უერთგულეთ ქრისტესა და ერთგულ მონას
„ბატონი . . . მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათე 24:45—47).
1, 2. ა) ბიბლიის თანახმად ვინ არის ჩვენი წინამძღოლი? ბ) საიდან ჩანს, რომ ქრისტე ხელმძღვანელობს ქრისტიანულ კრებას?
„ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე“ (მათე 23:10). ამ სიტყვებით იესომ თავის მიმდევრებს ნათლად აუხსნა, რომ მათ არ ეყოლებოდათ მიწიერი წინამძღოლი, არამედ ზეციერი — იესო ქრისტე. იესო თავად ღმერთმა დანიშნა წინამძღოლად. იეჰოვამ „მკვდრეთით აღადგინა იგი . . . დააყენა ყველაფრის თავად კრებაში, რაც მისი სხეულია“ (ეფესოელები 1:20—23).
2 რადგან ქრისტე ‘ყველაფრის თავია კრებაში’, ის თავის ძალაუფლებას იმისთვის იყენებს, რომ იქ ყველაფერი სათანადოდ ხდებოდეს. მას არაფერი რჩება მხედველობიდან, რაც კრებაში ხდება. იესო ძალიან არის დაინტერესებული იმით, თუ რა სულიერი მდგომარეობაა თითოეულ ქრისტიანულ ჯგუფში, ანუ კრებაში. ეს აშკარად ჩანს იოანეს გამოცხადებიდან, რომელიც მან ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის მიწურულს მიიღო. შვიდ კრებას იესომ ხუთჯერ გაუმეორა, რომ მან კარგად იცოდა მათი საქმეები, დადებითი მხარეები და სისუსტეები. იესომ კრებებს შესაბამისი რჩევები მისცა და გაამხნევა ისინი (გამოცხადება 2:2, 9, 13, 19; 3:1, 8, 15). ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს, გვჯეროდეს, რომ იესომ შესანიშნავად იცოდა იმ კრებების სულიერი მდგომარეობა, რომლებიც მცირე აზიაში, პალესტინაში, სირიაში, ბაბილონში, საბერძნეთში, იტალიასა თუ სხვა ადგილას მდებარეობდა (საქმეები 1:8). რა შეიძლება ითქვას დღეს?
ერთგული მონა
3. რატომ შეიძლება ქრისტე შევადაროთ „თავს“, კრება კი — „სხეულს“?
3 მკვდრეთით აღდგომის შემდეგ და ზეცაში მამასთან ამაღლებამდე მცირე ხნით ადრე, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული, — შემდეგ კი დასძინა, — აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათე 28:18—20). როგორც მათი „თავი“, იესო ყოველთვის მათთან იქნებოდა. ეფესოელი და კოლოსელი ქრისტიანების მიმართ მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ ქრისტიანული კრება შეადარა „სხეულს“, რომლის თავიც ქრისტეა (ეფესოელები 1:22, 23; კოლოსელები 1:18). ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს მეტაფორა «მიანიშნებს არა მარტო სხეულსა და თავს შორის უმნიშვნელოვანეს კავშირზე, არამედ იმაზეც, რომ სხეულის ნაწილები აკეთებენ იმას, რაც თავს სურს. სხეულის ნაწილები „თავის“ ინსტრუმენტები არიან» („The Cambridge Bible for Schools and Colleges“). რომელ ჯგუფს იყენებს ქრისტე თავის „ინსტრუმენტად“ მას შემდეგ, რაც 1914 წელს სამეფო ძალაუფლება მიიღო? (დანიელი 7:13, 14).
4. როგორც მალაქიას წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რა ნახეს იეჰოვამ და იესომ, როდესაც სულიერი ტაძრის შესამოწმებლად მოვიდნენ?
