კადნიერება
საკუთარი თავისთვის ზედმეტის უფლების მიცემა; მეტისმეტი სითამამე, თავხედობა, მოურიდებლობა; თვითნებური ქცევა. კადნიერების სინონიმებია: სიამაყე, ქედმაღლობა, ამპარტავნობა, უბოდიშობა, უტიფრობა. ანტონიმებია: თვინიერება და მოკრძალება.
სიამაყე და ბრაზი ხელს უწყობს კადნიერებას. კადნიერებად ნათარგმნი ებრაული ზადონის ზმნური ფორმაა ზიდ, რაც დუღილსა და გახურებას ნიშნავს. გაცხარებული და ამაყი ადამიანი ხშირად დაუფიქრებლად იქცევა, საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევს და სხვის უფლებამოსილებაში იჭრება. „იგავებში“ წერია: „მას, ვინც რისხვაში კადნიერებას ავლენს, კადნიერი და თავდაჯერებული მკვეხარა ჰქვია“ (იგ. 21:24). ზემოხსენებული ზმნა კანონის 1:43-ში ისრაელი ერის ურჩობისა და თვითნებობის აღსაწერად გამოიყენება. აი, რა უსაყვედურა მოსემ ხალხს: „მე გითხარით, მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ და ეურჩეთ იეჰოვას ბრძანებას. გაკადნიერდით და ახვედით მთაზე“. რიცხვების 14:40—44-ში, რომელშიც იგივე შემთხვევაა აღწერილი, გვხვდება სიტყვა ʽაფალ: «მოსემ უთხრა: „არ ახვიდეთ ... რადგან არ არის იეჰოვა თქვენ შორის“ ... [მაგრამ] მაინც გაბედეს მთის წვერზე ასვლა». ისინი სულგაბღენძილი, ზედმეტად თავდაჯერებული იყვნენ და ამიტომ იქ მცხოვრებთა ხელით დამარცხდნენ (შდრ. აბკ. 2:4).
ის ფაქტი, რომ მრისხანე კაცი ადვილად კადნიერდება და არღვევს ღვთის კანონს, კარგად ჩანს ღვთის მიერ ისრაელებისთვის მიცემული კანონიდან: „თუ კაცი ისე გაბრაზდება [ზიდ] თავის მოძმეზე, რომ მზაკვრულად მოკლავს მას, ჩემი სამსხვერპლოდანაც კი წაიყვანე იგი მოსაკლავად“ (გმ. 21:14).
საშიშროება. მეფე დავითმა, რომელსაც ღმერთმა მრავალი კურთხევა უწყალობა და დიდი უფლებამოსილებითაც აღჭურვა, კარგად უწყოდა გაკადნიერების საშიშროების არსებობას. აი, რას შესთხოვდა ის ღმერთს: „ვინ მიხვდება თავის შეცდომებს? გაუთვითცნობიერებელი ცოდვებისგან უდანაშაულოდ მცანი. შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან, არ დაუშვა, რომ იბატონოს მან ჩემზე. მაშინ ვიქნები უმწიკვლო და ბრალი არ მექნება მრავალ ცოდვაში“ (ფს. 19:12, 13). ამ მუხლიდან ჩანს, რომ გაკადნიერების საშიშროება დიდია, ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო; კადნიერება შეცდომაზე უარესია. ღმერთს სისაძაგლედ მიაჩნია, როცა ვინმე, რა მდგომარეობაც უნდა ეკავოს, საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. უზია ძლევამოსილი მეფე იყო და ღვთისგან კურთხევები არ აკლდა, მაგრამ როცა გაკადნიერდა და მღვდლის მოვალეობის შესრულება მოიწადინა, ღმერთმა მას კეთრი შეჰყარა (2მტ. 26:16—21). მეფე საული გაკადნიერდა და იეჰოვას ეურჩა. ნაცვლად იმისა, რომ სამუელს დალოდებოდა, თვითონ ითავა მსხვერპლის შეწირვა (1სმ. 13:8—14). ის მაშინაც თვითნებურად მოიქცა, როცა იეჰოვას ბრძანების მიუხედავად ამალეკის მეფე აგაგი დაინდო და საუკეთესო ნადავლი წამოიღო. კადნიერებისთვის ღმერთმა საული მეფობისთვის შეუფერებლად ცნო (1სმ. 15:8, 9, 11, 18, 19).
კადნიერი ადამიანის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია უზა. ერთხელ, როცა შეთანხმების კიდობანი იერუსალიმში ურმით გადაჰქონდათ (მისი ურმით გადატანა ღვთის კანონით ყოვლად დაუშვებელი იყო), კიდობანი კინაღამ გადმოვარდა. უზამ მაშინვე ხელი შეაშველა. ამ უპატივცემულო და კადნიერი საქციელისთვის იეჰოვამ უზა სიცოცხლეს გამოასალმა (2სმ. 6:6, 7).
