ბევრი ნაყოფი გამოიღეთ
‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ და იყავით ჩემი მოწაფეები’ (იოანე 15:8).
1. ა) რა მოთხოვნაზე მიუთითა იესომ თავის მოწაფეებს? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
იესოს სიკვდილის წინა საღამოა. ის დიდ დროს უთმობს მოციქულებთან გულღია საუბარს და მათ გამხნევებას. ახლა უკვე შუაღამეს გადასცდა, მაგრამ ახლო მეგობრების სიყვარულით აღძრული იესო კვლავაც განაგრძობს ლაპარაკს. შუა საუბარში იესო მათ ახსენებს კიდევ ერთ მოთხოვნას, რომლის შესრულებითაც ისინი შეძლებენ მის მოწაფეებად დარჩენას: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). ვასრულებთ დღეს ამ მოთხოვნას? რას ნიშნავს ‘ბევრი ნაყოფის გამოღება’? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, მოდი იმ საღამოს შემდგარ საუბარს დავუბრუნდეთ.
2. სიკვდილის წინა ღამეს რა მაგალითი მოიყვანა იესომ ნაყოფის შესახებ?
2 იესოს ეს შეგონება ქვემოთ მოყვანილი მაგალითის ნაწილია: «მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწისმუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს. თქვენ უკვე გაწმედილნი ხართ იმ სიტყვით, რომელიც გითხარით. თქვენ ჩემში დარჩით [„დარჩით ჩემთან ერთობაში“, აქ], მე კი — თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით. მე ვაზი ვარ, თქვენ კი — ლერწები . . . ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით. როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში! თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი მამაჩემის მცნებები და დავრჩი მის სიყვარულში» (იოანე 15:1—10).
3. რა უნდა აკეთონ იესოს მიმდევრებმა ნაყოფის გამოსაღებად?
3 ამ მაგალითში მიწათმოქმედი იეჰოვაა, ვაზი — იესო, ხოლო ლერწები — მოციქულები. თუკი მოციქულები შეეცდებიან იესოსთან „ერთობაში“ დარჩენას, ისინი შეძლებენ ნაყოფის გამოღებას. იესო მოციქულებს იმასაც უხსნის, თუ რა დაეხმარება მათ ამ მნიშვნელოვანი ერთობის შენარჩუნებაში: „თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით“. მოგვიანებით მოციქული იოანეც მისწერს თანაქრისტიანებს მსგავს სიტყვებს: „ვინც მის [ქრისტეს] მცნებებს იცავს, ერთობაში რჩება მასთან“a (1 იოანე 2:24, აქ; 3:24, აქ). როგორც ვხედავთ, ქრისტეს მცნებების დაცვით მისი მიმდევრები ერთობაში რჩებიან მასთან. ეს ერთსულოვნება კი, თავის მხრივ, ნაყოფის გამოღებაში ეხმარება მათ. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ?
ზრდა შესაძლებელია
4. რას ვსწავლობთ იქიდან, რომ იეჰოვა ვაზს ყოველ უნაყოფო ლერწს ‘აშორებს’?
4 მაგალითში იეჰოვა ‘აშორებს’ ანუ ჭრის ლერწს, რომელსაც ნაყოფი არ გამოაქვს. რას გვეუბნება ეს? არა მარტო იმას, რომ ყველა მოწაფემ უნდა გამოიღოს ნაყოფი, არამედ იმასაც, რომ ყველას აქვს ამის უნარი მდგომარეობისა და სისუსტეების მიუხედავად. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, იეჰოვა, სიყვარულით აღსავსე ღმერთი, არ ‘მოაშორებდა’ ანუ არ მოჰკვეთდა ქრისტეს მოწაფეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მან ვერ გააკეთა რაღაც, რაც მის უნარს აღემატებოდა (ფსალმუნები 102:14; კოლასელთა 3:23; 1 იოანე 5:3).
5. ა) როგორ ჩანს იესოს მაგალითიდან, რომ შეგვიძლია ნაყოფის გამოღება? ბ) რა და რა სახის ნაყოფზე ვისაუბრებთ?
