იყავ გაბედული!
«გამხნევებულნი ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე“» (ებრაელთა 13:6).
ეს იყო ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში. დიდი ხნის ნანატრი მესია მოვიდა. მან კარგად დამოძღვრა თავისი მოწაფეები და დაიწყო მნიშვნელოვანი სამქადაგებლო საქმიანობა. ხალხისთვის დადგა დრო, გაეგოთ ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა. ამიტომ, მამაკაცები და ქალები, ვინც ისწავლა ჭეშმარიტება, გაბედულად აცხადებდნენ ამ შესანიშნავ ცნობას (მათე 28:19, 20).
2 იმ დღეებში სამეფო არ იყო დამყარებული. მაგრამ დანიშნულმა მეფემ, იესო ქრისტემ, იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი, უხილავი თანდასწრების შესახებ, რომლის დროსაც მას სამეფო ძალაუფლება ექნებოდა. მისთვის დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო ისეთი მოვლენები, როგორიცაა შეუდარებელი ომი, შიმშილი, ეპიდემიები, მიწისძვრები და კეთილი ცნობის ქადაგება მთელ მსოფლიოში (მათე 24:3–14; ლუკა 21:10, 11). როგორც იეჰოვას მოწმეებს, ჩვენ გვესაჭიროება გაბედულობა, რომ თავი გავართვათ ამ მდგომარეობებსა და დევნას, რომელსაც ვხვდებით. ამიტომ, სასარგებლო იქნება, განვიხილოთ ბიბლიური ცნობები ახალი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის სამეფოს მაუწყებლების გაბედულობის შესახებ.
გაბედულობა, რომ მივბაძოთ ქრისტეს
3 იესო ქრისტემ მოგვცა გაბედულობის საუკეთესო მაგალითი. მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანობამდელი „ღრუბელი“ მოიხსენია, ყურადღება გაამახვილა იესოზე და თქვა: „ამიტომ ჩვენც, როცა ირგვლივ მოწმეთა ღრუბელი გვაქვს, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა, და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს — იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. იფიქრეთ იმაზე, ვინც მოითმინა ესოდენი სიძულვილი ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულდაძაბუნებულნი“ (ებრაელთა 12:1–3).
4 იესო თავისი მონათვლის, უდაბნოში 40 დღის განმავლობაში ფიქრის, ლოცვისა და მარხვის შემდეგ გაბედულად შეეწინააღმდეგა სატანას. ეშმაკის მიერ შემოთავაზებულ ცდუნებას, ქვები პურებად გადაექცია, იესო არ აჰყვა, რადგან არასწორი იყო სასწაულის მოხდენა პირადი სურვილის დაკმაყოფილებისთვის. „დაწერილია, — თქვა იესომ, — რომ არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“. როცა სატანა აცდუნებდა, გადმოვარდნილიყო ტაძრის ქიმიდან, იესომ უარყო ეს, რადგან ცოდვა იქნებოდა, გამოეცადა ღმერთი, გადაარჩენდა თუ არა შესაძლებელი თვითმკვლელობისაგან. ამის საპასუხოდ იესომ განაცხადა: „ასევე დაწერილია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი’ “. შემდეგ სატანამ შესთავაზა ქვეყნიერების ყველა სამეფო, თუ ერთხელ ‘სცემდა მას თაყვანს’, მაგრამ იესო არ განუდგა ღმერთს და გააბათილა ეშმაკის სიტყვები, რომელიც ამბობდა რომ ადამიანები გამოცდისას არ დარჩებოდნენ ღმერთის ერთგულნი. ამიტომ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’ “. ასე რომ, მაცდური დროებით „გაშორდა მას“ (მათე 4:1–11; ლუკა 4:13).
