გწამთ, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება?
„იქნება მკვდრეთით აღდგომა“ (საქმეები 24:15).
1. რატომ არის სიკვდილი გარდაუვალი?
„ამ ქვეყანაზე სიკვდილსა და გადასახადებზე გარდაუვალი არაფერია“, — დაწერა ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ ბენჯამინ ფრანკლინმა 1789 წელს. ბევრზე ამ გამონათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გადასახადების გადახდისგან თავის არიდებას მრავალი უპატიოსნო ადამიანი ახერხებს, თუმცა სიკვდილისგან თავის დაღწევა საკუთარი ძალით არავის შეუძლია; მის წინაშე ყველა უძლურია. გაუმაძღარი შეოლი — კაცობრიობის საერთო სამარე — დაუნდობლად შთანთქავს ჩვენს საყვარელ ადამიანებს (იგავები 27:20). თუმცა ნუგეში არსებობს.
2, 3. ა) რატომ არის სიკვდილისგან თავის დაღწევა შესაძლებელი? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 იეჰოვას სიტყვა მკვდრეთით აღდგომის უტყუარ იმედს გვაძლევს, რომ ერთხელაც გარდაცვლილებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. ეს არ არის ოცნება; ამ სამყაროში ვერანაირი ძალა ვერ შეუშლის ხელს იეჰოვას ამ იმედის რეალობად ქცევაში. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ზოგისთვის სიკვდილისგან თავის დაღწევა სავსებით შესაძლებელია. „უამრავი ხალხი“, რომლის დათვლა არავის შეუძლია, მოახლოებული „დიდი გასაჭირის“ დროს გადარჩება (გამოცხადება 7:9, 10, 14). მათ შესაძლებლობა ექნებათ, მარადიულად იცხოვრონ. ამდენად, სიკვდილი აღარ იქნება მათთვის გარდაუვალი. უფრო მეტიც, ‘სიკვდილს ბოლო მოეღება’ (1 კორინთელები 15:26).
3 პავლეს მსგავსად, ჩვენც დარწმუნებული უნდა ვიყოთ მკვდრეთით აღდგომაში. მან თქვა: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). აღდგომასთან დაკავშირებით განვიხილოთ სამი საკითხი: 1) რატომ არის ეს იმედი უტყუარი? 2) პირადად თქვენ როგორ შეგიძლიათ ნუგეში ჰპოვოთ მკვდრეთით აღდგომის იმედში? და 3) როგორ შეუძლია ამ იმედს დღესვე მოახდინოს გავლენა თქვენს ცხოვრებაზე?
მკვდრეთით აღდგომა რეალურია
4. რატომ არის აუცილებელი მკვდრეთით აღდგომა იეჰოვას განზრახვის შესასრულებლად?
4 უამრავი მიზეზი არსებობს, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება. იეჰოვას განზრახვა რომ შესრულდეს, მკვდრეთით აღდგომა აუცილებლად უნდა მოხდეს. გახსოვდეთ, რომ სატანამ ადამიანებს ცოდვის ჩადენისკენ უბიძგა, რასაც გარდაუვალი შედეგი, სიკვდილი მოჰყვა. ამიტომ იესომ სატანაზე თქვა: „ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოანე 8:44). მაგრამ იეჰოვა დაგვპირდა, რომ „ქალი“ ანუ იეჰოვას ცოლისმაგვარი ზეციერი ორგანიზაცია შობდა შთამომავალს, რომელიც თავს გაუჭეჭყავდა „ძველ გველს“, ანუ გაანადგურებდა სატანას (დაბადება 3:1—6, 15; გამოცხადება 12:9, 10; 20:10). იეჰოვამ თანდათანობით გაამჟღავნა თავისი განზრახვა მესიაზე, აღთქმულ შთამომავალზე, რის შედეგადაც ნათელი გახდა, რომ შთამომავალს სატანის განადგურებაზე მეტი უნდა გაეკეთებინა. ღვთის სიტყვა ამბობს: „ღვთის ძე სწორედ იმიტომ გამოჩნდა, რომ დაემსხვრია ეშმაკის საქმეები“ (1 იოანე 3:8). სიკვდილი, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულმა ცოდვამ გამოიწვია, უმთავრესია სატანის საქმეებს შორის, რომელთაც იეჰოვა აღმოფხვრის იესო ქრისტეს მეშვეობით. ამიტომ იესოს გამოსასყიდი და მკვდრეთით აღდგომა უაღრესად მნიშვნელოვანია (საქმეები 2:22—24; რომაელები 6:23).
