ჯოჯოხეთი
განმარტება: სიტყვა „ჯოჯოხეთი“ გვხვდება ბიბლიის ბევრ თარგმანში. ზოგ თარგმანში ეს სიტყვა ნათარგმნია „სამარედ“, „ქვესკნელად“, „შავეთად“ და ასე შემდეგ. არის თარგმანები, რომლებშიც „ჯოჯოხეთად“ ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვების ტრანსლიტერაციაა გაკეთებული (დედნის სიტყვები გადმოტანილია იმ ენის ასოებით, რომელზეც თარგმანია შესრულებული). ეს სიტყვებია „შეოლ“ (ებრაული) და მისი ეკვივალენტი „ჰადეს“ (ბერძნული). მათში იგულისხმება არა ცალკეული საფლავი, არამედ კაცობრიობის საერთო სამარე. კიდევ ერთი ბერძნული სიტყვაა „გეენა“, რომელიც სამუდამო განადგურების სიმბოლოა. როგორც ქრისტიანული სამყაროს, ისე ბევრი არაქრისტიანული რელიგიის სწავლებით, ჯოჯოხეთი არის დემონების სამყოფელი, სადაც ბოროტები სიკვდილის შემდეგ ისჯებიან (და, ბევრის აზრით, იტანჯებიან).
იტანჯებიან მკვდრები? რას ამბობს ბიბლია?
ეკლ. 9:5, 10: «ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან . . . ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით, რადგან არც საქმე, არც ჩანაფიქრი, არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში [„შავეთში“, სსგ, ბსგ; „ჯოჯოხეთსა შინა“, ძვო (თ-ე, ი)], სადაც მიდიხარ» (თუ მათ არაფერი იციან, ვერც ვერაფერს იგრძნობენ).
ფსალმ. 146:4: «ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები [„აზრები“, ბსგ (145:4); „ზრახვანი“, ძვო (რმე-დ)]».
აგრძელებს სული არსებობას სხეულის სიკვდილის შემდეგ?
ეზეკ. 18:4: „სული, რომელიც სცოდავს, მოკვდება“.
«უხილავი, არამატერიალური, სხეულისგან დამოუკიდებლად არსებული ძალის მნიშვნელობით „სული“ . . . ბიბლიაში არსად არ გვხვდება» („La Parole de Dieu“, ჟორჟ ოზუ, პარიზი, 1960, გვ. 128).
«მართალია ებრაულ სიტყვა „ნეფეშ“-ს [ებრაულ წერილებში] ხშირად „სულად“ თარგმნიან, მაგრამ არ ვიქნებით სწორი, თუ მას იმ მნიშვნელობას მივანიჭებთ, რასაც ბერძნები ანიჭებდნენ. „ნეფეშ“-ში . . . არასოდეს იგულისხმებოდა სხეულისგან დამოუკიდებლად მოქმედი ძალა. ახალ აღთქმაში ბერძნული სიტყვა „ფსიქე“ ხშირად სულად ითარგმნება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ეს სიტყვა არ უნდა გავიგოთ იმ მნიშვნელობით, როგორითაც ბერძენ ფილოსოფოსებს ესმოდათ. ჩვეულებრივ, ის ნიშნავს „სიცოცხლეს“ ან „სიცოცხლისუნარიანობას“, ზოგჯერ კი „ადამიანის შინაგან სამყაროს“» („The Encyclopedia Americana“, 1977, ტ. 25, გვ. 236).
როგორი ადამიანები მიდიან ჯოჯოხეთში?
ნათქვამია ბიბლიაში, რომ ბოროტები ჯოჯოხეთში მიდიან?
ფსალმ. 9:18, სსგ: «დაუბრუნდებიან ბოროტნი ჯოჯოხეთს [„სამარეში ჩავა“, აქ (9:17)], ყველა ერი, ვინც დაივიწყა ღმერთი».
ნათქვამია ბიბლიაში, რომ კარგი ადამიანებიც მიდიან ჯოჯოხეთში?
იობ. 14:13, სსგ: «[იობი ლოცულობდა:] ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთსა შინა“, ძვო (იდ-იგ); „სამარეში“, აქ] დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე!» (ღმერთმა თავად თქვა, რომ იობი იყო „უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცი“, რომელიც შორს იდგა ბოროტებისგან [იობ. 1:8]).