თუ ადამიანმა არ იცის, ამა თუ იმ ვითარებაში როგორ მოიქცეს ან არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა უფლება, რაიმე მოიმოქმედოს, აჯობებს მცოდნესა და გამჭრიახს მოეთათბიროს. წმინდა წერილი გვირჩევს: „კადნიერება უთანხმოებას იწვევს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“ (იგ. 13:10). კადნიერება უბედურების მომტანია, მოკრძალება კი იცავს კაცს. ბრძენი ამბობს: „სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა, სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა“ (იგ. 11:2).
ღვთისადმი უპატივცემულობა. ვინც ღმერთს უკადნიერდება, მისდამი უპატივცემულობას ავლენს. ყველაზე მეტად დასაგმობი ის არის, ვინც ღვთის მსახურად იწოდება, მაგრამ ღმერთს ცუდ შუქში წარმოაჩენს. ცრუწინასწარმეტყველების შესახებ იეჰოვა ამბობს: „წინასწარმეტყველი, რომელიც გაბედავს იმის თქმას, რაც მე არ მექნება ნაბრძანები ... უნდა მოკვდეს ... თუ წინასწარმეტყველი იეჰოვას სახელით ილაპარაკებს და ნათქვამი სიტყვა არ ასრულდება, არ ახდება ... კადნიერებით ულაპარაკია იმ წინასწარმეტყველს“ (კნ. 18:20—22).
ღვთისადმი უპატივცემულობა აგრეთვე ვლინდება მის მიერ დანიშნული მსახურებისადმი უპატივცემულობაში, რაც შეიძლება კადნიერებით იყოს გამოწვეული. ისრაელში რთული საკითხები იეჰოვას მიერ არჩეულ ადგილას წყდებოდა (დავითის გამეფების შემდეგ ეს ადგილი იერუსალიმი იყო). ის, ვინც არაფრად ჩააგდებდა მათ მიერ გამოტანილ განაჩენს, სიკვდილით დაისჯებოდა, რადგან ღვთის წარმომადგენლებისადმი ურჩობა ღვთისადმი ურჩობის ტოლფასი იყო. კანონში ეწერა: „იმ კანონის თანახმად მოიქეცი, რომელზეც მოგითითებენ, და იმ სამართლის თანახმად, რომელსაც გამოგიცხადებენ ... ვინც გაკადნიერდება და არ მოუსმენს მღვდელს, რომელიც იმისთვის არის დაყენებული, რომ იეჰოვას, შენს ღმერთს ემსახუროს, ან მსაჯულს, უნდა მოკვდეს. ამოძირკვე ბოროტება ისრაელიდან. გაიგებს ხალხი, შეეშინდებათ და კადნიერად აღარ მოიქცევიან“ (კნ. 17:8—13; შდრ. რც. 15:30). პეტრე მოციქული საუბრობდა მათზე, ვინც დიდ უპატივცემულობას იჩენდა ღვთისა და მისი ცხებული მსახურების მიმართ. პეტრემ მათ უწოდა „თავხედები [ბერძ-დან ტოლმეტეს], თავნებები, [რომლებიც] არ თრთიან დიდებით მოსილთა წინაშე და გმობენ მათ“. პეტრეს თქმით ასეთები „განადგურდებიან კიდეც თავიანთი განადგურების გზაზე“ (2პტ. 2:10, 12).
კაცი შეიძლება ვინმესთან ნათესაურმა კავშირმაც გააკადნიეროს. მაგალითად, იოანე ნათლისმცემელმა შემდეგი სიტყვებით ამხილა მასთან მისული ებრაელები: „არ გაბედოთ [ბერძ. დოქსეტე], თქვენთვის თქვათ, ჩვენი მამა აბრაამიაო, რადგან გეუბნებით: ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები“ (მთ. 3:9). ზემოხსენებული დოქსეტე მომდინარეობს სიტყვიდან დოკეო, რაც ძირითადად ფიქრს, (სწორი ან მცდარი) შეხედულების ქონას ნიშნავს.
კადნიერებას ბოლო მოეღება. ძველი ბაბილონი, რომელიც ღმერთს გაუკადნიერდა, ღვთისთვის საძულველი გახდა. ის კადნიერების სიმბოლოდ იქცა. წინასწარმეტყველი იერემია ბაბილონზე წერდა: „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ, კადნიერებავ, — ამბობს უზენაესი უფალი ... წაიბორძიკებს და დაეცემა კადნიერება“ (იერ. 50:29, 31, 32). სიმბოლური დიდი ბაბილონი ღვთის ყველაზე დაუძინებელი და კადნიერი მტერია დედამიწაზე. ის დედამიწის მკვიდრთ ასმევს თავისი სიძვის ღვინოს და მას ბრალი მიუძღვის „წინასწარმეტყველების, წმინდებისა და დედამიწაზე ყოველი მოკლულის“ სისხლის ღვრაში. ამის გამო ის ერთხელ და სამუდამოდ განადგურდება (გმც. 17:2, 5; 18:7, 8, 20, 24). ამგვარად შესრულდება იეჰოვას განზრახვა და მოისპობა ბაბილონური კადნიერება: „ბოლოს მოვუღებ კადნიერთა სიამაყეს და სასტიკთა ამპარტავნობას დავამცირებ“ (ეს. 13:11).