5. რატომ განადიდებს იეჰოვას სახელს მკვდრეთით აღდგომა?
5 იეჰოვა განადიდებს თავის წმინდა სახელს. სატანამ ჩირქი მოსცხო ღვთის სახელს და სიცრუე გაავრცელა. მან იცრუა, როცა ადამსა და ევას უთხრა, რომ ღვთისგან აკრძალული ნაყოფის შეჭმით არ მოკვდებოდნენ (დაბადება 2:16, 17; 3:4). მას შემდეგ სატანა მსგავს სიცრუეს ავრცელებს, მაგალითად ცრუ სწავლებას სულის უკვდავების შესახებ. მაგრამ მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით იეჰოვა გამოააშკარავებს სატანის ყველა სიცრუეს. იეჰოვა სამუდამოდ დაამტკიცებს, რომ მხოლოდ ის იცავს და აცოცხლებს.
6, 7. რას გრძნობს იეჰოვა გარდაცვლილების მიმართ და საიდან ვიგებთ მისი გრძნობების შესახებ?
6 იეჰოვა ნატრობს მკვდრების აღდგენას. ბიბლია ნათლად აღწერს იეჰოვას გრძნობებს. მაგალითად, განვიხილოთ ერთგული იობის სიტყვები, რომლებიც მან ღვთის შთაგონებით წარმოთქვა: „თუ მოკვდება კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? დავიცდი მთელი ჩემი მონური სამუშაოს განმავლობაში, სანამ შვება მოვიდოდეს. დამიძახებ და მე პასუხს გაგცემ, ვინაიდან მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:14, 15). რას ნიშნავს ეს სიტყვები?
7 იობმა იცოდა, რომ სიკვდილის ძილით მიძინებულს მოცდა მოუწევდა. მან ეს დრო „მონურ სამუშაოს“ შეადარა და ის გათავისუფლებას ელოდა. მას სჯეროდა, რომ ეს უეჭველად მოხდებოდა. რატომ? იობმა იცოდა, რას გრძნობდა იეჰოვა — მას მოენატრებოდა თავისი ერთგული მსახური. ნამდვილად, ღმერთს ძალიან სურს სიცოცხლე დაუბრუნოს ყველა მართალ ადამიანს. იეჰოვა სხვებსაც მისცემს შესაძლებლობას, მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე (ლუკა 23:43; იოანე 5:28, 29). ვინაიდან ღმერთს სურს თავისი განზრახვის განხორციელება, ვინ შეუშლის ხელს?
8. რით „დაარწმუნა ყველა“ იეჰოვამ, რომ მომავლის იმედი უტყუარია?
8 იესო ქრისტეს აღდგომა გვარწმუნებს, რომ მომავლის იმედი უტყუარია. პავლემ ათენელებს უთხრა: „[ღმერთმა] დანიშნა დღე, რომ თავისი განზრახვის თანახმად სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქმეები 17:31). პავლეს ზოგი მსმენელი, როცა აღდგომის შესახებ ისმენდა, იცინოდა. თუმცა ზოგმა ირწმუნა. შესაძლოა, მათი ყურადღება იმ აზრმა მიიპყრო, რომ ამ იმედს მყარი საფუძველი ჰქონდა. იესოს აღდგომით იეჰოვამ უდიდესი სასწაული მოახდინა. მან მკვდრეთით აღადგინა თავისი ძე როგორც ძლიერი სულიერი ქმნილება (1 პეტრე 3:18). მკვდრეთით აღმდგარი იესო იმაზე მეტად განდიდდა, ვიდრე განკაცებამდე იყო. იესოს, რომელიც უკვდავია და იეჰოვას მერე უდიდეს ძალას ფლობს, დღეს უკვე შეუძლია თავისი მამისგან შესანიშნავი დავალებების მიღება. იესოს მეშვეობით იეჰოვა სხვა მკვდრებსაც გააცოცხლებს როგორც ზეციერი, ისე მიწიერი ცხოვრებისთვის. იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე“ (იოანე 5:25; 11:25). იეჰოვამ თავისი ძის აღდგომით ყველა ერთგულ ადამიანს მისცა მკვდრეთით აღდგომის იმედი.
