„თუ მარილი განქარდა“
მის გამო ომები იმართებოდა; ვაჭრობისას ფულის მაგივრობას სწევდა. უძველეს ჩინეთში ოქროს შემდეგ ყველაზე ძვირად ფასობდა. დიახ, მარილი კაცობრიობისთვის დიდი ხანია, ძვირფასი რამეა. დღემდე მას სამკურნალო და ლპობის საწინააღმდეგო თვისებების მქონედ მიიჩნევენ და მთელ მსოფლიოში სურნელების გასაძლიერებლად და რაიმეს დასაკონსერვებლად იყენებენ.
თუ გავითვალისწინებთ მარილის ბევრ კარგ თვისებას და იმას, თუ რამდენ რამეში იყენებენ, გასაკვირი არა არის რომ ბიბლია მას მეტაფორად იყენებს. მაგალითად, მოსეს რჯული მოითხოვდა, რომ იეჰოვას სამსხვერპლოზე მიტანილი შესაწირავი დამარილებული ყოფილიყო (ლევიანნი 2:13). ეს კეთდებოდა არა შესაწირავის გემოს გასაუმჯობესებლად, არამედ უფრო იმიტომ, რომ მარილი ხრწნისა და ლპობისგან დაცვის სიმბოლო იყო.
კარგად ცნობილი მთაზე ქადაგებისას, იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს უთხრა: „თქვენ ხართ მარილი მიწისა“ (მათე 5:13). ამ სიტყვებში ის გულისხმობდა, რომ მათ მიერ ღვთის სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებას შეიძლება დაეცვა ან სიცოცხლე შეენარჩუნებინა მსმენელებისთვის. დიახ, ისინი, ვინც ყურად იღებდა იესოს სიტყვებს, დაცული იქნებოდნენ იმ საზოგადოებაში არსებული ზნეობრივი და სულიერი გახრწნილებისგან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ და მსახურობდნენ (1 პეტრე 4:1-3).
მაგრამ შემდეგ იესომ გააფრთხილა ისინი: „თუ მარილი განქარდა . . . უკვე აღარაფრად გამოდგება, მხოლოდ გარეთ უნდა გადაყარო კაცთაგან გასათელად“. ამასთან დაკავშირებით ბიბლიის მკვლევარმა ალბერტ ბერნზმა თქვა, რომ იესოსა და მისი მოწაფეების დროს მარილი „არ იყო სუფთა, რადგან მცენარეული და მიწის შემადგენელი ნივთიერებებისგან შედგებოდა“. ასე რომ, თუ მარილი დაკარგავდა თავის გემოს, საკმაოდ ბევრი „მიწის შემადგენელი ნივთიერება დარჩებოდა. „ასეთ შემთხვევაში კი მას მხოლოდ . . . ბილიკებისა და გზების კეთებისას ხრეშის მსგავსად თუღა გამოიყენებდნენ“, — აღნიშნა ბერნზმა.
ამიტომ ქრისტიანმა, რომელიც ყურად იღებს ამ გაფრთხილებას, არ უნდა შეწყვიტოს სახალხოდ ქადაგება და არ უნდა დაუბრუნდეს უღვთო ცხოვრებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაკარგავს სულიერობას და გახდება გამოუსადეგარი, როგორც ‘განქარებული მარილი’.