შეგიცოდავთ წმინდა სულის წინააღმდეგ?
„არსებობს სასიკვდილო ცოდვა“ (1 იოანე 5:16).
1, 2. საიდან ვიცით, რომ შესაძლებელია ადამიანმა ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგ შესცოდოს?
„განუწყვეტლივ მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ წმინდა სულის წინააღმდეგ შევცოდე“. ასეთი სიტყვები დაწერა ერთმა გერმანელმა ქალმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთს ემსახურებოდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა. შეიძლება, რომ ქრისტიანმა იეჰოვას წმინდა სულის, ანუ მისი მოქმედი ძალის წინააღმდეგ შესცოდოს?
2 დიახ, შეიძლება. „ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ ადამიანებს, — თქვა იესო ქრისტემ, — მაგრამ სულის წინააღმდეგ მკრეხელობა არ ეპატიებათ“ (მათე 12:31). ბიბლია გვაფრთხილებს: „თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის, არამედ სასამართლოს შიშის მომგვრელი მოლოდინი“ (ებრაელები 10:26, 27). მოციქული იოანე წერდა: „არსებობს სასიკვდილო ცოდვა“ (1 იოანე 5:16). მაგრამ შეუძლია შემცოდველს თავად განსაზღვროს, „სასიკვდილოა“ თუ არა მის მიერ ჩადენილი სერიოზული ცოდვა?
მონანიება მიტევების საწინდარია
3. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ის, თუ ძალიან ვწუხვართ ჩადენილი ცოდვის გამო?
3 იეჰოვაა ის, ვინც საბოლოოდ ასამართლებს შემცოდველებს. ყოველმა ჩვენგანმა პასუხი უნდა ვაგოთ მის წინაშე. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვა ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სწორია (დაბადება 18:25; რომაელები 14:12). თავად იეჰოვა განსაზღვრავს, მიუტევებელია თუ არა ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვა, და თუ საჭიროდ მიიჩნევს, მას შეუძლია თავისი სული წაგვართვას (ფსალმუნი 51:11). მაგრამ, თუ ჩვენ ძალიან ვწუხვართ ჩადენილი ცოდვის გამო, ალბათ ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ნამდვილად ვინანიებთ. რა იგულისხმება ნამდვილ მონანიებაში?
4. ა) რას ნიშნავს მონანიება? ბ) როგორ გვანუგეშებს ფსალმუნის 103:10—14?
4 მონანიებაში იგულისხმება დიდი სინანული, დამოკიდებულების შეცვლა წარსულში ჩადენილი ცოდვის ან ისეთი არასწორი სურვილების მიმართ, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებდით, და ცოდვილი გზიდან მობრუნება. თუ სერიოზული ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ ნამდვილად ვინანიებთ და შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამთ, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებში: „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა [იეჰოვა] და არც დანაშაულისთვის მოგვიზღა ის, რასაც ვიმსახურებდით. როგორც ცაა დედამიწაზე მაღლა, ასევე აღმატებულია მისი სიკეთე მის მოშიშთათვის; როგორც მზის ამოსავალია დაშორებული მზის ჩასავლისგან, ისე დაგვაშორა მან ჩვენი ცოდვები; როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:10—14).
5, 6. რა მნიშვნელოვანი აზრებია მოცემული 1 იოანეს 3:19—22 მუხლებში?
5 მოციქულ იოანეს სიტყვები აგრეთვე მანუგეშებელია ჩვენთვის: „ამგვარად გვეცოდინება, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და გულდაჯერებულები ვიქნებით მის წინაშე ყველაფერში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, თამამად ვილაპარაკებთ ღვთის წინაშე და რასაც კი ვთხოვთ, ვიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვაკეთებთ იმას, რაც მოსაწონია მის თვალში“ (1 იოანე 3:19—22).
