დახმარება დაძაბულობის შესამცირებლად
«მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ [„გამოგაცოცხლებთ“, აქ] თქვენ» (მათე 11:28).
1, 2. ა) როგორ გვეხმარება ბიბლია მეტისმეტი დაძაბულობის შემსუბუქებაში? ბ) რამდენად ეფექტური იყო იესოს სწავლებები?
ალბათ, არ უარყოფთ იმას, რომ ზედმეტი დაძაბულობა საზიანოა. მეტისმეტი დაძაბულობა, არსებითად, ტანჯვაა. ბიბლია გვიჩვენებს, რომ კაცობრიობა იმდენად დამძიმებულია სხვადასხვა საქმიანობით, რომ ბევრი მოუთმენლად ელის ხსნას დღევანდელი დაძაბული ცხოვრებისგან (რომაელთა 8:20—22). მაგრამ ბიბლია იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია, დღესვე, საგრძნობლად შევიმსუბუქოთ ტანჯვა. ამას მაშინ მივაღწევთ, თუ იმ ახალგაზრდა მამაკაცის რჩევებსა და მაგალითს გავითვალისწინებთ, რომელიც ოცი საუკუნის წინათ ცხოვრობდა. ის დურგალი იყო, მაგრამ თავის ხელობაზე მეტად ხალხი უყვარდა. ის პირდაპირ იზიდავდა ადამიანთა გულებს, ზრუნავდა მათზე, ეხმარებოდა უძლურებს და ანუგეშებდა დამწუხრებულებს. უფრო მეტიც, ბევრს ეხმარებოდა, რათა სულიერად მოწიფულიყვნენ. ამის წყალობით ისინი მეტისმეტი დაძაბულობისგან შვებას გრძნობდნენ, რაც ჩვენთვისაც შესაძლებელია (ლუკა 4:16—21; 19:47, 48; იოანე 7:46).
2 ამ კაცს, იესო ნაზარეველს, არ უხელმძღვანელია აკადემიური განათლებით, რომლისკენაც ისწრაფვოდნენ ძველ რომში, ათენსა თუ ალექსანდრიაში. მიუხედავად ამისა, მისმა სწავლებებმა შორს გაითქვა სახელი. ამ სწავლებებს საერთო თემა აერთიანებს — მთავრობა, რომელსაც ღმერთი გამოიყენებს იმისათვის, რომ წარმატებით მართოს დედამიწა. იესო განმარტავდა ძირითად ცხოვრებისეულ პრინციპებსაც, რომლებიც ფასდაუდებელია ჩვენს დროში. ისინი, ვინც ეცნობა და ცხოვრებაში იყენებს იესოს სწავლებებს, მაშინვე გრძნობენ, რომ ეს სწავლებები არა მარტო სასარგებლოა, არამედ მეტისმეტი დაძაბულობის შემამცირებელიც. განა ეს მიმზიდველი არ არის?
3. რომელი შესანიშნავი მოწვევით მოგვმართავს იესო?
3 ვინმე იქნებ დაეჭვდეს კიდეც: „განა ის კაცი, რომელიც ასე დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, შეძლებს ჩემს ცხოვრებაზე რეალური გავლენის მოხდენას?“. მაშ, მოდი იესოს მოწვევას დავუგდოთ ყური: «მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ [„გამოგაცოცხლებთ“, აქ] თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი საამურია და ჩემი ტვირთი — მსუბუქი» (მათ. 11:28—30). რის თქმა სურდა ამით იესოს? დაწვრილებით განვიხილოთ ეს სიტყვები და გავარკვიოთ, როგორ გაგვიწევენ დახმარებას აუტანელი დაძაბულობის შემსუბუქებაში.
4. ვის მიმართავდა იესო, და რატომ შეიძლებოდა გასჭირვებოდათ მის მსმენელებს იმის შესრულება, რაც მოეთხოვებოდათ?
