იქნები ელიასავით ერთგული?
„მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე“ (მალაქია 3:23).
1. რა კრიზისს აქვს ადგილი მას შემდეგ, რაც ისრაელებმა დაახლოებით 500 წელი დაჰყვეს აღთქმულ მიწაზე?
‘ქვეყანა, სადაც ღვარად მოედინება თაფლი და რძე’ (გამოსვლა 3:7, 8). აი, რა მისცა იეჰოვა ღმერთმა ისრაელებს ეგვიპტის მონობისგან გათავისუფლების შემდეგ ძვ. წ. მე-16 საუკუნეში. მაგრამ ნახე! გავიდა ხუთი საუკუნე და ახლა ისრაელის ათი ტომის სამეფო მკაცრი შიმშილობის კლანჭებშია. ბალახიც კი ძნელი საპოვნელია. პირუტყვი წყდება და სამ წელიწად-ნახევარია, ერთხელაც არ უწვიმია (მესამე მეფეთა 18:5; ლუკა 4:25). რამ გამოიწვია ეს უბედურება?
2. რამ გამოიწვია ისრაელის ეროვნული კრიზისი?
2 ეს კრიზისი განდგომილებამ გამოიწვია. ღვთის რჯულის დარღვევით მეფე აქაბი ქანაანის მეფის ასულზე დაქორწინდა და ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობის შემოტანის უფლება მისცა. უფრო უარესიც, ამ ცრუ ღმერთს მან სამარიაში, დედაქალაქში, ტაძარი აუშენა. ისრაელები ცდუნდნენ და ირწმუნეს, რომ ბაალის თაყვანისცემა უხვ მოსავალს მოუტანდა. მაგრამ, როგორც იეჰოვამ გააფრთხილა, მათ ახლა ‘მადლიანი ქვეყნიდან გადაშენების’ საშიშროება ემუქრებოდა (მეორე რჯული 7:3, 4; 11:16, 17; მესამე მეფეთა 16:30–33).
ღვთაებრიობის საოცარი გამოცდა
3. როგორ ამახვილებს წინასწარმეტყველი ელია ყურადღებას ისრაელის ნამდვილ პრობლემაზე?
3 შიმშილობის დასაწყისში ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი ელია მეფე აქაბს ეუბნება: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშე ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში ცვარი და წვიმა, თუ არა ჩემს სიტყვაზე“ (მესამე მეფეთა 17:1). მას შემდეგ, რაც ამ განაცხადის საშინელი სინამდვილე განიცადა, მეფე ისრაელის გაჩანაგებაში ელიას ადანაშაულებს. მაგრამ ელია პასუხობს, რომ აქაბი და მისი სახლი არიან დამნაშავეები ბაალის თაყვანისცემის გამო. საკითხის გადასაწყვეტად იეჰოვას წინასწარმეტყველი დაჟინებით სთხოვს მეფე აქაბს, ქარმელის მთაზე შეკრიბოს მთელი ისრაელი ბაალის 450 წინასწარმეტყველთან და აშერას 400 წინასწარმეტყველთან ერთად. აქაბი და მისი ქვეშევრდომები იკრიბებიან იქ, შესაძლებელია, იმ იმედით, რომ ეს შემთხვევა ბოლოს მოუღებს გვალვას. მაგრამ ელია უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. «როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? — ეკითხება ის. — თუ უფალია [„იეჰოვაა“, აქ] ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით». ისრაელებმა არ იციან, რა თქვან (მესამე მეფეთა 18:18–21).
4. რას სთავაზობს ელია ღვთაებრიობასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად?
4 ისრაელები მრავალი წელია, ცდილობენ, რომ იეჰოვას და ბაალის თაყვანისმცემლობა ერთმანეთში არიონ. ღვთაებრიობასთან დაკავშირებული საკითხის გადასაწყვეტად ელია ახლა შეჯიბრებას სთავაზობს. ერთ კურატს ის მოამზადებს შესაწირავად, მეორეს კი — ბაალის წინასწარმეტყველები. შემდეგ ელია ამბობს: «ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება» (მესამე მეფეთა 18:23, 24). წარმოიდგინე ლოცვის საპასუხოდ ზეციდან დაშვებული ცეცხლი!
