თავი 12
სად იცხოვრებს უამრავი ხალხი ზეცაში თუ დედამიწაზე?
ქრისტიანული სამყაროს რელიგიების მიმდევრებისგან განსხვავებით იეჰოვას მოწმეთა უმეტესობას იმედი აქვს, რომ დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად და არა ზეცაში. რატომ ფიქრობენ ისინი ასე?
თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. პირველი საუკუნის ქრისტიანები ელოდებოდნენ იმ დროს, როცა იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებდნენ, როგორც ზეციერი მეფეები (მათ. 11:12; ლუკ. 22:28—30). მაგრამ იესომ უთხრა მათ, რომ სამეფოს მემკვიდრე მხოლოდ „მცირე სამწყსო“ იქნებოდა (ლუკ. 12:32). ვინ შეადგენდა „მცირე სამწყსოს“? რამდენი იქნებოდნენ ისინი? ამ კითხვებზე პასუხი მათ მოგვიანებით გაიგეს.
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იესოს პირველ იუდეველ მოწაფეებზე წმინდა სული გადავიდა და ისინი ქრისტეს მემკვიდრეები გახდნენ. ღვთის სულის მოქმედების შედეგად ახ. წ. 36 წელს ნათელი გახდა, რომ წინადაუცვეთელი უცხოტომელებიც მიიღებდნენ ამ მემკვიდრეობას (საქ. 15:7—9; ეფეს. 3:5, 6). გავიდა კიდევ 60 წელი და ღმერთმა იოანე მოციქულს გაუმჟღავნა, რომ ქრისტეს ზეციერ სამეფოში დედამიწიდან 144 000 იქნებოდა აყვანილი (გამოცხ. 7:4—8; 14:1—3).
ამ იმედს იზიარებდნენ ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები, ასევე იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა 1930-იანი წლების შუა პერიოდამდე. ბიბლიის გამოკვლევის შედეგად მათ აგრეთვე იცოდნენ, რომ სულით ცხება მხოლოდ მომავალში ქრისტესთან ერთად ზეცაში მეფეებად და მღვდლებად მსახურებას არ ნიშნავდა, არამედ იმასაც, რომ ხორცში ყოფნისას დედამიწაზე განსაკუთრებულ საქმეს შეასრულებდნენ (1 პეტ. 1:3, 4; 2:9; გამოცხ. 20:6). რა იქნებოდა ეს განსაკუთრებული საქმე? მათ კარგად იცოდნენ და ხშირად ციტირებდნენ ესაიას 61:1-ს, სადაც ვკითხულობთ: „უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად“.
რა იყო ქადაგების მიზანი?
თუმცა ცოტანი იყვნენ, ისინი ცდილობდნენ, ღვთისა და მისი განზრახვების შესახებ ჭეშმარიტება რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიეტანათ. ისინი ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ დიდი რაოდენობით ლიტერატურას, რომელშიც ეწერა სასიხარულო ცნობა, რომ ღმერთი ქრისტეს მეშვეობით იხსნიდა კაცობრიობას. თუმცა მათი მიზანი არ იყო, რომ რელიგია შეეცვალა ყველას, ვისთანაც ქადაგებდნენ. მაშ, რატომღა ქადაგებდნენ ისინი? 1889 წლის ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო: „ჩვენ ვართ მისი [იეჰოვას] წარმომადგენლები დედამიწაზე; ღვთის სახელი უნდა განიწმინდოს მისი მტრებისა და შეცდომაში შეყვანილი მისი შვილების წინაშე; მისი დიდებული განზრახვა ყველგან უნდა გაცხადდეს ყველა იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამ ქვეყნიერების სიბრძნეზეა დაფუძნებული და რომლებიც ადამიანებმა შეადგინეს და დღემდე ადგენენ“.
განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მათ, ვინც აცხადებდნენ, რომ უფლის ხალხი იყვნენ და, ამასთანავე, ქრისტიანული სამყაროს რომელიმე რელიგიას მიეკუთვნებოდნენ. რა მიზნით ქადაგებდნენ მათთან ბიბლიის მკვლევარები? ძმა რასელი ხშირად ამბობდა, რომ მათი მიზანი არ იყო, ამ რელიგიებიდან ხალხი სხვა რელიგიაში გადასულიყო, არამედ სურდათ, უფალთან დაეახლოებინათ ისინი, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიის წევრები. მაგრამ ბიბლიის მკვლევარებმა იცოდნენ, რომ გამოცხადების 18:4-ის თანახმად, ასეთი ადამიანები უნდა გამოსულიყვნენ „ბაბილონიდან“, რომელსაც მათი აზრით განასახიერებდა ნომინალური ეკლესია, ანუ ქრისტიანული სამყაროს ყველა რელიგია თავიანთი არაბიბლიური სწავლებებითა და სექტანტური მიმდინარეობებით. „საგუშაგო კოშკის“ პირველივე გამოცემაში (1879 წლის ივლისი) ძმა რასელი წერდა: „ჩვენ გვესმის, რომ ამჟამინდელი ქადაგების მიზანია, მისი სახელისთვის შევკრიბოთ ხალხი — ეკლესია, რომელიც ქრისტეს მოსვლის დროს გაერთიანებული იქნება მასთან და მისი სახელით იწოდება (გამოცხ. 3:12)“.
