ტანსაცმელი
თუ არ ჩავთვლით იმ ცნობებს, რომლებსაც ბიბლია გვაწვდის ებრაელთა ჩაცმულობის შესახებ, სხვა ისტორიულ წყაროებში ამაზე ინფორმაცია თითქმის არ მოიპოვება (ასურელებისა და ეგვიპტელების ჩაცმულობაზე ბევრად მეტია ცნობილი). ცნობების სიმცირის მიზეზი ის არის, რომ ებრაელები თავიანთი გამარჯვებების აღსანიშნავად არ დგამდნენ ძეგლებს თავიანთი გამოსახულებებით, რომლებიც წარმოდგენას შეგვიქმნიდა მათ ჩაცმულობაზე. მრავალ ეგვიპტურ, ასურულ თუ სხვა ერების ბარელიეფებზე ეს ხალხები თავიანთი ეროვნული სამოსით არიან გამოსახული. ზოგიერთზე უცხო ქვეყნის ტყვეების გამოსახულებებსაც ვხვდებით, რომელთა შორის, როგორც მიჩნეულია, ებრაელებიც არიან, თუმცა ამის დადასტურება რთულია. ბიბლიური ხალხების ჩაცმულობაზე წარმოდგენას ყველაზე კარგად ბიბლიურ ტერიტორიებზე დღეს მცხოვრებ ხალხთა ჩაცმულობა თუ შეგვიქმნის, ვინაიდან მათი სამოსის დანიშნულება და ზოგიერთი წეს-ჩვეულება საუკუნეების შემდეგაც არ შეცვლილა. თუმცაღა არქეოლოგიური აღმოჩენები იმაზე მოწმობს, რომ თანამედროვე არაბი ბედუინებისგან განსხვავებით ებრაელთა სამოსი სხვადასხვაფერისა იყო. გარდა ამისა, თანამედროვე ებრაელთა თუ ბიბლიური ქვეყნების სხვა ხალხების ჩაცმულობაზე დიდ გავლენას ახდენდა მათი რელიგია და ბერძნულ-რომაული თუ დასავლეთის ქვეყნების ტრადიციები. ასე რომ, მათი ჩაცმულობა მხოლოდ ზოგად წარმოდგენას გვიქმნის ძველ ებრაელთა ჩაცმულობაზე.
მასალა. პირველი ადამიანების სამოსი ერთმანეთზე გადაბმული ლეღვის ფოთლები იყო სასირცხო ადგილების დასაფარავად (დბ. 3:7). მოგვიანებით ღმერთმა მათ ტყავის გრძელი სამოსელი მისცა (დბ. 3:21). ელია და ელისე, როგორც წინასწარმეტყველები, „ბეწვის სამოსს“ ატარებდნენ. ელიას ტყავის სარტყელიც ერტყა. მსგავსად იყო შემოსილი იოანე ნათლისმცემელი (2მფ. 1:8; 2:13; ებ. 11:37; მთ. 3:4). ბეწვისგან დამზადებულ ჯვალოს (გმც. 6:12) გლოვის ნიშნად იცვამდნენ (ესთ. 4:1; ფს. 69:10, 11; გმც. 11:3). ფართოდ გამოიყენებოდა სელი და შალი (ლვ. 13:47—59; იგ. 31:13). ღარიბთა ტანისამოსი უფრო უხეში მასალისგან, თხის ან აქლემის ბეწვისგან, იშვიათად კი შალისგან იყო დამზადებული. სელი უფრო ძვირფას ქსოვილად ითვლებოდა. იყენებდნენ, აგრეთვე, ბამბასაც. ბიბლიაში მხოლოდ ერთ ადგილას არის ნახსენები აბრეშუმი, როგორც დიდი ბაბილონის ერთ-ერთი სავაჭრო საქონელი (გმც. 18:12). ტანსაცმელი იყო სხვადასხვაფერი, ჭრელი, ზოლიანი და მოქარგული (მსჯ. 5:30). არსებობდა სხვადასხვა სახის ნაქსოვი. მაგალითად, მღვდელმთავრის თეთრი სელის სამოსელი უჯრედებიანი იყო (გმ. 28:39). ისრაელებს შეეძლოთ სელის ან შალის ტანსაცმლის ტარება, მაგრამ მღვდლებისგან განსხვავებით ღვთის კანონით მათ ეკრძალებოდათ ორი ერთმანეთში შერეული ძაფით მოქსოვილი ტანსაცმლის ჩაცმა (ლვ. 19:19; კნ. 22:11; იხ. ქსოვილი; საღებავები, ღებვა).
