რამდენად ძვირფასია თქვენი სიცოცხლე?
პირველი მსოფლიო ომის დროს, მაშინ როდესაც ევროპაში უამრავი ადამიანი იხოცებოდა, ანტარქტიდაში დიდი ძალისხმევა მოხმარდა ადამიანთა სიცოცხლის ხსნას. ინგლისური წარმოშობის მქონე ირლანდიელი მკვლევარი ერნესტ შეკლტონისა და მისი ექსპედიციის წევრების გემი „ენდიურანსი“ პაკის ყინულების მარწუხებში მოექცა; ამ ყინულის ლოდებმა გემი დაამსხვრია, რის გამოც ის საბოლოოდ ჩაიძირა. შეკლტონმა მოახერხა თავისი ხალხის შედარებით უსაფრთხო ადგილას, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში მდებარე „ელეფანტის“ კუნძულზე, გადასხმა. მაგრამ მათ სიცოცხლეს კვლავაც დიდი საფრთხე ემუქრებოდა.
შეკლტონმა დაინახა, რომ გადარჩენისთვის ერთადერთი იმედი არსებობდა — საჭირო იყო ჯორჯიას კუნძულზე მდებარე რომელიმე ვეშაპთგადასამუშავებელ სადგურამდე რამდენიმე ადამიანის წასვლა, რათა იქიდან დახმარება მიეღოთ. იმ კუნძულამდე 1 100 კილომეტრი იყო, ხოლო მათ „ენდიურანსიდან“ მხოლოდ ერთი 7-მეტრიანი მაშველი კანჯოღა შერჩათ. გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო.
17 დღის განმავლობაში სტიქიასთან ბრძოლის შემდეგ, 1916 წლის 10 მაისს, შეკლტონი და მასთან მყოფი რამდენიმე კაცი სამხრეთ ჯორჯიას მიადგა, მაგრამ ძლიერი შტორმის გამო მათ კუნძულის სულ სხვა მხარეს ამოყვეს თავი. ამიტომ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად მათ 30 კილომეტრის გავლა მოუწიათ თოვლით დაფარულ ისეთ მთებში, რომლებიც რუკაზე არ იყო აღნიშნული. საშინელი სიცივისა და მთამსვლელობისთვის საჭირო აღჭურვილობის არქონის მიუხედავად, შეკლტონმა და მისმა თანამგზავრებმა ვეშაპთგადასამუშავებელ სადგურამდე მიაღწიეს. საბოლოოდ, შეკლტონმა შეძლო გასაჭირში ჩაცვენილი ექსპედიციის დარჩენილი წევრების გადარჩენა. რატომ მოახმარა ამას შეკლტონმა უზარმაზარი ძალისხმევა? „მისი ერთადერთი მიზანი, — ამბობს ბიოგრაფი როლანდ ჰანტფორდი, — ექსპედიციის ყველა წევრის გადარჩენა იყო“.
„არავინ დააკლდება“
რა დაეხმარა შეკლტონის ექსპედიციის წევრებს, თავიანთი კაპიტნის მოლოდინში უკიდურეს სასოწარკვეთილებაში არ ჩაცვენილიყვნენ იმ „მივარდნილ, ცივ, კლდოვან და ყინულოვან მიწის პატარა ნაგლეჯზე, რომელიც თავიდან ბოლომდე სულ 30 კილომეტრი იყო“? ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ კაპიტანი პირობას შეასრულებდა და იხსნიდა მათ.
დღეს კაცობრიობა ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორშიც ის ადამიანები, რომლებიც „ელეფანტის“ კუნძულზე გადმოსხეს. ბევრს წარმოუდგენლად რთულ პირობებში უწევს ცხოვრება და ლუკმაპურის საშოვნელად დღე და ღამეს ასწორებს. მაგრამ მათ შეუძლიათ სრულიად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი „იხსნის ტანჯულს“ ჩაგვრისა და გასაჭირისგან (იობი 36:15). გჯეროდეთ, რომ ღმერთისთვის თითოეულის სიცოცხლე ძვირფასია. „მომიხმე მე გაჭირვების დღეს“, — ამბობს შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, — [და] გადაგარჩენ“ (ფსალმუნები 49:15).
დაუჯერებლად ხომ არ გეჩვენებათ, რომ შემოქმედი თქვენ — დედამიწაზე მილიარდობით მცხოვრებთაგან ერთ-ერთ ადამიანს — მიგიჩნევთ ძვირფასად? მაშინ დაფიქრდით, თუ რა თქვა ესაია წინასწარმეტყველმა უზარმაზარ სამყაროში არსებული მილიარდობით გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავზე. მან დაწერა: „მაღლა აღაპყრეთ თვალები და ნახეთ: ვინ შექმნა ესენი? ის, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ჯარი, ყველას თავისი სახელით მოუხმობს. მის დიდ ძალას და ძლევამოსილებას არავინ დააკლდება“ (ესაია 40:26).
