ფიცი
მტკიცე განაცხადი ადამიანის მიერ თავისი სიტყვების სიმართლის ან რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების დასადასტურებლად. ხშირ შემთხვევაში დაფიცებისას მოიხსენიებენ მაღლა მდგომ პირებს, განსაკუთრებით ღმერთს.
ებრაულ წერილებში ფიცის აღსანიშნავად გამოყენებულია ორი სიტყვა. ერთ-ერთი არის ებრაული სიტყვა შევუʽაჰ, რომელიც ნიშნავს ფიცს ან ფიცილს (დბ. 24:8). მონათესავე ზმნა შავაʽ, რომელიც ნიშნავს დაფიცებას ანუ ფიცის დადებას, მომდინარეობს იმავე ფუძიდან, რომლიდანაც სიტყვა „შვიდი“. ამგვარად, დაფიცება თავიდან ნიშნავდა „შვიდი რამის გავლენაში მოქცევას“ (Theological Dictionary of the New Testament, გ. ფრიდრიხის რედაქციით; მთარგმნელი და რედაქტორი გ. ბრომილი, 1970, ტ. V, გვ. 459). ბეერ-შებას ჭასთან (ნიშნავს ფიცის ჭას ან შვიდის ჭას) შეთანხმების დადებისას აბრაამმა და აბიმელექმა შვიდ ბატკანზე დაიფიცეს (დბ. 21:27—32; იხ. აგრეთვე დბ. 26:28—33). შევუʽაჰ მიუთითებს მტკიცე განაცხადზე რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების დასადასტურებლად. ეს სიტყვა არ გულისხმობს ფიცის შეუსრულებლობის შემთხვევაში წყევლის დატეხვას. ის გამოყენებულია იმ ფიცთან, რომელიც იეჰოვამ აბრაამთან დადო. იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას, ამიტომ მას წყევლა არასდროს დაატყდება (დბ. 26:3).
სხვა ებრაული სიტყვა, რომელიც ფიცს და წყევლას ნიშნავს, არის ʼალაჰ (დბ. 24:41, იხ. ამ მუხლის სქ. Rbi8). ერთი ლექსიკონის თანახმად, ის ნიშნავს „ადამიანის მიერ თავის თავზე წარმოთქმულ ან მის წინააღმდეგ წარმოთქმულ წყევლას (უბედურების მუქარა ფიცის გატეხის შემთხვევაში)“ (Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლ. კელერი და ვ. ბაუმგარტნერი, ლეიდენი, გვ. 49). ძველად ებრაელები სერიოზულად ეკიდებოდნენ ფიცის დადებას. ადამიანს თავისდა საზიანოდ დადებული ფიციც უნდა შეესრულებინა (ფს. 15:4; მთ. 5:33). ის ღვთის წინაშე დამნაშავედ ითვლებოდა, თუ დაუფიქრებლად დაიფიცებდა (ლვ. 5:4). ფიცის გამტეხი ღვთისგან ყველაზე მკაცრ სასჯელს დაიტეხდა. უძველეს ხალხებში, განსაკუთრებით ებრაელებში, ფიცის დადება ერთგვარი რელიგიური რიტუალი იყო. როცა ებრაელები იყენებდნენ სიტყვა ʼალაჰს, ისინი ღმერთს ფიცის მონაწილედ ხდიდნენ და გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ფიცის გატეხის შემთხვევაში ღვთისგან ნებისმიერ სასჯელს მიიღებდნენ. ღმერთი არასდროს მოიხსენიებდა ამ სიტყვით თავის დადებულ ფიცს.
ამ ებრაული სიტყვების ბერძნული ეკვივალენტებია ჰორკოს (ფიცი) და ომნიო (დაფიცება). ბერძნულ დედანში ორივე სიტყვა გვხვდება იაკობის 5:12-ში. ბერძნული ზმნა ჰორკიზო ნიშნავს დაფიცებას, ბრძანებას (მრ. 5:7; სქ. 19:13). ჰორკოსის სხვა მონათესავე სიტყვები ითარგმნა ფიცად (ებ. 7:20), სერიოზული ვალდებულების დაკისრებად (1თს. 5:27), ცრუდ დამფიცებლად ან ფიცის გამტეხად (1ტმ. 1:10) და ცრუდ ან ტყუილუბრალოდ დაფიცებად (მთ. 5:33). ბერძნული სიტყვა ანათემატიზო საქმეების 23:12, 14, 21-ში ფიცის დადებად ითარგმნა.
