‘დიდი გასაჭირის’ დაწყებამდე უსაფრთხოებისკენ გაქცევა
„როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს. . . მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ“ (ლუკა 21:20, 21).
1. რატომ არის გადაუდებელი გაქცევა მათთვის, ვინც ჯერ ქვეყნიერების ნაწილია?
ყველასთვის, ვინც სატანის ქვეყნიერების ნაწილია, გაქცევა გადაუდებელია. თუ სურთ, რომ დედამიწაზე თანამედროვე სისტემის განადგურების დროს დაცული იყვნენ, დამარწმუნებლად უნდა ცხადყონ, რომ მტკიცედ დგანან იეჰოვას მხარეზე და აღარ არიან ქვეყნიერების ნაწილი, რომლის მმართველიც სატანაა (იაკობი 4:4; 1 იოანე 2:17).
2, 3. მათეს 24:15–22-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებთან დაკავშირებულ რომელ კითხვებს განვიხილავთ?
2 თავის დიდებულ წინასწარმეტყველებაში სისტემის დასასრულთან დაკავშირებით, იესომ ხაზგასმით აღნიშნა ასეთი გაქცევის სასიცოცხლო აუცილებლობა. ჩვენ ხშირად განვიხილავთ მათეს 24:4–14-ში მოცემულ ჩანაწერს; მაგრამ, რაც მას მოჰყვება არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ჩვენ მოგიწოდებთ, გადაშალო შენი ბიბლია და წაიკითხო 15-დან 22-ე მუხლის ჩათვლით.
3 რას ნიშნავს ეს წინასწარმეტყველება? რა იყო ‘გატიალების სიბილწე’ პირველ საუკუნეში? რის მომასწავებელი იყო, „წმიდა ადგილზე“ რომ იდგა? რა მნიშვნელობა აქვს საქმის ასეთ ვითარებას ჩვენთვის?
„წამკითხველმა გაიგოს“
4. ა) დანიელის 9:27-ის თანახმად, რა უნდა მოჰყოლოდა იუდეველთა მიერ მესიის უარყოფას? ბ) ამაზე მითითებით, როგორც ჩანს, რატომ თქვა იესომ, რომ „წამკითხველმა გაიგოს“?
4 მიაქციე ყურადღება, რომ მათეს 24:15-ში იესომ მიუთითა იმაზე, რაც დანიელის წიგნში იყო ჩაწერილი. ამ წიგნის მე-9 თავში მოცემული ცნობა წინასწარმეტყველებდა მესიის მოსვლასა და სამსჯავრო განაჩენზე, რომელიც შესრულდებოდა იუდეველ ერზე მისი უარყოფის გამო. 27-ე მუხლის ბოლო ნაწილში ნათქვამია: „სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი“. იუდეველების ადრინდელი გადმოცემის თანახმად, დანიელის წინასწარმეტყველების ეს ნაწილი ეხებოდა ძველი წელთაღრიცხვით მეორე საუკუნეში ანტიოქე IV მიერ იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის წაბილწვის შემთხვევას. მაგრამ იესო აფრთხილებდა: „წამკითხველმა გაიგოს“. თუმცა ანტიოქე IV მიერ ტაძრის შებღალვა აშკარა სიბილწე იყო, მას არ გაუტიალებია არც იერუსალიმი, არც ტაძარი, არც იუდეველი ერი. ამიტომ, როგორც ჩანს, იესო აფრთხილებდა თავის მსმენელებს, რომ ეს წარსულში კი არ მოხდა, არამედ მომავალში შესრულდებოდა.
5. ა) როგორ გვეხმარება სახარების ცნობების შედარება, გამოვიცნოთ პირველი საუკუნის ‘სიბილწე’? ბ) რატომ გადაიყვანა სასწრაფოდ ცესტიუს გალუსმა რომაელთა ჯარები იერუსალიმში ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს?
