იეჰოვა — ჭეშმარიტი სამართლიანობისა და სიმართლის წყარო
„კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე“ (მეორე რჯული 32:4).
1. რატომ გვაქვს სამართლიანობის თანდაყოლილი მოთხოვნილება?
დაბადებიდანვე ყველას როგორც სიყვარულის, ისე სამართლიანობის მოთხოვნილება გვაქვს. როგორც ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე ტომას ჯეფერსონი წერდა, „[სამართლიანობა] ინსტინქტია, ის თანდაყოლილია. . . ჩვენ გვაქვს ეს გრძნობა, ისევე როგორც შეხების შეგრძნება, მხედველობა და სმენა“. ეს არ არის გასაკვირი, რადგან იეჰოვამ თავის ხატად შეგვქმნა (დაბადება 1:26). ფაქტობრივად, მან გვიბოძა ის თვისებები, რომლებიც თვითონ აქვს; ამ თვისებებიდან ერთ-ერთი სამართლიანობაა. ამიტომაც გვაქვს სამართლიანობის თანდაყოლილი მოთხოვნილება და ამიტომაც გვწადია ჭეშმარიტი სამართლიანობისა და სიმართლის ქვეყნიერებაში ცხოვრება.
2. რამდენად მნიშვნელოვანია სამართლიანობა იეჰოვასთვის და რატომ არის საჭირო ღვთის სამართლიანობის მნიშვნელობის სრულად გაგება?
2 იეჰოვას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (მეორე რჯული 32:4). წუთისოფელში, სადაც ადამიანები უსამართლობის გამო იტანჯებიან, ადვილი არაა ღვთის სამართლიანობის მნიშვნელობის სრულად გაგება. მაგრამ ბიბლიის ფურცლებიდან შეგვიძლია დავინახოთ, თუ როგორ ამჟღავნებს ღმერთი სამართლიანობას, და უფრო მეტი გავიგოთ ღვთის დიდებული გზების შესახებ (რომაელთა 11:33). მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობის შესახებ ბიბლიური თვალსაზრისი შევიძინოთ, რადგან ჩვენს შეხედულებაზე შეიძლება ადამიანების აზრები ახდენდეს ზეგავლენას. ადამიანების თვალსაზრისით, სამართლიანობა შეიძლება სხვა არაფერი იყოს, თუ არა კანონით დადგენილი ნორმების პატიოსნად დაცვა. ფილოსოფოს ფრანსის ბეკონის თქმით, „სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ ვინც რას იმსახურებს, ის მიიღოს“. მაგრამ იეჰოვას სამართლიანობა უფრო მეტს ნიშნავს.
იეჰოვა გულმოწყალედ ამჟღავნებს სამართლიანობას
3. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ბიბლიაში ორიგინალის ენაზე გამოყენებული სიტყვების, სამართლისა და სიმართლის, განხილვით?
3 ღვთის სამართლიანობის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება ბიბლიაში ორიგინალის ენაზე გამოყენებული სიტყვების განხილვაa. საინტერესოა, რომ საღვთო წერილი მკვეთრად არ განასხვავებს სამართლიანობასა და სიმართლეს. ფაქტობრივად, ეს სიტყვები ებრაულ ენაზე ზოგჯერ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. მაგალითად, ამოსის 5:24-ში იეჰოვა მოუწოდებს თავის ხალხს: „წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით“. გარდა ამისა, ზოგჯერ „სიმართლე და სამართალი“ ერთად ხაზგასმის მიზნით გამოიყენება (ფსალმუნი 32:5; ესაია 33:5; იერემია 33:15; ეზეკიელი 18:21; 45:9).
4. რას ნიშნავს სამართლიანობის გამომჟღავნება და ვინ არის ამის სრულყოფილი მაგალითი?