5 იესოს მაგალითი იმასაც გვანახვებს, რომ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვაკეთოთ როგორც მოწაფეებმა. დაუკვირდით, როგორ თქვა ეს იესომ: „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 15:2). მაგალითის ბოლო ნაწილში იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, „ბევრი ნაყოფი“ გამოეღოთ (მუხლი 8). რას გვეუბნება ეს? ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ და არასოდეს უნდა გავხდეთ პასიურები (გამოცხადება 3:14, 15, 19). პირიქით, უფრო მეტი ნაყოფის გამოღებას უნდა ვეცადოთ. რა ნაყოფი უნდა გამოვიღოთ უხვად? 1) სულის ნაყოფი და 2) სამეფოს ნაყოფი (გალატელთა 5:22, 23; მათე 24:14).
ქრისტიანული თვისებები — ნაყოფი
6. როგორ გაამახვილა ყურადღება იესო ქრისტემ სულის პირველ ნაყოფზე?
6 სულის ნაყოფებს შორის უპირველესად სიყვარულია დასახელებული. მას ქრისტიანებში ღვთის სულიწმიდა წარმოშობს, რადგან ისინი ემორჩილებიან იესოს მითითებას, რომელიც ვაზის შესახებ მაგალითის მოყვანამდე ცოტა ხნით ადრე მისცა მოციქულებს: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34). სხვათა შორის, იესომ დედამიწაზე მსახურების ბოლო ღამეს არაერთხელ შეახსენა მოციქულებს, თუ რამდენად საჭირო თვისებაა სიყვარული (იოანე 14:15, 21, 23, 24; 15:12, 13, 17).
7. როგორ დაგვანახვა მოციქულმა პეტრემ, რომ ნაყოფის გამოღება ქრისტიანული თვისებების გამოვლენას ნიშნავს?
7 პეტრემ, რომელიც იმ ღამეს იქ იმყოფებოდა, დაინახა, რომ ქრისტეს ჭეშმარიტ მიმდევრებს უნდა ახასიათებდეთ ისეთი სიყვარული, როგორიც ქრისტეს ჰქონდა, და მასთან დაკავშირებული სხვა თვისებები. წლების შემდეგ პეტრე შეაგონებდა ქრისტიანებს, განევითარებინათ ისეთი თვისებები, როგორიცაა თავშეკავება, ძმათმოყვარეობა და სიყვარული. მან დასძინა, რომ თუ ასე მოვიქცევით, არ დავრჩებით „უქმად და უნაყოფოდ“ (2 პეტრე 1:5—8). რა მდგომარეობაც უნდა გვქონდეს, სულის ნაყოფის გამოვლენა არ აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს. ამიტომ, შევეცადოთ, მივბაძოთ ქრისტეს და უფრო სრულად გამოვავლინოთ სიყვარული, სიკეთე, სიმშვიდე და სხვა კარგი თვისებები, რადგან „ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული“ (გალატელთა 5:23). მართლაც, მოდი უფრო „მეტი ნაყოფი“ გამოვიღოთ.
სამეფოს ნაყოფის გამოღება
8. ა) რა კავშირია სულის ნაყოფსა და სამეფოს ნაყოფს შორის? ბ) რა კითხვაზე გვმართებს დაფიქრება?
8 ლამაზად შეფერილი და წვნიანი ნაყოფი ამშვენებს მცენარეს, მაგრამ სილამაზე ნაყოფის მთავარი ღირსება არ არის. რადგანაც ნაყოფში თესლია, ის მცენარის გამრავლებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. მსგავსადვე, სულის ნაყოფი — მაგალითად, სიყვარული და რწმენა — არა მარტო ალამაზებს ანუ უფრო უკეთესს ხდის ჩვენს ქრისტიანულ პიროვნებას, არამედ აღგვძრავს, გავავრცელოთ სამეფოს შესახებ ცნობის თესლი, რომელიც ღვთის სიტყვაშია მოცემული. დაუკვირდით, როგორ გამოკვეთა მოციქულმა პავლემ ეს კავშირი. მან თქვა: „ჩვენც გვწამს [რწმენა კი სულის ნაყოფის ნაწილია] და ამიტომ ვლაპარაკობთ“ (2 კორინთელთა 4:13). ამ საკითხზე პავლე კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის: „ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს“, — ეს კი მეორე სახის ნაყოფია, რომელსაც უნდა ვავლენდეთ (ებრაელთა 13:15). შეგვიძლია ცხოვრება ისე წარვმართოთ, რომ უფრო „მეტი ნაყოფი“ გამოვიღოთ როგორც სამეფოს შესახებ მაუწყებლებმა?
9. ერთი და იგივეა თუ არა ნაყოფის გამოღება და მოწაფეების მომზადება? განმარტეთ.
