რას ვსწავლობთ ზაქარიას ხილვებიდან?
„დამიბრუნდით . . . და მეც დაგიბრუნდებით“ (ზაქ. 1:3).
1—3. ა) რა მდგომარეობაში იყო იეჰოვას ხალხი, როცა ზაქარიამ წინასწარმეტყველება დაიწყო? ბ) რატომ სთხოვა იეჰოვამ თავის ხალხს, რომ დაბრუნებოდნენ მას?
მფრინავი გრაგნილი, საწყაოში დამწყვდეული ქალი და ორი ქალი ყარყატის ფრთებით — ამ შთამბეჭდავ ხილვებს აღწერს ზაქარია თავის წიგნში (ზაქ. 5:1, 7—9). რატომ ანახა იეჰოვამ ეს საოცარი ხილვები თავის წინასწარმეტყველს? რა მდგომარეობაში იყვნენ ისრაელები იმ დროს? რის სწავლა შეგვიძლია დღეს ზაქარიას ხილვებიდან?
2 იეჰოვას მიძღვნილი ხალხისთვის ძვ. წ. 537 წელი განსაკუთრებით სასიხარულო იყო. ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. ისრაელები დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას. ტაძარს საძირკველი მათ ერთ წელიწადში ჩაუყარეს (ძვ. წ. 536). გახარებული ხალხი „დიდი ხმით ყიჟინებდა . . . შორს ისმოდა მათი ხმა“ (ეზრ. 3:10—13). მაგრამ მშენებლობის დაწყებიდან მალევე ისინი დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ. პრობლემებითა თუ სირთულეებით გულგატეხილმა ხალხმა მიატოვა ტაძრის მშენებლობა და თავიანთი სახლების შენება და მიწების დამუშავება დაიწყო. მშენებლობა საძირკვლის ჩაყრიდან თექვსმეტი წლის შემდეგაც კი არ იყო დასრულებული. ღვთის ხალხს შეხსენება სჭირდებოდა, რომ უნდა დაბრუნებოდნენ იეჰოვას და საკუთარ კეთილდღეობაზე წინ მისი საქმე დაეყენებინათ. იეჰოვას სურდა, რომ ისინი დაბრუნებულიყვნენ მასთან და კვლავაც უშიშრად, მთელი გულით ემსახურათ მისთვის.
3 ძვ. წ. 520 წელს ღმერთმა მათ ზაქარია წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რათა მათთვის ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი შეეხსენებინა. სახელი ზაქარია, რომელიც ნიშნავს „ახსოვს იეჰოვას“, მნიშვნელოვან აზრს ატარებს. ისრაელებს დაავიწყდათ, რომ ისინი იეჰოვამ იხსნა, მაგრამ ღმერთს არასდროს დავიწყებია თავისი ხალხი (წაიკითხეთ ზაქარიას 1:3, 4). იეჰოვამ დაარწმუნა ისრაელები, რომ დაეხმარებოდა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში, თუმცა გააფრთხილა, რომ უგულო თაყვანისცემას არ მოიწონებდა. განვიხილოთ, როგორ აღძრა იეჰოვამ ისინი მოქმედებისკენ ზაქარიას მეექვსე და მეშვიდე ხილვების მეშვეობით, და ვნახოთ, ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია ამ ხილვებიდან.
ღვთის სასჯელი ქურდობისთვის
4. რა ნახა ზაქარიამ მეექვსე ხილვაში და რაზე მიანიშნებს ის, რომ ცნობა გრაგნილის ორივე მხარეს ეწერა? (იხილეთ პირველი სურათი 21-ე გვერდზე)
4 ზაქარიას მე-5 თავი უჩვეულო ხილვით იწყება (წაიკითხეთ ზაქარიას 5:1, 2). ზაქარიამ იხილა დაახლოებით 9 მეტრი სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანის მფრინავი გრაგნილი! ის გაშლილი იყო, ანუ გამზადებული იყო წასაკითხად. გრაგნილის ორივე მხარეს ღვთის განაჩენი ეწერა (ზაქ. 5:3). ჩვეულებრივ, გრაგნილის მხოლოდ ერთ მხარეს იყენებენ დასაწერად, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცნობა ორივე მხარეს ეწერა, იმაზე მიანიშნებს, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები იყო.
5, 6. როგორ უყურებს იეჰოვა ნებისმიერი სახის ქურდობას?