4 იესო მიმართავდა მრავალ ადამიანს, ვინც ყველაფრის კანონიერად შესრულებას შეუპოვრად ცდილობდა, მაგრამ ისინი მაინც ‘ტვირთდამძიმებულნი’ იყვნენ, რადგან რელიგიურმა წინამძღოლებმა რელიგია მძიმე ტვირთად უქციეს (მათე 23:4). ისინი, ძირითადად, ყურადღებას ამახვილებდნენ უსასრულო წესებზე, რომლებიც ლამის ცხოვრების თითოეულ კუთხე-კუნჭულს აკონტროლებდნენ. ნუთუ ადვილია გამუდმებით იმის მოსმენა, თუ რა არ უნდა აკეთო? იესო კი ხალხს იწვევდა ჭეშმარიტებისკენ, სიმართლისკენ, უკეთესი ცხოვრებისკენ, რაც იმის წყალობით იქნებოდა შესაძლებელი, თუ მოუსმენდნენ მას. დიახ, ჭეშმარიტ ღმერთს რომ გასცნობოდნენ, ყურადღება იესო ქრისტესთვის უნდა მიექციათ, რადგან მხოლოდ მისი მაგალითიდან ხედავდნენ — და ახლაც ხედავენ — როგორია იეჰოვა. იესომ თქვა: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (იოანე 14:9).
თქვენც ხომ არ გაქვთ მეტისმეტად დაძაბული ცხოვრება?
5, 6. რით ჰგავს ერთმანეთს იესოს დროინდელი და ახლანდელი შრომის პირობები და ხელფასები?
5 თუ სამუშაო ან ოჯახში შექმნილი სიტუაცია მძიმე ტვირთად გაწვებათ, მაშინ ეს კითხვა, ალბათ, თქვენც შეგეხებათ. შესაძლოა ისეთი მოვალეობების შესრულება გიწევთ, რომლებიც მძიმე ტვირთად გაწვებათ. თუ ეს ასეა, იესო სწორედ თქვენნაირ გულწრფელ ადამიანებს ხვდებოდა და ეხმარებოდა. ავიღოთ, მაგალითად, საარსებოდ ფულის შოვნა. დღეს ეს ძალიან ბევრისთვის სირთულეს წარმოადგენს, ასე იყო იესოს დროსაც.
6 მაშინ მუშა კვირაში 6 დღე, დღეში კი 12 საათი შრომობდა და, როგორც წესი, დღეში სულ 1 დინარს იღებდა (მათე 20:2—10). ეს ბევრია თუ ცოტაა თქვენს ან თქვენი მეგობრების ხელფასთან შედარებით? ძნელია თანამედროვე ხელფასთან იმ ხელფასის შედარება, ძველად რომ იყო. მაგალითად, შევადაროთ ძველი ფულისა და თანამედროვე ფულის მსყიდველობითი უნარი. როგორც ერთი სწავლული ამბობს, იესოს დროს 4 ფინჯანი ხორბლის ფქვილისგან გამომცხვარი ერთი პურის ფასი დაახლოებით ერთი საათის სამუშაოს საფასურს უდრიდა. სხვა სწავლულის მონაცემების თანახმად, ერთი ფიალა კარგი ღვინისათვის დაახლოებით ორი საათი უნდა ეშრომათ. როგორც აქედან ჩანს, იმხანად საარსებოდ ფულს მძიმე შრომით შოულობდნენ, დღის განმავლობაში მრავალი საათი შრომობდნენ. ხალხს შვება და ძალების განახლება სჭირდებოდა — როგორც ჩვენ. თუ თქვენ მუშაობთ, შეიძლება უფრო მეტის კეთება მოგთხოვონ. ხშირად დრო არ გვყოფნის აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილების მისაღებად. ამიტომაც შესაძლოა შვება გწყურიათ.
7. როგორი გამოხმაურება ჰპოვა იესოს სიტყვებმა?
7 იესოს მოწვევამ, რომელიც ეხებოდა ყველას, ვინც „მაშვრალი და ტვირთმძიმე“ იყო, უდავოდ, უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა მაშინ (მათე 4:25; მარკოზი 3:7, 8). გავიხსენოთ, რომ იესო ხალხს აგრეთვე ჰპირდებოდა: «მე მოგასვენებთ [„გამოგაცოცხლებთ“, აქ] თქვენ». ეს დაპირება დღესაც ძალაში რჩება. თუ „მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ ვართ, ეს ჩვენც გვეხება. ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვენს ნათესავებსაც და ახლობლებსაც, რომლებიც შესაძლოა მსგავს მდგომარეობაში არიან.
8. როგორ ზრდის დაძაბულობას შვილების აღზრდა და ხანდაზმულობა?
8 ადამიანები სხვა ტვირთსაც ეზიდებიან. მაგალითად, შვილების აღზრდა ერთ-ერთი საკმაოდ რთული ამოცანაა. კაცმა რომ თქვას, არც ბავშვებს ულხინთ. ყველა ასაკის სულ უფრო მეტ ადამიანს ტანჯავს ფსიქიკური და ფიზიკური დაავადებები. თუმცა დღეს, საერთო ჯამში, ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ, სამედიცინო მიღწევების მიუხედავად, ხანდაზმულები განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებიან (ეკლესიასტე 12:1).