9 ამ კითხვაზე სწორად რომ ვუპასუხოთ, ჯერ უნდა გამოვარკვიოთ, რა არის სამეფოს ნაყოფი. იქნებოდა სწორი, დაგვესკვნა, რომ ეს მოწაფეების მომზადებას ნიშნავს? (მათე 28:19). ან იქნებ ამ ნაყოფში, უმთავრესად, ის ადამიანები იგულისხმებიან, რომელთაც იეჰოვას მონათლულ თაყვანისმცემლებად გახდომაში ვეხმარებით? არა. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მდგომარეობა ძალიან გულისდამწყვეტი იქნებოდა იმ მაუწყებლებისთვის, რომლებიც სამეფოს შესახებ ცნობას წლების განმავლობაში ისეთ ტერიტორიებზე ქადაგებენ, სადაც ხალხი დიდ ინტერესს არ ავლენს. სამეფოს ნაყოფი მხოლოდ ახალი მოწაფეები რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ასეთი გულმოდგინე მაუწყებლები იესოს მაგალითში მოყვანილი ვაზის უნაყოფო ლერწები აღმოჩნდებოდნენ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის! მაშ, უმთავრესად რა არის ჩვენი მსახურების სამეფოს ნაყოფი?
ნაყოფი გამოგვაქვს სამეფოს თესლის გავრცელებით
10. როგორ ხდება ცხადი იესოს მიერ მთესველისა და სხვადასხვა სახის ნიადაგის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან, რა არის სამეფოს ნაყოფი და რა არა?
10 იესოს მიერ მთესველსა და სხვადასხვა სახის ნიადაგზე მოყვანილ მაგალითში გამამხნევებელ პასუხს ვკითხულობთ მათთვის, ვინც ნაკლებად ნაყოფიერ ტერიტორიებზე ქადაგებს. იესომ აღნიშნა, რომ თესლი არის ღვთის სიტყვაში მოცემული ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. ზოგი თესლი „კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და . . . ნაყოფი გამოიღო“ (ლუკა 8:8). რა ნაყოფი? როცა ხორბალი იზრდება, მისი ნაყოფი ახალი თესლია და არა ახალაღმოცენებული ხორბალი. ამის მსგავსად, ქრისტიანის ნაყოფი მაინცდამაინც ახლი მოწაფეები კი არ არიან, არამედ სამეფოს ახალი თესლია.
11. როგორ განმარტავდით, რა არის სამეფოს ნაყოფი?
11 ასე რომ, ნაყოფი ამ შემთხვევაში არც ახალი მოწაფეები არიან და არც კარგი ქრისტიანული თვისებებია. რადგან თესლი, რომელიც ითესება, სამეფოს შესახებ სიტყვაა, ნაყოფიც არაერთგზის გამრავლებული ეს თესლი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ნაყოფის გამოღება სამეფოს შესახებ ცნობის გავრცელებას გულისხმობს (მათე 24:14). მდგომარეობის მიუხედავად, აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს ასეთი ნაყოფის გამოღება, კერძოდ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის უწყება? არა! იმავე მაგალითში იესო განმარტავს, თუ რატომ.
ღვთის განსადიდებლად საუკეთესო გავიღოთ
12. შეუძლია ყველა ქრისტიანს სამეფოს ნაყოფის გამოღება? განმარტეთ.
12 „პოხიერ მიწაზე დათესილი . . . — განაგრძობს იესო, — ზოგი ასს გამოიღებს, ზოგი სამოცს და ზოგიც ოცდაათს“ (მათე 13:23). მინდორში დათესილმა ხორბალმა შეიძლება სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი გამოიღოს პირობებისდა მიხედვით. ასევე ჩვენც შეიძლება სხვადასხვა ზომით შევძლოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე. იესომ დაგვანახვა, რომ ესმის ეს. ზოგს შეიძლება უფრო მეტად ეწყობოდეს ხელი, ზოგს კი უკეთესი ჯანმრთელობა და მეტი ენერგია ჰქონდეს. ამიტომ, შეიძლება სხვებზე მეტი ან ნაკლები შევძლოთ, მაგრამ თუკი ჩვენი შესაძლებლობისდა მიხედვით მაქსიმუმს ვაკეთებთ, იეჰოვა კმაყოფილია ჩვენით (გალატელთა 6:4). და იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხანდაზმულობის ან ავადმყოფობის გამო არ შეგვიძლია უწინდებურად მსახურება, ჩვენი თანამგრძნობი მამა, იეჰოვა, უეჭველად ხედავს, რომ ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს. რატომ თვლის იეჰოვა ასე? იმიტომ, რომ ვაძლევთ ‘ყველაფერს, რაც კი რამ გაგვაჩნია’b (მარკოზი 12:43, 44; ლუკა 10:27).