საქ. 2:25—27, ბსგ: «დავითი ამბობს მასზე [იესო ქრისტეზე] . . . ‘ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში [„ჯოჯოხეთს“, სსგ; „სამარეში“, აქ] და არ გაიმეტებ შენს წმიდას ხრწნილების სახილველად’» (ამ მუხლიდან გამომდინარე, ღმერთს არ მიუტოვებია იესო ჯოჯოხეთში. ეს იგი, იესო გარკვეული დროის განმავლობაში ჯოჯოხეთში ანუ „ჰადესში“ იყო).
შესაძლებელია ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევა?
გამოცხ. 20:13, 14, სსგ: «დააბრუნა ზღვამ მკვდრები, რომლებიც იყვნენ მასში; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა [„სამარემ“, აქ] დააბრუნეს მკვდრები, რომლებიც იყვნენ მათში. და საქმეთაებრ მისისა განისაჯა ყოველი. და სიკვდილი და ჯოჯოხეთი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში» (ასე რომ, მკვდრები თავს დააღწევენ ჯოჯოხეთს. აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯოჯოხეთი ჩაგდებული იქნება ცეცხლის ტბაში. ესე იგი, ჯოჯოხეთი და ცეცხლის ტბა ერთი და იგივე არ არის).
რატომ არსებობს აზრთა სხვაობა იმის შესახებ, თუ რას ამბობს ბიბლია ჯოჯოხეთზე?
«აზრთა სხვაობასა და მცდარი შეხედულების გავრცელებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმან, რომ ბიბლიის პირველი მთარგმნელები ებრაულ სიტყვას „შეოლ“, აგრეთვე ბერძნულ სიტყვებს „ჰადეს“ და „გეენა“, ხშირ შემთხვევაში ჯოჯოხეთად თარგმნიდნენ. ბიბლიის გადამუშავებულ ვერსიებში მთარგმნელებმა ამ სიტყვების ტრანსლიტერაცია გადმოიტანეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა აზრთა სხვაობისა და არასწორი წარმოდგენების აღმოსაფხვრელად» („The Encyclopedia Americana“, 1942, ტ. XIV, გვ. 81).
მთარგმნელები თანმიმდევრულად არ თარგმნიდნენ დედნისეულ სიტყვებს და თავიანთ ნაშრომებს საკუთარი შეხედულებისამებრ „ალამაზებდნენ“. მაგალითად: 1) „ძველი აღთქმის ორტომეულში“ და „მცხეთურ ხელნაწერში“ სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია „ჯოჯოხეთად“ და „სიკვდილად“. 2) საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია „შავეთად“, „ქვესკნელად“ და „ჯოჯოხეთად“. 3) ბიბლიური საზოგადოების გამოცემაში სიტყვა „შეოლ“ გადათარგმნილია „შავეთად“, „ქვესკნელად“ და „ჯოჯოხეთად“, ხოლო „გეენა“ — „ჯოჯოხეთად“ და „გეენად“. 4) ცნობილ ინგლისურ „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ სიტყვა „შეოლ“ ნათარგმნია როგორც „ჯოჯოხეთი“, „სამარე“ და „საფლავი“, სიტყვა „ჰადეს“ კი — როგორც „ჯოჯოხეთი“ და „სამარე“. ამგვარად, ბიბლიის დედნისეული სიტყვების ზუსტი მნიშვნელობები ბუნდოვანი გახდა.
მარადიულად ისჯებიან ბოროტები?
მათ. 25:46, სსგ: «წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში [ბერძნულად „კოლასინ“, ნიშნავს „მოკვეთას“], ხოლო მართალნი — საუკუნო სიცოცხლეში» („ემფატიკ დიაგლოტში“ „სატანჯველის“ ნაცვლად წერია „მოკვეთა“. სქოლიოში კი ნათქვამია: «სიტყვა „კოლასინ“ ნაწარმოებია სიტყვიდან „კოლაზო“, რაც ნიშნავს 1) მოკვეთას, მოჭრას, მაგალითად მცენარის ტოტების; 2) შეზღუდვას, შეკავებას . . . 3) დასჯას. სიცოცხლიდან ან საზოგადოებიდან ადამიანის მოკვეთა, ან თუნდაც ამ მხრივ მისი შეზღუდვა, დასჯის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „კოლასინ“ გამოყენებულია მეტაფორის სახით მესამე მნიშვნელობით. მაგრამ პირველი მნიშვნელობა უფრო მისაღებია, რადგან უკეთ ერწყმის წინადადების მეორე ნაწილს და დაპირისპირებას ძალასა და სილამაზეს მატებს. მართლები წავლენ სიცოცხლეში, ბოროტები კი ვერა — ისინი, ასე ვთქვათ, სიცოცხლიდან მოიკვეთებიან ანუ დაიხოცებიან. იხილეთ 2 თეს. 1:9»).