უღელქვეშ
9, 10. რის სიმბოლოს წარმოადგენდა ძველად უღელი და რატომ მოუწოდებდა იესო ხალხს, მისი უღელი ეტვირთათ?
9 ალბათ, შენიშნეთ, რომ მათეს 11:28, 29-ში იესომ თქვა: „იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან“. იმხანად უბრალო ადამიანი, შესაძლოა, ისე გრძნობდა თავს, თითქოს ხარივით უღელქვეშ მუშაობსო. ჯერ კიდევ ძველად სიტყვა „უღელი“ მონობისა თუ დამონების სიმბოლოდ გამოიყენებოდა (დაბადება 27:40; ლევიანნი 26:13; მეორე რჯული 28:48). იესოს ნანახი ჰყავდა მრავალი მუშა, რომელთაც ერთი დღისთვის ქირაობდნენ, უღელს ადგამდნენ მხრებზე და აზიდვინებდნენ ხოლმე მძიმე ტვირთს. იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყო უღელი გაკეთებული, ან მოსახერხებელი სატარებელი იყო, ან კისერსა და მხრებს გადაიყვლეფდა კაცი. იესო, იმის გამო, რომ დურგალი იყო, შესაძლოა აკეთებდა კიდეც უღლებს და იცოდა, როგორ გაეკეთებინა ‘ადვილად სატარებელი’ უღელი. უღლის იმ ადგილებს, რომლებიც სხეულს ეხებოდა, შესაძლოა, ტყავს ან ქსოვილს შემოაკერებდა ხოლმე, რომ უღელი შეძლებისდაგვარად მოხერხებული ყოფილიყო.
10 როცა თქვა, ჩემი უღელი იტვირთეთო, იესო, შესაძლოა, თავის თავს იმ ადამიანს ადარებდა, ვინც ხალხს ‘ადვილად სატარებელ’, ხარისხიან უღლებს სთავაზობდა. ამიტომ იესომ დაამატა: „ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (აფ). ეს იმას ნიშნავდა, რომ ასეთ უღელქვეშ მუშაობა არ იქნებოდა არასასიამოვნო და არც სამუშაო იქნებოდა მონური. იესო, როცა თავის მსმენელებს თავისი უღლის სატარებლად მოუწოდებდა, არ სთავაზობდა იმ დროისათვის არსებული ყველა ცხოვრებისეული ტვირთისგან დაუყოვნებელ გათავისუფლებას. მაგრამ ადამიანები დიდ შვებას იგრძნობდნენ, თუ ისე დაიწყებდნენ აზროვნებას, როგორც იესო ასწავლიდა. ისინი სიმსუბუქეს იგრძნობდნენ, თუკი არა მარტო ცხოვრების წესს შეიცვლიდნენ, არამედ — თავიანთი საქმეების კეთების ჩვევებსაც. უფრო მეტიც, ნათელი და მტკიცე იმედის წყალობით მათი ცხოვრება ნაკლებად დაძაბული იქნებოდა.
გამოცოცხლება შესაძლებელია
11. რატომ არ სთავაზობდა იესო ხალხს ერთი უღლით მეორე უღლის შეცვლას?
11 ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იესო ხალხს არ სთავაზობდა ერთი უღლით მეორე უღლის შეცვლას. ქვეყანაში კვლავინდებურად რომის ხელისუფლება იქნებოდა გაბატონებული, ისევე როგორც დღეს ბატონობენ მთავრობები იმ ქვეყნებში, სადაც ქრისტიანები ცხოვრობენ. არც რომაული დაბეგვრის სისტემა გაუქმდებოდა; დაავადებებიცა და ხელმოკლეობაც ისევ იარსებებდა; ადამიანები კვლავაც არასრულყოფილებისა და ცოდვის ტყვეობაში იქნებოდნენ. და მაინც, თუ იესოს სწავლებას გაიზიარებდნენ, შვებას პოვებდნენ, რაც ჩვენთვისაც შესაძლებელია.
12, 13. იესოს სიტყვების თანახმად, როგორ არის შესაძლებელი გამოცოცხლება, და როგორ გამოეხმაურა ზოგი მის მოწოდებას?