13. ა) სამეფოს ნაყოფის გამოსაღებად რა უმთავრესი მიზეზი გვაქვს? ბ) რა დაგვეხმარება ნაყოფის კვლავაც გამოღებაში იმ ტერიტორიებზე, სადაც ხალხი მცირე ინტერესს ავლენს? (იხილეთ ჩარჩო 21-ე გვერდზე)
13 იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი გამოგვაქვს სამეფოს ნაყოფი, თუკი გვეხსომება, რატომ ვაკეთებთ ამას, ყოველთვის გვექნება სურვილი, ‘წავიდეთ და ნაყოფი გამოვიღოთ’ (იოანე 15:16). იესომ განმარტა, უმთავრესად რატომ უნდა გამოვიღოთ ნაყოფი: „ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15:8). დიახ, ჩვენი სამქადაგებლო მსახურება ხალხის წინაშე იეჰოვას სახელის განწმენდას უწყობს ხელს (ფსალმუნები 108:30). იეჰოვას ერთგული მოწმე, სახელად ანერი, რომელიც უკვე 70 წელს გადასცდა, ამბობს: „დიდი პატივია, იყო უზენაესის წარმომადგენელი იმ ტერიტორიებზეც კი, სადაც ინტერესი არც ისე დიდია“. ერთხელ კლაუდიოს, რომელიც 1974 წლიდან გულმოდგინედ ემსახურება ღმერთს, ჰკითხეს, რატომ აგრძელებს ქადაგებას, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ცოტა ავლენს ინტერესს. პასუხად მან იესოს სიტყვები მოიყვანა იოანეს 4:34-დან: „ჩემი საჭმელია — ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე“. კლაუდიომ დასძინა: „იესოს მსგავსად, მინდა არა მარტო დავიწყო სამეფოს შესახებ უწყება, არამედ დავასრულო კიდეც ჩემთვის დაკისრებული ეს საქმე“ (იოანე 17:4). იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში იზიარებენ ამ აზრს (იხილეთ ჩარჩო „როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’“, გვერდი 21).
იქადაგეთ და ასწავლეთ
14. ა) რა ორი მიზანი ჰქონდათ იოანე ნათლისმცემელსა და იესოს? ბ) დღეს რა შედის ქრისტიანულ მსახურებაში?
14 სახარებებში მოხსენიებული პირველი ადამიანი, რომელიც სამეფოს შესახებ აუწყებდა, იოანე ნათლისმცემელია (მათე 3:1, 2; ლუკა 3:18). მისი უმთავრესი მიზანი ‘დამოწმება’ იყო და ის ამას ღრმა რწმენითა და იმ იმედით აკეთებდა, რომ ‘ყველანაირი ადამიანი ირწმუნებდა მისი მეშვეობით’ (იოანე 1:6, 7, აქ). ამავე დროს, ზოგი, ვისაც იოანე უქადაგებდა, ქრისტეს მოწაფე გახდა (იოანე 1:35—37). ასე რომ, იოანე არა მარტო მქადაგებელი იყო, არამედ მოწაფეების მომზადების საქმეშიც მონაწილეობდა. ასევე იესოც, მქადაგებელიც იყო და მასწავლებელიც (მათე 4:23; 11:1). გასაკვირი არ არის, რომ იესომ თავის მიმდევრებს არა მარტო სამეფოს შესახებ ქადაგება დაავალა, არამედ ისიც, რომ დახმარებოდნენ ცნობის მიმღებთ (მათე 28:19, 20). ამიტომ, ჩვენი დღევანდელი მსახურება ქადაგებასაც მოიცავს და სწავლებასაც.
15. რა მსგავსებაა პირველი საუკუნისა და თანამედროვე სამქადაგებლო მსახურებას შორის?