2 თეს. 1:9, ბსგ: «ვინც სასჯელად მიიზღავს მარადიულ დაღუპვას [„საუკუნო სიკვდილს“, სსგ; „მარადიულ განადგურებას“, აქ] უფლის პირისაგან და მისი ძლიერების დიდებისგან».
იუდ. 7, სსგ: „ისევე, როგორც სოდომი და გომორი, და მათი მოსაზღვრე ქალაქები, მათებრ მემრუშენი და უცხო ხორცს ადევნებულნი, მარადიული ცეცხლით იქნენ დასჯილნი და ნიმუშად დადებულნი“ (ცეცხლი, რომლითაც სოდომი და გომორა განადგურდა, ათასობით წლის წინათ ჩაქრა. მაგრამ ეს ქალაქები აღარ აღდგენილა და, ამგვარად, ცეცხლმა სამუდამოდ დააჩნია მათ კვალი. ღვთის განაჩენი ამ ქალაქების გარდა მათ მცხოვრებლებსაც შეეხო. რაც მათ დაემართად, გამაფრთხილებელი მაგალითია. ლუკას 17:29-ში იესო ამბობს, რომ ცეცხლმა „ყველა მოსპო“. იუდას 7-დან ჩანს, რომ ისინი სამუდამოდ განადგურდნენ).
რას ნიშნავს „გამოცხადებაში“ მოხსენიებული მარადიული ტანჯვა?
გამოცხ. 14:9—11; 20:10, ბსგ: «ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე, ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზებისა და კრავის წინაშე. მათი წამების [„ტანჯვის“, აქ; ბერძნულად „ბასანისმო“] კვამლი იდინებს უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით, მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს». „ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და დაიტანჯებიან დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე“.
რა იგულისხმება ამ მუხლებში მოხსენიებულ „ტანჯვაში“? საინტერესოა, რომ გამოცხადების 11:10-ში მოხსენიებულნი არიან წინასწარმეტყველები, რომლებიც ‘ტანჯავდნენ დედამიწის მკვიდრთ’. მათ სტანჯავთ დამცირება, რაც თან ახლავს ამ წინასწარმეტყველთა ცნობების გაცხადებას. გამოცხადების 14:9—11-ში (ბსგ) სიმბოლური „მხეცისა და მისი ხატების“ თაყვანისმცემლებზე ნათქვამია, რომ დაიტანჯებოდნენ „ცეცხლსა და გოგირდში“. ცხადია, რომ ამაში არ იგულისხმება სიკვდილის შემდეგ ტანჯვა, რადგან „მკვდრებმა არაფერი არ იციან“ (ეკლ. 9:5, ბსგ). ისინი იტანჯებიან მანამ, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. რა არის მათი ტანჯვის მიზეზი? ღვთის მსახურების მიერ იმის გაცხადება, რომ „მხეცისა და მისი ხატების“ თაყვანისმცემლები ‘ჩაყრილნი იქნებიან ცეცხლისა და გოგირდის ტბაში’, რაც მეორე სიკვდილს ნიშნავს. კვამლი, რომელიც თან სდევს ცეცხლით განადგურებას, არ შეწყდება მარადიულად იმ გაგებით, რომ მათი განადგურება სამუდამო იქნება და არასდროს მიეცემა დავიწყებას. გამოცხადების 20:10-ში ვკითხულობთ, რომ ეშმაკი მარადიულად დაიტანჯება „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“. რას ნიშნავს ეს? გამოცხადების 21:8 პირდაპირ ამბობს, რომ ცეცხლისა და გოგირდის ტბა „მეორე სიკვდილს ნიშნავს“. აქედან გამომდინარე, ეშმაკის მარადიულ ტანჯვაში იგულისხმება ის, რომ მას აღარასოდეს მიეცემა მოქმედების საშუალება და სამუდამოდ განადგურდება. სიტყვა „ტანჯვის“ (ბერძნულად „ბასანოს“) ამგვარ გაგებას განამტკიცებს მათეს 18:34, სადაც იგივე ფუძის მქონე ბერძნული სიტყვა გულისხმობს „საპყრობილის ზედამხედველებს“ („მტანჯველები“, სსგ, ბსგ, ბთი; „მწამებლები“, აფ).
