მკითხველთა შეკითხვები
რატომ წარმოთქვა მომაკვდავმა იესომ ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი დავითის სიტყვები?
მათეს 27:46-სა და მარკოზის 15:34-ში მომაკვდავი იესოს შემდეგ სიტყვებს ვხვდებით: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“ ამგვარად იესომ შეასრულა ფსალმუნის 22:1-ში ჩაწერილი დავითის წინასწარმეტყველური სიტყვები. არასწორი იქნება, თუ დავასკვნით, რომ ეს იესოს იმედგაცრუებამ ან რწმენის ნაკლებობამ ათქმევინა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რატომ უნდა მომკვდარიყო და მზად იყო კიდეც ამისთვის (მათ. 16:21; 20:28). მან ისიც იცოდა, რომ სიკვდილს იეჰოვასგან ყოველგვარი მხარდაჭერის გარეშე უნდა შეხვედროდა (იობ. 1:10). ამგვარად იეჰოვას იესოსთვის იმის საშუალება უნდა მიეცა, რომ მტანჯველი სიკვდილის მიუხედავად თავისი ერთგულება დაემტკიცებინა (მარ. 14:35, 36).
მაშ, რატომ წარმოთქვა იესომ ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ შეგვიძლია შესაძლო ვარიანტებზე ვიმსჯელოთ.a
ამ სიტყვებით შესაძლოა იესოს იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ ის იეჰოვას დახმარების გარეშე უნდა შეხვედროდა სიკვდილს. მას გამოსასყიდი დამოუკიდებლად, იეჰოვას დახმარების გარეშე უნდა გაეღო. იესო დედამიწაზე ადამიანად მოვიდა და ადამიანად უნდა მომკვდარიყო „ყველას გულისთვის“ (ებრ. 2:9).
მართალია, იესო ამ ფსალმუნის მხოლოდ მოკლე მონაკვეთს ციტირებდა, მაგრამ შესაძლოა მან მთელ ამ ფსალმუნზე გააკეთა მინიშნება. იმ ეპოქაში ებრაელებმა ბევრი ფსალმუნი ზეპირად იცოდნენ. ამიტომ ერთი მუხლის გაგონებაც კი მათ ავტომატურად მთელ ფსალმუნს გაახსენებდა. თუ იესოს ეს მიზანი ამოძრავებდა, მაშინ მისი სიტყვები იუდეველ მიმდევრებს 22-ე ფსალმუნში ჩაწერილ არაერთ წინასწარმეტყველებას გაახსენებდა, რომლებიც მის სიკვდილს უკავშირდებოდა (ფსალმ. 22:7, 8, 15, 16, 18, 24). მათ, ალბათ, ისიც გაახსენდებოდათ, რაც ამ ფსალმუნის ბოლოს იეჰოვას მეფობაზე ეწერა, კერძოდ იმას, რომ მისი მეფობა დედამიწის კიდით კიდემდე განივრცობოდა (ფსალმ. 22:27—31).
შესაძლოა იესომ დავითის ეს სიტყვები თავისი უდანაშაულობის ხაზგასასმელად მოიშველია. სიკვდილამდე იესო უსამართლოდ გაასამართლეს და ღვთის გმობაში დასდეს ბრალი (მათ. 26:65, 66). მისი სასამართლო ნაჩქარევად, გვიან ღამით შედგა და ყოველგვარი წესის დარღვევით წარიმართა (მათ. 26:59; მარ. 14:56—59). ასე რომ, ფსალმუნიდან მოყვანილი ციტატა შეიძლება ასეც გავიგოთ: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე, მე ხომ არაფერი დამიშავებია?“ ამგვარად იესომ შესაძლოა საკუთარ უდანაშაულობაზე გაამახვილა ყურადღება.