5. როგორ ხდება ბაალის თაყვანისცემის ამაოების მხილება?
5 ელია ბაალის წინასწარმეტყველებს სთავაზობს დაწყებას. ისინი შესაწირავად ამზადებენ ხარს და სამსხვერპლოზე დებენ. შემდეგ სამსხვერპლოს გარშემო ხტიან და ლოცულობენ: „ხმა გაგვეც, ბაალ!“ ეს „დილიდან შუადღემდე“ გრძელდება. „მაგრად დაუყვირეთ“, — ამასხარავებს ელია. ბაალი, ალბათ, გადაუდებელი საქმითაა დაკავებული ან „იქნებ სძინავს და გაიღვიძებს“. ცოტა ხანში ბაალის წინასწარმეტყველები შმაგდებიან. ნახე! ისინი მახვილებით ისერავენ სხეულებს და მათი ჭრილობებიდან სისხლი მოჩქეფს. და რა ხმაურია, როცა 450-ივე მთელი ძალით ყვირის! მაგრამ პასუხი არ ისმის (მესამე მეფეთა 18:26–29).
6. რას ამზადებს ელია იმის გამოსარკვევად, თუ ვინ არის ნამდვილი ღმერთი?
6 ახლა ელიას ჯერი დგება. ის აგებს იეჰოვას სამსხვერპლოს, გარშემო თხრილს ავლებს და შესაწირავს დებს შესაბამისად. მერე შეშასა და შესაწირავზე წყლის დასხმას თხოულობს. სამსხვერპლოს 12 ჩაფი წყალი ესხმება თხრილის ავსებამდე. წარმოიდგინე მოლოდინი, როცა ელია ლოცულობს: «უფალო [„იეჰოვა“, აქ], ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო [„იეჰოვა“, აქ], ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო [„იეჰოვა“, აქ], და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები» (მესამე მეფეთა 18:30–37).
7, 8. ა) როგორ პასუხობს იეჰოვა ელიას ლოცვას? ბ) რა შედეგი მოჰყვება ქარმელის მთაზე მომხდარ მოვლენებს?
7 ელიას ლოცვის საპასუხოდ ‘ვარდება უფლის [„იეჰოვას“, აქ] ცეცხლი და ნთქავს აღსავლენ მსხვერპლს, შეშას, ქვებს და მტვერს; ლოკავს წყალსაც, არხში რომ ასხია’. ხალხი პირქვე ემხობა და ამბობს: «ღმერთია უფალი [„იეჰოვა“, აქ]! ღმერთია უფალი [„იეჰოვა“, აქ]!» (მესამე მეფეთა 18:38, 39). ახლა ელია გადამწყვეტად მოქმედებს. ის ბრძანებს: „შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ!“ კიშონის ხევში მათი დახოცვის შემდეგ მთელი ცა იღრუბლება. ბოლოს, გვალვა კოკისპირული წვიმით მთავრდება (მესამე მეფეთა 18:40–45; შეადარე მეორე რჯული 13:1–5).
8 რა დიდებული დღეა! ღვთაებრიობასთან დაკავშირებულ ამ ღირსშესანიშნავ გამოცდაში იეჰოვამ გაიმარჯვა. უფრო მეტიც, ეს მოვლენები მრავალი ისრაელის გულს იეჰოვასთან აბრუნებს. ამ და სხვა საშუალებებით ელია, როგორც წინასწარმეტყველი, ერთგულებას ამტკიცებს და პირადად ასრულებს წინასწარმეტყველურ როლს.
‘ელია წინასწარმეტყველი’ ჯერ მოსასვლელია?
