ზაქარია
5 კვლავ გავიხედე და, აი, მფრინავი გრაგნილი დავინახე. 2 მან მკითხა, რას ხედავო.
მე მივუგე: „მფრინავ გრაგნილს ვხედავ, რომელიც სიგრძით 20 წყრთაა* და სიგანით — 10 წყრთა“.
3 მან მითხრა: «ეს წყევლაა, რომელიც მთელ დედამიწას დაატყდება; ვინც ქურდობს,+ როგორც გრაგნილის ერთ მხარეზეა დაწერილი, არ დასჯილა, და ვინც იფიცებს,+ როგორც მის მეორე მხარეზეა დაწერილი, არც ის დასჯილა. 4 „მე გავგზავნე ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — შევა მის სახლში, ვინც ქურდობს, და მის სახლშიც, ვინც ჩემი სახელით ცრუდ იფიცებს; დარჩება იქ და გაანადგურებს სახლს ძელებიან-ქვებიანად“».
5 მაშინ ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიახლოვდა და მითხრა: „აბა შეხედე, რა მოდის“.
6 ვკითხე, ეგ რა არის-მეთქი.
მან მომიგო: „ეფის საწყაო* მოდის“. მან დასძინა: „ასე გამოიყურებიან ბოროტები მთელ დედამიწაზე“. 7 შემდეგ დავინახე, რომ ვიღაცამ საწყაოს ტყვიის მრგვალი თავსახური ახადა; საწყაოში ქალი იჯდა. 8 მან თქვა, ეს ბოროტებააო, უკან ჩააგდო ქალი ეფის საწყაოში და საწყაოს ტყვიის თავსახური დააფარა.
9 გავიხედე და დავინახე, რომ ორი ქალი მოდიოდა; ჰაერში მოლივლივებდნენ; ფრთები ყარყატისას მიუგავდათ. მათ ეფის საწყაო მიწიდან ასწიეს და ზეცისკენ წაიღეს. 10 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე, სად მიაქვთ-მეთქი ეფის საწყაო.
11 მან მომიგო: „შინარის*+ მიწაზე, ქალს სახლი რომ აუშენონ, და, როცა აუშენებენ, იქ დასვამენ, კუთვნილ ადგილზე“.