5 რა იყო ‘სიბილწე’, რომელსაც ფხიზლად უნდა დალოდებოდნენ? საყურადღებოა მათეს ცნობაში ნათქვამი: „როცა იხილავთ ‘გატიალების სიბილწეს’, წმიდა ადგილზე მდგომს“. მაგრამ შესაბამისი ცნობა ლუკას 21:20-ში გვამცნობს: „როცა იხილავთ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება“. ახალი წელთაღრიცხვით 66 წელს იერუსალიმში მცხოვრებმა ქრისტიანებმა იხილეს ის, რასაც იესო წინასწარმეტყველებდა. მრავალმა შემთხვევამ და ამასთანავე, მაღალი თანამდებობის იუდეველ და რომაელ პირთა შორის კონფლიქტმა იერუსალიმი რომის წინააღმდეგ აჯანყებების ბუდედ აქცია. ამის შედეგად ძალადობა მოედო მთელ იუდეასა და სამარიას, გალილეას, ათქალაქსა და ფინიკიას, ჩრდილოეთ სირიასა და სამხრეთ ეგვიპტეს. რომის იმპერიის ამ ნაწილში მშვიდობის აღსადგენად ცესტიუს გალუსმა სასწრაფოდ გადაიყვანა სამხედრო ძალები სირიიდან იერუსალიმში, რომელსაც იუდეველები თავიანთ ‘წმიდა ქალაქს’ უწოდებდნენ (ნეემია 11:1; ესაია 52:1).
6. როგორ მოხდა, რომ ‘სიბილწე’, რომელსაც გატიალების გამოწვევა შეეძლო, იდგა „წმიდა ადგილზე“?
6 რომაელთა ლეგიონებისთვის ჩვეულებრივი იყო ბაირაღების ან დროშების ტარება, რომლებსაც ისინი წმინდად მიიჩნევდნენ, მაგრამ რომლებსაც იუდეველები კერპებად თვლიდნენ. საინტერესოა, რომ ‘სიბილწედ’ გადათარგმნილი ებრაული სიტყვა, დანიელის წიგნში გამოყენებულია, უმთავრესად, კერპებთან და კერპთაყვანისმცემლობასთან დაკავშირებითa (მეორე რჯული 29:17). იუდეველთა წინააღმდეგობის მიუხედავად, რომაელთა ჯარები, რომლებიც კერპთაყვანისმცემლურ დროშებს ატარებდნენ, ახალი წელთაღრიცხვით 66 წლის ნოემბერში შევიდნენ იერუსალიმში და შეუდგნენ ჩრდილოეთის მხრიდან ტაძრის კედლის ძირის გამოთხრას. ყოველგვარი ეჭვი გამორიცხული იყო — ‘სიბილწე’, რომელსაც იერუსალიმის სრული ‘გატიალება’ შეეძლო, იდგა „წმიდა ადგილზე“! მაგრამ, როგორ შეძლებდა ვინმე გაქცევას?
გაქცევა გადაუდებელი იყო!
7. რა გააკეთა რომაელთა ჯარმა მოულოდნელად?
7 როცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იერუსალიმს იოლად აიღებდნენ, მოულოდნელად და ადამიანთა თვალსაზრისით ყველანაირი ხილული მიზეზის გარეშე, რომაელთა ჯარი უკან გაბრუნდა. იუდეველი მეამბოხეები გაედევნენ გაბრუნებულ რომაელ ჯარებს, მაგრამ მხოლოდ ანტიპატრიამდე, რომელიც იერუსალიმიდან დაახლოებით 50 კილომეტრით იყო დაშორებული. შემდეგ ისინი დაბრუნდნენ. იერუსალიმში დაბრუნებისას შემდგომი საომარი სტრატეგიული გეგმის შესადგენად ისინი ტაძარში შეიკრიბნენ. ციხე-სიმაგრეების გასაძლიერებლად და ჯარში სამსახურებლად ახალგაზრდებს იწვევდნენ. ჩაერეოდნენ ქრისტიანები ამაში? რომ არც ჩარეულიყვნენ, მაინც ხომ არ იქნებოდნენ სახიფათო ზონაში, როცა რომაელთა ჯარები დაბრუნდებოდნენ?