სამოსელი. ებრაულ წერილებში ზოგადად სამოსის აღსანიშნავად ყველაზე ხშირად სიტყვა ბეგედ არის გამოყენებული. გამოყენებულია სხვა ზოგადი სიტყვებიც, რომლებიც ზოგან კონკრეტული სახის ტანსაცმელსაც აღნიშნავს.
შიდა სამოსი. ვინაიდან სიშიშვლე სამარცხვინო იყო, ისრაელებს გარეთა ტანსაცმლის შიგნით, პირდაპირ სხეულზე საცვლები ეცვათ. მღვდლებს სელის საცვლები (ებრ. მიქნასაჲიმ) უნდა სცმოდათ, რათა სამსხვერპლოსთან მსახურების დროს სიშიშვლე არ გამოსჩენოდათ. სხვა ერების ქურუმები ზოგჯერ ტანშიშველი ასრულებდნენ რიტუალებს, რაც სისაძაგლე იყო იეჰოვასთვის (გმ. 28:42, 43).
სადინ (ებრ.) იყო ქალისა და კაცის შიდა სამოსი (ეს. 3:23). არსებობს მოსაზრება, რომ მისი ერთ-ერთი სახეობა წელსა და თეძოზე შემოსახვევი ქსოვილი იყო. მისი ჩაცმა გარეთა ტანსაცმლის გარეშე შეეძლოთ ყანაში მომუშავეებს, მეთევზეებს, დურგლებს, ქვის მთლელებს, წყლის მზიდავებსა თუ სხვებს. ის სადინი, რომელსაც გარეთა ტანსაცმლის შიგნით იცვამდნენ, სახელოებიან პერანგს წააგავდა, მუხლამდე ან მუხლს ქვემოთ იყო. ზოგს სარტყელი ჰქონდა. ის დამზადებული იყო შალისგან ან სელისგან.
ებრაული ქუთთონეთ შეესატყვისება ბერძნულ ქიტონს. ორივე სიტყვა უმეტეს შემთხვევაში ტუნიკას ანუ პერანგისმაგვარ სამოსს აღნიშნავს. მას ჰქონდა მოკლე ან გრძელი მკლავები და კოჭებს ან მუხლებს სწვდებოდა. ქუთთონეთ საშინაო ტანსაცმელი იყო. ზოგიერთი სტილის ქუთთონეთსა თუ ქიტონს ცალ მხარზე გადაგდებულს ატარებდნენ. ის თეთრი ან ფერადი იყო. გრძელ ქუთთონეთს თავისუფალი მოძრაობისთვის გვერდები 30 სმ-ზე ჰქონდა ჩაჭრილი. ზოგი სელისგან მზადდებოდა, უმეტესობა შალისგან. ამ უკანასკნელით მეტწილად ღარიბები იმოსებოდნენ. ის ქალებსაც ეცვათ და კაცებსაც. ქალისა, სავარაუდოდ, უფრო გრძელი იყო.
