ბიბლიის წიგნი 40 — მათე
დამწერი: მათე
დაწერის ადგილი: პალესტინა
წერა დასრულდა: დაახლ. ახ. წ. 41
მოიცავს პერიოდს: ძვ. წ. 2 — ახ. წ. 33
1. ა) რა აღუთქვა იეჰოვამ ადამიანებს ედემში მომხდარი მოვლენების შემდეგ? ბ) რამ განუმტკიცა ებრაელებს იმის რწმენა, რომ მესია მოვიდოდა?
ედემში მომხდარი მოვლენების შემდეგ იეჰოვამ ადამიანებს აღუთქვა, რომ ყველა სიმართლის მოყვარულს იხსნიდა „ქალის“ შთამომავლის მეშვეობით. მისი განზრახვით, ეს შთამომავალი ანუ მესია ისრაელი ერის შვილი უნდა ყოფილიყო. საუკუნეების მანძილზე ღვთის შთაგონებით ებრაელმა მამაკაცებმა მრავალი წინასწარმეტყველება დაწერეს. ამ წინასწარმეტყველებების თანახმად, შთამომავალი ღვთის სამეფოს უხელმძღვანელებდა და ერთხელ და სამუდამოდ განწმენდდა იეჰოვას სახელს. წინასწარმეტყველებმა იმასაც მოჰფინეს ნათელი, რომ მესია იეჰოვას უზენაესობის დამცველი იქნებოდა და ადამიანებს იხსნიდა ჩაგვრისგან, შიშისგან, ცოდვისა და სიკვდილისგან. იმ დროისთვის, როცა ებრაული წერილების წერა დასრულდა, ებრაელებს მტკიცედ სწამდათ, რომ მესია მოვიდოდა.
2. რა მხრივ იყო შესაფერისი პირობები სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად იმ დროისთვის, როცა მესია მოვიდა?
2 მესიის მოსვლამდე მაშინდელ მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა. ღმერთი ამზადებდა ნიადაგს იმისათვის, რომ მესიის მოსვლის დროს შესაფერისი პირობები ყოფილიყო ამ მოვლენასთან დაკავშირებული ცნობის ყველგან გასავრცელებლად. მეხუთე მსოფლიო იმპერიამ, საბერძნეთმა, ხელი შეუწყო საერთაშორისო ენის დამკვიდრებას, რაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევდა. საბერძნეთის შემდეგ რომმა, მეექვსე მსოფლიო იმპერიამ, დამორჩილებული ქვეყნები ერთ იმპერიაში გააერთიანა და მისი სხვადასხვა ნაწილი საგზაო ქსელით დააკავშირა. ებრაელები მთელი იმპერიის ტერიტორიაზე იყვნენ გაფანტულნი და, ამგვარად, სხვებისთვისაც ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ისინი მესიას ელოდნენ. ედემში ღვთის მიერ წარმოთქმული დაპირებიდან 4 000-ზე მეტი წლის გასვლის შემდეგ მესია გამოჩნდა! ნანატრი შთამომავალი ქვეყნიერებას მოევლინა! მესია ერთგულად ასრულებდა მამის ნებას დედამიწაზე, რამაც განაპირობა უმნიშვნელოვანესი მოვლენების განვითარება.
3. ა) რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ იესოს ცხოვრება დეტალურად აღწერილიყო? ბ) რით განსხვავდება ერთმანეთისგან ოთხი სახარება და რატომ აქვს ოთხივეს განსაკუთრებული ღირებულება?
3 დადგა დრო, რომ ეს განსაკუთრებული მოვლენები წერილობით აღწერილიყო. იეჰოვას სულის შთაგონებით ოთხმა ერთგულმა მამაკაცმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღწერა იესოს ცხოვრება. ამგვარად, ოთხივემ დაამოწმა, რომ იესო იყო მესია, აღთქმული შთამომავალი და მეფე. გარდა ამისა, მათ დაწვრილებით გადმოგვცეს მის ცხოვრებასთან, მსახურებასთან, სიკვდილთან და აღდგომასთან დაკავშირებული ინფორმაცია. მათ მიერ დაწერილ ისტორიებს „სახარებები“ ეწოდება. სიტყვა „სახარება“ სასიხარულო ცნობას ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახარებები ხშირ შემთხვევაში ერთი და იმავე მოვლენებს აღწერს, მათ შორის არის განსხვავებებიც. პირველ სამ სახარებას ხშირად უწოდებენ „სინოპტიკურს“ (სიტყვასიტყვით ნიშნავს „ერთნაირად დანახვას“), რადგან მათში მსგავსად არის გადმოცემული იესოს ცხოვრება. თუმცა მათეც, მარკოზიც, ლუკაც და იოანეც თავისებურად მოგვითხრობენ ქრისტეს ცხოვრების შესახებ. თითოეულს განსხვავებული თემა, მიზანი და სტილი აქვს, და მხედველობაში ჰყავს უშუალო მკითხველი. რაც უფრო მეტად ვიკვლევთ მათ სახარებებს, მით უფრო მეტად ვხედავთ განსხვავებულ თავისებურებებს და იმას, რომ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ბიბლიის ეს ოთხი წიგნი ავსებს და ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს.
4. რა არის ცნობილი პირველი სახარების დამწერის შესახებ?