8. რომელი გადაუდებელი საქმე შეასრულეს ქრისტიანებმა იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი მორჩილებით?
8 იერუსალიმში და მთელ იუდეაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა მალევე დაიწყეს მოქმედება იესო ქრისტეს წარმოთქმული წინასწარმეტყველური გაფრთხილების თანახმად და გაიქცნენ სახიფათო ადგილიდან. გაქცევა გადაუდებელი იყო! გარკვეული დროის შემდეგ მათ მთიან ადგილებს მიაღწიეს და ზოგიერთი შესაძლოა პელაში, პერეიას მხარეში გაჩერდა. ისინი, რომლებმაც გულთან მიიტანეს იესოს გაფრთხილება, უგუნურად არ მოქცეულან და არ დაბრუნებულან მატერიალური ქონების გადასარჩენად (შეადარე ლუკა 14:33). ორსულ ქალებსა და მეძუძურ დედებს, რომლებმაც იერუსალიმი ასეთ პირობებში დატოვეს, ნამდვილად გაუჭირდათ ფეხით მგზავრობა. შაბათი დღის შეზღუდვებმა ხელი არ შეუშალა მათ გაქცევაში და მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ახლოვდებოდა, ის ჯერ არ იყო დაწყებული. მათ, ვინც შეისმინა იესოს გაფრთხილება, სწრაფად გაქცეულიყვნენ, ცოტა ხანში მშვიდობიანად გააღწიეს იერუსალიმიდან და იუდეადან. მათი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული (შეადარე იაკობი 3:17).
9. რამდენ ხანში დაბრუნდნენ რომაელთა სამხედრო ძალები და რა მოჰყვა ამას?
9 მომდევნო წელსვე, ახალი წელთაღრიცხვით 67 წელს, რომაელებმა კვლავ დაიწყეს საომარი მოქმედებები იუდეველთა წინააღმდეგ. პირველად გალილეა დაიმორჩილეს. მომდევნო წელს იუდეა ააოხრეს. ახალი წელთაღრიცხვით 70 წლისთვის რომაელთა სამხედრო ძალებმა თვით იერუსალიმს შემოარტყეს ალყა (ლუკა 19:43). უკიდურესად სასტიკი შიმშილობის დღეები დადგა. ალყაშემორტყმულ ქალაქში დარჩენილები თავს დაესხნენ ერთმანეთს. ყოველი, ვინც თავის დახსნას ცდილობდა, ულმობლად იყო მოკლული. იესოს სიტყვების თანახმად, რაც მათ შეემთხვათ იყო „დიდი გასაჭირი“ (მათე 24:21).
10. თუ ვიგებთ წაკითხულს, კიდევ რას მივიღებთ მხედველობაში?
10 სავსებით შესრულდა კი ამ შემთხვევებით ის, რაც იესომ იწინასწარმეტყველა? არა, უფრო მეტი რამ უნდა მომხდარიყო. თუ იესოს რჩევის თანახმად გავიგებთ საღვთო წერილში წაკითხულს, ჩვენ ყურადღებიდან არ გამოგვრჩება ის, რაც ჯერ კიდევ წინ არის. აგრეთვე ჩვენ სერიოზულად ვიფიქრებთ ჩვენს ცხოვრებაში მისი მნიშვნელობის შესახებ.
თანამედროვე ‘სიბილწე’
11. რომელ ორ სხვა ნაწყვეტში მიუთითებს დანიელი ‘სიბილწეზე’ და რომელი პერიოდი მოიხსენიება იქ?
