იესო — აზრიანი ცხოვრების მასწავლებელი
„ვინც ამბობს, რომ ერთობაში რჩება მასთან [იესოსთან], ვალდებულია ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა“ (1 იოანე 2:6).
წინა სტატიაში განვიხილეთ, რომ იესოს ჭეშმარიტად აზრიანი ცხოვრება ჰქონდა. თუ გვსურს, რომ ჩვენც ვიგრძნოთ ცხოვრებაში კმაყოფილება და ბედნიერება, იესოს მაგალითს უნდა მივყვეთ და მის რჩევებს მოვუსმინოთ.
ზემოხსენებული მუხლიდან ვიგებთ, რომ ამისკენ თავად იეჰოვა ღმერთი მოგვიწოდებს. თუ გვსურს, რომ მივბაძოთ იესოს, ჩვენი ცხოვრება მის სწავლებებს უნდა შევუსაბამოთ. ამგვარად ღვთის მოწონებას დავიმსახურებთ და ჩვენი ცხოვრებაც უფრო აზრიანი გახდება.
იესომ დაგვიტოვა არაერთი ბიბლიური პრინციპი, რომლებიც დაგვეხმარება, მივყვეთ მის მაგალითს. ზოგი ეს პრინციპი იესომ მთაზე ქადაგებისას წარმოთქვა. მოდით, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია მათი ცხოვრებაში გამოყენება.
პრინციპი: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3).
როგორ ხდის ეს პრინციპი ჩვენს ცხოვრებას აზრიანს?
იესომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადამიანს გააჩნია თანდაყოლილი სულიერი მოთხოვნილებები. ჩვენ ძალიან გვინდა, ვიცოდეთ პასუხები ისეთ კითხვებზე, როგორიცაა: რატომ გავჩნდით ამ ქვეყნად? რატომ არის ამდენი ტანჯვა? ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე? არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ? ჩვენმა ცხოვრებამ აზრი რომ შეიძინოს, ამ კითხვებზე პასუხები აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. იესომ იცოდა, რომ ერთადერთი სანდო წყარო, რომელიც ამ კითხვებს პასუხს გასცემდა, ღვთის სიტყვა იყო. ლოცვაში იესომ მამას უთხრა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოანე 17:17). მართლა შეუძლია ღვთის სიტყვას სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დაგვეხმაროს?
რეალური შემთხვევა:
ესა პოპულარული ჯგუფის წამყვანი მომღერალი იყო და როკ-ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო. ასეთი წარმატების მიუხედავად, ის შინაგან სიცარიელეს გრძნობდა. „მართალია, ბენდში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება მთლად აზრიანი არ იყო“, — ამბობს ესა. ერთხელაც ესა ერთ იეჰოვას მოწმეს შეხვდა. ის იხსენებს: „მას უამრავი კითხვა დავუსვი. მისმა ლოგიკურმა და ბიბლიურმა პასუხებმა ძალიან დამაინტერესა და მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე“. ესაზე ძალიან იმოქმედა იმან, რასაც ბიბლიიდან სწავლობდა და გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. „იყო დრო, როცა პრობლემების მორევში ვიყავი ჩაძირული, მაგრამ ახლა ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა და ვგრძნობ, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა“, — ამბობს ესა.a
პრინციპი: „ბედნიერნი არიან გულმოწყალენი“ (მათე 5:7).
როგორ ხდის ეს პრინციპი ჩვენს ცხოვრებას აზრიანს?
გულმოწყალებაში იგულისხმება სხვების მიმართ თანაგრძნობისა და ყურადღების გამოვლენა და სიკეთის კეთება. იესო გულმოწყალებას ავლენდა გაჭირვებულების მიმართ. მას ძალიან ებრალებოდა ხალხი და ცდილობდა, მათთვის ტანჯვა შეემსუბუქებინა (მათე 14:14; 20:30—34). თუ იესოს მსგავსად, გულმოწყალენი ვართ, ჩვენი ცხოვრება უფრო აზრიანი ხდება, რადგან ისინი, ვინც სხვების მიმართ გულმოწყალებას ავლენენ, დიდ ბედნიერებასა და კმაყოფილებას გრძნობენ (საქმეები 20:35). ჩვენ შეგვიძლია თბილი სიტყვებითა და კეთილი საქმეებით სხვების მიმართ გულმოწყალება გამოვავლინოთ. ნამდვილად მატებს გულმოწყალების გამოვლენა ბედნიერებას ჩვენს ცხოვრებას?
