იეჰოვას საშინელი დღე ახლოს არის
„იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16).
1, 2. რომელი საშინელი დღის შესახებ გვაფრთხილებს მალაქია?
საშინელებაა! ათას ცხრაას ორმოცდახუთი წლის ექვს აგვისტოს, გამთენიისას, თვალის დახამხამებაში განადგურდა დიდებული ქალაქი. დაიღუპა დაახლოებით 80 000 ადამიანი! ათიათასობით სასიკვდილოდ დაიჭრა! მძვინვარებდა ცეცხლი! ატომურმა ბომბმა გააკეთა თავისი საქმე. როგორ გადაიტანეს იეჰოვას მოწმეებმა ეს კატასტროფა? ჰიროსიმაში მხოლოდ ერთი მოწმე იყო, რომელიც ქრისტიანული უმწიკვლოების გამო ციხეში იხდიდა სასჯელს. ციხე ნანგრევებად იქცა, მაგრამ ჩვენი ძმა არ დაზიანდა. მისი სიტყვების თანახმად, ატომურმა ბომბმა „გაათავისუფლა“ ის ციხიდან — შესაძლოა, ეს იყო ერთადერთი კეთილი საქმე, რომელიც ბომბმა შეასრულა.
2 იმ ბომბის აფეთქების მსგავსი საშინელება უმნიშვნელო ხდება, როცა ვადარებთ მას ‘უფლის დიდ და საშინელ დღეს’, რომელიც ახლო მომავალში დადგება (მალაქია 3:23). რასაკვირველია, წარსულში ბევრი საშინელი დღე იყო, მაგრამ იეჰოვას დღე გადააჭარბებს ყოველ მათგანს (მარკოზი 13:19).
3. ‘ყოველ ხორციელსა’ და ნოეს ოჯახს შორის არსებულ რომელ განსხვავებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელმაც წარღვნამდე მიიყვანა?
3 ნოეს დღეებში „გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე“ და ღმერთმა გამოაცხადა: „აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ“ (დაბადება 6:12, 13). მათეს 24:39-ში ჩაწერილის თანახმად, იესომ თქვა, რომ ადამიანებმა „არ იცოდნენ [ყურადღებას არ აქცევდნენ, აქ], ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა“. მაგრამ ერთგულმა ნოემ, ‘სიმართლის მქადაგებელმა’, ღვთისმოშიშ ოჯახთან ერთად გადაიტანა წარღვნა (2 პეტრე 2:5).
4. რომელ გამაფრთხილებელ მაგალითს გვაძლევს სოდომი და გომორი?
4 იუდას წერილის მეშვიდე მუხლი გვატყობინებს: „ [ამიტომ] სოდომი და გომორი და მოსაზღვრე ქალაქები. . . [რომლებიც] მეძაობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილი“. ის ურწმუნო ხალხი დაიღუპა თავისი საზიზღარი და გარყვნილი ცხოვრების გამო. მაშ, გაფრთხილდეს დღევანდელი ქვეყნიერების სექსუალურად განწყობილი საზოგადოება! მაგრამ ყურადღება მიაქციე, რომ ღვთისმოშიში ლოტი და მისი ქალიშვილები დაცული იყვნენ იმ უბედურების დროს, ზუსტად ისევე, როგორც იეჰოვას თაყვანისმცემლები იქნებიან დაცული სწრაფად მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს (2 პეტრე 2:6–9).
5. რისი სწავლა შეგვიძლია სასჯელებიდან, რომლებიც იერუსალიმს დაატყდა?