9. როგორ გვარწმუნებს ღვთის სიტყვა, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება?
9 მკვდრეთით აღდგომა სხვების თანდასწრებით ხდებოდა და ეს შემთხვევები ღვთის სიტყვაში ჩაიწერა. ბიბლია დაწვრილებით აღწერს დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის რვა შემთხვევას. ეს სასწაულები ფარულად კი არა, საჯაროდ, ხშირად სხვების თანდასწრებით ხდებოდა. იესომ მგლოვიარე ადამიანების თვალწინ აღადგინა ლაზარე, რომელიც ოთხი დღის მკვდარი იყო. ეჭვგარეშეა, იქ იყვნენ ლაზარეს ოჯახის წევრები, მეგობრები და მეზობლები. ყველასთვის ცხადი იყო, რომ იესო ღმერთმა გამოგზავნა. მის მოწინააღმდეგეებსაც არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ მან ლაზარე აღადგინა. ამიტომ ისინი შეითქვნენ, რომ იესოც მოეკლათ და ლაზარეც (იოანე 11:17—44, 53; 12:9—11). მართლაც, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მკვდრეთით აღდგომა ნამდვილად იქნება. ღმერთმა წარსულში მომხდარი მკვდრეთით აღდგომის ფაქტები წერილობით შემოგვინახა, რათა ნუგეშცემულნი ვყოფილიყავით და რწმენა გაგვძლიერებოდა.
ჰპოვეთ ნუგეში მკვდრეთით აღდგომის იმედში
10. როგორ შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევებიდან?
10 გვჭირდება ნუგეში, როცა სიკვდილს თვალებში ვუყურებთ? ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის შემთხვევები ნამდვილად გვანუგეშებს. ამ შემთხვევების წაკითხვა, მათზე ფიქრი და წარმოდგენა, მკვდრეთით აღდგომას უფრო რეალურს გახდის (რომაელები 15:4). ისინი გამონაგონი არ არის და შეემთხვათ ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად არსებობდნენ. მოდი მოკლედ მიმოვიხილოთ მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა, რომელიც ბიბლიაში ჩაიწერა.
11, 12. ა) რა უბედურება დაატყდა თავს სარეფთელ ქვრივს და რა რეაქცია ჰქონდა მას თავიდან? ბ) რა გააკეთა იეჰოვამ ქვრივისთვის წინასწარმეტყველ ელიას მეშვეობით?
11 წარმოიდგინეთ, რომ რამდენიმე კვირაა, რაც წინასწარმეტყველი ელია სარეფთელი ქვრივის სტუმარია და სახლის ზემოთა ოთახში ცხოვრობს. მძიმე დრო დგას. იმ მხარეში გვალვა და შიმშილია ჩამოვარდნილი. ბევრი იღუპება. იეჰოვამ ელიას მეშვეობით სასწაული მოახდინა, რათა ამ თავმდაბალი ქვრივის რწმენა დაეჯილდოებინა. ქვრივი და მისი ვაჟი შიმშილის პირას იყვნენ; მაშინ, როცა ერთი მუჭა ფქვილი და ცოტა ზეთიღა ჰქონდათ დარჩენილი, ელიამ დაარწმუნა ქალი, რომ ფქვილი და ზეთი სასწაულებრივად არ გამოელეოდათ. შემდეგ ქვრივს თავს ატყდება დიდი უბედურება. მოულოდნელად მისი ვაჟი ავად ხდება და კვდება. რა გამწარებული იქნება ქვრივი! უქმროდ ცხოვრება ძალიან რთულია, ახლა კი ქვრივმა ერთადერთი ვაჟი დაკარგა. გამწარებული ქალი ელიასა და მის ღმერთს, იეჰოვას ადანაშაულებს თავის უბედურებაში! რას გააკეთებს წინასწარმეტყველი?
