მთავარი თემა | თავის ნებაზე მიშვებული ბავშვები
სწორი აღმზრდელობითი ზომები
უდავოდ, შვილების აღზრდა რთული ამოცანაა, მაგრამ დასჯისგან თავის შეკავება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს, ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს. რატომ? ერთი მხრივ იმიტომ, რომ აღმზრდელობითი ზომების გარეშე ბავშვები თავნებები და უმართავები ხდებიან, რაც მშობლებს ძალებს აცლის და მეორე იმიტომ, რომ მშობლები ვერ აძლევენ შვილებს სწორ მიმართულებას, რის გამოც ბავშვები დაბნეულები არიან.
სიყვარულით გატარებული აღმზრდელობითი ზომები კი ბავშვს გონებრივად და ზნეობრივად ჩამოყალიბებულ პიროვნებად აქცევს. ეს ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობასაც უყალიბებს, რაც დაეხმარება მას თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. მაგრამ სად შეიძლება სანდო ხელმძღვანელობის პოვნა შვილების სწორად აღსაზრდელად?
ბიბლიური პრინციპების ფასი
იეჰოვას მოწმეები, ამ ჟურნალის გამომცემლები, დარწმუნებულები არიან, რომ ბიბლია „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და . . . აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია მხოლოდ მშობლების სახელმძღვანელო წიგნი როდია; მასში ჩაწერილი პრინციპები ნამდვილად ეხმარება ოჯახებს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
ბიბლიაში წერია: „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავები 22:15; იხილეთ სქოლიო).
ბავშვი რაც უნდა დაკვირვებული და კარგი ბუნების იყოს, სისულელეს მაინც ჩაიდენს. აქედან გამომდინარე, ბავშვებს სჭირდებათ რჩევა-დარიგება (იგავები 13:24). ამის გათვითცნობიერება დაგეხმარებათ, რომ როგორც მშობელმა, თქვენი მოვალეობა კარგად შეასრულოთ.
ბიბლიაში წერია: „ნუ მოაკლებ ბავშვს დასჯას“ (იგავები 23:13; იხილეთ სქოლიო).
იმის ნუ შეგეშინდებათ, რომ ზომიერი დასჯით ბავშვს ემოციურ ზიანს მიაყენებთ; ნურც იმის, რომ მომავალში ამის გამო გისაყვედურებთ. როდესაც ბავშვს სიყვარულით სჯით, ის სწავლობს, რომ შენიშვნები თავმდაბლურად მიიღოს. ეს კი მას მომავალშიც გამოადგება (ებრაელები 12:11).
ბიბლიაში წერია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).
ბუნებრივია, რომ მშობლებს სურთ, ბავშვების დაცვა. თუმცა გაწონასწორებულობა აქაც საჭიროა. მათ ვერას არგებთ, თუ ცდილობთ, თავიდან ააცილოთ ის ცუდი შედეგები, რაც მათ არასწორ საქციელს მოჰყვება, ან თუ ამართლებთ მას, როცა მასწავლებელი ან სხვა ვინმე გეუბნებათ, რომ ცუდად მოიქცა. პირიქით, ამ ადამიანებს ისე შეხედეთ, როგორც თქვენს მოკავშირეებს. ასე ბავშვი ისწავლის უფროსების პატივისცემასა და მორჩილებას, მათ შორის თქვენსას (კოლოსელები 3:20).
ბიბლიაში წერია: „თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია“ (იგავები 29:15).
იყავით მოსიყვარულე, სიტყვის შემსრულებელი და გონიერი
მართალია, მშობლებმა შვილებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით არ უნდა მიმართონ, მაგრამ არც უკიდურესობაში უნდა გადავარდნენ — ზედმეტად ლმობიერებიც არ უნდა იყვნენ. „ლმობიერი მშობლების შვილები ვერ ხვდებიან, რომ ოჯახში ხელმძღვანელობა მშობლებს აკისრიათ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Price of Privilege). თუ ბავშვს არ დაანახვებთ თქვენს ძალაუფლებას, იგი დაასკვნის, რომ თავად არის უფროსი. უდავოა, რომ არასწორი მოქმედებების გამო ის ცხოვრებაში ბევრჯერ მოიტეხს კისერს, რაც მასაც და თქვენც სანანებელი გაგიხდებათ (იგავები 17:25; 29:21).
ბიბლიაში წერია: „კაცი . . . მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათე 19:5).
ბიბლიის თანახმად, ცოლქმრობა მუდმივი კავშირია, მაშინაც კი, როცა ბავშვი იბადება, იზრდება და ტოვებს სახლს (მათე 19:5, 6). ამრიგად, თქვენ პირველ რიგში მეუღლე ხართ და მერე — მშობელი. მაგრამ, თუ პრიორიტეტები შეიცვლება, ბავშვი თავის თავზე იმაზე მეტად იფიქრებს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს (რომაელები 12:3). ოჯახში, სადაც ყველა და ყველაფერი ბავშვის გარშემო ტრიალებს, ცოლქმრული კვანძები სუსტდება.
რჩევები მშობლებს
მშობლის როლი კარგად რომ შეასრულოთ, შვილების აღზრდისას გამოიყენეთ შემდეგი ბიბლიური პრინციპები:
იყავით მოსიყვარულე: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რათა არ დანაღვლიანდნენ“ (კოლოსელები 3:21).
იყავით სიტყვის შემსრულებელი: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათე 5:37).
იყავით გონიერი: „სამართლიანი დასჯით გამოგასწორებ“ (იერემია 30:11).a
a მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს jw.org. იხილეთ ბიბლიური სწავლებები > წყვილები და მშობლები და წაიკითხეთ სტატიები: „რა უნდა გახსოვდეთ შვილების აღზრდისას?“, „როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვი ისტერიკაში ვარდება“, „ჩაუნერგეთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები“ და „როგორ ვასწავლოთ შვილებს მორჩილება“.