იცით თუ არა, რას ნიშნავს ეს? ჩვენი გალაქტიკა „ირმის ნახტომი“, რომელშიც ჩვენი მზის სისტემა მხოლოდ ნაწილია, სულ ცოტა, 100 მილიარდი ვარსკვლავისგან შედგება. და კიდევ რამდენი ასეთი გალაქტიკა არსებობს? ეს ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ზოგი ვარაუდობს, რომ მათი რიცხვი 125 მილიარდია. მართლაც, რა განსაცვიფრებელი უნდა იყოს იმ ვარსკვლავთა რიცხვი, რომლებიც ამ გალაქტიკებში შედის! მიუხედავად ამისა, ბიბლიაში ნათქვამია, რომ სამყაროს შემოქმედმა თითოეული ვარსკვლავის სახელი იცის.
„თქვენს თავზე თმებიც დათვლილია“
მაგრამ, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ მილიარდობით ვარსკვლავისა თუ მილიარდობით ადამიანის სახელის მხოლოდ ცოდნა, თითოეულ მათგანზე ზრუნვას არ ნიშნავს. კომპიუტერს გარკვეული მეხსიერების წყალობით მილიარდობით ადამიანის სახელის დამახსოვრება შეუძლია. მაგრამ არავინ მოელის, რომ კომპიუტერი რომელიმე მათგანზე იზრუნებს. ბიბლიაში კი ნათქვამია, რომ იეჰოვა ღმერთმა არა მარტო მილიარდობით ადამიანის სახელი იცის, არამედ ზრუნავს კიდეც თითოეულ მათგანზე. პეტრე მოციქული წერდა: „ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე“ (1 პეტრე 5:7).
იესო ქრისტემ თქვა: „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მიუხედავად ამისა, არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ ამის შესახებ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმებიც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31). ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ ღმერთმა უბრალოდ იცის, რა მოუვათ ბეღურებსა და ადამიანებს. მან თქვა: „უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ შექმნილნი ხართ „ღვთის ხატად“ და გაქვთ უნარი, განივითაროთ და გამოავლინოთ ზნეობრივი, გონებრივი და სულიერი თვისებები, რომლებიც თავად ღმერთის აღმატებული თვისებების ანარეკლია (დაბადება 1:26, 27).
„ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი“
შეცდომაში არ შეგიყვანოთ იმ ადამიანთა მტკიცებებმა, რომლებიც უარყოფენ შემოქმედის არსებობას. მათი აზრით, თქვენ ბუნების ბრმა ძალებმა შეგქმნათ. ისინი ამტკიცებენ, რომ „ღვთის ხატად“ არ შექმნილხართ და ყველა სხვა ცხოველისგან, მათ შორის ბეღურებისგანაც, დიდად არ განსხვავდებით.
განა გონივრულია, დავასკვნათ, რომ სიცოცხლე შემთხვევით, ბრმა შემთხვევის წყალობით შეიქმნა? მოლეკულური ბიოლოგიის დარგის სპეციალისტის, მაიკლ ბიჰის, სიტყვების თანახმად, „საოცრად რთული ბიოქიმიური პროცესები“, რითაც განპირობებულია სიცოცხლე, ამ იდეას სრულიად აზრს მოკლებულს ხდის. ბიოქიმიურ მტკიცებებს, — ამბობს ის, — მივყავართ დასკვნამდე, რომ „დედამიწაზე სიცოცხლე, მისი ყოველგვარი გამოვლინებით . . . ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფია“ (Darwin’s Black Box—The Biochemical Challenge to Evolution).
ბიბლია ამბობს, რომ დედამიწაზე არსებული ყოველგვარი სიცოცხლე ინტელექტუალურმა პიროვნებამ შექმნა. მასში ნათქვამია, რომ ამ ინტელექტუალური შემოქმედების წყაროს წარმოადგენს იეჰოვა ღმერთი, სამყაროს შემოქმედი (ფსალმუნები 35:10; გამოცხადება 4:11).
იმის გამო, რომ გვიწევს ტკივილისა და მწუხარების ატანა, რითაც მოცულია მთელი მსოფლიო, ნუ იფიქრებთ, რომ დედამიწასა და მასზე არსებულ ყველა ცოცხალ ქმნილებას არა ჰყავს შემოქმედი და კონსტრუქტორი. მხედველობაში მიიღეთ ორი ძირითადი ფაქტორი. პირველი: ღმერთს არ შეუქმნია ჩვენ ირგვლივ გამეფებული არასრულყოფილება. მეორე: ჩვენს შემოქმედს საფუძვლიანი მიზეზები აქვს იმისათვის, რომ დაუშვას მისი დროებით არსებობა. ამ ჟურნალში ხშირად განიხილება, რომ იეჰოვა ღმერთმა მხოლოდ დროებით დაუშვა ბოროტება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტილიყო ზნეობასთან დაკავშირებული საკითხები. ეს საკითხები მაშინ წამოიჭრა, როცა ადამიანებმა პირველად უარყვეს ღვთის უზენაესი ხელისუფლებაa (დაბადება 3:1—7; მეორე რჯული 32:4, 5; ეკლესიასტე 7:29; 2 პეტრე 3:8, 9).