4 ქრისტეს ცხოვრება პირველად მათემ აღწერა. სავარაუდოდ, მისი სახელი ებრაული სახელის, „მათითიას“, შემოკლებული ფორმაა, რაც ნიშნავს „იეჰოვას ძღვენს“. მათე იესოს მიერ არჩეულ 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. მათეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა იესოსთან იმ პერიოდში, როცა ის პალესტინის ტერიტორიაზე ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებდა. სანამ იესოს მოწაფე გახდებოდა, მათე გადასახადების ამკრეფი იყო. იუდეველებს ძალიან სძულდათ გადასახადების ამკრეფები, რომელთა საქმიანობაც მუდმივად შეახსენებდა მათ იმას, რომ კვლავაც რომის იმპერიის უღელქვეშ იყვნენ. მათეს, ალფეს ვაჟს, ლევიც ერქვა. ის სიხარულით გამოეხმაურა იესოს მოწოდებას და გაჰყვა მას (მათ. 9:9; მარ. 2:14; ლუკ. 5:27—32).
5. რა ამტკიცებს იმას, რომ პირველი სახარება მათეს დაწერილია?
5 მართალია, მათეს სახელით ცნობილი სახარებიდან არ ჩანს, თუ ვინ არის მისი დამწერი, მაგრამ ძველი დროის საეკლესიო მწერლების ნაშრომები ამტკიცებს, რომ ეს სახარება მას ეკუთვნის. როგორც ჩანს, არც ერთი სხვა ძველი წიგნის ავტორის ვინაობა არაა ასე კარგად დადასტურებული და ერთხმად აღიარებული. ჯერ კიდევ პაპიას ჰიერაპოლისელის (ახ. წ. II საუკუნის დასაწყისი) დროიდან დაწყებული, მრავალს აქვს დამოწმებული ის ფაქტი, რომ ეს სახარება მათემ დაწერა და ნამდვილად ღვთის სიტყვის ნაწილია. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „თავიანთ ნაშრომებში მათეს სახარებიდან ციტირებდნენ იუსტინე წამებული, დიოგნეტუსისადმი მიწერილი წერილის ავტორი, ჰეგესიპე, ირინეოსი, ტატიანე, ათენაგორა, თეოფილე, კლემენტი, ტერტულიანე და ორიგენე. უფრო მეტიც, ციტატების მოყვანის სტილი, ამ ციტატებისადმი მათი დამოკიდებულება და ნდობა, რომელშიც არანაირი ეჭვი არ იგრძნობა, გვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენამდე მოღწეული მათეს სახარება არ შეცვლილა“a. მათეს სახარების სანდოობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მათე მოციქული იყო და, აქედან გამომდინარე, მასზე ღვთის სული მოქმედებდა.
6, 7. ა) სად და რა ენაზე დაიწერა მათეს სახარება თავდაპირველად? ბ) რა მეტყველებს იმაზე, რომ ეს სახარება პირველ რიგში ებრაელებისთვის დაიწერა? გ) რამდენჯერ გვხვდება მათეს სახარებაში ღვთის სახელი „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ და რის საფუძველზე?
6 მათემ თავისი სახარება პალესტინაში დაწერა. დაწერის ზუსტი წელი ცნობილი არ არის, მაგრამ ზოგი ხელნაწერის (რომლებიც მეათე საუკუნის შემდეგაა შესრულებული) ბოლოში გაკეთებულ მინაწერში ახ. წ. 41 წელია მინიშნებული. ფაქტები ცხადყოფს, რომ მათემ სახარება თავდაპირველად უბრალო ხალხში გავრცელებულ ებრაულ ენაზე დაწერა, ხოლო მოგვიანებით ბერძნულად თარგმნა. იერონიმე თავის ნაშრომში აღნიშნავს: „მათემ ანუ ლევიმ, რომელიც მოციქულობამდე მებაჟე იყო, ქრისტეს სახარება იუდეაში თავდაპირველად ებრაულ ენაზე ებრაული ასოებით დაწერა მორწმუნე წინადაცვეთილთათვის“b (De viris inlustribus, თავი III). იერონიმე შემდეგ დასძენს, რომ მათეს სახარების ებრაული ტექსტი მის დრომდე (IV-V საუკუნეები) იყო შემონახული პამფილოსის მიერ კესარეაში შეგროვილ კოლექციაში.
7 როგორც ევსების ნაშრომიდან ვიგებთ, III საუკუნის დასაწყისში სახარებებზე მსჯელობისას ორიგენეს უთქვამს: „პირველად დაწერა . . . მათემ . . . გაქრისტიანებული იუდეველებისთვის ებრაულ ენაზე“c. იმაზე, რომ ეს სახარება პირველ რიგში ებრაელებისთვის დაიწერა, მეტყველებს მასში ჩაწერილი იესოს გენეალოგიური ნუსხაც, რომელიც აბრაამიდან იწყება; აგრეთვე, ებრაული წერილებიდან მოყვანილი მრავალი ციტატა მესიის მოსვლასთან დაკავშირებით. ლოგიკურია, რომ ებრაული წერილების იმ მონაკვეთების ციტირებისას, სადაც ღვთის სახელი ტეტრაგრამატონის სახით იყო მოცემული, მათე ამ სახელს უცვლელად გადმოიტანდა. ამიტომაც მათეს სახარებაში ღვთის სახელი იეჰოვა 18-ჯერ გვხვდება „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“, აგრეთვე ერთ-ერთ ებრაულ თარგმანში, რომელიც თავდაპირველად ფ. დელიჩიმ გამოსცა XIX საუკუნეში. მათესაც იგივე თვალსაზრისი ექნებოდა ღვთის სახელზე, რაც იესოს ჰქონდა. ამიტომ ებრაელებში გავრცელებული ცრურწმენის მიუხედავად, ის თავს არ შეიკავებდა ამ სახელის გამოყენებისგან (მათ. 6:9; იოან. 17:6, 26).
8. როგორ აისახა მათეს სახარების შინაარსზე ის, რომ მათე გადასახადების ამკრეფი იყო?