მათ ესმოდათ, რომ იმ დროისთვის ჭეშმარიტ ქრისტიანებს მხოლოდ ერთი „მოწოდება“ ჰქონდათ. ისინი მიწვეულნი იყვნენ, რომ ქრისტეს პატარძლის წევრები გამხდარიყვნენ, რომელთა რიცხვიც საბოლოოდ 144 000 იქნებოდა (ეფეს. 4:4; გამოცხ. 14:1—5). ისინი ცდილობდნენ, მადლიერება გაეღვივებინათ ღვთის „ძვირფასი და დიდებული დაპირებებისადმი“ მათში, ვინც რწმენას ავლენდა ქრისტეს გამოსასყიდისადმი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ რელიგიას მიეკუთვნებოდნენ (2 პეტ. 1:4; ეფეს. 1:18). მათ სურდათ, ამ ხალხს გულმოდგინედ შეესრულებინა ის მოთხოვნები, რომელთა შესრულებაც სამეფოს მემკვიდრე მცირე სამწყსოს ევალებოდა. მათ სულიერად გასაძლიერებლად, ვისაც რწმენით თავისიანად თვლიდნენ (რადგან სწამდათ გამოსასყიდის), ძმა რასელი და მისი თანამოაზრეები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროულად მიეცათ სულიერი საზრდო „საგუშაგო კოშკისა“ და ბიბლიაზე დაფუძნებული სხვა პუბლიკაციების საშუალებით (გალ. 6:10; მათ. 24:45, 46).
მაგრამ ისინი ხედავდნენ, რომ ყველა, ვინც თავს „მიძღვნილად“ აცხადებდა (ანუ სრულად ჰქონდა თავი მიძღვნილი უფლისთვის, როგორც მაშინ ესმოდათ), თავგანწირვის სულს არ ავლენდა და უფლის მსახურებას პირველ ადგილზე არ აყენებდა. თუმცა, როგორც ისინი ხსნიდნენ, მიძღვნილმა ქრისტიანებმა დათმეს ადამიანური ცხოვრება, რათა ზეციერი მემკვიდრეობა მიეღოთ; მათ უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდათ; თუ ისინი სულიერ სამყაროში სიცოცხლეს არ მიიღებდნენ, მათ მეორე სიკვდილი ელოდათ (ებრ. 6:4—6; 10:26—29). მაგრამ მრავალი ეგრეთ წოდებული მიძღვნილი ქრისტიანი იოლ გზას ირჩევდა და უფლის საქმეში არ ავლენდა ნამდვილ გულმოდგინებასა და თავგანწირვის სულს. მეორე მხრივ, ისინი არ უარყოფდნენ გამოსასყიდს და სუფთა ცხოვრებას ეწეოდნენ. რა ელოდა ასეთ ხალხს?
მრავალი წლის მანძილზე ბიბლიის მკვლევარებს სჯეროდათ, რომ ეს ჯგუფი იყო გამოცხადების 7:9, 14-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“, რომელიც გადაიტანს დიდ გასაჭირს და დადგება ღვთის ტახტისა და კრავის, იესო ქრისტეს წინ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუმცა ეს ადამიანები თავგანწირვის სულით არ ცხოვრობდნენ, ქრისტეს პატარძლის ბოლო წევრების განდიდების შემდეგ მათაც მოუწევდათ გასაჭირის დროს რწმენის გამოცდის გადატანა და სიკვდილი. მათ სჯეროდათ, რომ თუ უამრავი ხალხის წევრები ამ გასაჭირს ერთგულად გადაიტანდნენ, ისინი აღდგებოდნენ ზეციერი ცხოვრებისთვის, მაგრამ კი არ იმეფებდნენ, არამედ ტახტის წინ დაიკავებდნენ ადგილს. როგორც მიაჩნდათ, ისინი მეორეხარისხოვან მდგომარეობას იმიტომ დაიკავებდნენ, რომ უფლისადმი მათი სიყვარული საკმარისად ძლიერი არ იყო და მის საქმეში ისინი საკმარის გულმოდგინებას არ ავლენდნენ. ბიბლიის მკვლევარები ფიქრობდნენ, რომ ეს ადამიანები ღვთის სულით იყვნენ შობილნი, მაგრამ არ ემორჩილებოდნენ ღმერთს და შესაძლოა ქრისტიანული სამყაროს რელიგიებში რჩებოდნენ.
ისინი აგრეთვე ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა — თუმცა მხოლოდ შესაძლოა — „ძველი დროის ღირსეული ადამიანები“, რომლებიც ათასწლიანი მეფობის დროს დედამიწაზე მთავრებად იმსახურებდნენ, ამ პერიოდის დასასრულს ამა თუ იმ სახით ზეცაში ცხოვრებით დაჯილდოვდებოდნენ (ფსალმ. 45:16). მათ მიაჩნდათ, რომ შესაძლოა მსგავსი მომავალი ელოდა მათაც, ვინც სამეფოს 144 000 მემკვიდრის არჩევის შემდეგ გახდებოდა „მიძღვნილი“, მაგრამ მიძღვნა დედამიწაზე ყველაფრის აღდგენის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო. გარკვეულწილად, ეს შეხედულებები მომდინარეობდა ცრუქრისტიანული სწავლებიდან, რომლის თანახმადაც ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. თუმცა ერთი ბიბლიური სწავლება განასხვავებდა ბიბლიის მკვლევარებს ქრისტიანული სამყაროს სხვა რელიგიებისგან. რა იყო ეს სწავლება?
სრულყოფილი ცხოვრება მარადიულად დედამიწაზე
ბიბლიის მკვლევარებს ესმოდათ, რომ მაშინ, როცა ზეცაში ცხოვრების ჯილდოს ადამიანთაგან მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფი მიიღებდა, დედამიწაზე ედემის მსგავს პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა უფრო მეტ ადამიანს მიეცემოდა. იესო თავის მიმდევრებს ასწავლიდა, ელოცათ: „იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“. მან აგრეთვე თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათ. 5:5; 6:10).
ამის შესაბამისად, 1881 წლის ივლის-აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა სქემა,a რომელშიც ნაჩვენები იყო, რომ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს მრავალი ადამიანი ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებდა. ისინი შექმნიდნენ „ისეთ ქვეყნიერებას, სადაც ადამიანებს სრულყოფილება და ჭეშმარიტი სიცოცხლე ექნებოდათ“. მრავალი წლის განმავლობაში დიდი თუ პატარა ჯგუფების წინაშე ძმები ამ სქემის საფუძველზე წარმოთქვამდნენ მოხსენებებს.