6 ჩვენ ვიცით, რომ „ჭეშმარიტებისგან ვართ“, რადგან ძმურ სიყვარულს ვავლენთ ერთმანეთის მიმართ და განზრახ არ ვცოდავთ (ფსალმუნი 119:11). თუ გარკვეული მიზეზის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, გვახსოვდეს, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“. იეჰოვა გულმოწყალეა ჩვენ მიმართ, რადგან იცის, რომ ‘უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას ვავლენთ’, ვებრძვით ცოდვილ მიდრეკილებებს და ვცდილობთ, მისი ნება შევასრულოთ (1 პეტრე 1:22). ‘გული მსჯავრს არ დაგვდებს’, თუ ვენდობით იეჰოვას, ძმათმოყვარეობას ვავლენთ და შეგნებულად არ ვცოდავთ. გარდა ამისა, ჩვენ ლოცვაშიც „თამამად ვილაპარაკებთ ღვთის წინაშე“ და ისიც უპასუხებს ჩვენს ლოცვებს, თუ ვიცავთ ღვთის მცნებებს.
მათ წმინდა სულის წინააღმდეგ შესცოდეს
7. რა განსაზღვრავს, მიუტევებელია თუ არა ჩადენილი ცოდვა?
7 რომელია მიუტევებელი ცოდვა? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი. მათი განხილვა ჩვენთვის მანუგეშებელი იქნება, თუ ჩადენილ ცოდვას ვინანიებთ, მაგრამ ამ ცოდვის გამო მაინც ძალიან დამწუხრებულები ვართ. გარდა ამისა, ჩვენ ერთ რამეს დავინახავთ: მიუტევებელია თუ არა ცოდვა, ამას ის კი არ განსაზღვრავს, რა სახის ცოდვა ჩაიდინა ადამიანმა, არამედ შემცოდველის მოტივი, მისი გულის მდგომარეობა და ის, თუ რამდენად შეგნებულად ჩაიდინა მან ეს ცოდვა.
8. როგორ სცოდავდნენ წმინდა სულის წინააღმდეგ პირველი საუკუნის იუდეველი რელიგიური წინამძღოლები?
8 პირველ საუკუნეში მცხოვრები გულღვარძლიანი იუდეველი რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც იესო ქრისტეს ეწინააღმდეგებოდნენ, წმინდა სულის წინააღმდეგ სცოდავდნენ. ისინი ხედავდნენ, რომ იესო ღვთის სულით მოქმედებდა, რადგან ის იეჰოვას განმადიდებელ სასწაულებს ახდენდა. მაგრამ, ქრისტეს მტრები ამ ძალას სატანა ეშმაკს მიაწერდნენ. როგორც იესომ თქვა, ისინი, ვინც ამგვარად ღვთის წმინდა სულს გმობდნენ ანუ მკრეხელობდნენ, სჩადიოდნენ ცოდვას, რომელიც ‘არ ეპატიებოდათ არც მაშინ და არც მომავალში’ (მათე 12:22—32).
9. რა არის მკრეხელობა და რა თქვა იესომ ამის შესახებ?
9 მკრეხელობა არის ცილისმწამებლური და საზიანო, ანუ შეურაცხმყოფელი ლაპარაკი. რამდენადაც წმინდა სული ღვთისგან მომდინარეობს, ის, ვინც ამ სულის წინააღმდეგ ლაპარაკობს, იეჰოვას წინააღმდეგ ლაპარაკობს. ვინც ასე იქცევა და არ ინანიებს, ეს მას მიუტევებელ ცოდვად ეთვლება. მიუტევებელ ცოდვაზე საუბრისას იესო გულისხმობდა მათ, ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგებოდა ღვთის წმინდა სულის მოქმედებას. რადგანაც მისი მოწინააღმდეგეები ხედავდნენ, რომ იესო იეჰოვას სულით მოქმედებდა, მაგრამ ამ ძალას ეშმაკს მიაწერდნენ, ამით ისინი ღვთის სულს გმობდნენ. სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „ვინც წმინდა სულს გმობს, იმას არასოდეს ეპატიება, რადგან მარადიულ ცოდვაშია დამნაშავე“ (მარკოზი 3:20—29).
10. რატომ უწოდა იესომ იუდას „დაღუპვის ძე“?