4 მალაქიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ „ჭეშმარიტი უფალი“ იეჰოვა „შეთანხმების მაცნესთან“, ახლად გამეფებულ ძესთან, იესო ქრისტესთან, ერთად მოვიდოდა, რათა შეემოწმებინა და გაესამართლებინა „ტაძარი“, ანუ სულიერი თაყვანისმცემლობის სახლი. ‘ღვთის სახლის გასამართლებისთვის დანიშნული დრო’, როგორც ჩანს, 1918 წელს დაიწყოa (მალაქია 3:1; 1 პეტრე 4:17). ისინი, ვინც აცხადებდნენ, რომ ღვთის წარმომადგენლები იყვნენ დედამიწაზე და ღმერთს მისთვის მისაღები სახით სცემდნენ თაყვანს, სათანადოდ შემოწმდნენ. ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ღვთის შეურაცხმყოფელ სწავლებებს ავრცელებდნენ და რომლებსაც სერიოზული ბრალი მიუძღვით პირველი მსოფლიო ომის დროს ადამიანების ხოცვა-ჟლეტაში, უარყოფილ იქნენ. ერთგულ სულითცხებულ ქრისტიანთა დარჩენილმა ნაწილმა, რომელიც გამოიცადა და, ასე ვთქვათ, ცეცხლში გამოდნა, მოწონება დაიმსახურა. ისინი იქცნენ ‘ხალხად, რომელსაც სიმართლით მიაქვს იეჰოვასთან საძღვნო შესაწირავი’ (მალაქია 3:3).
5. იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, რომელიც მის „მოსვლას“ ეხებოდა, ვინ იქნებოდა ერთგული „მონა“?
5 იესომ თავის მოწაფეებს მისცა ნიშანი, რომელიც არაერთი მოვლენისგან შედგება, რაც დაეხმარებოდა მათ გაეგოთ, როდის იქნებოდა მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის“ დრო. აღსანიშნავია, რომ იესოს მიერ მოცემულ ნიშანში, ისევე როგორც მალაქიას წინასწარმეტყველებაში, საუბარი იყო „მონის“ ჯგუფზე. იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (მათე 24:3, 45—47). 1918 წელს „მონის“ შესამოწმებლად ‘მოსულმა’ იესომ იპოვა ერთგულ სულითცხებულ მოწაფეთა დარჩენილი ნაწილი, რომლებიც 1879 წლიდან იყენებდნენ ამ ჟურნალსა და ბიბლიაზე დაფუძნებულ სხვა პუბლიკაციებს, ‘რათა დროულად მიეცათ სულიერი საზრდო შინაურებისთვის’. იესომ აღიარა ეს ჯგუფი, როგორც თავისი „ინსტრუმენტი“, ანუ „მონა“, და 1919 წელს მთელი თავისი მიწიერი ქონება მას ჩააბარა.
ქრისტეს მიწიერი ქონების მართვა
6, 7. ა) კიდევ რა ტერმინი გამოიყენა იესომ ერთგულ „მონასთან“ დაკავშირებით? ბ) რა იგულისხმება სიტყვაში „მმართველი“?
6 რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე იესო ჩამოთვლიდა იმ მოვლენებს, რომლებიც მისი მოსვლისა და დედამიწაზე მისი წარმომადგენლის, „მონის“, არსებობის ნიშანი იქნებოდა, მან ამ „მონასთან“ დაკავშირებით გამოიყენა სხვა ტერმინი, რამაც ნათელი მოჰფინა, თუ რა პასუხისმგებლობები ექნებოდა ამ ჯგუფს. იესომ თქვა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მმართველი, რომელსაც ბატონი თავის მსახურთა მეთვალყურედ დანიშნავს, რომ დროულად მისცეს მათ თავიანთი ულუფა? ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს“ (ლუკა 12:42, 44).
7 ამ მუხლებში მონას მმართველი ეწოდება. აქ გამოყენებული ბერძნული ტერმინი ნიშნავს „ოჯახისა თუ ქონების მმართველს“. მმართველთა კლასი უბრალოდ გონიერი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი არ იქნებოდა, რომელიც ბიბლიიდან საინტერესო აზრებს ახსნიდნენ. გარდა იმისა, რომ ისინი უხვ სულიერ საზრდოს „დროულად“ გასცემდნენ, „გონიერი მმართველი“ აგრეთვე დანიშნული იქნებოდა ქრისტეს ყველა მსახურის მეთვალყურედ და მმართველობას გაუწევდა ქრისტეს ‘მთელ ქონებას’ დედამიწაზე. რა იქნებოდა ქრისტეს ქონება?
8, 9. რა არის „ქონება“, რომელსაც მონა განაგებს?