11 ყურადღება მიაქციე, რომ გარდა იმისა, რაც დანიელის 9:27-ში დავინახეთ, დანიელის 11:31-სა და 12:11-ში არის შემდგომი მითითებები ‘გატიალების სიბილწეზე’. ამ ბოლო შემთხვევებიდან არც ერთში არ არის მოხსენიებული იერუსალიმის დანგრევა. სინამდვილეში, ‘ბოლო ჟამის’ შესახებ მითითებიდან სულ ორი მუხლის შემდეგ ჩნდება დანიელის 12:11-ში ნათქვამი (დანიელი 12:9). ასეთ პერიოდში ჩვენ ვცხოვრობთ 1914 წლიდან. ამიტომ ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ გამოვიცნოთ თანამედროვე ‘გატიალების სიბილწე’ და შემდეგ დავრწმუნდეთ, რომ გავედით სახიფათო ადგილიდან.
12, 13. რატომ არის მართებული ერთა ლიგის ‘სიბილწედ’ აღწერა?
12 რა არის დღევანდელი დღის ‘სიბილწე’? ფაქტები მიუთითებენ ერთა ლიგაზე, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 1920 წელს, მას შემდეგ ცოტა ხანში, რაც ქვეყნიერებამ თავისი ბოლო ჟამის პერიოდში შეაბიჯა. მაგრამ, როგორ შეიძლება ის ყოფილიყო ‘გატიალების სიბილწე’?
13 გახსოვდეს, ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა გადმოტანილი ‘სიბილწედ’, უმთავრესად, მიუთითებს კერპებსა და კერპთაყვანისმცემლურ ჩვევებზე. მაგრამ აღმერთებდნენ თუ არა ერთა ლიგას? რასაკვირველია, აღმერთებდნენ! სამღვდელოებამ ის „წმიდა ადგილზე“ დააყენა და მისი მიმდევრები აგრძელებდნენ ერთა ლიგისადმი მგზნებარე თავდადებას. ქრისტეს ეკლესიების ფედერალურმა საბჭომ ამერიკაში გამოაცხადა, რომ ერთა ლიგა იქნებოდა „ღმერთის სამეფოს პოლიტიკური გამოხატულება დედამიწაზე“. შეერთებული შტატების სენატში ჩამოწვა წერილების ზვავი რელიგიური ჯგუფებისგან, რომლებიც მოუწოდებდნენ მას, ერთა ლიგის ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. ბრიტანეთში ბაპტისტების, კონგრეგაციონალისტებისა და პრესვიტერიანების მთავარი საბჭო აქებდა მას, როგორც „ერთადერთ საშუალებას [დედამიწაზე მშვიდობის] მოსაპოვებლად“ (იხილე გამოცხადება 13:14, 15).
14, 15. როგორ აღმოჩნდა ერთა ლიგა და მოგვიანებით გაერო, „წმიდა ადგილზე“?
14 ზეცაში 1914 წელს ღმერთის მესიანური სამეფო დამყარდა, მაგრამ ერები აგრძელებდნენ საკუთარი უმაღლესი ხელისუფლებებისთვის ბრძოლას (ფსალმუნი 2:1–6). როცა ერთა ლიგის კანდიდატურას ასახელებდნენ, ერებმა, რომლებიც ახლახან პირველ მსოფლიო ომში იბრძოდნენ და ასევე სამღვდელოებამ, რომელიც მათ ჯარებს აკურთხებდა, უკვე გამოამჟღავნეს, რომ მიტოვებული ჰქონდათ ღმერთის კანონი. მათ არ ჰქონდათ იესო ქრისტეს, როგორც მეფის, იმედი. ამრიგად ღმერთის სამეფოს როლი მათ ადამიანთა ორგანიზაციას მიანდეს; მათ დააყენეს ერთა ლიგა „წმიდა ადგილზე“, ადგილზე, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.
15 ერთა ლიგის მემკვიდრედ, 1945 წლის 24 ოქტომბერს თავისი არსებობა დაიწყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. მოგვიანებით რომის პაპებმა საჯაროდ გამოაცხადეს გაერო „თანხმობისა და მშვიდობისთვის საბოლოო იმედად“ და „მშვიდობისა და მართლმსაჯულების უმაღლეს ფორუმად“. დიახ, ღმერთისა და მისი ხალხის თვალში ერთა ლიგა თავის მემკვიდრესთან, გაეროსთან ერთად, ნამდვილად გახდა კერპი, ‘სიბილწე’.
