იესოს — ჭეშმარიტად აზრიანი ცხოვრება
იესო საკმაოდ ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ბუნებრივია, ბევრი რამ აკლდა ცხოვრებაში. სინამდვილეში, მას „თავის დასადები ადგილიც კი არ გააჩნდა“ (ლუკა 9:57, 58). ამასთანავე, ის კაცთაგან მოძულებული და უარყოფილი იყო. ბოლოს კი მისმა მტრებმა ის სასიკვდილოდ გაიმეტეს.
ალბათ ფიქრობთ, განა შეიძლება ასეთ ცხოვრებას აზრიანი ეწოდოს? მოდით, უფრო ვრცლად მიმოვიხილოთ იესოს ცხოვრება და შევეხოთ ოთხ ფაქტორს.
1. იესო ასრულებდა ღვთის ნებას
„ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო“ (იოანე 4:34).
იესო სიტყვითა და საქმით ასრულებდა თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას,a ნებას. ეს მას დიდ სიხარულს ანიჭებდა. მან ღვთის ნების შესრულება, როგორც აღნიშნული იყო, საჭმლის ჭამას შეადარა. განვიხილოთ, თუ რა სიტუაციაში იყო იესო, როდესაც ეს სიტყვები წარმოთქვა.
დღის 12 საათია (იოანე 4:6). სამარიის მთიან მხარეში მგზავრობით დაღლილ იესოს მოშივდა. მოწაფეები სთხოვენ: „რაბი, ჭამე“ (იოანე 4:31). იესოს პასუხში გამოჩნდა, რომ ის, ასე ვთქვათ, იკვებებოდა და ძლიერდებოდა ღვთის საქმის კეთებით. განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ იესოს ცხოვრებას ნამდვილად ჰქონდა აზრი?
2. იესოს ძლიერ უყვარდა მამა
„მამა მიყვარს“ (იოანე 14:31).
იესოს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა თავის ზეციერ მამასთან. სწორედ ასეთმა დიდმა სიყვარულმა აღძრა იგი, გაეცხადებინა მამის სახელი, მისი განზრახვები და თვისებები. აზროვნებით, სიტყვითა თუ საქმით იესო იმდენად სრულყოფილად ჰბაძავდა მამას, რომ სახარებებში, როცა მის შესახებ ვკითხულობთ, თითქოს თვალწინ მამა წარმოგვიდგება. ამიტომ, როდესაც ფილიპემ სთხოვა იესოს: „გვიჩვენე მამა“, იესომ მიუგო: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:8, 9).
იესოს ისე ძლიერ უყვარდა მამა, რომ მზად იყო, თვით სიკვდილამდეც კი, მისი მორჩილი ყოფილიყო (ფილიპელები 2:7, 8; 1 იოანე 5:3). ღვთისადმი ასეთმა ძლიერმა სიყვარულმა ნამდვილად შემატა მის ცხოვრებას აზრი.
3. იესოს უყვარდა ადამიანები
„იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის“ (იოანე 15:13).
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, არასრულყოფილი ადამიანები, ძალზე სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით. ბიბლია ამას ასე ხსნის: „როგორც ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12). საკუთარი ძალით ვერავინ შეძლებს ცოდვის შედეგისგან, სიკვდილისგან, თავის დაღწევას (რომაელები 6:23).
ჩვენდა გასახარად, იეჰოვამ სიყვარულით იზრუნა კაცთა მოდგმის ხსნაზე. მან დაუშვა, რომ მისი სრულყოფილი და უცოდველი ძე დატანჯულიყო და მომკვდარიყო, რათა მის მიერ გაღებულ მსხვერპლს კაცობრიობა ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან ეხსნა. მამისა და ადამიანების სიყვარულით აღძრული იესო მზად იყო, გაეღო ჩვენთვის თავისი სრულყოფილი სიცოცხლე (რომაელები 5:6—8). ასეთი უანგარო სიყვარული აზრს სძენდა მის ცხოვრებას.b
4. იესომ იცოდა, რომ მამას უყვარდა ის და მის მოწონებას იმსახურებდა
„ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:17).
იეჰოვამ ზეციდან ეს სიტყვები იესოს ნათლობის დროს თქვა. ასეთი სახით მან ღიად გამოხატა სითბო და სიყვარული თავისი ძის მიმართ. სწორედ ამიტომ იესოს შეეძლო დარწმუნებით ეთქვა: „მამას . . . ვუყვარვარ“ (იოანე 10:17). იმის ცოდნა, რომ მამას უყვარდა და იწონებდა, იესოს ძალას აძლევდა წინააღმდეგობისა და დაცინვის ასატანად. ეს მას ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაეხმარა თვით სიკვდილის პირისპირ ყოფნის დროსაც კი (იოანე 10:18). მამის სიყვარულმა და მოწონებამ იესოს ცხოვრებას, რა თქმა უნდა, უდიდესი აზრი შემატა.
დიახ, იესოს ჭეშმარიტად აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა. ცხადია, მის მაგალითზე დაკვირვებით, ჩვენც შევძლებთ, ნამდვილი აზრი შევძინოთ ჩვენს ცხოვრებას. მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ იესოს რამდენიმე რჩევაზე.
a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა არის ღვთის სახელი.
b იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.