ფსალმუნმომღერლის სიტყვებით, როგორ ჩანს, იესოს იმის ხაზგასმა უნდოდა, რომ იეჰოვას კეთილგანწყობა არ დაუკარგავს. მართალია, დავითსაც მოუწია ტანჯვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ იეჰოვა არ იწონებდა მას. დავითის ეს კითხვა რწმენის ნაკლებობაზე არ მეტყველებდა. პირიქით, ამ კითხვის დასმის შემდეგ დავითმა გამოხატა იეჰოვას მხსნელი ძალისადმი ნდობა და იმედი გამოთქვა, რომ მისგან კურთხევებს მიიღებდა (ფსალმ. 22:23, 24, 27). მსგავსად ამისა, იესოს, „დავითის ძის“, წამების ძელზე ტანჯვა სრულებითაც არ მიანიშნებდა იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვაზე (მათ. 21:9).
იესომ შესაძლოა ამ სიტყვებით გამოხატა უაღრესი მწუხარება იმის გამო, რომ იეჰოვას მფარველობის გარეშე მოუწევდა ერთგულების ბოლომდე დამტკიცება. იესოს ტანჯვა და სიკვდილი იეჰოვას თავდაპირველ განზრახვაში არ შედიოდა. ამის აუცილებლობა ადამისა და ევას ურჩობამ განაპირობა. იესოს არაფერი დაუშავებია, მაგრამ უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო, რათა სატანის წამოჭრილ კითხვებზე სათანადო პასუხი გაეცა და გამოსასყიდი გაეღო იმის დასაბრუნებლად, რაც ადამმა დაკარგა (მარ. 8:31; 1 პეტ. 2:21—24). ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ იეჰოვა ცოტა ხნით მას თავისი მფარველობის გარეშე დატოვებდა, რაც უპრეცედენტო იყო იესოს ცხოვრებაში.
შესაძლოა იესოს თავისი მიმდევრებისთვის იმის დანახვება სურდა, რატომ დაუშვა იეჰოვამ წამების ძელზე თავისი ძის სიკვდილი.b იესომ იცოდა, რომ წამების ძელზე ბოროტმოქმედივით სიკვდილი ბევრ თავის მიმდევარს დააბრკოლებდა (1 კორ. 1:23). თუ ისინი იესოს სიკვდილის ნამდვილ მიზეზს მიხვდებოდნენ, მასში მხსნელს დაინახავდნენ და არა ბოროტმოქმედს (გალ. 3:13, 14).
რა მიზეზითაც არ უნდა წარმოეთქვა იესოს ფსალმუნში ჩაწერილი სიტყვები, მან იცოდა, რომ წამების ძელზე ტანჯვითა და სიკვდილით იეჰოვას ნებას ასრულებდა. ფსალმუნის ამ ციტატას იესომ მალევე მოაყოლა შემდეგი სიტყვები: „აღსრულდა!“ (იოან. 19:30; ლუკ. 22:37). იმ ფაქტმა, რომ მცირე ხნით იეჰოვას მფარველობის გარეშე დარჩა, იესოს საშუალება მისცა, დედამიწაზე თავისი მისია პირნათლად შეესრულებინა. ამასთანავე, მან შეასრულა ყველაფერი, რაც მასზე „მოსეს კანონში, წინასწარმეტყველთა წიგნებსა და ფსალმუნებში“ ეწერა (ლუკ. 24:44).
a იხილეთ ამავე ნომერში მოცემული სტატია „რას ვსწავლობთ იესოს უკანასკნელი სიტყვებიდან“, აბზ. 9, 10.
b დედამიწაზე მსახურების დროს იესო ზოგჯერ ისეთ რამეს ამბობდა ან ისეთ კითხვას წამოჭრიდა, რაც მაინცდამაინც მის თვალსაზრისს არ გამოხატავდა. უბრალოდ ასე ცდილობდა, თავისი მიმდევრები მსჯელობაში აეყოლიებინა (მარ. 7:24—27; იოან. 6:1—5; იხილეთ 2010 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 4, 5).