რეალური შემთხვევა:
მარია და მისი მეუღლე კარლოსი გულმოწყალების კარგ მაგალითს იძლევიან. მარიას მამა, რომელიც ქვრივია, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ბოლო წლებში საწოლს მიეჯაჭვა. მარიამ და კარლოსმა ის თავიანთ სახლში გადაიყვანეს და მასზე ზრუნავენ. ბევრჯერ გაუთენებიათ მისთვის ღამე სახლში თუ საავადმყოფოში. ისინი ამბობენ, რომ ზოგჯერ ძალიან იღლებიან, მაგრამ, როგორც იესომ თქვა, ბედნიერები არიან, რადგან დიდ კმაყოფილებას გრძნობენ იმით, რომ გასაჭირში მყოფ მამას ეხმარებიან.
პრინციპი: „ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“ (მათე 5:9).
როგორ ხდის ეს პრინციპი ჩვენს ცხოვრებას აზრიანს?
რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ მშვიდობისმყოფელი ადამიანის ცხოვრება უფრო აზრიანია? ადამიანი, რომელიც ცდილობს, მშვიდობას შეუწყოს ხელი, გარეშეებთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ამიტომ გონივრულია, მივყვეთ ბიბლიის რჩევას: „რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან“ (რომაელები 12:18). ყველაში ოჯახის წევრებიც იგულისხმება და სხვებიც, მათ შორის, ისინიც, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ. შემატებს ჩვენს ცხოვრებას აზრს სხვებთან მშვიდობიანად ყოფნა?
რეალური შემთხვევა:
განვიხილოთ ნაირის მაგალითი. წლების განმავლობაში ის დიდ ზეწოლას განიცდიდა, განსაკუთრებით ოჯახის წევრების მხრიდან. ნაირი ქმარმა მიატოვა და 15 წლის განმავლობაში შვილებს მარტო ზრდიდა. მისი ერთ-ერთი ვაჟი ნარკომანი გახდა. ის ხშირად გამოდიოდა მდგომარეობიდან და დედას და დებს აშინებდა და ემუქრებოდა. ნაირი დარწმუნებულია, რომ მას ბიბლიიდან მიღებული ცოდნა აძლევდა ძალას, რომ ასეთ რთულ სიტუაციებშიც კი მშვიდობისმყოფელი დარჩენილიყო. ის დღესაც ცდილობს, არ ჩაერიოს კამათსა თუ ჩხუბში და სხვების მიმართ თანამგრძნობი და კეთილი იყოს (ეფესოელები 4:31, 32). ნაირმა ისწავლა, როგორ გამხდარიყო მშვიდობისმყოფელი და სწორედ ამის წყალობით შეძლო ის, რომ ოჯახის წევრებთან თუ სხვებთან შეძლებისდაგვარად მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა.
წინ შესანიშნავი მომავალი გელით
თუ მივყვებით იესოს ბრძნულ რჩევებს, ბედნიერი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება გვექნება. მაგრამ ჭეშმარიტად აზრიანი ცხოვრებისთვის უნდა ვიცოდეთ, რა გველის მომავალში. ბოლოს და ბოლოს, როგორ იქნება ჩვენი ცხოვრება აზრიანი, თუ სიბერის, ავადმყოფობისა და სიკვდილის იქით აღარაფერია? სამწუხაროდ, ეს დღევანდელი ცხოვრების რეალობაა.
მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი. არსებობს ერთი მეტად სასიხარულო და დამაიმედებელი ცნობა. იეჰოვა დიდ კურთხევებს ჰპირდება მათ, ვინც ცდილობს, „ისევე მოიქცეს, როგორც იესო იქცეოდა“. იეჰოვა გვპირდება, რომ მალე დედამიწაზე სამართლიან ახალ ქვეყნიერებას დაამყარებს, სადაც ერთგული ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ და დატკბებიან სრულყოფილი ჯანმრთელობით. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა. იგი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თვითონ ღმერთი მათთან იქნება. მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ » (გამოცხადება 21:3, 4).
პირველ სტატიაში მოხსენიებული 84 წლის მარია სიხარულით ელის ამ ბიბლიური დანაპირების შესრულებას. თქვენ რას ფიქრობთ? გსურთ, მეტი გაიგოთ „ჭეშმარიტ სიცოცხლეზე“, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს გვექნება? (1 ტიმოთე 6:19). მაშინ, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.b
a ესას ბიოგრაფია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ჟურნალის მე-8 და მე-9 გვერდებზე.
b იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ ბევრს დაეხმარა, თემატურად შეესწავლა ბიბლია.