დაფიცებისას წარმოთქმული სიტყვები. ხშირად ღმერთს ან ღვთის სახელს იფიცებდნენ (დბ. 14:22; 31:53; კნ. 6:13; მსჯ. 21:7; იერ. 12:16). იეჰოვა საკუთარ თავს, ანუ საკუთარ სიცოცხლეს იფიცებდა (დბ. 22:16; ეზკ. 17:16; სფ. 2:9). ზოგჯერ ფორმალურ გამოთქმებს იმეორებდნენ, მაგალითად, „ასე და ასე, და კიდევ უარესიც მიყოს [ან გიყოს] იეჰოვამ, თუ არ შევასრულებ [ან არ შეასრულებ] დაფიცებულს“ (რთ. 1:17; 1სმ. 3:17; 2სმ. 19:13). ნათქვამის ხაზგასასმელად ფიცის დამდები ზოგჯერ თავის სახელს მოიხსენიებდა (1სმ. 20:13; 25:22; 2სმ. 3:9).
წარმართებიც თავიანთ ცრუ ღმერთებს იფიცებდნენ. ბაალის თაყვანისმცემელმა იზებელმა იეჰოვა კი არ დაიფიცა, არამედ „ღმერთები“ (ʼელოჰიმ, რომელთანაც ზმნა მრ. რ-ში დგას). მსგავსად მოიქცა სირიის მეფე ბენ-ჰადად II (1მფ. 19:2; 20:10). ვინაიდან ასეთი ფრაზების გამოყენება საკმაოდ გავრცელებული იყო, ბიბლიაში ცრუ ღმერთით ან იმით დაფიცება, რაც ღმერთი არ არის, კერპთაყვანისმცემლობის სინონიმად იქცა (იეს. 23:7; იერ. 5:7; 12:16; ამ. 8:14).
ზოგ შემთხვევაში, როცა საქმე ძალიან სერიოზული იყო ან ფიცის დადებას ძლიერი განცდა ახლდა, კონკრეტულად მოიხსენიებდნენ წყევლას ან სასჯელს, რომელიც ფიცის შეუსრულებლობას მოჰყვებოდა (რც. 5:19—23; ფს. 7:4, 5; 137:5, 6). საკუთარი სიმართლის დაცვისას იობი იხსენებდა წარსულს და მზად იყო ყველაზე მკაცრი სასჯელის მისაღებად, თუ ერთგულებასთან, სიმართლესთან, სამართლიანობასა და ზნეობასთან დაკავშირებით იეჰოვას კანონების დარღვევა დაუმტკიცდებოდა (იობ. 31).
ქმრის ეჭვის ნიადაგზე გამართულ სასამართლოზე თუ ქალი ორჯერ უპასუხებდა ამინს მღვდლის წარმოთქმულ წყევლის ფიცს, თავის უდანაშაულობას დაიფიცებდა (რც. 5:21, 22).
ფიცის ტოლფასი იყო, თუ ვინმე თავისი ნათქვამის დასადასტურებლად იეჰოვას სახელის გარდა მეფის ან სხვა მაღლა მდგომის სიცოცხლეს ახსენებდა (2სმ. 15:21). საკუთარ განზრახვაში ან ნათქვამის სიმართლეში სხვის დასარწმუნებლად ამბობდნენ: „ცოცხალია იეჰოვა“ (მსჯ. 8:19; 1სმ. 14:39, 45; 19:6; 20:21). სერიოზული განზრახვის დასადასტურებლად ზოგჯერ მოსაუბრის სიცოცხლეს იფიცებდნენ, თუმცა ეს შესაძლოა, მაინცდამაინც ფიცს არ ნიშნავდა. ამის მაგალითებია ელისთვის ხანას და მეფე საულისთვის აბნერის ნათქვამი სიტყვები (1სმ. 1:26; 1სმ. 17:55).
დაფიცებასთან დაკავშირებული ქმედებები. როგორც ჩანს, დაფიცებისას ყველაზე გავრცელებული ჟესტი მარჯვენა ხელის ცისკენ აღმართვა იყო. იეჰოვაზე სიმბოლური ენით ნათქვამია, რომ ფიცის დადებისას ხელი აღმართა (დბ. 14:22; გმ. 6:8; კნ. 32:40; ეს. 62:8; ეზკ. 20:5). დანიელმა ხილვაში იხილა ანგელოზი, რომელმაც დაფიცებისას ორივე ხელი ზეცისკენ ასწია (დნ. 12:7). ცრუდ დამფიცებლებზე ნათქვამია, რომ მათი „მარჯვენა სიცრუის მარჯვენაა“ (ფს. 144:8).
მას, ვინც მეორისგან ფიცის დადებას ითხოვდა, შეიძლებოდა ეთხოვა, რომ ბარძაყქვეშ ხელი ამოედო. მაგალითად, როცა აბრაამმა თავის მსახურს ისაკისთვის ცოლის მოყვანა დაავალა, უთხრა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი“. მსახური ასეც მოიქცა და დაიფიცა, რომ ცოლს აბრაამის ნათესავებიდან მოუყვანდა (დბ. 24:2—4, 9). მსგავსად, იაკობმა იოსებისგან მოითხოვა, ფიცი დაედო და ის ეგვიპტეში არ დაემარხა (დბ. 47:29—31; ამ ჩვეულების შესახებ ინფორმაციისთვის იხ. ჟესტები და პოზები).