8 მათე გადასახადების ამკრეფი იყო და, აქედან გამომდინარე, ის თავის სახარებაში კონკრეტულად მოიხსენიებს ფულის ერთეულებს (მათ. 17:27; 26:15; 27:3). ის ძალიან მადლიერი იყო ღვთისა, რომელმაც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ და ხალხისგან მოძულებულ გადასახადების ამკრეფს სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და იესოსთან ახლო ურთიერთობის საშუალება მისცა. ალბათ, ამით უნდა ავხსნათ შემდეგი ფაქტი: მხოლოდ მათეს სახარებაშია აღნიშნული, რომ იესომ რამდენჯერმე გაამახვილა ყურადღება მსხვერპლთან ერთად გულმოწყალების აუცილებლობაზე (9:9—13; 12:7; 18:21—35). მათემ, რომელზეც ძალიან იმოქმედა იეჰოვას წყალობამ, სახარებაში ჩაწერა იესოს მანუგეშებელი სიტყვები: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ. დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული. ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (11:28—30). რა გამამხნევებელი იქნებოდა ეს თბილი სიტყვები ყოფილი გადასახადების ამკრეფისთვის, რომელსაც შეიძლება ხალხისგან შეურაცხყოფის გარდა არაფერი ახსოვდა!
9. რა თემა გასდევს მათეს სახარებას და რა თავისებურებით გამოირჩევა მათეს სტილი?
9 მათე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იესოს ქადაგების თემა „ზეციერ სამეფოს“ უკავშირდებოდა (4:17). მისთვის იესო არა მხოლოდ მქადაგებელი, არამედ მეფეც იყო. მათე იმდენად ხშირად მოიხსენიებს სიტყვა „სამეფოს“ (50-ზე მეტჯერ), რომ მის სახარებას შეიძლება „სამეფოს სახარებაც“ კი ეწოდოს. მათესთვის ქრონოლოგიურ სიზუსტეზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ლოგიკურად გადმოეცა იესოს საუბრები და ქადაგება. პირველ 18 თავში მთავარი თემა სამეფოს უკავშირდება, რის გამოც ქრონოლოგიური სიზუსტე ირღვევა. ბოლო ათ თავში (19—28) კი დაცულია ქრონოლოგიური თანამიმდევრობა, ისე რომ არც სამეფოს თემა იკარგება.
10. მათეს სახარებაში მოცემული ინფორმაციის რამდენი პროცენტი არ გვხვდება სხვა სახარებებში და დროის რა პერიოდს მოიცავს ამ სახარებაში აღწერილი მოვლენები?
10 მათეს სახარებაში მოცემული ინფორმაციის 42 პროცენტი არ გვხვდება დანარჩენ სამ სახარებაშიd. მათ შორისაა, სულ მცირე, ათი იგავი ანუ მაგალითი: მინდორში დათესილ სარეველაზე (13:24—30), დამალულ განძზე (13:44), ძვირფას მარგალიტზე (13:45, 46), ბადეზე (13:47—50), უმოწყალო მონაზე (18:23—35), მუშებსა და დინარებზე (20:1—16), მამასა და ორ შვილზე (21:28—32), მეფის ძის ქორწილზე (22:1—14), ათ ქალწულზე (25:1—13) და ტალანტებზე (25:14—30). მთლიანობაში, წიგნი აღგვიწერს მოვლენებს იესოს დაბადებიდან (ძვ. წ. 2 წელი) მის ზეცად ამაღლებამდე (ახ. წ. 33 წელი).
შინაარსი
11. ა) რით იწყება მათეს სახარება და რა მოვლენებს აღწერს მათე დასაწყისში? ბ) მოიყვანეთ იმ წინასწარმეტყველებების რამდენიმე მაგალითი, რომელთა შესრულებაზეც მათე ამახვილებს ყურადღებას.
11 პირველი ცნობები იესოსთან და „ზეციერ სამეფოსთან“ დაკავშირებით (1:1—4:25). სახარების დასაწყისში მათე ეხება იესოს გენეალოგიას იმის დასადასტურებლად, რომ ის აბრაამისა და დავითის კანონიერი შთამომავალია. ამრიგად, ეს წიგნი თავიდანვე იპყრობს ებრაელი მკითხველის ყურადღებას. ამის მერე მათე იწყებს თხრობას შემდეგი თანმიმდევრობით: იესოს სასწაულებრივი ჩასახვა, მისი დაბადება, ასტროლოგების სტუმრობა, ჰეროდეს რისხვას ეწირება ორ წლამდე ასაკის ყველა ბიჭი ბეთლემში, იოსებისა და მარიამის გაქცევა ეგვიპტეში ბავშვთან ერთად, მათი დაბრუნება ნაზარეთში. იმის ხაზგასასმელად, რომ იესო ნაწინასწარმეტყველები მესიაა, მათე აღნიშნავს, თუ როგორ სრულდება წინასწარმეტყველებები (მათ. 1:23 — ეს. 7:14; მათ. 2:1—6 — მიქ. 5:2; მათ. 2:13—18 — ოს. 11:1 და იერ. 31:15).
12. რა ხდება იესოს ნათლობის დროს და ნათლობის შემდეგ?