გაქცევა — რისგან?
16. რას უნდა გაექცნენ სიმართლის მოყვარულნი დღეს?
16 როგორც კი ‘იხილავენ’ და გაიგებენ, თუ რას წარმოადგენს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია და როგორ არის ის გაღმერთებული, სიმართლის მოყვარულები უნდა გაიქცნენ თავის გადასარჩენად. გაიქცნენ რისგან? იმისგან, რაც დღეს წარმოადგენს სიმბოლურ ორგულ იერუსალიმს, კერძოდ კი ქრისტიანულ სამყაროს და მთელ დიდ ბაბილონს, ცრუ რელიგიის მსოფლიო სისტემას (გამოცხადება 18:4).
17, 18. როგორ გატიალებას გამოიწვევს დღევანდელი ‘სიბილწე’?
17 აგრეთვე გახსოვდეს, რომ პირველ საუკუნეში, როცა რომის ჯარი თავისი კერპთაყვანისმცემლური დროშებით იუდეველთა წმინდა ქალაქში შევიდა, მას უნდა გაეტიალებინა იერუსალიმი და მისი თაყვანისმცემლობის სისტემა. ჩვენს დროში მხოლოდ ერთი ქალაქი კი არ იქნება გატიალებული ან მხოლოდ ქრისტიანული სამყარო, არამედ ცრუ რელიგიის მთელი მსოფლიო სისტემა (გამოცხადება 18:5–8).
18 გამოცხადების 17:16-ში ნაწინასწარმეტყველებია, რომ ფიგურალური მუქი წითელი ფერის მხეცი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, გაეროა, თავს დაესხმის მეძავის მსგავს დიდ ბაბილონს და დიდი სისასტიკით გაანადგურებს მას. ხატოვანი ენით იქ ნათქვამია: „ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი, შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ“. ის, რა მნიშვნელობაც ამას ექნება, საშინელი წარმოსადგენია. ამის შედეგად განადგურდება ყველანაირი ცრუ რელიგია მსოფლიოს ყველა კუთხეში. ეს იქნება დიდი გასაჭირის დაწყების აშკარა მტკიცება.
19. რომელი ელემენტები წარმოადგენენ გაეროს ნაწილს მისი ჩამოყალიბების დროიდან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
19 აღსანიშნავია, რომ 1945 წელს გაეროს მოქმედების დაწყებისთანავე, მის შემადგენლობაში თავი იჩინეს ათეისტურმა, ანტირელიგიურმა ელემენტებმა. მთელ მსოფლიოში სხვადასხვა დროს ასეთი რადიკალური ელემენტები ხელს უწყობდნენ რელიგიური წეს-ჩვეულებების შეზღუდვას ან სრულ აკრძალვას. მაგრამ ბოლო წლებში მრავალ ქვეყანაში შეწყდა რელიგიურ ჯგუფებზე მთავრობების ზემოქმედება. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ რელიგიისთვის არავითარი საფრთხე აღარ არსებობს.
20. როგორი რეპუტაცია დაიმსახურეს ქვეყნიურმა რელიგიებმა?
20 დიდი ბაბილონის რელიგიები ისევ მძვინვარე გამანადგურებელ ძალას წარმოადგენენ მსოფლიოში. ხშირად მიუთითებენ შეურიგებელ ფრაქციებსა და ტერორისტულ ჯგუფებს იმ რელიგიის დასახელებით, რომელსაც ჯგუფები ემხრობიან. აჯანყების ჩამხშობ პოლიციასა და ჯარისკაცებს გზის გაკაფვა უწევთ ტაძრებისკენ, რომ მოწინააღმდეგე რელიგიურ ფრაქციებს შორის ძალადობა აღკვეთონ. რელიგიური საბჭოები აფინანსებენ პოლიტიკურ რევოლუციას. რელიგიურმა სიძულვილმა ჩაშალა გაეროს მცდელობები ეთნიკურ ჯგუფებს შორის მყარი დამოკიდებულებების შესანარჩუნებლად. მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად, გაეროში მყოფ ელემენტებს სურთ გააუქმონ ნებისმიერი რელიგიური ზეგავლენა, რომელიც გზაზე ეღობებათ.
