მათეს სახარება
27 უფროსი მღვდლები და ხალხის უხუცესები გათენებისთანავე შეიკრიბნენ და მოითათბირეს, როგორ მოეკლათ იესო.+ 2 ამის შემდეგ ის შებოჭეს, წაიყვანეს და გამგებელ პილატეს გადასცეს.+
3 როცა მისმა გამცემმა იუდამ დაინახა, რომ იესოს მსჯავრი დასდეს, სინდისმა შეაწუხა, 30 ვერცხლი უფროს მღვდლებსა და უხუცესებს დაუბრუნა,+ 4 და უთხრა: „შევცოდე, უდანაშაულო კაცი გავწირე“. მათ მიუგეს: „მერე ჩვენ რა?! რაც გინდა, ის გიქნია!“ 5 მან ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა იქიდან, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.+ 6 უფროსმა მღვდლებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: „დაუშვებელია ამის წმინდა საგანძურში ჩაყრა, რადგან სისხლის საფასურია“. 7 მოითათბირეს და იყიდეს მეთუნის მინდორი უცხოთა დასამარხად. 8 ამიტომ ის მინდორი დღემდე „სისხლის მინდვრად“+ იწოდება. 9 მაშინ შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამი: „აიღეს 30 ვერცხლი — საფასური, რომლითაც ისრაელებმა შეაფასეს ის — 10 და გადაიხადეს მეთუნის მინდორში, როგორც იეჰოვამ* მიბრძანა“.+
11 იესო გამგებლის წინაშე იდგა; გამგებელმა ჰკითხა მას: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“ „შენ თვითონ ამბობ ამას“, — მიუგო იესომ,+ 12 მაგრამ, როცა უფროსი მღვდლები და უხუცესები ბრალს სდებდნენ, არაფერს პასუხობდა.+ 13 მაშინ პილატემ უთხრა: „არ გესმის, რამდენ რამეში გდებენ ბრალს?“ 14 მას პასუხი არ გაუცია, სიტყვაც კი არ უთქვამს, რაც გამგებელს ძალიან გაუკვირდა.
15 გამგებელს ჩვეულებად ჰქონდა, ყოველ დღესასწაულზე ხალხისთვის ის პატიმარი გაეთავისუფლებინა, რომელსაც მოისურვებდნენ.+ 16 იმ დროს შეპყრობილი ჰყავდათ ბარაბა, ცნობილი ბოროტმოქმედი. 17 ამიტომ, როცა ხალხი შეიკრიბა, პილატემ ჰკითხა მათ: „ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?“ 18 მან იცოდა, რომ შურდათ იესოსი და ამიტომ გადასცეს მას. 19 თანაც, როცა ის სასამართლო ტახტზე იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „ნურაფერს უზამ მაგ უდანაშაულო კაცს, რადგან დღეს სიზმარში ბევრი ვიტანჯე მის გამო“. 20 უფროსმა მღვდლებმა და უხუცესებმა დაარწმუნეს ხალხი, ბარაბა გაათავისუფლებინეთ,+ იესო კი მოაკვლევინეთო.+ 21 გამგებელმა კვლავ იკითხა: „ამ ორიდან რომელი გინდათ, რომ გაგითავისუფლოთ?“ „ბარაბა“, — უპასუხეს მათ. 22 პილატემ უთხრა: „იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?“ ხალხმა დაიძახა: „ძელზე გააკარი!“+ 23 მან ჰკითხა: „რატომ? რა ჩაიდინა?“ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: „ძელზე გააკარი!“+
24 დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს ხდებოდა, მღელვარება კი უფრო მატულობდა. მაშინ აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: „მე არ მომეკითხება ამ კაცის სისხლი; რაც გინდათ, ის გიქნიათ!“ 25 ამაზე მთელმა ხალხმა უპასუხა: „ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვეკითხოს მაგისი სისხლი!“+ 26 მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ძელზე გასაკრავად გადასცა.+
27 გამგებლის ჯარისკაცებმა იესო მის სასახლეში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს მასთან.+ 28 ტანსაცმელი გახადეს და ალისფერი მოსასხამი მოასხეს,+ 29 ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში კი ლერწამი დააჭერინეს. მუხლს იყრიდნენ მის წინაშე და დასცინოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“ 30 აფურთხებდნენ მას+ და იმ ლერწამს თავში ურტყამდნენ. 31 მისი დაცინვით გული რომ იჯერეს, მოსასხამი გახადეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ძელზე გასაკრავად წაიყვანეს.+