4 რას ნიშნავს ეს ებრაული და ბერძნული სიტყვები? ბიბლიური თვალსაზრისით, სამართლიანობა ნიშნავს იმის კეთებას, რაც სწორი და პატიოსანია. რადგანაც იეჰოვა ადგენს ზნეობრივ ნორმებსა და პრინციპებს ანუ იმას, თუ რა არის სწორი და პატიოსანი, ის სამართლიანობის გამომჟღავნების სრულყოფილი მაგალითია. „ძველი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია, რომ „სიმართლედ“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა (ცედექ) „ეხება ეთიკურ, ზნეობრივ ნორმას და, რასაკვირველია, ძ[ველ] ა[ღთქმაში] ამ ნორმითაა გამოხატული ღვთის თვისებები და ნება“. ამგვარად, ღვთის მიერ საკუთარი პრინციპების გამოყენება და განსაკუთრებით არასრულყოფილი ადამიანებისადმი მისი მოპყრობა ნათელს ხდის, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი სამართლიანობა და სიმართლე.
5. რა თვისებებია დაკავშირებული ღვთის სამართლიანობასთან?
5 საღვთო წერილიდან კარგად ჩანს, რომ ღმერთი გულმოწყალებით ამჟღავნებს სამართლიანობას და არა გადაჭარბებული სიმკაცრით. დავითი ამბობდა: „უფალი სამართლის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის წმიდანებს“ (ფსალმუნი 36:28). სამართლიანობა ღმერთს აღძრავს, რომ არ მიატოვოს თავისი მსახურები და თანაგრძნობით მოეპყროს მათ. ღმერთი ჩვენს მიმართ თანაგრძნობით ავლენს სამართლიანობას და ითვალისწინებს ჩვენს არასრულყოფილებას (ფსალმუნი 102:14). ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თვალს ხუჭავს ბოროტებაზე, რადგანაც ამით უსამართლობას შეუწყობდა ხელს (პირველი მეფეთა 3:12, 13; ეკლესიასტე 8:11). იეჰოვამ მოსეს დაანახვა, რომ ის არის ‘მწყალობელი და შემბრალებელი, სულგრძელი, დიდმადლიანი და ჭეშმარიტი’. იეჰოვა მზადაა გვაპატიოს შეცდომა და ცოდვა, მაგრამ დაუსჯელს არ დატოვებს მას, ვინც სასჯელს იმსახურებს (გამოსვლა 34:6, 7).
6. როგორ ეპყრობა იეჰოვა თავის მიწიერ შვილებს?
6 იეჰოვას სამართლიანობაზე დაფიქრებისას არ უნდა მოგვეჩვენოს ის მკაცრ მოსამართლედ, რომელიც მხოლოდ დამნაშავისთვის განაჩენის გამოტანითაა დაინტერესებული. პირიქით, იეჰოვა ჩვენთვის უნდა იყოს მოსიყვარულე, მაგრამ მტკიცე ხასიათის მამა, რომელიც შვილებს ყოველთვის საუკეთესოდ ექცევა. „უფალო, ჩვენი მამა ხარ“, — თქვა წინასწარმეტყველმა ესაიამ (ესაია 64:7). იეჰოვას, როგორც სამართლიან და სიმართლის მოყვარულ მამას, სიმტკიცე გაწონასწორებული აქვს მზრუნველობითა და თანაგრძნობით თავისი მიწიერი შვილებისადმი, რომლებსაც სირთულეებისა თუ ხორციელი სისუსტეების გამო დახმარება და პატიება ესაჭიროებათ (ფსალმუნი 102:6, 10, 13).
ნათელი მოეფინა, თუ რას ნიშნავს სამართალი
7. ა) რას ვგებულობთ ესაიას წინასწარმეტყველებიდან ღვთის სამართლიანობის შესახებ? ბ) რა როლი შეასრულა იესომ ხალხისთვის სამართლიანობის სწავლებაში?