5 იესო ემორჩილებოდა იეჰოვას და ეწინააღმდეგებოდა სატანას. თუ კი ჩვენც ‘დავემორჩილებით ღმერთს, წინაღვუდგებით ეშმაკს, გაიქცევა ჩვენგან’ (იაკობი 4:7). იესოს მსგავსად, შეგვიძლია გაბედულად გავუძლოთ ცდუნებას, თუ ვიყენებთ წერილებს, შესაძლოა, ციტატებიც კი მოგვყავს, როცა რაიმე ცოდვის ჩადენის წინაშე ვდგავართ. ავყვებით თუ არა ცდუნებას, ვიქურდოთ, თუ იმ დროს ჩვენს თავს ვუმეორებთ ღმერთის კანონს: „არ მოიპარო“ ? ამის მსგავსად, ორი ქრისტიანი ჩაიდენს თუ არა სექსუალურ უზნეობას, თუ ერთ-ერთი მათგანი მაინც გაბედულად იმეორებს: „არ იმრუშო“ ? (რომაელთა 13:8–10; გამოსვლა 20:14, 15).
6 იმ დროს, როცა წუთისოფელს სძულს ქრისტიანები, შეგვიძლია თავი ავარიდოთ მის სულსა და ცოდვილ მოქმედებას. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით. მე ვძლიე წუთისოფელს“ (იოანე 16:33). მან გაიმარჯვა წუთისოფელზე იმით, რომ არ გახდა მისი მსგავსი. ქრისტეს, როგორც წუთისოფლის მძლეველისა და უმწიკვლოების დამცველის მაგალითს შეუძლია გაბედულობა შეგვმატოს, რომ მივბაძოთ მას, დავრჩეთ ამ წუთისოფლისაგან გამოყოფილნი და უბიწონი (იოანე 17:16).
გაბედულობა, რომ გააგრძელო ქადაგება
7 იესო და მისი მოციქულები მინდობილი იყვნენ ღმერთზე, რომ მისგან მიეღოთ გაბედულება, რათა გაეგრძელებინათ ქადაგება, დევნის მიუხედავად. ქრისტეს დევნიდნენ, მაგრამ მან გაბედულად შეასრულა მსახურება და ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის ზეიმის შემდეგ მისმა დევნილმა მიმდევრებმა გააგრძელეს კეთილი ცნობის ქადაგება, თუმცა იუდეველთა რელიგიის წინამძღოლები ცდილობდნენ მათ შეჩერებას (საქმეები 4:18–20; 5:29). მოწაფეები ლოცულობდნენ: „დაინახე უფალო, მათი მუქარა და მიეცი შენს მონებს ძალა მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა“. და რა მოხდა? „როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, — ამბობს ბიბლია, — და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“ (საქმეები 4:24–31).
8 ვინაიდან ხალხის უმრავლესობა დღეს არ იღებს კეთილ ცნობას, ხშირად, საჭიროა გამბედაობა, რომ გავაგრძელოთ მათთან ქადაგება. იეჰოვას მსახურები, განსაკუთრებით, დევნის დროს საჭიროებენ ღმერთისგან ბოძებულ გაბედულობას, რათა სრულად დაამოწმონ (საქმეები 2:40; 20:24). ასე რომ, სამეფოს გაბედულმა მაუწყებელმა, პავლემ, უთხრა ახალგაზრდა, ნაკლებად გამოცდილ თანამშრომელს: „ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავებისა. მაშ, ნუ შეგრცხვება ჩვენი უფლის დამოწმებისა, ასევე ნურც ჩემი, მისი პატიმრისა, არამედ იტანჯე ჩემთან ერთად სახარებისათვის ღვთის ძალით“ (2 ტიმოთე 1:7, 8). თუ ვლოცულობთ, რომ ვიყოთ გაბედულები, შევძლებთ ქადაგების გაგრძელებას და, როგორც სამეფოს მაუწყებლებს, დევნაც კი ვერ წაგვართმევს სიხარულს (მათე 5:10–12).
გაბედულობა, რომ იეჰოვას მხარე დაიკავო
9 პირველ საუკუნეში ბევრმა ებრაელმა და წარმართმა გაბედულად მიატოვა არაბიბლიური ტრადიციები, რომ გამხდარიყვნენ ქრისტეს მონათლული მიმდევრები. მალევე, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის ზეიმის შემდეგ „ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას“ (საქმეები 6:7). იმ ებრაელებს ჰქონდათ გაბედულობა, რომ კავშირი გაეწყვიტათ ცრუ რელიგიასთან და მიეღოთ იესო, როგორც მესია.