ქუთთონეთი მღვდელმთავრებისა და მღვდლების სამოსის აღსანიშნავადაც გამოიყენებოდა (გმ. 28:39, 40). იოსების გრძელი, ზოლებიანი ტანსაცმელი (დბ. 37:3), აგრეთვე, ზოლებიანი სამოსი, რომელიც დამცირებულმა თამარმა სიმწრით შემოიხია, ქუთთონეთი იყო (2სმ. 13:18). იესოს სამოსელი (ქიტონ), რომელზეც ჯარისკაცებმა წილი ყარეს, ერთიანი იყო, ნაკერის გარეშე (ინ. 19:23, 24). ქუთთონეთსა თუ ქიტონს მღვდლების მსგავსად ზოგჯერ სარტყელთან ერთად, ზოგჯერ კი უსარტყლოდ ატარებდნენ. სხვადასხვა სტილის ქუთთონეთს საქმიანობისდა მიხედვით იცვამდნენ. ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლებს თავისუფლად რომ ემოძრავათ, მოკლე ქუთთონეთი ეცვათ. ვინაიდან ის პირდაპირ სხეულზე ჩასაცმელი პერანგი იყო, იუდამ ის სათანადოდ გამოიყენა გადატანითი მნიშვნელობით (იუდ. 23).
გარეთა ტანსაცმელი. ქუთთონეთის (მღვდელმთავრის თეთრი სელის სამოსელი) ზემოდან იცვამდნენ მეʽილს — უსახელო მოსასხამს, რომლის წინა მხარე გახსნილი იყო (ლვ. 8:7). მეʽილს, როგორც სამოსის ერთ-ერთ სახეობას, მღვდლების გარდა სხვებიც ატარებდნენ. იობსა და მის სამ მეგობარს, აგრეთვე, სამუელს, საულსა და დავითს ეს უსახელო მოსასხამი ეცვათ (იობ. 1:20; 2:12; 1სმ. 2:19; 15:27; 18:4; 24:4; 1მტ. 15:27). თითოეულ შემთხვევაში ნათლად ჩანს, რომ ეს არის გარედან ჩასაცმელი ანუ მეორეხარისხოვანი ტანსაცმელი, რომელსაც შიდა სამოსის ზემოდან იცვამდნენ. სეპტუაგინტაში მეʽილი ზოგან ბერძნული სტოლეთი და ჰიმატიონით ითარგმნა. ეს ბერძნული სიტყვები გარეთა სამოსს აღნიშნავს. მეʽილი, ჩვეულებრივ, ქუთთონეთზე გრძელი იყო. გარე სამოსის მნიშვნელობით გვხვდება, აგრეთვე, ებრაული სიტყვა სალმაჰ.
სტოლე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების მიხედვით იყო საზეიმო სამოსელი, რომელიც კოჭებს სწვდებოდა. იესომ გაკიცხა მწიგნობრები იმის გამო, რომ მათ უყვარდათ თავშეყრის ადგილებში ხალხის ყურადღების მისაქცევად და შთაბეჭდილების მოსახდენად მისი ჩაცმა (ლკ. 20:46). იესოს სამარხში მჯდომ ანგელოზს სტოლე ემოსა (მრ. 16:5). გარდა ამისა, ეს იყო ის საუკეთესო ტანსაცმელი, რომელიც მამამ შინ დაბრუნებულ გზასაცდენილ შვილს ჩააცვა (ლკ. 15:22). იოანეს ხილვაში მოწამე ღვთის მსახურები (გმც. 6:11) და უამრავი ხალხი სტოლეთი არიან შემოსილნი (გმც. 7:9, 13, 14).
ესთეს (ბერძ.) იყო მდიდრულად მორთულ-მოკაზმული შესამოსი. ასეთ ტანსაცმელში ეცხადებოდნენ ანგელოზები ადამიანებს (ლკ. 24:4; იხ. აგრ. იაკ. 2:2, 3). მასხრად აგდების მიზნით ჰეროდემ იესოს ეს სამოსელი ჩააცვა (ლკ. 23:11). მას შემდეგ, რაც პილატეს ბრძანებით იესო გაშოლტეს, ჯარისკაცებმა მას ალისფერი მოსასხამი (ქლამის, მთ. 27:28, 31; ჰიმატიონ, ინ. 19:2, 5) მოასხეს. ეს, როგორც ჩანს, იყო მოსაცმელი, რომელსაც მეფეები, ჩინოსნები, მხედართმთავრები და დიდგვაროვნები ატარებდნენ.