რა პირობებში მოუწევს ხალხს ცხოვრება დედამიწაზე ქრისტეს მმართველობის ათასწლიან პერიოდში? 1912 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო: „სანამ ქვეყნიერებაში ცოდვა შემოვიდოდა, ღვთის განზრახვის თანახმად, ადამიანთა პირველი წყვილი ედემის ბაღში ცხოვრობდა. ამის გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ მომავალი, რომელსაც ღვთის სიტყვის თანახმად ველით; ჩვენ თვალწინ გადაიშლება აღდგენილი სამოთხე — არა უბრალოდ ბაღი, არამედ მთელი დედამიწა, რომელიც ულამაზესი, ნაყოფიერი და ცოდვისგან განწმენდილი იქნება და სადაც ბედნიერი ხალხი იცხოვრებს. შემდეგ გაგვახსენდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი დაპირება: მოსწმენდს ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ცოდვა და სიკვდილი მოისპობა და ყველაფერი ახლად შეიქმნება (გამოცხ. 21:4, 5)“.
ვინ იცხოვრებს დედამიწაზე მარადიულად?
რასელი არ აცხადებდა, რომ ღმერთი კაცობრიობას სთავაზობდა, თავიანთი სურვილისამებრ აერჩიათ ცხოვრება ზეცაში ან სამოთხეში დედამიწაზე. 1905 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «ჩვენს გრძნობებსა და მისწრაფებებზე არ არის დამოკიდებული, ვიქნებით თუ არა მოწოდებულნი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ჩვენ განვსაზღვრავთ ამ მოწოდებას. მღვდლებად მსახურებაზე საუბრისას მოციქულმა პავლემ თქვა, რომ „ადამიანი თავისით კი არ იღებს ამ პატივს, არამედ . . . მას ღმერთი მოუწოდებს“ (ებრ. 5:4) და, ღვთის მოწოდების თანახმად, თუ სად ვიცხოვრებთ, ჩვენს გრძნობებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ ღვთის სიტყვის გამოცხადებაზე».
ბიბლიის მკვლევარებს სჯეროდათ, რომ სამოთხედქცეულ დედამიწაზე ცხოვრების შესაძლებლობა ხალხს მიეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მცირე სამწყსო მიიღებდა თავის ჯილდოს და ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა დაიწყებოდა. ამგვარად, მათ ესმოდათ, რომ ეს პერიოდი იქნებოდა ყველაფრის აღდგენის დრო, რაზეც საუბარია საქმეების 3:21-ში. იმ დროს მკვდრებიც აღდგებოდნენ, რათა ყველას მიეღო ღვთის კურთხევები. ძმები ფიქრობდნენ, რომ მაშინ მთელ კაცობრიობას (ზეციერი ცხოვრებისთვის მოწოდებულთა გარდა) მიეცემოდა ცხოვრების არჩევის შესაძლებლობა. მათ ესმოდათ, რომ ეს იქნებოდა დრო, როდესაც ზეციერ ტახტზე მჯდომი ქრისტე ერთმანეთისგან გამოაცალკევებდა ხალხს, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან (მათ. 25:31—46). მორჩილები, იქნებოდნენ ისინი ებრაელები თუ უცხოტომელები, დაამტკიცებდნენ, რომ უფლის „სხვა ცხვარი“ იყვნენ (იოან. 10:16).b
ბიბლიის მკვლევარები თვლიდნენ, რომ უცხოტომელთათვის დანიშნული დროების დასრულების შემდეგ მალევე დადგებოდა ყველაფრის აღდგენის დრო. ასე რომ, 1918 წლიდან 1925 წლამდე ისინი ქადაგებდნენ: „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. ისინი ფიქრობდნენ, რომ იმ დროს მცხოვრებ ხალხს — ზოგადად კაცობრიობას — მიეცემოდა შესაძლებლობა, მიეღწიათ ყველაფრის აღდგენის დრომდე და ესწავლათ იეჰოვას მიერ დადგენილი მოთხოვნები, რათა ეცოცხლათ. თუ ბოლომდე მორჩილები იქნებოდნენ, ისინი თანდათან გასრულყოფილდებოდნენ, ხოლო თუ ურჩობას გამოავლენდნენ, მარადიულად განადგურდებოდნენ.
იმ დროს ძმებს ვერც კი წარმოედგინათ, რა მასშტაბებს მიაღწევდა სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგება და რამდენ წელიწადს გაგრძელდებოდა ის. მაგრამ ისინი განაგრძობდნენ წმინდა წერილების კვლევას და ცდილობდნენ, ეკეთებინათ ღვთისგან დავალებული საქმე, რაზეც მათ ბიბლია მიუთითებდა.
ქრისტეს მარჯვნივ მდგარი „ცხვარი“
იეჰოვას განზრახვის გაგებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იესოს იგავმა ცხვრებისა და თხების შესახებ, რომელიც მათეს 25:31—46-შია ჩაწერილი. იგავში იესომ თქვა: „როცა მოვა კაცის ძე ანგელოზებთან ერთად თავისი დიდებით, მაშინ თავის დიდებულ ტახტზე დაჯდება. შეიკრიბება მის წინაშე ყველა ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი აცალკევებს ცხვრებს თხებისგან. ცხვრებს მარჯვნივ დაიყენებს, თხებს კი — მარცხნივ“. როგორც შემდეგ იგავიდან ვიგებთ, „ცხვრები“ ისინი არიან, რომლებიც ქრისტეს „ძმებს“ დევნებისა და ციხეში ყოფნის დროსაც კი ეხმარებიან.
დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიის მკვლევარები თვლიდნენ, რომ ეს იგავი შესრულდებოდა ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში ყველაფრის აღდგენის დროს და იგავში მოხსენიებული საბოლოო გასამართლება ათასწლიანი მმართველობის ბოლოს მოხდებოდა. მაგრამ 1923 წელს ლოს-ანჯელესში (კალიფორნიის შტატი) ჩატარებულ კონგრესზე საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ პრეზიდენტმა ჯოზეფ რუტერფორდმა თავის მოხსენებაში ეს საკითხი სხვა კუთხით გააშუქა და საფუძვლიანი მიზეზებიც მოიყვანა. ეს მოხსენება იმავე წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა.