ხშირად დაფიცება შეთანხმების დადების ნაწილი იყო. ამ დროს, ჩვეულებრივ, ამბობდნენ: „ღმერთი იქნება მოწმე მე და შენ შორის“ (დბ. 31:44, 50, 53). ამ სიტყვებს აგრეთვე რომელიმე ფაქტის დასამტკიცებლად ამბობდნენ. მოსემ ცა და დედამიწა დაიმოწმა, როცა ისრაელის იეჰოვასთან ფიცით დადებულ შეთანხმებაზე საუბრობდა (კნ. 4:26). ხშირად ფიცის ან შეთანხმების დამმოწმებელი და შემხსენებელი იყო ერთი ან მეტი ადამიანი, წერილობითი დოკუმენტი, სვეტი ან სამსხვერპლო (დბ. 31:45—52; კნ. 31:26; იეს. 22:26—28; 24:22, 24—27; იხ. შეთანხმება).
კანონის თანახმად ფიცის დადება. მოსეს კანონის თანახმად, ფიცის დადება მოეთხოვებოდა ქალს ქმრის ეჭვიანობის გამო გამართულ სასამართლოზე (რც. 5:21, 22), ადამიანს, რომელიც მიბარებულ ქონებას დაკარგავდა (გმ. 22:10, 11) და ქალაქის უხუცესებს, როცა მკვლელის ვინაობას ვერ დაადგენდნენ (კნ. 21:1—9). კანონით დასაშვები იყო რაიმეს აკრძალვის ნებაყოფლობითი ფიცი (რც. 30:3, 4, 10, 11). ზოგჯერ უფლებამოსილი პირების მოთხოვნის შესაბამისად ღვთის მსახურები ფიცს დებდნენ, რომ სიმართლეს ილაპარაკებდნენ, შემდეგ კი ფიცის თანახმად იქცეოდნენ. ქრისტიანიც ფიცის დადების შემთხვევაში მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებს და არ იცრუებს. მას აგრეთვე შეუძლია უარი თქვას პასუხის გაცემაზე, თუ ღვთის ან თანაქრისტიანის ინტერესებს საფრთხე ემუქრება, თუმცა მზად უნდა იყოს, რომ ამის გამო შეიძლება პასუხი აგებინონ (1მფ. 22:15—18; მთ. 26:63, 64; 27:11—14).
ისრაელში აღთქმა ფიცს უტოლდებოდა და წმინდა იყო, ამიტომ აღთქმის დამდებს ის ნებისმიერ ფასად უნდა შეესრულებინა. მიაჩნდათ, რომ ღმერთი თვალს ადევნებდა აღთქმების შესრულებას და სჯიდა მათ დამრღვევთ (რც. 30:2; კნ. 23:21—23; მსჯ. 11:30, 31, 35, 36, 39; ეკ. 5:4—6). გათხოვილი ქალის ქმარს ან გასათხოვარი ქალის მამას შეეძლო დაემტკიცებინა ან გაეუქმებინა მათი აღთქმები, ქვრივებსა და ქმარგაცილებულ ქალებს კი უნდა შეესრულებინათ აღთქმული (რც. 30:3—15).
მთაზე ქადაგებისას იესომ გაკიცხა იუდეველები, რომ ფიცის დადებას ზერელედ და დაუფიქრებლად ეკიდებოდნენ. მათთვის ზეცის, დედამიწის, იერუსალიმისა და საკუთარი თავის დაფიცებაც კი ჩვეულებრივ რამეს წარმოადგენდა. ვინაიდან ზეცა „ღვთის ტახტი“ იყო, დედამიწა — მისი ფეხსადგამი, იერუსალიმი — მეფის ქალაქი, ადამიანის თავი ანუ მისი სიცოცხლე კი ღმერთზე იყო დამოკიდებული, ასეთი ფიცის დადება ღვთის სახელით დაფიცებას ნიშნავდა. ადამიანი მათ სერიოზულად უნდა მოკიდებოდა. ამიტომ იესომ თქვა: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა. რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის“ (მთ. 5:33—37).