8 მონის პასუხისმგებლობაში შედის ის, რომ თვალყური ადევნოს მატერიალურ საშუალებებს, რომლებსაც ქრისტეს მიმდევრები ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად იყენებენ. ეს საშუალებებია, მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველო და ფილიალები, აგრეთვე მთელ მსოფლიოში არსებული მათი თაყვანისმცემლობის ადგილები — სამეფო და საკონგრესო დარბაზები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, „მონა“ ზედამხედველობს სულიერი განათლების პროგრამას, რომელიც კონგრესებსა და ყოველკვირეულ კრების შეხვედრებზე ბიბლიის შესწავლით ხორციელდება. ამ შეხვედრებზე განიხილება, თუ როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები, და მოცემულია დროული რჩევები, რაც ეხმარება ადამიანს, ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს.
9 მმართველის პასუხისმგებლობაში აგრეთვე შედის ის, რომ ზედამხედველობა გაუწიოს ყველაზე მნიშვნელოვან საქმიანობას — ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებასა’ და ‘ყველა ერიდან მოწაფეების მომზადებას’. ამაში შედის ის, რომ ხალხს ასწავლონ ყველაფერი, რაც ქრისტემ, კრების თავმა, დაავალა მათ, რომ გაეკეთებინათ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათე 24:14; 28:19, 20; გამოცხადება 12:17). სწავლებისა და ქადაგების საქმიანობის შედეგად გამოჩნდა „უამრავი ხალხი“ — ცხებულთა დარჩენილი ნაწილის ერთგული თანამსახურები. ეს „ხალხთა საუნჯე“ ქრისტეს ქონების ის ძვირფასი ნაწილია, რომელზეც გონიერი მონა ზრუნავს (გამოცხადება 7:9; ანგია 2:7).
მონის კლასის წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭო
10. რომელი ჯგუფი იღებდა გადაწყვეტილებებს პირველ საუკუნეში და რა შედეგი მოჰქონდა ამას კრებებისთვის?
10 ერთგული მონის პასუხისმგებლობაში ისიც შევიდოდა, რომ ისინი მრავალ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. იერუსალიმში, პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში მოციქულები და უხუცესები, რომლებიც მონის კლასის წარმომადგენლები იყვნენ, გადაწყვეტილებებს მთელი ქრისტიანული კრებისთვის იღებდნენ (საქმეები 15:1, 2). პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მთელ კრებებში წერილებისა და მიმომსვლელი მსახურების მეშვეობით ვრცელდებოდა. ადრეული ქრისტიანები ხარობდნენ, რომ ნათელ მითითებებს იღებდნენ. ისინი მზადყოფნით თანამშრომლობდნენ ხელმძღვანელ საბჭოსთან, რაც მშვიდობასა და ერთიანობას უწყობდა ხელს (საქმეები 15:22—31; 16:4, 5; ფილიპელები 2:2).
11. ვის იყენებს დღეს ქრისტე, რომ კრებას უხელმძღვანელოს, და როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებული ქრისტიანების ამ ჯგუფისადმი?
11 როგორც მოციქულთა დროში, ისე დღეს ხელმძღვანელ საბჭოში შედის იმ ცხებულ ზედამხედველთა პატარა ჯგუფი, რომელიც ქრისტეს მიმდევრებისგან შედგება. თავისი ძლევამოსილი „მარჯვენა ხელით“ იესომ, კრების თავმა, ამ ერთგულ მამაკაცებს სამეფოს საქმის ზედამხედველობა დაავალა (გამოცხადება 1:16, 20). ალბერტ შრედერი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაასრულა მიწიერი ცხოვრება, დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელი საბჭოს წევრი იყო. მან თავის ბიოგრაფიაში დაწერა: „ხელმძღვანელი საბჭო ყოველ ოთხშაბათს შეხვედრას ლოცვით იწყებს და იეჰოვას წმინდა სულს სთხოვს ხელმძღვანელობისთვის. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნებისმიერი საკითხის მოგვარება და გადაწყვეტილების მიღება ღვთის სიტყვასთან, ბიბლიასთან იყოს შეთანხმებული“b. ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ ასეთ ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს. ყურად უნდა ვიღოთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც განსაკუთრებით ხელმძღვანელი საბჭოს მორჩილებისკენ მოგვიწოდებს: „გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე“ (ებრაელები 13:17).
გამოავლინეთ სათანადო პატივისცემა ერთგული მონის მიმართ
12, 13. რა ბიბლიური მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ პატივისცემა გამოვავლინოთ მონის კლასის მიმართ?