ამ წინასწარმეტყველური იგავის შესრულების დროსთან დაკავშირებით სტატიაში ნათქვამი იყო, რომ იესომ ეს იგავი მისი „მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანთან“ დასმული კითხვის ერთ-ერთ პასუხად მოიყვანა (მათ. 24:3). სტატიაში ახსნილი იყო, თუ რატომ არ იგულისხმებოდნენ იგავში მოხსენიებულ „ძმებში“ პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები და ისინი, ვინც რწმენას გამოავლენდა გამოცდისა და გასამართლების ათასწლიან პერიოდში. მასში მოყვანილი იყო არგუმენტები იმის მხარდასაჭერად, რომ იგავში მოხსენიებული ძმები იყვნენ ქრისტეს ზეციერი სამეფოს მემკვიდრეები, ამიტომ ეს იგავი უნდა შესრულებულიყო მაშინ, როცა ქრისტეს მემკვიდრეთაგან ზოგი ჯერ კიდევ დედამიწაზე იქნებოდა (შეადარეთ ებრაელების 2:10, 11).
შემთხვევები, რომლებიც ქრისტეს ცხებულ ძმებს მღვდლებთან და ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მრევლთან ქადაგებისას ჰქონდათ, აგრეთვე ცხადყოფს, რომ იესოს წინასწარმეტყველური იგავი უკვე სრულდებოდა. ხშირად მღვდლები და ეკლესიის ცნობილი წევრები მტრულად იყვნენ განწყობილნი ძმების მიმართ. ისინი ერთ ჭიქა წყალს არც პირდაპირი გაგებით აწვდიდნენ ძმებს და არც გადატანითი მნიშვნელობით. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი აქეზებდა ბრბოს, ტანსაცმელი შემოეხიათ ძმებისთვის და ეცემათ ისინი; ზოგჯერ მღვდლები ხელისუფლებისგან მათ დაპატიმრებასაც ითხოვდნენ (მათ. 25:41—43). მათგან განსხვავებით, ეკლესიის მრავალი თავმდაბალი წევრი სიხარულით იღებდა სასიხარულო ცნობას; ისინი ძმებს პურსაც აწვდიდნენ და წყალსაც და ცდილობდნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ ცხებულების დასახმარებლად მაშინაც კი, როცა ისინი ქადაგების გამო ციხეში იმყოფებოდნენ (მათ. 25:34—36).
როგორც ბიბლიის მკვლევარებს ესმოდათ, იესოს მიერ ცხვრებად მოხსენიებული ადამიანები ჯერ კიდევ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებში იყვნენ. მათი აზრით, ესენი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავს არ თვლიდნენ უფლისადმი მიძღვნილებად, თუმცა დიდ პატივს სცემდნენ იესო ქრისტესა და მის ხალხს. მაგრამ უნდა დარჩენილიყვნენ ისინი ეკლესიებში?
წმინდა თაყვანისმცემლობის მხარეს მტკიცედ დგომა
ამ საკითხს ნათელი მოჰფინა ბიბლიის წინასწარმეტყველური წიგნის, ეზეკიელის გამოკვლევამ. 1931 წელს გამოიცა სამტომიანი ნაშრომის „გამართლების“ პირველი ტომი, რომელშიც ახსნილი იყო იმის მნიშვნელობა, რაც ეზეკიელმა დაწერა განდგომილ იუდასა და იერუსალიმზე იეჰოვას რისხვის შესახებ. თუმცა იუდას მკვიდრნი აცხადებდნენ, რომ ემსახურებოდნენ ცოცხალ და ჭეშმარიტ ღმერთს, მათ გადაიღეს გარშემო მცხოვრები ერების რელიგიური წეს-ჩვეულებები, საკმეველს უკმევდნენ უსიცოცხლო კერპებს და იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენის ნაცვლად, იმედს პოლიტიკურ კავშირებზე ამყარებდნენ (ეზეკ. 8:5—18; 16:26, 28, 29; 20:32). მსგავსად იქცეოდნენ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები. ამიტომ იეჰოვა ისევე დასჯიდა მათ, როგორც ორგული იუდა და იერუსალიმი დასაჯა. მაგრამ ეზეკიელის მე-9 თავიდან ვიგებთ, რომ განაჩენის აღსრულებამდე ზოგს ნიშანი უნდა დაედოს გადასარჩენად. ვინ არიან ისინი?
წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ნიშანს დაადებდნენ მათ, ვინც „ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო“, რაც ქრისტიანულ სამყაროში ხდება, რომლის პირველსახეც იერუსალიმი იყო (ეზეკ. 9:4). ცხადია, რომ ეს ხალხი ამ სისაძაგლეებში შეგნებულად არ მონაწილეობს. „გამართლების“ პირველ ტომში ნათქვამი იყო, რომ ნიშანდადებულები ისინი იქნებოდნენ, ვინც უარს იტყოდა ქრისტიანული სამყაროს რელიგიების წევრობაზე და რაიმე სახით უფლის მხარეს დაიკავებდა.