12 ნათელი იყო, რომ უღლის მაგალითი ბევრად უკავშირდებოდა მოწაფეთა მომზადების საქმეს. უეჭველად, იესოს საქმიანობა, უმთავრესად, ის იყო, რომ სხვებს ასწავლიდა, თანაც ძირითად ყურადღებას ღვთის სამეფოს აქცევდა (მათე 4:23). ამიტომ, როცა თქვა, ჩემი უღელი იტვირთეთო, ამას, უსათუოდ, ის მნიშვნელობა ექნებოდა, რომ მის ნაკვალევს გავყოლოდით და იმავე საქმიანობაში მიგვეღო მონაწილეობა. სახარებებში იმის შესახებ ვკითხულობთ, თუ როგორ ეხმარებოდა იესო გულწრფელ ადამიანებს იმ საქმიანობის შეცვლაში, რომელსაც მათ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეჭირა. გავიხსენოთ მოწოდება, რომლითაც პეტრეს, ანდრიას, იაკობსა და იოანეს მიმართა: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“ (მარკოზი 1:16—20). მან ამ მეთევზეებს დაანახვა, თუ როგორი სასიამოვნო იქნებოდა მათთვის ეს სამუშაო, რომელიც თვითონ იესოსთვის უმთავრესი იყო, და რომელსაც მისი ხელმძღვანელობითა და დახმარებით შეასრულებდნენ.
13 იესოს მსმენელ იუდეველთაგან ზოგმა გაიგო იესოს სიტყვები და გაჰყვნენ მას. წარმოიდგინეთ, რა მოხდა ზღვის სანაპიროზე; ამის შესახებ ლუკას 5:1—11-ში ვკითხულობთ. ოთხი მეთევზე მთელი ღამე შრომობდა და ვერაფერი დაიჭირეს, მაგრამ უეცრად მათი ბადეები გაივსო, რაც შემთხვევით არ მომხდარა; ეს იესომ გააკეთა. ნაპირს რომ გახედეს, მრავალი ადამიანი დაინახეს, რომელთაც იესოს სწავლებების მოსმენა სწყუროდათ. ამით გასაგები ხდებოდა იესოს სიტყვები, რომლებიც იმ ოთხს ეხებოდა: „ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ“. როგორ გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას? „მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას“.
14. ა) როგორ უნდა გამოვცოცხლდეთ ჩვენს დროში? ბ) რომელ გამომაცოცხლებელ სასიხარულო ცნობას აუწყებდა ხალხს იესო?
14 თქვენც შეგიძლიათ ასევე გამოეხმაუროთ იესოს მოწოდებას. ადამიანებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლების საქმე გრძელდება. მთელ მსოფლიოში იეჰოვას დაახლოებით ექვსმა მილიონმა მოწმემ მიიღო იესოს მოწვევა, ‘იტვირთეს [მისი] უღელი’ და ‘ადამიანთა მებადურეები’ გახდნენ (მათე 4:19). ზოგისთვის ეს საქმიანობა სრული დროით მსახურების სახეს იღებს, სხვები კი იმდენს აკეთებენ, რამდენიც შეუძლიათ. ეს საქმიანობა ყველასთვის გამომაცოცხლებელია და მათი ცხოვრება ნაკლებად დაძაბული ხდება. ისინი ხომ იმას აკეთებენ, რაც მოსწონთ — სხვებს ამცნობენ სასიხარულო ამბავს ანუ „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 4:23, აქ). სასიხარულო ამბებზე ლაპარაკი ყოველთვის სასიამოვნოა, ასეთ სასიხარულო ცნობაზე ლაპარაკი კი, მით უმეტეს, უფრო სასიამოვნოა. ბიბლიაში მოცემულია ძირითადი მასალა, რომელიც აუცილებელია სხვების დასარწმუნებლად იმაში, რომ შესაძლებელია ნაკლებად დაძაბული ცხოვრება (2 ტიმოთე 3:16, 17).
15. როგორ უნდა ისარგებლოთ იესოს სწავლებებით ცხოვრებასთან დაკავშირებით?
15 იმ ადამიანებმა, რომლებმაც ახლახან შეიძინეს ცოდნა ღვთის სამეფოს შესახებ, გარკვეულწილად, უკვე მიიღეს სარგებლობა იესოს სწავლებებიდან. ბევრი დარწმუნებით იტყოდა, რომ იესოს სწავლებებმა გამოაცოცხლა და ხელი შეუწყო ახალი ცხოვრების დაწყებაში. შეგიძლიათ თვითონ დარწმუნდეთ ამაში, თუ განიხილავთ რამდენიმე ცხოვრებისეულ პრინციპს, რომლებიც გამოხატულია იესოს ცხოვრებისა და მსახურების შესახებ სხვადასხვა მონათხრობში, განსაკუთრებით მათეს, მარკოზისა და ლუკას მიერ დაწერილ სახარებებში.