10 განვიხილოთ ასევე იუდა ისკარიოტელის შემთხვევა. ის უპატიოსნოდ იქცეოდა — ფულს იპარავდა ყულაბიდან, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული (იოანე 12:5, 6). მოგვიანებით იუდა მივიდა იუდეველ წინამძღოლებთან და შეუთანხმდა მათ, რომ 30 ვერცხლად გასცემდა იესოს. მართალია, იესოს გაცემის შემდეგ იუდა სინდისმა შეაწუხა, მაგრამ მას არასოდეს მოუნანიებია შეგნებულად ჩადენილი ცოდვა. ამის გამო იუდა არ იმსახურებს აღდგენას. სწორედ ამიტომ იესომ მას „დაღუპვის ძე“ უწოდა (იოანე 17:12; მათე 26:14—16).
მათ არ შეუცოდავთ წმინდა სულის წინააღმდეგ
11—13. რა ცოდვა ჩაიდინა მეფე დავითმა ბათ-შებასთან და რით არის მანუგეშებელი იმის ცოდნა, თუ როგორ მოექცა მათ ღმერთი?
11 ზოგჯერ ის ქრისტიანები, რომლებმაც ჩადენილი სერიოზული ცოდვა აღიარეს და კრების უხუცესებისგან სულიერი დახმარება მიიღეს, შეიძლება ჯერაც ძალიან წუხდნენ იმის გამო, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს (იაკობი 5:14). თუ ჩვენც გვაწუხებს დანაშაულის გრძნობა, მანუგეშებელი იქნება იმ ბიბლიურ პერსონაჟებზე დაფიქრება, რომლებსაც ჩადენილი ცოდვები ეპატიათ.
12 დავით მეფემ სერიოზული ცოდვა ჩაიდინა ბათ-შებასთან, ურიას ცოლთან. როდესაც დავითმა ბანიდან დაინახა მობანავე ქალი, რომელიც ძალიან ლამაზი იყო, სასახლეში მოაყვანინა და მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. მოგვიანებით, როცა დავითმა შეიტყო, რომ ბათ-შება დაფეხმძიმდა, მრუშობის დასამალავად მან ყველაფერი ისე მოაწყო, რომ ურია ცოლთან დაწოლილიყო. როდესაც მეფეს გეგმა ჩაეფუშა, მან ურია ბრძოლაში მოაკვლევინა. ამის შემდეგ დავითმა ბათ-შება ცოლად შეირთო. მათ შეეძინათ ბავშვი, რომელიც მალევე მოუკვდათ (2 სამუელი 11:1—27).
13 იეჰოვამ თავად გადაწყვიტა, თუ როგორ მოქცეოდა დავითსა და ბათ-შებას. ღმერთმა აპატია დავითს. იეჰოვამ, როგორც ჩანს, მხედველობაში მიიღო ის, რომ დავითი ინანიებდა ჩადენილ ცოდვას. ღმერთმა, შესაძლოა, დავითთან დადებული შეთანხმებაც გაითვალისწინა (2 სამუელი 7:11—16; 12:7—14). როგორც ჩანს, ბათ-შებამაც მოინანია ჩადენილი ცოდვა, რაზეც მეტყველებს ის, რომ მას წილად ხვდა პატივი, მეფე სოლომონის დედა და იესო ქრისტეს წინაპარი გამხდარიყო (მათე 1:1, 6, 16). თუ ცოდვა ჩავიდინეთ, კარგია გვახსოვდეს, რომ იეჰოვას შეუმჩნეველი არ რჩება, როცა ვინანიებთ.
14. როგორ ჩანს მეფე მენაშეს შემთხვევიდან ის, თუ რამდენად მიმტევებელია ღმერთი?
14 იუდას მეფის, მენაშეს შემთხვევიდანაც კარგად ჩანს, თუ რამდენად მიმტევებელია იეჰოვა. მენაშე ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში. მან სამსხვერპლოები ააგო ბაალისთვის. მენაშე „ცის ლაშქარს“ ეთაყვანებოდა და მან ტაძრის ორივე ეზოშიც კი სამსხვერპლოები აუგო ცრუ ღმერთებს. მეფემ თავისი ვაჟებიც კი ცეცხლში გაატარა. ის ხელს უწყობდა ქვეყანაში სპირიტიზმის გავრცელებას და „აცდუნებდა იუდას და იერუსალიმის მკვიდრებს, რათა იმ ერებზე უარესად მოქცეულიყვნენ, რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან“. მენაშე ყურად არ იღებდა ღვთის წინასწარმეტყველთა გამაფრთხილებელ სიტყვებს. ბოლოს, ასურეთის მეფემ მენაშე ტყვედ ჩაიგდო. ტყვეობაში მან მოინანია თავისი ცოდვები და თავმდაბლად მიმართავდა ღმერთს ლოცვით. იეჰოვამაც აპატია მას და დაუბრუნა მეფობა იერუსალიმში, სადაც მენაშემ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღადგინა (2 მატიანე 33:2—17).