5 ახლა განვიხილოთ გამაფრთხილებელი მაგალითები, რომლებიც მოხდა მაშინ, როცა იეჰოვამ გამოიყენა დამპყრობელი ჯარები, რათა მიწასთან გაესწორებინა იერუსალიმი, დიდებული ქალაქი, რომელიც ერთ დროს ‘მთელი ქვეყნიერების სიხარული’ იყო (ფსალმუნი 47:3). ეს საზარელი მოვლენები პირველად მოხდა ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს და გამეორდა ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს, რადგან ღმერთის ხალხმა, რომელმაც მას აღთქმა მისცა, მიატოვა ჭეშმარიტი თაყვანისცემა. საბედნიეროდ, იეჰოვას ერთგული მსახურები გადარჩნენ. ახალი წელთაღრიცხვით 70 წელს მომხდარი (24-ე და 25-ე გვერდებზე ნაჩვენები) უბედურება აღწერილია, როგორც „გასაჭირი. . . რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე“. ამ მოვლენამ ერთხელ და სამუდამოდ გაანადგურა განდგომილი იუდეველების სისტემა და უეჭველია, ამ გაგებით, ის „აღარც არასოდეს იქნება“ (მარკოზი 13:19). მაგრამ ღმერთის განაჩენის ეს შესრულებაც კი მხოლოდ აჩრდილი იყო იმ ‘დიდი გასაჭირის’, რომელიც ახლა ემუქრება მთელ ქვეყნიურ სისტემას (გამოცხადება 7:14).
6. რატომ უშვებს იეჰოვა უბედურებას?
6 რატომ უნდა დაეშვა ღმერთს საშინელი უბედურებები, რომლებსაც ამდენი სიცოცხლე მიაქვს? ნოეს, სოდომისა და გომორის და იერუსალიმის შემთხვევებში, იეჰოვას გამოჰქონდა სასჯელი მათთვის, ვინც გარყვნა თავისი ზნე ამ ქვეყანაზე, ვინც პირდაპირი გაგებით გაბინძურებითა და ზნეობრივი დაცემით ჩირქი მოსცხო ამ მშვენიერ პლანეტას და, ვინც განუდგა ჭეშმარიტ თაყვანისცემას ან უარყო ის. დღეს ჩვენ ვდგავართ ყოვლისმომცველი განაჩენის ზღურბლზე, რომელიც შთანთქავს მთელ ქვეყნიერებას (2 თესალონიკელთა 1:6–9).
„უკანასკნელ დღეებში“
7. ა) რის შესახებ წინასწარმეტყველებდნენ ძველი დროის ღვთიური სასჯელები? ბ) რომელი დიდებული პერსპექტივა გველოდება წინ?
7 ძველ დროში მომხდარი უბედურებები წინასწარმეტყველებდნენ 2 პეტრეს 3:3–13-ში აღწერილი საშინელი დიდი გასაჭირის შესახებ. მოციქული ამბობს: „უპირველესად იცოდეთ, რომ უკანასკნელ დღეებში მოვლენ დაცინვით დამცინავნი, რომელნიც საკუთარი გულისთქმისამებრ იქცევიან“. შემდეგ ნოეს დღეებზე ყურადღების გამახვილებით, პეტრე წერს: „მაშინდელი წუთისოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ხოლო ახლანდელი ცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, გამზადებულია საცეცხლოდ უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის“. მესიის დიდი ხნის ნანატრი სამეფო მმართველობა, რომელიც ყველაზე დიდ გასაჭირს მოჰყვება, მიიღებს ახალ მასშტაბებს — „ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“. რამდენად სასიხარულო პერსპექტივაა!
8. როგორ უახლოვდება კულმინაციურ წერტილს მსოფლიო მოვლენები?
8 მეოცე საუკუნის განმავლობაში მსოფლიო მოვლენებმა კულმინაციურ წერტილს მიაღწია. თუმცა ჰიროსიმის განადგურება არ იყო ღმერთის სასჯელი, ის შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ ‘საშინელებად’, რომელზეც იესომ უკანასკნელი დროისთვის იწინასწარმეტყველა (ლუკა 21:11). ამ მოვლენით დაიწყო ბირთვული საშიშროება, რომელიც საავდრო ღრუბელივით ჯერ კიდევ ჩამოწოლილია კაცობრიობის თავზე. ამიტომ, 1993 წლის 29 ნოემბრის „ნიუ-იორკ ტაიმს“-ში ერთ-ერთი სტატიის სათაური აცხადებს: „შესაძლოა ცეცხლსასროლი იარაღი ოდნავ დაჟანგდა, მაგრამ ბირთვული იარაღი ჯერ კიდევ პრიალებს“. ამავე დროს, ერებს, რასებსა და ტომებს შორის ომები კვლავ იმკიან შემაძრწუნებელ მოსავალს. წინა საუკუნეებში დანაკარგის უმეტეს ნაწილს ჯარისკაცები წარმოადგენდნენ. შეტყობინების თანახმად, დღეს საომარი დანაკარგის 80 პროცენტს შეადგენენ სამოქალაქო პირები, თუ არ ვიტყვით მილიონობით ადამიანზე, რომლებიც გაიქცნენ თავიანთი ქვეყნებიდან და ლტოლვილებად იქცნენ.