5 წაიკითხეთ ზაქარიას 5:3, 4. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას წინაშე ყველა ადამიანი ანგარიშვალდებულია, მისი სახელით წოდებულ ხალხს უფრო მეტი მოეთხოვება. ღვთის მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ნებისმიერი სახის ქურდობა შეურაცხყოფს ღვთის სახელს (იგავ. 30:8, 9). მნიშვნელობა არა აქვს, რა მიზეზით ქურდობს ადამიანი ან მოეძებნება თუ არა ერთი შეხედვით გამართლება მის საქციელს, ასეთი ადამიანი სიხარბეს ავლენს, ღმერთზე მაღლა საკუთარ სურვილებს აყენებს და ცხადყოფს, რომ მატერიალური მისთვის ყველაფერზე ძვირფასია. ის უგულებელყოფს იეჰოვას, მის კანონსა და მის სახელს.
6 ყურადღება მიაქციეთ ზაქარიას 5:3, 4-ში ჩაწერილ სიტყვებს: „[წყევლა] შევა ქურდის სახლში . . . დარჩება მის სახლში და გაანადგურებს იქაურობას“. იეჰოვას განაჩენის აღსრულებას ვერც გისოსები შეუშლის ხელს და ვერც ურდულები. ის შეაღწევს ნებისმიერ დაფარულ ადგილას და გამოააშკარავებს დანაშაულს იეჰოვას ხალხს შორის. მაშინაც კი, თუ ადამიანს შეუძლია პოლიციას, დამსაქმებელს, უხუცესებს ან მშობლებს დაუმალოს ქურდობის ფაქტი, ის ვერ დაუმალავს ამას ღმერთს, რომელიც აუცილებლად გამოააშკარავებს ნებისმიერ ქურდობას (ებრ. 4:13). რა სასიამოვნოა იმ ხალხს შორის ყოფნა, რომელთაც გათავისებული აქვთ, რომ „ყველაფერში პატიოსნად“ უნდა მოიქცნენ! (ებრ. 13:18).
7. რის გაკეთება გვმართებს, რომ გავექცეთ გრაგნილში ჩაწერილ წყევლას?
7 იეჰოვას სძულს ნებისმიერი სახის ქურდობა. ჩვენ დიდ პატივად მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვიცხოვროთ და ჩვენი საქციელით მის სახელს ჩრდილი არ მივაყენოთ. ამგვარად, თავიდან ავირიდებთ იეჰოვას განაჩენს, რომელიც მისი კანონების შეგნებულად დამრღვევთ დაატყდება თავს.
ყოველდღე ვიცხოვროთ დადებული პირობის თანახმად
8—10. ა) რა არის ფიცი? ბ) რომელი ფიცი გატეხა მეფე ციდკიამ?
8 მფრინავ გრაგნილზე დაწერილი განაჩენი მათაც აფრთხილებდა, ვინც ცრუდ იფიცებდა ღვთის სახელს (ზაქ. 5:4). ფიცი არის მტკიცე განაცხადი საკუთარი სიტყვების სიმართლის დასადასტურებლად ან რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების პირობა.
9 იეჰოვას სახელით დაფიცება საკმაოდ სერიოზული საკითხია. სწორედ იეჰოვას სახელით დაიფიცა მეფე ციდკიამ იერუსალიმში გამეფების დროს, რომ ბაბილონის მეფის ერთგული ვასალი იქნებოდა. თუმცა გატეხა ფიცი, რის გამოც იეჰოვამ მას განაჩენი გამოუტანა: „ცოცხალი ვარ . . . მოკვდება [ციდკია] ბაბილონში, იმ მეფის ადგილსამყოფელში, რომელმაც ის გაამეფა, რომლის ფიციც არაფრად ჩააგდო და რომლის შეთანხმებაც დაარღვია“ (ეზეკ. 17:16).
10 ვინაიდან მეფე ციდკიამ ღვთის სახელით დაიფიცა, ის იეჰოვას წინაშე იყო ვალდებული, რომ ბაბილონის მეფისთვის მიცემული პირობა შეესრულებინა (2 მატ. 36:13). პირობის შესრულების ნაცვლად, მან დახმარებისთვის ეგვიპტეს მიმართა, რათა ბაბილონის უღელი გადაეგდო. თუმცა მის მცდელობას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია (ეზეკ. 17:11—15, 17, 18).
11, 12. ა) რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი აღთქმა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დადოს? ბ) რა გავლენას უნდა ახდენდეს მიძღვნის აღთქმა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
11 იეჰოვა ჩვენ მიერ დადებულ პირობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ამიტომ მისი მოწონება რომ დავიმსახუროთ, მისთვის მიცემული სიტყვა უნდა შევასრულოთ (ფსალმ. 76:11). ყველაზე მნიშვნელოვან პირობას მაშინ ვდებთ, როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას. მიძღვნა არის იეჰოვას წინაშე დადებული აღთქმა, რომ მას უპირობოდ ვემსახურებით.
