შეგიძლიათ ამოიცნოთ იესოს მოსვლის ნიშანი?
არავის სურს, რომ სერიოზულად დაავადდეს ან კატასტროფაში მოჰყვეს. ასეთი უბედურებების თავიდან ასარიდებლად გონიერი პიროვნება მხედველობაში იღებს ნიშნებს, რაც საშიშროებაზე მიუთითებს და შესაბამისადაც მოქმედებს. იესო ქრისტემ აღწერა განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც უნდა ამოვიცნოთ. ის საუბრობდა ნიშანზე, რომელიც მსოფლიო მასშტაბით შესრულდებოდა და დიდ გავლენას მოახდენდა მთელ კაცობრიობაზე, მათ შორის თქვენზე და თქვენს ოჯახზე.
იესო საუბრობდა ღვთის სამეფოზე, რომელიც ბოლოს მოუღებს ბოროტებას და დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. იესოს მოწაფეები ცნობისმოყვარეობამ აღძრა, გაეგოთ, როდის დამყარდებოდა ეს სამეფო. მათ იესოს ჰკითხეს: „რა იქნება იმის ნიშანი, რომ მოსული ხარ და რა იქნება ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი?“ (მათე 24:3).
იესომ იცოდა, რომ მისი წამებით სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ საუკუნეები გავიდოდა, სანამ ზეცაში გამეფდებოდა როგორც მესიანური მეფე, რათა კაცობრიობაზე ემმართველა. იესოს ზეცაში გამეფება ადამიანთათვის უხილავი იქნებოდა, ამიტომ მან დატოვა ნიშანი, რაც საშუალებას მისცემდა მის მიმდევრებს, ამოეცნოთ მისი ‘მოსვლა’ და „ამ სისტემის აღსასრულის ნიშანი“. ეს ნიშანი შედგება რამდენიმე ნაწილისგან, რომლებიც ერთად აღებული იესოს მოსვლაზე მიანიშნებს.
სახარების დამწერებმა — მათემ, მარკოზმა და ლუკამ, დაწვრილებით ჩაწერეს იესოს პასუხი (მათე 24-ე და 25-ე თავები, მარკოზი მე-13 თავი, ლუკა 21-ე თავი). ბიბლიის სხვა დამწერებმა ამ ნიშანს დეტალებიც დაუმატეს (2 ტიმოთე 3:1—5; 2 პეტრე 3:3, 4; გამოცხადება 6:1—8; 11:18). ამ სტატიაში ყველა დეტალს ვერ მოვიხსენიებთ, მაგრამ იესოს მიერ მოხსენიებული ნიშნის ხუთ ძირითად ნაწილს განვიხილავთ. თქვენ დაინახავთ, რომ ამ ნიშანზე ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია (იხილეთ ჩარჩო, გვერდი 6).
„ეპოქალური ცვლილება“
„ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ“ (მათე 24:7). გერმანული გაზეთი „შპიგელი“ იტყობინება, რომ 1914 წლამდე ხალხს „შესანიშნავი მომავლის — უფრო მეტი მშვიდობის, წინსვლისა და კეთილდღეობის — იმედი ჰქონდა“. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. „ომი, რომელიც 1914 წლის აგვისტოში დაიწყო და 1918 წლის ნოემბერში დასრულდა, შემაძრწუნებელი მოვლენა იყო. კაცობრიობის ისტორიაში მოხდა გარდამტეხი მოვლენა, რამაც ძველი ეპოქა ახლისგან გაყო“, — ნათქვამია გერმანულ ჟურნალ „გეოში“. ხუთ კონტინენტზე მცხოვრები 60 მილიონზე მეტი ჯარისკაცი სასტიკ კონფლიქტში ჩაება. ყოველდღე დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი კვდებოდა. მას შემდეგ ყველა თაობის ისტორიკოსი და პოლიტიკოსი 1914—1918 წლებში მომხდარ მოვლენებს „ეპოქალურ ცვლილებად“ მიიჩნევს.