9. როგორ ავლენენ წუთისოფელთან მეგობრობას რელიგიური წინამძღოლები?
9 ომებსა და სისხლისმღვრელ რევოლუციებში აქტიური ჩარევით რელიგიური წინამძღოლები ხშირად ავლენდნენ და კვლავაც ავლენენ ‘მეგობრობას წუთისოფელთან’ (იაკობი 4:4). ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობს კომერციული სამყაროს გაუმაძღარ მაგნატებთან, რომლებიც მასობრივად აწარმოებენ იარაღს და ქმნიან ნარკოტიკულ იმპერიებს. მაგალითად, სამხრეთ ამერიკის ნარკობიზნესის ერთ-ერთი მოთავის მკვლელობის შესახებ შეტყობინებისას გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმს“-ი იუწყებოდა: „კანონიერად მოპოვებულ სიმდიდრესა და ქველმოქმედებაზე პრეტენზიის გაცხადებით, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან დაკავშირებული საქმეების დასაფარავად, მას ჰქონდა საკუთარი რადიოპროგრამა და ხშირად გამოდიოდა რომის კათოლიკე მღვდლების თანხლებით“. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნელ“-ი იტყობინებოდა, რომ მილიონობით ადამიანის დაღუპვის გარდა, რომლებიც ნარკომანები გახდნენ, ნარკობიზნესის ეს მოთავე პირადად ხელმძღვანელობდა ათასობით ადამიანის მკვლელობას. ლონდონის „ტაიმს“-მა აღნიშნა: „ხშირად, მკვლელები ფულს იხდიან სპეციალური სამადლობელო წირვისთვის. . . იმ დროს, როცა სხვაგან მსხვერპლის დამკრძალავი წირვა მიმდინარეობს“. რამდენად დიდი ბოროტებაა!
10. როგორი თვალსაზრისი უნდა გვქონდეს მსოფლიო პირობების გაუარესებაზე?
10 ვინ იცის, ჯერ კიდევ როგორი დამანგრეველი საქმეების ჩადენა შეუძლიათ დემონების მიერ ინსპირირებულ ადამიანებს დედამიწაზე? როგორც 1 იოანეს 5:19 (აქ) იუწყება, „მთელი ქვეყნიერება ბოროტის“, სატანა ეშმაკის, „ძალაუფლებაში წევს“. დღეს, ნამდვილად, „ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“ (გამოცხადება 12:12). მაგრამ, საბედნიეროდ, რომაელთა 10:13 გვარწმუნებს, რომ „ყოველი, ვინც უფლის [იეჰოვას, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება“.
ღმერთის განაჩენი ახლოვდება
11. ისრაელში არსებულ რომელ პირობებზე მოგვითხრობს მალაქიას წინასწარმეტყველება?
11 მოვლენებს, რომლებიც კაცობრიობის უახლოეს მომავალში მოხდება, შუქს ჰფენს მალაქიას წინასწარმეტყველება. ძველი დროის ებრაელ წინასწარმეტყველთა გრძელ სიაში მალაქია წინასწარმეტყველი ბოლოა. ძველი წელთაღრიცხვით 607 წელს ისრაელმა ერმა განიცადა იერუსალიმის აოხრება. მაგრამ 70 წლის შემდეგ ამ ერის სამშობლოში დაბრუნებით იეჰოვამ წყალობითა და სიყვარულით აღსავსე სიკეთე გამოავლინა. მიუხედავად ამისა, ასი წელიც არ გასულა, რომ ისრაელში ნელ-ნელა კვლავ დაიწყო განდგომილება და ბოროტების ჩადენა. ადამიანები არცხვენდნენ იეჰოვას სახელს მისი სამართლიანი კანონების უგულებელყოფით და ბღალავდნენ მის ტაძარს, როცა მსხვერპლად ბრმა, კოჭლი და სნეული ცხოველები მიჰყავდათ. უცხო ქალებზე დაქორწინების მიზნით ისინი სიყრმის ცოლებს ეყრებოდნენ (მალაქია 1:6–8; 2:13–16).