12 ამის შემდეგ თხრობა გრძელდება დაახლოებით 30 წლის შემდეგ მომხდარი მოვლენებით. იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში იწყებს ქადაგებას: „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ (მათ. 3:2). ის მდინარე იორდანეში ნათლავს იუდეველებს, რომლებიც ინანიებენ, და აფრთხილებს ფარისევლებსა და სადუკეველებს მომავალი რისხვის შესახებ. იესო მოდის გალილეიდან და ინათლება. მონათვლისთანავე ღვთის სული გადმოდის მასზე და ციდან ისმის ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (3:17). შემდეგ სულს იესო მიჰყავს უდაბნოში, სადაც 40-დღიანი მარხვის შემდეგ მის ცდუნებას ცდილობს სატანა ეშმაკი. იესო სამჯერვე უარს ამბობს სატანის წინადადებებზე და ღვთის სიტყვიდან ციტატებს იშველიებს. ბოლოს იგი სატანას ეუბნება: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“» (4:10).
13. რა საქმიანობას იწყებს იესო გალილეაში?
13 „მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ზეციერი სამეფო“, — ამ გამომაფხიზლებელი სიტყვებით ცხებული იესო გალილეაში იწყებს ქადაგებას. ის ოთხ მებადურს სთავაზობს: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ“. იესო მათთან ერთად დადიოდა „მთელ გალილეაში, ასწავლიდა ხალხს სინაგოგებში, ქადაგებდა სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ და კურნავდა ადამიანებს ნებისმიერი ავადმყოფობისა და უძლურებისგან“ (4:17, 19, 23).
14. რა თქვა იესომ მთაზე ქადაგების დროს ბედნიერებაზე და სიმართლეზე?
14 მთაზე ქადაგება (5:1—7:29). იესოსთან უამრავი ადამიანი იყრის თავს. ის მთაზე ადის და იწყებს სწავლებას. მთაზე ქადაგების დასაწყისში ის ბედნიერების ცხრა საწინდარზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, მგლოვიარენი, რბილი ხასიათისანი, სიმართლეს მოშიებულნი და მოწყურებულნი, გულმოწყალენი, სუფთა გულისანი, მშვიდობისმყოფელნი, სიმართლისთვის დევნილნი და ისინი, ვისაც ლანძღავენ და ყველანაირ ბოროტებას აბრალებენ. ასეთ ადამიანებს იესო ეუბნება: „იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“. თავის მოწაფეებს ის „მიწის მარილსა“ და „ქვეყნიერების სინათლეს“ უწოდებს. იგი ამბობს, რომ ზეციერ სამეფოში შესასვლელად საჭიროა სიმართლე და არა მწიგნობრებისა და ფარისევლებისთვის ჩვეული ფორმალიზმი. „მაშ, იყავით სრულყოფილები, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი“ (5:12—14, 48).
15. რა თქვა იესომ ლოცვისა და სამეფოს შესახებ?
15 იესო ამბობს, რომ მოწყალების გაცემა და ლოცვა სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით არ უნდა ხდებოდეს. ის მოწაფეებს ასწავლის, რომ ილოცონ მამის სახელის განწმენდის, მისი სამეფოს მოსვლისა და ყოველდღიური საჭიროებების შესახებ. მთაზე ქადაგების დროს იესო გამოკვეთავს სამეფოს თემას. თავის მიმდევრებს ის ურჩევს, რომ ზედმეტად არ იფიქრონ მატერიალურ მოთხოვნილებებზე, რადგან მამამ იცის, რა სჭირდებათ მათ. იესო ამბობს: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (6:33).
16. ა) რა რჩევას გვაძლევს იესო სხვებთან ურთიერთობაზე და რას ამბობს ის მათზე, ვინც ასრულებს ან არ ასრულებს ღვთის ნებას? ბ) რა გავლენას ახდენს იესოს ქადაგება მის მსმენელებზე?
16 იესო გვაძლევს რჩევებს სხვებთან ურთიერთობაზე: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. სიცოცხლის გზაზე დადიან ერთეულები, რომლებიც ასრულებენ მამის ნებას. უკანონობის მოქმედთა ამოცნობა მათივე ნაყოფით შეიძლება, ისინი უარყოფილნი იქნებიან. იმ ადამიანს, ვინც ასრულებს მის სიტყვებს, იესო ადარებს „გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი“. რა გავლენას ახდენს იესოს ქადაგება მის მსმენელებზე? „ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან ასწავლიდა როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობრები“ (7:12, 24—29).
17. რაში ვლინდება ის, რომ იესოს აქვს ძალაუფლება და უყვარს ადამიანები?
17 სამქადაგებლო საქმიანობა ფართოვდება (8:1—11:30). იესო ახდენს ბევრ სასწაულს — კურნავს კეთროვნებს, დამბლადაცემულებსა და დემონებით შეპყრობილებს. ის აცხრობს ქარიშხალს, რითაც ცხადყოფს, რომ აქვს ძალაუფლება ბუნების ძალებზე. იესო სიცოცხლეს უბრუნებს გოგონას. მას ებრალება ხალხი, როცა ხედავს, რომ „უმწყემსო ცხვარივით“ არიან „გასავათებული და დაფანტული“. ის თავის მოწაფეებს ეუბნება: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (9:36—38).
18. ა) რა რჩევებსა და მითითებებს აძლევს იესო თავის მოციქულებს? ბ) რატომ აღმოჩნდა არასახარბიელო მდგომარეობაში მაშინდელი თაობა?