სიმლაჰ (ებრ.) იყო მოსასხამი, რომელსაც უმრავლესობა ატარებდა. ეს დიდი და მძიმე მოსასხამი მზადდებოდა შალისგან, სელისგან, თხისურისგან და ზოგჯერ ცხვრის ან თხის ტყავისგან. სწორედ მას შემოიხევდნენ ხოლმე გლოვის დროს (დბ. 37:34; 44:13; იეს. 7:6). როგორც ჩანს, ეს იყო დიდი მართკუთხა ქსოვილი, რომელსაც, როგორც წესი, მარცხენა მხარზე გადაიგდებდნენ, შემდეგ მარჯვენა მკლავის ქვეშ უკნიდან გამოატარებდნენ, მკერდზე გადაიტარებდნენ და ისევ მარცხენა მხარზე გადაიგდებდნენ. ამ დროს მარჯვენა მკლავი თავისუფალი იყო. ავდარში მას ტანზე მჭიდროდ შემოიხვევდნენ, ისე რომ ხელებიც და თავიც დაეფარა. ზოგი მოსასხამი წარმოადგენდა დიდ ოთხკუთხედ ნაჭერს, რომელსაც მკლავების გამოსაყოფი ჰქონდა. ის რაღაცით თანამედროვე შალს ჰგავდა და მას გადასაფარებლად (დბ. 9:23), ლოგინის თეთრეულად (გმ. 22:27; კნ. 22:17) და ნივთების შესაფუთად იყენებდნენ (გმ. 12:34; მსჯ. 8:25; 1სმ. 21:9).
სიმლაჰი ეცვათ როგორც კაცებს, ისე ქალებს. ქალის მოსასხამი, სავარაუდოდ, კაცისასგან განსხვავდებოდა ზომით, ფერითა და ნაქარგით. ღვთის ბრძანებით ქალს არ უნდა ჩაეცვა კაცის მოსასხამი, კაცს კი ქალისა. ამ ბრძანებას ხალხი სქესობრივი გაუკუღმართებისგან უნდა დაეცვა (კნ. 22:5).
ღარიბს მხოლოდ ერთი მოსასხამი ჰქონდა, მდიდარს რამდენიმე ხელი (გმ. 22:27; კნ. 10:18; დბ. 45:22). იქიდან გამომდინარე, რომ ღარიბი ცივ ღამეს თავისავე ტანსაცმელს იფარებდა, აკრძალული იყო ქვრივის მოსასხამის გირაოდ წაღება, ხოლო ღარიბი კაცისგან გირაოდ გამორთმეული ტანსაცმელი მეორე დღემდე უნდა დაებრუნებინათ. ამ შემთხვევაში ტანსაცმელში ძირითადად მოსასხამი იგულისხმება (კნ. 24:13, 17).
ბერძნულ ჰიმატიონს (გარეთა ტანსაცმელი) ყველაზე მეტად ებრაული სიმლაჰი შეესატყვისება. ეს იყო ხალვათი მოსასხამი, თუმცა მეტწილად უბრალოდ მართკუთხა ქსოვილი. მას ადვილად იცვამდნენ და იხდიდნენ, განსაკუთრებით მუშაობის დროს (მთ. 24:18; მრ. 10:50; ინ. 13:4; სქ. 7:58). იესომ ეს სამოსი იგულისხმა, როცა თქვა: „ვინც მოსასხამს [ჰიმატიონ] გართმევს, ტანსაცმელიც [ქიტონა] მიეცი“ (ლკ. 6:29). აქ იესომ, როგორც ჩანს, ტანსაცმლის ძალით ან უკანონოდ წართმევა იგულისხმა. როგორც წესი, გარეთა სამოსი ანუ მოსასხამი პირველია, რისი გაძრობაც შეიძლება. მათეს 5:40-ში კი პირიქით, სასამართლოზე მომჩივანს ბრალდებულის ქიტონს, შედარებით ნაკლები ღირებულების შიდა სამოსელს აძლევენ.