12, 13. ა) როგორი განწმენდა იყო აუცილებელი ცხებული მღვდლების კლასისთვის? ბ) რა სარგებელი მოაქვს განწმენდას ასევე უამრავი ხალხისთვის?
12 საჭირო იყო განწმენდა. ეს აღწერილია მალაქიას 3:1–4-ში. ძველი ისრაელის მსგავსად, იეჰოვას დღევანდელ მოწმეებსაც სჭირდებოდათ განწმენდა, ამიტომ გაწმენდასთან დაკავშირებული სამუშაო, რომელიც მალაქიამ აღწერა, მათ მიმართაც შეიძლება იყოს გამოყენებული. როცა პირველი მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდებოდა, ბიბლიის ზოგიერთი მკვლევარი, როგორც მაშინ მოწმეებს იცნობდნენ, ბოლომდე არ იცავდა ნეიტრალიტეტს ქვეყნიურ საქმეებში. ათას ცხრაას თვრამეტ წელს იეჰოვამ გაგზავნა „აღთქმის ანგელოზი“, ქრისტე იესო, თავის სულიერ ტაძარში, რათა განეწმინდა თავისი თაყვანისმცემლების მცირე ჯგუფი ქვეყნიური ნაკლოვანებებისგან. იეჰოვამ წინასწარმეტყველურად იკითხა: „ვინ აიტანს [ანგელოზის] მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი; განწმედს ლევიანებს [ცხებული მღვდლების ჯგუფს] და გაასუფთავებს მათ, როგორც ოქროსა და ვერცხლს, რომ სიმართლით მიუძღვნან უფალს შესაწირავი“. როგორც განწმენდილი ხალხი, მათ ზუსტად ამის შესრულება დაიწყეს!
13 ცხებული მღვდლების ჯგუფის წევრთა რიცხვი მხოლოდ 144 000-ს შეადგენს (გამოცხადება 7:4–8; 14:1, 3, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა). მაგრამ რისი თქმა შეიძლება დღეს მცხოვრები სხვა მიძღვნილი ქრისტიანების შესახებ? ახლა მილიონებად ქცეული, ისინი შეადგენენ ‘უამრავ ხალხს’, რომელიც, ასევე, გაწმენდილი უნდა იყოს ქვეყნიური ჩვევებისგან ‘თავიანთი სამოსის გარეცხვითა და კრავის სისხლით გასპეტაკებით’ (გამოცხადება 7:9, 14). ამრიგად, კრავის, ქრისტე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით, მათ შეუძლიათ იეჰოვას წინაშე წმინდად ყოფნა. მათ მიიღეს აღთქმა, რომ გადარჩენილი იქნებიან დიდ გასაჭირში იეჰოვას საშინელ დღეს (სოფონია 2:2, 3).
14. რომელ სიტყვებს უნდა მიაპყროს ყურადღება ღმერთის ხალხმა დღეს, იმ დროს, როცა აგრძელებს ახალი პიროვნების განვითარებას?
14 მღვდლების ჯგუფის დარჩენილ ნაწილთან ერთად ამ უამრავმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაპყროს ღმერთის მიერ წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებს: „მოვალ თქვენთან განსაკითხავად და ვიქნები ფიცხელი მოწმე ჯადოქართა და მემრუშეთა წინააღმდეგ, ცრუმოფიცართა, მოჯამაგირეთა და ქვრივ-ობლების მჩაგვრელთა წინააღმდეგ, ხიზნის გამგდებელთა და ჩემს უშიშთა წინააღმდეგ. . . რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები“ (მალაქია 3:5, 6). დიახ, იეჰოვას ნორმები არ იცვლება, ამიტომ, იეჰოვას შიშით, დღეს მისი ხალხი უნდა მოერიდოს ნებისმიერი სახეობის კერპთაყვანისმცემლობას და იყოს ერთგული, პატიოსანი და ქველმოქმედი იმ დროს, როცა აგრძელებს ქრისტიანული პიროვნების განვითარებას (კოლასელთა 3:9–14).
