მათ შეასრულეს იეჰოვას ნება
სტუმრობა, რომელსაც დაჯილდოვება მოჰყვა
საბადან იერუსალიმში გამგზავრება დედოფლისთვის დამღლელი უნდა ყოფილიყო. ფუფუნებაში ცხოვრებას მიჩვეულს ახლა აქლემების ქარავნით 2 400-კილომეტრიანი გზა უნდა გაევლო, რომლის უმეტესი ნაწილი ცხელ უდაბნოზე გადიოდა. როგორც ვარაუდობენ, მას მხოლოდ ერთ მხარეს 75 დღე უნდა ემგზავრა.a
რატომ დატოვა ამ მდიდარმა დედოფალმა თავისი მყუდრო სახლი და ასეთ რთულ გზაზე გაემგზავრა?
ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი ამბავი
საბას დედოფალი მას შემდეგ დაადგა იერუსალიმის გზას, რაც „მისწვდა სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი“ (მესამე მეფეთა 10:1). არ არის ცნობილი, რა ამბავი მისწვდა დედოფალს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვამ სოლომონი განსაკუთრებული სიბრძნით, სიმდიდრითა და დიდებით აკურთხა (მეორე ნეშტთა 1:11, 12). როგორ შეიტყო დედოფალმა ეს? რადგანაც საბა სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, შესაძლებელია დედოფალმა სოლომონის დიდების ამბავი თავის ქვეყანაში ჩასული ვაჭრებისგან გაიგო. ზოგი მათგანი შეიძლება ოფირშიც იყო ნამყოფი, ქვეყანაში, რომელთანაც სოლომონს მნიშვნელოვანი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა (მესამე მეფეთა 9:26-28).
ასე იყო თუ ისე, დედოფალი იერუსალიმში ჩავიდა „დიდძალი დოვლათით; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები“ (მესამე მეფეთა 10:2ა). ზოგი ამბობს, რომ დედოფალს შეიარაღებული დაცვა ახლდა. ეს ცხადიც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედოფალი ძლევამოსილი მმართველი იყო და ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა ჰქონდა თან ამ მგზავრობისას.b
ყურადღება მიაქციეთ, რომ დედოფალმა სოლომონის დიდების, „უფლის სადიდებელი“ ამბავი გაიგო. ასე რომ, ეს არ იყო მხოლოდ საქმიანი ვიზიტი. როგორც ჩანს, ის პირველ რიგში სოლომონის სიბრძნის, შესაძლოა მისი ღმერთის, იეჰოვას, შესახებ რაიმეს მოსასმენადაც კი ჩავიდა. დედოფალი, შესაძლებელია, იეჰოვას თაყვანისმცემლის, სემის ან ქამის შთამომავალი ყოფილიყო, ამიტომაც დაინტერესებული იქნებოდა თავისი წინაპრის რელიგიით.
გამოცანები და დამაკმაყოფილებელი პასუხები
სოლომონთან რომ მივიდა, დედოფალმა „გამოცანებით“ გამოცდა მოუწყო მას (მესამე მეფეთა 10:1). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „გამოცანები“ არ ნიშნავს იმას, რომ მას ბანალური შეჯიბრება გაუმართა. საინტერესოა, რომ ფსალმუნის 48:5-ში იგივე ებრაული სიტყვა ისეთ სერიოზულ საკითხებთან დაკავშირებით არის გამოყენებული, როგორსაც წარმოადგენს: ცოდვა, სიკვდილი და გამოსყიდვა. აქედან გამომდინარე, საბას დედოფალს სერიოზულ საკითხებზე უნდა ესაუბრა სოლომონთან, რითაც მეფის სიბრძნე გამოვლინდებოდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ დედოფალი „მოვიდა სოლომონთან და ელაპარაკა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა“. სოლომონმა კი „ყველა კითხვაზე გასცა პასუხი; არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი“ (მესამე მეფეთა 10:2, 3).
საბას დედოფალი იმდენად აღფრთოვანდა სოლომონის სიბრძნითა და მისი სამეფოს კეთილდღეობით, რომ ‘გაოგნდა’ (მესამე მეფეთა 10:4, 5). ზოგის აზრით, ეს სიტყვა იმას ნიშნავს, რომ დედოფალი „სულგანაბული“ იყო. ერთი სწავლული იმასაც კი ამბობს, რომ დედოფალმა გონება დაკარგა. როგორც უნდა ყოფილიყო, დედოფალი ნანახმა და მოსმენილმა განაცვიფრა. მან განაცხადა, რომ სოლომონის მსახურები ბედნიერები იყვნენ, რადგან მეფის სიბრძნის მოსმენა შეეძლოთ და სოლომონის გამეფებისთვის იეჰოვა განადიდა. შემდეგ ძვირფასი საჩუქრები გადასცა მეფეს, რომელთაგანაც მხოლოდ ოქრო, თანამედროვე ფულით, დაახლოებით 40 000 000 ამერიკული დოლარის ღირებულების იყო. სოლომონმაც დაასაჩუქრა დედოფალი ‘ყველაფრით, რაც კი მან ინება და სთხოვა’c (მესამე მეფეთა 10:6–13).
გაკვეთილი ჩვენთვის
მწიგნობრებთან და ფარისევლებთან საუბრისას იესომ საბას დედოფალი თვალსაჩინო მაგალითად გამოიყენა. „სამხრეთის დედოფალი აღსდგება სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებს მას, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად, და, აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათე 12:42). დიახ, საბას დედოფალმა დიდად დააფასა ღვთის მიერ ბოძებული სიბრძნე. მან თუ 2 400 კილომეტრი იმისათვის გაიარა, რომ სოლომონის სიბრძნე მოესმინა, მწიგნობრებს და ფარისევლებს, მით უმეტეს, ყურადღებით უნდა ესმინათ მათ თვალწინ მდგარი იესოსთვის.
დღეს ჩვენ შეგვიძლია დავაფასოთ დიდი სოლომონი, იესო ქრისტე. როგორ? ამის ერთ-ერთი საშუალებაა, დავიცვათ მისი მითითება: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19). მეორე, ვიფიქროთ იესოს მაგალითსა და აზროვნებაზე და მივბაძოთ მას (ფილიპელთა 2:5; ებრაელთა 12:2, 3).
დიდი სოლომონის, იესოს, მაგალითის მიბაძვა მართალია ჩვენგან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამისათვის დიდი ჯილდო გველის. დიახ, იეჰოვა ჰპირდება თავის ხალხს, რომ თავგანწირვის სულის გამოვლენისთვის ის ‘გაუხსნის ცის საქანელებს და გადმოუცლის კურთხევას აუწყველად’ (მალაქია 3:10).
[სქოლიოები]
a სწავლულების უმრავლესობა ფიქრობს, რომ საბა არაბეთის სამხრეთ-დასავლეთში, დღევანდელი იემენის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მდებარეობდა.
b ძველი ბერძენი გეოგრაფის, სტრაბონის, ცნობის თანახმად, საბაში ძალზე მდიდარი ხალხი ცხოვრობდა. ის ამბობს, რომ საბას მკვიდრთ ოქროთი არა მარტო ავეჯი და ჭურჭელი ჰქონდათ მოვარაყებული, არამედ სახლების კედლები, კარები და სახურავებიც კი.
c ზოგს ამ სიტყვებში ის ესმის, რომ დედოფალს სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა სოლომონთან. მათ შესახებ ლეგენდებში ნათქვამია, რომ ვაჟიც კი შეეძინათ. მაგრამ ამ თქმულების დამამტკიცებელი ფაქტები არ არსებობს.