9. რა იყო ნაწინასწარმეტყველები მალაქიას 3:23, 24-ში?
9 მოგვიანებით ღმერთმა მალაქიას მეშვეობით იწინასწარმეტყველა: „აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე. ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო“ (მალაქია 3:23, 24). ამ სიტყვების წარმოთქმამდე ელია დაახლოებით 500 წლით ადრე ცხოვრობდა. რადგანაც ეს წინასწარმეტყველება იყო, ახ. წ. პირველ საუკუნეში მცხოვრები იუდეველები მის შესასრულებლად ელიას მოსვლას ელოდნენ (მათე 17:10).
10. ვინ იყო ნაწინასწარმეტყველები ელია და საიდან ვიცით ეს?
10 მაშ, ვინ იყო ეს მოსასვლელი ელია? მისი ვინაობა მაშინ დადგინდა, როცა იესომ თქვა: „იოანე ნათლისმცემლის დღიდან აქამდე ცათა სასუფეველი ძალისხმევით აიღება, ხოლო ძალისმხმეველნი წარიტაცებენ მას. ვინაიდან ყველა წინასწარმეტყველი და რჯული იოანემდე წინასწარმეტყველებდნენ. თუ მიღება გსურთ, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“. დიახ, იოანე ნათლისმცემელი იყო ის ნაწინასწარმეტყველები პიროვნება, რომელიც ელიას საქმის მსგავს რამეს შეასრულებდა (მათე 11:12–14; მარკოზი 9:11–13). ანგელოზმა იოანეს მამას, ზაქარიას, უთხრა, რომ იოანეს ექნებოდა ‘ელიას სული და ძალა’ და ‘წარუდგენდა უფალს მომზადებულ ხალხს’ (ლუკა 1:17). იოანეს ნათლობა პიროვნების მიერ იმ რჯულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების საჯაროდ მონანიების სიმბოლო იყო, რომელსაც იუდეველები ქრისტესკენ უნდა წარემართა (ლუკა 3:3–6; გალატელთა 3:24). ამგვარად, იოანეს საქმიანობამ ‘წარუდგინა უფალს მომზადებული ხალხი’.
11. რა თქვა პეტრემ ‘უფლის დღეზე’ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის დროს და როდის მოხდა ის?
11 იოანე ნათლისმცემლის, როგორც ‘ელიას’, საქმიანობამ აჩვენა, რომ „უფლის დღე“ ახლოს იყო. იმ დღის სიახლოვეზე, როცა ღმერთი მტრების წინააღმდეგ იმოქმედებდა და თავის ხალხს დაიცავდა, მოციქულმა პეტრემაც მიუთითა. მან აღნიშნა, რომ სასწაულებრივი მოვლენებით, რომლებსაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ჰქონდა ადგილი, შესრულდა იოველის წინასწარმეტყველება ღვთის სულის მოფენის შესახებ. პეტრემ აჩვენა, რომ ეს უნდა მომხდარიყო ‘უფლის დიად და გაცხადებულ დღემდე’ (საქმეები 2:16–21; იოველი 3:1–5). ახ. წ. 70 წელს იეჰოვამ თავისი სიტყვა შეასრულა იმით, რომ აღძრა რომაელთა ჯარები, სისრულეში მოეყვანათ თავისი ძის უარმყოფელ ერზე გამოტანილი ღვთიური განაჩენი (დანიელი 9:24–27; იოანე 19:15).
12. ა) რა თქვეს პავლემა და პეტრემ ‘უფლის დღის’ მოსვლასთან დაკავშირებით? ბ) ელიას საქმიანობიდან გამომდინარე, რატომ უნდა მომხდარიყო გარკვეული რამ?