15. ა) რისკენ იწვევს იეჰოვა ადამიანებს გულმოწყალედ? ბ) როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ იეჰოვას „გაძარცვას“?
15 იეჰოვა იწვევს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც, შესაძლოა, გადავიდა ღმერთის სამართლიანი გზებიდან; ის ამბობს: „მოიქეცით ჩემკენ და მეც მოვიქცევი თქვენკენ“. მათ კითხვაზე: „რისთვის მოვიქცეთო?“ ის პასუხობს: „მატყუებთ [მძარცვავთ, აქ] მე“. ხოლო მომდევნო კითხვაზე: „რაში გატყუებთო [გძარცვავთ, აქ] ? “, იეჰოვა აცხადებს, რომ მათ გაძარცვეს ის, რადგან არ მიჰქონდათ მის ტაძარში სამსახურის მხარდასაჭერად ყველაზე საუკეთესო შესაწირავი (მალაქია 3:7, 8). როცა იეჰოვას ხალხის ნაწილი ვხდებით, ჩვენ ნამდვილად უნდა გვსურდეს, შევწიროთ იეჰოვასადმი მსახურებას ჩვენი ენერგიის, შესაძლებლობებისა და მატერიალური სახსრების ყველაზე საუკეთესო ნაწილი. ამრიგად, ნაცვლად იმისა, რომ გავძარცვოთ ღმერთი, ჩვენ ‘უწინარეს ვეძიებთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს’ (მათე 6:33).
16. როგორ გამხნევებას ვპოულობთ მალაქიას 3:10–12-ში?
16 ყველას, ვინც მიატოვა ქვეყნიერების ეგოისტური და მატერიალისტური ჩვევები, ელოდება დიდებული ჯილდო, როგორც ამას მალაქიას 3:10–12 აღნიშნავს: „გამომცადეთ ამით, ამბობს ცაბაოთ უფალი, თუ არ გაგიხსნათ ცის საქანელნი და არ გადმოგიცალოთ კურთხევა აუწყველად“. ყოველ მადლიერ ადამიანს იეჰოვა ჰპირდება სულიერ კეთილდღეობასა და ნაყოფიერებას. ის უმატებს: „ნეტარად ჩაგთვლით ყოველი ხალხი, რადგან სანუკვარ ქვეყანაში იცხოვრებთ“. განა ეს არ მტკიცდება დღეს მთელ დედამიწაზე ღმერთის მილიონობით მადლიერ ადამიანთან დაკავშირებით?
უმწიკვლოების დამცველნი სიცოცხლის წიგნში
17–19. ა) როგორ იმოქმედა ჩვენს ძმებზე რუანდაში მომხდარმა არეულობამ? ბ) როგორი რწმენით აგრძელებენ გზას ეს ერთგული ძმები?
17 ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი რუანდელი ძმებისა და დების უმწიკვლოების მაგალითი. მათ ყოველთვის მოაქვთ საუკეთესო სულიერი შესაწირავები იეჰოვასადმი თაყვანისცემის სულიერ სახლში. მაგალითად, 1993 წლის დეკემბერში, საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთიური სწავლება“, სამეფოს 2 080-მა მაუწყებელმა მოიმკა დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი — 4 075. იქ მოინათლა 230 ახალი მოწმე და მათგან დაახლოებით 150 ჩაეწერა მომდევნო თვეში დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
18 როცა 1994 წლის აპრილში ეთნიკურმა სიძულვილმა იფეთქა, ყველაზე მცირე 180 მოწმე იყო მოკლული, მათ შორის დედაქალაქ კიგალის საქალაქო ზედამხედველი თავის ოჯახთან ერთად. კიგალიში არსებული საგუშაგო კოშკის საზოგადოების განყოფილების ექვსი მთარგმნელი, რომელთაგან ოთხი ჰუტუ და ორი ტუტსი იყო, რამდენიმე კვირის განმავლობაში დიდი საფრთხის ქვეშ აგრძელებდნენ მუშაობას, სანამ ტუტსი მთარგმნელები იძულებული არ გახდნენ, რომ გაქცეულიყვნენ, მაგრამ მოკლული იყვნენ საკონტროლო პუნქტზე. საბოლოოდ, დარჩენილმა ოთხმა აიღო ყველაფერი, რაც დარჩა თავიანთი კომპიუტერული მოწყობილობიდან და გაიქცა გომაში (ზაირი), სადაც ერთგულად გააგრძელეს „საგუშაგო კოშკის“ თარგმნა კინიარუანდულ ენაზე (ესაია 54:17).