12 ელია არ საყვედურობს ქვრივს ამის გამო. ის ეუბნება ქალს: „მომეცი შენი შვილი“. ელიას ზემოთა ოთახში აჰყავს ბავშვი, ლოცულობს და სთხოვს ღმერთს, სიცოცხლე დაუბრუნოს ბიჭს. იეჰოვა შეისმენს ელიას ლოცვას! წარმოიდგინეთ ელიას გაბრწყინებული სახე, როცა დაინახავს, რომ ბავშვი სუნთქავს და თვალებს ახელს. ელიას დედასთან ჩაჰყავს ბავშვი და ეუბნება: „აი, ცოცხალია შენი შვილი!“ დედის სიხარულს საზღვარი არა აქვს. ის ამბობს: „ახლა კი ვიცი, რომ ჭეშმარიტი ღვთის კაცი ხარ და ჭეშმარიტია იეჰოვას სიტყვა, რომელიც შენს ბაგეზეა“ (1 მეფეები 17:8—24). მისი რწმენა იეჰოვასა და მისი წინასწარმეტყველის მიმართ, ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.
13. რატომ არის მანუგეშებელი ელიას მიერ ქვრივის ვაჟის აღდგენა?
13 ასეთ შემთხვევებზე ფიქრი ნამდვილად მანუგეშებელია. ცხადია, იეჰოვას შეუძლია ჩვენი მტრის, სიკვდილის დამარცხება! წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარულს მოგვიტანს აღდგომა! ასევე დიდი სიხარული იქნება ზეცაში, როცა იეჰოვა სიხარულით მისცემს თავის ძეს უფლებას, რომ მთელ დედამიწაზე აღადგინოს მკვდრები (იოანე 5:28, 29). წაგართვათ სიკვდილმა საყვარელი ადამიანი? რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ძალუძს მკვდრების აღდგენა და ის გააკეთებს კიდეც ამას!
რა გავლენას ახდენს ეს იმედი შენს ცხოვრებაზე?
14. როგორ შეუძლია მკვდრეთით აღდგომის იმედს გავლენა მოახდინოს შენს ცხოვრებაზე?
14 როგორ შეუძლია მკვდრეთით აღდგომის იმედს გავლენა მოახდინოს შენს ცხოვრებაზე? ეს იმედი გაგაძლიერებს, როცა განსაცდელების, სირთულეების ან დევნის წინაშე აღმოჩნდები, ან როცა შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. სატანას სურს იმდენად გეშინოდეს სიკვდილის, რომ ღვთისადმი ერთგულება ყალბ უსაფრთხოებაში გაცვალო. გახსოვდეს, რა უთხრა მან იეჰოვას: „სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“ (იობი 2:4). ამ განაცხადით სატანამ ყველას დასწამა ცილი, მათ შორის შენც. მიატოვებ ღვთის მსახურებას, თუ შენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება? მკვდრეთით აღდგომის იმედზე ფიქრი განამტკიცებს შენს გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც შეასრულო შენი ზეციერი მამის ნება.
15. როგორ გვანუგეშებს მათეს 10:28-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები, როცა ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?
15 იესომ თქვა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“ (მათე 10:28). ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სატანისა და იმ ადამიანების, რომლებიც მას ემსახურებიან. ზოგს მართლაც შეუძლია ჩვენთვის ზიანის მოყენება და ჩვენი მოკვლაც კი. მაგრამ, რაც უნდა დაგვიშავონ, ეს მხოლოდ დროებითია. იეჰოვას შეუძლია ნებისმიერი ზარალის ანაზღაურება და ის გააკეთებს კიდეც ამას თავისი ერთგული მსახურებისთვის. მას შეუძლია მკვდრეთითაც აღადგინოს ისინი. მხოლოდ იეჰოვა იმსახურებს, რომ შიშს, მოწიწებასა და პატივისცემას ვავლენდეთ მის მიმართ. მხოლოდ მას შეუძლია სიცოცხლისა და მომავლის იმედის წართმევა, სხეულისა და სულის დაღუპვა გეენაში, მაგრამ იეჰოვას ეს არ უნდა შენთვის (2 პეტრე 3:9). ჩვენ, ღვთის მსახურებს, მკვდრეთით აღდგომის იმედი გვარწმუნებს, რომ დაცულნი ვართ. თუ ერთგულები დავრჩებით, მარადიულად ვიცხოვრებთ და ამაში ხელს ვერ შეგვიშლიან ვერც სატანა და ვერც მისი მხარდამჭერები (ფსალმუნი 118:6; ებრაელები 13:6).