პირველ მსოფლიო ომს ისეთი ცვლილებების ნიაღვარი მოჰყვა, რის შეჩერებაც შეუძლებელია; მას შემდეგ კაცობრიობა ამ სისტემის ბოლო დღეებისკენ მიექანება. მეოცე საუკუნის ბოლო წლები უფრო მეტი ომებით, შეიარაღებული კონფლიქტებითა და ტერორიზმით გამოირჩეოდა. XXI საუკუნის დასაწყისშიც არ შეცვლილა პირობები უკეთესობისკენ. ომის გარდა, დღეს ნიშნის სხვა შემადგენელ ნაწილებსაც ვხედავთ.
შიმშილი, ეპიდემიები და მიწისძვრები
„იქნება საკვების უკმარისობა“ (მათე 24:7). შიმშილმა პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში მოიცვა ევროპა და დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ისტორიკოსმა ალენ ბულეკმა დაწერა, რომ 1993 წელს რუსეთსა და უკრაინაში „უამრავი მშიერი ადამიანი ქალაქგარეთ დახეტიალობდა . . . გზებზე გვამები გროვებად ეყარა“. 1943 წელს, ჟურნალისტი თ. ჰ. ვაითი ჩინეთის პროვინციაში, ჰენანში, არსებული შიმშილის მოწმე გახდა. მან დაწერა: „შიმშილობის დროს საჭმელად უვარგისიც, მათ შორის უმიც კი, იჭმევა, რათა ორგანიზმმა სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგია მიიღოს. სიკვდილის შიში დღემდე აიძულებს ადამიანს, შეჭამოს ის, რაც უვარგისია“. სამწუხაროდ, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში შიმშილობა აფრიკაში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თუმცა დედამიწა ყველასთვის საკმარის საკვებს იძლევა, მაგრამ გაეროს კვებისა და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის შეფასების თანახმად, მთელ მსოფლიოში 840 მილიონ ადამიანს ცოტაოდენი საკვები გააჩნია.
„ეპიდემიები . . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (ლუკა 21:11). „ვარაუდობენ, რომ 1918 წელს ესპანურმა გრიპმა 20 მილიონიდან 50 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უფრო მეტი, ვიდრე შავმა ჭირმა თუ პირველმა მსოფლიო ომმა“, — ნათქვამია „ზიუდოიჩე ცაიტუნგში“. მას შემდეგ უამრავი ადამიანი დაავადდა მალარიით, ყვავილით, ტუბერკულოზით, პოლიომიელიტითა და ქოლერით. მსოფლიო თავზარდაცემულია, რომ შიდს-ი სწრაფად ვრცელდება. საგონებელში გვაგდებს ის, რომ საოცარი სამედიცინო პროგრესის მიუხედავად, მაინც არსებობს დაავადებები, რომლებიც ძალიან რთულად ექვემდებარება მკურნალობას. კაცობრიობისთვის დღემდე ამოუცნობი ეს პრობლემა, გვეხმარება, გავიგოთ, რომ უჩვეულო დროში ვცხოვრობთ.
„მიწისძვრები“ (მათე 24:7). გასული 100 წლის განმავლობაში მიწისძვრების შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ერთი წყაროს თანახმად, უფრო დამანგრეველი მიწისძვრები 1914 წლიდან მოყოლებული წელიწადში დაახლოებით 18-ჯერ ხდება. წელიწადში დაახლოებით ერთხელ ხდება მიწისძვრა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შენობებს მიწასთან ასწორებს და დიდი მსხვერპლი მოჰყვება. ტექნოლოგიური მიღწევების მიუხედავად, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელია, რადგან მრავალი ქალაქი, სადაც მოსახლეობა სწრაფად იზრდება, მიწისძვრების ზონაშია განლაგებული.
სასიხარულო ცნობა!