გზა გამოცოცხლებისა
16, 17. ა) სად ნახულობთ იესოს ზოგ ძირითად სწავლებას? ბ) რა არის აუცილებელი იმისათვის, რომ იესოს სწავლებების გამოყენებით გამოცოცხლდეთ?
16 ახ. წ. 31 წლის გაზაფხული იყო. იესომ ისეთი სიტყვები წარმოთქვა, დღემდე რომ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში. ჩვეულებრივ, ეს მთაზე ქადაგებად იწოდება. ეს ქადაგება მათეს სახარების 5—7 თავებსა და ლუკას სახარების მე-6 თავშია ჩაწერილი და მასში იესოს მრავალი სწავლებაა თავმოყრილი. იესოს სხვა სწავლებებს სახარებების სხვა მონაკვეთებშიც ვნახულობთ. მისი ნათქვამიდან ბევრი რამ გასაგებია, მაგრამ ამის პრაქტიკულად გამოყენება იოლი როდია. კარგი იქნებოდა, თუ ამ თავებს ყურადღებითა და დაკვირვებით წაიკითხავდით. დაე მისი იდეების ძალამ გავლენა მოახდინოს თქვენს აზროვნებასა და განწყობაზე!
17 უდავოდ, იესოს სწავლებათა დაჯგუფება სხვადასხვაგვარად შეიძლება. მოდი ძირითადი სწავლებები ისე გავანაწილოთ, რომ თვის ყოველ დღეზე ერთ-ერთი მათგანი მოდიოდეს, რათა მასზე იფიქროთ ცხოვრებაში მისი გამოყენების მიზნით. როგორ შეიძლება ამის მიღწევა? არასწორი იქნებოდა, უბრალოდ, თვალი გადაგვევლო მათთვის. გავიხსენოთ მდიდარი მთავარი, რომელმაც იესო ქრისტეს ჰკითხა: „რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო“? როცა იესომ ღვთის რჯულის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთხოვნები ჩამოუთვალა, მან უპასუხა, რომ ყოველივე ამას ისედაც ასრულებდა; მაგრამ მას ესმოდა, რომ ეს არ იყო საკმარისი. იესომ მოუწოდა, მეტი ძალ-ღონე მოეხმარა იმისათვის, რომ პრაქტიკულად გამოეყენებინა ღვთის პირნციპები და მისი აქტიური მოწაფე გამხდარიყო. როგორც ჩანს, ეს კაცი მზად არ იყო ასეთი მსხვერპლის გასაღებად (ლუკა 18:18—23). მაშასადამე, ყველას, ვისაც იესოს სწავლებების გაცნობა სურს, იმის დამახსოვრება მართებს, რომ არა მარტო უნდა ეთანხმებოდნენ, არამედ ამ სწავლებებს უნდა იყენებდნენ კიდეც ცხოვრებაში დაძაბულობის შესამცირებლად.
18. განმარტეთ, რა მხრივ შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დართული ჩარჩო?
18 იესოს სწავლებების განსახილველად და გასაზიარებლად ყურადღება მიაქციეთ დართულ ჩარჩოში მოცემულ პირველ პუნქტს. იგი მიგვითითებს მათეს 5:3—9-ზე. ნამდვილად, არც ერთი ჩვენგანი დროს არ დაიშურებდა იმისათვის, რომ ეფიქრა ამ მუხლებში ჩაწერილ შესანიშნავ რჩევა-დარიგებებზე. მაგრამ, თუ მათ თავს მოუყრით, რა დასკვნამდე მიხვიდოდით? რა დაგეხმარებოდათ პირადად თქვენც, თუ ნამდვილად გსურთ გადამეტებული დაძაბულობისგან თავის დაღწევა? როგორ გაიუმჯობესებთ მდგომარეობას, თუ მეტი ყურადღებით მოეკიდებით სულიერ საკითხებს და მათზე ფიქრს უფრო მეტ დროს დაუთმობთ? ხომ არ არის თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც ნაკლები მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ, რათა ყურადღება სულიერ საკითხებზე გაამახვილოთ? თუ ამას უკვე აკეთებთ, უფრო ბედნიერი ინქებით.
19. როგორ გავიუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა და გაგება?