10 ახალი წელთაღრიცხვით 36 წლის დასაწყისში მრავალი წარმართი გახდა მორწმუნე. როცა კორნელიოსმა, მისმა ოჯახის წევრებმა და სხვა წარმართებმა გაიგეს კეთილი ცნობა, დაუყოვნებლივ მიიღეს ის, აღივსნენ სულიწმიდით და ‘მოინათლნენ იესო ქრისტეს სახელით’ (საქმეები 10:1–48). ფილიპეში ციხის წარმართმა ზედამხედველმა და მისმა ოჯახის წევრებმა სწრაფად მიიღეს ქრისტიანობა და „მოინათლნენ ის და ყველა მისიანი“ (საქმეები 16:25–34). გაბედულობა იყო საჭირო, რომ მათ ასეთი ნაბიჯი გადაედგათ, რადგან ქრისტიანები დევნილი იყვნენ და წარმოადგენდნენ არაპოპულარულ უმცირესობას. ეს ჯერ კიდევ ასეა. მაგრამ თუ შენ ღმერთისთვის ჯერ არ მიგიძღვნია თავი და არ მონათლულხარ, ხომ არ არის დრო, რომ გაბედულად გადადგა ეს ნაბიჯი?
გაბედულობა დაყოფილ ოჯახში
11 ევნიკემ და მისმა ძემ ტიმოთემ რწმენის გაბედულად გამოვლენის მშვენიერი მაგალითები დაგვიტოვეს რელიგიურად დაყოფილ ოჯახთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ევნიკეს ჰყავდა წარმართი ქმარი, მან თავის ძეს სიყრმიდანვე ასწავლა „საღვთო წერილები“ (2 ტიმოთე 3:14–17). ქრისტიანად გახდომისთანავე მან ‘წრფელი რწმენა’ გამოავლინა (2 ტიმოთე 1:5). მას ასევე ჰქონდა გაბედულობა, რომ ქრისტიანული რწმენა გადაეცა ტიმოთესთვის იმ დროს, როცა პატივს სცემდა თავისი წარმართი ქმრის მეთაურობას. რა თქმა უნდა, მისი რწმენა და გაბედულობა დაჯილდოვდა, როცა მისი კარგად დამოძღვრილი ძე ამორჩეული იყო პავლეს თანამსახურად მისიონერული მოგზაურობის დროს. როგორ ამხნევებს ეს იმ ქრისტიან მშობლებს, ვინც მსგავს მდგომარეობაშია!
12 თუმცა ტიმოთე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში იზრდებოდა, გაბედულად მიიღო ქრისტიანობა და გახდა სულიერი პიროვნება, ვის შესახებაც პავლეს შეეძლო ეთქვა: „ვიმედოვნებ ჩვენ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ [ფილიპელებს] ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით. ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. . . თქვენ გამოცდილი გყავთ იგი, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე ჩემთან ერთად ემსახურებოდა სახარებას“ (ფილიპელთა 2:19–22). დღეს მრავალი ახალგაზრდა რელიგიურად დაყოფილ ოჯახში გაბედულად იღებს ჭეშმარიტ ქრისტიანობას. ტიმოთეს მსგავსად, ისინიც ამტკიცებენ თავიანთ ერთგულებას და რაოდენ გვიხარია, რომ ისინი იეჰოვას ორგანიზაციაში არიან!
გაბედულება, რომ ‘თავი გავწიროთ’
13 აკვილამ და მისმა ცოლმა, პრისკილამ, მაგალითი დაგვიტოვეს იმით, რომ გაბედულად ‘სწირავდნენ თავს’ თანამორწმუნისთვის. მათ სახლში მიიღეს პავლე, მუშაობდნენ მასთან ერთად, კარვებს აკეთებდნენ და ეხმარებოდნენ მას კორინთში კრების ჩამოყალიბებაში (საქმეები 18:1–4). მათ 15 წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში საფრთხეშიც კი ჩაიგდეს თავი მისი გულისათვის. ბიბლიაში მოხსენიებული არ არის, თუ რა გააკეთეს მათ. მაგრამ როცა ისინი რომში ცხოვრობდნენ, პავლემ იქაურ ქრისტიანებს უთხრა: „მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში, რომელნიც თავს სწირავდნენ ჩემი სიცოცხლისათვის და, რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ეკლესიებიც“ (რომაელთა 16:3, 4).