ორივე, ჰიმატიონიცა და ქიტონიც ზოგან ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყენება. ამის მაგალითია მათესა და მარკოზის მიერ მოთხრობილი იესოს გასამართლების ეპიზოდი. მღვდელმთავარმა ტანსაცმელი შემოიხია და ასე თვალთმაქცურად გამოხატა თავისი აღშფოთება. მათემ სიტყვა ჰიმატიონ გამოიყენა, მარკოზმა კი — ქიტონ (მთ. 26:65; მრ. 14:63). თუმცა შესაძლოა მღვდელმთავარმა ჯერ ერთი და შემდეგ მეორე ტანსაცმელი შემოიხია.
ფელონეს (ბერძ.), რომლის მიტანაც დაპატიმრებულმა პავლემ ტიმოთეს სთხოვა, სავარაუდოდ, სამგზავრო მოსასხამი იყო, ცივ და ქარიან ამინდში ჩასაცმელი. ეს არ ყოფილა რელიგიური დანიშნულების სამოსი (2ტმ. 4:13).
ბერძნული ენდიმა გამოიყენება საქორწილო ტანსაცმლის (მთ. 22:11, 12), იესოს სამარხთან მყოფი ანგელოზის ტანსაცმლის (მთ. 28:3), იოანე ნათლისმცემლის აქლემის ბეწვის სამოსლისა და ზოგადად ტანსაცმლის აღსანიშნავად (მთ. 3:4; 6:25, 28; ლკ. 12:23).
ებრაული ʼადდერეთ აღნიშნავს იმას, რაც დიდებულია (ეზკ. 17:8; ზქ. 11:3). როცა ტანსაცმლის მნიშვნელობით გვხვდება, იგულისხმება განიერი, მხრებზე წამოსასხმელი მოსასხამი, ტყავისგან დამზადებული ან მატყლისა თუ ბეწვისგან მოქსოვილი.
თუ გავითვალისწინებთ ისაკის პირმშოს, ესავის გარეგნულ აღწერილობას, აშკარაა, რომ ʼადდერეთ ბეწვიან სამოსს აღნიშნავს. დაბადებისას „გამოვიდა მთლად წითელი და ისეთი თმიანი, თითქოს ბეწვიანი ტანსაცმელი [ʼადდერეთ] ეცვა, და მას ესავი დაარქვეს“ (დბ. 25:25).
წინასწარმეტყველ ელიასა და ელისეს ტანსაცმლის (ებრ.ʼადდერეთ) აღსანიშნავად სეპტუაგინტაში გამოყენებულია ბერძნული მელოტე (ცხვრის ტყავი ან ნებისმიერი უხეშბეწვიანი ტყავი) (1მფ. 19:13). აქედან გამომდინარე, მათი სამოსი ბეწვიანი იყო, იმის მსგავსი, რასაც ბედუინები ატარებენ. პავლეს მიერ მოხსენიებულ დევნილ ღვთის მსახურებში, რომლებიც „ცხვრისა და თხის ტყავებით შემოსილნი დადიოდნენ“, შესაძლოა ელია და ელისე იგულისხმებიან (ებ. 11:37). იოანე ნათლისმცემელი აქლემის ბეწვის სამოსს ატარებდა, თუმცა ცნობილი არ არის, იყო თუ არა ეს სამოსი მხოლოდ წინასწარმეტყველთათვის განკუთვნილი (მრ. 1:6).