12 უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ ვავლენთ სათანადო პატივისცემას გონიერი მონის კლასის მიმართ, არის ის, რომ ასე მოქმედებით ფაქტობრივად ბატონისადმი, იესო ქრისტესადმი გამოვხატავთ პატივისცემას. პავლემ ცხებულ ქრისტიანებზე თქვა, რომ ‘მოწოდებულ იქნენ ქრისტეს მონებად. ისინი ფასით არიან ნაყიდნი’ (1 კორინთელები 7:22, 23; ეფესოელები 6:6). ასე რომ, როდესაც ერთგულად ვემორჩილებით გონიერი მონის ხელმძღვანელობას და ცხებულებისგან შემდგარ ხელმძღვანელ საბჭოს, ჩვენ სინამდვილეში ვემორჩილებით მონის ბატონს, ქრისტეს. ერთ-ერთი საშუალება, რითაც „საჯაროდ ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“, არის ის, რომ სათანადო პატივისცემას ვავლენთ ქრისტეს „ინსტრუმენტის“ მიმართ, რომელსაც ის მიწიერი ქონების მმართველად იყენებს (ფილიპელები 2:11).
13 გონიერი მონის მიმართ პატივისცემის გამოვლენის კიდევ ერთი ბიბლიური მიზეზი არის ის, რომ დედამიწაზე მყოფი ცხებული ქრისტიანები ბიბლიაში აღწერილნი არიან, როგორც „ტაძარი“, რომელშიც იეჰოვა თავისი „სულით მკვიდრობს“. ამგვარად ისინი „წმინდები“ არიან (1 კორინთელები 3:16, 17; ეფესოელები 2:19—22). ამ „წმინდა ტაძარს“ იესომ თავისი მიწიერი ქონება ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტიანულ კრებაში გარკვეული უფლებები და პასუხისმგებლობები მხოლოდ მონის კლასს აქვს. ამიტომ, კრების წევრები თვლიან, რომ მათი წმინდა მოვალეობაა, მიჰყვნენ და მხარი დაუჭირონ გონიერი მონისა და ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს. „სხვა ცხვარი“ მართლაც რომ დიდ პატივად მიიჩნევს, დაეხმაროს მონის კლასს ბატონის ინტერესების წინ წაწევაში (იოანე 10:16).
ერთგულად დაუჭირეთ მხარი მონის კლასს
14. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად რა გაგებით დადის სხვა ცხვარი ცხებული მონის კლასის უკან და რას ნიშნავს, რომ ისინი ‘გასამრჯელოს გარეშე მუშაობენ’?
14 ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამი იყო, რომ სხვა ცხვარი თავმდაბლად დაემორჩილებოდა სულიერი ისრაელის ცხებულ წევრებს. წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ: «აი რას ამბობს იეჰოვა: „ეგვიპტეში გასამრჯელოს გარეშე მომუშავენი, ეთიოპიის ვაჭრები და სებელები, მაღალი კაცები, მოვლენ შენთან და შენი გახდებიან. შენ უკან ივლიან. ბორკილებით მოვლენ და მდაბლად თაყვანს გცემენ. ლოცვით მოგმართავენ და იტყვიან: ნამდვილად შენთან ერთობაშია ღმერთი და არ არისო სხვა, არ არსებობსო სხვა ღმერთი!“» (ესაია 45:14). სიმბოლური გაგებით სხვა ცხვარი ცხებული მონის კლასისა და ხელმძღვანელი საბჭოს უკან დადის, ანუ მიჰყვება მათ ხელმძღვანელობას. როგორც „გასამრჯელოს გარეშე მომუშავენი“, სხვა ცხვარი მზადყოფნით იყენებს ფიზიკურ ძალებსა და მატერიალურ სახსრებს, რათა მხარი დაუჭიროს მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას, რომელიც იესომ დედამიწაზე მყოფ ცხებულ მიმდევრებს მიანდო (საქმეები 1:8; გამოცხადება 12:17).
15. რა არის ნაწინასწარმეტყველები ესაიას 61:5, 6-ში სხვა ცხვარსა და სულიერ ისრაელს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ?