12 მიუხედავად ამისა, ახ. წ. 70 წლის შემდეგ უფრო მეტი უნდა მომხდარიყო. მოციქულმა პავლემ მომავალი „უფლის დღე“ იესო ქრისტეს თანდასწრებას დაუკავშირა. გარდა ამისა, მოციქულმა პეტრემ ეს დღე ჯერ კიდევ მომავალ ‘ახალ ცასა და ახალ მიწასთან’ დაკავშირებით მოიხსენია (2 თესალონიკელთა 2:1, 2; 2 პეტრე 3:10–13). გახსოვდეს, რომ იოანე ნათლისმცემელმა ელიას საქმიანობის მსგავსი რამ შეასრულა, სანამ ახ. წ. 70 წელს „უფლის დღე“ დადგებოდა. ყოველივე ეს, ერთად აღებული, იმის მაჩვენებელი იყო, რომ, ელიას საქმიანობიდან გამომდინარე, რაღაც უფრო შორეულს ექნებოდა ადგილი. რას?
მათ ელიას სული აქვთ
13, 14. ა) რა მსგავსებაა ელიასა და სულით ცხებული დღევანდელი ქრისტიანების საქმიანობებს შორის? ბ) რას აკეთებენ ქრისტიანული სამყაროს განდგომილები?
13 ელიას საქმიანობა მხოლოდ იოანე ნათლისმცემლის საქმიანობის მსგავსი კი არ იყო, არამედ იმისაც, რასაც ამ საზარელ ჟამში ცხებული ქრისტიანები ასრულებენ ‘უფლის დღის’ დადგომამდე (2 ტიმოთე 3:1–5). ელიას სულითა და ძალით ისინი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ურყევი მოსარჩლეები არიან. და რამდენად აუცილებელია ეს! ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ თავი იჩინა ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან განდგომამ, ზუსტად ისე, როგორც ელიას დღეებში აყვავდა ბაალის თაყვანისმცემლობა (2 პეტრე 2:1). მოჩვენებითმა ქრისტიანებმა დაიწყეს ქრისტიანობის არევა ცრუ რელიგიურ სწავლებებსა და ადათ-წესებთან. მაგალითად, მათ გადაიღეს წარმართული და არაბიბლიური სწავლება, რომ ადამიანს უკვდავი სული აქვს (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). ქრისტიანული სამყაროს განდგომილებმა შეწყვიტეს ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას, სახელის გამოყენება. ნაცვლად ამისა, ისინი სამებას სცემენ თაყვანს. მათ გადაიღეს აგრეთვე ბაალის თაყვანისმცემლობის მსგავსი ჩვეულება — იესოსა და დედამისის, მარიამის, ხატების თაყვანისცემა (რომაელთა 1:23; 1 იოანე 5:21). მაგრამ ყველაფერი ამით არ შემოიფარგლება.
14 მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წინამძღოლებმა ბიბლიის მრავალ ნაწილთან დაკავშირებით ეჭვების გამოხატვა დაიწყეს. მაგალითად, მათ უარყვეს „დაბადებაში“ მოცემული ცნობა შემოქმედებაზე, თავი დაუხარეს ევოლუციის თეორიას და „მეცნიერულის“ იარლიყი დაადეს მას. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა იესო ქრისტესა და მისი მოციქულების სწავლებებს (მათე 19:4, 5; 1 კორინთელთა 15:47). მაგრამ, იესოსა და მისი ადრინდელი მიმდევრების მსგავსად, დღეს სულით ცხებული ქრისტიანები მხარს უჭერენ ბიბლიურ ცნობას შემოქმედებაზე (დაბადება 1:27).
15, 16. ქრისტიანული სამყაროს საპირისპიროდ ვის აქვს სულიერი საზრდოს რეგულარული მარაგი და რა საშუალებით?