ამის შემდეგ, 1932 წელს გამოცემულ პუბლიკაციაში განიხილებოდა ბიბლიური მონაკვეთი იეჰუსა და იონადაბზე და მათ წინასწარმეტყველურ მნიშვნელობაზე. იეჰოვას დავალებით იეჰუს უნდა ემეფა ისრაელის ათ ტომზე და იეჰოვას განაჩენი უნდა აღესრულებინა ახაბისა და იზებელის ბოროტ სახლზე. ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოსაფხვრელად მიმავალ იეჰუს სამარიის გზაზე რექაბის ვაჟი იეჰონადაბი (იონადაბი) შეეგება. იეჰუმ მას ჰკითხა: „შენი გულიც . . . წრფელია ჩემდამი?“. იეჰონადაბმა მიუგო: „წრფელია“. „თუ ასეა, ხელი მომეცი“, — უთხრა იეჰუმ და იეჰონადაბი ეტლზე აიყვანა. შემდეგ იეჰუმ უთხრა: „წამომყევი და ნახე, რომ არ შევიწყნარებ იეჰოვასადმი მეტოქეობას“ (2 მეფ. 10:15—28). მართალია, იეჰონადაბი ებრაელი არ იყო, ის ეთანხმებოდა იმას, რასაც იეჰუ აკეთებდა. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს (გამ. 20:4, 5). საუკუნეების შემდეგ იეჰონადაბის შთამომავლები კვლავაც ავლენდნენ ღვთისმოსაწონ სულს, ამიტომ იეჰოვა დაჰპირდა მათ: „არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე მდგომი კაცი“ (იერ. 35:19). ამგვარად, წამოიჭრა კითხვა: არიან დღეს დედამიწაზე ისეთი ხალხი, რომლებიც სულიერი ისრაელის ზეციერი მემკვიდრეები არ არიან, მაგრამ იეჰონადაბის მსგავს სულს ავლენენ?
1932 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «იეჰონადაბი წარმოადგენდა, ანუ განასახიერებდა, დედამიწაზე დღეს მცხოვრებ ადამიანთა ჯგუფს . . . [რომელიც] სატანის ორგანიზაციის წესისამებრ კი არ ცხოვრობს, არამედ სიმართლეს უჭერს მხარს. არმაგედონის დროს უფალი გადაარჩენს მათ, იხსნის გასაჭირის დროს და დედამიწაზე მარადიულად დაამკვიდრებს. ისინი ქმნიან „ცხვრის“ ჯგუფს, რომელიც მხარს უჭერს ღვთის ცხებულ ხალხს, რადგან იციან, რომ ისინი უფლის საქმეს ასრულებენ». ვინც ასეთ სულს ავლენს, მოწოდებულია, ცხებულების მსგავსად მონაწილეობა მიიღოს სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაში (გამოცხ. 22:17).
იმ დროს იეჰოვას მოწმეებს შორის იყვნენ ისეთები (შედარებით ცოტა), რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ ღვთის სული მათში არ აღძრავდა ზეციერი ცხოვრების იმედს. მათ ეწოდათ იონადაბები, რადგან იონადაბის (იეჰონადაბის) მსგავსად, დიდ პატივად თვლიდნენ იეჰოვას ცხებული მსახურების გვერდით ყოფნას და იმ საქმის კეთებას, რაზეც ღვთის სიტყვა მიუთითებდა. მოიმატებდა მათი რიცხვი არმაგედონამდე, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი ჰქონდა? შესაძლებელი იყო, რომ მათ რიცხვს მილიონებისთვის მიეღწია?
ვინ არის „უამრავი ხალხი“?
„საგუშაგო კოშკში“ გაკეთდა განცხადება, რომ 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ვაშინგტონში ჩატარდებოდა იეჰოვას მოწმეების კონგრესი. ჟურნალში აგრეთვე ეწერა: „დღემდე არცთუ ისე ბევრ იონადაბს ჰქონდა კონგრესზე დასწრების შესაძლებლობა. ასე რომ, ვაშინგტონში ჩატარებული კონგრესი მათ ძალიან გაამხნევებს და სარგებლობას მოუტანს“. ეს მართლაც ასე მოხდა.
ამ კონგრესზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გამოცხადების 7:9, 10-ში ჩაწერილ სიტყვებზე: «ამის შემდეგ გავიხედე და, აი, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, იდგნენ ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი, ხელში პალმის ტოტები ეჭირათ და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“». ვინ იგულისხმება აქ მოხსენიებულ უამრავ ხალხში?
წლების განმავლობაში, 1935 წლამდეც კი, მათ არ იცოდნენ, რომ უამრავი ხალხი და თხებისა და ცხვრების შესახებ იესოს იგავში მოხსენიებული ცხვრები ადამიანთა ერთი და იგივე ჯგუფი იყო. როგორც უკვე ითქვა, მათ მეორეხარისხოვან ზეციერ კლასად მიიჩნევდნენ, რადგან მთელი სერიოზულობით არ ეკიდებოდნენ ღვთისადმი მორჩილებას.
მაგრამ ასეთმა თვალსაზრისმა არაერთი კითხვა წამოჭრა. ზოგიერთი მათგანი ძმებმა 1935 წლის დასაწყისში საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოში სადილის დროს განიხილეს. იმ დროს ისეთი აზრიც ითქვა, რომ უამრავი ხალხი მიწიერი კლასი იყო. გრანტ სუიტერმა, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა, გაიხსენა: «ერთხელ ძმა სალივანს, რომელიც ბეთელში ოჯახურ შესწავლას ატარებდა, ვკითხე: „რამდენადაც უამრავი ხალხი მარადიულ სიცოცხლეს იღებს, ისინიც ინარჩუნებენ ერთგულებას?“. ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ საბოლოო პასუხი არავის უთქვამს». 1935 წლის 31 მაისს, პარასკევს, ვაშინგტონში ამ კითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა. ამ დროს ძმა სუიტერი ბალკონზე იჯდა, შეკრებილ უამრავ ხალხს გადმოჰყურებდა და ყურადღებით უსმენდა მოხსენებას.
ეს მოხსენება კონგრესის შემდეგ მალევე დაიბეჭდა 1935 წლის „საგუშაგო კოშკის“ 1 აგვისტოსა და 15 აგვისტოს ნომრებში. როგორც მოხსენებაში იყო აღნიშნული, ამ საკითხის სწორად გასაგებად გასათვალისწინებელი იყო მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ იეჰოვას მთავარი მიზანი ხალხის ხსნა კი არა, თავისი სახელის განწმენდა იყო (ანუ მისი უზენაესი მმართველობის გამართლება). ამგვარად, იეჰოვა მხოლოდ მათ იწონებს, ვინც მისდამი ერთგულებას ინარჩუნებს. ის არ აჯილდოებს მათ, ვინც ეთანხმება მისი ნების შესრულებას, მაგრამ, ამავე დროს, სატანის ორგანიზაციას უჭერს მხარს და ამით ჩირქს სცხებს მის სახელს. ეს მოთხოვნა ეხება ყველას, ვისაც სურს ღვთის კეთილგანწყობის მიღება.
