სიხარული მათთვის, ვინც პოულობს ჭეშმარიტებას
ერთ-ერთმა ფინელმა მამაკაცმა თავისი სახლის სხვენში იპოვა წიგნი: The Divine Plan of the Ages. მან მაშინვე დაიწყო კითხვა და მალე თავისთვის ჩაიჩურჩულა: „ეს არის ჭეშმარიტება; ეს ჭეშმარიტებაა“. ხოლო როდესაც სხვენიდან ჩამოვიდა, თავის მეუღლეს უთხრა: „მე ვიპოვე ჭეშმარიტი რელიგია“.
ჭეშმარიტების პოვნის ასეთი შემთხვევა იშვიათია, მაგრამ იეჰოვას მრავალ მოწმეს შეუძლია მოყვეს მსგავსი რეაქციის შესახებ. ყოველ მათგანს შეუძლია მოგითხროს იმ სიხარულზე, რომელიც თან სდევს ჭეშმარიტების პოვნას. შემდეგი შემთხვევები სწორედ ამ საკითხს გააშუქებს.
ჭეშმარიტ ბიბლიურ მოძღვრებას მოაქვს სიხარული
მარგარიტა კენიგერი მეორე მსოფლიო ომის დროს გაიზარდა მიუნხენში (გერმანია). უჩვეულო სანახაობას აღარ წარმოადგენდა დაბომბილი და გადამწვარი სახლები. მისი ძმა ომში დაიღუპა. ეს გოგონა კათოლიკურ ეკლესიაში ესწრებოდა წირვას და ისმენდა ლოცვებს, რომლებსაც წარმოთქვამდნენ გერმანელი ჯარისკაცებისთვისა და ფიურერისთვის, ჰიტლერისთვის. ომის შემდეგ მან შეიძინა საკმაო ცოდნა და როდესაც სტუდენტების გაცვლის პროგრამა ჩატარდა, სწავლა გააგრძელა შეერთებული შტატების კოლეჯში. ის შეხვდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც მეგობრულად ეპყრობოდნენ, მას ძალიან აინტერესებდა, თუ რა აიძულებდა იმ ადამიანებს, რომლებსაც მშვიდობიანი ცხოვრების ბუნებრივი სურვილი ჰქონდათ, ომის დროს ერთმანეთის მიმართ უნდობლობითა და სიძულვილით ყოფილიყვნენ ავსილი. როდესაც დაბრუნდა მიუნხენში, ის დაუკავშირდა იეჰოვას მოწმეებს და მათთან ბიბლიის სწავლის საშუალებით იპოვა კითხვებზე პასუხი. მან თქვა: „ბიბლიაში მიჩვენეს, რომ ბოროტ სულთა ძალები დიდ როლს თამაშობენ. . . ბიბლია მათ ‘წუთისოფლის მპყრობელთ’ უწოდებს და სატანაზე ამბობს, რომ ‘წუთისოფლის მაცდუნებელია’. . . რამდენად კეთილგონივრული და დამაკმაყოფილებელია ეს პასუხი, თუ ვიმსჯელებთ ადამიანების უღვთო, სატანურ მოქმედებებზე!“ (ეფესელთა 6:12; გამოცხადება 12:9).
მარგარიტა აგრძელებს: «უდიდესი სიხარული მაგრძნობინა ღვთის განზრახვების შესახებ შესწავლილმა, რომელიც გადაწყვეტს დედამიწაზე არსებულ პრობლემებს. არა, ეს არ იქნება ადამიანთა იდეოლოგიის ან ადმინისტრაციის მეშვეობით, როგორც გეგმავენ ხოლმე ქვეყნიერების მასწავლებლები. პირიქით, ბიბლია გვიჩვენებს, რომ მიწიერ საქმეებს უხელმძღვანელებს ახალი ზეციერი მთავრობა. . . იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ: „მოვიდეს სუფევა [სამეფო] შენი“. . . მე თანდათან ვხვდებოდი, რომ მისი სამეფო არის ნამდვილი მთავრობა და რომ მხოლოდ მისი ხელმძღვანელობით მიიღწევა მსოფლიოში ჭეშმარიტი მშვიდობა». დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მარგარიტა აფრიკის ხუთ ქვეყანაში მსახურობდა მისიონერად — ბოლო ცხრამეტი წელი გაატარა უაგადუგუში (ბურკინა-ფასო) და კეთილ ცნობას აუწყებდა თავმდაბალ ადამიანებს.