„იხსნის ღარიბს, მღაღადებელს“
მიუხედავად იმ რთული პირობებისა, რომლებშიც მრავალ ადამიანს უწევს ცხოვრება, სიცოცხლე მაინც შესანიშნავი საჩუქარია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მის შესანარჩუნებლად. ღვთის მიერ დაპირებული მომავალი ბევრად უკეთესია, ვიდრე მკაცრ, საშინელ პირობებში არსებობისთვის ბრძოლა, როგორც ეს „ელეფანტის“ კუნძულზე შეკლტონის ექსპედიციის წევრებს მოუწიათ. ღვთის განზრახვაა, რომ გავთავისუფლდეთ დღეს არსებული ტკივილისა თუ ამაოებისგან და შევძლოთ ‘მტკიცედ ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ — ისეთ სიცოცხლეს, როგორიც ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად უნდა ჰქონოდათ ადამიანებს (1 ტიმოთე 6:19).
ღმერთი ყველა თავის განზრახვას შეასრულებს, რადგან თითოეული ჩვენგანი ძვირფასია მისთვის. მან იზრუნა, რომ ჩვენი პირველი მშობლებისგან, ადამისა და ევასგან, გადმოცემული ცოდვა, არასრულყოფილება და სიკვდილი თავისი ძის, იესო ქრისტეს, მეშვეობით გამოესყიდა (მათე 20:28). იესო ქრისტემ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს . . . მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16).
რას გააკეთებს ღმერთი მათთვის, ვისი ცხოვრებაც ტკივილითა და ჩაგვრითაა სავსე? ღმერთი თავისი ძის შესახებ ბიბლიაში გვეუბნება: „რადგანაც იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე. შეიწყნარებს დავრდომილსა და ღარიბს, და ღარიბთა სულებს დაიხსნის. ვერაგობისა და ძალადობისგან დაიხსნის მათ სულებს“. რატომ გააკეთებს ის ამას? იმიტომ, რომ „ძვირფასია მათი სისხლი [ანუ მათი სიცოცხლე] მის თვალში“ (ფსალმუნები 71:12—14, სსგ).
საუკუნეებია, რაც ადამიანები ცოდვისა და არასრულყოფილების მძიმე ტვირთს ატარებენ და ‘გმინავენ’ დიდი ტკივილისა და ტანჯვის გამო. ღმერთმა მხოლოდ დაუშვა ეს; ამასთანავე მან იცოდა, რომ შეძლებდა ნებისმიერი ზიანის კომპენსირებას, რომელსაც ასეთი მდგომარეობა მოუტანდა კაცობრიობას (რომაელები 8:18—22). ძალიან მალე, ღმერთი ‘ყველაფერს აღადგენს’ ზეციერი სამეფოს მეშვეობით, რომლის მმართველიც იქნება მისი ძე, იესო ქრისტე (საქმეები 3:21; მათე 6:9, 10).
ამაში იმ ხალხის აღდგომაც შედის, რომლებიც წარსულში იტანჯებოდნენ და მოკვდნენ. ასეთი ადამიანები ღვთის მეხსიერებაში არიან (იოანე 5:28, 29; საქმეები 24:15). მალე ისინი მიიღებენ სიცოცხლეს „უხვად“ — მარადიულ სრულყოფილ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე, სადაც ტკივილი და ტანჯვა აღარ იქნება (იოანე 10:10; გამოცხადება 21:3—5). ყველა იქ მცხოვრები შეძლებს სრულად დატკბეს სიცოცხლით და განივითაროს შესანიშნავი თვისებები თუ უნარი, რომლებიც ღვთის ხატად შექმნილი ქმნილებებისთვის არის დამახასიათებელი.
იქნებით გადარჩენილებს შორის, რათა დატკბეთ სიცოცხლით, რომელსაც იეჰოვა დაგვპირდა? ეს თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, რომ ღვთის მიერ შემოთავაზებული ღონისძიებებით ისარგებლოთ, რათა ეს კურთხევები მიიღოთ. ამ ჟურნალის გამომცემლები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ამაში.
[სქოლიოები]
a ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ წიგნი „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი 8: „რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას?“ გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 4, 5 გვერდებზე]
გაჭირვებაში ჩაცვენილ ექსპედიციის წევრებს სჯეროდათ, რომ შეკლტონი დანაპირებს შეასრულებდა და იხსნიდა მათ.
[საავტორო უფლება]
© CORBIS
[სურათი 6 გვერდზე]
„უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“.