21. ა) ვინ დაადგენს დიდი ბაბილონის განადგურების დროს? ბ) რა არის სასწრაფოდ გასაკეთებელი მანამდე?
21 არსებობს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განხილვის ღირსია. თუმცა დიდი ბაბილონის გასანადგურებლად მილიტარიზებული რქები გაეროდან იქნება გამოყენებული, ეს განადგურება, სინამდვილეში, ღვთიური განაჩენის გამოხატულება იქნება. განაჩენი ღმერთის დანიშნულ დროს შესრულდება (გამოცხადება 17:17). ამასობაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? „გამოერიდე მას“ — გამოერიდეთ დიდ ბაბილონს — პასუხობს ბიბლია (გამოცხადება 18:4).
22, 23. რას შეიცავს ასეთი გაქცევა?
22 გადასარჩენად ეს გაქცევა არ არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გადანაცვლება, როგორც ებრაელმა ქრისტიანებმა გააკეთეს იერუსალიმის მიტოვებისას. ეს არის გაქცევა ქრისტიანული სამყაროს რელიგიებიდან, დიახ, გაქცევა დიდი ბაბილონის ნებისმიერი ნაწილიდან. ეს ნიშნავს, რომ სრულიად უნდა გამოვეყოთ არა მხოლოდ ცრუ რელიგიის ორგანიზაციებს, არამედ, ასევე მათ ადათებსა და სულს, რომელსაც ისინი წარმოშობენ. ეს არის გაქცევა უსაფრთხოებისკენ, რომელიც იეჰოვას თეოკრატიულ ორგანიზაციაშია (ეფესელთა 5:7–11).
23 როგორ რეაგირებდნენ იეჰოვას მოწმეები, როდესაც იეჰოვას ცხებულმა მსახურებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გამოიცნეს თანამედროვე სიბილწე, ერთა ლიგა? ისინი უკვე აღარ იყვნენ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წევრები. მაგრამ თანდათან მათთვის ნათელი ხდებოდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთ წეს-ჩვეულებებს იცავდნენ, როგორიცაა ჯვრის გამოყენება და შობისა და სხვა კერპთაყვანისმცემლური დღესასწაულების ზეიმობა. როცა ამ საკითხებთან დაკავშირებული ჭეშმარიტება გაიგეს, დაუყოვნებლივ დაიწყეს მოქმედება. მათ გულთან მიიტანეს ესაიას 52:11-ში მოცემული რჩევა: „წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო!“
24. ვინ შეუერთდა გაქცეულებს განსაკუთრებით 1935 წლიდან?
24 განსაკუთრებით 1935 წლიდან, იმ ადამიანებისგან შეკრებილმა მზარდმა ჯგუფმა, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების პერსპექტივა ჰქონდათ, მსგავსი მოქმედება დაიწყო. მათაც ‘იხილეს წმიდა ადგილზე მდგომი სიბილწე’ და ესმით მისი მნიშვნელობა. მას შემდეგ, რაც გაქცევა გადაწყვიტეს, მათ ამოშალეს თავიანთი სახელები იმ ორგანიზაციების წევრობის სიებიდან, რომლებიც დიდი ბაბილონის ნაწილს წარმოადგენენ (2 კორინთელთა 6:14–17).
25. რა მოითხოვება იმის შეწყვეტის გარდა, რაც პიროვნებას შეიძლება ცრუ რელიგიასთან აკავშირებდეს?