მარგარიტას მაგალითი არ არის ერთადერთი. მსგავსი დადებითი რეაგირება ჰქონდა მრავალ ადამიანს, როდესაც დაინახა, რომ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ბრძოლის ორივე მხარეს ღმერთს შესთხოვდა გამარჯვებას. გულმართალი ადამიანები ხედავენ ბიბლიის ახსნის კეთილგონიერებას, რომ ღმერთი არავითარ მონაწილეობას არ ღებულობს ადამიანთა მიერ გაჩაღებულ ომებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ „მთელი წუთისოფელი ბოროტებაში [ბოროტის ძალაუფლებაში, აქ] ძევს“. მათ, რომლებიც ჭეშმარიტებას ეძებდნენ გაიგეს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა იყვნენ „წუთისოფლისანი“, არამედ ნეიტრალური პოზიცია უნდა ეკავოთ. როდესაც იგებენ, რომ იეჰოვას მოწმეებს აქვთ ასეთი პოზიცია, ახლად დაინტერესებული პირები რწმუნდებიან, რომ იპოვეს ჭეშმარიტება. ასეთი ადამიანები იმედითა და სიხარულით ივსებიან, რადგან შეიძინეს ფართო შემეცნება იმის შესახებ, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება და მალე, თავისი სამეფოს მეშვეობით როგორ დაამყარებს მშვიდობიან და სამართლიან პირობებს დედამიწაზე (1 იოანე 5:19; იოანე 17:16; მათე 6:9, 10).
ჭეშმარიტ ბიბლიურ პრინციპებს მოაქვს სიხარული
ეკვადორელი დანიელ როზერო ფიქრობდა, რომ სიცოცხლეს არავითარი აზრი არა აქვს და ამიტომაც მან დაიწყო ლოთობა. ეკლესია, სადაც ის დადიოდა, ასწავლიდა, რომ ერთადერთი, რაც მას მოელოდა, იყო სიკვდილი და ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი. ის ფიქრობდა: „მაინც ცეცხლში უნდა დავიწვა, უკეთესია დავლიო!“ ის დაოჯახებული იყო, რვა სულს არაფრით უზრუნველყოფდა და ყოველთვის ეჩხუბებოდა თავის მეუღლეს, დელიას. მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი დაიწყო მაშინ, როდესაც კვირა დილით ესტუმრნენ იეჰოვას მოწმეები და ბიბლიის შესწავლა დაიწყეს მასთან. როდესაც დანიელი პირველად დაესწრო იეჰოვას მოწმეთა სარაიონო კონგრესს, ის მიხვდა, რომ იპოვა ჭეშმარიტება. მან თქვა: «ორგანიზებით აღფრთოვანებული დავრჩი. ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი ეგუებოდნენ ერთმანეთს. უამრავ ხალხში სიყვარულს ვგრძნობდი. არავინ ეწეოდა სიგარეტს. არ იყო უწმაწური ლაპარაკი. . . მახსოვს ვფიქრობდი: „ეს ჭეშმარიტებაა!“ მე გული ამიჩუყა არა სიკვდილის ან წუთისოფლის აღსასრულის წინაშე შიშმა, არამედ ორგანიზაციის სიწმინდემ».
როზეროს მთელი ოჯახი იეჰოვას მოწმე გახდა. მათი ოჯახური ცხოვრება და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რადგან მათ გამოიყენეს ბიბლიური პრინციპები. დელია როზერომ თქვა: „მე დავალებულად ვგრძნობ თავს ბიბლიის ჭეშმარიტების წინაშე. ღმერთის სიტყვა რომ არა ვინ იცის, სად იქნებოდნენ ჩემი შვილები? შვიდივე მონათლულია და ყველა მათგანი დადინჯდა. ჭეშმარიტება ჩემთვის სრულიად ახალ ცხოვრებას, ახალ ბედნიერებას ნიშნავს“.