32 როცა გამოდიოდნენ, მათ კირენელი სიმონი შემოხვდათ. იგი აიძულეს, რომ იესოს წამების ძელი* წამოეღო.+ 33 იმ ადგილას რომ მივიდნენ, რომელსაც „გოლგოთას“ ეძახდნენ, რაც „თავის ქალას“ ნიშნავს,+ 34 იესოს ნაღველნარევი ღვინო* მიაწოდეს დასალევად,+ მაგრამ როგორც კი გემო გაუსინჯა, უარი თქვა დალევაზე. 35 როცა ის ძელზე გააკრეს, მისი მოსასხამი წილისყრით გაინაწილეს;+ 36 ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ იესოს. 37 მის თავს ზემოთ გააკრეს ასეთი საბრალდებო წარწერა: „ეს არის იესო — იუდეველთა მეფე“.+
38 მაშინ მასთან ერთად ორი ყაჩაღი გააკრეს ძელზე: ერთი — მის მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ.+ 39 გამვლელები შეურაცხყოფდნენ მას,+ თავს აქნევდნენ+ 40 და ამბობდნენ: „ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,+ მიდი იხსენი თავი! თუ ღვთის ძე ხარ, ჩამოდი ძელიდან*!“+ 41 უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესებიც მასხრად იგდებდნენ მას:+ 42 „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია! ისრაელის მეფე არ არის?!+ მაშ, ჩამოვიდეს ძელიდან* და ვირწმუნებთ მას! 43 ღმერთზე არ იყო მინდობილი?! მაშ, იხსნას ღმერთმა, თუკი მოსაწონია მისთვის.+ ხომ ამბობდა, ღვთის ძე ვარო?!“+ 44 მის გვერდით ძელზე გაკრული ყაჩაღებიც შეურაცხყოფდნენ მას.+
45 მეექვსე საათზე მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და ასე გაგრძელდა მეცხრე საათამდე*.+ 46 მეცხრე საათისთვის იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“, რაც ნიშნავს: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+ 47 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა, ელიას უხმობსო.+ 48 უცბად ერთი მათგანი გაიქცა, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ 49 დანარჩენები კი ამბობდნენ, აბა ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელადო. 50 იესომ კვლავ ხმამაღლა დაიძახა და სული* განუტევა.+
51 ამ დროს ტაძრის ფარდა+ ჩაიხა და ორად გაიყო,+ მიწა იძრა და კლდეები დასკდა. 52 გაიხსნა სამარხები და ბევრი გარდაცვლილი წმინდის გვამი გამოჩნდა 53 (მისი აღდგომის შემდეგ სასაფლაოდან* ხალხი გამოვიდა და წმინდა ქალაქში შევიდა), რაც ბევრმა დაინახა. 54 ასისთავი და მასთან ერთად ისინი, ვინც იესოს სდარაჯობდნენ, მიწისძვრამ და ყოველივე მომხდარმა ისე შეაშინა, რომ თქვეს, მართლა ღვთის ძე ყოფილაო.+
55 ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა ბევრი ქალი, რომლებიც ჯერ კიდევ გალილეიდან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.+ 56 მათ შორის იყვნენ: მაგდალელი მარიამი, იაკობისა და იოსეს დედა მარიამი და ზებედეს ვაჟების დედა.+
57 როცა მოსაღამოვდა, მოვიდა ერთი არიმათეელი მდიდარი კაცი, სახელად იოსები, რომელიც თვითონაც იესოს მოწაფე იყო.+ 58 ის პილატესთან მივიდა და გამოითხოვა იესოს ცხედარი.+ პილატემაც ბრძანა, რომ მიეცათ.+ 59 იოსებმა წაიღო ცხედარი, საუკეთესო სელის სუფთა ტილოში გაახვია+ 60 და ახალ სამარხში+ დაასვენა, რომელიც კლდეში ჰქონდა გამოკვეთილი. სამარხის შესასვლელს ლოდი მიაფარა და წავიდა. 61 მაგდალელი მარიამი და მეორე მარიამი კი, რომლებიც სამარხის წინ ისხდნენ, იქვე დარჩნენ.+
62 მეორე დღეს, სამზადისის დღის*+ შემდეგ, უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან შეიკრიბნენ 63 და უთხრეს: „ბატონო, გაგვახსენდა, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, იმ თვითმარქვიამ თქვა, სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.+ 64 ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ იგი+ და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. 65 პილატემ მიუგო: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და დაიცავით“. 66 ისინიც წავიდნენ, სამარხის ლოდი დალუქეს და დაცვა დააყენეს.