15 იმ დროს, როცა წუთისოფელი ‘უკანასკნელ ჟამში’ შევიდა, ქრისტიანული სამყარო სულიერი შიმშილობის კლანჭებში გაება (დანიელი 12:4; ამოსი 8:11, 12). მაგრამ სულით ცხებული ქრისტიანების პატარა ჯგუფს ჰქონდა ღვთის მიერ „დროულად“ ბოძებული სულიერი საზრდოს რეგულარული მარაგი, ისევე როგორც იეჰოვა ზრუნავდა ელიას გამოკვებაზე მის დროს არსებული შიმშილობისას (მათე 24:45; მესამე მეფეთა 17:6, 13–16). ღვთის ამ ერთგულმა მსახურებმა, რომლებიც ერთ დროს ბიბლიის საერთაშორისო მკვლევარებად იყვნენ ცნობილი, მოგვიანებით მიიღეს ბიბლიური სახელი „იეჰოვას მოწმეები“ (ესაია 43:10).
16 ელია ამართლებდა თავის სახელს, რომელიც ნიშნავს „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“. „საგუშაგო კოშკი“, დედამიწაზე მცხოვრებ იეჰოვას მსახურთა ოფიციალური ჟურნალი, მუდამ იყენებს ღვთის სახელს. მისი მეორევე ნომერი (1879 წლის აგვისტო) დარწმუნებით იტყობინებოდა, რომ ამ ჟურნალის მხარდამჭერი იეჰოვაა. ეს ჟურნალი და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ სხვა პუბლიკაციები იცავს ღვთის სიტყვის, ბიბლიის, ჭეშმარიტებას და ამხელს ქრისტიანული სამყაროსა და დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელის, დანარჩენი ნაწილის არაბიბლიურ სწავლებებს (2 ტიმოთე 3:16, 17; გამოცხადება 18:1–5).
გამოცდის დროს ერთგული
17, 18. როგორი რეაქცია ჰქონდა იზებელს ბაალის წინასწარმეტყველების დახოცვაზე, მაგრამ როგორ გაეწია დახმარება ელიას?
17 სამღვდელოებას ისეთივე რეაქცია ჰქონდა მხილებაზე, როგორიც იზებელს იმის გაგებაზე, რომ ელიამ ბაალის წინასწარმეტყველები დახოცა. მან იეჰოვას ერთგულ მსახურს შეუთვალა, რომ დაფიცებული ჰქონდა მისი მოკვლა. ეს მუქარა ამაოდ არ ჩაივლიდა, რადგან იზებელს უკვე ღვთის მრავალი წინასწარმეტყველი ჰყავდა მოკლული. შეშინებული ელია სამხრეთ-დასავლეთით, ბერშებაში, გაიქცა. იქ თავისი მსახური დატოვა, კიდევ უფრო შორს, უდაბნოში, წავიდა და სიკვდილზე ლოცულობდა. მაგრამ იეჰოვამ არ მიატოვა თავისი წინასწარმეტყველი. ელიას ანგელოზი გამოეცხადა, რომ ხორების მთამდე გასავლელი დიდი გზისთვის მოემზადებინა. ამგვარად, ის შენაყრდა 40 დღის სავალი გზისთვის, რომელიც 300 კილომეტრს აღემატებოდა. ხორებზე დიდ ქარში, მიწისძვრასა და ცეცხლში სიძლიერის შიშისმომგვრელი გამოვლენის შემდეგ ღმერთი დაელაპარაკა მას. იეჰოვა არ იყო ამ მოვლენებში. ისინი მისი სულიწმიდის, ანუ მოქმედი ძალის, გამომხატველი იყო. შემდეგ იეჰოვა ელაპარაკა თავის წინასწარმეტყველს. წარმოიდგინე, როგორ განამტკიცა ელია ამ შემთხვევამ (მესამე მეფეთა 19:1–12). მაგრამ რა, თუ ელიას მსგავსად რამდენადმე შიში გვეუფლება, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრები გვემუქრებიან? მისი შემთხვევა უნდა დაგვეხმაროს, გვესმოდეს, რომ იეჰოვა არ ტოვებს თავის ხალხს (პირველი მეფეთა 12:22).