14 იმით, რომ თავს სწირავდნენ პავლესთვის, აკვილა და პრისკილა მოქმედებდნენ იესოს სიტყვების თანახმად: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი“ (იოანე 13:34). ეს მცნება „ახალი“ იყო იმით, რომ აღემატებოდა მოსეს რჯულის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც პიროვნებას უნდა ყვარებოდა თავისი ახლობელი, როგორც საკუთარი თავი (ლევიანნი 19:18). ეს მოითხოვდა ისეთ თავგანწირულ სიყვარულს, რომლის მქონე ადამიანიც არ დაიშურებდა სიცოცხლეს სხვებისთვის, როგორც ეს გააკეთა იესომ. ახალი წელთაღრიცხვით II—III საუკუნეების მწერალმა, ტერტულიანემ, აღნიშნა ქრისტიანების დასახასიათებლად წარმოთქმული ქვეყნიური ხალხის სიტყვები: «ისინი ამბობენ: „ნახეთ, როგორ უყვართ ერთმანეთი. . . და როგორ მზად არიან, მოკვდნენ კიდეც ერთმანეთისთვის“» („აპოლოგეტები“, [Apology], თავი XXXIX, 7). მოდი, განსაკუთრებით დევნის დროს ჩავთვალოთ ვალდებულად თავი, გამოვავლინოთ ძმური სიყვარული ჩვენი სიცოცხლის გაბედულად გაწირვით, რათა არ გავცეთ თანამორწმუნეები, რომ დაექვემდებარონ სასტიკ მოპყრობას ან სიკვდილს (1 იოანე 3:16).
გაბედულობას მოაქვს სიხარული
15 პევლემ და სილამ დაამტკიცეს, რომ მრავალი განსაცდელისას გაბედულობის გამოვლენას მოაქვს სიხარული. ქალაქ ფილიპეს მთავრების ბრძანებით ისინი სახალხოდ სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მაგრამ ისინი არ მოიცვა მწუხარე შიშმა. მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მათ ჯერ კიდევ ჰქონდათ ღმერთისგან ბოძებული გაბედულობა და სიხარული, რასაც ის აძლევს ერთგულ ქრისტიანებს.
16 შუაღამით პავლე და სილა ლოცულობდნენ და უგალობდნენ ღმერთს. მოულოდნელად, მიწისძვრამ შეარყია ციხე, მათ დასცვივდათ ბორკილები და გაიღო კარებები. საპყრობილის ზედამხედველმა და მისმა ოჯახმა მიიღეს გაბედული დამოწმება, რის შედეგადაც ისინი მოინათლნენ, როგორც იეჰოვას მსახურები. ის თვითონვე „ხარობდა მთელ თავის სახლობასთან ერთად, რომ იწამა ღმერთი“ (საქმეები 16:16–34). რა სიხარული უნდა მოეტანა პავლესა და სილასთვის ამას! გაბედულობის შესახებ ამ შემთხვევისა და სხვა ბიბლიური მაგალითების განხილვით, ჩვენ, იეჰოვას მსახურებმა, როგორ შეგვიძლია შევინარჩუროთ გაბედულობა?
კვლავაც იყავ გაბედული
17 იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარება, დავრჩეთ გაბედული. დავითი გალობდა: „მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი“ (ფსალმუნი 26:14). დავითი რომ ენდობოდა იეჰოვას, როგორც თავისი სიცოცხლის ‘ბურჯს’, გვიჩვენებს 26-ე ფსალმუნი (1-ლი მუხლი). როცა დავითი ხედავდა, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი მის მოწინააღმდეგეებს წარსულში, გაბედულობა ეძლეოდა (მე-2, მე-3 მუხლები). მადლიერება იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრის გამო იყო სხვა ფაქტორი, რომ გაბედული დარჩენილიყო (მე-4 მუხლი). იეჰოვას დახმარებაზე, მფარველობასა და მისგან ხსნაზე მინდობამ დავითს გაბედულობა შემატა (მე-5 — მე-10 მუხლები). ასევე, დამხმარე იყო ის, რომ აგრძელებდა იეჰოვას სამართლიანი პრინციპების სწავლას (მე-11 მუხლი). რწმენასა და იმედთან ერთად ნდობით სავსე ლოცვა მტრებისაგან დახსნაზე დაეხმარა დავითს, ყოფილიყო გაბედული (მე-12 — მე-14 მუხლები). ჩვენც ამის მსგავსად შეგვიძლია გავზარდოთ გაბედულობა, რითაც ვაჩვენებთ, რომ ჭეშმარიტად ‘ვენდობით უფალს’.