როგორიც უნდა ყოფილიყო, ბეწვიანი სამოსი წინასწარმეტყველის ამოსაცნობი ერთ-ერთი ნიშანი იყო. როცა მეფე ახაზს აღუწერეს კაცი, რომელსაც „ბეწვის სამოსი ემოსა და ტყავის სარტყელი ერტყა წელზე“, მან მაშინვე ელია წინასწარმეტყველი ამოიცნო მასში (2მფ. 1:8). ელია წინასწარმეტყველის მიერ ელისესთვის ტანსაცმლის გადაგდება იმის ნიშანი იყო, რომ ელისეს თავი უნდა დაენებებინა ხვნისთვის, ელიას გაჰყოლოდა და მისი საქმე გაეგრძელებინა (1მფ. 19:19—21). მოგვიანებით, როცა ქარიშხალმა ელია ზეცაში აიტაცა, მან თავისი მოსასხამი ელისეს დაუტოვა. ელისემ ამ მოსასხამით იორდანის წყალი ორად გაყო, როგორც მანამდე მისმა ბატონმა (2მფ. 2:3, 8, 13, 14). ბეწვიანი სამოსით ზოგჯერ ცრუწინასწარმეტყველებიც იმოსებოდნენ, რათა თავი იეჰოვას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველებად გაესაღებინათ და ხალხი თავიანთი ნათქვამის სანდოობაში დაერწმუნებინათ (ზქ. 13:4).
ʼადდერეთ ძვირფასი სამეფო ტანსაცმელიც იყო, ისეთი, როგორიც აქანმა გასანადგურებელ ქალაქ იერიხონში მოიპარა. ეს იყო „მშვენიერი შინარული მოსასხამი“ (იეს. 7:1, 21, 24). ძველი ბაბილონი ანუ შინარი განთქმული იყო თავისი ლამაზი მოსასხამებით. ნინევეს მეფემ მონანიების ნიშნად „გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი“, რაც უდავოდ ძვირფასი იქნებოდა, და ჯვალო ჩაიცვა (იონ. 3:6).
რიდე. თავსაფარი, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად ქალს მორჩილების ნიშნად უნდა მოეხვია თავზე, არის ბერძნული პერიბოლეონ (შემოსახვევი) (1კრ. 11:15). ის განსხვავდება იმ რიდისგან, რომელიც მოსემ განათებულ სახეზე ჩამოიფარა, ისრაელებს რომ არ დაენახათ (გმ. 34:33—35; 2კრ. 3:13). თავის საქმროსთან, ისაკთან შესახვედრად გამოსულმა რებეკამ მორჩილების ნიშნად თავსაბურავი ჩამოიფარა (დბ. 24:65). ამ მუხლში გამოყენებული ებრაული სიტყვა ცაʽიფ დაბადების 38:14, 19-ში თავშლად არის ნათარგმნი.
სარტყელი, ქამარი. სარტყელს შიდა ან გარე ტანსაცმელზე იჭერდნენ. ფიზიკური სამუშაოს შემსრულებელი თავისუფალი მოძრაობისთვის წელს ისარტყლავდა — ტანსაცმლის კალთებს ფეხებშუა გაიტარებდა და სარტყელში ჩაიტანდა (1მფ. 18:46; 2მფ. 4:29; 9:1). მღვდელმთავარს სელის სამოსელზე ნაქსოვი სარტყელი ჰქონდა შემორტყმული, ხოლო, როცა წინსაფრისმაგვარ ეფოდს ჩამოიცვამდა, ეფოდისვე ნაჭრის სარტყელს ირტყავდა (გმ. 28:4, 8, 39; 39:29). სარტყლის ტარება მოსახერხებელი იყო, რადგან მასზე შეეძლოთ ქარქაშის, ქისის, სამელნისა თუ სხვა ნივთების დამაგრება (მსჯ. 3:16; 2სმ. 20:8; ეზკ. 9:3).
ვინაიდან ფიზიკური სამუშაოს შემსრულებლები — მსახურები, მონები თუ სხვები — სარტყელს ატარებდნენ, სარტყელი სხვების მომსახურების სიმბოლო გახდა. იესოს სიტყვები „წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული“, მოწოდებაა ღვთის მსახურებისთვის, რომ მზად იყვნენ ღვთის ნების შესასრულებლად (ლკ. 12:35). ერთხელ იესომ მოსასხამი გვერდზე გადადო, პირსახოცი აიღო და წელზე შემოირტყა. შემდეგ თავის მოციქულებს ფეხები დაბანა, რითაც ძმების თავმდაბლად მომსახურება ასწავლა. იოანეს მიერ ხილვაში ნანახ ანგელოზებს ოქროს სარტყლები ერტყათ, რაც მათ ფასდაუდებელ მსახურებაზე მიუთითებდა (ინ. 13:1—16; გმც. 15:6).