12 რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ? ჩვენ იეჰოვას დავპირდით, რომ ყოველდღე განვადიდებდით მას. როცა დიდი თუ პატარა ცდუნების დროს სიმტკიცეს ვინარჩუნებთ, ცხადვყოფთ, რომ სერიოზულად ვეკიდებით იეჰოვასთვის მიცემულ პირობას (ფსალმ. 61:8). მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ სამსახურში ან სკოლაში თქვენთან ვინმე ფლირტს დაიწყებს? მაშინვე უკუაგდებთ უმართებულო ყურადღებას და დაუმტკიცებთ იეჰოვას, რომ მისი გზები სასურველია თქვენთვის? (იგავ. 23:26). თუ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობთ, სთხოვთ იეჰოვას დახმარებას, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული თვისებები მაშინაც კი, თუ ოჯახში ამას თქვენ გარდა არავინ ცდილობს? ყოველდღე უხდით მოსიყვარულე ზეციერ მამას მადლობას, რომ მის ხალხს შორის ხართ და თქვენზე სიყვარულით ზრუნავს? ყოველდღე გამოყოფთ დროს ბიბლიის წასაკითხად? განა ამის გაკეთების პირობა არ მივეცით იეჰოვას, როცა თავი მივუძღვენით?! როცა მორჩილებას ვავლენთ და ბოლომდე ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და ნამდვილად მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ. იეჰოვას თაყვანისცემა ჩვენთვის ცხოვრების წესია და არა უბრალოდ ფორმალობა. დაპირებების შესრულება ჩვენთვისვეა კარგი, რადგან ღმერთი ერთგულებს შესანიშნავ მომავალს ჰპირდება (კან. 10:12, 13).
13. რას ვსწავლობთ ზაქარიას მეექვსე ხილვიდან?
13 ზაქარიას მეექვსე ხილვიდან გავიგეთ, რომ ღვთის მოყვარულთათვის მიუღებელი უნდა იყოს ნებისმიერი სახის ქურდობა და ცრუდ დაფიცება. აგრეთვე დავინახეთ, რომ შეცდომების მიუხედავად, იეჰოვას ხელი არ ჩაუქნევია ისრაელებზე. მას კარგად ესმოდა, რამხელა წნეხის ქვეშ იყვნენ ისინი, რადგან მტრებს შორის უწევდათ ცხოვრება. იეჰოვა დაპირების შესრულების უბადლო მაგალითს იძლევა. ის ჩვენც დაგვეხმარება ბოლომდე შევასრულოთ მის წინაშე დადებული აღთქმები. ერთ-ერთი, რითაც ღმერთი გვეხმარება, არის იმედი, რომ მალე ბოლოს მოუღებს დედამიწაზე არსებულ ყოველგვარ ბოროტებას. ზაქარიას მეშვიდე ხილვა სწორედ ამ ნათელი მომავლის იმედს გვიმტკიცებს.
ბოროტებას თავისი ადგილი მიუჩინეს
14, 15. ა) რა იხილა ზაქარიამ მეშვიდე ხილვაში? (იხილეთ მეორე სურათი 21-ე გვერდზე) ბ) რას განასახიერებს ეფის საწყაოში დამწყვდეული ქალი და რატომ დაამწყვდიეს ის ხელმეორედ?
14 მფრინავი გრაგნილის ხილვის შემდეგ ანგელოზმა ზაქარიას უთხრა: „აღაპყარი თვალი“. მეშვიდე ხილვაში ზაქარიამ მოძრავი ეფის საწყაო დაინახა (წაიკითხეთ ზაქარიას 5:5—8). ეს იყო საშუალო ზომის ჭურჭელი, რომელსაც „ტყვიის მრგვალი თავსახური“ ეფარა. როდესაც თავსახური ახადეს, ზაქარიამ დაინახა, რომ „ქალი იჯდა ეფის საწყაოში“. ანგელოზმა საწყაოში მჯდარ ქალს ბოროტება უწოდა. წარმოიდგინეთ, როგორ შეეშინდებოდა ზაქარიას, როცა დაინახავდა, რომ ქალი საწყაოდან თავის დაღწევას ცდილობდა! ანგელოზმა სასწრაფოდ ჩააგდო ის საწყაოში და ტყვიის მძიმე თავსახური დააფარა. რაზე მიანიშნებს ეს?