15. როგორ ჩანს პეტრე მოციქულის შემთხვევიდან, რომ იეჰოვა მიმტევებელია?
15 საუკუნეების შემდეგ პეტრე მოციქულმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა, როცა იესო უარყო (მარკოზი 14:30, 66—72). მაგრამ იეჰოვამ, მრავლის მიმტევებელმა ღმერთმა, აპატია პეტრეს (ესაია 55:7). რატომ? იმიტომ, რომ მან მთელი გულით მოინანია (ლუკა 22:62). ღმერთმა რომ პეტრეს მიუტევა, ეს აშკარად გამოჩნდა 50 დღის შემდეგ დღესასწაულზე, როდესაც მოციქულმა გაბედულად იქადაგა იესოს შესახებ (საქმეები 2:14—36). განა გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ ღმერთი დღეს უფრო ნაკლებ გულმოწყალებას გამოავლენს იმ ქრისტიანების მიმართ, რომლებიც გულწრფელად ინანიებენ ცოდვებს?! „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?! — მღეროდა ფსალმუნმომღერალი, — შენთან არის ჭეშმარიტი პატიება“ (ფსალმუნი 130:3, 4).
დანაშაულის გრძნობის შემსუბუქება
16. რის საფუძველზე გვპატიობს ღმერთი?
16 ზემოთ განხილული მაგალითები გვეხმარება, რომ გადამეტებულად არ ვწუხდეთ იმაზე, შევცოდეთ თუ არა წმინდა სულის წინააღმდეგ. ეს მაგალითები გვიჩვენებს, რომ იეჰოვა პატიობს მომნანიებელ შემცოდველებს. ღვთისადმი გულწრფელი ლოცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ცოდვა ჩავიდინეთ, შეგვიძლია ღმერთს პატიება ვთხოვოთ იესოს გამოსასყიდის, იეჰოვას გულმოწყალების, მემკვიდრეობით მიღებული ჩვენი არასრულყოფილებისა და იმის საფუძველზე, რომ ღმერთს გარკვეული ხნის განმავლობაში ერთგულად ვემსახურებოდით. რადგან ვიცით, რომ იეჰოვა მოწყალეა, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ის მოგვიტევებს ჩვენს შეცოდებებს (ეფესოელები 1:7).
17. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შევცოდეთ და სულიერი დახმარება გვჭირდება?
17 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ შევცოდეთ და ვერ ვლოცულობთ, რადგან ჩადენილი ცოდვის გამო სულიერად დავსუსტდით და ღმერთს ვეღარ მივმართავთ? ამასთან დაკავშირებით მოწაფე იაკობი წერდა: „[ასეთმა ადამიანმა] მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკობი 5:14, 15).
18. რატომ არ უნდა დავასკვნათ, რომ შემცოდველმა მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა, თუნდაც ის კრებიდან იყოს გარიცხული?
18 მაშინაც კი, თუ შემცოდველი დღეისათვის არ ინანიებს ჩადენილ ცოდვას და ის კრებიდან არის გარიცხული, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ მან მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინა. ერთი სულითცხებულის შესახებ, რომელიც კორინთის კრებიდან გაირიცხა, პავლე მოციქული წერდა: „ასეთისთვის საკმარისია, უმრავლესობამ რომ გაკიცხა, ასე რომ, პირიქით, ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს“ (2 კორინთელები 2:6—8; 1 კორინთელები 5:1—5). შემცოდველი სულიერად რომ გამოჯანმრთელდეს, მან ქრისტიანი უხუცესებისგან დახმარება უნდა მიიღოს და აჩვენოს თავისი საქმეებით, რომ ნამდვილად ინანიებს. მან „მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ უნდა გამოიღოს (ლუკა 3:8).