19 მოდი განვაგრძოთ. კარგი იქნებოდა, ეს მუხლები ღვთის სხვა მსახურთან ერთად განგვეხილა, მაგალითად, მეუღლესთან, ნათესავთან ან მეგობართან (იგავნი 18:24; 20:5). ნუ დაგვავიწყდება, რომ მდიდარმა მთავარმა გადაწყვიტა, სულიერი საკითხი განეხილა სხვა ადამიანთან, იესოსთან, ერთად. იესოს პასუხი მას ბევრად უფრო ბედნიერი მომავლისა და ხანგრძლივი სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევდა. მართალია, ძმა ან და, ვისთანაც განიხილავთ ამ მუხლებს, იესოს ვერ შეედრება, მაგრამ მისი სწავლებების შესახებ საუბარი თქვენთვის სასარგებლო იქნება. მაშ, ნუ დააყოვნებთ ამ თემაზე საუბარს.
20, 21. რომელი პროგრამის მიხედვით შეიძლება იესოს სწავლებების ათვისება და როგორ შეგიძლიათ საკუთარი წარმატებების შეფასება?
20 მოდი კიდევ ერთხელ შევავლოთ თვალი დართულ ჩარჩოს „დამხმარე სწავლებები“. ეს სწავლებები ისეა დაჯგუფებული, რომ დღეში, სულ ცოტა, ერთის განხილვა მაინც იყოს შესაძლებელი. თავიდან შეიძლება იმის შესახებ წაიკითხოთ, თუ რის თქმა უნდოდა იესოს აქ მოყვანილ მუხლებში. მერე დაუფიქრდით მის სიტყვებს. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებდით მათ ცხოვრებაში. თუ მიგაჩნიათ, რომ მათ უკვე იყენებთ, დაფიქრდით, როგორ შეიძლებოდა უკეთ გამოგეყენებინათ ღვთისგან შთაგონებული ეს სწავლებები. შეეცადეთ, მისი მიხედვით მოიქცეთ დღის განმავლობაში. თუ გიჭირთ ამა თუ იმ სწავლების გაგება ან იმაში გარკვევა, თუ როგორ შეგიძლიათ მისი პრაქტიკულად გამოყენება, მას კიდევ ერთი დღე დაუთმეთ; მაგრამ აუცილებელი არ არის, სრულყოფილად აითვისოთ ერთი სწავლება და ამის მერე გადახვიდეთ შემდეგ სწავლებებზე. მომდევნო დღეს სხვა სწავლების განხილვა შეიძლება. კვირის ბოლოს შეგიძლიათ გააანალიზოთ, რამდენად კარგად გამოგივიდათ იესოს სწავლებებიდან ოთხისა თუ ხუთის პრაქტიკულად გამოყენება. მეორე კვირას, ყოველდღიურად აითვისეთ სხვა სწავლებებიც. თუ რომელიმე მათგანი ვერ გამოიყენეთ, გულს ნუ გაიტეხთ. ასეთი რამ ყველა ქრისტიანს ემართება (მეორე ნეშტთა 6:36; ფსალმუნი 129:3; ეკლესიასტე 7:20; იაკობი 3:8). მესამე და მეოთხე კვირასაც იმუშავეთ ამ სწავლებებზე.
21 შესაძლოა, ერთ თვეში ოცდათერთმეტივე პუნქტი გაიაროთ. რომც ვერ მოახერხოთ ყველაფრის გავლა, თავს როგორ იგრძნობდით შედეგის გამო? განა უფრო ბედნიერი არ იქნებით, განა არ იგრძნობდით შვებას? თუნდაც მცირე იყოს გაუმჯობესება, დაძაბულობა, ალბათ, შემცირდება ან თქვენ ისწავლით მასთან უკეთ გამკლავებას და იესოს ამ სწავლებების გამოყენებაში გარკვეულ გამოცდილებასაც შეიძენთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ სიაში არ შესულა იესოს სწავლებებიდან კიდევ ბევრი სხვა შესანიშნავი აზრი. კარგი იქნებოდა, თუ მათაც მოძებნიდით და პრაქტიკულად გამოიყენებდით (ფილიპელთა 3:16).
22. რას მივაღწევთ, თუ იესოს სწავლებებს გამოვიყენებთ, და რომელი საკითხი მოითხოვს საგულდაგულო განხილვას?