25 მაგრამ დიდი ბაბილონიდან გაქცევა ცრუ რელიგიის უარყოფაზე ბევრად უფრო მეტს ნიშნავს. ის სამეფო დარბაზში ჩატარებული კრებების მხოლოდ რამდენჯერმე დასწრებაზე ან კეთილი ცნობის საქადაგოდ თვეში ერთი-ორჯერ გასვლაზე მეტს ნიშნავს. პიროვნება შეიძლება ფიზიკურად იყოს გამოსული დიდი ბაბილონიდან, მაგრამ ნამდვილად უკან დატოვა ის? გამოეყო თუ არა ის ქვეყნიერებას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც დიდი ბაბილონია? ჯერაც ერთგულობს ისეთ საკითხებში, რომლებიც მის სულს ირეკლავს — სულს, რომელიც აბუჩად იგდებს ღმერთის სამართლიან ნორმებს? გულგრილად ეკიდება სექსუალურ ზნეობრიობასა და ცოლქმრულ ერთგულებას? პირად და მატერიალურ ინტერესებს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიდრე სულიერს? მან არ უნდა დაუშვას, რომ მიჰყვეს ამ სისტემას (მათე 6:24; 1 პეტრე 4:3, 4).
დაე, არაფერმა დაგაბრკოლოს გაქცევაში!
26. რა დაგვეხმარება, რომ არა მხოლოდ დავიწყოთ გაქცევა, არამედ წარმატებით დავასრულოთ ის?
26 გადასარჩენად გაქცევისას აუცილებელია, რომ სევდით არ შევყურებდეთ იმას, რაც უკან დავტოვეთ (ლუკა 9:62). ჩვენ მტკიცედ უნდა გვქონდეს ჩვენს გულსა და გონებაში ღმერთის სამეფო და მისი სამართლიანობა. გადაწყვეტილი გვაქვს თუ არა, რომ გამოვავლინოთ რწმენა, უპირველესად, ამის მოძებნითა და იეჰოვას იმედით, რომ ის აკურთხებს ერთგულების გამომხატველ ასეთ ქცევას? (მათე 6:31–33) საღვთო წერილზე დაფუძნებულმა რწმენამ უნდა აღგვძრას ამ მიზნისკენ, სანამ მოუთმენლად ველოდებით მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც მსოფლიო სცენაზე უნდა განვითარდეს.
27. რატომ არის მნიშვნელოვანი აქ მოცემულ კითხვებზე სერიოზული ჩაფიქრება?
27 ღვთიური განაჩენის შესრულება დაიწყება დიდი ბაბილონის განადგურებით. ეს, მეძავის მსგავსი, ცრუ რელიგიის იმპერია სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას. ეს დრო ძალიან ახლოა! რა მდგომარეობას დაიკავებს თითოეული ჩვენგანი, როცა ეს საყურადღებო დრო დადგება? და რომელ მხარეზე აღმოვჩნდებით დიდი გასაჭირის უმაღლესი წერტილის დროს, როცა სატანის ბოროტი სისტემის დანარჩენი ნაწილი განადგურდება? თუ ახლავე ვიმოქმედებთ როგორც საჭიროა, ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულია. იეჰოვა გვეუბნება: „ჩემი გამგონე უდარდელად [უშიშრად, აქ] იცხოვრებს“ (იგავნი 1:33). ამ სისტემის აღსასრულის დროს იეჰოვასადმი კვლავ ერთგულად და სიხარულით აღსავსე მსახურებას შეუძლია მოგვამზადოს, რომ ვემსახუროთ იეჰოვას მარადიულად.
[სქოლიოები]
a იხილე Insight on the Scriptures ტომი I, გვერდები 634–635, გამოქვეყნებული საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების მიერ (ნიუ-იორკი).
გახსოვს თუ არა შენ?
◻ რა არის თანამედროვე ‘სიბილწე’?
◻ რა გაგებით იყო ‘სიბილწე წმიდა ადგილზე’?
◻ რას შეიცავს გადასარჩენად გაქცევა დღეს?
◻ რატომ არის ასე მოქმედება გადაუდებელი?
[სურათი 26 გვერდზე]
იესოს მიმდევრები რომ გადარჩენილიყვნენ, დაუყოვნებლივ უნდა გაქცეულიყვნენ.