისინი, ვისაც ერთი მშობელი ზრდის ან ოჯახის მხარდაჭერის გარეშე ემსახურება იეჰოვას. რამდენად ახლოს იქნებიან ისინი კრებასთან და რამდენად გაიზრდებიან სულიერად, ხშირად იმით არის განპირობებული, ჰყავთ თუ არა სულიერი აღმზრდელი. კრების მოწიფული ქრისტიანების სიყვარულისა და მზრუნველობის წყალობით ბევრი „უმამო ბავშვი“ გაწონასწორებულ, სულიერ პიროვნებად ჩამოყალიბდა (ფსალმუნები 82:3).
21. რა დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ მოწიფულ ქრისტიანებს მოზარდებისთვის?
21 მაგალითად, მარტოხელა დედისთვის დიდი დახმარება იქნება, თუ მოწიფული ქრისტიანები მზრუნველობას გამოავლენენ მისი შვილების მიმართ (იაკობი 1:27). ზედამხედველებსა და სხვა ქრისტიანებს შეუძლიათ სულიერად დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახებს, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დაარღვიონ მეთაურობის პრინციპი და გაწონასწორებულობა უნდა შეინარჩუნონ. თქვენ, თქვენმა მეუღლემ ან მთელმა ოჯახმა შეგიძლიათ დრო დაუთმოთ „უმამო ბავშვს“. გამოიჩენთ ყურადღებას იმ მოზარდების მიმართ, რომლებიც მარტოობას გრძნობენ? მათ შეიძლება თანაგრძნობა სჭირდებოდეთ და გულის გადაშლა სურდეთ. მოუსმინეთ მათ, როცა, მაგალითად, ერთად იმსახურებთ. შეიძლება ბევრი დრო არ გქონდეთ, მაგრამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოზარდის რეგულარული დახმარება თქვენი სიყვარულის სიწრფელეს გამოსცდის (2 კორინთელები 8:8). თუ ასე იქცევით, ცხადყოფთ, რომ სხვების გადარჩენა გსურთ.
22. რას იტყოდით იეჰოვას მზრუნველობაზე?
22 გვამხნევებს ის, რომ ღმერთი ზრუნავს ადამიანებზე და უნდა, რომ მათ მარადიულად იცხოვრონ. მას ურჩევნია, სიყვარული გამოავლინოს თავისი მოყვარული, მართალი ხალხის მიმართ და სიცოცხლით დააჯილდოოს ისინი, ვიდრე გულისწყრომა გამოხატოს მათ მიმართ, ვისაც არ სურს შეცვლა და არ იმსახურებს მარადიულ სიცოცხლეს. მაშ, ვიდრე მოუთმენლად ველით იეჰოვას დღის დადგომას, მივბაძოთ მას და დავეხმაროთ ხალხს, სიცოცხლის გზას დაადგნენ.
a გამამხნევებელი იგავები დაკარგულ ცხვარზე, დაკარგულ დრაქმასა და გზასაცდენილ შვილზე კარგად აჩვენებს ღვთის მზრუნველობას თავის ხალხზე (ლუკა 15:2—32).