რა არის ცეცხლოვანი გეენა, რომელზეც იესო საუბრობდა?
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „გეენა“ 12-ჯერ გვხვდება. ხუთ შემთხვევაში ის უშუალოდ არის დაკავშირებული ცეცხლთან. მთარგმნელებმა ბერძნული ფრაზა „გეენან ტუ პიროს“ თარგმნეს როგორც „ცეცხლის გეენა“ (სსგ, ბსგ, ბთი, აფ), „ცეცხლოვანი გეენა“ (ბთი, აფ), „ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი“ (ჯთ).
ამ სიტყვის ისტორია: იერუსალიმის გალავნის გარეთ მდებარეობდა ჰინომის ველი (გეენა). გარკვეული დროის განმავლობაში ამ ადგილზე კერპთაყვანისმცემლურ რიტუალებს ასრულებდნენ და ბავშვებსაც კი სწირავდნენ. პირველ საუკუნეში „გეენა“ იერუსალიმის ნაგავსაყრელად იქცა. იქ ყრიდნენ და წვავდნენ მკვდარ ცხოველებს. ცეცხლი რომ არ ჩამქრალიყო, გოგირდს უმატებდნენ. ამ ადგილზე აგრეთვე ყრიდნენ სიკვდილით დასჯილ დამნაშავეთა გვამებს, რომელთაც სამარხში დაკრძალვის ღირსად არ მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ მოიხსენია იესომ მათეს 5:29, 30-ში „მთელი სხეულის“ გეენაში ჩაგდება. თუ გვამი ჩაუქრობელ ცეცხლში მოხვდებოდა, ფერფლად იქცეოდა, ფერდობზე დაცემის შემთხვევაში კი იხრწნებოდა და მას მატლები ჭამდნენ (მარ. 9:47, 48). ცოცხალ ადამიანებს ამ ადგილზე არ ყრიდნენ. ასე რომ, „გეენა“ არ იყო საწამებელი ადგილი.
მათეს 10:28-ში იესომ მსმენელები გააფრთხილა: „იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც“. რას ნიშნავს ეს? აქ არ არის ნახსენები ცეცხლოვან გეენაში ტანჯვა. ყურადღება მიაქციეთ ფრაზას: „დაღუპვაც შეუძლია გეენაში“. „სულის“ ცალკე მოხსენიებით იესომ იმას გაუსვა ხაზი, რომ ღმერთზეა დამოკიდებული, დაიღუპება თუ არა ადამიანი სამუდამოდ და ექნება თუ არა მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა. ამგვარად, „ცეცხლოვანი გეენა“ იგივეა, რაც გამოცხადების 21:8-ში მოხსენებული „ცეცხლის ტბა“ ანუ „მეორე სიკვდილი“.
ბიბლიის თანახმად, რა არის ცოდვის სასჯელი?
რომ. 6:23: „ცოდვის საზღაური სიკვდილია“.
სიკვდილის შემდეგაც ისჯება ადამიანი ცოდვებისთვის?
რომ. 6:7: „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“.
ლოგიკურია ბოროტთა მარადიული ტანჯვის იდეა, თუ გავითვალისწინებთ ღვთის თვისებებს?
იერ. 7:31: „ჰინომის ძის ველზე აშენებენ [განდგომილი იუდეველები] თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“ (როგორ ექნება ღმერთს საწამებელი ადგილი, თუ მას ასეთი რამ გულშიც არ გაუვლია?).
მაგალითი: როგორი წარმოდგენა დაგრჩებათ მშობელზე, თუ შვილს დასჯის მიზნით ხელს ცეცხლში შეაყოფინებს? „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). ნუთუ ღმერთი გააკეთებს იმას, რაც არც ერთ ნორმალურ მშობელს აზრადაც არ მოუვა?