18 იეჰოვას თაყვანისმცემლებთან რეგულარულ ურთიერთობას შეუძლია დაგვეხმაროს, რომ დავრჩეთ გაბედული. როცა პავლემ კეისრის სამსჯავრო მოითხოვა და გაემგზავრა რომში, აპიუსის მოედანთან და სამდუქანთან შეხვდნენ თანამორწმუნეები. „ისინი რომ დაინახა პავლემ, — გვამცნობს ბიბლია, — ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქმეები 28:15). რამდენადაც ქრისტიანულ შეხვედრებს რეგულარულად ვესწრებით, ვითვალისწინებთ პავლეს რჩევას: „ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს [გავამხნევოთ ერთმანეთი, აქ]. და, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრაელთა 10:24, 25). რას ნიშნავს, გავამხნევოთ ერთმანეთი? გავამხნევოთ ნიშნავს „აღავსო მხნეობით, სულით ან იმედით“ („უებსტერის ახალი ლექსიკონის მეცხრე გამოცემა“, [Webster’s Ninth New Collegiate Dictionary]). მრავალი რამე შეგვიძლია გავაკეთოთ, რათა სხვა ქრისტიანებში ჩავნერგოთ გაბედულობა, ხოლო მათგან გამომდინარე გამხნევება მსგავსად განამტკიცებს ამ თვისებას ჩვენშიც.
19 გაბედულობა რომ შევინარჩუნოთ, რეგულარულად უნდა შევისწავლოთ ღმერთის სიტყვა და მისი რჩევა ცხოვრებაში გამოვიყენოთ (მეორე რჯული 31:9–12; იესო ნავეს ძე 1:8). რეგულარულ შესწავლაში ჩართული უნდა გვქონდეს ბიბლიაზე დაფუძნებული ქრისტიანული პუბლიკაციები, რადგან შემოთავაზებული გონივრული რჩევა დაგვეხმარება, რომ რწმენის გამოცდას შევხვდეთ ღმერთისგან ბოძებული გაბედულობით. ბიბლიის ჩანაწერებიდან დავინახეთ, როგორი გაბედულები იყვნენ იეჰოვას მსახურები სხვადასხვა სიტუაციებში. შესაძლოა, ახლა არც კი ვიცით, როგორ დაგვეხმარება ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ღმერთის სიტყვას აქვს ძალა და რასაც მისგან ვსწავლობთ, სასარგებლოა ჩვენთვის (ებრაელთა 4:12). მაგალითად, თუ ადამიანებისადმი შიში დაიწყებს ჩვენს მსახურებაზე გავლენის მოხდენას, შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორი გაბედულობა ჰქონდა ენოქს, გაეცხადებინა ღმერთის ცნობა უღვთოებისთვის (იუდა 14, 15).
20 როგორც იეჰოვას მსახურები, გაბედული რომ დავრჩეთ, მდგრადნი უნდა ვიყოთ ლოცვაში (რომაელთა 12:12). იესომ თავისი განსაცდელი გაბედულად მოითმინა, რადგან მან „ძლიერი ღაღადით და ცრემლებით შესწირა ლოცვა და ვედრება მას, სიკვდილისაგან მისი დახსნის შემძლეს, და შესმენილ იქნა იგი ღვთისმოშიშების გამო“ (ებრაელთა 5:7). თუ ღმერთს ლოცვით მივუახლოვდებით, არ დავემსგავსებით ქვეყნიურ მშიშრებს, რომლებისთვისაც წინასწარაა დანიშნული „მეორე სიკვდილი“, საიდანაც არ არის აღდგომა (გამოცხადება 21:8). ღვთიურ მფარველობასა და ღმერთის ახალ ქვეყნიერებაში სიცოცხლეს მიიღებენ მისი გაბედული მსახურები.