15 ახ. წ. პირველ საუკუნეში ზოგიერთები, რომლებიც პავლეს ქადაგებასა და სწავლებას ისმენდნენ, „ერწმუნენ მის ნალაპარაკევს, სხვებმა კი არ იწამეს“ (საქმეები 28:24). დღესაც იგივე მდგომარეობაა. სამწუხაროდ, სამეფოს მრავალი მარცვალი უნაყოფო ნიადაგზე ვარდება. და მაინც, როგორც იესომაც იწინასწარმეტყველა, ზოგი თესლი კარგ ნიადაგზე ითესება, ფესვს იდგამს და აღმოცენდება. მსოფლიო მასშტაბით კვირაში საშუალოდ 5 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევარი! ამ ახალმა მოწაფეებმა ირწმუნეს „ნალაპარაკევი“, მიუხედავად იმისა, რომ ხალხის უმეტესობას არ სწამს. რის წყალობით მიიღო მათმა გულმა სამეფოს შესახებ ცნობა? ხშირ შემთხვევაში მათზე იეჰოვას მოწმეების მიერ გამოვლენილმა გულწრფელმა ინტერესმა მოახდინა გავლენა, რაც ახლად დათესილი თესლის მორწყვას შეიძლება შევადაროთ (1 კორინთელთა 3:6). მოდი მხოლოდ ორი მაგალითი მოვიყვანოთ.
გულწრფელმა ინტერესმა გავლენა მოახდინა
16, 17. რატომ არის მნიშვნელოვანი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა მათ მიმართ, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით?
16 ბელგიაში იეჰოვას ახალგაზრდა მოწმემ, სახელად კაროლინამ, მიაკითხა ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მანამდე არ დაინტერესდა სამეფოს შესახებ ცნობით. ქალს ხელი შეხვეული ჰქონდა და კაროლინამ და მასთან ერთად მყოფმა მქადაგებელმა მას დახმარება შესთავაზეს, მაგრამ ქალმა უარი განაცხადა. ორი დღის შემდეგ მათ კვლავ შეუარეს ქალბატონს და მოიკითხეს. „ამან მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, — ამბობს კაროლინა. — ის განცვიფრებული იყო, რომ ნამდვილად დაინტერესებული ვიყავით მისით. მან სახლში შეგვიპატიჟა და შემდგომში ბიბლიის შესწავლაც კი დავიწყეთ“.
17 შეერთებულ შტატებში მცხოვრები სენდიც ავლენს გულწრფელ ინტერესს მათ მიმართ, ვისაც უქადაგებს. ადგილობრივ გაზეთში ის ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ მილოცვებს ათვალიერებს და შემდეგ მშობლებისთვის მიაქვს პუბლიკაცია „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“c. ჩვეულებრივ, დედები სახლში ხვდებიან და დიდი სიხარულით აჩვენებენ სტუმარს ახალშობილს, რასაც სასიამოვნო საუბარი მოჰყვება ხოლმე. „მშობლებს ვეუბნები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ახალშობილს თავიდანვე უკითხონ, რადგან ეს მათ შორის ახლო ურთიერთობის განვითარებას უწყობს ხელს, — ამბობს სენდი. — მოგვიანებით ვესაუბრები დღევანდელ საზოგადოებაში ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებზე“. ამას წინათ, ასეთი საუბრების შედეგად დედამ და მისმა ექვსმა შვილმა დაიწყეს იეჰოვას მსახურება. ინიციატივისა და გულწრფელი ინტერესის გამოვლენა ჩვენც მოგვიტანს ასეთ სასიხარულო შედეგებს.
18. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ყველას შეგვიძლია „ბევრი ნაყოფის“ გამოღება? ბ) იოანეს სახარებაში მოყვანილი რომელი სამი მოთხოვნის შესრულება გაქვთ გადაწყვეტილი?
18 რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ჩვენს ძალებს არ აღემატება „ბევრი ნაყოფის“ გამოღება! ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, კარგი ჯანმრთელობა გვაქვს თუ ცუდი, ნაყოფიერ ტერიტორიაზე ვქადაგებთ თუ უნაყოფოზე, — ყველას შეგვიძლია ბევრი ნაყოფის გამოღება. როგორ? სულის ნაყოფის რაც შეიძლება სრულად გამოვლენით და სამეფოს შესახებ ცნობის, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოდ გავრცელებით. ამავე დროს, ვცდილობთ ‘დავრჩეთ იესოს სიტყვაში’ და ‘გვიყვარდეს ერთმანეთი’. დიახ, იოანეს სახარებაში მოყვანილი ამ სამი მოთხოვნის შესრულებით ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად ქრისტეს მოწაფეები ვართ (იოანე 8:31; 13:35).