ამ აზრთან დაკავშირებით „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: «უამრავი ხალხის ვინაობის დადგენაში დიდ როლს ასრულებს გამოცხადების 7:15 . . . „გამოცხადებაში“ აღწერილი უამრავი ხალხი დგას ღვთის ტახტის წინ და სახალხოდ ასრულებს წმინდა მსახურებას . . . მათ ესმით და ემორჩილებიან ღვთის კრავის, იესოს სიტყვებს: „შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“. ეს სიტყვები ეხება ყველა ქმნილებას, რომლებსაც იეჰოვა იწონებს» (მათ. 4:10). ამგვარად, რასაც ბიბლია ამბობს უამრავ ხალხზე, არ ნიშნავს, რომ ყველა, ვინც აცხადებს, რომ ღმერთი უყვარს, მაგრამ ღვთის ნების შესრულებას გულგრილად ეკიდება, ავტომატურად გადარჩება.
მაშ, შეიძლება იმის თქმა, რომ უამრავი ხალხი ზეციერ კლასს წარმოადგენს? „საგუშაგო კოშკში“ აიხსნა, რომ ბიბლიას ასეთ დასკვნამდე არ მივყავართ. მაგრამ რაც შეეხება მათ ადგილს „ტახტის წინ“, ამასთან დაკავშირებით ჟურნალში მოყვანილი იყო მათეს 25:31, 32. ეს მუხლები გვიჩვენებს, რომ მართალია ერები ქრისტეს ტახტის წინ იკრიბებიან, ისინი დედამიწაზე არიან. უამრავი ხალხი იმ გაგებით დგას ტახტის წინ, რომ მათ ტახტზე მჯდომის კეთილგანწყობა დაიმსახურეს (შეადარეთ იერემიას 35:19)
მაგრამ, სად არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოვიდნენ „ყველა ერიდან“, არ არიან სულიერი ისრაელის წევრები (აღწერილნი არიან გამოცხადების 7:4—8-ში), რწმენას ავლენენ გამოსასყიდისადმი (მათ გადატანითი მნიშვნელობით გაირეცხეს თავიანთი სამოსელი კრავის სისხლით), შეეგებნენ ქრისტეს, როგორც მეფეს (იმ ხალხის მსგავსად, რომლებიც პალმის ტოტებით შეეგებნენ იესოს, როგორც მეფეს, იერუსალიმში შესვლისას) და დგანან იეჰოვას ტახტის წინ, რომ მას ემსახურონ? არსებობდა ადამიანთა ასეთი ჯგუფი დედამიწაზე?
თავისი წინასწარმეტყველების შესრულებით იეჰოვამ თავად უპასუხა ამ კითხვას. უებსტერ როუმ, რომელიც ვაშინგტონში ამ კონგრესს ესწრებოდა, გაიხსენა, როგორ სთხოვა აუდიტორიას ძმა რუტერფორდმა თავისი მოხსენების კულმინაციურ მომენტში: „გთხოვთ, ფეხზე წამოდგეთ, ვისაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი გაქვთ!“. ძმა როუს სიტყვების თანახმად, „დამსწრეთა დიდი ნაწილი წამოდგა“. ამის შესახებ 1935 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ახლა ჩვენ ვხედავთ ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ზუსტად შეესაბამება გამოცხადების მე-7 თავში აღწერილ უამრავ ხალხს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების შედეგად გამოჩნდა უამრავი ადამიანი (მათი რიცხვი კვლავაც იზრდება), რომლებიც უფალ იესოს თავიანთ მხსნელად აღიარებენ და იეჰოვას თავიანთ ღმერთად, რომელსაც სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს და სიხარულით ემსახურებიან. მათ სხვანაირად იონადაბები ეწოდებათ. ისინი ინათლებიან იმის ნიშნად, რომ . . . იეჰოვას მხარეს არიან და ემსახურებიან მას და მის მიერ დანიშნულ მეფეს“.
მაშინ ცხადი გახდა, რომ გამოცხადების 7:9, 10-ში მოხსენიებული უამრავი ხალხი „სხვა ცხვრის“ ნაწილი იყო, რომლის შესახებაც იესო საუბრობდა (იოან. 10:16); ისინი ეხმარებიან ქრისტეს „ძმებს“ (მათ. 25:33—40); ისინი ნიშანდადებულნი არიან გადასარჩენად, რადგან აღაშფოთებთ ქრისტიანულ სამყაროში მომხდარი სისაძაგლეები და ერიდებიან მსგავს საქმეებს (ეზეკ. 9:4); ისინი ჰგვანან იეჰონადაბს, რომელმაც მხარი დაუჭირა იეჰოვას ცხებულს, რომ მას ღვთისგან მიცემული დავალება შეესრულებინა (2 მეფ. 10:15, 16). იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ უამრავი ხალხი ღვთის ერთგული მსახურები არიან, რომლებიც გადაიტანენ არმაგედონს და შესაძლებლობა ექნებათ, მარადიულად იცხოვრონ დედამიწაზე სამოთხეში.
გადაუდებელი საქმე
ამ ბიბლიური მუხლების გაგებამ დიდი გავლენა მოახდინა იეჰოვას მსახურების საქმიანობაზე. ისინი მიხვდნენ, რომ თვითონ არ აირჩევდნენ და არ შეკრებდნენ უამრავი ხალხის წევრებს და მათზე არ იყო დამოკიდებული ხალხისთვის იმის თქმა, ზეცაში ცხოვრების იმედი უნდა ჰქონოდათ, თუ დედამიწაზე. უფალი თავისი ნების შესაბამისად იმოქმედებდა. მაგრამ მათ, როგორც იეჰოვას მოწმეებს, სერიოზული პასუხისმგებლობა ეკისრათ. მათ ღვთის სიტყვა უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის და ადამიანებამდე მიეტანათ ის სწავლებები, რომელთა გაგებაშიც მათ ღმერთი დაეხმარა, რათა ხალხს გაეგო, რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის, და მადლიერება გამოეხატა.