18 იესო ირჩევს 12 მოციქულს. ის მათ აძლევს კონკრეტულ მითითებებს მსახურებასთან დაკავშირებით და ყურადღებას უმახვილებს ქადაგების მთავარ თემაზე: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“». იესო მათ სიყვარულით აძლევს გონივრულ რჩევებს: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“; „იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“. მათ შეიძულებენ და დევნას დაუწყებენ ახლო ნათესავებიც კი, მაგრამ იესო ეუბნება: „ვინც პოულობს თავის სულს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემ გამო კარგავს სულს, იპოვის მას“ (10:7, 8, 16, 39). შემდეგ მოციქულებს სხვადასხვა ქალაქში უშვებს, რათა იქადაგონ და ასწავლონ. იოანე ნათლისმცემელზე იესო ამბობს, რომ ის იყო მაცნე, აღთქმული „ელია“. მაგრამ ‘იმ თაობამ’ იოანეც უარყო და კაცის ძეც (11:14, 16). ვაი იმ თაობასა და ქალაქებს, რომლებმაც ნახეს მისი სასწაულები და არ მოინანიეს! მათგან განსხვავებით, მის მოწაფეებს ‘სული გამოუცოცხლდებათ’.
19. როგორ განსჯის იესო ფარისევლებს, რომლებიც მის დადანაშაულებას ცდილობენ?
19 ფარისევლების განსჯა (12:1—50). ფარისევლები ცდილობენ, იესო შაბათის დარღვევაში დაადანაშაულონ, მაგრამ იესო უარყოფს ბრალდებებს და მათ თვალთმაქცობისთვის ამხელს. ის ეუბნება: „გველგესლას ნაშიერნო! როგორ ილაპარაკებთ კარგს, როცა ბოროტები ხართ? პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (12:34). იონა წინასწარმეტყველის ნიშნის გარდა, მათ სხვა ნიშანი არ მიეცემათ: კაცის ძე სამ დღესა და სამ ღამეს იქნება დედამიწის გულში.
20. ა) რატომ ლაპარაკობს იესო მაგალითებით? ბ) რა მაგალითები მოჰყავს იესოს სამეფოსთან დაკავშირებით?
20 შვიდი მაგალითი სამეფოს შესახებ (13:1—58). რატომ ლაპარაკობს იესო მაგალითებით? თავის მოწაფეებს ის უხსნის: „თქვენ მოცემული გაქვთ ნება, გაიგოთ ზეციერი სამეფოს წმინდა საიდუმლოება, მათ კი არა აქვთ ამის ნება“. იესო ბედნიერებს უწოდებს თავის მოწაფეებს იმის გამო, რომ ხედავენ და ესმით. მაგალითებით ის ბევრ რამეს ასწავლის მათ და ამხნევებს. მთესველთან დაკავშირებული მაგალითის ახსნის შემდეგ მას მოჰყავს მაგალითები სარეველაზე, მდოგვის მარცვალზე, საფუარზე, დამალულ განძზე, ძვირფას მარგალიტზე და თევზსაჭერ ბადეზე — და ამ ყველაფერს ის „ზეციერ სამეფოს“ უკავშირებს. მაგრამ ხალხი ბრკოლდება მის გამო და იესო მათ ეუბნება: „წინასწარმეტყველს ყველგან სცემენ პატივს მშობლიური მხარისა და სახლის გარდა“ (13:11, 57).
21. ა) რა სასწაულებს ახდენს იესო და როგორ ჰფენს ეს ნათელს მის ვინაობას? ბ) რა ხილვას ხედავენ მოციქულები ‘თავის სამეფოში მომავალ კაცის ძესთან’ დაკავშირებით?
21 შემდგომი მსახურება და სასწაულები (14:1—17:27). იესოზე ძალიან მოქმედებს იმის გაგება, რომ იოანე ნათლისმცემელს ჰეროდე ანტიპას ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. იესო სასწაულებრივად აპურებს 5 000-ზე მეტ კაცს; ზღვაზე სიარულით მიდის მოწაფეებთან; აბათილებს ფარისევლების მორიგ ბრალდებებს და მათ ეუბნება, რომ ‘ღვთის მცნებას თავიანთი ადათ-წესებით არღვევენ’; კურნავს დემონით შეპყრობილებს, „კოჭლებს, დასახიჩრებულებს, უსინათლოებს, მუნჯებს და მრავალ სხვას“; შვიდი პურითა და რამდენიმე პატარა თევზით აპურებს 4 000-ზე მეტ ადამიანს (15:3, 30). მის ვინაობასთან დასმულ შეკითხვაზე პეტრე იესოს პასუხობს: „შენა ხარ ქრისტე, ცოცხალი ღვთის ძე“. იესო აქებს პეტრეს და ეუბნება: „მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას“ (16:16, 18). ახლა იესო იმაზე იწყებს ლაპარაკს, რომ მას მალე მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება. ის ზოგ მოწაფეს ჰპირდება, რომ „არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (16:28). ექვსი დღის შემდეგ იესოს მაღალ მთაზე მიჰყავს პეტრე, იაკობი და იოანე, რათა აჩვენოს თავისი დიდებული გარდაქმნა. ისინი ხედავენ იესოსთან მოსაუბრე მოსესა და ელიას და ზეციდან ესმით ხმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“. მთიდან ჩამოსვლის შემდეგ იესო ეუბნება მათ, რომ აღთქმული „ელია“ უკვე მოვიდა. ისინი ხვდებიან, რომ იესო იოანე ნათლისმცემელს გულისხმობს (17:5, 12).
22. რა რჩევას აძლევს იესო მოწაფეებს მიმტევებლობაზე?
22 იესო რჩევებს აძლევს მოწაფეებს (18:1—35). კაპერნაუმში ყოფნისას იესო მოწაფეებს ესაუბრება თავმდაბლობაზე, დაკარგული ცხვრის პოვნით გამოწვეულ სიხარულზე და ძმებს შორის უთანხმოებების მოგვარებაზე. პეტრე ეკითხება იესოს: „რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას?“. იესო პასუხობს: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“. ამ აზრის მხარდასაჭერად იესოს მოჰყავს მონის მაგალითი, რომელსაც ბატონმა აპატია ვალი 60 მილიონი დინარის ოდენობით. ამ მონამ კი სხვა მონას 100 დინარი არ აპატია და ის საპყრობილეში ჩააგდო. ამის გამო უმოწყალო მონა ბატონმა საპყრობილის ზედამხედველებს გადასცაe. იესო ასეთ დასკვნას აკეთებს: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (18:21, 22, 35).