15 ხილვის ეს ნაწილი იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა თავის ხალხს შორის არანაირ ბოროტებას არ შეიწყნარებს. ის მაშინვე შენიშნავს ბოროტებას და დაუყოვნებლივ იმოქმედებს მის აღმოსაფხვრელად (1 კორ. 5:13). ამაში გვარწმუნებს ანგელოზის მოქმედება, რომელმაც სასწრაფოდ დააფარა საწყაოს ტყვიის თავსახური.
16. ა) რა დაემართა ეფის საწყაოს? (იხილეთ მესამე სურათი 21-ე გვერდზე) ბ) სად წაიღეს ფრთიანმა ქალებმა ეფის საწყაო?
16 შემდეგ ზაქარია ხედავს ორ ქალს, რომელთაც ყარყატის ფრთები აქვთ (წაიკითხეთ ზაქარიას 5:9—11). ისინი ძალიან განსხვავდებიან ეფის საწყაოში მყოფი ქალისგან. ეფის საწყაო, რომელშიც ბოროტება იყო დამწყვდეული, ამ ქალებმა თავიანთი ძლიერი ფრთებით აიტაცეს და წაიღეს. მათ საწყაო „შინარის მიწაზე“ ანუ ბაბილონში ჩაიტანეს. რატომ წაიღეს მაინცდამაინც ბაბილონში?
17, 18. ა) რატომ იყო შინარი ბოროტებისთვის ადგილის მისაჩენად შესაფერისი ადგილი? ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
17 ზაქარიას დღეებში მცხოვრები ისრაელებისთვის შინარი შესაფერისი ადგილი იქნებოდა ბოროტებისთვის ადგილის მისაჩენად. ზაქარიასა და მის თანამემამულეებს საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი, როგორ ყვაოდა ბაბილონში ბოროტება. ისინი გაიზარდნენ ამ უზნეო და კერპთაყვანისმცემელ ქალაქში და ყოველდღე უწევდათ ბრძოლა, რომ ამ წარმართი ხალხის გავლენაში არ მოქცეულიყვნენ. ეს ხილვა, რომელიც იმის გარანტია იყო, რომ იეჰოვა არ დაუშვებდა თავისი წმინდა თაყვანისმცემლობის წაბილწვას, დიდ შვებას მოუტანდა ღვთის ხალხს.
18 თუმცა ის შეახსენებდა ისრაელებს, რომ მათი პასუხისმგებლობაც იყო, ხელი შეეწყოთ თაყვანისმცემლობის სიწმინდისთვის. იეჰოვას ხალხს არ უნდა დაეშვა, რომ მათ შორის ბოროტებას მოეკიდებინა ფეხი. მსგავსად, მას შემდეგ, რაც ღვთის წმინდა ორგანიზაციის ნაწილი გავხდით, რომელიც გვიცავს და სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე, ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ხელი შევუწყოთ მის სიწმინდეს. განა არ გვინდა, წმინდად დავიცვათ იეჰოვას ორგანიზაცია?! არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს სულიერ სამოთხეში ბოროტებამ იჩინოს თავი!
სიწმინდით პატივს მივაგებთ იეჰოვას
19. რას ნიშნავს დღეს ჩვენთვის ზაქარიას ამაღელვებელი ხილვები?
19 ზაქარიას მეექვსე და მეშვიდე ხილვები სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც უპატიოსნოდ იქცევა, და შეახსენებს მათ, რომ იეჰოვა არ იწყნარებს ბოროტებას. ჩვენ, როგორც მისმა ერთგულმა თაყვანისმცემლებმა, უნდა შევიზიზღოთ ბოროტება. ამ ხილვებით ჩვენი ზეციერი მამა თავის სიყვარულში გვარწმუნებს. თუ ყველანაირად შევეცდებით, რომ ღვთის მოსაწონები ვიყოთ, ის დაგვიცავს და გრაგნილში ჩაწერილი სასიკვდილო წყევლა არ შეგვეხება. უფრო მეტიც, იეჰოვა უხვად გვაკურთხებს. ამ ბოროტ ქვეყნიერებაში სიწმინდის შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად დაგვიფასდება. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვას დახმარებით წარმატებას მივაღწევთ! მაგრამ რა გვარწმუნებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არ შეიბღალება ამ უღვთო ქვეყნიერებაში? რა გარანტია გვაქვს, რომ იეჰოვა კვლავაც დაიცავს თავის ორგანიზაციას მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს? ამ კითხვებს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.