7 იეჰოვა რომ თანაგრძნობით ავლენს სამართლიანობას, განსაკუთრებულად ცხადყო მესიის მოსვლამ. იესო ასწავლიდა ღვთის სამართალს და მის თანახმად ცხოვრობდა, როგორც ეს წინასწარმეტყველ ესაიას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. ნათელია, რომ ღვთის სამართლიანობაში დაჩაგრულებისადმი სათუთი მოპყრობაც შედის. ამგვარად, ისინი მიტოვებული არ არიან. იესო, იეჰოვას „მორჩილი“, მოვიდა დედამიწაზე, რომ ‘ხალხისთვის ეუწყებინა’ ღვთის სამართლიანობის ეს მხარე. მან საკუთარი მაგალითითვე დაგვანახვა, თუ რას ნიშნავს ღვთის სამართალი. როგორც დავით მეფის ‘ჭეშმარიტი მორჩი’, იესო ‘ეძებდა სამართალს და ესწრაფოდა სამართლის ქმნას’ (ესაია 16:5, აქ; 42:1–4; მათე 12:18–21, სსგ; იერემია 33:14, 15).
8. რატომ იყო ჭეშმარიტი სამართალი და სიმართლე დაფარული პირველ საუკუნეში?
8 ახ. წ. I საუკუნეში განსაკუთრებით იყო საჭირო, რომ ნათელი მოჰფენოდა, რას ნიშნავს იეჰოვას სამართალი. იუდეველი უხუცესები და რელიგიური წინამძღოლები — მწიგნობრები, ფარისევლები და სხვები — თავიანთი სიტყვით თუ საქმით სამართლისა და სიმართლის შესახებ არასწორ თვალსაზრისს ასწავლიდნენ. შედეგად, უბრალო ხალხი, რომლისთვისაც შეუძლებელი იყო მწიგნობართა და ფარისეველთა მოთხოვნების შესრულება, ალბათ, ფიქრობდა, რომ ღვთის სიმართლე მათთვის მიუღწეველი იყო (მათე 23:4; ლუკა 11:46). იესომ ნათელი გახადა, რომ ეს ასე არ იყო. მან მოწაფეები ამ უბრალო ხალხიდან ამოირჩია და ღვთის სამართლიანი ნორმები ასწავლა (მათე 9:36; 11:28–30).
9, 10. ა) როგორ ცდილობდნენ მწიგნობრები და ფარისევლები თავიანთი სიმართლის ჩვენებას? ბ) როგორ და რატომ გახადა ნათელი იესომ, რომ მწიგნობრებისა და ფარისევლების საქმეები ფუჭი იყო?
9 ფარისევლები შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ, რომ ხალხის დასანახავად ელოცათ ან შესაწირავები გაეღოთ და ამით თავიანთი ‘სიმართლე’ ეჩვენებინათ (მათე 6:1–6). საკუთარი სიმართლის ჩვენებას ისინი ასევე უამრავი კანონის მიყოლით ცდილობდნენ, რომელთაგან მრავალი მათივე შექმნილი იყო. ასეთი მცდელობებით ისინი ‘გვერდს უქცევდნენ ღვთის სამართალსა და სიყვარულს’ (ლუკა 11:42). გარეგნულად ისინი შეიძლება მართლები ჩანდნენ, მაგრამ შინაგანად ‘ურჯულოებითა’ და უსამართლობით იყვნენ აღვსილნი (მათე 23:28). მარტივად რომ ვთქვათ, მათ მართლაც ძალიან ცოტა იცოდნენ ღვთის სიმართლის შესახებ.
10 სწორედ ამიტომ უთხრა იესომ თავის მიმდევრებს: „თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მათე 5:20). იესო ღვთის სამართალით ხელმძღვანელობდა და საერთო არაფერი ჰქონდა მწიგნობრებთან და ფარისევლებთან, რომლებიც თავიანთი სიმართლით კმაყოფილდებოდნენ. ეს მათ შორის ხშირი კამათის მიზეზი იყო.