19 თუმცა ლტოლვილი მოწმეები შემაძრწუნებელ მდგომარეობაში არიან, მატერიალურ საკვებზე წინ ისინი ყოველთვის სულიერს ითხოვენ. რამდენიმე ქვეყნიდან მოსიყვარულე ძმებმა, დიდი მსხვერპლის ფასად შეძლეს მათთვის დახმარების მიწოდება. სიტყვითა და დაძაბულ პირობებში თავიანთი სისუფთავით ამ ლტოლვილებმა შესანიშნავი დამოწმება მისცეს. უეჭველია, რომ ისინი აგრძელებენ იეჰოვასადმი თაყვანისცემაში საუკეთესოს მიტანას. პავლეს მსგავსად მათ გამოავლინეს რწმენა, რომელიც რომაელთა 14:8-ში გამოხატა სიტყვებით: „თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ“.
20, 21. ა) ვისი სახელები არ არის ჩაწერილი იეჰოვას სამახსოვრო წიგნში? ბ) ვისი სახელები იწერება ამ წიგნში და რატომ?
20 იეჰოვა ინახავს ჩანაწერებს ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც უმწიკვლოებით ემსახურება მას. მალაქიას წინასწარმეტყველება აგრძელებს: „როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის“ (მალაქია 3:16).
21 რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვავლენთ ღვთისმოსაწონ შიშს იეჰოვას სახელის პატივსაცემად! ასეთი მოქმედებით ჩვენ არ დავიტანჯებით საზიანო განაჩენის გამო, როგორც დაიტანჯებიან ისინი, ვინც აღტაცებით ემხრობა ამ ქვეყნიურ სისტემას. გამოცხადების 17:8 (აფ) გვატყობინებს, რომ მათი „სახელები. . . ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში“. ლოგიკურია, იეჰოვას სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი ყველაზე გამოჩენილი სახელი არის სიცოცხლის წინამძღვრის, ღმერთის ძის, იესო ქრისტეს სახელი. მათეს 12:21 აცხადებს: „მის სახელს მიენდობიან ხალხები“. იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი მარადიული სიცოცხლით უზრუნველყოფს ყველა ადამიანს, რომლებიც ამ მსხვერპლისადმი რწმენას ავლენენ. რამდენად დიდი უპირატესობაა, რომ ჩვენი სახელები მიემატება ამ წიგნში ჩაწერილ იესოს სახელს!
22. როგორი სხვაობა გამოჩნდება ნათლად, როცა იეჰოვა სისრულეში მოიყვანს განაჩენს?
22 როგორ გადაიტანენ იეჰოვას მსახურები განაჩენს? მალაქიას 3:17, 18-ში იეჰოვა პასუხობს: „შევიბრალებ, როგორც კაცი შეიბრალებს თავის შვილს, რომელიც მას მორჩილებს. კვლავ განარჩევთ მართალსა და ბოროტეულს, ღვთის მორჩილსა და მის ურჩს“. ყველა თვალნათლივ დაინახავს გაყოფას: ბოროტები საუკუნოდ მოიკვეთებიან, ხოლო მართლები სამეფოს სამფლობელოში საუკუნო სიცოცხლისთვის იქნებიან მოწონებული (მათე 25:31–46). ამრიგად, ცხვრისმაგვარი ადამიანებისგან შემდგარი უამრავი ხალხი გადაიტანს იეჰოვას დიდებულ და საშინელ დღეს.
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რომელი სასჯელები შეასრულა იეჰოვამ ბიბლიურ დროში?
◻ როგორ შეესატყვისება დღევანდელი პირობები ძველი დროის პირობებს?
◻ რომელი განწმენდით შესრულდა მალაქიას წინასწარმეტყველება?
◻ ვისი სახელები არის ჩაწერილი ღმერთის სამახსოვრო წიგნში?