23. რას ამბობს იესო გაყრაზე და მარადიული სიცოცხლის მისაღებად საჭირო მოთხოვნებზე?
23 იესოს მსახურების ბოლო დღეები (19:1—22:46). მოვლენები ჩქარდება და სიტუაცია იძაბება, რადგან იესოს მსახურება სულ უფრო მეტად აღიზიანებთ მწიგნობრებსა და ფარისევლებს. სიტყვაში გამოჭერის მიზნით ისინი გაყრასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ იესოს. იესო უხსნის მათ, რომ წმინდა წერილების თანახმად გაყრის ერთადერთი საფუძველი სიძვაა. მასთან მიდის ერთი მდიდარი ახალგაზრდა და ეკითხება, თუ რა არის საჭირო მარადიული სიცოცხლის მისაღებად. ის დანაღვლიანებული მიდის მას შემდეგ, რაც იგებს, რომ ყველაფერი უნდა გაყიდოს და იესოს გაჰყვეს. იესოს მოჰყავს მაგალითი მუშებზე და დინარებზე, რის შემდეგაც კვლავ ეხება თავის სიკვდილსა და აღდგომას. ბოლოს კი ამბობს: „კაცის ძეც არ მოსულა იმისთვის, რომ მას ემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (20:28).
24. როგორ უპირისპირდებიან იესოს რელიგიური მოწინააღმდეგეები და როგორ პასუხობს ის მათ კითხვებს?
24 იწყება დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო კვირა. იესო „სახედრის ნაშიერზე“ ზის და იერუსალიმში შედის, როგორც მეფე (21:4, 5). ის ტაძრიდან ყრის ფულის გადამცვლელებსა და ვაჭრებს. იესოს მტრები უფრო მეტად მწარდებიან, როცა ეუბნება: „გადასახადების ამკრეფები და მეძავები თქვენზე წინ მიდიან ღვთის სამეფოში“ (21:31). მას მაგალითები მოჰყავს მევენახეებზე და ქორწილზე. გადასახადებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე იესო ფარისევლებს მოსწრებულად პასუხობს: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“ (22:21). იესოს სიტყვაში გამოჭერას ვერც სადუკეველები ახერხებენ და ის ყურადღებას ამახვილებს აღდგომის იმედზე. ფარისევლები კიდევ ერთხელ მიდიან მასთან მოსეს კანონთან დაკავშირებული შეკითხვით. იესო მათ ყურადღებას უმახვილებს ორ უდიდეს მცნებაზე და ეუბნება, რომ ადამიანებს პირველ რიგში იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული მოეთხოვებათ. შემდეგ ის ერთ კითხვას უსვამს მათ: ‘როგორ შეიძლება ქრისტე დავითისთვის ძეც იყოს და უფალიც?’. მას პასუხს ვერავინ სცემს და იმ დღიდან ვეღარავინ უბედავს კითხვის დასმას (22:45, 46).
25. როგორ განსჯის იესო მწიგნობრებსა და ფარისევლებს?
25 ‘ვაი თქვენ, თვალთმაქცებო’ (23:1—24:2). იესო ტაძარში ხალხს ელაპარაკება და კიდევ ერთხელ განსჯის მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ისინი არც თვითონ შედიან ზეციერ სამეფოში და სხვებსაც ყველა გზას უკეტავენ შესასვლელად. შეთეთრებული სამარხების მსგავსად, ისინი გარედან ლამაზად ჩანან, შიგნით კი ყოველგვარი უწმინდურებით არიან სავსე. დასკვნისას იესო იერუსალიმის განაჩენს აცხადებს: „ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი“ (23:38). ტაძრიდან გამოსვლისას იესო მის დანგრევას წინასწარმეტყველებს.
26. რას წინასწარმეტყველებს იესო თავისი მოსვლის ნიშანთან დაკავშირებით?
26 იესოს მოსვლის ნიშანი (24:3—25:46). ზეთისხილის მთაზე მოწაფეები ეკითხებიან იესოს, თუ რა იქნება ‘მისი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი’. პასუხად იესო ეუბნება, რომ იქნება ომები ერებსა და სამეფოებს შორის, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები, გამრავლდება უკანონობა, „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ ექადაგება მთელ დედამიწას, ‘ერთგულ და გონიერ მონას მთელ თავის ქონებას ჩააბარებს’. ამ და ბევრი სხვა თავისებურებით იესო მათ აძლევს ნიშანს (24:3, 7, 14, 45—47). ამ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების დასასრულს იესოს მოჰყავს მაგალითი ათ ქალწულზე და ტალანტებზე, რომლებშიც ყურადღებას ამახვილებს სიფხიზლისა და ერთგულების აუცილებლობაზე. მას აგრეთვე მოჰყავს მაგალითი ცხვრებსა და თხებზე, რომლის ბოლოსაც ამბობს, რომ თხები „მარადიულად მოიკვეთებიან, მართლები კი მარადიულად იცოცხლებენ“ (25:46).
27. რა მოხდა დედამიწაზე იესოს ცხოვრების ბოლო დღეს?