ღვთის სამართალი გამორიცხავს მოჩვენებით სამართლიანობას
11. ა) რატომ დაუსვეს შეკითხვა ფარისევლებმა იესოს შაბათს განკურნების შესახებ? ბ) რა ცხადყო იესოს პასუხმა?
11 ახ. წ. 31 წლის გაზაფხულზე გალილეაში მსახურების დროს იესომ ხელგამხმარი კაცი შენიშნა სინაგოგაში. რადგანაც შაბათი იყო, ფარისევლებმა ჰკითხეს იესოს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით?“ იმის მაგივრად, რომ ამ საბრალო კაცისთვის ეთანაგრძნოთ, საბაბს ეძებდნენ, ბრალი დაედოთ იესოსთვის, რაც მათივე შეკითხვიდან ჩანს. რა თქმა უნდა, იესოს დაამწუხრებდა მათი გულგრილობა. მაშინ იესომ ფარისევლებს მოხერხებულად შეუბრუნა კითხვა ‘ნებადართული იყო თუ არა შაბათ დღეს კეთილის კეთება’ ისინი დუმდნენ, იესომ კი საკუთარი კითხვის პასუხად ჰკითხა მათ, გადაარჩენდნენ თუ არა ცხვარს შაბათ დღეს ორმოში რომ ჩავარდნოდათb. „ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე!“ იესო ლოგიკურად მსჯელობდა, რის გამოც მისი ნათქვამის უარყოფა შეუძლებელი იყო. „ამიტომ შეიძლება [ანუ მართებულია] შაბათს სიკეთის კეთება“, — თქვა იესომ. ღვთის სამართალი არასდროს უნდა დაიჩრდილოს ადამიანთა ტრადიციით. იესომ ცხადი გახადა ეს და კაცს ხელი განუკურნა (მათე 12:9–13; მარკოზი 3:1–5).
12, 13. ა) როგორ ამჟღავნებდა იესო ცოდვილთათვის დახმარების გაწევის სურვილს მწიგნობრებისა და ფარისევლებისგან განსხვავებით? ბ) რა განსხვავებაა ღვთის სამართალსა და მოჩვენებით სამართლიანობას შორის?
12 ფარისევლებს დაავადებული ხალხი არ ადარდებდათ, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ მათ, რომლებსაც სულიერად ესაჭიროებოდათ დახმარება. სიმართლის შესახებ დამახინჯებული თვალსაზრისის გამო მათ უგულებელყვეს და შეიძულეს მებაჟეები და ცოდვილები (იოანე 7:49). ამის მიუხედავად, მრავალი ასეთი პიროვნება გამოეხმაურა იესოს სწავლებას, რომლებიც, უეჭველად, გრძნობდნენ, რომ იესოს მათი განსჯა კი არა, დახმარება უნდოდა (მათე 21:31; ლუკა 15:1). ფარისევლები კი კიცხავდნენ იესოს იმის გამო, რომ სულიერად ეხმარებოდა ასეთ ხალხს. „ცოდვილებს ღებულობს და მათთან ჭამსო“, — ბუზღუნებდნენ ისინი (ლუკა 15:2). მათი ბრალდების საპასუხოდ იესომ ისევ მწყემსზე მოიყვანა თვალსაჩინო მაგალითი. როგორც მწყემსს ახარებს დაკარგული ცხვრის პოვნა, ასევე ხარობენ ზეცაში ანგელოზები, როდესაც ცოდვილი ინანიებს (ლუკა 15:3–7). იესოც ხარობდა, როდესაც ზაქეს მონანიებასა და ცოდვილი ცხოვრების მიტოვებაში დაეხმარა. „კაცის ძე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად“, — თქვა მან (ლუკა 19:8–10).