18 ღმერთმა ნათელყო, რომ ელიას ჯერ კიდევ უნდა ემსახურა წინასწარმეტყველად. გარდა ამისა, თუმცა ელია ფიქრობდა, ისრაელში ჭეშმარიტი ღვთის ერთადერთი თაყვანისმცემელი იყო, იეჰოვამ აჩვენა, რომ 7 000 კაცი არ მოდრეკილა ბაალის წინაშე. შემდეგ ღმერთმა უკან გაგზავნა ელია დავალებით (მესამე მეფეთა 19:13–18). ელიას მსგავსად, შეიძლება გვდევნიან ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრები. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, შეიძლება ძლიერ დევნას შევხვდეთ (იოანე 15:17–20). დროდადრო შეიძლება შიშმა შეგვიპყროს. მაგრამ შეგვიძლია მივბაძოთ ელიას, რომელმაც მიიღო ღვთიური რწმუნება და შემდეგ ერთგულად, დაჟინებით განაგრძო იეჰოვას მსახურება.
19. რა განიცადეს ცხებულმა ქრისტიანებმა პირველი მსოფლიო ომის დროს?
19 პირველი მსოფლიო ომის დროს ძლიერი დევნის გამო სულით ცხებული ზოგი ქრისტიანი შიშს დაემორჩილა და ქადაგება შეწყვიტა. ისინი შეცდომით ფიქრობდნენ, რომ დედამიწაზე მათი საქმიანობა დასრულდა. მაგრამ ღმერთმა არ უარყო ისინი. მან გულმოწყალედ გაამაგრა ისინი, ისევე როგორც ელია უზრუნველყო საკვებით. ელიას მსგავსად, ერთგულმა ცხებულებმა მიიღეს ღვთიური შესწორება და განაახლეს საქმიანობა. თვალი აეხილათ სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგების დიდებულ პრივილეგიაზე.
20. რა პრივილეგია ეძლევა დღეს ადამიანებს, რომლებიც ელიას მსგავსად ერთგულები არიან?
20 თავის თანდასწრებასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში იესომ ზოგადად მოხაზა მსოფლიო მასშტაბის საქმიანობა, რომელიც ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე შესრულდებოდა (მათე 24:14). დღეს ამ საქმეს ასრულებენ ცხებული ქრისტიანები და მათი მილიონობით თანამშრომელი, რომელთაც დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვთ. სამეფოს შესახებ ქადაგების საქმის დასრულებამდე მისი შესრულება მხოლოდ ელიასავით ერთგული ადამიანებისთვის ბოძებული პრივილეგიაა.
იყავი ელიასავით ერთგული
21, 22. ა) რა საქმიანობას უძღვებიან დღეს ცხებულები? ბ) რის დახმარებით სრულდება სამქადაგებლო საქმე და რატომაა ეს საქმე საჭირო?
21 ელიას მსგავსად ნამდვილ ცხებულ ქრისტიანთა მცირე დარჩენილი ნაწილი გულმოდგინედ ასრულებს თავის პასუხისმგებლობას — იზრუნოს გამეფებული მეფის, იესო ქრისტეს, ინტერესებზე დედამიწასთან დაკავშირებით (მათე 24:47). და უკვე 60 წელზე მეტია, ღმერთი ამ ცხებულებით სარგებლობს, რომ წარუძღვეს მოწაფეების მომზადების საქმეს ადამიანებიდან, რომლებსაც დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესანიშნავ იმედს აძლევს (მათე 28:19, 20). როგორი მადლიერები უნდა იყვნენ ეს მილიონები, რომ შედარებით მცირე რაოდენობის დარჩენილი ცხებულები გულმოდგინედ და ერთგულად ზრუნავენ თავიანთ პასუხისმგებლობებზე!