27 უკანასკნელ დღეს განვითარებული მოვლენები (26:1—27:66). პასექის აღნიშვნის შემდეგ იესოს სიახლე შემოაქვს და თავის ერთგულ მოციქულებს აწვდის უფუარ პურსა და ღვინოს, რომლებიც მისი სხეულისა და სისხლის სიმბოლოებია. შემდეგ ისინი მიდიან გეთსემანედ წოდებულ ადგილზე, სადაც იესო ლოცულობს. აქ იუდა შეიარაღებულ ბრბოსთან ერთად მოდის და ამბორით გასცემს მას. იესო მიჰყავთ მღვდელმთავართან და მთელი სინედრიონი და უფროსი მღვდლები ცრუმოწმობებს ეძებენ. იესოს სიტყვები სრულდება და პეტრე უარყოფს მას. იუდას სინდისი ქენჯნის, ფულს ტაძარში ყრის და მიდის თავის ჩამოსახრჩობად. დილით იესო მიჰყავთ გამგებელ პილატესთან, რომელიც მღვდლებისგან გახელებული ბრბოს გავლენით მას ბოძზე გასაკვრელად გადასცემს. ხალხი გაჰყვირის: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“. გამგებლის ჯარისკაცები დასცინიან მას. მათ ის გოლგოთად წოდებულ ადგილზე მიჰყავთ, სადაც ორ ყაჩაღს შორის ბოძზე აკრავენ. მის თავს ზემოთ აკრავენ წარწერას: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“ (27:25, 37). რამდენიმე საათიანი ტანჯვის შემდეგ იესო კვდება დღის სამი საათისთვის. მას ასვენებენ ახალ სამარხში, რომელიც იოსებ არიმათეელს ეკუთვნის. ეს უმნიშვნელოვანესი დღე იყო ისტორიაში!
28. რა სასიხარულო ამბებით ასრულებს მათე თხრობას და რა დავალებას აძლევს ბოლოს იესო მოწაფეებს?
28 იესოს აღდგომა და საბოლოო დარიგებები (28:1—20). მათე თხრობას სასიამოვნო ნოტაზე ამთავრებს. იესო მკვდრეთით აღდგა! ის კვლავ ცოცხალია! კვირის პირველ დღეს, დილაადრიან მაგდალელი მარიამი და „მეორე მარიამი“ სამარხთან მიდიან. ისინი ანგელოზისგან იგებენ, რომ იესო ცოცხალია (28:1). ამის რწმენა რომ განუმტკიცოს, იესო ეცხადება მათ. მტრები ცდილობენ ამ ფაქტის დამალვას. ისინი ქრთამს აძლევენ ჯარისკაცებს, რომლებიც იესოს სამარხს იცავდნენ, და ეუბნებიან: „ასე თქვით, ღამით, როცა გვეძინა, მისი მოწაფეები მოვიდნენ და მოიპარესო“. მოგვიანებით, გალილეაში იესო კიდევ ერთხელ ხვდება თავის მოწაფეებს. რას ეუბნება ის ბოლოს მათ? „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“. უხელმძღვანელებს იესო სამქადაგებლო საქმიანობას? მათეს სახარებაში ჩაწერილი ბოლო სიტყვები მოწაფეებს არწმუნებს ამაში: „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (28:13, 19, 20).
რატომ არის სასარგებლო
29. ა) რატომ შეიძლება ითქვას, რომ „მათე“ ებრაული და ბერძნული წერილების კარგი დამაკავშირებელი რგოლია? ბ) რა პატივი გვაქვს დღეს ქრისტიანებს ქრისტეს მსგავსად?
29 მათეს სახარება, რომელიც ოთხი სახარებიდან პირველია, ებრაული და ბერძნული წერილების კარგი დამაკავშირებელი რგოლია. ის ნათელს ჰფენს, თუ ვინ არის მესია და ღვთის მიერ აღთქმული სამეფოს მეფე. აგრეთვე გვამცნობს, რა მოეთხოვება ადამიანს, იესოს მიმდევარი რომ გახდეს და რა საქმის შესრულება ევალებათ მის მიმდევრებს. პირველად იოანე ნათლისმცემელი, შემდეგ კი იესო ქადაგებდა ‘ზეციერი სამეფოს მოახლოების’ შესახებ. ეს საქმე მალე მისმა მოწაფეებმა გააგრძელეს. იესოს შემდეგი მითითება ქვეყნიერების აღსასრულის წინა პერიოდსაც ეხება: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. როგორც ადრე იყო, დღესაც დიდი პატივია ქრისტეს მსგავსად სამეფოს შესახებ ქადაგება და ‘მოწაფეების მომზადება ყველა ერიდან’ (3:2; 4:17; 10:7; 24:14; 28:19).
30. მათეს სახარების რომელმა მონაკვეთმა დაიმსახურა განსაკუთრებული ყურადღება?
30 მათეს სახარებას ნამდვილად შეიძლება ეწოდოს „სასიხარულო ცნობა“. მასში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ცნობა ნამდვილად სასიხარულო იყო მათთვის, ვინც ახ. წ. I საუკუნეში ყურად იღო ის. იეჰოვა ღმერთმა იზრუნა იმაზე, რომ ამ „სასიხარულო ცნობას“ დღემდე მოეღწია. არაქრისტიანებიც კი აღიარებენ ამ სახარების ძალას. მაგალითად, ინდუს მოჰანდას (მაჰატმა) განდის ბრიტანეთის სახელმწიფო მოღვაწისთვის, ბარონ ირვინისთვის, ერთხელ უთქვამს: „როდესაც ჩვენი ქვეყნები შეთანხმდებიან ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული სწავლებების საფუძველზე, ჩვენ გადავწყვეტთ არა მარტო ჩვენი ქვეყნების პრობლემებს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემებსაც“f. სხვა დროს განდიმ თქვა, რომ ყველა უნდა ითვალისწინებდეს მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმულ პრინციპებს, რადგან ეს ქადაგება თითოეულს გვეხება“g.