22 როგორც ხედავთ, იესოს უღელი, მიუხედავად იმისა, რომ მჩატე არ არის, ძალიან მოსახერხებელია. მისი სწავლებებისა და მის მოწაფედ ყოფნის ტვირთი მსუბუქია. ამ აზრს ეთანხმებოდა იესოს ახლო მეგობარი და მოციქული იოანე, რომელიც 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქრისტეს სწავლებებისამებრ ცხოვრობდა: „ვინაიდან ღვთის სიყვარული ისაა, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს. ხოლო მისი მცნებები მძიმე როდია“ (1 იოანე 5:3). თქვენც შეგიძლიათ ამაში დარწმუნდეთ. რაც უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებთ იესოს სწავლებებს, მით უფრო უკეთ დაინახავთ იმას, რომ ის, რაც დღეს მრავალი ადამიანის ცხოვრებას მეტისმეტად ძაბავს, ჩვენ იმდენ ტანჯვას ვერ გვაყენებს. დაინახავთ, რომ ბევრად უფრო გაიოლებული ცხოვრება გექნებათ (ფსალმუნი 33:9). მაგრამ იესოს საამურ უღელთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი უნდა განვიხილოთ. იესომ აგრეთვე თქვა: «მშვიდი [„რბილი ხასიათის“, აქ] და გულით თავმდაბალი ვარ». როგორ უკავშირდება ეს იმას, რასაც იესოსგან ვსწავლობთ და რაშიც მას ვბაძავთ? ამაზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ (მათე 11:29, აფ).
როგორ უპასუხებდით?
• რატომ უნდა მივაპყროთ ყურადღება იესოს, ნაკლებად დაძაბული ცხოვრება რომ გვქონდეს?
• რის სიმბოლო იყო უღელი და რატომ?
• რატომ მოუწოდებდა იესო ხალხს, რომ მისი უღელი ეტარებინათ?
• როგორ გამოვცოცხლდებით სულიერად?
[ჩანართი 14 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეების წლიური მუხლი 2002 წლისათვის: „მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28, აქ).
[ჩარჩო⁄სურათი 12, 13 გვერდებზე]
დამხმარე სწავლებები
რას ვნახულობთ სასარგებლოს მათეს 5—7 თავებში? ეს თავები შეიცავს გალილეის მთის ფერდობზე დიდებული მოძღვრის, იესოს, მიერ წარმოთქმულ სწავლებებს. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი მუხლები თქვენსავე ბიბლიაში და საკუთარ თავს დაუსვით თანდართული კითხვები.
1. 5:3—9 როგორია ჩემი განწყობა ამ მუხლების ფონზე? რა უნდა გავაკეთო, უფრო ბედნიერი რომ გავხდე? როგორ დავუთმო მეტი ყურადღება სულიერ საკითხებს?
2. 5:25, 26 ბევრი მეტოქეობის სულს ავლენს, მაგრამ არის თუ არა ეს კარგი? (ლუკა 12:58, 59).
3. 5:27—30 რას აღნიშნავს იესო ხაზგასმით სექსუალურ ფანტაზიებთან დაკავშირებით? როგორ შევუწყობ ხელს ჩემს ბედნიერებასა და სულიერ სიმშვიდეს, თუ მათ გასაქანს არ მივცემ?
4. 5:38—42 რატომ უნდა ვეცადო, რომ ვერიდო თანამედროვე საზოგადოებაში გავრცელებულ ასეთ თვალსაზრისს: „თავს ნურავის დააჯაბნინებ“?
5. 5:43—48 რა სარგებლობას მივიღებ, თუ უკეთ გავიცნობ იმ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა მოწინააღმდეგეებად მივიჩნევ? ეს როგორ შეუწყობს ხელს იმას, რომ დაძაბულობა შემცირდეს ან საერთოდ წარსულს ჩაჰბარდეს?
6. 6:14, 15 თუ ზოგჯერ ადამიანთა მიმართ მიმტევებელი არა ვარ, იქნებ ამის მიზეზი, ძირითადად, შური ან გულისწყრომაა? როგორ შევძლო მათი გადალახვა?
7. 6:16—18 ხომ არა მაქვს ისეთი მიდრეკილება, რომ გარეგნობაზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე იმაზე, თუ როგორი ვარ შინაგანად? რას უნდა მივაქციო მეტი ყურადღება?
8. 6:19—32 რა შეიძლება გამოიწვიოს ფულისა თუ ქონების დაგროვებაზე მეტისმეტმა ზრუნვამ? რას უნდა დავუფიქრდე, რომ ამ მხრივ წონასწორობა არ დავკარგო?