უფრო მეტიც, მათ ესმოდათ, რამდენად გადაუდებელი იყო ეს საქმე. 1936 წელს „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ სტატიათა სერიაში („უამრავი ხალხის შეკრება“) აღნიშნული იყო: „წმინდა წერილები მხარს უჭერს იმ აზრს, რომ იეჰოვა არმაგედონში გაანადგურებს დედამიწის ხალხებს და გადაარჩენს მხოლოდ მათ, ვინც ემორჩილება მის კანონებს და რჩება მის ორგანიზაციაში. წარსულში მილიონობით ადამიანი ისე მოკვდა, რომ არ მოუსმენია იეჰოვასა და ქრისტეს შესახებ. დანიშნულ დროს ეს ხალხი მკვდრეთით აღდგება და მიიღებს ჭეშმარიტების შესახებ ცოდნას, რათა არჩევანი გააკეთონ. მაგრამ დღეს მცხოვრები ხალხის მდგომარეობა განსხვავებულია . . . უამრავი ხალხის წევრებმა მანამდე უნდა მოისმინონ სასიხარულო ცნობა, სანამ დადგება ყოვლისშემძლე ღვთის ბრძოლის დიდი დღე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება. თუ უამრავ ხალხს დღესვე არ ექადაგება ჭეშმარიტება, განადგურების დაწყების დროს უკვე გვიანი იქნება“ (იხილეთ 2 მეფეების 10:25; ეზეკიელის 9:5—10; სოფონიას 2:1—3; მათეს 24:21; 25:46).
წმინდა წერილების ამგვარმა გაგებამ იეჰოვას მოწმეებს ქადაგების მეტი ენთუზიაზმი შესძინა. ლეო კალიომ, რომელიც მოგვიანებით ფინეთში მიმომსვლელ ზედამხედველად მსახურობდა, გაიხსენა: „მანამდე არასდროს მქონია ისეთი სიხარული და ენთუზიაზმი და არც არასდროს მიტარებია ისე სწრაფად ჩემი ველოსიპედი, როგორც იმ დღეებში, როცა დაინტერესებულებთან მივქროდი ახალი ცნობის გადასაცემად, რომ იეჰოვას წყალობით მათ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ექნებოდათ“.
მომდევნო ხუთი წლის მანძილზე იეჰოვას მოწმეების რიცხვის ზრდასთან ერთად კლებულობდა მათი რაოდენობა, ვინც ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე ყოველ წელს იღებდა სიმბოლოებს. თუმცა უამრავი ხალხის ზრდა ისე სწრაფად არ ხდებოდა, როგორც ამას ძმა რუტერფორდი მოელოდა. ერთხელ მან ისიც კი უთხრა ძმა ფრედერიკ ფრენცს, რომელიც მოგვიანებით ორგანიზაციის მეოთხე პრეზიდენტი გახდა, რომ როგორც ჩანდა, უამრავი ხალხი არცთუ ისე უამრავი იქნებოდა. მაგრამ მას შემდეგ იეჰოვას მოწმეების რიცხვი სწრაფად გაიზარდა და მილიონებს მიაღწია, ზეციერი იმედის მქონეთა რიცხვმა კი მთლიანობაში იკლო.
ერთი ფარა და ერთი მწყემსი
ცხებულებსა და უამრავ ხალხს არა აქვთ ერთმანეთში მეტოქეობის სული. ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანები ზემოდან არ უყურებენ მათ, ვისაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი აქვს. თითოეული მათგანი მადლიერებით იღებს ღვთისგან ბოძებულ კურთხევას და არ ფიქრობს, რომ ამის გამო ვინმეზე აღმატებული ან დამცირებულია (მათ. 11:11; 1 კორ. 4:7). როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, ეს ორი ჯგუფი ერთ ფარად გაერთიანდა და მათ ერთი მწყემსი, იესო ქრისტე ჰყავთ (იოან. 10:16).
ის გრძნობა, რომელიც ქრისტეს ცხებულ ძმებს აქვთ თავიანთი თანამსახური უამრავი ხალხის მიმართ, კარგად არის აღწერილი წიგნში «მსოფლიო უსაფრთხოება „მშვიდობის მთავრის“ ხელმძღვანელობით»: «მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყნიერების აღსასრულთან დაკავშირებით იესოს წინასწარმეტყველების შესრულება, უმთავრესად, „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხის“ აქტიური მონაწილეობით ხდება. დედამიწაზე დარჩენილი ცხებულების ანთებულმა ლამპრებმა უამრავ ხალხს გულები გაუნათა, რაც დაეხმარა მათ, ამ ქვეყნიერების სიბნელეში მყოფთათვის გაენათებინათ . . . უამრავი ხალხი დედამიწაზე პატარძლის კლასის დარჩენილი წევრების განუყრელი თანამსახური გახდა . . . ამიტომაც, უღრმეს მადლობას ვუხდით საერთაშორისო, მრავალენოვან „უამრავ ხალხს“ იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მათ მიუძღვით მათეს 24:14-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულებაში!».
მართალია, იეჰოვას მოწმეები, მათ შორის უამრავი ხალხი, ერთსულოვნად ქადაგებენ ღვთის სამეფოს შესახებ დიდებულ ცნობას, მაგრამ ისინი მხოლოდ ამით არ არიან ცნობილნი.
[სქოლიოები]
a ეს „საუკუნეების სქემა“ მოგვიანებით განახლდა და დაიბეჭდა წიგნში „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“.
b 1905 წლის 15 მარტის „სიონის საგუშაგო კოშკი“, გვერდები 88—91.