იესოს არ უთქვამს, რომ საერთოდ არ შეიძლებოდა ფიცის დადება, რადგან თავადაც მოსეს კანონს ექვემდებარებოდა, რომელიც ზოგ შემთხვევაში ფიცის დადებას მოითხოვდა. მისი გასამართლების დროს მღვდელმთავარმა მისგან ფიცის დადება მოითხოვა, რასაც იესო არ შეწინააღმდეგებია და სათანადო პასუხი გასცა (მთ. 26:63, 64). მთაზე ქადაგებისას წარმოთქმული სიტყვებით იესოს იმის თქმა სურდა, რომ ადამიანმა ორმაგი სტანდარტებით არ უნდა იცხოვროს. სიტყვის შესრულება წმინდა ვალდებულებაა, რასაც ადამიანი ისევე უნდა მოეკიდოს, როგორც ფიცის შესრულებას. ის, რასაც ამბობს, იმასვე უნდა გულისხმობდეს. იესომ ნათელი მოჰფინა თავის ნათქვამს, როცა მწიგნობრებისა და ფარისევლების თვალთმაქცობა გამოააშკარავა და უთხრა: «ვაი თქვენ, ბრმა მეგზურებო, რომლებიც ამბობთ: „თუ ვინმე ტაძარს დაიფიცებს, ეს არაფერია, მაგრამ თუ ვინმე ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ვალდებულია შეასრულოს ფიცი“. უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო მნიშვნელოვანია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს განმწმენდი?». შემდეგ დასძინა: „ვინც ზეცას იფიცებს, ის იფიცებს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც“ (მთ. 23:16—22).
როგორც იესომ თქვა, ეს მწიგნობრები და ფარისევლები ცრუ მსჯელობითა და განზრახ დამახინჯებული ლოგიკით იმართლებდნენ თავს, რომ ყველა ფიცს არ ასრულებდნენ. თუმცა ასეთი მოქმედებით ისინი უპატიოსნოდ ექცეოდნენ ღმერთს და შეურაცხყოფდნენ მის სახელს (ებრაელები ხომ იეჰოვასადმი მიძღვნილები იყვნენ). იეჰოვამ გასაგებად თქვა, რომ სძულს ცრუ ფიცი (ზქ. 8:17).
იაკობმა გაიმეორა იესოს სიტყვები (იაკ. 5:12). თუმცა იესოსა და იაკობის მიერ ასეთი უგუნური ქმედების დაგმობა არ ნიშნავს, რომ ქრისტიანმა არ უნდა დადოს ფიცი თავისი განზრახვების სერიოზულობასა და ნათქვამის სისწორეში სხვების დასარწმუნებლად. როგორც იესოს გასამართლებისას მომხდარი შემთხვევიდან ჩანს, ქრისტიანიც არ იქნება სასამართლოში ფიცის დადების წინააღმდეგი, რადგან ფიცს დადებს თუ არა, ის ნებისმიერ შემთხვევაში სიმართლეს ილაპარაკებს (მთ. 26:63, 64). ქრისტიანის მიერ ღვთის მსახურების დაწყების გადაწყვეტილებაც იეჰოვას წინაშე დადებული ფიცია, რითაც ის წმინდა ურთიერთობას იწყებს ღმერთთან. იესომ ფიცი და აღთქმა ერთმანეთს გაუტოლა (მთ. 5:33).
მოციქულმა პავლემაც თავისი მკითხველის დასარწმუნებლად 2 კორინთელების 1:23-სა და გალატელების 1:20-ში თქვა ის, რაც ფიცს უტოლდებოდა. სხვა შემთხვევაში პავლე საუბრობდა ფიცზე, როგორც კამათის გადასაჭრელად ჩვეულებრივ და მისაღებ საშუალებაზე და აღნიშნავდა, რომ „როცა ღმერთმა განიზრახა, უფრო ნათლად ეჩვენებინა დანაპირების მემკვიდრეთათვის თავისი განზრახვის უცვლელობა, დაიფიცა“ საკუთარი თავი, რადგან თავისზე დიდს ვერავის დაიფიცებდა. ამგვარად, ღმერთმა თავისი დაპირება კანონიერად განამტკიცა და თავისი განზრახვა სარწმუნო გახადა „ორი უცვლელი რამით, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“, თავისი დაპირებით და ფიცით (ებ. 6:13—18). გარდა ამისა, პავლე აღნიშნავს, რომ იეჰოვამ ფიცით დანიშნა ქრისტე მღვდელმთავრად და ის უკეთესი შეთანხმების თავდები გახდა (ებ. 7:21, 22). ბიბლიაში იეჰოვას მიერ ფიცის დადების 50-ზე მეტი შემთხვევაა მოხსენიებული.
იესოს დაპატიმრების ღამეს მოციქულმა პეტრემ სამჯერ უარყო ის. ბოლოს მან წყევლა და ფიცილი დაიწყო, რომ არ იცნობდა იესოს (მთ. 26:74). შეშინებული პეტრე გარშემო მყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას ცდილობდა. წყევლით ის იფიცებოდა, რომ მართალს ამბობდა და მზად იყო, უბედურება დასტეხოდა თავს, თუ მისი ნათქვამი სიმართლე არ იქნებოდა (იხ. აგრეთვე წყევლა).