16. რა გავლენას ახდენს მკვდრეთით აღდგომის იმედი ჩვენს პრიორიტეტებზე?
16 თუ მკვდრეთით აღდგომის იმედი ჩვენთვის რეალურია, ცხოვრების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება გვექნება. ჩვენ გვესმის, რომ „ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომაელები 14:7, 8). ცხოვრებაში პრიორიტეტების დადგენის დროს ვითვალისწინებთ პავლეს რჩევას: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). მრავალი ადამიანი მოსვენებას კარგავს, სანამ ყველა სურვილს, ამბიციას და ახირებას არ დაიკმაყოფილებს, რადგან ფიქრობენ, რომ სიცოცხლე ხანმოკლეა. ისინი შეიძლება ღმერთს თაყვანს სცემენ, მაგრამ არა ‘მისი სრულყოფილი ნების’ შესაბამისად.
17, 18. ა) რას ვიგებთ ღვთის სიტყვიდან ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, მაგრამ რა სურს იეჰოვას ჩვენთვის? ბ) რატომ გვსურს, ყოველდღე განვადიდოთ იეჰოვა?
17 უდავოა, ცხოვრება ხანმოკლეა. ის დაახლოებით 70-80 წელი გრძელდება, „სწრაფად გადის და ჩვენც მივფრინავთ“ (ფსალმუნი 90:10). ადამიანის ცხოვრება მწვანე ბალახივით, წარმავალი ჩრდილივით და ამონასუნთქივითაა (ფსალმუნი 103:15; 144:3, 4). მაგრამ ღვთის განზრახვა არ იყო, რომ რამდენიმე ათწლეული გვეცხოვრა — გავზრდილიყავით, გარკვეული სიბრძნე და გამოცდილება მიგვეღო, შემდეგ დავბერებულიყავით და მოვმკვდარიყავით. იეჰოვამ ადამიანები მარადიული ცხოვრების სურვილით შექმნა. ბიბლიაში ნათქვამია: „მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში“ (ეკლესიასტე 3:11). ნუთუ ღმერთი ისეთი სასტიკია, რომ ადამიანებს ეს სურვილი მისცა, მისი დაკმაყოფილების საშუალება კი არა? რა თქმა უნდა, არა, რადგან „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). მკვდრეთით აღდგომით ის მიცვალებულებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
18 მკვდრეთით აღდგომის წყალობით ჩვენ უსაფრთხო მომავალი გვექნება. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ დღესვე მოვასწროთ ყველაფერი და ამ განწირული ქვეყნიერებით სრულად ვისარგებლოთ (1 კორინთელები 7:29—31; 1 იოანე 2:17). მათგან განსხვავებით, ვისაც ნამდვილი იმედი არა აქვს, ჩვენ გვაქვს შესანიშნავი იმედი: ვიცით, რომ იეჰოვა ღმერთის ერთგულები თუ დავრჩებით, მარადიულად ვიცოცხლებთ და განვადიდებთ მას. ამიტომ, მოდი ყოველდღე განვადიდოთ იეჰოვა, რომელიც აღდგომის იმედს უტყუარს ხდის!
როგორ უპასუხებთ?
• როგორი უნდა იყოს ჩვენთვის მკვდრეთით აღდგომის იმედი?
• რა მიზეზების გამოა აღდგომის იმედი უტყუარი?
• როგორ განუგეშებთ აღდგომის იმედი?
• რა გავლენას შეიძლება ახდენდეს აღდგომის იმედი თქვენს ცხოვრებაზე?
[სურათი 28 გვერდზე]
იობმა იცოდა, რომ იეჰოვა ნატრობს მართლების აღდგენას.
[სურათი 29 გვერდზე]
„აი, ცოცხალია შენი შვილი!“