[ჩანართი 159 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეთა უმეტესობას დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვს
[ჩანართი 161 გვერდზე]
სწავლება, რომელიც მათ ქრისტიანული სამყაროს რელიგიებისგან განასხვავებს
[ჩანართი 164 გვერდზე]
ცხვრებისა და თხების შესახებ იგავის შესრულების დრო
[ჩანართი 165 გვერდზე]
ისინი იონადაბებად გახდნენ ცნობილნი
[ჩანართი 166 გვერდზე]
1935 წლის 31 მაისს ნათლად აიხსნა, ვინ იყო „უამრავი ხალხი“
[ჩანართი 170 გვერდზე]
ვინ განსაზღვრავს, ადამიანი ზეცაში იცხოვრებს თუ დედამიწაზე?
[ჩარჩო 160 გვერდზე]
წინასწარმეტყველების გაგების დრო
250 წელზე მეტი ხნის წინ ისააკ ნიუტონმა საინტერესო ნაშრომი დაწერა წინასწარმეტყველებების შესრულების შესახებ, მათ შორის გამოცხადების 7:9, 10-ში მოხსენიებულ „უამრავ ხალხზე“. თავის წიგნში „შენიშვნები დანიელის წინასწარმეტყველებასა და წმინდა იოანეს აპოკალიფსზე“, რომელიც 1733 წელს გამოქვეყნდა, ნიუტონი წერდა: „დანიელისა და იოანეს წინასწარმეტყველებები გასაგები არ უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე. მაგრამ შემდეგ ზოგი იწინასწარმეტყველებს ამ წიგნებიდან ჭირსა და მწუხარებაში დიდი ხნის მანძილზე და მათი წინასწარმეტყველება იმდენად ბუნდოვანი იქნება, რომ ცოტას თუ მოაქცევს . . . შემდეგ, როგორც დანიელი ამბობს, მრავალი დაიწყებს ძიებას და მოიმატებს ცოდნა, რადგან დიდი გასაჭირისა და წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. სახარების ქადაგების გარეშე შეუძლებელია შეიკრიბოს უთვალავი ხალხი პალმის ტოტებით ხელში, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ“.
[ჩარჩო⁄სურათი 168 გვერდზე]
დედამიწა — ადამიანთა მარადიული საცხოვრებელი
რა იყო ღვთის თავდაპირველი განზრახვა კაცობრიობის მიმართ?
«აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა მათ ღმერთმა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას და თქვენ გემორჩილებოდნენ ზღვის თევზები, ცის ფრინველები და ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე“» (დაბ. 1:28).
შეიცვალა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა?
„ჩემი . . . სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება, შეასრულებს იმას, რაც მსურს, და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11).
«აი რას ამბობს იეჰოვა, ცის შემოქმედი, ჭეშმარიტი ღმერთი, დედამიწის შემქმნელი და შემოქმედი, რომელმაც განამტკიცა იგი და ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა: „მე ვარ იეჰოვა და სხვა არავინ არის!“» (ეს. 45:18).
«ამიტომ, ასე ილოცეთ: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი. მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“» (მათ. 6:9, 10).
„ბოროტმოქმედნი მოისპობიან, იეჰოვაზე დაიმედებულნი კი დაიმკვიდრებენ დედამიწას. მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:9, 29).
როგორი პირობები იქნება დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობისას?
„ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13).
„ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარ ისწავლიან ომს. თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირში იჯდება და არავინ დააფრთხობს მათ, რადგან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ბაგე ლაპარაკობს ამას“ (მიქ. 4:3, 4).
„ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება და სრულად მოიხმარენ თავიანთ ნახელავს ჩემი რჩეულები“ (ეს. 65:21, 22).
„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ეს. 33:24).
„თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხ. 21:3, 4; იხილეთ აგრეთვე იოანეს 3:16).
„ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს? მხოლოდ შენა ხარ ერთგული. ყველა ხალხი თაყვანსაცემად მოვა შენ წინაშე, რადგან ცხადი გახდა შენი სამართალი“ (გამოცხ. 15:4).
[ჩარჩო⁄სურათი 169 გვერდზე]
ისინი, ვინც ზეცაში წავლენ
რამდენი ადამიანი წავა ზეცაში?
„ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკ. 12:32).
„გავიხედე და, აი, კრავი [იესო ქრისტე] დგას [ზეციერი] სიონის მთაზე და მასთან ას ორმოცდაოთხი ათასი, რომლებსაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი. ისინი თითქოს ახალ სიმღერას მღერიან ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა და უხუცესების წინაშე და არავის შეეძლო ამ სიმღერის შესწავლა, გარდა დედამიწიდან ნაყიდი ას ორმოცდაოთხი ათასისა“ (გამოცხ. 14:1, 3).
ებრაელია 144 000-ის ყველა წევრი?
„არ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც კაცი და არც ქალი, რადგან თქვენ ყველა ერთნი ხართ ქრისტე იესოსთან ერთობაში. და თუ ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (გალ. 3:28, 29).
„ის კი არ არის იუდეველი, ვინც გარეგნულად არის ასეთი, და ის კი არ არის წინადაცვეთა, რაც გარეგნულად ჩანს ხორცზე, არამედ იუდეველია ის, ვინც შინაგანად არის ასეთი და ვისი გულიც წინადაცვეთილია სულით და არა დაწერილ კანონთა კრებულით“ (რომ. 2:28, 29).
რატომ მიჰყავს ღმერთს ზოგი ზეცაში?
„ისინი იქნებიან ღვთისა და ქრისტეს მღვდლები და მასთან ერთად იმეფებენ ათას წელს“ (გამოცხ. 20:6).
[ჩარჩო/დიაგრამა 171 გვერდზე]
გახსენების საღამოს მონაცემები
25 წლის განმავლობაში უფლის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი 100-ჯერ აღემატებოდა მათ რიცხვს, ვინც სიმბოლოებს იღებდა
[სქემა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მონაწილე
დამსწრე
1 500 000
1 250 000
1 000 000
750 000
500 000
250 000
1935 1940 1945 1950 1955 1960
[სურათები 167 გვერდზე]
ვაშინგტონში ჩატარებულ კონგრესზე 840 ადამიანი მოინათლა