13 ეს დაპირისპირებები ცხადყოფს, რომ ღვთის სამართალი, რომელიც ეხმარება და იხსნის ხალხს, და მოჩვენებითი სამართლიანობა, რომელიც ერთეულებს განადიდებს და განსჯის მრავალს, აშკარად განსხვავდება ერთმანეთისგან. აზრს მოკლებულმა წეს-ჩვეულებებმა და ადამიანის მიერ შექმნილმა ტრადიციებმა მწიგნობრები და ფარისევლები ქედმაღლები და თავდაჯერებულები გახადა, მაგრამ იესომ მართებულად შენიშნა, რომ მათ ‘მიტოვებული ჰქონდათ რაც უფრო მთავარი იყო რჯულში — სამართალი, წყალობა და სარწმუნოება’ (მათე 23:23, სსგ). დაე, იესოს მსგავსად, ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ჭეშმარიტი სამართლით ვიხელმძღვანელოთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ, რომ არ გავებათ მოჩვენებითი სამართლიანობის მახეში.
14. როგორ ცხადყო იესოს ერთ-ერთმა სასწაულმა, რომ ღვთის სამართალი პიროვნების მდგომარეობას ითვალისწინებს?
14 იესო უარყოფდა ფარისევლების მიერ თვითნებურად შექმნილ კანონებს, მაგრამ ის იცავდა მოსეს რჯულს (მათე 5:17, 18). ამავე დროს, მას არ დაუშვია, რომ რჯულის სამართლის მკაცრი დაცვით უგულებელეყო რჯულისავე პრინციპები. როდესაც 12 წლის მანძილზე სისხლის დენით დატანჯული ქალი მის სამოსელს შეეხო და განიკურნა, იესომ უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!“ (ლუკა 8:43–48). იესოს თანამგრძნობი სიტყვები იმის დამადასტურებელი იყო, რომ ღვთის სამართალი ითვალისწინებდა მის მდგომარეობას. მიუხედავად იმისა, რომ, წესით, ის უწმინდური იყო და, ამიტომაც, ხალხში გამოსვლის გამო მოსეს რჯულის დამრღვევად ითვლებოდა, მისი რწმენა დაჯილდოებას იმსახურებდა (ლევიანნი 15:25–27; შეადარეთ რომაელთა 9:30–33).
საყოველთაო სამართალი
15, 16. ა) რას გვასწავლის სამართლიანობის შესახებ იესოს თვალსაჩინო მაგალითი სამარიელ მოყვასზე? ბ) რატომ არ უნდა ვიყოთ „ზედმეტად მართალი“?
15 იესომ არა მარტო ის ასწავლა თავის მოწაფეებს, რომ ღვთის სამართალი თანაგრძნობას ითვალისწინებდა, არამედ ისიც დაანახვა, რომ ის ადამიანებს არ განარჩევდა. იეჰოვას ნება იყო, რომ მას ‘ყველა ხალხისთვის სამართალი გაეჩინა’ (ესაია 42:1). ამიტომაც მოიყვანა იესომ ერთ-ერთი ცნობილი თვალსაჩინო მაგალითი სამარიელი მოყვასის შესახებ. ეს მაგალითი პასუხი იყო რჯულის მცოდნე კაცის კითხვაზე, რომელსაც „თავის გამართლება“ უნდოდა. „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ — ჰკითხა მან იესოს, უდავოდ, იმ სურვილით, რომ მხოლოდ ებრაელები ეღიარებინა მოყვასად. სამარიელი იესოს იგავში ღვთის სამართლით ხელმძღვანელობდა, რადგანაც მზად იყო, დრო და სახსრები არ დაეზოგა უცნობი უცხოელის დასახმარებლად. თვალსაჩინო მაგალითის მოყვანის შემდეგ იესომ რჯულის მცოდნეს ურჩია: „შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:25–37). თუ ჩვენც ყველა ადამიანის მიმართ სიკეთეს გამოვამჟღავნებთ, მიუხედავად მათი რასობრივი თუ ეთნიკური წარმომავლობისა, სამართლიანობაში ღმერთს მივბაძავთ (საქმეები 10:34, 35).