ელიას წელზე ტყავის სარტყელი (ებრ. ʼეზორ) ერტყა. სარტყელს იოანე ნათლისმცემელიც ატარებდა (ბერძ. ზონე) (2მფ. 1:8; მთ. 3:4).
ქორწილის დღეს პატარძალს სარტყელი (ებრ. კიშშურიმ) ჰქონდა შემორტყმული, რაც გათხოვილი ქალის სტატუსის მაჩვენებელი იყო. იეჰოვამ, ისრაელის „ქმარმა“, სარტყელი გამოიყენა მაგალითად, რათა ისრაელებისთვის დაენახვებინა მათი ცოდვა და მისდამი უპატივცემულო დამოკიდებულება: „განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულებს ან პატარძალი — თავის სარტყელს?! ჩემს ხალხს კი დიდი ხანია დავიწყებული ვყავარ“. ისრაელისთვის იეჰოვა საუკეთესო სამკაულივით უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან ის სხვა ღმერთებს ანაცვალა (იერ. 2:32; ეს. 3:20; შდრ. ეს. 49:18).
ფოჩები. ღვთის ბრძანებით ისრაელებს ტანსაცმლის კალთის ბოლოზე ფოჩები უნდა გაეკეთებინათ, ფოჩების ზემოთ კი ლურჯი თასმა უნდა შემოევლოთ. როგორც ჩანს, ეს იყო ებრაელთა ჩაცმულობის თავისებურება და იმის ნიშანი, რომ ისინი იეჰოვასთვის გამოყოფილი წმინდა ერი იყვნენ. ფოჩები მათთვის იმის შემახსენებელი უნდა ყოფილიყო, რომ იეჰოვას მცნებებს უნდა დამორჩილებოდნენ (რც. 15:38—41). ფოჩები ტანსაცმლის ოთხივე კიდეზეც უნდა გაეკეთებინათ, სავარაუდოდ, მოსასხამის ოთხივე კუთხეში (კნ. 22:12). მღვდელმთავრის ლურჯ მოსასხამს კიდეზე მონაცვლეობით ჰქონდა მიმაგრებული ოქროს ზანზალაკები და ნაჭრის ბროწეულები (გმ. 28:33, 34).
სამაგრები. ტანსაცმლის ან ქამრის მისამაგრებლად ებრაელები, როგორც ჩანს, ქინძისთავებს იყენებდნენ. ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილ ქინძისთავებს წვეტიანი ბოლო და შუაში ზონრის გასაყრელი ყუნწი აქვს. ქინძისთავს ტანსაცმელს აბნევდნენ და მის ორივე ბოლოზე ზონარს ახვევდნენ. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ძვ. წ. X საუკუნისთვის ისრაელში იყენებდნენ თანამედროვე ინგლისური ქინძისთავის მსგავს სამაგრებს.
სწორი მიდგომა. ბიბლია ურჩევს ღვთის ხალხს, ზედმეტად არ წუხდნენ ჩაცმა-დახურვაზე (მთ. 6:25—32). ქრისტიანი ქალი უნდა იმოსებოდეს მოკრძალებული, მოხდენილი, საღი აზროვნებით შერჩეული ტანსაცმლითა და არა ძვირადღირებული და თვალში საცემი სამოსით. რა თქმა უნდა, მან ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჩაცმულობას, თუმცა მისთვის მთავარი უნდა იყოს სიმშვიდითა და რბილი ხასიათით შემოსვა (1ტმ. 2:9; 1პტ. 3:3—5). წიგნ „იგავების“ ბრძენი ავტორი აღწერს კარგ ცოლს, რომელიც ოჯახის წევრებს თავისი ნახელავით მოსავს (იგ. 31:13, 21, 24).