31. ვინ აფასებს დღეს მათეს სახარებაში ჩაწერილ რჩევებს და რატომ არის მათი კვლავ და კვლავ შეხსენება ძალიან სასარგებლო?
31 მიუხედავად ამისა, მთელ მსოფლიოში პრობლემები პრობლემებად რჩება. გამონაკლისი არც ქრისტიანული ქვეყნებია. მთაზე ქადაგებას და მათეს სახარებაში ჩაწერილ სხვა სასარგებლო რჩევებს მხოლოდ ერთეულები, ჭეშმარიტი ქრისტიანები აფასებენ, სწავლობენ და იყენებენ, და შედეგად ფასდაუდებელ კურთხევებს იღებენ. ქრისტეს რჩევები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ნამდვილი ბედნიერება, ზნეობა, ქორწინება, სიყვარულის ძალა, ღვთისთვის მისაღები ლოცვები, სულიერი ფასეულობების უპირატესობა, პირველ ადგილზე სამეფოს დაყენება, სიწმინდის დაფასება, სიფხიზლისა და მორჩილების აუცილებლობა. ამ რჩევების კვლავ და კვლავ შეხსენება ძალიან სასარგებლოა. მათეს მე-10 თავში ჩაწერილია იესოს მითითებები მათთვის, ვინც ქადაგებს სასიხარულო ცნობას „ზეციერი სამეფოს შესახებ“. იესოს მიერ წარმოთქმული იგავებიდან ბევრის სწავლა შეუძლიათ მათ, ვისაც ‘ყური აქვს მოსასმენად’. გარდა ამისა, იესოს წინასწარმეტყველებები, მაგალითად მის მოსვლასთან დაკავშირებული დეტალები, მის მიმდევრებს მომავლის უტყუარ იმედს აძლევს (5:1—7:29; 10:5—42; 13:1—58; 18:1—20:16; 21:28—22:40; 24:3—25:46).
32. ა) ახსენით, როგორ ადასტურებს შესრულებული წინასწარმეტყველებები იმას, რომ იესო მესიაა. ბ) რაში გვარწმუნებს წინასწარმეტყველებების შესრულება?
32 მათეს სახარებიდან ვხედავთ, თუ როგორ შესრულდა მრავალი წინასწარმეტყველება. ებრაული წერილებიდან მოყვანილი მრავალი ციტატა ადასტურებს მათ შესრულებას. ამის დახმარებით ვრწმუნდებით, რომ იესო მესიაა, რადგან შეუძლებელია, ადამიანს წინასწარ გაეთვალა ამდენი დეტალი. მაგალითად, მათეს 13:14, 15 შეადარეთ ესაიას 6:9, 10-ს; მათეს 21:42 — ფსალმუნის 118:22, 23-ს; მათეს 26:31, 56 — ზაქარიას 13:7-ს. წინასწარმეტყველებების ასეთი შესრულება იმაშიც გვარწმუნებს, რომ „ზეციერ სამეფოსთან“ დაკავშირებით იეჰოვას დიდებული განზრახვების განხორციელების პარალელურად მათეს სახარებაში ჩაწერილი იესოს ყველა წინასწარმეტყველება შესრულდება.
33. რისი იმედი უმტკიცდებათ დღეს სიმართლის მოყვარულ ადამიანებს?
33 ღმერთმა ზუსტად, წვრილმანებშიც კი იწინასწარმეტყველა ღვთის სამეფოს მეფის ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალები. მათემ კი ღვთის შთაგონებით ზუსტად აღწერა, თუ როგორ შესრულდა ისინი. წინასწარმეტყველებების შესრულებაზე და მათეს სახარებაში მოცემულ დაპირებებზე ფიქრი სიმართლის მოყვარულ ადამიანებს მატებს ცოდნას და უძლიერებს იმის იმედს, რომ „ზეციერი სამეფოს“ მეშვეობით იეჰოვა განწმენდს თავის სახელს. იესო ქრისტე სწორედ ამ სამეფოს მეშვეობით მოუტანს უხვ კურთხევებსა და ბედნიერებას სულიერს მოწყურებულ და რბილი ხასიათის ადამიანებს „ხელახლა შექმნისას, როცა კაცის ძე თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება“ (მათ. 19:28). აი, ეს არის მათეს სახარებაში ჩაწერილი სასიხარულო ცნობა.
[სქოლიოები]
a McClintock and Strong’s Cyclopedia, 1981, ტ. V, გვ. 895.
b ლათინური ტექსტის თარგმანი გამოსცა ი. რიჩარდსონმა (Texte und Untersuchungen zur Geschichte der altchristlichen Literatur, ლაიფციგი, 1896, ტ. 14, გვ. 8, 9).
c The Ecclesiastical History, VI, XXV, 3—6.
d Introduction to the Study of the Gospels, 1896, ბ. უესტკოტი, გვ. 201.
e იესოს დროს დინარი ერთი დღის გასამრჯელო იყო. აქედან გამომდინარე, 100 დინარი წლიური შემოსავლის დაახლოებით მესამედს შეადგენდა. სამოცი მილიონი დინარის გამოსამუშავებლად ათასობით ადამიანს მთელი ცხოვრება დასჭირდებოდა („წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტ. I, გვ. 614 [ინგლ.]).
f Treasury of the Christian Faith, 1949, რედაქტორები ს. სტაბერი და თ. კლარკი, გვ. 43.
g Mahatma Gandhi’s Ideas, 1930, ს. ენდრიუსი, გვ. 96.