21 როგორც იეჰოვას ერთგულ მოწმეებს, აღარ უნდა გვეშინოდეს მტრების, რომლებიც ან დემონებს, ან ადამიანებს წარმოადგენენ, რადგან გვაქვს მხარდაჭერა ღმერთისაგან და იესოს, ქვეყნიერების მძლეველის, გაბედულობის მაგალითი. სულიერად გამაძლიერებელი ურთიერთობა იეჰოვას ხალხთან მსგავსად გვეხმარება, ვიყოთ გაბედული. ჩვენი გაბედულობა ასევე იზრდება ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების ხელმძღვანელობითა და რჩევით. ბიბლიური ცნობები ღმერთის ადრინდელ მსახურთა შესახებ დაგვეხმარება, გაბედულად ვიაროთ მის გზაზე. ამ უკანასკნელი, საზარელი ჟამისა და ნებისმიერი გაჭირვების მიუხედავად, მოდი, გაბედულად ვიაროთ წინ, რომ შევასრულოთ წმინდა მსახურება. დიახ, დაე, იეჰოვას მთელი ხალხი გაბედული იყოს!
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ შეუძლია იესოს მაგალითს, აგვავსოს გაბედულობით?
◻ რა აძლევდა გაბედულობას იესოსა და მის მოწაფეებს, რომ გაეგრძელებინათ ქადაგება?
◻ რატომ საჭიროებდნენ ებრაელები და წარმართები გაბედულობას, რომ ღმერთის მხარე დაეჭირათ?
◻ გაბედულობის რა მაგალითები მოგვცეს ევნიკემ და ტიმოთემ?
◻ რა არის იმის დამამტკიცებელი, რომ გაბედულობას მოაქვს სიხარული დევნის დროსაც კი?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორი გაბედულობა გამოავლინეს მათ, ვინც ისწავლა ღმერთის ჭეშმარიტება ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში?
2. რატომ საჭიროებენ იეჰოვას მოწმეები გაბედულობას დღეს?
3. ვინ გვაძლევს გაბედულობის საუკეთესო მაგალითს და რა არის ნათქვამი მის შესახებ ებრაელთა 12:1–3-ში?
4. როგორ გამოავლინა იესომ გაბედულობა, როცა სატანა აცდუნებდა?
5. რა დაგვეხმარება, რომ გავუძლოთ ცდუნებას?
6. როგორ იყო იესო წუთისოფლის გაბედული მძლეველი?
7, 8. რა დაგვეხმარება, რომ გავაგრძელოთ ქადაგება, დევნის მიუხედავად?
9, 10. ა) რა მოიმოქმედეს პირველი საუკუნის ებრაელებმა და წარმართებმა, რომ გამხდარიყვნენ ქრისტეს მონათლული მიმდევრები? ბ) რატომ საჭიროებდნენ გაბედულობას, რომ გამხდარიყვნენ ქრისტიანები?
11. გაბედულობის რა მაგალითები დაგვიტოვეს ევნიკემ და ტიმოთემ?
12. როგორი პიროვნება გახდა ტიმოთე და ვინ ამტკიცებს თავის ერთგულებას დღეს მის მსგავსად?
13. როგორ გამოავლინეს აკვილამ და პრისკილამ გაბედულობა?
14. რომელ მცნებასთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ აკვილა და პრისკილა, როდესაც თავს სწირავდნენ პავლესთვის?
15, 16. როგორც საქმეების მე-16 თავშია ნაჩვენები, როგორ შეიძლება გაბედულობა და სიხარული დაკავშირებული იყოს ერთმანეთთან?
17. როგორც ფსალმუნის 26-ე თავში არის ნაჩვენები, რა კავშირშია იეჰოვაზე მინდობა გაბედულობასთან?
18. ა) რა აჩვენებს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლებთან რეგულარული ურთიერთობა დაგვეხმარება, დავრჩეთ გაბედული? ბ) რა როლს თამაშობს ქრისტიანული შეხვედრები, რომ გაბედულობით აღვიჭურვოთ?
19. როგორი კავშირი აქვს საღვთო წერილსა და ქრისტიანულ პუბლიკაციებს გაბედულობის შენარჩუნებასთან?
20. რატომ შეიძლება ითქვას, რომ თუ გვსურს დავრჩეთ იეჰოვას გაბედული მსახურები მნიშვნელოვანია ლოცვა?
21. რატომ შეუძლიათ იეჰოვას ერთგულ მოწმეებს, იყვნენ გაბედული?