როზეროს ოჯახის თავგადასავალიც არ არის ერთადერთი. დღეს მრავალი ადამიანი იტანჯება პრობლემებით. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ მორალურ ნორმებს, რომლებიც მოცემულია ბიბლიაში, ისე აღარ სცემენ პატივს, როგორც წინა თაობებში. რელიგიების უმრავლესობაც ამ ტენდენციას მიჰყვება ან შემწყნარებლობის საფუძველზე, ან იმიტომ, რომ ადრინდელი მორალი მოძველებულად მიაჩნიათ. ამგვარად, სხვების მსგავსად, როზეროების ოჯახი მიტოვებული იყო, რომ ხელისცეცებით ევლო ბიბლიის ხელმძღვანელობის გარეშე. მარგამ, როდესაც ასეთი თავმდაბალი ადამიანები იგებენ ღმერთის თვალსაზრისს მორალისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ, შესწავლილს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყენებენ ცხოვრებაში. მათი მონაყოლიდან ჩვენ ვხედავთ ასეთი მოქმედების სასარგებლო შედეგებს.
სიხარული უნდა იქნეს განვითარებული
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანი ყოველთვის ამაღლებულ და მხიარულ განწყობილებაზეა. ნათელია, რომ სირთულეები, რომლებიც ადამიანებს ხვდებათ, მაგალითად ისეთი, როგორიცაა უმუშევრობა, ავადმყოფობა და სიკვდილი, ქრისტიანებზეც ახდენს ზეგავლენას. ქრისტიანებს ასევე უხდებათ საკუთარი არასრულყოფილებისა და სისუსტეების გამკლავება. ბიბლია გვამცნობს, რომ სოდომში ლოტი „ურჯულოთა ლაგამახსნილი ქცევით დაჩაგრული“ იყო. ერთგული ქრისტიანები თავს ვერ აარიდებენ ამას, როდესაც საზიზღარ გახრწნილებას ხედავენ (2 პეტრე 2:7, 8).
მაგრამ ვინც იპოვა ჭეშმარიტება, მათ უპირატესობა აქვთ. მაგალითად, მორწმუნე, რომელიც მგლოვიარეა, ‘არ ნაღვლობს სხვებივით, რომელთაც იმედი არ გააჩნიათ’. ეს მწუხარება არ არის უსასრულო. ეს ასევე სხვა პრობლემებსაც შეეხება. პიროვნება, რომელმაც იპოვა ჭეშმარიტება, იცის, რომ დღეს არსებული გასაჭირი მხოლოდ დროებითია. როცა ადამიანს იმედი აქვს, პრობლემების გადალახვა უფრო იოლია. ასევე დამხმარეა გაწონასწორებული ცხოვრების წესი (1 თესალონიკელთა 4:13).
პავლემ ქრისტიანებს მისცა შეგონება: „მარადის იხარეთ უფალში, და კიდევ ვიტყვი: იხარეთ“ (ფილიპელთა 4:4). ეს ცხადყოფს, რომ თუკი სიხარული ხელმისაწვდომია ჩვენთვის, ასევე დასაშვებია, რომ არ გვქონდეს სიხარული. ფაქტია, რომ ეს მშფოთვარე სისტემა დამაბრკოლებელია. და კიდევ, ბიბლია გვეუბნება, რომ აუცილებელია განვავითაროთ სიხარული, რომელიც სულის ერთ-ერთი ნაყოფია (გალატელთა 5:22). თუ სისტემატურად ეწაფები ჭეშმარიტების შემეცნებას და ყოველთვის ახსენებ საკუთარ თავს სულიერი სიმდიდრის შესახებ, რომელიც ჭეშმარიტებამ მოგცა და კვლავაც გაძლევს, სიხარული არასოდეს მოგაკლდება. ის უფრო მტკიცე გახდება, რადგან ვუახლოვდებით იმ დროს, როდესაც ღმერთი „მოსწმენდს ყველა ცრემლს“ ადამიანებს და როდესაც „გლოვა, გოდება და ტკივილიც“ მეტად აღარ იქნება (გამოცხადება 21:4).
[სურათები მე-8 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეთა კონგრესებზე გამეფებული სიხარულითა და კარგი ორგანიზებით მრავალი ადამიანია აღფრთოვანებული.