19. რა დაგვეხმარება, რომ დავრჩეთ „ჯანსაღნი რწმენაში“?
19 რა შეიძლება იწვევდეს ისეთ გრძნობას, თითქოს წმინდა სულის წინააღმდეგ შევცოდეთ? ამის მიზეზი შეიძლება იყოს მეტისმეტად მგრძნობიარე სინდისი ან ემოციური დაძაბულობა. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დამხმარე იყოს ლოცვა და დასვენება. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ სატანას არ მივცეთ იმის შესაძლებლობა, გული გაგვიტეხოს და შეგვაწყვეტინოს ღვთისადმი მსახურება. თუ იეჰოვას ბოროტთა სიკვდილი არ ახარებს, განა რომელიმე თავისი მსახურის დაკარგვა გაახარებს?! ასე რომ, თუ ვშიშობთ, რომ წმინდა სულის წინააღმდეგ შევცოდეთ, კვლავაც უნდა განვაგრძოთ ღვთის სიტყვის კითხვა, მათ შორის ისეთი მანუგეშებელი მონაკვეთების წაკითხვა, როგორიცაა ფსალმუნები. აგრეთვე, უნდა განვაგრძოთ კრების შეხვედრებზე დასწრება და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობა. ეს დაგვეხმარება, რომ ვიყოთ „ჯანსაღნი რწმენაში“ და გავთავისუფლდეთ იმის შიშისგან, ვაითუ მიუტევებელი ცოდვა ჩავიდინეთ (ტიტე 2:2).
20. რა კითხვები შეიძლება დაეხმაროს შემცოდველს იმის დანახვაში, რომ მას არ შეუცოდავს წმინდა სულის წინააღმდეგ?
20 ვინც შიშობს, რომ წმინდა სულის წინააღმდეგ შესცოდა, კარგი იქნება, საკუთარ თავს შემდეგი კითხვები დაუსვას: „დავგმე წმინდა სული? ნამდვილად გულწრფელად მოვინანიე ჩადენილი ცოდვა? მჯერა, რომ ღმერთი მიმტევებელია? ვარ განდგომილი, რომელიც უარყოფს სულიერ სინათლეს?“ შესაძლოა ასეთმა ადამიანმა დაასკვნას, რომ არ დაუგმია წმინდა სული და არც განდგომილი გამხდარა. ის ინანიებს ჩადენილ ცოდვას და კვლავაც სწამს, რომ იეჰოვა მიმტევებელია. თუ ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ შეუცოდავს იეჰოვას წმინდა სულის წინააღმდეგ.
21. რა კითხვებს განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
21 მართლაც დიდი შვებაა, როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ არ შეგვიცოდავს წმინდა სულის წინააღმდეგ! წმინდა სულთან დაკავშირებით წამოიჭრება სხვა კითხვებიც, რომლებიც შემდეგ სტატიაში იქნება განხილული. მაგალითად ამ კითხვებს შორისაა შემდეგი: „ნამდვილად ღვთის წმინდა სული მხელმძღვანელობს? ვავლენ სულის ნაყოფს ცხოვრებაში?“
როგორ უპასუხებთ?
• რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანმა შეიძლება წმინდა სულის წინააღმდეგ შესცოდოს?
• რას ნიშნავს მონანიება?
• ვინ შესცოდა წმინდა სულის წინააღმდეგ, როცა იესო დედამიწაზე იყო?
• რა დაგვეხმარება, გადამეტებულად არ ვწუხდეთ იმაზე, ჩავიდინეთ თუ არა მიუტევებელი ცოდვა?
[სურათი 17 გვერდზე]
ისინი, ვინც ამბობდნენ, რომ იესო სატანის ძალით ახდენდა სასწაულებს, ღვთის წმინდა სულის წინააღმდეგ სცოდავდნენ.
[სურათი 18 გვერდზე]
მიუხედავად იმისა, რომ პეტრემ უარყო იესო, მას მიუტევებელი ცოდვა არ ჩაუდენია.