ბიბლიურ დროში იყვნენ ისეთი ქალები, რომლებიც ჩაცმულობით პირადი მიზნების მიღწევას ცდილობდნენ. წარმართი ერების ქალები, ვიდრე მათი ქალაქი მტერს ჩაუვარდებოდა ხელში, ჯარისკაცების მოსახიბლად საუკეთესო ტანსაცმელს იცვამდნენ იმ იმედით, რომ მათ ცოლად მოიყვანდნენ. თუ წარმართ ქალს ტყვედ ებრაელი ჯარისკაცი ჩაიგდებდა, ვიდრე ცოლად შეირთავდა, ქალს თავისი ტანსაცმელი უნდა გაეხადა (შესაძლოა ეს ტანსაცმელი წარმართულ თაყვანისმცემლობას უკავშირდებოდა) (კნ. 21:10—13).
როცა ისრაელი კერპთაყვანისმცემლობისა და უზნეობის მორევში ჩაეფლო, იეჰოვამ დაგმო ებრაელი ქალები, რომლებიც მედიდურად იმკობდნენ თავს ისრაელი თუ წარმართი კაცების საცდუნებლად და ცრუ თაყვანისმცემლობის საგნებით იმშვენებდნენ თავს (ეს. 3:16—23; შდრ. იგ. 7:10).
გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვამ იერუსალიმზე თქვა, რომ ერთ დროს მას მშვენიერი სამოსით მოსავდა, მაგრამ ის თავის სილამაზეს მიენდო, წარმართ ერებთან დაიჭირა საქმე და მეძავივით დაიწყო ჩაცმა (ეზკ. 16:10—14; იხ. აგრ. ეზკ. 23:26, 27; იერ. 4:30, 31).
ტანსაცმელს გადატანითი მნიშვნელობით ბიბლიაში მრავალ ადგილას ვხვდებით. იეჰოვა თავის თავს აღწერს, როგორც დიდებით, ღირსებით, სიდიადით, სინათლით, სიმართლით, მოშურნეობითა და შურისძიებით მოსილ ღმერთს (ფს. 93:1; 104:1, 2; ეს. 59:17). ღმერთი თავის ხალხს სიმართლისა და ხსნის სამოსლით მოსავს (ფს. 132:9; ეს. 61:10). მისი მტრები სირცხვილითა და დამცირებით შეიმოსებიან (ფს. 35:26). პავლე მოუწოდებს ქრისტიანებს, გაიხადონ ძველი პიროვნება და შეიმოსონ ახალი პიროვნებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია სათუთი გრძნობები, თანაგრძნობა, სიკეთე, თავმდაბლობა, სულგრძელობა, განსაკუთრებით კი სიყვარული (კლ. 3:9—14).
ტანსაცმელს სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. როგორც ამა თუ იმ ტიპის ტანსაცმლით შეიძლება გაიგო, რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნება ადამიანი ან რომელ მოძრაობას უჭერს მხარს, ისე სიმბოლური ტანსაცმლის მიხედვით, რომელზეც ბიბლია საუბრობს, შეიძლება იმის გარკვევა, თუ რა პოზიცია უკავია კაცს და იქცევა თუ არა ის თავისი პოზიციის შესაბამისად. იესოს იგავი საქორწინო ტანსაცმელზე ამის კარგი მაგალითია (მთ. 22:11, 12; იხ. თავსაბურავი; სანდალი). გამოცხადების 16:14, 15-ში უფალი იესო ქრისტე იძლევა გაფრთხილებას სულიერი თვლემის შესახებ. ვინც არ ფხიზლობს დაკარგავს სამოსელს, რომელიც გამოარჩევს მას, როგორც ჭეშმარიტი ღვთის ერთგულ მოწმეს. „ყოვლისშემძლე ღვთის დიდი დღის“ დადგომამდე სულიერი სამოსლის დაკარგვა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს.
ებრაელთა ჩაცმულობა
სიმლაჰ
მეʽილ
ქუთთონეთ