9. 7:1—5 თავს როგორ ვგრძნობ იმ ადამიანთა გვერდით, რომლებიც სხვებს ასამართლებენ და აკრიტიკებენ, ყველას და ყველაფერს შარს სდებენ? რატომ არის მნიშვნელოვანი, არ დავემსგავსო მათ?
10. 7:7—11 დაჟინებულობა ლოცვაში კარგია, მაგრამ ცხოვრების სხვა მხარეებშიც სასარგებლოა? (ლუკა 11:5—13).
11. 7:12 მართალია, ვიცი ოქროს წესი, მაგრამ რამდენად ხშირად ვიყენებ მას გარშემომყოფთა მიმართ დამოკიდებულებაში?
12. 7:24—27 ვინაიდან პასუხს ვაგებ ჩემს ცხოვრებაზე, უკეთესად როგორ მოვემზადო ცხოვრებისეულ თავსატეხებთან გასამკლავებლად? რატომ უნდა ვიფიქრო ამაზე სწორედ ახლა? (ლუკა 6:46—49).
დამატებითი განსახილველი სწავლებები, რომლებიც ყურად უნდა ვიღო:
13. 8:2, 3 იესო ხშირად თანაუგრძნობდა დაჩაგრულ ხალხს, მე როგორღა შემიძლია ამის გაკეთება?
14. 9:9—38 რა ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში მოწყალების გამოვლენას? როგორ გამოვავლინო იგი უფრო მეტად?
15. 12:19 ვსწავლობ თუ არა იესოს შესახებ წინასწარმეტყველებებიდან იმას, რომ უნდა ვერიდო დავას?
16. 12:20, 21 რა სასიკეთო შედეგს გამოიღებს ის, თუ არ ვაწყენინებ სხვებს სიტყვითა თუ საქმით?
17. 12:34—37 რაზე ვლაპარაკობ უფრო მეტად? ფორთოხალს რომ ხელი მოვუჭიროთ, ფორთოხლის წვენი გაუვა. ამ მაგალითის გათვალისწინებით, რატომ უნდა დავფიქრდე იმაზე, თუ როგორი ვარ შინაგანად, რა ბუდობს ჩემს გულში? (მარკოზი 7:20—23).
18. 15:4—6 რას ვხედავ იესოს სიტყვებში ხანდაზმულებზე გულისხმიერ ზრუნვასთან დაკავშირებით?
19. 19:13—15 რას უნდა გამოვუნახო დრო?
20. 20:25—28 რატომ არ უნდა მექცეს მიზნად ძალაუფლების ხელში ჩაგდება? როგორ მივბაძო იესოს ამ მხრივ?
მარკოზის მიერ ჩაწერილი დამატებითი აზრები
21. 4:24, 25 რამდენად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვექცევი სხვებს?
22. 9:50 თუ ჩემი სიტყვები და საქმეები კარგის მომასწავებელია, რა სასიკეთო შედეგებს გამოიღებს ეს სამომავლოდ?
დაბოლოს, ლუკას მიერ ჩაწერილი რამდენიმე სწავლება:
23. 8:11, 14 თუ აწეწილი ცხოვრება მაქვს და მასში მთავარი ადგილი სიმდიდრესა და განცხრომას უჭირავს, სადამდე მიმიყვანდა ასეთი ცხოვრება?
24. 9:1—6 მიუხედავად იმისა, რომ იესოს ავადმყოფთა განკურნების ძალა ჰქონდა, რას აქცევდა მეტ ყურადღებას?
25. 9:52—56 სწრაფად განაწყენება ხომ არ მახასიათებს? ვერიდები თუ არა შურისძიების სულს?
26. 9:62 როგორ ვეკიდები ღვთის სამეფოზე საუბრის ჩემს მოვალეობას?
27. 10:29—37 როგორ შემიძლია იმის დამტკიცება, რომ მოყვასი ვარ და არა უცხო?
28. 11:33—36 რის შეცვლა შემეძლო საკუთარი ცხოვრების გასაუბრალოებლად?
29. 12:15 რა კავშირია სიცოცხლესა და ქონებას შორის?
30. 14:28—30 თუ დროს ვუთმობ იმას, რომ საგულდაგულოდ ავწონ-დავწონო ჩემი გადაწყვეტილებები, რას ავირიდებ თავიდან და რა მოჰყვება ამას შედეგად?
31. 16:10—12 რატომ არის სასარგებლო ერთგულების შენარჩუნება?
[სურათები 10 გვერდზე]
გადამრჩენ საქმეში იესოს უღელქვეშ მონაწილეობა გამომაცოცხლებელია.