16 მეორე მხრივ, მწიგნობრებისა და ფარისევლების მაგალითი შეგვახსენებს, რომ ღვთის სამართლით ხელმძღვანელობისას არ უნდა ვიყოთ „ზედმეტად მართალი“ (ეკლესიასტე 7:16). თუ მოჩვენებითი სამართლიანობით სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას ვეცდებით ან გადაჭარბებულ მნიშვნელობას მივანიჭებთ ადამიანის მიერ დადგენილ წეს-ჩვეულებებს, ვერ გავმართლდებით ღვთის თვალში (მათე 6:1).
17. რატომ არის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტი სამართლიანობის გამოვლენა?
17 ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააცნო იესომ ხალხს ღვთის სამართალი, ის იყო, რომ ყველა მის მოწაფეს ესწავლა, როგორ გამოევლინა სამართლიანობა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რადგანაც საღვთო წერილი მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’, ღვთის ყოველი გზა კი სამართლიანია (ეფესელთა 5:1). მიქას 6:8-ში ნათქვამია, რომ ერთ-ერთი, რასაც იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, არის ‘სამართლის ქმნა’ უფლის წინაშე. გარდა ამისა, სოფონიას 2:2, 3 შეგვახსენებს, რომ, თუ უფლის რისხვის დღეს დამალვა გვსურს, უნდა ‘ვეძიოთ სიმართლე’ იმ დღის მოსვლამდე.
18. რა საკითხებს განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 ამიტომაც, სწორედ „ახლაა“, ამ უკანასკნელ რთულ დღეებში, „სასურველი დრო“ სამართლიანობის გამომჟღავნებისთვის (2 კორინთელთა 6:2, აფ). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, თუ იობის მსგავსად, ჩვენი ‘სამოსელი სიმართლე იქნება’ და ‘მოსასხამი — სამართალი’, იეჰოვა გვაკურთხებს (იობი 29:14). როგორ დაგვეხმარება იეჰოვას სამართლისადმი ნდობა, რომ იმედის თვალით ვუყუროთ მომავალს? როგორ გვიცავს ღვთის სამართალი სულიერად სამართლიანი ‘ახალი მიწის’ მოლოდინში? (2 პეტრე 3:13). ეს საკითხები განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
[სქოლიოები]
a ებრაულ წერილებში, ძირითადად, სამი სიტყვაა გამოყენებული. ერთ-ერთი მათგანი (მიშპატ) ხშირად „სამართლიანობადაა“ გადმოთარგმნილი. ორი სხვა სიტყვა კი („ცედექ“ და მონათესავე „ცედაქაჰ“) ხშირ შემთხვევაში „სიმართლედ“ ითარგმნება. „სიმართლედ“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა (დიკეოსინე) ნიშნავს „მართლის ანუ სამართლიანის თვისებას“.
b იესოს მაგალითი სათანადო იყო, რადგანაც ებრაელთა ზეპირი რჯული გამონაკლისის სახით უშვებდა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შაბათ დღეს ცხოველებისთვის დახმარება აღმოეჩინათ. სხვა შემთხვევებშიც იყო ამ საკითხზე კამათი, სახელდობრ, სწორი იყო თუ არა შაბათ დღეს განკურნება (ლუკა 13:10–17; 14:1–6; იოანე 9:13–16).
როგორ უპასუხებდით?
◻ რას ნიშნავს ღვთის სამართლიანობა?
◻ როგორ ასწავლიდა იესო ხალხს სამართალს?
◻ რატომ იყო ფარისევლების სიმართლე დამახინჯებული?
◻ რატომ უნდა ვამჟღავნებდეთ სამართლიანობას?
[სურათი 8 გვერდზე]
იესომ ნათელი მოჰფინა ღვთის სამართალს.