[სქოლიოები]
a თუმცა იესოს მაგალითში ვაზის ლერწები მის მოციქულებსა და ზეციერი იმედის მქონე სხვა ქრისტიანებს ნიშნავს, მასში განხილული საკითხები დღეს ქრისტეს ყველა მიმდევრისთვის არის მნიშვნელოვანი (იოანე 3:16; 10:16).
b მოხუცებულობისა თუ ავადმყოფობის გამო ლოგინად ჩავარდნილებმა შეიძლება წერილებით იქადაგონ ან, სადაც შესაძლებელია, ტელეფონით. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ, მნახველებს გაუზიარონ სასიხარულო ცნობა.
c გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
გასამეორებელი კითხვები
• რა სახის ნაყოფი უნდა გამოვიღოთ უხვად?
• რატომ შეგვიძლია ყველას „ბევრი ნაყოფის“ გამოღება?
• რომელი სამი მნიშვნელოვანი მოთხოვნა გავარჩიეთ იოანეს სახარებიდან?
[ჩარჩო⁄სურათი 21 გვერდზე]
როგორ ‘გამოვიღოთ ნაყოფი მოთმინებით’
რა გეხმარებათ, რომ კვლავაც ქადაგებთ სამეფოს შესახებ ცნობას ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ნაკლებ ინტერესს ავლენენ? ქვემოთ მოცემული პასუხები პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ.
„იმის ცოდნა, რომ იესო ბოლომდე გვიჭერს მხარს, მამხნევებს და სიმტკიცეს მმატებს იმის მიუხედავად, ხალხმა როგორ მიგვიღო“ (ჰარი, 72 წლის, მოინათლა 1946 წელს).
«ყოველთვის მამხნევებს 2 კორინთელთა 2:17. მასში ნათქვამია, რომ ქადაგებისას „ღვთის წინაშე“ ვიმყოფებით და ამას „ქრისტეში“ ვაკეთებთ. მიხარია, როდესაც სამქადაგებლო მსახურების დროს ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ვთანამშრომლობ» (კლაუდიო, 43 წლის, მოინათლა 1974 წელს).
«გულახდილად რომ გითხრათ, ქადაგება ადვილი არ არის ჩემთვის. და მაინც, საკუთარ თავზე გამოვცადე ფსალმუნების 17:30-ის ჭეშმარიტება: „ჩემი ღმერთის შეწევნით გადავევლები გალავანს“» (გერარდი, 79 წლის, მოინათლა 1955 წელს).
„მიხარია, თუკი მსახურების დროს ბიბლიიდან ერთი მუხლის წაკითხვის შესაძლებლობა მაინც მეძლევა, რადგან კიდევ ერთი კაცის გული შემოწმდა ბიბლიით“ (ელინორი, 26 წლის, მოინათლა 1989 წელს).
„ვცდილობ, სხვადასხვანაირად მივუდგე ხალხს. ვარიანტი იმდენად ბევრია, რომ მთელი სიცოცხლე არ მეყოფა ყველას მოსასინჯად“ (პაული, 79 წლის, მოინათლა 1940 წელს).
„უარყოფითი რეაქციის გამო გულს არ ვიტეხ. ვცდილობ შინაურულად ველაპარაკო ხალხს და მათი აზრიც მოვისმინო“ (დენიელი, 75 წლის, მოინათლა 1946 წელს).
„ზოგჯერ ახალმონათლულები მეუბნებიან, რომ ჩემს ქადაგებასაც გარკვეული წვლილი მიუძღვის მათ იეჰოვას მოწმეებად გახდომაში. თურმე ჩემი ქადაგების შემდეგ დაუწყიათ სხვა მაუწყებლებს მათთან ბიბლიის შესწავლა და დახმარებიან სულიერ ზრდაში. მახარებს, რომ ჩვენი მსახურება კოლექტიურია“ (ჯოანი, 66 წლის, მოინათლა 1954 წელს).
თქვენ რა გეხმარებათ ‘ნაყოფის მოთმინებით გამოღებაში’? (ლუკა 8:15).
[სურათები 20 გვერდზე]
სულის ნაყოფის გამოვლენითა და სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებით ბევრი ნაყოფი გამოგვაქვს.
[სურათი 23 გვერდზე]
რას გულისხმობდა იესო, როდესაც მოწაფეებს უთხრა: ‘ბევრი ნაყოფი გამოიღეთ’?