სიკვდილის შემდეგ ბოროტთა ტანჯვას გულისხმობდა იესო, როცა მსმენელებს მდიდრისა და ლაზარეს ამბავი მოუყვა?
პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ ის, რაც ლუკას 16:19—31-ში წერია? როგორც ინგლისურ ენაზე გამოცემული „იერუსალიმის ბიბლიის“ სქოლიოშია ნათქვამი, ეს არის „ამბის სახით გადმოცემული იგავი, რომლის პერსონაჟებიც რეალურად არარსებული პირები არიან“. თუ ამ ამბავს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, მაშინ გამოდის, რომ ყველა, ვინც ღვთის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ერთი კაცის, აბრაამის, მკერდთან უნდა დაეტიოს; თითის წვერზე დატეული წყალი არ უნდა ააორთქლოს ჰადესის ცეცხლმა; ერთი წვეთი წყალი კი საკმარისი უნდა იყოს ცეცხლში მყოფი ადამიანის გასაგრილებლად. რამდენად ლოგიკურია ეს? ამ ამბავს ვერ შევუსაბამებთ ბიბლიის სხვა მონაკვეთებს, თუ მას პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ. განა შეეცდებოდა ჭეშმარიტების მოყვარული ღმერთი ჩვენი რწმენის განმტკიცებას ისეთი წიგნით, რომელშიც ურთიერთგამომრიცხავი აზრებია? ცხადია, არა. ბიბლიაში არ არის ურთიერთსაპირისპირო აზრები.
რა არის ნაგულისხმები ამ იგავში? „მდიდარი კაცი“ განასახიერებს ფარისევლებს (იხილეთ მე-14 მუხლი). ლაზარე კი განასახიერებს იუდეველთა დაბალი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ინანიებდნენ და იესოს მიმდევრები ხდებოდნენ და რომლებსაც არაფრად აგდებდნენ ფარისევლები (იხილეთ ლუკას 18:11; იოანეს 7:49; მათეს 21:31, 32). მდიდარი კაცისა და ლაზარეს სიკვდილიც სიმბოლურია და მათი მდგომარეობის ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, ღმერთმა კეთილგანწყობა გამოავლინა ერთ დროს დამცირებულების მიმართ, ხოლო ისინი უარყო, ვისაც ერთი შეხედვით იწონებდა. ამ უკანასკნელთ სტანჯავდათ განაჩენის მოსმენა მათგან, ვისაც ერთ დროს არაფრად აგდებდნენ (საქ. 5:33; 7:54).
საიდან იღებს დასაბამს სწავლება ჯოჯოხეთის ცეცხლზე?
ძველ ბაბილონელთა და ასურელთა რწმენით „ქვესკნელი . . . იყო საშინელი ადგილი, რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები“ („The Religion of Babylonia and Assyria“, მორის ჯესთროუ უმცროსი, ბოსტონი, 1898, გვ. 581). ქრისტიანული სამყაროს წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი ადგილია, ძველი ეგვიპტური რელიგიიდან იღებს სათავეს („The Book of the Dead“, ნიუ-იორკი, 1960, გვ. 144, 149, 151, 153, 161). ბუდიზმში, რომელსაც ძვ. წ. მე-6 საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა მოძღვრება ცივი და ცხელი ჯოჯოხეთების შესახებ („The Encyclopedia Americana“, 1977, ტ. 14, გვ. 68). იტალიის კათოლიკურ ეკლესიებში გამოსახულ ჯოჯოხეთის სცენებში შეიმჩნევა ეტრუსკების წარმოდგენების კვალი („La civiltà etrusca“, ვერნერ კელერი, მილანი, 1979, გვ. 389).
სინამდვილეში, ღვთის შეურაცხმყოფელ ამ მოძღვრებას უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული. ჯოჯოხეთთან დაკავშირებული ამაზრზენი წარმოდგენები ცილს სწამებს ღმერთს და მომდინარეობს მთავარი ცილისმწამებლისგან (სიტყვა „ეშმაკი“ ნიშნავს „ცილისმწამებელს“), რომელსაც იესომ „სიცრუის მამა“ უწოდა (იოან. 8:44).