15 სხვა ცხვარი სიხარულითა და მადლიერებით არის აღსავსე, რადგან მონის კლასისა და ხელმძღვანელი საბჭოს ზედამხედველობით ემსახურება იეჰოვას. ისინი ცხებულებს „ღვთის ისრაელად“ აღიარებენ (გალატელები 6:16). სიმბოლური ენით რომ ვთქვათ „უცხოები“ და „უცხოელები“ სულიერ ისრაელთან თანამშრომლობენ. ისინი ცხებულთა — „იეჰოვას მღვდელთა“ და „ღვთის მსახურთა“ — ზედამხედველობით სიხარულით მსახურობენ „მიწათმოქმედებად“ და „მევენახეებად“ (ესაია 61:5, 6). ისინი გულმოდგინედ იღებენ მონაწილეობას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და ყველა ერიდან მოწაფეების მომზადების საქმეში. სხვა ცხვარი მთელი გულით ეხმარება მონის კლასს ახლად ნაპოვნი ცხვრისმაგვარი ადამიანების მწყემსვასა და მათზე ზრუნვაში.
16. რა აღძრავს სხვა ცხვარს, ერთგულად დაუჭიროს მხარი ერთგულ და გონიერ მონას?
16 სხვა ცხვარს ესმის, რომ მათთვის დიდი სარგებლობა მოაქვს ერთგული მონის თავდაუზოგავ შრომას, რომელსაც იმისთვის ეწევა, რომ მათ დროულად მიაწოდოს სულიერი საზრდო. ისინი თავმდაბლად აღიარებენ, რომ ერთგული და გონიერი მონის გარეშე ცოტა თუ ეცოდინებოდათ ან შესაძლოა საერთოდ არ სცოდნოდათ ბიბლიის ჭეშმარიტი სწავლებების შესახებ. ამ სწავლებებს შორისაა იეჰოვას უზენაესობა, მისი სახელის განწმენდა, სამეფო, ახალი ცა და ახალი დედამიწა, სინამდვილეში რა არის სული, გარდაცვლილთა მდგომარეობა და ჭეშმარიტება იეჰოვას, მისი ძისა და წმინდა სულის შესახებ. სხვა ცხვარი უდიდესი მადლიერებით, ერთგულებითა და სიყვარულით უჭერს მხარს დედამიწაზე მყოფ ქრისტეს ცხებულ „ძმებს“ ამ ბოლო დროში (მათე 25:40).
17. რისი გაკეთება ჩათვალა საჭიროდ ხელმძღვანელმა საბჭომ და რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
17 რამდენადაც ცხებულების რიცხვი დედამიწაზე თანდათანობით იკლებს, შეუძლებელია, რომ ისინი ყველა კრებაში იყვნენ, რათა მართონ ქრისტეს ქონება. ამიტომ, ხელმძღვანელი საბჭო სხვა ცხვრიდან ნიშნავს მამაკაცებს, რათა ზედამხედველობა გაუწიონ იეჰოვას მოწმეთა ფილიალებს, ოლქებს, რაიონებსა და კრებებს. ახდენს თუ არა გავლენას ქრისტესა და გონიერი მონისადმი ჩვენს ერთგულებაზე ის, თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ამ მამაკაცების მიმართ? ეს საკითხი შემდეგ სტატიაში იქნება განხილული.
[სქოლიოები]
a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2004 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 13—18 და 1992 წლის 1 დეკემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 13 (რუს.).
b ალბერტ შრედერის ბიოგრაფიის წაკითხვა შეგიძლიათ 1988 წლის 1 მარტის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—17 (ინგლ.).
გასამეორებლად
• ვინ არის ჩვენი წინამძღოლი და რა გვიჩვენებს, რომ მან ყველაფერი იცის, რაც კრებებში ხდება?
• „ტაძრის“ შემოწმებისას ვინ აღმოჩნდა ერთგული მონა და რა ქონება მიენდო მას?
• რა ბიბლიური მიზეზები გვაქვს იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთგულ მონას?
[სურათები 23 გვერდზე]
„მმართველი“ ზედამხედველობს „ქონებას“, რაშიც შედის მატერიალური საშუალებები, სულიერი განათლების პროგრამა და სამქადაგებლო საქმიანობა.
[სურათი 25 გვერდზე]
„სხვა ცხვარი“ სამქადაგებლო მსახურებაში გულმოდგინე მონაწილეობით ერთგული მონის კლასს უჭერს მხარს.