ბოლო დღეების ნიშნის დიდ ნაწილს შემაშფოთებელი მოვლენები შეადგენს. მაგრამ იესომ სასიხარულო ცნობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათე 24:14). იესოს მიერ დაწყებული საქმიანობა — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება — კულმინაციას ბოლო დღეებში მიაღწევდა. ეს ნამდვილად სრულდება. იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ცნობას ქადაგებენ და ისეთ ადამიანებს ასწავლიან, რომელთაც სურთ, გამოიყენონ ის, რასაც ყოველდღიურად სწავლობენ. ექვს მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე დღეს 235 ქვეყანაში 400-ზე მეტ ენაზე ქადაგებს.
ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ მსოფლიოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების გამო ყველანაირი საქმიანობა შეჩერდებოდა. მას ასევე არ უთქვამს, რომ მთელ მსოფლიოში ნიშნის მხოლოდ ერთი ნაწილი შესრულდებოდა. მან იწინასწარმეტყველა მრავალი მოვლენა, რაც ერთად შეადგენდა ნიშანს, რომლის ამოცნობაც დედამიწის ნებისმიერ ადგილას იქნებოდა შესაძლებელი.
ცალკეულ მოვლენებსა თუ გარკვეულ შემთხვევებზე დაკვირვების შედეგად ხედავთ გლობალური მნიშვნელობის მქონე ნიშნის შემადგენელ ნაწილებს? დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება დაგვებადოს კითხვა: „მაშ, რატომ არ აქცევს ამას ყურადღებას ადამიანთა უმრავლესობა?“
ბევრისთვის პირადი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია
„ცურვა აკრძალულია!“, „მაღალი ძაბვაა!“, „შეზღუდეთ სიჩქარე“. ეს არის ზოგიერთი ნიშანი და გაფრთხილება, რასაც ვხედავთ, მაგრამ ხშირად უგულებელვყოფთ. რატომ? ჩვენზე გავლენას ახდენს ის, რაც გვგონია, რომ ჩვენთვის საუკეთესოა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება ვფიქრობდეთ, რომ საჭიროა მანქანა უფრო სწრაფად ვატაროთ, ვიდრე ეს კანონითაა ნებადართული ან შეიძლება ძლიერი სურვილი გვქონდეს, რომ აკრძალულ ადგილებში ვიბანაოთ. მაგრამ გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა უგუნურებაა.
მაგალითად, ავსტრიის, საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის ალპებში ჩამოწოლილმა ზვავმა ზოგჯერ შეიძლება იმ ტურისტების სიცოცხლე შეიწიროს, რომლებიც უგულებელყოფენ გაფრთხილებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თხილამურებითა და სნოუბორდებით მხოლოდ უსაფრთხო ადგილებში ისრიალონ. ჟურნალ „ზიუდოიჩე ცაიტუნგში“ ნათქვამია, რომ ბევრი ტურისტი, რომლებიც უგულებელყოფენ გამაფრთხილებელ ნიშნებს, შემდეგი პრინციპით ცხოვრობენ: „რისკის გარეშე ცხოვრება უინტერესოა“. სამწუხაროდ, გამაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფამ შეიძლება ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
რატომ უგულებელყოფს ხალხი იესოს მიერ აღწერილ ნიშანს? ისინი შეიძლება სიხარბით გონებადაბრმავებულები და გულგრილები გახდნენ, გადაწყვეტილების მიღებისას მერყეობდნენ, ყოველდღიური საქმეებით გამოიფიტონ ან პრესტიჟის დაკარგვის შიშმა მოიცვას. აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიზეზის გამო ხომ არ უგულებელყოფთ იესოს მოსვლის ნიშანს? განა უფრო გონივრული არ იქნებოდა ნიშნის ამოცნობა და ამის შესაბამისად მოქმედება?
დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრება
სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მხედველობაში იღებენ იესოს მოსვლის ნიშანს. გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა დაქორწინებული მამაკაცი, სახელად კრისტიანი, წერს: «ჩვენ საზარელ დროში ვცხოვრობთ. უდავოდ, „ბოლო დღეებია“». ის და მისი მეუღლე დიდ დროს უთმობენ მესიანურ სამეფოსთან დაკავშირებით სხვებთან საუბარს. ფრანკიც იმავე ქვეყნიდანაა. ის მეუღლესთან ერთად ბიბლიაში მოცემულ სასიხარულო ცნობას სხვებს უზიარებს. ფრანკი ამბობს: „მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო მრავალი ადამიანი შეწუხებულია მომავალზე ფიქრით. ჩვენ ვცდილობთ, გავამხნევოთ ისინი ბიბლიური წინასწარმეტყველებებით, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება“. ამგვარად, კრისტიანსა და ფრანკს თავიანთი წვლილი შეაქვთ, რომ შესრულდეს იესოს ნიშნის ერთი ნაწილი — სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება (მათე 24:14).
ბოლო დღეები როცა თავის კულმინაციას მიაღწევს, იესო გაანადგურებს ძველ სისტემას და იმ ადამიანებს, რომლებიც მას უჭერენ მხარს. მაშინ მესიანური სამეფო იმმართველებს დედამიწაზე, რომელიც ნაწინასწარმეტყველებ სამოთხედ გადაიქცევა. კაცობრიობა გათავისუფლდება ავადმყოფობისა და სიკვდილისგან და მკვდრები აღდგებიან დედამიწაზე საცხოვრებლად. ასეთი შესანიშნავი მომავალი ელით მათ, რომლებსაც შეუძლიათ დროის ნიშნების ამოცნობა. განა გონივრული არ იქნება უფრო მეტი გაიგოთ ამ ნიშნისა და იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ, რომ გადარჩეთ ამ სისტემის აღსასრულის დადგომისას? უდავოა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, დროულად იმოქმედონ (იოანე 17:3).
[ჩანართი 4 გვერდზე]
იესომ იწინასწარმეტყველა მრავალი მოვლენა, რაც ერთად შეადგენდა ნიშანს, რომლის ამოცნობაც დედამიწის ნებისმიერ ადგილას იქნებოდა შესაძლებელი.
[ჩანართი 6 გვერდზე]
შეგიძლიათ გლობალური მნიშვნელობის მქონე ნიშნის შემადგენელი ნაწილების ამოცნობა?
[ჩარჩო⁄სურათები 6 გვერდზე]
ბოლო დღეების ამოსაცნობი ნიშნები
უპრეცედენტო ომი (მათე 24:7; გამოცხადება 6:4).
შიმშილობა (მათე 24:7; გამოცხადება 6:5, 6, 8).
ეპიდემიები (ლუკა 21:11; გამოცხადება 6:8).
უკანონობის გამრავლება (მათე 24:12).
მიწისძვრები (მათე 24:7).
ძნელად ასატანი დრო (2 ტიმოთე 3:1).
ფულის უზომო სიყვარული (2 ტიმოთე 3:2).
მშობლების ურჩები (2 ტიმოთე 3:2).
თბილ გრძნობებს მოკლებულები (2 ტიმოთე 3:3).
უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა (2 ტიმოთე 3:4).
თავშეუკავებლები (2 ტიმოთე 3:3).
კარგის მოძულენი (2 ტიმოთე 3:3).
გარდაუვალი საშიშროების არაფრად ჩაგდება (მათე 24:39).
დამცინავების მიერ ბოლო დღეების ნიშნების უარყოფა (2 პეტრე 3:3, 4).
სამეფოს შესახებ გლობალური ქადაგება (მათე 24:14).
[საავტორო უფლებები დაცულია 5 გვერდზე]
WWI soldiers: From the book The World War—A Pictorial History, 1919; poor family: AP Photo/Aijaz Rahi; polio victim: © WHO/P. Virot