22 სამეფოს შესახებ ქადაგების ამ საქმეს ასრულებენ არასრულყოფილი ადამიანები და მხოლოდ ძალით, რომელსაც იეჰოვა აძლევს მასზე ლოცვით მინდობილებს. „ელია ჩვენი მსგავსი კაცი იყო“, — თქვა მოწაფე იაკობმა, როცა წინასწარმეტყველის ლოცვის მაგალითზე მიუთითებდა, რომ ეჩვენებინა მართლის ლოცვის ძალა (იაკობი 5:16–18). ელია ყოველთვის არ წინასწარმეტყველებდა ან ყოველთვის არ ახდენდა სასწაულებს. მას იგივე ადამიანური გრძნობები და სუსტი მხარეები ჰქონდა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ღმერთს ერთგულად ემსახურებოდა. რადგანაც ღმერთი ჩვენც გვეხმარება და გვაძლიერებს, შეგვიძლია ელიას მსგავსად ერთგულები ვიყოთ.
23. რატომ გვაქვს კარგი მიზეზი ერთგულებისა და ოპტიმიზმისთვის?
23 ჩვენ კარგი მიზეზი გვაქვს ერთგულებისა და ოპტიმიზმისთვის. გახსოვდეს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიას მსგავს საქმეს აკეთებდა „უფლის დღის“ დატყდომამდე ახ. წ. 70 წელს. ცხებული ქრისტიანები ელიას სულითა და ძალით ღვთის მიერ ბოძებულ მსგავს საქმიანობას ეწევიან მთელ დედამიწაზე. ეს ნათლად ამტკიცებს, რომ დიდი ‘უფლის დღე’ ახლოსაა.
როგორ უპასუხებდი?
◻ როგორ დამტკიცდა იეჰოვას ღვთაებრიობა ქარმელის მთაზე?
◻ ვინ იყო ‘მოსასვლელი ელია’ და რა გააკეთა მან?
◻ როგორ აჩვენებენ დღევანდელი ცხებული ქრისტიანები, რომ ელიას სული აქვთ?
◻ რატომაა ჩვენთვის შესაძლებელი, ელიასავით ერთგულები ვიყოთ?
[ჩარჩო 15 გვერდზე]
რომელ ცად ავიდა ელია?
„როცა მიდიოდნენ და მისაუბრობდნენ [ელია და ელისე], აჰა, ჩადგა მათ შორის ცეცხლის ეტლი და ცეცხლის ცხენები და განაშორა ორნი ერთმანეთს და ცად ავიდა ელია ქარბორბალათი“ (მეოთხე მეფეთა 2:11).
რა იგულისხმება ამ შემთხვევაში სიტყვით ‘ცა’? ეს სიტყვა ზოგჯერ ღვთისა და მისი ძეების, ანგელოზების, სულიერ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით გამოიყენება (მათე 6:9; 18:10). ‘ცა’ შეიძლება აგრეთვე ფიზიკურ სამყაროზე მიუთითებდეს (მეორე რჯული 4:19). ბიბლია ამ სიტყვას აგრეთვე იყენებს, რომ მიუთითოს ატმოსფეროზე, სადაც ჩიტები დაფრინავენ და ქარი ქრის (ფსალმუნი 77:26; მათე 6:26).
ამათგან რომელ ცად ავიდა ელია? როგორც ჩანს, ის დედამიწის ატმოსფეროს გავლით გადაყვანილ იქნა დედამიწის სხვა ნაწილში. წლების შემდეგ ელია ჯერ კიდევ დედამიწაზე იყო, რადგან წერილი მისწერა იუდას მეფე იორამს (მეორე ნეშტთა 21:1, 12–15). ელია რომ იეჰოვა ღმერთის სულიერ საცხოვრებელში არ ასულა, მოგვიანებით დაადასტურა იესო ქრისტემ, რომელმაც თქვა: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა“ (იოანე 3:13). არასრულყოფილი ადამიანებისთვის ზეციერი ცხოვრებისთვის გზა პირველად იესო ქრისტეს სიკვდილის, აღდგომისა და ამაღლების შემდეგ გაიხსნა (იოანე 14:2, 3; ებრაელთა 9:24; 10:19, 20).